საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს - საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კანონი ძალადაკარგული
მიღების თარიღი 10.08.1991
ძალის დაკარგვა 09.05.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1991
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
- ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს - საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ
(ძალადაკარგულია - 16.10.1997, №929)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს - საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ
I.
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. კანონმდებლობა საქართველოს რესპუბლიკის
ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს - საკრებულოს წევრის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის
ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს - საკრებულოს წევრის სტატუსს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, ეს კანონი და მათ შესაბამისად გამოცემული საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტები.
მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწურება საკრებულოს პირველა სესიაზე მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალი მოწვევის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის დღეს ან ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საკრებულოს სესია მოწვეულ უნდა იყოს არჩევნების ჩატარებიდან ათი დღის ვადაში, თუ არჩეულ იქნა საკრებულოს წევრთა კანონით დადგენილი რაოდენობის ორი მესამედი მაინც.
მუხლი 3🔗. საკრებულოს წევრის სადეპუტატო საქმიანობის შეხამება საწარმოო და სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან
საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებებს, როგორც წესი, ახორციელებს საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლივ. სადეპუტატო უფლებამოსილება ხორციელდება უსასყიდლოდ.
საკრებულოს სესიის დროს, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში დეპუტატის უფლებამოსილების განსახორციელებლად დეპუტატი თავისუფლდება საწარმოო თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან და მას აუნაზღაურდება დეპუტატის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან.
მუხლი 4🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე წყვეტს შესაბამისი საკრებულო შემდეგ შემთხვევებში:
საკრებულოს წევრის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნისას;
საკრებულოს წევრის გაწვევისას;
საკრებულოს წევრის მიმართ გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენის ძალაში შესვლისას;
საკრებულოს წევრისათვის საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის ჩამორთმევისას;
როდესაც საკრებულოს წევრს ისეთი თანამდებობა უკავია, რომელიც კანონით შეუთავსებელია საკრებულოს წევრის სტატუსთან.
როდესაც საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით სისტემატურად არ ესწრება საკრებულოს სხდომებს, პრაქტიკულად არ მონაწილეობს საკრებულოს მუშაობაში საკრებულომ ამის შესახებ უნდა აცნობოს ამომრჩევლებს და აღძრას საკითხი დეპუტატის გაწვევის თაობაზე კანონით დადგენილი წესით.
მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტისას სასამართლოს წესით მისი აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემთხვევაში), რომლის წევრია საკრებულოს დეპუტატი.
საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 ოქტომბრის კანონი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, №10, 31.10.1991წ.
II.
საკრებულოს წევრის საქმიანობა საკრებულოსა და მის ორგანოებში
მუხლი 5🔗. საკრებულოს წევრის მონაწილეობა საკრებულოს სესიებში
საკრებულოს წევრები თავისუფალი განსჯის საფუძველზე სესიებზე მონაწილეობენ ყველა იმ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში, რომლებიც საკრებულოთა კომპეტენციას განეკუთვნება.
საკრებულოს წევრი მოვალეა ესწრებოდეს სესიებს, თუ იგი ვერ დაესწრება სხდომას, ამის შესახებ უნდა აცნობოს საკრებულოს.
მუხლი 6🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება საკრებულოს სესიაზე
საკრებულოს წევრს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება ყველა იმ საკითხში, რომელთა განხილვაც საკრებულოს კომპეტენციაში შედის.
საკრებულოს წევრს უფლება აქვს:
აირჩიოს და არჩეულ იქნეს საკრებულოს ორგანოებში;
გამოთქვას აზრი საკრებულოს ორგანოების პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს ან ამტკიცებს შესაბამისი საკრებულო;
შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები საკრებულოს სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან და მათი განხილვის წესთან დაკავშირებით;
შეიტანოს წინადადებები საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ყოველი ორგანოს ან თანამდებობის პირის ანგარიშისა თუ ინფორმაციის მოსმენის შესახებ;
მიიღოს მონაწილეობა კამათში, შეკითხვის წესით დააყენოს საკითხები, შეეკითხოს მომხსენებელს, აგრეთვე სხდომის თავმჯდომარეს, მოითხოვოს პასუხები და მისცეს მათ შეფასება;
წამოაყენოს წინადადებები სესიის გადაწყვეტილების პროექტის ან პროექტში შესწორებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
გადასცეს სხდომის თავმჯდომარეს თავისი გამოსვლის ტექსტი; აგრეთვე წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები საკრებულოს სესიაზე განსახილველი საკითხის გამო.
მუხლი 7🔗. საკრებულოს წევრის მიერ შეკითხვის წესით საკითხის დაყენება
საკრებულოს წევრის ან წევრთა ჯგუფს უფლება აქვს ამ საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებში შეკითხვის წესით დააყენოს საკითხი.
იმის მიხედვით, თუ რომელი საფეხურის საკრებულოს წევრია დეპუტატი, მას შესაბამისად შეუძლია შეკითხვის წესით დააყენოს საკითხი პრეფექტის, პრეფექტურის სამსახურების ხელმძღვანელების, საკრებულოს გამგეობის (გამგებლის), სარევიზიო კომისიების თავმჯდომარეების, შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელების წინაშე.
დეპუტატი შეკითხვის წესით საკითხს აყენებს წერილობით.
საკრებულოს წევრი ან მისი თხოვნით საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე სესიას აცნობს შეკითხვის წესით დაყენებულ საკითხს.
სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი, რომლის წინაშეც შეკითხვის წესით დააყენეს საკითხი, ვალდებულია გასცეს ოფიციალური პასუხი მიმდინარე სესიაზე ან საკრებულოს წევრის მიერ დაწესებულ ვადაში. საკრებულოს წევრს უფლება აქვს შეაფასოს შეკითხვის წესით დასმულ საკითხზე თანამდებობის პირის პასუხი.
შეკითხვის წესით დაყენებული საკითხის განხილვის შედეგების მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება.
მუხლი 8🔗. საკრებულოს სესიაზე დეპუტატის მიერ შეტანილი წინადადებებისა და შენიშვნების განხილვა
საკრებულოს სესიაზე დეპუტატის მიერ სხდომის თავმჯდომარისათვის წერილობითი ფორმით გადაცემულ წინადადებებსა და შენიშვნებს განსახილველად უგზავნიან შესაბამის ადრესატს - სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს ან თანამდებობის პირებს.
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები, აგრეთვე თანამდებობის პირები, რომლებსაც გაეგზავნათ საკრებულოს სესიაზე დეპუტატის მიერ შეტანილი წინადადებები და შენიშვნები, მოვალენი არიან განიხილონ ისინი და არა უგვიანეს ერთი თვის ვადისა შედეგები აცნობონ უშუალოდ საკრებულოს წევრს, აგრეთვე საკრებულოს გამგეობას.
საკრებულოს წევრის წინადადებებისა და შენიშვნების განხილვასა და რეაგირებას კონტროლს უწევს შესაბამისი საკრებულოს გამგეობა ან პრეფექტურა.
მუხლი 9🔗. საკრებულოს წევრის საქმიანობა საკრებულოს ორგანოებში
საკრებულოს ორგანოებში არჩეული წევრი მოვალეა მონაწილეობდეს მათ მუშაობაში.
საკრებულოს ორგანოებში არჩეულ წევრს უფლება აქვს შეიტანოს საკითხები ამ ორგანოების განსახილველად, მონაწილეობდეს საკითხთა მომზადებაში, განხილვაში და მათ გამო გადაწყვეტილებათა მიღებაში, საკრებულოსა და მისი ორგანოების გადაწყვეტილებათა განხორციელების ორგანიზაციაში და საკრებულოს გამგეობასთან ერთად მათი შესრულებისადმი კონტროლში.
საკრებულოს წევრს, რომელიც არ შედის საკრებულოს ორგანოებში, უფლება აქვს მონაწილეობდეს მის სხდომებში, საკითხის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში სათათბირო ხმის უფლებით.
III.
საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან
მუხლი 10🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება საარჩევნო ოლქში ან საკრებულოში დეპუტატობის
კანდიდატად მის დამსახელებელ პოლიტიკურ ორგანიზაციაში მუშაობასთან დაკავშირებით
საარჩევნო ოლქში ან შესაბამის პოლიტიკურ ორგანიზაციაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით საკრებულოს წევრს უფლება აქვს:
თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობდეს ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობაში, აგრეთვე შესაბამისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანოებში ამომრჩეველთა და პოლიტიკურ ორგანიზაციათა წევრების ინტერესებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვაში;
კონტროლი გაუწიოს მის მიერ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში გაგზავნილი წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვას. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირნი მოვალენი არიან დაეხმარონ საკრებულოს წევრს საკონტროლო საქმიანობაში, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
მოაწყოს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა კრებები, შეხვედრები მოსახლეობასა (მოქალაქეებსა) და პოლიტიკურ ორგანიზაციათა ადგილობრივ ორგანოებთან.
მუხლი 11🔗. საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა
საკრებულოს წევრი კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს მასთან შესულ წინადადებებს, განცხადებებსა და საჩივრებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ღონისძიებებს მათი სწორი და დროული გადაწყვეტისათვის, იღებს მოქალაქეებს, სწავლობს საზოგადოებრივ აზრს, შეაქვს წინადადებები ხელისუფლების შესაბამის ადგილობრივ ორგანოებში.
მუხლი 12🔗. საკრებულოს წევრის ანგარიში ამომრჩეველთა ან საკრებულოში დეპუტატობის კანდიდატად მისი დამსახელებელი პოლიტიკური ორგანიზაციის წინაშ
ე
საკრებულოს წევრი მოვალე წელიწადში ერთხელ მაინც ჩააბაროს ანგარიში თავისი მუშაობის შესახებ ოლქის ამომრჩევლებს ან დეპუტატობის კანდიდატად მის დამსახელებელ პოლიტიკურ ორგანიზაციას.
მუხლი 13🔗. საკრებულოს წევრისათვის ხელშეწყობა ამომრჩევლებთან ან საკრებულოში დეპუტატობის კანდიდატად მისი დამსახელებელი პოლიტიკური ორგანიზაციის წვერებთან შეხვედრების მოწყობაში
საკრებულოს წევრს უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეთ საჭირო პირობები ანგარიშგებისა და ოლქის ამომრჩევლებთან ან საკრებულოში დეპუტატობის კანდიდატად მისი დამსახელებელი პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრის მოწყობისათვის. მისი თხოვნით საკრებულოს გამგეობა (გამგებელი) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაცია ვალდებულია გამოყოს შენობა, აცნობოს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციათა ადგილობრივ ორგანოებს როდის და სად ეწყობა დეპუტატის ანგარიშგება, მისი შეხვედრები ამომრჩევლებთან.
IV.
საკრებულოს წევრის საქმიანობის გარანტიები
მუხლი 14🔗. საკრებულოს წევრის უფლება - დაუყოვნებლივ იქნეს მიღებული თანამდებობის პირების მიერ
საკრებულოს წევრი სადეპუტატო საქმიანობის საკითხებში სარგებლობს იმის უფლებით, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ საკრებულოს დაქვემდებარებული ან მის ტერიტორიაზე მყოფი ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და სხვა თანამდებობის პირებმა.
მუხლი 15🔗. საკრებულოს წევრისათვის სადეპუტატო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით იურიდიული დახმარებისა და სპეციალური კონსულტაციების გაწევა
შესაბამისი საკრებულოს ქვემდებარე ან მის ტერიტორიაზე განლაგებული ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები, საწარმოთა, ორგანიზაციათა, სამეცნიერო, იურიდიულ
დაწესებულებათა, სასწავლებელთა ადმინისტრაციები, სამართალდამცველი ორგანოები დახმარებას უწევენ საკრებულოს წევრს სადეპუტატო საქმიანობისას წამოჭრილი სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში, გარდა ამისა ზემოხსენებული ორგანიზაცია-დაწესებულებები, აგრეთვე თანამდებობის პირები მოვალენი არიან საჭიროებისამებრ უზრუნველყონ საკრებულოს წევრი სპეციალისტთა კონსულტაციებით.
მუხლი 16🔗. თანამდებობის პირთა მოვალეობა განიხილონ საკრებულოს წევრთა მიმართვები
საკრებულოს წევრს უფლება აქვს დეპუტატის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართოს ყველა იმ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას, თანამდებობის პირს, რომელიც შესაბამის საკრებულოს ექვემდებარება ან მის ტერიტორიაზე განლაგებული, აგრეთვე მონაწილეობდეს აღძრულ საკითხთა განხილვაში. აღნიშნული ორგანოების და თანამდებობის პირები მოვალენი არიან საკრებულოს წევრს მიმართვაზე პასუხი გასცენ დაუყოვნებლივ, ხოლო შესაბამისი საკითხის დამატებითი შესწავლის ან შემოწმების საჭიროების შემთხვევაში – არაუგვიანეს ერთი თვის ვადისა.
მუხლი 17🔗. საკრებულოს წევრის უფლება მითხოვოს კანონიერების დარღვევის აღმოფხვრა
საკრებულოს წევრს, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელს, უფლება აქვს ადგილზე მოითხოვოს კანონიერების დარღვევის შეწყვეტა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს მოსთხოვოს აღკვეთონ კანონის დარღვევა, მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვა.
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირები, რომლებსაც ეხებათ საკრებულოს წევრის მოთხოვნა, მოვალენი არიან დაუყოვნებლივ განახორციელონ დარღვევების აღმოფხვრის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ბრალეულთა პასუხისგებაში მიცემის ღონისძიებანი, ამასთან შემდგომში აცნობონ ეს საკრებულოს წევრს.
მუხლი 18🔗. საკრებულოს წევრის უფასოდ მგზავრობის უფლება
საკრებულოს წევრი სარგებლობს შესაბამისი საკრებულოს ქვემდებარე (თბილისის მთელ ტერიტორიაზე) ყველა სახის რესპუბლიკური და საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) უფასოდ მგზავრობის უფლებით.
საკრებულოს წევრთა უფასოდ მგზავრობის წესებსა და პირობებს, აქედან გამომდინარე სატრანსპორტო ორგანიზაციებთან ანგარიშსწორების, აგრეთვე სადეპუტატო მოღვაწეობის განხორციელებასთან დაკავშირებით პირადი ავტოტრანსპორტის გამოყენების პირობებს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
მუხლი 19🔗. საკრებულოს წევრის შრომის უფლების დაცვა
საკრებულოს წევრი არ შეიძლება ადმინისტრაციის ინიციატივით დაითხოვონ საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში სამუშაოდან ან დისციპლინური დასჯის წესით გადაიყვანონ დაბალხელფასიან სამუშაოზე საკრებულოს წინასწარი დასტურის გარეშე, ხოლო სესიებს შუა პერიოდში -
საკრებულოს გამგეობის (გამგებლის), თბილისში საკრებულოს სამდივნოს დასტურის გარეშე.
საკრებულოს წევრის არჩევის შემთხვევაში საკრებულოს არჩევით თანამდებობაზე ძირითადი საწარმოო თუ სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოწყვეტით (თუკი ასეთი დადგენილი და ასახულია შესაბამის საკრებულოს რეგლამენტში) ამ თანამდებობაზე მისი უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ საკრებულოს წევრს ეძლევა წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო იგი აღარ არსებობს - სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა) იმავე ან მისი თანხმობით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში.
საკრებულოს ორგანოში არჩევით თანამდებობაზე დეპუტატის მუშაობის დრო ითვლება იმ სპეციალობით შრომის სტაჟში, რომლითაც საკრებულოს წევრი მუშაობდა საკრებულოს ორგანოში არჩევით თანამდებობაზე არჩევამდე.
მუხლი 20🔗. საკრებულოს წევრის ხელშეუხებლობა
საკრებულოს წევრი შესაბამის საკრებულოს ტერიტორიაზე არ შეიძლება მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დაპატიმრებულ იქნეს ან დაედოს ადმინისტრაციული სასჯელი სასამართლო წესით საკრებულოს თანხმობის გარეშე, ხოლო სესიებს შუა და სხდომებს შუა პერიოდში - საკრებულოს გამგეობის (გამგებლის, თბილისში - საკრებულოს სამდივნოს) თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საკრებულოს წევრი დაკავებულ იქნა დანაშაულის ჩადენის ადგილზე, ასეთ შემთხვევაში პროკურორი და დაუყოვნებლივ აცნობებს ამ ფაქტს შესაბამის საკრებულოს.
მუხლი 21🔗. საკრებულოს წევრის პასუხისგებაში მიცემაზე თანხმობის მიღების წესი
საკრებულოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრების ან სასამართლო წესით დასადები ადმინისტრაციული სასჯელის ღონისძიებათა გამოყენებისათვის საკრებულოს, ხოლო სესიებისა და სხდომებს შუა პერიოდში საკრებულოს გამგეობის გამგებლის (თბილისში - საკრებულოს სამდივნოს) თანხმობის მისაღებად შესაბამის პროკურორს საკრებულოს წევრისათვის ბრალდების წაყენების, მისი დაპატიმრების სანქციის გაცემის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქმის სასამართლოში გაგზავნის წინ საკრებულოში შეაქვს წარდგინება; ამასთან ზემდგომ პროკურორს უფლება აქვს გამოითხოვოს ქვემდგომის პროკურორის მიერ საკრებულოში შეტანილი წარდგინება.
საკრებულო განიხილავს წარდგინებას არა უგვიანეს ერთი თვის ვადისა. საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პროკურორს შეიძლება გამოეთხოვოს დამატებითი მასალები. საკითხის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს საკრებულოს იმ წევრს, რომლის გამო შეტანილია წარდგინება; საკრებულო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და სამი დღის ვადაში აცნობებს მას შესაბამის პროკურორს.
საკრებულოს ან მისი გამგეობის (გამგებლის, თბილისში – საკრებულოს სამდივნოს) გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ საკითხზე შეიძლება გააუქმოს ხელისუფლების ზემდგომმა ორგანომ, შესაბამისი ზემდგომი პროკურორის წარდგინებით, ამასთან საკითხი გადასცეს საკრებულოს ხელახლა განსახილველად.
იმ შემთხვევაში, როდესაც საკრებულო ან მისი გამგეობა (გამგებელი, თბილისში - საკრებულოს სამდივნო) დაადასტურებს თავდაპირველ გადაწყვეტილებას, საკითხი საბოლოოდ შეიძლება გადაწყვიტოს რაიონის ან ქალაქის საკრებულომ. ავტონომიური რესპუბლიკის ან საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ შესაბამისად რაიონის ან ქალაქის, ავტონომიური რესპუბლიკის, ან საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის წარდგინების საფუძველზე.
პროკურორ, რომელმაც საკრებულოში შეიტანა წარდგინება საკრებულოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, დაპატიმრებაზე ან სასამართლო წესით ადმინისტრაციული სასჯელის ღონისძიებათა გამოყენებაზე, საკრებულოს თანხმობის მიღების შემთხვევაში ვალდებულია საქმის წარმოების დამთავრებიდან სამი დღის ვადაში აცნობოს საკრებულოს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის შედეგები.
საკრებულოს მხრიდან საკრებულოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, დაპატიმრებაზე ან სასამართლო წესით ადმინისტრაციული სასჯელის ღონისძიებათა გამოყენებაზე თანხმობის მიღება არ არის საჭირო იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაული ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია საკრებულოს წევრის მიერ ტერიტორიაზე, რომელიც ადმინისტრაციულად არ ექვემდებარება ამ საკრებულოს და საკრებულოს წევრი არ იმყოფება საკრებულოს ქვემდებარე ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც წყდება საკრებულოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრების ან სასამართლო წესით ადმინისტრაციული სასჯელის ღონისძიებათა გამოყენების საკითხი და იგი იმყოფება იმ საკრებულოს ტერიტორიაზე, რომლის წევრიც არის, მაშინ მოქმედებს საკრებულოსაგან თანხმობის მიღების ამ მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 22🔗. თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა ამ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის
სახელმწიფო უზრუნველყოფს პირობებს
საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების დაუბრკოლებელი და ეფექტიანი განხორციელებისათვის, იცავს მის უფლებებს, სახელსა და ღირსებას.
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამდებობის პირებს, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს საკრებულოს წევრის წინაშე, ხელს უშლიან მუშაობაში, აწვდიან მცდარ ინფორმაციას, არღვევენ სადეპუტატო საქმიანობის გარანტიებს, ეკისრება პასუხისმგებლობა კანონის შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 10 აგვისტო