საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ

მიღების თარიღი 10.08.1991
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1991
matsne.gov.ge 2,555 სიტყვა · ~13 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის - თბილისის მმართველობის შესახებ მუხლი 1🔗. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის 183-ე მუხლის თანახმად ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქია და წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთიან ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს. ქ. თბილისის ტერიტორია მოიცავს ქალაქის 10 რაიონს და ერთ დაბას, ესენია: გლდანის რაიონი; დიდუბის რაიონი; ვაკის რაიონი; ისნის რაიონი; კრწანისის რაიონი; მთაწმინდის რაიონი; საბურთალოს რაიონი; სამგორის რაიონი; ღრმაღელეს რაიონი; ჩუღურეთის რაიონი; დაბა წყნეთი. ქ. თბილისის საზღვრებს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ქალაქის რაიონების საზღვრებს - თბილისის მერია ქალაქის საკრებულოსთან შეთანხმებით. მუხლი 2🔗. რესპუბლიკის ხელისუფლება და მთავრობა ქმნის ყველა პირობას, რათა სახელმწიფო ორგანოებმა და ორგანიზაციებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქალაქ თბილისის განვითარება-განაშენიანებაში. ისინი, როგორც წესი, საკრებულოსა და მერიასთან ათანხმებენ მათდამი დაქვემდებარებული დარგების განვითარების პროგრამათა იმ ნაწილებს, რომლებიც მოიცავენ ქალაქის ინტერესებს. იმ შემთხვევაში, თუ შელახულია ქალაქის ინტერესები, საკრებულოსა და მერიას უფლება აქვთ რესპუბლიკის მთავრობის წინაშე დააყენონ სამინისტროს თუ მმართველობის სხვა ორგანოს პროგრამის ხელმეორედ განხილვის საკითხი. მუხლი 3🔗. ქ. თბილისის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებია ქალაქის რაიონების საკრებულოები და ქალაქის საკრებულო. ქ. თბილისის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებია მერია და ქალაქის რაიონების პრეფექტურები. მუხლი 4🔗. ქალაქ თბილისის რაიონის საკრებულო რაიონის საკრებულოს წევრებს -  დეპუტატებს ირჩევს მისდამი დაქვემდებარებული ტერიტორიის მოსახლეობა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 3 წლის ვადით „საქართველოს რესპუბლიკის ადგილობრივი ორგანოების - საკრებულოთა არჩევნების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესით. რაიონის საკრებულო მოქმედებს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, „სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების - საკრებულოთა სტრუქტურის კომპეტენციის და მუშაობის ორგანიზაციის ზოგადი საწყისების შესახებ“ კანონის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და თავისი რეგლამენტის საფუძველზე, რომელსაც ამტკიცებს ქალაქის საკრებულო. საკრებულო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ექვემდებარება სახელმწიფო ხელისუფლების ზემდგომ ორგანოებს. რაიონის საკრებულო სარგებლობს იურიდიული პირის უფლებით. საკრებულოს ორგანოები და თანამდებობის პირებია: ა) საკრებულოს სესია; ბ) საკრებულოს მდივანი და მდივნის მოადგილე (მოადგილეები), საკრებულოს სამდივნო; გ) საკრებულოს კომისიები. მუხლი 5🔗. საკრებულოს სესიის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საკრებულოს რეგლამენტის მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბ) რაიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; გ) რაიონის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება; დ) დეპუტატის უფლებამოსილებათა ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა; ე) საკრებულოს მდივნის, მდივნის მოადგილის არჩევა ან თანამდებობიდან გათავისუფლება; ვ) დეპუტატის მიერ შეკითხვის წესით დაყენებული საკითხების განხილვა; ზ) საკრებულოს კომისიების შექმნა და მათი ანგარიშების განხილვა; თ) ეკოლოგიური პროგრამების დამტკიცება; ი) არასაბიუჯეტო ფონდების შექმნა. ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სესიას იწვევს შესაბამისი ტერიტორიული ან ადგილობრივი საარჩევნო კომისია არა უგვიანეს 10 დღისა მას შემდეგ, რაც აირჩევა საკრებულოს წევრთა საერთო რიცხვის სულ ცოტა ორი მესამედი. ახლად არჩეული საკრებულოს პირველის სესიის პირველი სხდომის დღის წესრიგის საკითხებია: ა) საკრებულოს სამანდატო კომისიის არჩევა; ბ) საკრებულოს სამანდატო კომისიის მოხსენების საფუძველზე დეპუტატთა უფლებამოსილების ცნობა; გ) საკრებულოს მდივნისა და მისი მოადგილის (მოადგილეების) არჩევა. დეპუტატებს შეუძლიათ დღის წესრიგში შეიტანონ სხვა საკითხებიც. საკრებულოს პირველი სესიის მორიგ სხდომებზე საკრებულოს ირჩევს ყველა მუდმივ კომისიას, საკრებულოს მდივნის წარდგინებით - მათ თავმჯდომარეებს, იღებს რეგლამენტს. ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომას საკრებულოს მდივნის არჩევამდე უძღვება და მის გადაწყვეტილებებს ხელს აწერს შესაბამისი ტერიტორიული ან ადგილობრივი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ამ კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი. საკრებულოს მდივანი ირჩევა საკრებულოს წევრთაგან ფარული კენჭისყრით საკრებულოს უფლებამოსილების ვადით; იგი იწვევს საკრებულოს სესიებს და უძღვება მის სხდომებს, კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების საქმიანობას, ხელს აწერს საკრებულოს მიერ მიღებულ აქტებს, გამოსცემს განკარგულებებს. საკრებულო მდივნის წარდგინებით საკრებულოს წევრთაგან ამტკიცებს მდივნის მოადგილეს (მოადგილეებს) საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. თუ საკრებულოს მდივნის მიერ წარდგენილი კანდიდატი არ იქნა დამტკიცებული, ახალ კანდიდატურას კვლავ საკრებულოს მდივანი წარადგენს. მდივნის უშუალო დავალებით ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს მდივანს დროებით არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები, მდივნის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, საკრებულოს მდივანი და საკრებულოს მდივნის მოადგილე (მოადგილეები) წყვეტენ საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას და მოღვაწეობენ საკრებულოში. საკრებულოს სხდომა ღიაა. საკრებულოს მდივანს ან დეპუტატთა ერთ მეოთხედს შეუძლიათ დააყენონ საკითხი დახურული სხდომის ჩატარების შესახებ. თუ კენჭისყრის დროს ამ წინადადებას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე დეპუტატთა ნახევარზე მეტი, ტარდება დახურული სხდომა. როგორც ღია, ასევე დახურულ სხდომებზე დასწრების უფლება აქვთ რაიონის პრეფექტს, ქალაქის მერს, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს სათათბირო ხმის უფლებით. მუხლი 6🔗. საკრებულოს სამდივნო საკრებულოს სამდივნო ახორციელებს საკრებულოს მიმდინარე საქმიანობას. საკრებულოს სამდივნოს შემადგენლობას განსაზღვრავს მდივანი, უთანხმებს საკრებულოს სესიას და შემდგომ ამტკიცებს მას. საკრებულოს სამდივნოს საქმიანობის წესს განსაზღვრავს საკრებულოს რეგლამენტი. მუხლი 7🔗. საკრებულოს კომისიები საკრებულო თავისი საქმიანობის უზრუნველსაყოფად რაიონის სპეციფიკის გათვალისწინებით დეპუტატთა შემადგენლობიდან უფლებამოსილების ვადით ქმნის მუდმივ და დროებით კომისიებს. საკრებულოს ყველა წევრი თავის ფუნქციებს, როგორც დეპუტატი,  სრულებს სრულ საზოგადოებრივ  საწყისებზე. საკრებულოს კომისიების ორგანიზაციის, საქმიანობის წესსა და კომპეტენციას განსაზღვრავს შესაბამისი საკრებულოს რეგლამენტი. მუხლი 8🔗. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე რაიონის საკრებულო: ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში განსაზღვრავს, შეიმუშავებს და ამტკიცებს რაიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმდინარე და პერსპექტიულ პროგნოზებსა და პროგრამებს, საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა კოლექტივების, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინადადებებს; განიხილავს რაიონის ტერიტორიაზე განლაგებულ ზემდგომი დაქვემდებარების საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა პერსპექტიული პროგნოზებისა და პროგრამების პროექტებს იმ ნაწილში, რომელიც ეხება მიწათსარგებლობას, ბუნების დაცვას, მშენებლობას, საბინაო და კომუნალური მეურნეობის განვითარებას, შრომითი რესურსების გამოყენებას, სახალხო მოხმარების საქონლისა და ადგილობრივი სამშენებლო მასალების წარმოებას, მოსახლეობის სოციალურ-კულტურულ, საყოფაცხოვრებო და სხვა მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში შეაქვს თავისი წინადადებები  შესაბამის ზემდგომ ორგანოებში; ამტკიცებს რაიონის ბიუჯეტს, აკონტროლებს მის შესრულებას; რაიონის ბიუჯეტის შედგენისას ითვალისწინებს ამომრჩეველთა განაწესებს, საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის შესრულების პროცესში ხელახლა ანაწილებს საბიუჯეტო სახსრებს კარიდან კარში, აგრეთვე ხელახლა ანაწილებს ხელფასის ასიგნებებს ხელფასის დამტკიცებული ფონდის ფარგლებში; ამტკიცებს რაიონის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, რაიონის ბიუჯეტის შესრულებისას დამატებით მიღებულ შემოსავალს, შემოსავლის ნამატ თანხებს, რომლებიც წარმოიშობა წლის დამლევისათვის შემოსავლის გადაჭარბებით შესრულების ან გასვლის ნაწილში გაწეული მომჭირნეობის შედეგად, ახმარს რაიონის მეურნეობისა და სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა დაფინანსებას, მათ შორის კაპიტალურ დაბანდებებს; აყენებს საკითხს რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ბრძანებებისა და განკარგულებების, მიწათსარგებლობის, ბუნების დაცვის, მშენებლობის, საბინაო და კომუნალური მეურნეობის, შრომითი რესურსების გამოყენების, სახალხო მოხმარების საქონლისა და ადგილობრივი სამშენებლო მასალების  წარმოების, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების, მომსახურების საკითხებზე ზემდგომი დაქვემდებარების საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა იმ ბრძანებებისა და განკარგულებების შესაჩერებლად, რომლებიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ამის შესახებ აცნობებს ზემდგომ ორგანოებს; ისმენს და ამტკიცებს რაიონის პრეფექტის ანგარიშს სამეურნეო წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ. რაიონის საკრებულოს მიერ მიღებულ აქტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, აუქმებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, პრეზიდენტი, ქალაქის საკრებულო, ქალაქის მერი ან სასამართლო. მუხლი 9🔗. ქალაქ თბილისის საკრებულო ქალაქ თბილისის საკრებულო არის ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შედგება ქალაქის რაიონებისა და დაბა წყნეთის საკრებულოების მიერ თავიანთი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან (ქალაქის თითოეული რაიონიდან 7, ხოლო დაბა წყნეთიდან 3). მუხლი 10🔗. ქალაქის საკრებულო ამტკიცებს ქალაქის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ძირითად მაჩვენებლებს; ადგენს ადგილობრივ ბიუჯეტს საბიუჯეტო კანონმდებლობის შესაბამისად; ქალაქის თითოეული რაიონისათვის ადგენს ბიუჯეტის მიხედვით საკასო საბრუნავი სახსრების ოდენობას; ამტკიცებს ქალაქის რაიონების ბიუჯეტებში სახელმწიფო გადასახადებისა და შემოსავლის ანარიცხების ოდენობას; აწარმოებს ქალაქის ბიუჯეტის შემოსვლისა და გასავლის გამიჯვნას საქალაქო ბიუჯეტისა და ქალაქის რაიონულ ბიუჯეტებს შორის; წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ქალაქის რაიონების მეურნეობის განვითარების ერთიანობის უზრუნველყოფის მიზნით. მუხლი 11🔗. ქალაქის საკრებულოს ორგანოები და თანამდებობის პირებია: ა) საკრებულოს სესია; ბ) საკრებულოს მდივანი და მისი მოადგილე (მოადგილეები), საკრებულოს სამდივნო; გ) საკრებულოს კომისიები. მუხლი 12🔗. ქალაქის საკრებულოთა სესიის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) ქალაქისა და რაიონების საკრებულოების რეგლამენტების დამტკიცება, მათს ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რაც ეცნობება ქალაქის მერს; ბ) ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; გ) ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცება; დ) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება; ე) ქალაქის საკრებულოს მდივნისა და მისი მოადგილის არჩევა; ვ) ქალაქის მასშტაბით ბაჟების, ადგილობრივი სესხების, გადასახადებისა და მოსაკრებლების, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შემოღება; მუხლი 13🔗 . ქალაქის საკრებულოს სხდომებს, როგორც წესი, უძღვება საკრებულოს მდივანი, რომელსაც ქალაქის საკრებულოს წევრთაგან ირჩევენ ფარული კენჭისყრით საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. საკრებულოს მდივანი იწვევს საკრებულოს სესიებს და უძღვება მის სხდომებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების საქმიანობას; ხელს აწერს საკრებულოს მიერ მიღებულ აქტებს, გამოსცემს განკარგულებებს. საკრებულოს მდივნის წარდგინებით საკრებულო ამტკიცებს საკრებულოს მდივნის მოადგილეს (მოადგილეებს) საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. თუ საკრებულოს მდივნის წარდგენილი კანდიდატი არ იქნა დამტკიცებული, ახალ კანდიდატურას კვლავ საკრებულოს მდივანი წარადგენს. მდივნის უშუალო დავალებით ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს მდივანს დროებით არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები, მდივნის ფუნქციებს ასულებს მისი მოადგილე. თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას საკრებულოს მდივანი, საკრებულოს მდივნის მოადგილე (მოადგილეები), მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები წყვეტენ საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას და მოღვაწეობენ საკრებულოში. მუხლი 14🔗. მერია თბილისის სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოა მერია, რომელსაც ხელმძღვანელობს მერი. თბილისის ტერიტორიაზე მერია წარმართავს ადმინისტრაციულ, საფინანსო, სამეურნეო-ეკონომიკურ და სოციალურ-კულტურულ საქმიანობას. იგი მასში შემავალი ყველა ფუნქციონალური და სამეურნეო რგოლის ძალისხმევას მიმართავს დედაქალაქის ყოველმხრივი განვითარებისათვის. მერიის ორგანიზაციულ სტრუქტურას იმუშავებს მერი, უთანხმებს ქალაქის საკრებულოს და რესპუბლიკის მთავრობას. თბილისის მერის სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი. თბილისის მერია შედგება მერის, მისი პირველი მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორებისაგან, რომელთაც ენიჭებათ მერის მოადგილეების სტატუსი, მერიის კაბინეტის, მერიის საქმეთა მმართველობისა და მერიის სამსახურებისაგან. მუხლი 15🔗. თბილისი მერი თბილისის მერი ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირია, ხელმძღვანელობს მერიის კაბინეტს და წარმართავს მის მუშაობას; კაბინეტის სხდომაზე განიხილავს ქალაქის საკრებულოს მიერ წარდგენილ წინადადებებს, განხილულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს, განკარგულებებს და მათ შესრულებას ავალებს მერიის სამსახურებს. თბილისის მერს ნიშნავს და ათავისუფლებს რესპუბლიკის პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით. მერის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. მერი ანგარიშვალდებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წინაშე. მუხლი 16🔗 . მერის უფლებამოსილებანი მერი: ახორციელებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საერთო ხელმძღვანელობას და აკონტროლებს მათ საქმიანობას; ქმნის მერის კაბინეტს, მერიის სამსახურებს, ნიშნავს მათ ხელმძღვანელებს; უზრუნველყოფს კოლეგიალობას მერის კაბინეტის მუშაობაში, პირადად იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო მმართველობის საკითხებზე, რომლებიც არ საჭიროებენ კაბინეტის სხდომებზე განხილვას; შეიმუშავებს ქალაქის ბიუჯეტს (ბიუჯეტის ანგარიშს) და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს; ანგარიშს აბარებს საქართველოს მთავრობასა და ქალაქის საკრებულოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ახორციელებს ერთიან საფინანსო, საკრედიტო და ფულად პოლიტიკას ქალაქის ტერიტორიაზე; წარუდგენს საკრებულოს წინადადებებს ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების, ბაჟების დაწესების, აგრეთვე ადგილობრივი სესხების, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შემოღებისა და გავრცელების შესახებ; ქმნის ადგილობრივი მმართველობის განვითარებისათვის საჭირო ფონდებს, აგრეთვე სტიქიური უბედურებისა და კატასტროფების შედეგების სალიკვიდაციო ფონდებს; მონაწილეობს ფასების ერთიანი პოლიტიკის განხორციელებასა და ფასების სისტემის სრულყოფაში; საქალაქო ბიუჯეტის შესრულებისას დამატებით მიღებულ შემოსავალს ახმარს ქალაქის მეურნეობის სოციალურ-კულტურული და სხვა აუცილებლი  ღონისძიებების დაფინანსებას; იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივ საკუთრებაში შემავალი სამრეწველო საწარმოების ორგანიზაციის, რეორგანიზაციისა თუ ლიკვიდაციის, ფირმების, გაერთიანებების და სხვა სამეურნეო-ეკონომიკური სტრუქტურების შექმნის შესახებ; იღებს ზომებს ქართული ხალხური მხატვრული სარეწებისა და სახელოსნოების ქსელის განვითარებისათვის; ორგანიზაციას უწევს ქალაქის გენერალური გეგმისა და გარეუბნის ზონების დაგეგმარებისა პროექტების შემუშავებას. კაბინეტის სხდომაზე განიხილავს ამ პროექტებს და დადგენილი წესით დასამტკიცებლად წარუდგენს რესპუბლიკის მთავრობას; ამტკიცებს ქალაქის, რაიონების, მიკრორაიონებისა და ქალაქმშენებლობის სხვა კომპლექსების დეტალური დაგეგმარებისა და განაშენიანების, საინჟინრო ნაგებობათა და კეთილმოწყობის პროექტებს, განაშენიანების წესებს გენერალური გეგმის შესაბამისად; კონტროლს უწევს ქალაქის ტერიტორიაზე წარმოებულ მშენებლობას, კრძალავს ან აჩერებს საბინაო-სამოქალაქო და საწარმოო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, თუ მათი ნორმები არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს; ორგანიზაციას უწევს საბინაო, კომუნალურ, საგზაო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო მშენებლობას, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, ვაჭრობის და სხვა ობიექტების მშენებლობას მერიისათვის გამოყოფილი სახსრებით. აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელობის თანხმობით. საჭიროების შემთხვევაში, წყვეტს გამოყოფილი სახსრების გაერთიანების საკითხებს, თვითონ ხდება დამკვეთი ან განსაზღვრავს დამკვეთს; ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი სახარჯთაღრიცხვო ღირებულების ფარგლებში საქალაქო დაქვემდებარების მშენებლობის ობიექტებსა და სატიტულო სიებს; დადგენილი წესით აწარმოებს საყოფაცხოვრებო სახლების, კომუნალური, კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, სოციალური უზრუნველყოფისა და საქალაქო დაქვემდებარების სხვა ობიექტების რეკონსტრუქციას, გაფართოებისა და კეთილმოწყობის სამუშაოებს; ნიშნავს სახელმწიფო მიმღებ კომისიებს, შესაბამისი მოადგილეების მეშვეობით განიხილავს და ამტკიცებს ობიექტების საექსპლუატაციოდ მიღების აქტებს; ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ქალაქის ტერიტორიაზე მთელი მიწის გამოყენებაზე, მიწათმოსარგებლეთა მიერ მიწის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაზე; კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და წესით ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას და სახელმწიფო კონტროლს ქალაქის ტერიტორიაზე წყლით, ტყით, წიაღისეულით, ატმოსფერული ჰაერით და ცხოველთა სამყაროთი სარგებლობისა და მათი დაცვის დარგში; საჭიროების შემთხვევაში ქმნის არასაბიუჯეტო ფონდებს თბილისის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად და კომპლექსურად გამოყენებისათვის; საჭიროების შემთხვევაში აუქმებს მერიისადმი დაქვემდებარებული მმართველობის ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელების ბრძანებებს, განკარგულებებსა და ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებას. მუხლი 17🔗. მერიის აქტები მერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს განკარგულებებსა და ბრძანებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა მთელ ქვემდებარე ტერიტორიაზე. მერის აქტი, რომელსაც აქვს ნორმატიული ხასიათი, გამოიცემა ბრძანებების სახით, ხოლო ოპერატიულ და სხვა მიმდინარე საკითხებზე - განკარგულების სახით. მერის აქტის გაუქმება შეუძლიათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, მთავრობას და სასამართლოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში. მუხლი 18🔗. მერის პირველი მოადგილე მერის წარდგინებით მის პირველ მოადგილეს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების გარდა მეროს არყოფნის შემთხვევაში პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს მერის კაბინეტის მუშაობას. მუხლი 19🔗. მერის მოადგილეები ქალაქ თბილისის მერის მოადგილეებს მერის წარდგინებით ნიშნავს რესპუბლიკის მთავრობა. მერის მოადგილეები, რომლებიც ამავე დროს არიან მერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, წარმართავენ თავიანთი სამსახურების საქმიანობას. მუხლი 20🔗. მერის კაბინეტი მერის კაბინეტი არის მუდმივი სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს მერისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად. მერის კაბინეტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, კოლეგიალობისა და საჯაროობის პრინციპებით. დაუშვებელია ნებისმიერი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, თანამდებობისა და სხვა პირების ჩარევა და ზემოქმედება მერის კაბინეტის მუშაობაში. მერის კაბინეტი ყალიბდება შემდეგი შემადგენლობით: 1)  მერი; 2)  ქალაქის საკრებულოს მდივანი; 3)  მერის პირველი მოადგილე; 4)  მერის მოადგილეები; 5) საქმეთა მმართველი; 6)  იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი; 7) სხვა სამსახურების ხელმძღვანელები (მერის) წარდგინებით); 8)  ქალაქის რაიონის პრეფექტები. მუხლი 21🔗. თბილისის რაიონის პრეფექტურა ქალაქ თბილისში რაიონის მმართველობის ადგილობრივი ორგანოა რაიონის პრეფექტურა, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეფექტი. რაიონის პრეფექტს ქალაქის მერის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი. ქალაქის მერიისა და რაიონის პრეფექტურის ორგანიზაციულ სტრუქტურას, საქმიანობის წესსა და ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს მერიის დებულება, რომელსაც ამუშავებს ქალაქის მერი საკრებულოსთან შეთანხმებით და ამტკიცებს რესპუბლიკის პრეზიდენტი. ქალაქ თბილისის რაიონების პრეფექტურებზე ვრცელდება საქართველოს რესპუბლიკის კანონი პრეფექტურის შესახებ. მუხლი 22🔗. ქ. თბილისის ადგილობრივი მმართველობის ეკონომიკური საფუძვლები ადგილობრივი მმართველობის ეკონომიკური საფუძველია საკუთრების სხვადასხვა ფორმაზე დამყარებული მეურნეობა, რომელიც ადგილობრივი მმართველობის შემოსავლის წყარო და შესაბამისი ტერიტორიის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებაა. ადგილობრივი საკუთრება შეიძლება იყოს: კომუნალური საბინაო ფონდი და საბინაო-კომუნალური მეურნეობა; კეთილმოწყობის ობიექტები; სატრანსპორტო საწარმოები; ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები; სახალხო განათლების, კულტურისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები; ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები, ფასიანი ქაღალდები (აქციები, ობლიგაციები და ა.შ.) სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფორმაცია; სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, აგრეთვე ინტელექტუალური პოტენციალი, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მმართველობის წინაშე მდგომი ამოცანების გადასაწყვეტად. ადგილობრივი საკუთრება იქმნება: ადგილობრივი მმართველობისათვის სახელმწიფო საკუთრების გადაცემით კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად; ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ახალი ობიექტების შეძენით ან შექმნით; ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ დადებული გარიგებებით; საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის მიერ სამოქალაქო სამართლებრივი შედეგების წარმოშობასთან დაკავშირებულ ხდომილებათა შედეგად. მუხლი 23🔗. ადგილობრივი მეურნეობა ადგილობრივი მეურნეობას შეადგენს ქვემდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ადგილობრივი საკუთრების ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა ადგილობრივი მოსახლეობის საწარმოო საჭიროებათა და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ადგილობრივ მეურნეობაში შეიძლება შევიდეს საბინაო-კომუნალური მეურნეობის, კეთილმოწყობის, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სარემონტო-სამშენებლო, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, განათლების, კულტურის, საყოფაცხოვრებო, სატრანსპორტო, ბუნების დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, რეკრეაციული, სხვა საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები; ადგილობრივი მეურნეობის სტრუქტურას რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით ადგენს მერის კაბინეტი და ამტკიცებს მერი. მუხლი 24🔗. ადგილობრივი საფინანსო სისტემა ადგილობრივი მეურნეობა შეადგენს: ადგილობრივი ბიუჯეტი, ბიუჯეტგარეშე სახსრები, ადგილობრივი მნიშვნელობის სპეციალური ფონდები, ადგილობრივი მმართველობის საკუთრების საწარმოებისა და ორგანიზაციების ფინანსები, აგრეთვე საწარმოების, ორგანიზაციებისა და კერძო პირების ნებაყოფლობითი შენატანები, რომლებიც გამოიყენება მოცემული ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების გადასაწყვეტად. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალში ჩაირიცხება ადგილობრივ მეურნეობაში შემავალი საწარმოების, დაწესებულებების, გაერთიანებებისა და ორგანიზაციების გადასახადები და ჯარიმები, შემოსავალი მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ქონების რეალიზაციიდან და იჯარიდან. სარეწაო, საკურორტო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო საშუალებათა და თვითმავალი მექანიზმების, შენობის მფლობელობისა და მიწის გადასახადები, სატყეო შემოსავალი, სახელმწიფო ბაჟი და სხვა შემოსავალი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავალში ჩაირიცხება ანარიცხები სახელმწიფო გადასახადებიდან და შემოსავლებიდან, ბრუნვის გადასახადი, მოსახლეობის საშემოსავლო გადასახადი, და სხვა გადასახადები. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოები და ორგანიზაციები, მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად, ადგილობრივ ბიუჯეტში იხდიან გადასახადებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ქალაქ თბილისის საქალაქო და რაიონული ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს შეუძლიათ შექმნან ბიუჯეტგარეშე სახსრები საწარმოების, ორგანიზაციების კოოპერატივებისა და მოსახლეობის ნებაყოფლობითი შენატანებისაგან, ადგილობრივი მნიშვნელობის სესხების ობლიგაციების რეალიზაციისაგან, შესაბამის ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური და სოციალური ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლისაგან, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში მათ მიერ დაწესებული სხვადასხვა გადასახადისაგან, საქველმოქმედო შემოწირულობისგან. საზოგადოებრივ-ტერიტორიული თვითმმართველობის ორგანოს წარდგინებით, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მერი და რაიონის პრეფექტები უფლებამოსილი არიან ცალკეულ გადამხდელებს დაუდგინონ გადასახადისა და ბეგარის შეღავათიანი გადახდის პირობები, იმ ანარიცხების გათვალისწინებით, რომლებიც  საჭიროა შესაბამისი ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაფინანსებისათვის. ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები მოხმარდება განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კეთილმოწყობის, ფიზიკური კულტურის და სპორტის, ადგილობრივი მეურნეობის განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ქალაქისა და ქალაქის რაიონების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაჯანსაღებას და სხვა ღონისძიებათა დაფინანსებას, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შენახვას, საბანკო კრედიტისა და სხვა სესხების დაფარვას, თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის საბიუჯეტო სესხს, დოტაციას, სუბვენციას და სუბსიდიას. ასევე ეს სახსრები მოხმარდება სხვა ღონისძიებებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ადგილობრივი ბიუჯეტებით დაფინანსებას საკრებულოსა და პრეფექტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის ზუსტი შესაბამისობით. ცვლილებების შეტანა შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევაში, მათ მიერ სხვა სახის ხარჯების შემცირების ან მიღებული ეკონომიის ფარგლებში. ქალაქ თბილისის მერი განსაზღვრავს დედაქალაქის ბიუჯეტს და ითვალისწინებს რაიონის საკრებულოების შესანახ ხარჯებს. ქალაქ თბილისის მერი, რაიონების პრეფექტები და საკრებულოები საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართავენ საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობას და ქმნიან სავალუტო ფონდებს, რომელთა ჩამოყალიბებაში  მონაწილეობას იღებენ მათ ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოები და ორგანიზაციები. სავალუტო ფონდის გამოყენების მიმართულებებს განსაზღვრავს ადგილობრივი მმართველობის შესაბამისი ორგანოს სხდომა. ურთიერთობა რესპუბლიკურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის წესრიგდება საბიუჯეტო უფლებებისა და გადასახადების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონით. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია თბილისი, 1991 წლის 10 აგვისტო