საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“
საქართველოს რესპუბლიკის კანონი ძალადაკარგული
მიღების თარიღი 09.08.1991
ძალის დაკარგვა 21.06.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, -, 31/08/1991
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ“
(ძალადაკარგულია - 30.05.1997, №743)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ და სოციალურ საფუძვლებს, პრივატიზების განხორციელების ძირითად პირობებსა და წესს.
კანონის მიზანია სამართლებრივად მოაწესრიგოს და უზრუნველყოს მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენის პროცესი.
კარი I
პრივატიზების საერთო დებულებანი
მუხლი 1🔗. პრივატიზების ცნება
1. პრივატიზება არის მოქალაქეთა, მათი გაერთიანებების და არასახელმწიფო იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, რომლის შედეგად ისინი თავის თავზე იღებენ ამ უფლებიდან გამომდინარე ქონებრივ, საფინანსო და სხვა ვალდებულებებს.
2. პრივატიზების შედეგად სახელმწიფო კარგავს პრივატიზებული ქონების (ობიექტის) ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებებს, ხოლო სახელმწიფო ორგანოები − მათი მართვის უფლებას.
3. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სახელმწიფოს შეუძლია განსაზღვრული ვადით შეზღუდოს პრივატიზებული ქონებით შექმნილ საწარმოთა საქმიანობის მიმართულება.
მუხლი 2🔗. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ
1. საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება წესრიგდება ამ კანონის, „საკუთრების საფუძვლების შესახებ“, „საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონების, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონებისა და საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.
2. მიწისა და სახელმწიფო საბინაო ფონდის პრივატიზება ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე.
3. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებულ იმ სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება, რომელთა მართვას ახორციელებენ საბჭოთა კავშირის სამეურნეო მართვის ორგანოები, ხორციელდება სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4. საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა შესყიდვა, ამ სახელმწიფო სააქციო საზოგადოებათა და ამხანაგობათა საწესდებო კაპიტალში წილის შეძენა (აქციები, პაი) წესრიგდება ამ კანონით, „უცხოური ინვესტიციების შესახებ“ კანონით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 3🔗. პრივატიზების სფერო და ობიექტები
1. სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზება დასაშვებია მეურნეობის ყველა დარგში.
2. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე სახელმწიფო საწარმოთა გარკვეული ნაწილი შეიძლება არ დაექვემდებაროს პრივატიზებას. ასეთი ობიექტების ნუსხას ყოველწლიურად განსაზღვრავს რესპუბლიკის მთავრობა და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
3. პრივატიზების ობიექტია სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმო ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ან მისი სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოების მიერ, პრივატიზების ობიექტების ნუსხა აისახება პრივატიზების პროგრამაში, რომელსაც ყოველწლიურად აზუსტებს რესპუბლიკის მთავრობა და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
მუხლი 4🔗. პრივატიზების ხელმძღვანელი ორგანო და სახელმწიფო პროგრამა
1. საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების განმახორციელებელ ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტი.
2. სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტი (შემდგომში კომიტეტი), იქმნება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით. იგი უშუალოდ ექვემდებარება რესპუბლიკის მთავრობას. ავტონომიურ რესპუბლიკებში იქმნება კომიტეტის შესაბამისი ორგანოები, ხოლო რეგიონებში − მისი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები.
3. საქართველოს რესპუბლიკაში პრივატიზების ერთიანი პოლიტიკის გატარების უზრუნველსაყოფად კომიტეტი:
შეიმუშავებს და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას განსახილველად წარუდგენს პრივატიზების სახელმწიფო პროგრამას, აგრეთვე მასში შესატან ყოველწლიურ დამატებებსა და ცვლილებებს. პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ცალკეული საწარმოების მუშაკთა, აგრეთვე ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა წინადადებებს;
მეთოდურად და ორგანიზაციულად ხელმძღვანელობს, კონტროლს უწევს რესპუბლიკაში პრივატიზების პროცესს, გამოავლენს ამ სფეროში კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებსა და ფაქტებს, იღებს ზომებს მათ აღსაკვეთად;
ავტონომიური რესპუბლიკების და პრეფექტურების შესაბამის სამსახურებთან ერთად ქმნის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების კომისიებს; მათი დასკვნების შესაბამისად აძლევს სახელმწიფო ქონების ფონდს მოწმობებს პრივატიზებულ საწარმოთა საკუთრების უფლებაზე;
ხელს უწყობს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების ფონდისა და მისი ადგილობრივი განყოფილებების შექმნას.
ავტონომიურ რესპუბლიკებში პრივატიზების პროგრამებს ადგენენ სახელმწიფო ქონების მართვის შესაბამისი ორგანოები.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო საწარმოს პრივატიზებით შემოსული სახსრების განაწილება და გამოყენება
1. სახელმწიფო საწარმოს პრივატიზებით შემოსული სახსრები ჩაირიცხება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების და პრეფექტურების სპეციალურ ანგარიშებზე. პრივატიზებით ამოღებული სახსრების განაწილების თანაფარდობა განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ.
2. პრივატიზების შედეგად შემოსული სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
მუხლი 6🔗. გამყიდველები და მყიდველები
1. საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებაში მყოფი სახელმწიფო საწარმოების, აგრეთვე სახელმწიფო სააქციო საზოგადოებებისა და ამხანაგობების საწესდებო კაპიტალის იმ წილის (პაის, აქციის) გამყიდველს, რომელიც საქართველოს რესპუბლიკას ეკუთვნის, წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების ფონდი (შემდგომში ფონდი) − სახელმწიფო საფინანსო კომპანია, რომელიც კომერციულ საწყისებზე მოქმედებს. ფონდი იქმნება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებებით და ექვემდებარება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას.
ფონდი და მისი ადგილობრივი განყოფილებები:
ფლობენ საქართველოს რესპუბლიკის კუთვნილ სახელმწიფო საწარმოთა საკუთრების მოწმობებს, აგრეთვე მოწმობებს სახელმწიფო სააქციო საზოგადოებების საწესდებო კაპიტალში გარკვეული წილის (პაის, აქციების) საკუთრების შესახებ, წარმოადგენენ საქართველოს რესპუბლიკის, როგორც მესაკუთრის, ინტერესებს, აქციონერთა საერთო კრებებზე, მათ მფლობელობაში არსებული აქციების ფარგლებში ეწევიან რისკს (კისრულობენ ქონებრივ პასუხისმგებლობას) შესაბამის საწარმოთა კომერციულ საქმიანობაში. ფონდს უფლება არა აქვს ჩაერიოს საწარმოთა საქმიანობაში მეწარმესთან (მმართველთან, დირექტორებთან) ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ამ კანონით, საწარმოს წესდებით ან საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით არის გათვალისწინებული;
ყიდიან კუთვნილ პაის, აქციებს, აგრეთვე საწარმოებზე საკუთრების უფლების მოწმობებს;
რესპუბლიკის ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად ყიდულობენ სააქციო საზოგადოებებისა და ამხანაგობების აქციებს ან პაის;
ანაწილებენ დივიდენდებს;
ანაწილებენ საწარმოთა პრივატიზებით შემოსულ სახსრებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად;
სახელმწიფო სააქციო საზოგადოებებისა და ამხანაგობების სახელმწიფოს კუთვნილ აქციებს (პაის) ცვლიან კომერციული კომპანიების აქციებზე.
2. საქართველოს რესპუბლიკაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონების (ქალაქების) საკუთრებაში მყოფი სახელმწიფო და მუნიციპალური საწარმოების, აგრეთვე სახელმწიფო სააქციო საზოგადოებებისა და ამხანაგობების საწესდებო კაპიტალის იმ წილის (პაის, აქციების) გამყიდველს, რომელსაც ეს ავტონომიური რესპუბლიკა ან ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი (ქალაქი) ფლობს, წარმოადგენს სათანადო რესპუბლიკური (ავტონომიური რესპუბლიკა) და რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო ქონების ფონდი.
სახელმწიფო ქონების ფონდები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების ფონდის ანალოგიურ ფუნქციებს, რომლებიც ჩამოთვლილია ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში.
3. სახელმწიფო საწარმოთა, სააქციო საზოგადოებებისა და ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში გარკვეული წილის (პაის, აქციების) მყიდველები შეიძლება იყვნენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები ან მოქალაქეთა გაერთიანებები, საზღვარგარეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე ის არასახელმწიფო იურიდიული პირები, რომელთა საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საქველმოქმედო და სხვა საზოგადოებრივი ფონდების, რელიგიური ორგანიზაციების წილი შეადგენს 25 პროცენტზე ნაკლებს. სხვა შემთხვევაში სყიდვითი გარიგება ბათილად ჩაითვლება.
4. სახელმწიფო საწარმოს მყიდველები შეიძლება იყვნენ მისი მუშაკები, რომლებიც ამ მიზნით ქმნიან ამხანაგობას და სარგებლობენ კანონით დაშვებული შეღავათებით. ამხანაგობის წევრებად შეიძლება მიღებულ იქნენ ის მოქალაქენიც, რომლებიც ამ საწარმოში არ მუშაობენ.
5. პრივატიზების დროს გამყიდველებსა და მყიდველებს შეუძლიათ იმოქმედონ თავიანთი წარმომადგენლების (ნდობით აღჭურვილი პირების) ან შუამავლების მეშვეობით. ორივე შემთხვევაში გარიგების მონაწილეთა იურიდიული უფლებამოსილება უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
მუხლი 7🔗. სახელმწიფო საწარმოს შესაძენად საჭირო სახსრების წყაროები
სახელმწიფო საწარმოს, აგრეთვე სახელმწიფო სააქციო საზოგადოებების ან ამხანაგობების საწესდებო კაპიტალის წილის (პაის, აქციები) შესაძენად გამოიყენება მოქალაქეთა პირადი დანაზოგები, სამეურნეო ამხანაგობებისა და საზოგადოებების საკუთარი სახსრები, აგრეთვე საწარმოთა ეკონომიკური სტიმულირების ფონდებში დარჩენილი სახსრები. ამავე მიზნით მყიდველებმა შეიძლება გამოიყენონ ნასესხები და აგრეთვე სხვა სახსრები.
კარი II
პრივატიზების წესი და ფორმები
მუხლი 8🔗. პრივატიზების შესახებ განცხადების წარდგენა და განხილვა
1. სახელმწიფო საწარმოს მუშაკებს შეუძლიათ ინიციატივის წესით შეიტანონ განცხადება ამ საწარმოს პრივატიზების შესახებ. განცხადებას წარადგენენ კომიტეტის ტერიტორიულ ორგანოში. განცხადების ფორმა და გადასახდელად სავალდებულო სახელმწიფო მისაგებლის სიდიდე დგინდება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ. საწარმოს მუშაკთა განცხადება საწარმოს პრივატიზების შესახებ განსახილველად მიიღება იმ შემთხვევაში, თუ მას ხელს აწერს საწარმოს მუშაკთა ნახევარზე მეტი.
2. პრივატიზების შესახებ განცხადებასთან ერთად კომიტეტის ტერიტორიულ ორგანოში შეიძლება წარდგენილ იქნეს აგრეთვე საწარმოს შესყიდვის მსურველთა წინადადებები პრივატიზების შესახებ. გადაწყვეტილებას საწარმოს პრივატიზების შესახებ კომიტეტი იღებს ამ წინადადებათა გათვალისწინებით.
3. განცხადება და წინადადებები სახელმწიფო საწარმოს პრივატიზების შესახებ კომიტეტის მიერ განიხილება მათი შემოსავლიდან ერთი თვის განმავლობაში, მისი გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება განმცხადებლებს.
4. პრივატიზებაზე უარის თქმა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ:
მიღებულია კანონით დადგენილი შეზღუდვა მოცემული საწარმოს პრივატიზების გამო;
ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განმცხადებელი პირი არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების მყიდველად.
5. თუ განცხადება სახელმწიფო საწარმოს პრივატიზების შესახებ დადგენილ ვადაში არ განხილულა ან განმცხადებელი დაუსაბუთებლად თვლის უარყოფით გადაწყვეტილებას, მას აქვს გადაწყვეტილების სასამართლოში ან საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
6. პრივატიზების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები ქმნიან სახელმწიფო საწარმოს პრივატიზების კომისიას.
კომისიის შემადგენლობაში შედიან მესაკუთრის, საწარმოს ადმინისტრაციის, საფინანსო ორგანოების, ბანკის, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები. კომისიას უფლება აქვს შექმნას ექსპერტთა ჯგუფები ცალკეული მიმართულების მიხედვით. სპეციალისტები და ექსპერტები კომისიაში სამუშაოდ მოიწვევიან შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა ანაზღაურების წესი განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით.
7. კომისია საწარმოს ადმინისტრაციასთან ერთად მყიდველებისა და გამყიდველებისათვის, აგრეთვე საზოგადოებრიობისათვის ამზადებს აუცილებელ ინფორმაციას ამ საწარმოს შესახებ.
8. კომისია ადგენს პრივატიზების პროგრამას, რომელიც მოიცავს: საწარმოს რეორგანიზაციის პროექტს, პრივატიზების ფორმას, საწარმოს საწყისი ფასის დადგენას, ღირებულების გადახდის (ანგარიშსწორების) რეკომენდებულ ფორმას. პრივატიზების პროგრამა შეიძლება ითვალისწინებდეს საწარმოს გარკვეული სტრუქტურული ქვედანაყოფების დამოუკიდებელ საწარმოებად გამოყოფას.
სახელმწიფო ქონების გამგებელი ორგანო კომისიის წარდგინებით ღებულობს გადაწყვეტილებას საწარმოთა ბალანსზე არსებული საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის ცალკეული ობიექტების შესახებ.
მათ მიმართ შეიძლება განხორციელდეს:
მოცემული ობიექტების მიყიდვა საწარმოს მუშაკებისათვის და მოქალაქეების, სამეურნეო ამხანაგობებისა და საზოგადოებებისათვის, რომლებიც იძენენ საწარმოს ქონებას;
მათი უსასყიდლოდ გადაცემა საწარმოს მუშაკებისათვის, მოქალაქეების სამეურნეო ამხანაგობებისა და საზოგადოებისათვის, რომლებიც იძენენ საწარმოს ქონებას;
მათი უსასყიდლოდ გადაცემა საწარმოს მუშაკებისათვის, მოქალაქეების, სამეურნეო ამხანაგობებისა და საზოგადოებებისათვის, რომლებმაც შეიძინეს საწარმოს ქონება, აუცილებლობის შემთხვევაში ამ ობიექტების დაფინანსების და ექსპლუატაციის პირობით;
ამ ობიექტების გადაცემა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების და სხვა სახელმწიფო საწარმოების ბალანსზე.
მუხლი 9🔗. სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების ფორმები
1. პრივატიზება ხორციელდება საწარმოთა შესყიდვით კონკურსის ან აუქციონის წესით.
2. კონკურსის წესით საწარმოს გაყიდვის მიზანია საწარმოზე საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც შესთავაზებს გამყიდველისათვის ყველაზე უკეთეს პირობებს.
3. აუქციონის წესით საწარმოს გაყიდვის მიზანია საწარმოზე საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს გამყიდველს.
4. რეკომენდაციებს საწარმოს პრივატიზების ფორმის შერჩევისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ შეიმუშავებს საპრივატიზებო კომისია. პრივატიზების ფორმის შერჩევისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული:
საწარმოს მუშაკთა აზრი;
მყიდველთა წინადადებები, რომლებიც კომიტეტს წარედგინება სახელმწიფო საწარმოს შესყიდვის განცხადებასთან ერთად;
საწარმოს თავისებურება და მისი როლი რესპუბლიკის ეკონომიკაში; საწარმოს სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა მოცემული რეგიონისათვის.
5. გადაწყვეტილებას საწარმოთა პრივატიზების ფორმებისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ იღებენ კომიტეტი და მისი ტერიტორიული ორგანოები.
მუხლი 10🔗. საწარმოთა რეორგანიზაცია პრივატიზების წინ
1. პრივატიზებისათვის საწარმოს მომზადება გულისხმობს მისი ძირითადი საწარმოო და არასაწარმოო ფონდების ინვენტარიზაციას, აგრეთვე საწარმოს სტრუქტურულ რეორგანიზაციას იმ მიზნით, რომ მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, ეკონომიკურად გამართლებულ საზღვრებში, საჭიროების შემთხვევაში გამოცალკევდნენ და გარდაიქმნან დამოუკიდებელ საწარმოებად.
2. საწარმოს ბალანსზე მყოფი სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები, კომისიის შეხედულებისამებრ, შეიძლება გაიყიდონ ან მუნიციპალურ საკუთრებაში იქნენ გადაცემული კომიტეტსა და ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც განსაზღვრული იქნება ამ ობიექტების დაფინანსებისა და შენახვის წესი.
მუხლი 11🔗. პრივატიზებისათვის განკუთვნილი საწარმოს საწყისი ფასის განსაზღვრა
1. კონკურსის ან აუქციონის წესით გაყიდვისათვის საწარმოს საწყისი ფასი შეიძლება განისაზღვროს ორი შესაძლო ვარიანტით: პირველი, გამომდინარე საწარმოს სავარაუდო შემოსავლიანობიდან და მეორე, იმ მოსალოდნელი ამონაგების შეფასებიდან, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს საწარმოს ქონების გაყიდვით, მის მიერ დაკავებული მიწის ფართობის გათვალისწინებით.
პირველი ვარიანტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმოს საფინანსო მდგომარეობის ანალიზის და მისი განვითარების პერსპექტივის შეფასების საფუძველზე კომიტეტი არ იღებს გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ. ამ შემთხვევაში საწარმოს საწყისი ფასი განისაზღვრება იმ შემოსავლის სიდიდის გათვალისწინებით, რომელსაც სახელმწიფო მიიღებდა საწარმოს სამეურნეო საქმიანობიდან.
შეფასების მეორე ვარიანტი გამოიყენება ქრონიკულად ზარალიანი საწარმოების მიმართ. შეფასების ეს ვარიანტი გამოიყენება აგრეთვე სალიკვიდაციოდ განკუთვნილ საწარმოთა მიმართ. ამ შემთხვევაში შეფასება წარმოებს ქონების ინვენტარიზაციის შედეგებზე დაყრდნობით და იმ რეალური ფასების საფუძველზე, რომლებიც მოცემულ მომენტში ყალიბდება წარმოების საშუალებათა ბაზარზე.
2. პრივატიზების ობიექტების ღირებულების შეფასების მეთოდურ მითითებებს შეიმუშავებს და ამტკიცებს კომიტეტი.
მუხლი 12🔗. ინფორმაცია საპრივატიზაციო საწარმოთა შესახებ
1. ინფორმაცია საკონკურსო საწყისებზე გასაყიდად განკუთვნილ სახელმწიფო საწარმოთა შესახებ, აგრეთვე კონკურსის წესით სახელმწიფო სააქციო საზოგადოებათა საწესდებო კაპიტალის წილის (პაის) შეძენისა და მათივე აქციების გაყიდვის შესახებ ქვეყნდება პრესაში. ინფორმაცია ქვეყნდება კონკურსის ჩატარების ან აქციების თავისუფალი გაყიდვის დათქმულ თარიღამდე ერთი თვით ადრე.
2. საწარმოს შესახებ გამოქვეყნებულ ცნობებში აუცილებლად შეიტანება: საწარმოს მიერ დაკავებული მიწის ფართობი და მასზე განთავსებულ ნაგებობათა დახასიათება, საწარმოს გაყიდვის პირობები, ძირითადი ფონდების ნუსხა ჯგუფების მიხედვით, წამოყენებულ ინვესტიციათა საპროექტო შეფასება, მათი სავარაუდო ღირებულება, გაწეული ხარჯების სიდიდე, მატერიალურ ფასეულობათა მარაგი, ფულადი სახსრების მდგომარეობა, საწარმოს მფლობელობაში არსებული აქციები ან წილი (პაი) სააქციო საზოგადოებების საწესდებო კაპიტალში, არამატერიალური ფასეულობანი (პატენტი, ლიცენზია, სავაჭრო მარკა და სხვ.), საწარმოს ვალდებულებანი (სავაჭრო, საბიუჯეტო, საკრედიტო) საწარმოს ბალანსები სამი უკანასკნელი წლის მიხედვით, მისი წილი გამოშვებული პროდუქციის საშინაო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის დონე და სხვა. კომიტეტი საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს დამატებით მონაცემთა ჩამონათვალს და მათი მიწოდების ფორმას.
3. პრივატიზება ტარდება საჯაროდ. მას საზოგადოებრივ კონტროლს უწევენ საწარმოს მუშაკები, მყიდველები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები.
მუხლი 13🔗. გადახდის წესი
შეძენილი საწარმოს ან სახელმწიფო სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში წილის (პაის, აქციების) ღირებულების გადახდა შეიძლება ერთბაშად ან განვადებით. გადახდის წესს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს გამყიდველი.
მუხლი 14🔗. სახელმწიფო საწარმოს შეძენა კონკურსის წესით
გადაწყვეტილებას საწარმოს კონკურსის წესით გაყიდვის შესახებ იღებს კომიტეტი ან მისი ტერიტორიული ორგანო საწარმოს მუშაკებთან და ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით.
კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება შესაბამისი ღირებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
მუხლი 15🔗. სახელმწიფო საწარმოს შეძენა აუქციონზე
გადაწყვეტილებას საწარმოს აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ იღებს კომიტეტი ან მისი ტერიტორიული ორგანო საწარმოს მუშაკებთან და ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით.
აუქციონის ჩატარების წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
მუხლი 16🔗. მყიდველთა მიერ სახელმწიფო სააქციო საზოგადოებათა და ამხანაგობათა აქციების (პაის) შეძენა
1. საწარმოთა პრივატიზება აქციების (პაის) გაყიდვის გზით ხორციელდება სახელმწიფო საწარმოთა სახელმწიფო სააქციო საზოგადოებებად და ამხანაგობებად წინასწარი გარდაქმნის შემდეგ. გარდაქმნის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა.
2. სახელმწიფო სააქციო საზოგადოებათა და ამხანაგობათა დამფუძნებლები არიან კომიტეტი და მისი ტერიტორიული ორგანოები, რომლებიც ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს რეგისტრაციისათვის წარუდგენენ განცხადებას სახელმწიფო სააქციო საზოგადოების (ამხანაგობის) რეგისტრაციის შესახებ და შესაბამის დოკუმენტებს.
3. სახელმწიფო სააქციო საზოგადოების (ამხანაგობის) რეგისტრაციის შემდეგ კომიტეტი მისი აქციების პაკეტს გადასცემს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების ფონდს, რომელიც აწყობს მათ გაყიდვას საკონკურსო საწყისებზე; გაუყიდავი აქციები (პაი) რჩება ფონდის განკარგულებაში.
მუხლი 17🔗. სახელმწიფო სააქციო საზოგადოებათა (ამხანაგობათა) მუშაკების მიერ აქციების (პაის) შესყიდვა შეღავათიან პირობებში
1. სახელმწიფო სააქციო საზოგადოებათა (ამხანაგობათა) მუშაკებს უფლება აქვთ შეიძინონ აქციები (პაი) შეღავათიან პირობებში. ამ შემთხვევაში აქციაზე (პაიზე) ფასდაკლება არ უნდა აღემატებოდეს 20 პროცენტს. აქციების (პაის) გამოსყიდვის ვადა არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი საზოგადოების (ამხანაგობის) რეგისტრაციის დღიდან.
2. შეღავათიან პირობებში აქციების (პაის) გამოსასყიდად სახელმწიფო სააქციო საზოგადოების (ამხანაგობის) მუშაკებისათვის დასაშვებია გამოყენებული იქნეს შესაბამისი საწარმოების ეკონომიკური სტიმულირების ფონდში დარჩენილი სახსრები.
3. საწარმოს მუშაკთა გადაწყვეტილებით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები შეიძლება გავრცელდეს სახელმწიფო საწარმოს იმ ყოფილ მუშაკებზე, რომლებიც ამ საწარმოდან გავიდნენ პენსიაზე.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები ძალაშია აქციების გაყიდვის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში. შეღავათიან პირობებში შესყიდული აქციების ხელმეორედ გაყიდვა დაუშვებელია ნასყიდობის რეგისტრაციიდან 2 წლის განმავლობაში.
მუხლი 18🔗. სახელმწიფო საწარმოთა შეძენა მათი მუშაკების მიერ კონკურსით ან აუქციონზე
1. კონკურსში (აუქციონზე) სახელმწიფო საკუთრების ობიექტის მყიდველის როლში შეიძლება გამოვიდნენ საწარმოთა მუშაკები იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ ჩამოაყალიბებენ შესაბამის ამხანაგობას.
2. თუ კონკურსის (აუქციონის) მონაწილე ასეთი ამხანაგობა აერთიანებს პრივატიზებული საწარმოს (ან მისი სტრუქტურული ერთეულის) მუშაკთა საერთო რიცხვის ნახევარზე მეტს, მას ეძლევა ობიექტის განვადებით შესყიდვის უფლება. აგრეთვე ეძლევა უფლება ამ მიზნით გამოიყენოს საწარმოს ეკონომიკური სტიმულირების ფონდებში დარჩენილი სახსრების ნაწილი (ამხანაგობაში გაერთიანებული მუშაკების ხვედრითი წილის პროპორციულად).
3. ობიექტის განვადებით გამოსყიდვის უფლებას იძლევა კომიტეტი ან მისი ტერიტორიული ორგანო. განვადება არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს, ხოლო თავდაპირველად შესატანი თანხა არ უნდა იყოს გამოსასყიდი ობიექტების ფასის 50 პროცენტზე ნაკლები.
4. ამხანაგობა, რომელიც აერთიანებს საწარმოს მუშაკთა საერთო რიცხვის ნახევარზე ნაკლებს, კონკურსში (აუქციონზე) მონაწილეობს შეღავათების გარეშე, სხვა მყიდველებთან თანაბარი უფლებებით. იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ამხანაგობა და სხვა მყიდველები გამყიდველს სთავაზობენ თანაბარ პირობებს, ობიექტის შეძენისას პრიორიტეტი ენიჭება ამ ამხანაგობას.
მუხლი 19🔗. სოციალური გარანტიები პრივატიზებულ საწარმოთა მუშაკებისათვის
1. მყიდველების მიერ კონკურსით ან აუქციონზე შეძენილი საწარმოები, აგრეთვე სახელმწიფო სააქციო საზოგადოებები (ამხანაგობები) პასუხს აგებენ პრივატიზებამდე გაფორმებული შრომითი შეთანხმებებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე.
2. პრივატიზებულ საწარმოებზე მყიდველის საკუთრების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში მეწარმე (მმართველი, დირექტორი) ვალდებულია ხელშეკრულება გააფორმოს საწარმოს მუშაკებთან ან საწარმოს პროფკავშირულ ორგანიზაციასთან , რომელშიც შეიტანება შრომის ორგანიზაციასთან, ანაზღაურებასა და დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები, მუშაკთა სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა და სხვა საკითხები, პრივატიზებული საწარმოდან მეწარმის (დირექტორის, მმართველის) ინიციატივით გათავისუფლებულ მუშაკებს ეძლევათ ერთდროული დახმარება კანონით დადგენილი წესით, გამოთავისუფლებული მუშაკების შრომითი მოწყობა ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
კარი III
გარიგებათა გაფორმება, მხარეთა პასუხისმგებლობა, უფლებანი და მოვალეობანი
მუხლი 20🔗. საპრივატიზებო გარიგებათა გაფორმება
1. პრივატიზების ფორმებისაგან დამოუკიდებლად სახელმწიფო საწარმოთა, აგრეთვე სახელმწიფო სააქციო საზოგადოებათა (ამხანაგობათა) საწესდებო კაპიტალში წილის (პაი, აქციები) გამყიდველსა და მყიდველს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც შინაარსითა და ფორმით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის მოთხოვნებს.
2. ხელშეკრულებაში შეიტანება: ცნობები გამყიდველის, მყიდველის და შუამავლის შესახებ, საწარმოს დასახელება და ადგილმდებარეობა, საწარმოს ქონების შემადგენლობა და ფასი, სახელმწიფო სააქციო საზოგადოების (ამხანაგობის) აქციების რაოდენობა და ფასი (ან პაის სიდიდე), გადახდის წესი და ვადები, მხარეთა ვალდებულებები საწარმოს შემდგომი გამოყენების შესახებ, სხვა პირობები მხარეთა შეთანხმების მიხედვით.
3. საწარმოზე ან სახელმწიფო სააქციო საზოგადოების (ამხანაგობის) საწესდებო კაპიტალის წილზე საკუთრების უფლება გამყიდველიდან მყიდველს გადაეცემა ხელშეკრულების ნოტარიულად რეგისტრაციის მომენტიდან, თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 21🔗. გამყიდველისა და მყიდველის მოვალეობანი
1. სახელმწიფო საწარმოს ან სახელმწიფო სააქციო საზოგადოების (ამხანაგობის) აქციების (წილი, პაი) გამყიდველი ვალდებულია საწარმო მოამზადოს პრივატიზებისათვის, გამოაქვეყნოს განცხადება საწარმოს პრივატიზების შესახებ, მყიდველს მისი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საწარმოს ქონება და დოკუმენტები მისი საფინანსო სამეურნეო მდგომარეობის შესახებ, გადასცეს საწარმო (პაი, აქციები) და შეასრულოს სხვა ვალდებულებანი თანახმად მყიდველთან დადებული ხელშეკრულებისა.
2. სახელმწიფო საწარმოს მყიდველი ხდება მის ქონებრივ უფლება-მოვალეობათა სრული სამართალმემკვიდრე.
სახელმწიფო სააქციო საზოგადოების (ამხანაგობის) აქციების (წილის, პაის) მყიდველი ხდება მის ქონებრივ უფლება-მოვალეობათა ნაწილობრივი სამართალმემკვიდრე, პროპორციულად ნაყიდი აქციების (წილის, პაის) რიცხვისა და საერთო ღირებულებისა.
მუხლი 22🔗. მესაკუთრეთა უფლებების გარანტიები და დაცვა
1. პრივატიზების პროცესში სახელმწიფო იძლევა გამყიდველის, მყიდველის, შუამავლისა და სხვა სუბიექტების მხრივ უფლებათა და მოვალეობათა დაცვის გარანტიას. იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზება ჩატარდა ამ კანონის დარღვევით, სახელმწიფო არ იძლევა მყიდველის უფლებათა დაცვის გარანტიას და იღებს ზომებს დადებულ გარიგებათა გასაბათილებლად.
2. პრივატიზების პროცესში მესაკუთრეთა უფლებების დაცვა ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 23🔗. პრივატიზების შესახებ გარიგებათა ბათილობა
1. გარიგებები სახელმწიფო საწარმოთა, სახელმწიფო სააქციო საზოგადოებათა (ამხანაგობათა) აქციების (წილის, პაის) გაყიდვის შესახებ ბათილად ითვლება, თუ:
საწარმოს პრივატიზებაზე არ იყო კომიტეტის ან მისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობა;
უხეშად დაირღვა კონკურსის ან აუქციონის ჩატარების წესი;
მყიდველმა უარი განაცხადა ნაყიდი საწარმოს, აქციების, პაის, წილის ღირებულების განაღდებაზე;
საწარმო, აქციები, წილი, პაი იყიდა სუბიექტმა, რომელსაც არ გააჩნდა ამის უფლება;
ყიდვის დროს გამოყენებულ იქნა გადახდის უკანონო საშუალებები;
გამყიდველი და მყიდველი შეთანხმდნენ არამართლზომიერ განაწილებასა და საწარმოს, აქციების, წილის, პაის, ფასების ხელოვნურად შემცირებაზე; მყიდველს გაეწია უკანონო შეღავათები და მიეცა არაკანონიერი უპირატესობა სხვა მყიდველებთან შედარებით;
დარღვეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მოთხოვნები.
2. პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
3. დავა პრივატიზების გარიგებათა ბათილად ცნობის შესახებ, აგრეთვე მესაკუთრეთათვის ზარალის მიყენებისა და სხვა ანალოგიური ხასიათის საკითხებზე განიხილება სასამართლო წესით, გამყიდველის, მყიდველის, შუამავლის, პროკურორის ან სხვა უფლებამოსილი პირის სარჩელის საფუძველზე.
მუხლი 24🔗. პასუხისმგებლობა პრივატიზების შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის
პრივატიზების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 9 აგვისტო