პრეფექტურის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კანონი ძალადაკარგული
მიღების თარიღი 23.04.1991
ძალის დაკარგვა 25.11.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 4, 30/04/1991
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
დოკუმენტის ტექსტი
პრეფექტურის შესახებ
(ძალადაკარგულია - 17.04.1997, №651)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
პრეფექტურის შესახებ
„გარდამავალ პერიოდში ადგილობრივი მმართველობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად „პრეფექტურის შესახებ“
საქართველოს რესპუბლიკის კანონი არეგულირებს სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანოს – პრეფექტურის მუშაობას, განსაზღვრავს მის კომპეტენციას, აწესრიგებს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან, დარგობრივ სამსახურებთან, საწარმოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.
კარი
I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. პრეფექტურის ცნება
პრეფექტურა არის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივი ორგანო რესპუბლიკური დაქვემდებარების რაიონსა და ქალაქში. იგი შესაბამის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს საერთო-რესპუბლიკური ინტერესების დაცვას, სახელმწიფო ხელისუფლების, მმართველობის ზემდგომი ორგანოებისა და შესაბამის საკრებულოთა გადაწყვეტილებების განხორცილებას; წარმართავს სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალურ-კულტურულ განვითარებას; უფლებამოსილია გადაწყვიტოს სახელმწიფო მმართველობის ის საკითხები, რომლებიც მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება.
პრეფექტურის კომპეტენცია, საქმიანობის წესი, მისი ურთიერთობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საწარმოებსა და მოქალაქეებთან განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით, ამ კანონით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 2🔗. პრეფექტურის სისტემა
პრეფექტურა იქმნება:
ა) რესპუბლიკური დაქვემდებარების რაიონში;
ბ) რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქში, რომელსაც არა აქვს რაიონული დაყოფა და ადმინისტრაციულად ექვემდებარება სასოფლო რაიონი;
გ) რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქში, რომელსაც აქვს რაიონული დაყოფა;
დ) რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქში, რომელსაც არა აქვს რაიონული დაყოფა;
ე) რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქში, რომელსაც არა აქვს რაიონული დაყოფა და რომლის თანამოსახელე რაიონიც არსებობს.
ამ მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იქმნება და მოქმედებს ერთი საერთო პრეფექტურა.
მუხლი 3🔗. პრეფექტურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
პრეფექტურა ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი პრინციპებით: საერთო-რესპუბლიკური და ადგილობრივი ინტერესების ურთიერთშეთანხმება, კანონიერება და მისი უზრუნველყოფა, მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, საჯაროობა და საზოგადოებრივი აზრის, ეროვნული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინება.
კარი
II
პრეფექტურის სტრუქტურა და პრეფექტურის თანამდებობის პირები
მუხლი 4🔗. პრეფექტურის სტრუქტურა
პრეფექტურა შედგება პრეფექტურის, მისი მოადგილის (მოადგილეების), პრეფექტის კაბინეტის, პრეფექტურის კანცელარიის, პრეფექტურის სამსახურისაგან.
რაიონის (ქალაქის) თავისებურებათა გათვალისწინებით იქმნება: მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, არქიტექტურისა და მშენებლობის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სპორტის, კომუნალური და საბინაო მეურნეობის, სოციალური უზრუნველყოფის, დემოგრაფიისა და სხვა სამსახურები.
პრეფექტურის სტრუქტურას, წინადადებებს მის მუშაკთა რაოდენობისა და მათი შესანახი ხარჯების ოდენობის შესახებ შეიმუშავებს პრეფექტი და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წარდგინებით.
ქალაქ თბილისის მმართველობის ორგანიზაციას განსაზღვრავს ცალკე კანონი.
მუხლი 5🔗. პრეფექტი
პრეფექტი რაიონისა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც, ხელმძღვანელობს რა სახელმწიფო ინტერესებით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პრეფექტურის მეშვეობით წარმართავს სამეურნეო და სოციალურ-კულტურულ განვითარებას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.
პრეფექტი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკებში – ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოებისა და მინისტრთა საბჭოების წინაშეც.
მუხლი 6🔗. პრეფექტის მოადგილე
პრეფექტის მოადგილეს (მოადგილეებს) ნიშნავს პრეფექტი.
პრეფექტის მოადგილე (მოადგილეები) მოვალეობათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს ცალკეულ დარგებს, კოორდინაციასა და კონტროლს უწევს პრეფექტურისა და მისი საქვეუწყებო სამსახურების საქმიანობას, აძლევს მათ მითითებებსა პრეფექტის ბრძანებებისა და განკარგულებების შესრულების უზრუნველსაყოფად;
ხელმძღვანელობს პრეფექტურის კანცელარიას, კოორდინაციას უწევს პრეფექტურის საქმიანობას მასზე დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად. პრეფექტის არყოფნის შემთხვევაში მოადგილე ახორციელებს მის უფლებამოსილებას, რომელიც განსაზღვრულია ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
პრეფექტის მოადგილე (მოადგილეები) არ შეიძლება იყოს საკრებულოს წევრი.
მუხლი 7🔗. პრეფექტის კაბინეტი
პრეფექტის კაბინეტი პრეფექტურის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოა, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს პრეფექტისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად.
პრეფექტის კაბინეტი იქმნება პრეფექტის უფლებამოსილების ვადით.
პრეფექტის კაბინეტის შემადგენლობაში შედიან: პრეფექტი, პრეფექტის მოადგილე (მოადგილეები), პრეფექტურის კანცელარიის გამგე, პრეფექტურის იურიდიული განყოფილების გამგე (იურისტი) და პრეფექტის შერჩევით პრეფექტურისა და მისი საქვეუწყებო სამსახურების ცალკეული ხელმძღვანელები.
პრეფექტის კაბინეტის სხდომას იწვევს და უძღვება პრეფექტი ან მისი მოადგილე.
პრეფექტის კაბინეტის სხდომაზე განიხილება ამ კანონით გათვალისწინებული საკითხები და დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ პრეფექტი და კანცელარიის გამგე. კაბინეტის აზრის გათვალისწინებით პრეფექტი იღებს აქტებს და ხელს აწერს მათ. აქტი ძალაში შედის ხელის მოწერის დღიდან, თუ მასში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 8🔗. პრეფექტურის კანცელარია
პრეფექტურის კანცელარია აერთიანებს სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის განყოფილებას, საერთო და იურიდიულ განყოფილებებს (იურისტს), კადრების სექტორს, ბუღალტერს და ტექნიკურ პერსონალს; იგი ემსახურება პრეფექტურას; შეიმუშავებს წინადადებებს, ამზადებს პრეფექტის გადაწყვეტილებების პროექტებს და სისტემატურად აკონტროლებს მათ შესრულებას.
პრეფექტურის კანცელარიის საქმიანობას წარმართავს პრეფექტურის კანცელარიის გამგე, რომელსაც ნიშნავს პრეფექტი.
პრეფექტურის კანცელარიის მუშაობის ორგანიზაცია და კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი დებულებით.
მუხლი 9🔗. პრეფექტურის სამსახურები
პრეფექტურის სამსახურები რაიონებში და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებში მმართველობის ორგანოებია, რომლებიც წარმართავენ სამეურნეო კომპლექსის სხვადსხვა დარგების საქმიანობას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
პრეფექტურის სამსახურების ხელმძღვანელებს ნიშნავს პრეფექტი მმართველობის შესაბამის რესპუბლიკურ (ავტონომიური რესპუბლიკის) ორგანოებთან შეთანხმებით. შინაგან საქმეთა რაიონული (საქალაქო) განყოფილების უფროსს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი რაიონის (ქალაქის) პრეფექტთან შეთანხმებით.
პრეფექტურის სამსახურების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები არ შეიძლება იყვნენ საკრებულოს წევრები.
პრეფექტურაში შეიძლება შეიქმნას ახალი საქვეუწყებო სამსახურები. მომხდარი ცვლილებების დამტკიცების საკითხი წყდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
პრეფექტურათა სამსახურები ორმაგ დაქვემდებარებაში იმყოფებიან – ემორჩილებიან როგორც პრეფექტს, ისე შესაბამის რესპუბლიკურ უწყებას.
პრეფექტურის სამსახურები იღებენ გადაწყვეტილებებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
მუხლი 10🔗. პრეფექტურის სამსახურებისა და სხვა საქვეუწყებო ორგანოების ხელმძღვანელები, პრეფექტურის კანცელარიის გამგე
პრეფექტურის სამსახურების, სხვა საქვეუწყებო ორგანოების ხელმძღვანელთა, აგრეთვე პრეფექტურის კანცელარიის გამგის უფლებამოსილებას განსაზღვრავს შესაბამისი დებულება.
კარი
III
პრეფექტის უფლებამოსილება
მუხლი 11🔗. პრეფექტის უფლებამოსილების ზოგადი საკითხები
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის, ამ კანონისა და საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონების შესაბამისად, პრეფექტი:
ა) ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს შესაბამისი ტერიტორიის მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისადმი, უზრუნველყოფს მათ შეუფერხებელ საქმიანობას;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს
პრეფექტურისა და სხვა საქვეუწყებო სამსახურების საქმიანობას;
გ) ხელმძღვანელობს ადგილობრივ მეურნეობას მიკუთვნებული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას;
დ) კონტროლს უწევს მოქმედი კანონმდებლობის დაცვას ბუნებათსარგებლობის, მათ შორის მიწათსარგებლობის, გარემოს დაცვის, მშენებლობის, შრომითი რესურსების გამოყენების, სახალხო მოხმარების საგნების წარმოების, მოსახლეობის სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო მომსახურების სფეროში იმ საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც ადგილობრივ საკუთრებას არ განეკუთვნებიან;
ე) უზრუნველყოფს არჩევნებისა და რესპუბლიკური რეფერენდუმის ჩატარებას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციაში ატარებს საწარმოებს, იძლევა სამეურნეო საქმიანობის დაწყების ნებართვას, აჩერებს საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების სამეურნეო საქმიანობას;
ზ) უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკების სამთავრობათშორისო ხელშეკრულებების შესრულებას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.
პრეფექტისა და შესაბამისი საკრებულოს ან რესპუბლიკის დარგობრივი სამსახურების მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში დავის საბოლოოდ გადაწყვეტამდე პრეფექტურა და შესაბამისი საკრებულოს გამგეობა (გამგებელი) ხელმძღვანელობენ პრეფექტის განკარგულებებითა და ბრძანებებით. სადავო საკითხები განიხილება და წყდება საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗. პრეფექტის მიერ პრეფექტის კაბინეტთან ერთად გადასაწყვეტი საკითხები
პრეფექტი კაბინეტთან ერთად:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ;
ბ) ამტკიცებს დებულებებს პრეფექტურის, მისი კანცელარიის და სხვა საქვეუწყებო სამსახურების შესახებ;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებებს სამეურნეო ამხანაგობების, საზოგადოებებისა და სხვა გაერთიანებების რეგისტრაციის შესახებ;
დ) ამტკიცებს პრეფექტურის საქმიანობის ანგარიშს;
ე) აუქმებს პრეფექტურის და სხვა საქვეუწყებო სამსახურების აქტებს, დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების აქტებს, თუ ისინი არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას;
ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა არასაბიუჯეტო ფონდის შექმნისა და გამოყენების შესახებ (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად);
ზ) იღებს გადაწყვეტილებებს რაიონის (ქალაქის) სესხისა და სხვა გრძელვადიან ვალდებულებათა საკითხებზე (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად);
თ) იღებს გადაწყვეტილებებს საკადრო საკითხებზე ამ კანონისა და საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონების შესაბამისად.
მუხლი 13🔗. უშუალოდ პრეფექტის მიერ გადასაწყვეტი საკითხები
პრეფექტები:
ა) ნიშნავს მოადგილეს (მოადგილეებს), პრეფექტურის კანცელარიის გამგეს;
ბ) კონტრაქტის საფუძველზე ნიშნავს სახელმწიფო საკუთრების ადგილობრივი საწარმოს ხელმძღვანელს;
გ) დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს უცხოეთის სახელმწიფოების, სხვა რესპუბლიკების მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან საქართველოს რესპუბლიკის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმების საფუძველზე;
დ) დებს სამეურნეო ხელშეკრულებებს უცხოეთის ფირმებთან საქართველოს რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან შეთანხებით;
ე) პასუხს აგებს პრეფექტურის მთელ საქმიანობაზე;
ვ) ახორცილებს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 14🔗. პრეფექტის უფლებამოსილება საბიუჯეტო-საფინანსო საქმიანობის სფეროში
პრეფექტი:
ა) შეიმუშავებს რაიონის (ქალაქის) ბიუჯეტს, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და წარუდგენს დასამტკიცებელ შესაბამის საკრებულოს;
ბ) ანგარიშს აბარებს საქართველოს მთავრობასა და შესაბამის საკრებულოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკაში – ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს;
გ) ახორციელებს ერთიან საფინანსო, საკრედიტო და ფულად პოლიტიკას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე;
დ) წარუდგენს შესაბამის საკრებულოს წინადადებებს ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების, ბაჟების დაწესების, აგრეთვე ადგილობრივი სესხების, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შემოღებისა და გავრცელების შესახებ;
ე) ქმნის ადგილობრივი მმართველობის განვითარებისათვის საჭირო ფონდებს, აგრეთვე სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების შედეგების სალიკვიდაციო ფონდებს;
ვ) მონაწილეობს ფასების ერთიანი პოლიტიკის განხორციელებასა და ფასების სისტემის სრულყოფაში.
მუხლი 15🔗. პრეფექტის უფლებამოსილება გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში
პრეფექტი:
ა) ახორციელებს კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად და კომპლექსურად გამოყენებაზე, წყვეტს მიწათსარგებლობის, ბუნებრივი სიმდიდრეების გამოყენების საკითხებს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს იმ ობიექტების მშენებლობის ან რეკონსტრუქციის შეწყვეტის შესახებ, რომელთა მიმართაც არ არსებობს ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა;
გ) აჩერებს იმ ობიექტების სამეურნეო საქმიანობას, რომლებიც არღვევენ რესპუბლიკურ კანონმდებლობას ბუნების დაცვის შესახებ, აკისრებს მათ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით;
დ) ქმნის სამშენებლო ობიექტის მიმღებ სახელმწიფო კომისიებს, ამტკიცებს დამთავრებული ობიექტების საექსპლუატაციოდ მიღების აქტებს;
ე) საჭიროების შემთხევაში ქმნის არასაბიუჯეტო ფონდებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად და კომპლექსურად გამოყენებისათვის;
ვ) საერთო რესპუბლიკური კანონმდებლობიდან გამომდინარე უწესებს მის ტერიტორიაზე მოქმედ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) დიფერენცირებულ გადასახადს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის;
ზ) უზრუნველყოფს ეკოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის მისაღწევად აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელებას.
მუხლი 16🔗. პრეფექტის უფლებამოსილება მოქალაქეთა პოლიტიკური და სოციალური უფლებების დაცვის სფეროში
პრეფექტი:
ა) უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, აუქმებს მისდამი დაქვემდებარებულ ორგანოთა და ორგანიზაციათა აქტებს, რომლებიც ლახავენ მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს;
ბ) იხილავს მოქალაქეთა განცხადებებს, საჩივრებსა და წინადადებებს, აკონტროლებს მათში დასმული საკითხების დროულ და სწორ გადაწყვეტას ყველა ორგანოსა და ორგანიზაციის მიერ, ისმენს მათ ხელმძღვანელთა ანგარიშებს დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და აკისრებს ადმინისტრაციულ სახდელებს მოქალაქეთა უფლებების შელახვისათვის;
გ) ორგანიზაციას უწევს დაუსაქმებელ მოქალაქეთა აღრიცხვასა და დასაქმებას;
დ) კოორდინაციას უწევს ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ფიზიკური კულტურის დაწესებულებების საქმიანობას;
ე) ხელს უწყობს ეკლესიების, სხვა საკულტო და რელიგიურ ნაგებობათა მშენებლობას;
ვ) აკონტროლებს სოციალური უზრუნველყოფის დაწესებულებების საქმიანობას, უზრუნველყოფს პენსიებისა და სხვა დახმარებების სწორად დანიშვნას და დროულად გადახდას, მოქალაქეებისათვის კანონით გათვალისწინებული შეღავათების მიცემას;
ზ) კოორდინაციას უწევს საბინაო მშენებლობას, უზრუნველყოფს მოქალაქეთა ბინის უფლების დაცვას;
თ) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან აცილების საერთო-რესპუბლიკური პროგრამების განხორციელებას.
მუხლი 17🔗. პრეფექტის უფლებამოსილება კანონიერებია და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის საქმეში
პრეფექტი:
ა) კონტროლს უწევს საქართველოს რესპუბლიკის კანონების და სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის რესპუბლიკური ორგანოების აქტების დაცვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე;
ბ) კონტროლს უწევს კანონიერების დაცვას ადგილობრივი მმართველობის ქვემდგომი ორგანოების საქმიანობაში;
გ) კოორდინაციას უწევს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, ყველა სახელმწიფო ორგანოსა და შესაბამისი თანამდებობის პირის საქმიანობას სამართალდარღვევების აღსაკვეთად;
დ) იღებს ზომებს სტიქიური უბედურებებისა და კატასტროფების დროს მატერიალურ ფასეულობათა გადასარჩენად, კანონიერებისა და მართლწესრიგის დასაცავად;
ე) ხელმძღვანელობს სახანძრო დაცვის ორგანოებისა და ნებაყოფლობითი სახანძრო რაზმების საქმიანობას.
მუხლი 18🔗. პრეფექტის უფლებამოსილება თავდაცვის საქმეში
პრეფექტი:
ა) უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების მიერ;
ბ) ხელს უწყობს მოქალაქეთა გაწვევას ნამდვილ სამხედრო სამსახურში, აგრეთვე სამხედრო სასწავლო შეკრებებისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების ორგანიზაციასა და განხორციელებას;
გ) ხელმძღვანელობს სამოქალაქო თავდაცვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.
კარი
IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 19🔗. პრეფექტის აქტები
1. პრეფექტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს განკარგულებებსა და ბრძანებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა მთელ დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.
2. პრეფექტის აქტი, რომელსაც აქვს ნორმატიული ხასიათი, მიიღება განკარგულების სახით, ხოლო ოპერატიულ და სხვა მიმდინარე არანორმატიულ საკითხებზე გამოიცემა ბრძანების სახით.
3. პრეფექტის აქტების შეჩერება შეუძლია საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას, ხოლო ავტონომიურ რესპუბლიკაში – ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს.
4. პრეფექტის აქტების გაუქმება შეუძლია საქართველოს
რესპუბლიკის პრეზიდენტს თავისი ინიციატივით ან საპროკურორო ზედამხედველობის მასალებზე დაყრდნობით. პრეფექტის გაუქმება შეუძლია სასამართლოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში.
მუხლი 20🔗. პრეფექტურის სამსახურის აქტები
პრეფექტურის სამსახურები იღებენ გადაწყვეტილებებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
კარი
V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 21🔗. პრეფექტურისა და საკრებულოს ურთიერთობა
1. პრეფექტურა და საკრებულო ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ახორციელებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს.
2. პრეფექტის კაბინეტის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შესაბამისი საკრებულოს მდივანს, გამგეობის თავმჯდომარეს (გამგებელს).
3. პრეფექტს უფლება აქვს სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საკრებულოებისა და მათი გამგეობების საქმიანობაში.
4. პრეფექტურისა და საკრებულოს
(გამგეობის) ურთიერთობის საკითხებს, რომელთაც არ ითვალისწინებს ეს კანონი, განსაზღვრავს მოქმედი კანონმდებლობა.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზ. გამსახურდია
თბილისი, 1991 წლის 23 აპრილი.