⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.11.1997)
გაუქმებულია:

საქართველოს რესპუბლიკის კანონი იჯარის შესახებ

მიღების თარიღი 24.05.1994
ძალის დაკარგვა 25.11.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 18, 31/05/1994
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,235 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.05.1994 მიღება
25.11.1997 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის კანონი იჯარის შესახებ (ძალადაკარგულია - 26.06.1997 კანონი №786) საქართველოს რესპუბლიკის კანონი იჯარის შესახებ საქართველოს რესპუბლიკაში საიჯარო ურთიერთობას აწესრიგებს საკუთრების უფლების კანონი, ეს კანონი და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები. წინამდებარე კანონი ადგენს საიჯარო ურთიერთობის ობიექტებს და სუბიექტებს, მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობის საფუძვლებს და განხორციელების პრინციპებს. მუხლი  1🔗. იჯარა იჯარა არის ხელშეკრულების საფუძველზე მიწის, სხვა ბუნებრივი რესურსების, საწარმოს მისი სტრუქტურული ერთეულის, შენობა-ნაგებობის, მოწყობილობის, სატრანსპორტო საშუალების და სხვა მატერიალური ფასეულობის ვადიანი და სასყიდლიანი მფლობელობა და სარგებლობა სამეურნეო საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვისა და კანონით გათვალისწინებული მიზნისათვის. მუხლი  2🔗. იჯარის ობიექტები იჯარა დაშვებულია საქმიანობის ნებისმიერ დარგში და ნებისმიერი ქონების მიმართ (საკანონმდებლო აქტებით აკრძალულის გარდა) და საკუთრების ფორმის განურჩევლად. მუხლი  3🔗. მიწისა და სხვა ბუნებრივი რესურსების იჯარა მიწაზე და სხვა ბუნებრივ რესურსებზე საიჯარო ურთიერთობას აწესრიგებს ეს კანონი და საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისი ნორმატიული აქტები. მუხლი  4🔗. საიჯარო ურთიერთობის სუბიექტები იჯარით ქონების გამცემი (მეიჯარე) შეიძლება იყოს მესაკუთრე ან მისგან უფლებამოსილი პირი. იჯარით ქონების ამღები (მოიჯარე) შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, ფიზიკურ პირთა ჯგუფი ან იურიდიული პირი. საწარმოს (სტრუქტურული ერთეულის) მუშაკებს სხვა თანაბარ პირობებში აქვთ ამ საწარმოს (სტრუქტურული ერთეულის) ქონების იჯარით აღების უპირატესი უფლება. უცხოეთის სახელმწიფოების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ ქონების იჯარით აღების თავისებურებანი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისი კანონმდებლობით. მუხლი  5🔗. საიჯარო ხელშეკრულება საიჯარო ხელშეკრულება მეიჯარისა და მოიჯარისა საიჯარო ურთიერთობის განმსაზღვრელი დოკუმენტია, რომელიც იდება ნებაყოფლობისა და მხარეთა თანხმობის საფუძველზე განსაზღვრული ვადით წერილობითი ფორმით, საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იჯარით გამცემს უფლება აქვს საიჯარო ხელშეკრულების დადებისას გამოიყენოს კონკურსისა და აუქციონის წესიც. საიჯარო ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს ქონების ღირებულება და შედგენილობა, ქონებით სარგებლობის მიზანი, იჯარის ვადა, საიჯარო ოდენობა და გადახდის წესი, მხარეთა უფლება-მოვალეობები, საიჯარო ქონების გადაცემისა და იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ქონების დაბრუნების პირობები. მუხლი  6🔗. საიჯარო ქირა იჯარით აღებული ქონებით სარგებლობისათვის მოლარე იხდის საიჯარო ქირას. საიჯარო ქირის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საიჯარო ხელშეკრულებით. საიჯარო ქირის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით. ერთ-ერთ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს საიჯარო ქირის ოდენობის შეცვლა რეგულირებადი სახელმწიფო ფასების, ტარიფების, გადასახადების ან ამორტიზაციის ნორმების შეცვლისას, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საიჯარო ქირის გადახდა არ ათავისუფლებს მოიჯარეს კანონით გათვალისწინებული გადასახადებისაგან, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით და საიჯარო ხელშეკრულებით. მუხლი  7🔗. მოიჯარისათვის ქონების გადაცემა მეიჯარე ვალდებულია მოიჯარეს იჯარით გაცემული ქონება გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში. მეიჯარე პასუხს არ აგებს იჯარით გაცემული ქონების ზიანისათვის, რომელიც მოიჯარეს ამცნო ხელშეკრულების დადებისას. თუ მეიჯარე დროულად არ გადასცემს მოიჯარეს იჯარით გაცემულ ქონებას, მოიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის ქონების გადაცემა და ქონების გადაცემის დაგვიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურება. მუხლი 8🔗 . საიჯარო ქონების გაცემა ქვეიჯარით მოიჯარეს უფლება აქვს იჯარით აღებული ქონება ან მისი ნაწილი ქვეიჯარით გასცეს მეიჯარის თანხმობით, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით ან საიჯარო ხელშეკრულებით, მაგრამ საიჯარო ხელშეკრულებისათვის პასუხისმგებლობა მეიჯარის მიმართ კვლავ ეკისრება მოიჯარეს. მოიჯარეს უფლება აქვს იჯარით გასცეს იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობანი. მუხლი  9🔗. იჯარით აღებული ქონების გამოყენება და მოვლა მოიჯარე ვალდებულია გამოიყენოს იჯარით აღებული ქონება ხელშეკრულების და ქონების დანიშნულების შესაბამისად. მოიჯარე ვალდებულია მოუაროს მოიჯარის იჯარით აღებულ ქონებას. მეიჯარე ვალდებულია თავისი ხარჯით შეაკეთოს იჯარით გაცემული ქონება, თუ სხვა რა არ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით ან საიჯარო ხელშეკრულებით. თუ მეიჯარე დაარღვევს ამ ვალდებულებას, მოიჯარეს უფლება აქვს განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან აუცილებელი შეკეთება და მოითხოვოს მეიჯარისაგან შეკეთების ღირებულების ანაზღაურება ან დაფაროს იგი საიჯარო ქირის ხარჯზე. მეიჯარეს უფლება აქვს დაათვალიეროს იჯარით გაცემული ობიექტი, რაც წინასწარ უნდა შეატყობინოს მოიჯარეს. მუხლი  10🔗. საიჯარო ქონების საკუთრების უფლება იჯარით გაცემული ქონება რჩება მეიჯარეს საკუთრებაში; მოიჯარე დამოუკიდებელია თავის სამეურნეო საქმიანობაში. საიჯარო ქონების გამოყენებით შექმნილი პროდუქცია და შემოსავალი, აგრეთვე ამ შემოსავლის ხარჯზე შეძენილი ქონება ეკუთვნის მოიჯარეს, თუ სხვა რა არ არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობით ან საიჯარო ხელშეკრულებით. იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთზე მეიჯარის თანხმობით მოიჯარის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობანი ეკუთვნის მეიჯარეს, თუ საიჯარო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შენობა-ნაგებობათა ღირებულების ანაზღაურება. იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთზე მეიჯარესთან შეუთანხმებლად მოიჯარის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობანი ეკუთვნის მეიჯარეს. მოიჯარის საკუთრებაა მთელი ის გაუმჯობესებანი, რომლებიც მან მოახდინა საკუთარი და სხვა სახსრებით და რომელთა გამოყოფა შეიძლება იჯარით აღებული ქონების დაუზიანებლად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ მოიჯარემ მეიჯარესთან შეთანხმებით საკუთარი და მასთან გათანაბრებული სახსრებით მოახდინა ისეთი გაუმჯობესებანი, რომელთა გამოყოფა იჯარით აღებული ქონების დაუზიანებლად შეუძლებელია, მეიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდეგ მოიჯარეს აუნაზღაუროს განუყოფელ გაუმჯობესებათა ღირებულება, ხოლო იმ განუყოფელი გაუმჯობესების ღირებულება, რომელიც მოიჯარემ მეიჯარის უნებართვოდ მოახდინა, არ ანაზღაურდება. მუხლი  11🔗. საიჯარო ქონების გამოსყიდვა საიჯარო ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების მთლიანი ან ნაწილობრივი გამოსყიდვის პირობები. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით შეიძლება განისაზღვროს იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის შეზღუდვის ან აკრძალვის შემთხვევები და პირობები. მუხლი  12🔗. საიჯარო ხელშეკრულების განახლება, შეცვლა, შეწყვეტა და გაუქმება საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს უფლება აქვთ გააგრძელონ მისი მოქმედების ვადა ან განაახლოს ხელშეკრულება საიჯარო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წესითა და პირობებით. ხელშეკრულების განახლებისას ხელშეკრულების პირობები შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეიძლება შეიცვალოს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მოქმედი კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საიჯარო ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება, თუ გავიდა იჯარის ვადა, საიჯარო ქონება განადგურდა, აღარ გამოდგება გამოსაყენებლად ან მოიჯარემ მთლიანად გამოისყიდა საიჯარო ქონება. საიჯარო ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე გაუქმდეს მხარეთა შეთანხმებით. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება დასაშვებია მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუ მოიჯარე გაკოტრდა, ქონების გამყიდველი პირი ვალდებულია წინასწარ მოითხოვს საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება. მეიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება, თუ მოიჯარე: - დანიშნულებისამებრ არ იყენებს საიჯარო ქონებას და არღვევს ხელშეკრულების პირობებს; - განზრახ ან დაუდევრობით აუარესებს ქონების მდგომარეობას; - არ იხდის საიჯარო ქირას ვადის გასვლიდან სამი თვის განმავლობაში, თუ განსაზღვრული არ არის საიჯარო ხელშეკრულების სხვა ვადა; - არ შეაკეთებს ქონებას, როდესაც ეს ევალება საიჯარო ხელშეკრულებით. მოიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება, თუ: - მეიჯარე არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს ქონების შეკეთების, მატერიალური რესურსებით, მათ შორის მოწყობილობით და დანადგარებით მოიჯარის უზრუნველყოფის მხრივ; - საიჯარო ქონება გამოუსადეგარი გახდება იმ გარემოებათა გამო, რომლებისთვისაც მოიჯარეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება; - მოიჯარის დაინვალიდების, არაქმედუნარიანად ცნობის ან იმ შემთხვევაში, როდესაც მას ჩადენილი დანაშაულის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ან სხვა სასჯელი, რომლის გამოც შეუძლებელია საიჯარო ხელშეკრულების შესრულება. ამ შემთხვევაში ახალი საიჯარო ხელშეკრულების დადების უპირატესი უფლება აქვთ მოიჯარესთან ერთად მცხოვრებ ან მომუშავე ოჯახის წევრებს. საიჯარო ხელშეკრულების განახლება, შეცვლა, შეწყვეტა და გაუქმება ხდება წერილობითი ფორმით. მუხლი  13🔗. საიჯარო ხელშეკრულების მოქმედება მესაკუთრის შეცვლის ან მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში საიჯარო ქონების საკუთრების უფლების გადასვლა მეიჯარისგან სხვა პირზე საიჯარო ხელშეკრულების პირობების შეცვლის ან მისი გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. მესაკუთრის მიერ უფლებამოსილი მეიჯარე იურიდიული პირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი უფლებები და მოვალეობები გადადის მის უფლებამონაცვლეზე, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა არ არის გათვალისწინებული. მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები გადადის მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე, თუ იგი თანახმაა გახდეს მოიჯარე და თუ ხელშეკრულებით სხვა რა არ არის გათვალისწინებული. მეიჯარეს უფლება არა აქვს უარი უთხრას ასეთ პირს მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების და მოვალეობების გადაცემაზე მოქმედი ხელშეკრულების დარჩენილ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულების დადება განპირობებული იყო მოიჯარის პირადი თვისებებით და ეს ასახულია ხელშეკრულებაში. მუხლი  14🔗. მეიჯარისათვის ქონების დაბრუნება საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოიჯარე ვალდებულია დაუბრუნოს მეიჯარეს საიჯარო ქონება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში. თუ მოიჯარემ გააუარესა საიჯარო ქონების მდგომარეობა, მან უნდა აუნაზღაუროს მეიჯარეს მიყენებული ზარალი. მუხლი  15🔗. იჯარის პერიოდში წამოჭრილი სადავო საკითხების განხილვა იჯარის პერიოდში მეიჯარესა და მოიჯარეს შორის ხელშეკრულების შესრულების, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე წამოჭრილ სადავო საკითხებს განიხილავს და წყვეტს სასამართლო. მუხლი  16🔗. მოიჯარის ქონებრივ უფლებათა დაცვა მოიჯარის უფლებები საიჯარო ხელშეკრულებით აღებულ ქონებაზე დაცულია მესაკუთრის ტოლფასი უფლებით. მოიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს: იჯარით აღებული ქონების დაბრუნება ნებისმიერი უკანონო მფლობელობიდან; ქონებით სარგებლობის ყოველგვარი დაბრკოლების აღმოფხვრა და ქონებისადმი მიყენებული ყოველგვარი ზარალის ანაზღაურება. მუხლი  17🔗.  საიჯარო ხელშეკრულების მხარეთა პასუხისმგებლობა თუ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებანი არ სრულდება ან სათანადოდ არ სრულდება, მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის ან ხელშეკრულების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - სახელმწიფოს მეთაური   ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე თბილისი 1994 წლის  24 მაისი