⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.07.1998)

საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების – საკრებულოთა არჩევნების შესახებ

მიღების თარიღი 29.01.1991
ძალის დაკარგვა 30.07.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო საქ. სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1, 31/01/1991
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 10,965 სიტყვა · ~55 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.1991 მიღება
30.07.1998 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების – საკრებულოთა არჩევნების შესახებ (ძალადაკარგულია - 25.06.1998, კანონი №1476) საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების – საკრებულოთა არჩევნების შესახებ I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. არჩევნების საფუძვლები საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში დეპუტატები აირჩევიან ქალაქის (გარდა რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა), ქალაქის რაიონის, დაბის, თემთა და სოფლის საკრებულოებში ‒ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძვლებზე ფარული კენჭისყრით, ხოლო რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ზონისა და რაიონის საკრებულოებში ‒ შესაბამისად ქალაქის რაიონის საკრებულოების, ქალაქის ზონისა და რაიონული დაქვემდებარების ქალაქების, დაბების, თემებისა და სოფლების საკრებულოების მიერ ფარული კენჭისყრით. საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატები აირჩევენ 3 წლის ვადით. ქალაქის (გარდა რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა), ქალაქის რაიონის, დაბის, თემთა და სოფლის საკრებულოებში დეპუტატების არჩევნები ეწყობა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით, ხოლო რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის, ქალაქის ზონისა და რაიონის საკრებულოებში ‒ შესაბამისად ქალაქის რაიონების საკრებულოების, ქალაქის ზონისა და რაიონული დაქვემდებარების ქალაქების, დაბების, თემების და სოფლების საკრებულოების მიხედვით. საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში არჩევნები ტარდება პროპორციული წარმომადგენლობისა და ერთადერთი გადასაცემი ხმის სისტემის საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991წ. №2, მუხ. 172 მუხლი 2🔗. საყოველთაო საარჩევნო უფლება საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატების არჩევნები საყოველთაოა: არჩევის უფლება აქვს შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შეუსრულდა, ხოლო არჩეული შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები ან მუდმივი საცხოვრებლის მქონე საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შეუსრულდა და საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა, წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ანის, პოლიტიკური შეხედულებების, სარწმუნოების, საქმიანობის სახებისა და ხასიათის მიუხედავად. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე არ შეიძლება ერთდროულად იყოს ხელისუფლების ორზე მეტი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი. ის პირნი, რომლებიც მსახურობენ ისეთ სამხედრო ან გასამხედროებულ შენაერთებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების იურისდიქციას, არ მონაწილეობენ საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნებში. არჩევნებში არ მონაწილეობენ ფსიქიკურად დაავადებული მოქალაქენი რომლებიც, სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო, აგრეთვე ის პირნი, რომლებიც სასამართლოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის ადგილას იმყოფებიან. მუხლი 3🔗. თანასწორი საარჩევნო უფლება საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნები თანასწორია: ყოველ ამომრჩეველს ერთი ხმა აქვს; საქართველოს მოქალაქენი არჩევნებში თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ. მუხლი 4🔗. პირდაპირი საარჩევნო უფლება საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში (გარდა რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ზონისა და რაიონის საკრებულოებისა) დეპუტატთა არჩევნები პირდაპირია: საკრებულოში დეპუტატების ამომრჩევლები უშუალოდ ირჩევენ. მუხლი 5🔗. ფარული კენჭისყრა საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნები ფარული კენჭისყრით ტარდება: კონტროლი ამომრჩეველთა ნების გამოვლინებისადმი დაუშვებელია. მუხლი 6🔗. არჩევნების ჩატარების საარჩევნო კომისიების მიერ საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფენ საარჩევნო კომისიები, რომლებიც იქმნება საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების, შრომითი კოლექტივების, საშუალო-სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივების, ამომრჩეველთა ჯგუფების წარმომადგენლებისაგან. მუხლი 7🔗. მოქალაქეთა, მათ გაერთიანებათა, შრომით კოლექტივთა, საშუალო სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივების მონაწილეობა არჩევნების მომზადებისა და ჩატარებაში საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქენი საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოების არჩევნების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობენ როგორც პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების, შრომითი კოლექტივების, საშუალო-სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივების მეშვეობით, ისე უშუალოდაც. პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოძრაობები, შრომითი კოლექტივები, საშუალო-სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივები მონაწილეობენ საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების მომზადებასა და ჩატარებაში როგორც საარჩევნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით, ისე უშუალოდაც. მუხლი 8🔗. საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატობის კანდიდატთა დასახელების უფლება საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატობის კანდიდატთა დასახელების უფლება აქვთ საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკურ პარტიებს (პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მოძრაობებს, კავშირებს და ა.შ – ტექსტში შემდგომ – „პარტიებს“), რომელთა მოქმედება ვრცელდება საქართველოს, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ან შესაბამისი რეგიონის მთელ ტერიტორიაზე, მათ გაერთიანებებს - საარჩევნო ბლოკებს და ამომრჩეველთა ჯგუფებს განცხადების წარდგენის გზით. მუხლი 9🔗. საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოს წევრის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან ის პირნი, რომლებიც შედიან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, აგრეთვე აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოების შემადგენლობაში, მათი მოადგილეები, საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის მმართველობის სხვა რესპუბლიკურ ორგანოთა ხელმძღვანელები და მატი მოადგილეები, პირნი, რომლებიც შედიან საკრებულოთა გამგეობების შემადგენლობაში (გარდა გამგეობების თავმჯდომარეებისა), პრეფექტები, პრეფექტურების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, მართლმსაჯულების ორგანოებში არჩეული პირები, საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის მთავარი სახელმწიფო არბიტრები და სახელმწიფო არბიტრები, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორი, მისი ქვემდგომი პროკურორები და მათი მოადგილეები, საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები არ შეიძლება იმავდროულად იყვნენ საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოების წევრები. მუხლი 10🔗. არჩევნების მატერიალური უზრუნველყოფა, არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯები, საარჩევნო ფონდი საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. ამ ხარჯების სავარაუდო ოდენობას ყოველი საკრებულოს მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც არჩევნების დამთავრებიდან ორი თვის ვადაში ადგენს მათ ფაქტობრივ ოდენობასაც. არჩევნების დამთავრების შემდეგ მას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. საკრებულოებში არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრული თანხის გამოყოფასა და კომისიის ანგარიშზე მის ჩარიცხვას ახორციელებს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო არჩევნებამდე არა უგვიანეს 34 დღისა. ამასთან ერთად, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს შეუძლიათ შექმნან რაიონული და საქალაქო საარჩევნო ფონდები, რისთვისაც მათ უფლება აქვთ გამოიყენონ თავისი სახსრები, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთა, შრომით კოლექტივთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოძრაობათა შეწირულობანი. აღნიშნული მიზნით თავისი სახსრების გამოყენების თაობაზე შრომითი კოლექტივები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოძრაობები იღებენ გადაწყვეტილებას. საარჩევნო ფონდისთვის განკუთვნილი თანხა ჩაირიცხება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, დამოუკიდებელი კანდიდატის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რომელიც იხსნება საქართველოს ბანკებში (მათ შესაბამის განყოფილებებში) ტერიტორიულ საარჩევნო კომისიაში მათი რეგისტრირების შემდეგ. თითოეული პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიისათვის საარჩევნო ფონდიდან დახარჯული თანხის ოდენობა მოცემული საკრებულოს ტერიტორიის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შესაბამისი საკრებულოს არჩევნებისათვის ამ მიზნით განსაზღვრული თანხის გაოთხკეცებულ ოდენობას. საარჩევნო ფონდს განაგებს მისი გამგეობა ფონდის გამგებლის, ხაზინადარისა და მოლარის შემადგენლობით, რომელთაც ნიშნავს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირი, საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების ხელმძღვანელი პირები, დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი. საარჩევნო ფონდის გამგებელი პასუხისმგებელია ფონდის მიზნობრივი გამოყენების სისწორისა და გამგეობის მუშაობის ობიექტურობისათვის. არჩევნების დამთავრების შემდეგ საარჩევნო ფონდის ნაშთი ჩაირიცხება პარტიის ორგანოს ანგარიშზე, საარჩევნო ბლოკისა – თანაბრად მასში შემავალი პარტიების შესაბვამისი ორგანოების ანგარიშებზე, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატისა – მისი განკარგულებით საქართველოს რომელიმე საქველმოქმედო საზოგადოების ანგარიშზე. არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებამდე 35-45 დღით ადრე. ტერიტორიული და ადგილობრივი საარჩევნო კომისიებისთვის გამოყოფილი თანხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათ მიმდინარე ანგარიშებზე უნდა ჩაურიცხოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა. აღნიშნულ კომისიებისთვის მიმდინარე ანგარიშები იხსნება საქართველოს ბანკების ადგილობრივ განყოფილებებში კომისიებისთვის სახსრების გამოყოფის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ორი დღისა. საარჩევნო კომისიებისთვის გამოყოფილ სახსრებს კომისიის სახელით განაგებენ და დანიშნულებისამებრ მისი სწორად გამოყენებისათვის პასუხისმგებელნი და ანგარიშვალდებულნი არიან კომისიის თავმჯდომარე და ხაზინადარი. ტერიტორიული და ადგილობრივი საარჩევნო კომისიები შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე არჩევნების დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 კვირისა წყვეტენ ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და ერთი  კვირის ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენენ მის მიერ დადგენილი ფორმით, ხოლო ორი კვირის ვადაში მის ანგარიშზე ჩარიცხავენ თავიანთ ანგარიშებზე არსებულ ნაშთს. არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ არა უგვიანეს ერთი თვისა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული, სადაბო და სასოფლო საარჩევნო კომისიები და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები, საარჩევნო ბლოკები და საკრებულოების წევრებად არჩეული დამოუკიდებელი კანდიდატები აქვეყნებენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ფორმით. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ საარჩევნო ფონდების გამოყენების მართლზომიერებას აკონტროლებენ საარჩევნო კომისიები, ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯებისას – ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო ამ უკანასკნელს – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი. საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები საარჩევნო კომისიების განკარგულებაში უფასოდ გადასცემენ არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობებსა და მოწყობილობას. მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ორგანოები უფასოდ აქვეყნებენ საარჩევნო კომისიების მიერ წარდგენილ მასალებს, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამებსა და სხვა მასალებს ამ კანონით დადგენილ ფარგლებში. მუხლი 11🔗. საჯაროობა არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დროს საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების მომზადებასა და ჩატარებას ახორციელებენ საარჩევნო კომისიები ღიად და საჯაროდ. საარჩევნო კომისიები მოქალაქეებს აცნობენ თავიანთ მუშაობას, საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნას, საარჩევნო კომისიების შემადგენლობას, ადგილსამყოფელს, მუშაობის დროს, ამომრჩეველთა სიებს, არჩევნების მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების ნუსხას, მათ მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატთა და დამოუკიდებელ კანდიდატთა სიებს, მათ საარჩევნო პროგრამებს, აწვდიან ცნობებს დეპუტატობის კანდიდატთა შესახებ, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგებს. საარჩევნო კომისიების სხდომებზე და ხმის მისაცემ შენობებში დასწრების უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პასუხისმგებელ წარმომადგენლებს, პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატების თითო ნდობით აღჭურვილ პირს, პრესის, ტელევიზიისა და რადიოს წარმომადგენლებს, ხოლო არჩევნების დღეს ხმის მისაცემ შენობებში, საარჩევნო ყუთების დალუქვიდან არჩევნების შედეგების შეჯამების დამთავრებამდე - დეპუტატობის კანდიდატების, არჩევნებს დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების თითო წარმომადგენელსაც. წარმომადგენელთა უფლებამოსილება დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საბუთით ან დეპუტატობის კანდიდატისა და არჩევნების მონაწილე პარტიის (საარჩევნო ბლოკის) პასუხისმგებელი წარმომადგენლის წარდგინებით. წარდგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს სხდომამდე არა უგვიანეს ორი დღისა. საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 24 საათის განმავლობაში. უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო კომისია იძლევა დასაბუთებულ წერილობით პასუხს, რომლის გასაჩივრებას შეიძლება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აშუქებენ საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მიმდინარეობას. მათთვის გარანტირებულია შეუფერხებელი დასწრება არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა კრებასა და სხდომაზე. საარჩევნო კომისიები, არჩევნების მონაწილე პარტიები, საარჩევნო ბლოკები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები, შრომითი კოლექტივები აწვდიან მათ არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საშუალება ეძლევა ყოველ დილით საქართველოს რადიოთი და ყოველ საღამოს საქართველოს ტელევიზიით, ხოლო ტერიტორიულ და ადგილობრივ საარჩევნო კომისიებს – ყოველ დილა-საღამოს ადგილობრივი ქსელით გადასცენ ოპერატიული ინფორმაცია. ინფორმაციას გადასცემს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე ან კომისიის მიერ ამ მიზნით საგანგებოდ დანიშნული პირი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომების ანგარიშებს, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სისტემატურად აქვეყნებენ რესპუბლიკური გაზეთები, ხოლო მისი ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისას – შესაბამისი რაიონული (საქალაქო) გაზეთები. მუხლი 12🔗. პასუხისმგებლობა არჩევნების შესახებ კანონის დარღვევისათვის იმ პირებს, რომლებიც ძალადობით, მოტყუებით, მუქარით, მოსყიდვით ან სხვა გზით უშლიან იმას, რომ საქართველოს მოქალაქემ თავისუფლად განახორციელოს თავისი უფლება - აირჩიოს და იყოს არჩეული დეპუტატად საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში, ეწეოდეს წინასაარჩევნო აგიტაციას, ერევიან საარჩევნო კომისიების მუშაობაში და ხელს უშლიან საარჩევნო უბნებში ხმის მიცემას, კანდიდატის დადგენასთან, ხმების დათვლასა და არჩევნების შედეგების დადგენასთან დაკავშირებული მოვალეობის შესრულებას, აქვეყნებენ ან სხვა საშულებით ავრცელებენ დეპუტატობის კანდიდატის პატივისა და ღირსების შემლახავ ცნობებს ან აგიტაციას ეწევიან არჩევნების დღეს, აგრეთვე საარჩევნო კომისიების წევრებს, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების თანამდებობის პირებს, რომლებმაც გააყალბეს საარჩევნო დოკუმენტები, განზრახ არასწორად დათვალეს ხმები, დაარღვიეს კენჭისყრის საიდუმლოება, საარჩევნო კომისიებს არ წარუდგინეს საჭირო მასალები და მონაცემები ან არ შეასრულეს მათი გადაწყვეტილებები, ეკისრებათ კანონით დადგენილი პასუხისმგებლობა. იმ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებიც დაუშვებენ ამ კანონით დადგენილი საარჩევნო ფონდის ზღვრული ოდენობის გადამეტებას, ჩამოერთმევათ საქართველოს რესპუბლიკის შესაბამის საკრებულოში მათ მიერ მოპოვებული მანდატები და 4 წლით აეკრძალებათ შესაბამისი საკრებულოს არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატების წარდგინების უფლება, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს იმავე ვადით ჩამოერთმევა უფლება არჩეულ იქნეს შესაბამის საკრებულოში. საქმეებს ზემოაღნიშნული დარღვევების შესახებ განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის ის სასამართლო, რომლის მოქმედების ტერიტორიაზე მოხდა კანონის დარღვევა. სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. II. არჩევნების დანიშვნა არჩევნების მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია მუხლი 13🔗. არჩევნების დანიშვნა საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნებს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს ოთხი თვისა. რესპუბლიკის ყველა საკრებულოს არჩევნები (გარდა რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ზონისა და რაიონის საკრებულოებისა) ერთდროულად ტარდება. ცნობა არჩევნების დღის შესახებ ქვეყნდება რესპუბლიკურ და ადგილობრივ გაზეთებში არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 2 დღისა. რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ზონის და რაიონის საკრებულოების არჩევნები ტარდება მათ ტერიტორიაზე ქალაქის რაიონების, ქალაქების, დაბების, თემებისა და სოფლების საკრებულოების არჩევნიდან არა უგვიანეს 2 თვისა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991წ. №2, მუხ. 172 მუხლი 14🔗. არჩევნების მონაწილე პარტიების რეგისტრაცია საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენისა და საარჩევნო კომისიებში თავისი წარმომადგენლების დანიშვნის უფლების მისაღებად პარტიებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რისთვისაც არჩევნების დანიშვნიდან არა უადრეს მე-3 დღისა და არჩევნებამდე არა უგვიანეს 50 დღისა კომისიას უნდა წარუდგინონ პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადება, პარტიის წესდება-პროგრამა და მისი რეგიონალური ორგანიზაციების ნუსხა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ჩამონათვალით, რომელთა ტერიტორიაზეც ვრცელდება მოცემული რეგიონალური ორგანიზაციის მოქმედება. განცხადებაში დასახელებული უნდა იყოს პარტიის პასუხისმგებელი წარმომადგენელი, მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აძლევს დათარიღებულ ცნობას განცხადების მიღების შესახებ. განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა კომისიამ რეგისტრაციაში უნდა გაატაროს პარტია და მისცეს სათანადო ცნობა მის წარმომადგენელს. პარტიას უარი ეთქმევა რეგისტრაციაში გატარებაზე, თუ მისი წესდება, პროგრამა ან საქმიანობა ეწინააღმდეგება პოლიტიკური პარტიებისათვის საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში პარტიას უფლება აქვს უარის მიღებიდან 3 დღის ვადაში გაასაჩივროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში. რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან 2 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია რესპუბლიკურ გაზეთებში აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების სიას განცხადების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიათა სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე, და უარის თქმის მიზეზებს. გამოკლებული დეპუტატის საცვლად არჩევნების ჩატარებისას მასში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც საერთო არჩევნებისას რეგისტრირებულ პარტიებს, ასევე პარტიებს, რომლებიც ხელახალი არჩევნების ჩატარების შემდეგ რეგისტრაციას გაივლიან ამ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე დამოუკიდებელ კანდიდატებს. მუხლი 15🔗. საარჩევნო ბლოკები. საარჩევნო ბლოკებისა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების რეგისტრაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს ერთი და იმავე რაიონის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ზონის ფარგლებში უფლება აქვთ გაერთიანდნენ ბლოკებად (ბლოკს შეიძლება ეწოდოს სახელი, რომელიც არ უნდა ემთხვეოდეს უფრო ადრე რეგისტრირებული ბლოკის სახელს), რომელთა რეგისტრირებაც ტერიტორიული საარჩევნო კომისიების მიერ – რაიონის, რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ზონის ტერიტორიული საარჩევნო კომისიების – და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების (რომლებსაც არა აქვთ რაიონული დაყოფა ან არა აქვთ მიკუთვნებული დაბები და სოფლები) საქალაქო საარჩევნო კომისიების მიერ იწყება რეგისტრირებული პარტიების სიის გამოქვეყნების შემდეგ და მთავრდება არჩევნებამდე 35 დღით ადრე. კომისიისთვის წარდგენილ სათანადო განცხადებას ხელს უნდა აწერდნენ ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირი ან შესაბამისი რეგიონალური ორგანოების ხელმძღვანელი პირები. მასში დასახელებული უნდა იყოს ბლოკის პასუხიმგებელი წარმომადგენელი მოცემულ საარჩევნო კომისიაში, მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი.  კომისია აძლევს პასუხისმგებელ წარმომადგენელს დათარიღებულ ცნობას განცხადების მიღების შესახებ. გაცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ტერიტორიული საარჩევნო კომისიები შესაბამისად რაიონულ და საქალაქო გაზეთებში აქვეყნებენ ცნობას საარჩევნო ბლოკების შექმნის შესახებ. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია არ შეიძლება იმავდროულად გაერთიანებული იყოს სხვა საარჩევნო ბლოკში ანდა დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში ერთი და იმავე რაიონის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ტერიტორიაზე. მოცემულ საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის პასუხისმგებელმა წარმომადგენელმა არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო განცხადება და ცნობა რეგისტრაციის შესახებ. განცხადებას ხელს უნდა აწერდნენ პარტიის ან შესაბამისი რეგიონალური ორგანოს ხელმძღვანელი პირი, ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირი ან შესაბამისი რეგიონალური ორგანოების ხელმძღვანელი პირები. მასში დასახელებული უნდა იყოს პარტიის, ბლოკის პასუხისმგებელი წარმომადგენელი მოცემულ საარჩევნო კომისიაში, მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი, კომისია აძლევს პასუხისმგებელ წარმომადგენელს დათარიღებულ ცნობას განცხადების მიღების შესახებ. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ პარტიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს ბლოკიდან. მას შეუძლია შექმნას ახალი საარჩევნო ბლოკი ან შეუერთდეს სხვა ბლოკს საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის გასვლამდე ანდა საერთო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. III. საარჩევნო ოლქები, საარჩევნო უბნები და საარჩევნო ოლქის ნაწილები მუხლი 16🔗. საარჩევნო ოლქები საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში აირჩევა: არანაკლებ 3-ისა და არა უმეტეს 100 დეპუტატისა თბილისის საკრებულოებში, 75 დეპუტატისა – რაიონის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ზონის საკრებულოებში, 50 დეპუტატისა – რაიონული დაქვემდებარების ქალაქის, დაბის, თემთა და სოფლის საკრებულოში. ქალაქის (გარდა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებისა, რომლებსაც აქვთ რაიონული დაყოფა ან მიკუთვნებული აქვთ დაბები და სოფლები), ქალაქის რაიონის, დაბისა და სოფლის საკრებულოების ტერიტორიებზე იქმნება მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები. ოლქში მანდატების რაოდენობა განისაზღვრება 3-5 მანდატი, დაბისა და სოფლის საკრებულოების ოლქებში მანდატების რაოდენობა შეიძლება მეტიც იყოს. ამ კანონით დადგენილი ნომრების ფარგლებში საკრებულოებში ასარჩევი დეპუტატების რაოდენობას ადგენს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი შესაბამისი რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა და რაიონის ხელისუფლების ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების წინადადებათა და მოსახლეობის რაოდენობის, ტერიტორიისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. რესპუბლიკის საკრებულოების ტერიტორიებზე საარჩევნო ოლქებს ქმნიან და მათში მანდატების რაოდენობას ადგენენ შესაბამისი ტერიტორიული საარჩევნო კომისიები, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებში (რომლებსაც არა აქვთ რაიონული დაყოფა ან არა აქვთ მიკუთვნებული დაბები და სოფლები) კი – ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამისი ადგილობრივი საარჩევნო კომისიების წარდგინებით. საარჩევნო ოლქების შექმნისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა. მოცემული საკრებულოს ტერიტორიაზე საარჩევნო ოლქები ისე უნდა შეიქმნას, რომ დეპუტატის ერთ მანდატს მოსახლეობის დაახლოებით თანაბარი რაოდენობა შეესაბამებოდეს. საარჩევნო ოლქების საზღვრები ერთიმეორეს არ უნდა კვეთდნენ. საარჩევნო კომისიები არჩევნებამდე არა უგვიანეს 35 დღისა შესაბამის ადგილობრივ გაზეთებში აქვეყნებენ საარჩევნო ოლქების სიას მათი საზღვრების მითითებით. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991წ. №2, მუხ. 172 მუხლი 17🔗. საარჩევნო უბნები საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების დროს კენჭისყრის მოსაწყობად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქები იყოფა საარჩევნო უნებად. საარჩევნო უბნები შეიძლება შეიქმნას საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, ძნელად მისადგომ ადგილებში, არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე, რომლებიც მიეკუთვნებიან საარჩევნო ოლქს გემის მიწერის ნავსადგური ადგილის მიხედვით. საარჩევნო უბნები შეიძლება შეიქმნას რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს დაწესებულებებშიც, რომელთა საარჩევნო ოლქისთვის მიკუთვნების საკითხს წყვეტს ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო უბნებს საარჩევნო ოლქების საზღვრების გათვალისწინებით ქმნიან ადგილობრივი საარჩევნო კომისიები ხელისუფლების ან მმართველობის შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების წარდგინებითა და მათთან შეთანხმებით. არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე საარჩევნო უბნები იქმნება იმავე წესით გემის მიწერის ნავსადგურის ადგილის მიხედვით. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს დაწესებულებებში საარჩევნო უბნები იქმნება რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს წარდგინებით. საარჩევნო უბნები იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 3000 ამომრჩევლისათვის არჩევნებამდე არა უგვიანეს 35 დღისა. ძნელად მისადგომ რაიონებში, არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე საარჩევნო უბნები იქმნება იმავე ვადაში, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში – არჩევნებამდე უგვიანეს 5 დღისა. შესაბამისი საარჩევნო კომისია ადგილობრივ გაზეთებში უბნების შექმნიდან 2 დღის ვადაში აქვეყნებენ საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიებისა და ხმის მისაცემი შენობების მისამართებს. მუხლი 18🔗. საარჩევნო ოლქის ნაწილები გამოკლებული დეპუტატების ნაცვლად არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო ოლქი პირობითად იყოფა იმდენ ნაწილად, რამდენმანდატიანიცაა ოლქი. ყველა ნაწილში ამომრჩეველთა დაახლოებით თანაბარი რაოდენობა უნდა იყოს. თითოეული ნაწილი საარჩევნო უბანს მთლიანად უნდა მოიცავდეს და პირიქით ან პირიქით. საარჩევნო ოლქს საერთო არჩევნებიდან ერთი თვის ვადაში ნაწილებად ყოფს შესაბამისი ადგილობრივი საარჩევნო კომისია და სათანადო მონაცემებს დაუყოვნებლივ წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია საერთო არჩევნებიდან არა უგვიანეს 45 დღისა მასში შესწორებების შეტანა. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991წ. №2, მუხ. 172 IV. საარჩევნო კომისიები მუხლი 19🔗. საარჩევნო კომისიების სისტემა საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნებს ატარებენ: ა) საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია; ბ) ტერიტორიული საარჩევნო კომისიები – რაიონის, რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ზონის ტერიტორიული საარჩევნო კომისიები; გ) ადგილობრივი საარჩევნო კომისიები – ქალაქების (გარდა რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებისა) საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების საქალაქო, ქალაქის რაიონების საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების ქალაქის რაიონული, დაბების საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების სადაბო,  თემთა საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების სათემო, სოფლების საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების სასოფლო საარჩევნო კომისიები; დ) საუბნო საარჩევნო კომისიები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991წ. №2, მუხ. 172 მუხლი 20🔗. საარჩევნო კომისიების წევრობა სარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება წარდგენილი იყოს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება დაინიშნოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, რესპუბლიკის საკრებულოში დეპუტატობის კანდიდატი, ნებისმიერი დონის საკრებულოს მდივანი, საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე (გამგებელი) და მათი მოადგილეები, პრეფექტი და პრეფექტურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, არჩევნების მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკისა და დეპუტატობის კანდიდატის ნდობით აღჭურვილი პირი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოადგილის, მდივნისა და წევრის უფლებამოსილება წყდება: ა) ამ მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულ საფუძვლებზე; ბ) გადადგომის შემთხვევაში; გ) გაწვევის ან უფლებამოსილების ჩამორთმევის შემთხვევაში. მუხლი 21🔗. საარჩევნო კომისიათა მუშაობის ორგანიზაცია საარჩევნო კომისიების (გარდა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა) თავმჯდომარეებსა და მდივნებს ირჩევენ შესაბამისი კომისიის სხდომაზე მისი შექმნისთანავე. საარჩევნო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს კომისიის შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი. კომისიის წევრები სხდომაში მონაწილეობას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელმოწერით. ხმათა გაყოფისას თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება. კომისიის იმ წევრებს, რომლებიც არ ეთანხმებიან კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვთ გამოთქვან განსაკუთრებული აზრი, რომელიც წერილობითი ფორმით ერთვის ოქმს და განსახილველად ეგზავნება ზემდგომ საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიას წარმოადგენს მისი თავმჯდომარე. თუ კომისიას თავმჯდომარე არა ჰყავს ან მას არ შეუძლია თავისი ფუნქციების შესრულება, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე. საარჩევნო კომისიის ნებისმიერი ორი წევრი არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის დანარჩენი წევრები არჩევნების მომზადების პერიოდის ბოლო 10 დღის განმავლობაში კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება გათავისუფლდნენ საწარმოო თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან. ამასთან, მათ არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან დაენიშნებათ ხელფასი არა უმცირეს მათი საშუალო ხელფასისა. არასამუშაო დროის განმავლობაში კომისიაში შესრულებული სამუშაო მის წევრებს აუნაზღაურდებათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან. საარჩევნო კომისიებისთვის გამოყოფილ სახსრებს კომისიის სახელით განაგებენ და დანიშნულებისამებრ მისი სწორად გამოყენებისთვის პასუხისმგებელნი და ანგარიშვალდებულნი არიან კომისიის თავმჯდომარე და ხაზინადარი. საარჩევნო კომისიების შემადგენლობაში შემავალ პირთ უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ აგიტაციაში არჩევნების მონაწილე პარტიებისა და დეპუტატობის კანდიდატების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. მუხლი 22🔗. საარჩევნო კომისიათა სამუშაო ჯგუფები არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ყოველ საარჩევნო კომისიასთან, გარდა საუბნოსი, შეიძლება შეიქმნას სამუშაო ჯგუფები. სამუშაო ჯგუფების წევრებს, მათ შორის კომისიის ხაზინადარს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის წინადადებით ნიშნავენ ტერიტორიული საარჩევნო კომისიები. შესაბამისი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფების წევრებს აუნაზღაურდებათ მათ მიერ შესრულებული სამუშაო. მუხლი 23🔗. საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოების არჩევნებს ხელმძღვანელობს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნოს კომისია. საკრებულოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დამატებით თითო წევრის დანიშვნის უფლება აქვთ პარტიებს, რომელთა წარმომადგენლებიც არ არიან არჩეულნი ან დანიშნულნი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში, მას შემდეგ, რაც რეგისტრაციას გაივლიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. პარტიებმა თავისი გადაწყვეტილება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა შეატყობინონ საკრებულოების არჩევნებამდე არა უგვიანეს 40 დღისა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეს წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ საკითხთა განხილვასა და გადაწყვეტაში, რომლებიც ეხება საკრებულოების არჩევნებს და მათი უფლებამოსილება მთავრდება საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოების მომდევნო არჩევნების დანიშვნის დღეს. ცენტრალური საარჩევნო კომისია თავის შემადგენლობას, კომისიის მისამართსა და ტელეფონის ნომრებს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საქართველოს უზენაესი საბჭოსა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ოფიციალურ ორგანოებში – გაზეთებსა და უწყებებში. მუხლი 24🔗. ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებანი ცენტრალური საარჩევნო კომისია: 1) კონტროლს უწევს ამ კანონის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; საჭიროების შემთხვევაში განმარტავს ამ კანონის დებულებებს; თავისი შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით იღებს ინსტრუქციებს საარჩევნო კომპანიის ჩატარებისათვის აუცილებელი და ამ კანონით განუსაზღვრელი საკითხების გადასაჭრელად; 2) აქვეყნებს საარჩევნო კომისიების წევრებად წარდგენისა და დანიშვნის დაწყებისა და დამთავრების თარიღებს, მათ მიერ საარჩევნო ოლქებში დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენისა და რეგისტრაციის დაწყების და დამთავრების თარიღებს; 3) ნიშნავს ტერიტორიული და საქალაქო (რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების, რომლებსაც არა აქვთ რაიონული დაყოფა ან მიკუთვნებული არა აქვთ დაბები და სოფლები) საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეთა მოადგილეებსა და ოთხ-ოთხ წევრს, საჭიროების შემთხვევაში – კომისიების დამატებით წევრებს; აქვეყნებს კომისიების შემადგენლობასა და მათ მისამართებს; 4) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოების არჩევნების მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს; 5) წარმართავს საარჩევნო კომისიების საქმიანობას, ისმენს მათ ინფორმაციას; 6) ქმნის საარჩევნო ოლქებს რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებში, რომლებსაც არა აქვთ რაიონული დაყოფა ან არა აქვთ მიკუთვნებული დაბები და სოფლები; 7) წყვეტს საარჩევნო ოლქისათვის იმ საარჩევნო უბნების მიწერის საკითხს, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ იქმნება; 8) ადგენს არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესს; უნაწილებს ფულად სახსრებს ტერიტორიულ სა საქალაქო (რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების, რომლებსაც არა აქვთ რაიონული დაყოფა ან არა აქვთ მიკუთვნებული დაბები და სოფლები) საარჩევნო კომისიებს; კონტროლს უწევს საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფას შენობებით, ტრანსპორტით, კავშირგაბმულობით და განიხილავს არჩევნების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს; 9) ადგენს საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების საარჩევნო ბიულეტენების, ამომრჩეველთა სიების, საარჩევნო კომისიების სხდომათა ოქმების, სხვა საარჩევნო დოკუმენტების ფორმებს, საარჩევნო ყუთებისა და საარჩევნო კომისიათა ბეჭდების ნიმუშებს, საარჩევნო დოკუმენტების შენახვის წესს; 10) უზრუნველყოფს სარჩევნო კომპანიაში პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და დეპუტატობის კანდიდატების მონაწილეობის თანასწორ პირობებს; 11) განსაზღვრავს საარჩევნო კომპანიაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონაწილეობისა და მათი გამოყენების წესს ამ კანონის შესაბამისად; 12) განსაზღვრავს სამინისტროების, სახელმწიფო კომიტეტებისა და უწყებების, სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების ვალდებულებებს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ისმენს მათ ინფორმაციას; 13) აჯამებს რესპუბლიკაში არჩევნების შედეგებს და არჩევნების დღიდან 30 დღის ვადაში აქვეყნებს მათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გაზეთებში; 14) განიხილავს საარჩევნო კომისიათა გადაწყვეტილებებისა და მოქმედების გამო განცხადებებსა და საჩივრებს და გამოაქვს მათ შესახებ თავისი გადაწყვეტილებები; 15) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონისა და საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონების შესაბამისად. მუხლი 25🔗. ტერიტორიული და ადგილობრივი საარჩევნო კომისიები საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების ტერიტორიული და ადგილობრივი საარჩევნო კომისიები იქმნება კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, მდივნისა და არანაკლებ 10 წევრისაგან. ტერიტორიული და საქალაქო (რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქების, რომლებსაც არა აქვთ რაიონული დაყოფა ან მიკუთვნებული არა აქვთ დაბები და სოფლები) საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეთა მოადგილეებსა და ოთხ-ოთხ წევრს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დანიშვნიდან არა უადრეს 10 და არჩევნებამდე არა უგვიანეს 50 დღისა, ადგილობრივი საარჩევნო კომისიისას კი - შესაბამისი ტერიტორიული საარჩევნო კომისია მისი შექმნიდან 7 დღის განმავლობაში ხელისუფლების ან მმართველობის შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების, პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების, შესაბამის ტერიტორიაზე განლაგებული შრომითი კოლექტივებისა და საშუალო-სპეციალური და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივების, ამომრჩეველთა ჯგუფების წინადადებათა გათვალისწინებით. დასახელებულმა ორგანიზაციებმა თავიანთი წინადადებები ცენტრალურს და ტერიტორიულ საარჩევნო კომისიებს უნდა წარუდგინონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ვადებში; წარდგენის ვადების გამოქვეყნება სულ ცოტა 6 დღით წინ უნდა უსწრებდეს წარდგენის ვადის  დასასრულს. ცენტრალური და ტერიტორიული საარჩევნო კომისიები თავიანთ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ ატყობინებენ წარმდგენ ორგანიზაციებს და 3 დღის ვადაში შესაბამის რაიონულ და საქალაქო გაზეთებში აქვეყნებენ კომისიების შემადგენლობას, მათ ადგილსამყოფელს და ტელეფონის ნომრებს. ტერიტორიული და ადგილობრივი საარჩევნო კომისიების თითო წევრი შეუძლიათ დანიშნონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა პარტიებმა, თუ მათი წარმომადგენელი არ არის დანიშნული შესაბამისი საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში ცენტრალური და ტერიტორიული საარჩევნო კომისიების მიერ. პარტიებმა თავისი გადაწყვეტილება შესაბამის საარჩევნო კომისიებს უნდა აცნობენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ვადებში. თუ ცენტრალური სარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ვადისათვის კომისიის შემადგენლობაში 13 პირზე ნაკლები აღმოჩნა, ცენტრალური (ტერიტორიული) საარჩევნო კომისია 3 დღის ვადაში ნიშნავს კომისიის დამატებით წევრებს მისი შემადგენლობის 13-მდე შესავსებად და დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის საარჩევნო კომისიას ამის შესახებ. ტერიტორიული და ადგილობრივი საარჩევნო კომისიების შექმნის ვადის გასვლამდე 2 დღის განმავლობაში იგი თავის წევრთაგან ირჩევს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს და დაუყოვნებლივ ატყობინებს ცენტრალურ და ტერიტორიულ საარჩევნო კომისიებს. ტერიტორიული და ადგილობრივი საარჩევნო კომისიების უფლებამოსილების ვადა მთავრდება საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოების მომდევნო არჩევნების დანიშვნის დღეს. ტერიტორიული დ ადგილობრივი საარჩევნო კომისიები თავის შემადგენლობას, კომისიის მისამართს და ტელეფონის ნომრებს დაუყოვნებლივ აქვეყნებენ შესაბამის ადგილობრივ გაზეთებში. მუხლი 26🔗. ტერიტორიული საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებანი ტერიტორიული საარჩევნო კომისია: 1) კონტროლს უწევს ამ კანონის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე; 2) ნიშნავს მისი ქვემდგომი ადგილობრივი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და 4 წევრს, საჭიროების შემთხვევაში - კომისიის დამატებით წევრებს; აქვეყნებს კომისიების შემადგენლობასა და მათ მისამართებს; 3) ქმნის საარჩევნო ოლქებს ქალაქის ( გარდა რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქებისა, რომლებსაც არა აქვთ რაიონული დაყოფა ან მიკუთვნებული არა აქვთ დაბები და სოფლები), დაბის და სოფლის საკრებულოების ქვემდებარე ტერიტორიაზე; 4) წარმართავს ადგილობრივი და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, ისმენს მათ ინფორმაციებს; 5) უნაწილებს ფულად სახსრებს მის ქვემდგომ ადგილობრივ  საუბნო საარჩევნო კომისიებს; კონტროლს უწევს ადგილობრივი და საუბნო საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფას შენობებით, ტრანსპორტით, კავშირგაბმულობით და განიხილავს შესაბამის ტერიტორიაზე არჩევნების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს; 6) რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებს; უზრუნველყოფს პარტიებს, საარჩევნო ბლოკებისა და მათი კანდიდატების საარჩევნო პლაკატების გამოცემას; 7) უზრუნველყოფს საარჩევნო კამპანიაში დეპუტატების კანდიდატთა, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების თანაბარ პირობებს; 8) თვალყურს ადევნებს მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებების მიერ ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებას; 9) ისმენს ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელ და განმკარგულებელ ორგანოთა და სახელმწიფო საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელების ინფორმაციებს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; 10) უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენების დამზადებას; 11) განიხილავს ადგილობრივ და საუბნო საარჩევნო კომისიათა გადაწყვეტილებებისა და მოქმედების გამო განცხადებებს და საჩივრებს და გამოაქვს მათ შესახებ გადაწყვეტილებები; 12) ატარებს რაიონის, რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ზონია საკრებულოების არჩევნებს; ადგენს და ადგილობრივ პრესაში აქვეყნებს აღნიშნულ საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების შედეგებს, მოწმობას აძლევს არჩეულ დეპუტატებს; 13) ნიშნავს და აწყობს არჩევნებს რაიონის, რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ზონის საკრებულოებში დეპუტატის გამოკლების შემთხვევაში; 14) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის შესაბამისად. მუხლი 27🔗. ადგილობრივი საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებანი ადგილობრივი საარჩევნო კომისია: 1) კონტროლს უწევს ამ კანონის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე; 2) ქმნის საარჩევნო უბნებს ხელისუფლების ან მმართველობის შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების წარდგინებით და მათთან შეთანხმებით აქვეყნებს საარჩევნო უბნების სიებს; 3) ნიშნავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და 2 წევრს, საჭიროების შემთხვევაში – კომისიის დამატებით წევრებს; აქვეყნებს კომისიების შემადგენლობასა და მათ მისამართებს; 4) წარმართავს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და ისმენს მათ ინფორმაციებს; 5) თვალყურს ადევნებს ამომრჩეველთა სიების შედგენას და მათ წარდგენას საყოველთაო გაცნობისათვის; 6) რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და ამომრჩეველთა ჯგუფების მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქებში წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს; უზრუნველყოფს გამოცემას მათი ბიოგრაფიული მონაცემებითა და წინასაარჩევნო პროგრამებით; 7) რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საკრებულოს არჩევნებში მონაწილე დეპუტატობის კანდიდატების ნდობით აღჭურვილ პირებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს; 8) უზრუნველყოფს საარჩევნო კამპანიაში დეპუტატობის კანდიდატთა, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის თანაბარ პირობებს; 9) მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით ადგენს საყოველთაო გაცნობისათვის საარჩევნო პლაკატების გამოფენის ადგილებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სათანადო სტენდების დამზადებას; 10) თვალყურს ადევნებს მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებების მიერ ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებას; 11) ისმენს ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელ და განმკარგულებელ ორგანოთა და სახელმწიფო საწარმოთა, დაწესებულებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელების ინფორმაციებს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; 12) ხელს უწყობს შრომით კოლექტივებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოძრაობებს, საშუალო-სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივებს, ამომრჩევლებს დეპუტატობის კანდიდატებთან და დეპუტატობის კანდიდატებს მათთა შეხვედრების მოწყობაში როგორც ამ კოლექტივებში, ისე ამომრჩეველთა საცხოვრებელ ადგილას; უზრუნველყოფს ამომრჩევლებთან დეპუტატობის კანდიდატების ერთობლივი შეხვედრების მოწყობას მის მიერ დადგენილი და მათთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით; 13) ამტკიცებს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტს საარჩევნო ოლქებისათვის, უზრუნველყოფს მათ დამზადებასა და ბიულეტენებით საუბნო საარჩევნო კომისიების მომარაგებას; 14) ადგენს და ადგილობრივ პრესაში აქვეყნებს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რიცხვს და აგრეთვე არჩევნებში მონაწილეთა რიცხვს, არჩევნების საბოლოო შედეგებს, მოწმობას აძლევს არჩეულ დეპუტატს; 15) ყოფს საარჩევნო ოლქს სათანადო ნაწილებად; 16) ნიშნავს და აწყობს არჩევნების მეორე ტურის მისდამი დაქვემდებარებულ საარჩევნო ოლქებში; 17) ნიშნავს და აწობს ხელახალ არჩევნებს მისდამი დაქვემდებარებულ საარჩევნო ოლქებში; 18) ნიშნავს და აწყობს არჩევნებს საარჩევნო ოლქში დეპუტატის გამოკლების შემთხვევაში; 19) განიხილავს საუბნო საარჩევნო კომისიათა გადაწყვეტილებებისა და მოქმედების გამო განცხადებებსა და საჩივრებს და გამოაქვს მათ შესახებ გადაწყვეტილებები; 20) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის შესაბამისად. მუხლი 28🔗. საუბნო საარჩევნო კომისიები საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიები იქმნება კომისიის თავმჯდომარის, მისი მოადგილის, მდივნისა და არანაკლებ 2 წევრისაგან საარჩევნო უბნების სიის გამოქვეყნებიდან არა უადრეს მე-6 და არა უგვიანეს მე-9 დღისა. კომისიის წევრთა მინიმალურ რაოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი ადგილობრივი საარჩევნო კომისია. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და 2 წევრს ნიშნავს შესაბამისი ადგილობრივი საარჩევნო კომისია ხელისუფლების ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების, მის ტერიტორიაზე განლაგებული შრომითი კოლექტივების, საშუალო სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლების კოლექტივების, ამომრჩეველთა ჯგუფების წინადადებათა გათვალისწინებით. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა. თუ საარჩევნო სიის გამოქვეყნებიდან მე-9 დღეს საუბნო სარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა დადგენილზე ნაკლები აღმოჩნა, ადგილობრივი საარჩევნო კომისია მისი შემადგენლობის შესავსებად 2 დღის ვადაში ნიშნავს კომისიის დამატებით წევრებს. განცხადებანი საუბნო სარჩევნო კომისიის წევრთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ ადგილობრივ საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს საარჩევნო უბნის სიის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა. კომისიის შექმნიდან 2 დღის ვადაში იგი თავის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს, რასაც დაუყოვნებლივ ატყობინებს ტერიტორიულ და ადგილობრივ საარჩევნო კომისიებს. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადა მთავრდება არჩევნების დამთავრებისთანავე. საუბნო საარჩევნო კომისია თავის შემადგენლობას, კომისიის მისამართსა და ტელეფონის ნომრის დაუყოვნებლივ აქვეყნებს ადგილობრივ გაზეთებში. მუხლი 29🔗. საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებანი საუბნო საარჩევნო კომისია: 1) ადგენს უბნის მიხედვით ამომრჩეველთა სიებს; 2) ამომრჩევლებს აცნობს ამომრჩეველთა სიებს, იღებს და იხილავს განცხადებებს სიებში უსწორობათა და წყვეტს მათში სათანადო ცვლილებათა შეტანის საკითხს; 3) ამომრჩევლებს აძლევს ამომრჩევლის ბარათს და მოთხოვნისას - ხმის მიცემის უფლების მოწმობას; 4) აუწყებს მოსახლეობას საუბნო საარჩევნო კომისიის ადგილსამყოფელს და მისი მუშაობის დროს, აგრეთვე არჩევნების ჩატარების თარიღსა და ხმის მისაცემ ადგილს; 5) უზრუნველყოფს ხმის მისაცემად შენობის, საარჩევნო ურნებისა და კაბინების, საინფორმაციო სტენდების მომზადებას; 6) ორგანიზაციას უწევს საარჩევნო უბანში ხმის მიცემას არჩევნების დღეს; 7) ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რიცხვს და არჩევნებში მონაწილეთა რიცხვს, დეპუტატების ყოველი კანდიდატისათვის მიცემული ხმების რაოდენობას; 8) განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს არჩევნების მომზადებისა და კენჭისყრის ორგანიზაციის საკითხებზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებებს; 9) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის შესაბამისად. მუხლი 30🔗.  საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნისა და კომისიის წევრებად წარდგენის წესი საარჩევნო კომისიების წევრებად თავისი წარმომადგენლების დანიშვნის უფლება აქვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რესპუბლიკის საკრებულოების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული პარტიის რესპუბლიკური ხელმძღვანელ ორგანოს ან ხელმძღვანელ პირს ყველა საარჩევნო კომისიაში, რეგიონულ (ადგილობრივ) ხელმძღვანელ ორგანოს ან მის ხელმძღვანელ პირს – შესაბამისი რეგიონის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო კომისიებში, საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მოქმედი პირველადი ჯგუფების კრებებს -შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში. თუ ერთსა და იმავე კომისიაში თავისი წარმომადგენელი ერთზე მეტმა ორგანომ დანიშნა, უპირატესობა ზემდგომი ორგანოს წარმომადგენელს ეძლევა. საარჩევნო კომისიების წევრებად თავისი წარმომადგენლების წარდგენის უფლება აქვთ: 1) საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ან მმართველობის ადგილობრივ ორგანოს შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე მოქმედ საარჩევნო კომისიებში; 2) საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მოძრაობის რესპუბლიკურ ხელმძღვანელ ორგანოს – ყველა საარჩევნო კომისიაში, რეგიონულ (ადგილობრივ) ხელმძღვანელ ორგანოს – შესაბამისი რეგიონის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო კომისიებში, ადგილობრივ საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე მოქმედი პირველადი ჯგუფების კრებებს – შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებში. ეს ორგანოები თავიანთ წარმომადგენლებს ასახელებენ სხდომებზე (კრებებზე, კონფერენციებზე); 3) შრომითი კოლექტივებისა და უმაღლესი სასწავლებლების (მათი ფილიალების) კოლექტივების კრებებს (კონფერენციებს) ‒ შესაბამის ტერიტორიულ საარჩევნო კომისიებში; 4) ადგილობრივი საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე განლაგებული შრომითი კოლექტივებისა და საშუალო-სპეციალური უმაღლესი სასწავლებლების ( მათი ფილიალებისა და ფაკულტეტების ) კოლექტივების კრებებს (კონფერენციებს)– შესაბამის ადგილობრივ და საუბნო საარჩევნო კომისიებში; 5) ამომრჩევლებს შესაბამის საარჩევნო კომისიაში განცხადების წარდგენის გზით ‒ ტერიტორიულ საარჩევნო კომისიაში, თუ განცხადებას ხელს აწერს შესაბამი ტერიტორიაზე მცხოვრები სულ ცოტა 100 ამომრჩეველი, ადგილობრივ საარჩევნო კომისიაში, თუ განცხადებას ხელს აწერს შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრები სულ ცოტა 50 ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიაში, თუ განცხადებას ხელს აწერს შესაბამის საარჩევნო ოლქში მცხოვრები სულ ცოტა 20 ამომრჩეველი. ეს რიცხვები შეიძლება შემცირდეს, თუ ამას დაადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენისა თუ დანიშვნისას ამ კანონით განსაზღვრულ ვადებში სათანადო ორგანოს უნდა წარედგინოს რესპუბლიკის ხელისუფლების ამ მმართველობის ადგილობრივი ორგანოს, პარტიის შესაბამისი ხელმძღვანელი ორგანოს ან ხელმძღვანელი პირის, წარდგენის უფლების მქონე ამ მუხლში ჩამოთვლილ სხვა პირთა განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი (დანიშნული) პირის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პარტიულობა, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო ადგილი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. ბინის მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში განცხადებას უნდა ერთვოდეს: ა) კრების (სხდომის, კონფერენციის) ოქმის ამონაწერი. ოქმის ამონაწერში (განცხადებაში) მითითებული  უნდა იყოს წარმდგენი ორგანოს დასახელება, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ორგანოს (კოლექტივის) წევრთა რიცხვი, კრების (სხდომის, კონფერენციის) მონაწილეთა რიცხვი, კენჭისყრის შედეგი, გადაწყვეტილების მიღების თარიღი, კომისიის წევრად წარდგენილი (დანიშნული) პირის სახელი და გვარი. ოქმი დამოწმებული უნდა იყოს კრების (სხდომის, კონფერენციის) თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით; ბ) ამ მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში- განცხადების მხარდამჭერ ამომრჩეველთა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პასპორტის სერია და ნომერი, ბინის მისამართი, ხელმოწერის თარიღი, ხელმოწერა, წარდგენის ინიციატორთა იგივე მონაცემები და ტელეფონის ნომრები. განცხადების წარდგენას ეძლევა დათარიღებული ცნობა განცხადების მიღების შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991წ. №2, მუხ. 172 მუხლი 31🔗. კრების, სხდომის, კონფერენციის, ყრილობის მოწვევისა და ჩატარების წესი რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოძრაობების სხდომების (კონფერენციების, ყრილობების) მოწვევისა და ჩატარების წესები განისაზღვრება მათი საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით. შრომით კოლექტივებში, საშუალო-სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივებში კრებებს (კონფერენციებს) იწვევენ მათი საბჭოები, პროფკავშირთა კომიტეტები (ბიუროები) ადმინისტრაციასთან ერთად საკუთარი ინიციატივით ან კოლექტივის წევრთა ერთი მეხუთედის მოთხოვნით. კრება უფლებამოსილია, ტუ მას ესწრება კოლექტივის წევრთა ნახევარზე მეტი; კონფერენცია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება არჩეულ დელეგატთა არანაკლებ ორი მესამედისა. კრება (კონფერენციის) მუშაობაში მონაწილეობას მისი წევრები ადასტურებენ რეგისტრაციის ფურცელზე ხელმოწერით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კრების (კონფერენციის) თავმჯდომარისა და მდივნის მიერ. სარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დასახელდეს ნებისმიერი ამომრჩეველი, ოღონდ აუცილებელია მისი თანხმობა. პიროვნება წარდგენილად ითვლება, თუ მას ხმას მისცემს კრების რეგისტრირებულ მონაწილეთა (კონფერენციის საერთო შემადგენლობის) ნახევარზე მეტი. კონფერენციის დელეგატების არჩევისას წარმომადგენლობის ნორმას ადგენს კონფერენციის მომწვევი ორგანო. კრების, სხდომის, კონფერენციის, ყრილობის ოქმი უნდა ინახებოდეს საკრებულოს სამანდატო კომისიის მიერ დეპუტატების უფლებამოსილების დამტკიცებამდე. მუხლი 32🔗. საარჩევნო კომისიების შემადგენლობის შეცვლის წესი საარჩევნო კომისიის ნებისმიერი წევრი თავისუფლდება კომისიაში თავისი მოვალეობის შესრულებისაგან კომისიის მიერ: ა) ამ კანონს მე-20 მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულ კანონიერ საფუძველზე; ბ) გადადგომის შემთხვევაში; გ) გაწვევის ან უფლებამოსილების ჩამორთმევის შემთხვევაში. კომისიის წევრის გაწვევის უფლება აქვს მას, ვინც  წარადგინა ან დანიშნა იგი კომისიის წევრად. კომისიის წევრისათვის უფლებამოსილების ჩამორთმევის უფლება აქვს ზემდგომ საარჩევნო კომისიას (ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრისათვის კი – თვით ამ კომისიას) კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კანონის დარღვევისას ან თავისი მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობისას უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხი წყდება კომისიის სხდომაზე ფარული კენჭისყრით მისი სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავის მოვალეობის შესრულებისაგან კომისიის წევრის გათავისუფლებისას ან მისი გარდაცვალებისას, თუ იგი იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელი, ამ პარტიას ან საარჩევნო ბლოკის ორი კვირის განმავლობაში შეუძლია დანიშნოს კომისიის ახალი წევრი. სხვა შემთხვევებში კომისიის ახალი წევრი იმავე ვადაში შეუძლია დანიშნოს კომისიის შემქმნელმა ორგანომ ამ კანონით დადგენილი წესით. მუხლი 33🔗. საარჩევნო კომისიებისათვის ხელშეწყობა მათი უფლებამოსილების განხორციელებაში  საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებათა ფარგლებში მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო, პარტიული და საზოგადოებრივი ორგანოს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, საწარმოების, დაწესებულება-ორგანიზაციების, თანამდებობის პირებისათვის. ისინი ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ საარჩევნო კომისიებს მუშაობაში, მიაწოდონ მათთვის საჭირო ცნობები და მასალები. საარჩევნო კომისიებს მიმართონ სახელმწიფო, პარტიულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საწარმოებს, დაწესებულება-ორგანიზაციებს, თანამდებობის პირებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელმძღვანელებს, რომლებიც ვალდებულნი არიან განიხილონ დასმულ საკითხები და საარჩევნო კომისიას პასუხი გასცენ სამი დღის ვადაში. საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებანი და მოქმედებანი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე სასამართლოში. V. ამომრჩეველთა სია, ამომრჩევლის ბარათი და ხმის მიცემის უფლების მოწმობა მუხლი 34🔗. ამომრჩეველთა სია და მისი შედგენის წესი ამომრჩეველთა სია დგება ორ ცალად თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით და მას ხელს აწერენ საუბრო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. სიის შედგენისათვის საარჩევნო კომისიას შეუძლია მიიწვიოს საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. რესპუბლიკის ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების უზრუნველყოფენ ამომრჩეველთა აღრიცხვას და გადასცემენ საუბნო საარჩევნო კომისიებს მათ ქვემდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩეველთა შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა ამომრჩეველთა სიების შესადგენად. სიაში შეაქვს ამომრჩეველთა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი. ამომრჩეველთა სიებს საარჩევნო უბნების მიხედვით, რომლებიც შექმნილია საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებში, აგრეთვე არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე და რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს დაწესებულებებში, ადგენენ აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და გემების კაპიტნების მიერ წარდგენილ მონაცემთა საფუძველზე. ამომრჩეველთა გვარებში საარჩევნო სიაში შეაქვთ ხმის მიცემის მოწყობილობისათვის მოსახერხებელი წესით. მუხლი 35🔗. ამომრჩეველთა სიაში მოქალაქეთა წესი ამომრჩეველთა სიაში შეაქვთ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს რესპუბლიკის ყველა მოქალაქე, რომლებსაც არჩევნების დღისათვის ან არჩევნების დღეს შეუსრულდათ 18 წელი, სიის შედგენის მომენტისათვის ცხოვრობენ მოცემული საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და აქვთ ხმის მიცემის უფლება. ამომრჩეველი შეტანილი უნდა იქნეს ამომრჩეველთა მხოლოდ ერთ სიაში. მუხლი 36🔗. მოქალაქეთათვის ამომრჩეველთა სიების გაცნობა, ამომრჩევლის ბარათების დარიგება და ამომრჩეველთა  სიაში უსწორობის გასაჩივრების უფლება ამომრჩეველთა სიები საყოველთაო გაცნობისათვის გამოაქვთ არჩევნებამდე 15 დღით ადრე, ხოლო საარჩევნო უბნებში, რომლებიც შექმნილია საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო  დაწესებულებებში, – არჩევნებამდე ორი დღით ადრე. საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ამომრჩეველთა სიების საყოველთაო გაცნობისათვის გამოტანიდან 10დღის ვადაში ამომრჩევლებს ურიგებენ ამომრჩევლის ბარათებს, რომლებშიც მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის სახელი და გვარი, ამომრჩეველთა სიაში რიგითი ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი. მოქალაქეთათვის უზრუნველყოფილია შესაძლებლობა გაეცნონ  ამომრჩეველთა სიას და შეამოწმონ მისი შედგენის სისწორე საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში. ყოველ მოქალაქეს უფლება ეძლევა გაასაჩივროს ამომრჩეველთა სიაში შეუტანლობა, არასწორად შეტანა ან სიიდან ამოღება, აგრეთვე სიაში დაშვებული სხვა უზუსტობანი. სიაში უზუსტობის შესახებ განცხადებას განიხილავს საუბნო სარჩევნო კომისია, რომელიც ვალდებულია არა უგვიანეს ორი დღისა, ხოლო არჩევნების დღესა და წინა დღეს – დაუყოვნებლივ განიხილოს განცხადება, შეიტანოს საჭირო შესწორებანი სიაში ან განმცხადებელს მისცეს მისი განცხადების უარყოფის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების პირი. ეს გადაწყვეტილება შეიძლება არჩევნებამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში, რომელიც მოვალეა სამი დღის ვადაში განიხილოს საჩივარი, რაიონის (ქალაქის) სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ამომრჩეველთა სიაში შესწორება დაუყოვნებლივ შეაქვს საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩეველთა სიაში შეტანილ ცვლილებების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო კომისიას. მუხლი 37🔗. ხმის მიცემის უფლების მოწმობა. ამომრჩეველთა დამატებითი სია თუ ამომრჩეველმა ერთი და იმავე საკრებულოს ტერიტორიის ფარგლებში ადგილსამყოფელი შეიცვალა ამომრჩეველთა სიების საყოველთაო გაცნობისათვის გამოტანიდან ხმის მიცემის დაწყებამდე, საუბნო საარჩევნო კომისია მისი თხოვნით და წარდგენილი პასპორტის ან მისი პიროვნების დამადასტურებელი სხვა საბუთის საფუძველზე ამომრჩეველს აძლევს ხმის მიცემის უფლების მოწმობას. ამისათვის, ამომრჩეველთა სიაში შეაქვთ შესაბამისი აღნიშვნა. მოწმობის მიღებას ამომრჩეველი თავისი ხელმოწერით ადასტურებს. ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე ამომრჩეველი შეაქვთ დამატებით სიაში საარჩევნო უბანში არჩევნების დღეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. IV. საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენა, დეპუტატობის კანდიდატთა სიებო, მათი რეგისტრაცია და საარჩევნო ბიულეტენი მუხლი 38🔗. დეპუტატობის კანდიდატთა სიების წარდგენა დეპუტატობის კანდიდატთა სიების (პარტიული სიების) წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციის გავლის შემდეგ (იხ. მუხლი 15🔗) არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა. მოცემული საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს თითო პარტიული სია. სიაში კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოცემულ საკრებულოში ასარჩევი დეპუტატების რაოდენობას. პარტიულ სიაში შეიძლება შეტანილ იქნენ მხოლოდ ამ პარტიის წევრები ან უპარტიოები, ხოლო საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში – მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წევრები ან უპარტიოები. დაუშვებელია პარტიულ სიაში იმ პირთა შეტანა, რომლებიც იმავდროულად არჩევნები მონაწილე სხვა პარტიის წევრები არიან, გარდა ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიებისა. დეპუტატობის კანდიდატთა შერჩევის წესს განსაზღვრავენ თავად პარტიები და საარჩევნო ბლოკები. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეტანა სხვადასხვა პარტიულ სიაში. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს ყოველი კანდიდატის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო სა საცხოვრებელი ადგილი, პარტიულობა. პარტიის კანდიდატთა სია დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან შესაბამისი რეგიონული ორგანოს ხელმძღვანელი  პირის, ხოლო საარჩევნო ბლოკის სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ან შესაბამისი რეგიონული ორგანოების ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერით. სიას უნდა ერთვოდეს ყოველი კანდიდატის თანხმობა მოცემული სიით კენჭისყრის შესახებ. მუხლი 39🔗. საარჩევნო ოლქებში დეპუტატების კანდიდატთა წარდგენა საარჩევნო ოლქებში დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ პატიებისა და საარჩევნო ბლოკებს მათი პარტიული სიების რეგისტრაციის შემდეგ და ამომრჩეველთა ჯგუფებს - განცხადების წარდგენის გზით. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს არჩევნებამდე არა უგვიანეს 25 დღისა უფლება აქვს ყოველ საარჩევნო ოლქში წარადგინოს იმდენი დეპუტატობის კანდიდატი, რადენმანდატიანიცაა მოცემული საარჩევნო ოლქი. კანდიდატად შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ის პირი, რომელიც შეყვანილია შესაბამისი პარტიის (საარჩევნო ბლოკის) რეგისტრირებულ პარტიულ სიაში. ერთ საკრებულოში დეპუტატობის კანდიდატად ერთი და იმავე პირის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთ საარჩევნო ოლქში. დეპუტატობის კანდიდატთა შერჩევის წესს განსაზღვრავენ თავად პარტიები და საარჩევნო ბლოკები. საარჩევნო ოლქში დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო კომისიას. განცხადებაში უნდა მიმართოს შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო კომისიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეპუტატობის კანდიდატის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პროფესია, თანამდებობა(საქმიანობა), სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, პარტიულობა და საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელშიც იგია წარდგენილი. საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატს მხარს უნდა უჭერდეს ამ საარჩევნო ოლქის სულ ცოტა 100 ამომრჩეველი (ან ამომრჩეველთა უფრო მცირე რიცხვი, თუ ამას დაადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია), რომელთაც თავისი მხარდაჭერა ხელმოწერით უნდა გამოხატონ. კანდიდატთა წარდგენა იწყება არჩევნებამდე 42 და მთავრდება 33 დღით ადრე. ამ მიზნით ამომრჩეველთა ჯგუფმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო კომისიას არჩევნებამდე არა უგვიანეს 38დღისა, რის შედეგადაც მას უფლება აქვს შეაგროვოს მხარდამჭერთა ხელმოწერები. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეპუტატობის კანდიდატის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო და საცხოვრებელი ადგილი, პარტიულობა, აგრეთვე ამომრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლის ვინაობა, მისამართი და ტელეფონის ნომერი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991წ. №2, მუხ. 172 მუხლი 40🔗. დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერთა სიები  საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატს მხარს უნდა უჭერდეს ამ საარჩევნო ოლქის სულ ცოტა 100 ამომრჩეველი (ან ამომრჩეველთა უფრო მცირე რიცხვი, თუ ამას დაადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია), რომელთაც თავისი მხარდაჭერა ხელმოწერით უნდა გამოხატონ. დეპუტატობის დამოკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერთა სია შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო კომისიას უნდა წარედგინოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 33 დღისა. მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერით შევსებული ყოველი ფურცლის თავში უნდა ეწეროს დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის ვინაობა და მისი მხარდამჭერის ტექსტი. ყოველი ხელმოწერის გასწვრივ მითითებული უნდა იყოს ხელმოწერის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პასპორტის სერია და ნომერი, ხელმოწერის თარიღი. ხელმოწერისათვის შეიძლება ფურცლის ორივე მხარის გამოყენება. ხელმოწერები გადანომრილი უნდა იყოს. ფურცელს ხელს უნდა აწერდეს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი უნდა იყოს მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი. ერთ ამომრჩეველს უფლება აქვს ხელი მოაწეროს საკრებულოში დეპუტატთა არჩევნების თავის საარჩევნო ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად. საარჩევნო კომისიებს უფლება აქვთ შეამოწმონ ხელმოწერების ნამდვილობა. თუ ერთი და იგივე ამომრჩეველი თავის საარჩევნო ოლქში ზემოაღნიშნულზე მეტ კანდიდატს დაუჭერს მხარს, უფრო გვიან შესრულებული ხელმოწერები ბათილად ჩაითვლება. ბათილად ჩაითვლება აგრეთვე გაყალბებული და ძალდატანებით შესრულებული ხელმოწერები, თუ ამის შესახებ წერილობით განაცხადა ხელმომწერმა ამომრჩეველმა. თუ აღნიშნულ მიზეზთა გამო ხელმოწერათა რაოდენობა აუცილებელზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა ჯგუფს წინადადება ეძლევა სამი დღის ვადაში შეავსოს მხარდამჭერთა სია. ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში დამოუკიდებელი კანდიდატის რეგისტრაცია არ მოხდება. ხელმოწერებზე პრეტენზია შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ მიიღება მისთვის მხარდამჭერთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კომისიების წევრებს და, საჩივრის შეტანის შემთხვევაში, სასამართლო ორგანოებს. არჩევნებამდე 15 დღით ადრე მხარდამჭერთა სიები ნადგურდება. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991წ. №2, მუხ. 172 მუხლი 41🔗. პარტიული სიებისა და საარჩევნო ოლქებში წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატთა რეგისტრაცია პარტიულ სიას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი ადგილობრივი საარჩევნო კომისია მისთვის სიის წარდგენიდან არა უგვიანეს 3დღისა. საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებენ შესაბამისი ადგილობრივი საარჩევნო კომისიები: დამოუკიდებელ კანდიდატებს – მათი წარდგენიდან არა უგვიანეს მე-4 და არა უგვიანეს მე-8 დღისა, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების კანდიდატებს – მათი წარდგენიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. დეპუტატობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიების პარტიის (საარჩევნო ბლოკის) წარმომადგენელს ან დეპუტატობის კანდიდატებს გადასცემენ დეპუტატობის კანდიდატთა მოწმობებს. პარტიული სიის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ არის შემდეგი საბუთები: პარტიის ან მისი რეგიონული ორგანოს ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა ან მათ რეგიონულ ორგანოთა ხელმძღვანელ პირთა) მიერ ხელმოწერილი განცხადება, კანდიდატთა სია, ყოველი კანდიდატის განცხადება იმის შესახებ, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემული სიით. საარჩევნო ოლქში პერსონალურად წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება, თუ არის შემდეგი საბუთები: პარტიის ან მისი რეგიონული ორგანოს ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკში პარტიათა ან მათ რეგიონულ ორგანოთა ხელმძღვანელ პირთა) წარდგინება და დეპუტატობის კანდიდატის განცხადება იმისი შესახებ, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემულ საარჩევნო ოლქში, დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატისათვის კი – მისი თანხმობაა კენჭისყრაზე, ამომრჩეველთა ჯგუფის განცხადება და მის მხარდამჭერთა სია. ამ კანონის მე-9 მუხლში ჩამოთვლილმა პირებმა დეპუტატობის კანდიდატად მატი წარდგენისას თავიანთ განცხადებებში უნდა აღნიშნონ, რომ გაათავისუფლებენ დაკავებულ თანამდებობას საკრებულოს წევრად მათი არჩევის შემთხვევაში. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დეპუტატობის კანდიდატები წარდგენისას თავიანთ განცხადებაში აღნიშნავენ, თუ ხელისუფლების რომელი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობაზე იტყვიან უარს მოცემული საკრებულოს წევრად არჩევის შემთხვევაში. ზემოთ ჩამოთვლილი საბუთების წარმდგენს საარჩევნო კომისია აძლევს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საბუთების მიღების თარიღი და დრო. თუ წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, კომისია საბუთების მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ საბუთების წარმომდგენთ ნაკლოვანებათა გასასწორებლად. გასწორებული საბუთები კომისიას შეიძლება წარედგინოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 25 დღისა. დაუშვებელია ერთი და იმავე პიროვნებამ კენჭი იყაროს სხვადასხვა პარტიული სიით ან პარტიული სიით და იმავდროულად, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ანდა ერთი საკრებულოს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში. თუ პიროვნებამ თანხმობა მისცა ერთზე მეტ პარტიულ სიაში თავის შეყვანაზე ან პარტიულ სიაში შეყვანასა და კენჭისყრაზე, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ანდა ერთი საკრებულოს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე, მისი კანდიდატურა არჩევნებიდან მოიხსნება შესაბამისი ადგილობრივი, ტერიტორიული ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. პარტიული სიები და დეპუტატობის კანდიდატების გვარები ინომრება შესაბამის საარჩევნო კომისიაში მათი წარდგენის რიგის მიხედვით გაზეთებში ქვეყნდება რეგისტრაციის დამთვრებიდან 5დღის ვადაში საარჩევნო ოლქების მიხედვით. ამავე ვადაში ქვეყნდება იმ პარტიათა სია, რომელთაც უარი ეთქვათ პარტიული სიების რეგისტრაციაზე, აგრეთვე უარის თქმის მიზეზები. მუხლი 42🔗. საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება. დეპუტატობის კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნა პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს არჩევნებამდე ნებისმიერ დროს გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. მისი კანდიდატურა არჩევნებამდე მოიხსნება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ ამ კომისიაში პარტიის (საარჩევნო ბლოკის) პასუხისმგებელი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე. დეპუტატობის კანდიდატს არჩევნებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია მოხსნას თავისი კანდიდატურა რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. ინფორმაციას ზემოთ აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ადგილობრივი საარჩევნო კომისია აქვეყნებს მიღებიდან სამი დღის ვადაში, ხოლო თუ არჩევნებამდე 5 დღეზე ნაკლებია დარჩენილი, – დაუყოვნებლივ. მუხლი 43🔗. საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ბიულეტენში შეაქვთ საკრებულოს დასახელება, საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, დეპუტატობის კანდიდატთა სახელი და გვარი, დაბადების წელი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო ადგილი, პარტიულობა, პარტიის (საარჩევნო ბლოკის) დასახელება, რომელმაც წარადგინა დეპუტატობის კანდიდატი (თუ დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთა ჯგუფის განცხადების საფუძველზეა წარდგენილი, უნდა დაიწეროს „დამოუკიდებელი“) იმ თანამიმდევრობით, რომლითაც მოხდა მათი წარდგენა შესაბამისი საარჩევნო კომისიებისთვის. ყოველი გვარის წინ დაბეჭდილი უნდა იყოს ცარიელი უჯრედი მასში რიგითი ნომრის ჩასაწერად. საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდავენ ტერიტორიული საარჩევნო კომისიები ქართულ ენასა და აფხაზურ ენაზე (აფხაზეთის ტერიტორიაზე), აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო ოლქის მოსახლეობის რომელიმე ნაწილისათვის გასაგებ სხვა ენაზეც. საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ ადგილობრივი საარჩევნო კომისიებისათვის ბიულეტენების გადაცემას არჩევნებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. ყოველ საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა გადაეცეს შესაბამის უბანში ამომრჩეველთა რაოდენობაზე დაახლოებით 5 პროცენტით მეტი ბიულეტენი. ბიულეტენების მიღებას კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე ან მდივანი ხელმოწერით ადასტურებს. VII. საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოების არჩევნებში მონაწილე პარტიათა და საარჩევნო ბლოკთა, დეპუტატობის კანდიდატთა საქმიანობის გარანტიები მუხლი 44🔗. დეპუტატობის კანდიდატის უფლება გამოვიდეს კრებებზე, ისარგებლოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მიიღოს ინფორმაცია დეპუტატობის კანდიდატები თანასწორი უფლებით მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციის მომენტიდან. დეპუტატობის კანდიდატებს უფლება აქვთ გამოვიდნენ კრებებზე, თათბირებზე, სხდომებზე, მიტინგებზე, პრესაში, ტელევიზიით და რადიოთი. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოები, საწარმოთა, დაწესებულება-ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, მოსახლეობის საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოები მოვალენი არიან უწყობდნენ დეპუტატების კანდიდატებს ამომრჩევლებთან შეხვედრათა ორგანიზაციაში, საჭირო საცნობარო და საინფორმაციო მასალების მიღებაში. მუხლი 45🔗. საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოების არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, დამოუკიდებელი კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამები პარტიის (საარჩევნო ბლოკის)  დეპუტატობის კანდიდატს უფლება აქვს საჯაროდ გამოვიდეს თავისი პარტიის (სარჩევნო ბლოკის), დამოუკიდებელ კანდიდატს კი – თავისი მომავალი საქმიანობის პროგრამით. პარტიის (საარჩევნო ბლოკის), დამოუკიდებელი კანდიდატის პროგრამამ არ უნდა შეიცავდეს ომის პროპაგანდის, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალმომრეობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული სიძულვილისა და მტრობის მოწოდებას, არ უნდა აღვივებდეს რელიგიურ შუღლს. საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, დამოუკიდებელი კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების გამოქვეყნებას რესპუბლიკურ და ადგილობრივ გაზეთებში პარტიული სიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებიდან 10 დღის განმავლობაში. მუხლი 46🔗. საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოების არჩევნებში მონაწილე დეპუტატობის კანდიდატების ნდობით აღჭურვილი პირნი დეპუტატობის კანდიდატს შეუძლია იყოლიოს ათი ნდობით აღჭურვილი პირი, რომლებიც წარმართავენ დეპუტატობის კანდიდატის, პარტიის (საარჩევნო ბლოკის) წინასაარჩევნო კამპანიას შესაბამის საარჩევნო ოლქში, ეწევიან აგიტაციის მის სასარგებლოდ, წარმოადგენენ დეპუტატობის კანდიდატის, პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ინტერესებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებთან, ამომრჩევლებთან ურთიერთობაში, აგრეთვე საარჩევნო კომისიებში. დეპუტატობის კანდიდატი ირჩევს ნდობით აღჭურვილ პირებს და კანდიდატად რეგისტრირების შემდეგ აცნობებს მათ შესახებ შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო კომისიას. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ნდობით აღჭურვილი პირის სახელი და გვარი, სამსახურისა და ბინის მისამართები და ტელეფონის ნომრები. საარჩევნო კომისია განცხადების წარდგენიდან სამი დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს ნდობით აღჭურვილ პირებს და აძლევს მათ ვადაში რეგისტრაციაში ატარებს ნდობით აღჭურვილ პირებს და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს. დეპუტატობის კანდიდატს არჩევნებამდე ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს თავისი ნდობით აღჭურვილი პირის უფლებამოსილება და შეცვალოს იგი, აცნობებს რა ამის შესახებ შესაბამის საარჩევნო კომისიას. ნდობით აღჭურვილმა პირმა არჩევნებამდე ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას უფლებამოსილება. ნდობით აღჭურვილია პირები ( არ აუმეტეს ხუტისა) დეპუტატობის კანდიდატის მოთხოვნით გათავისუფლდებიან წინასაარჩევნო კამპანიის ვადით საწარმოო თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისაგან. ამასთან, ოთხ მათგანს მიეცემა უხელფასო შვებულება, ხოლო ერთს შეუნარჩუნდება საშუალო ხელფასი არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრების ხარჯზე. ხელფასი მას მიეცემა სამუშაო ადგილზე, რაც ფორმდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელის სათანადო ბრძანებით. საწარმოო და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს დეპუტატობის კანდიდატის განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გათავისუფლების ვადა და დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ. წინასაარჩევნო კამპანიის დამთავრების შემდეგ სათანადო ანგარიში გასანაღდებლად წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას. ნდობით აღჭურვილი პირი არ შეიძლება იყოს საარჩევნო კომისიის წევრი. მუხლი 47🔗. საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისათვის დეპუტატობის კანდიდატთა გათავისუფლება საწარმოო თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან დეპუტატობის კანდიდატები რეგისტრირების შემდეგ თავისი სურვილისამებრ თავისუფლდებიან საწარმოო თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან წინასაარჩევნო კამპანიის ვადით ან ამომრჩევლებთან შეხვედრების მოწყობის, კრებებზე, მიტინგებზე, რადიოთი სა ტელევიზიით გამოსვლების დროისათვის. ამასთან, მათ ენახებათ საშუალო ხელფასი არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილ სახსრების ხარჯზე. დეპუტატობის კანდიდატი თავისუფლდება საკუთარი განცხადების საფუძველზე და ხელფასი მიეცემა სამუშაო ადგილზე, რაც ფორმდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ხელმძღვანელის სათანადო ბრძანებით. წინასაარჩევნო კამპანიის დამთავრების შემდეგ სათანადო ანგარიში გასანაღდებლად წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას. რეგისტრირების შემდეგ დეპუტატობის კანდიდატი არ შეიძლება გაიწვიონ ნამდვილ სამხედრო სამსახურში, სამხედრო შეკრებებზე ან შრომით სამსახურში. თუ იგი სამხედრო შეკრებებზე ან შრომით სამსახურშია, სამსახური შეწყდება არჩევნების დღის მომდევნო დღემდე. არჩეული დეპუტატი თავისუფლდება სამხედრო შეკრებისა და შრომითი სამსახურისაგან თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მუხლი 48🔗. დეპუტატობის კანდიდატთა უფასო მგზავრობის უფლება  დეპუტატობის კანდიდატს რეგისტრაციაში გატარების შემდეგ აქვს ყველა სახეობის სამგზავრო ტრანსპორტით (ტაქსის გარდა) უფასო მგზავრობის უფლება საცხოვრებელი ადგილიდან შესაბამისი საკრებულოს  ქვემდებარე ტერიტორიამდე და ამ ტერიტორიის ფარგლებში. მუხლი 49🔗. დეპუტატობის კანდიდატის ხელშეუხებლობა დეპუტატობის კანდიდატი არ შეიძლება მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დააკავონ, დააპატიმრონ, გაჩხრიკონ ან დაადონ ადმინისტრაციული სახდელი სასამართლოს წესით, თუ არ იქნა შესაბამისი ადგილობრივი საარჩევნო კომისიის თანხმობა. მუხლი 50🔗. წინასაარჩევნო აგიტაცია საქართველოს მოქალაქეებს, პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოძრაობებს, შრომით კოლექტივებს, საშუალო-სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებელთა კოლექტივებს, ნდობით აღჭურვილ პირებს გარანტირებული აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად და ყოველმხრივ განიხილონ არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკების, დეპუტატობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამები, დეპუტატობის კანდიდატების პოლიტიკური, საქმიანი და პირადი თვისებები, გასწიონ აგიტაცია პარტიის, საარჩევნო ბლოკის, დეპუტატობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ კრებებზე, მიტინგებზე, პრესაში, ტელევიზიით, რადიოთი, რისთვისაც მათ საარჩევნო კომისიების მიერ გამოეყოფათ კრებებსა და მიტინგებისათვის შენობები და ადგილები. არჩევნებში მონაწილე პარტიები, საარჩევნო ბლოკები და დეპუტატობის კანდიდატები აწყობენ შეხვედრებს თავიანთ ამომრჩევლებთან კრებებზე ან ამომრჩეველთათვის სხვა მოსახერხებელი ფორმით. საარჩევნო კომისია ხელისუფლებისა და მმართველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოძრაობებთან ერთად მოვალეა ხელი შეუწყოს ასეთი შეხვედრების გამართავს, დროულად გამოაცხადოს მათი მოწყობის დრო და ადგილი. შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის დღიდან პარტიებს, საარჩევნო ბლოკებს, დეპუტატობის კანდიდატებს უფლება აქვთ დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და ა. შ (ტექსტში შემდგომ – „პლაკატები“). პლაკატი წარმოადგენს ბეჭვდით ნაწარმს, რომლის დამზადებისთვისაც არ არის საჭირო საგანგებო ნებართვა. სხვა მხრივ პლაკატებზე ვრცელდება ის ნომრები, რომლებიც რეგლამენტირებულია წინამდებარე კანონით. ტერიტორიული და ადგილობრივი საარჩევნო კომისიები შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად უზრუნველყოფენ დეპუტატობის კანდიდატებისათვის, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის საარჩევნო პროგრამებისა და დეპუტატობის კანდიდატების შესახებ მონაცემების შემცველი წინასაარჩევნო პლაკატების დაბეჭდვას არჩევნებამდე არაუგვიანეს 15 დღისა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკების, დეპუტატობის კანდიდატების რეგისტრაციის დამთავრების დროისათვის ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ, საარჩევნო კომისიებთან შეთანხმებით, თითოეული საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უნდა გამოიყოს ხალხმრავალი, ადვილად მისადგომი ადგილები საარჩევნო პლაკატების განლაგებისათვის. ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ შეიძლება აიკრძალოს საარჩევნო პლაკატების გაკვრა ცალკეულ საზოგადოებრივ შენობებზე არქიტექტურისა და კულტურის ძეგლების დაცვის, მოძრაობის უსაფრთხოების მოსაზრებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ვალდებული არიან აიღონ ასეთი პლაკატები. აკრძალულია და შესაბამისად ისჯება საარჩევნო პლაკატების მოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ეს პლაკატები აკრძალულ ადგილებში არ არის განლაგებული. პლაკატები არ უნდა შეიცავდნენ ომის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალმომრეობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევის, ეროვნული სიძულვილისა და მტრობის მოწოდებას, არ უნდა აღვივებდნენ რელიგიურ შუღლს, არ უნდა შეიცავდნენ პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახველ მონაცემებს. არჩევნების დღეს ყოველგვარი აგიტაცია, გარდა ხმის მისაცემი შენობის გარეთ ადრე გამოკრული სააგიტაციო მასალისა, აკრძალულია. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991წ. №2, მუხ. 172 მუხლი 51🔗. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კომისიაში რეგისტრირების დღიდან პარტიები, საარჩევნო ბლოკები, ერთსა და იმავე ოლქში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებებით. არჩევნებში მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, უფლება აქვს არჩევნებამდე არა უგვიანეს 5 დღისა რესპუბლიკურ და ადგილობრივ პრესაში, ხოლო დეპუტატობის კანდიდატს – ადგილობრივ პრესაში, გამოაქვეყნოს თავისი წინასაარჩევნო პროგრამა, პლატფორმა, რისთვისაც შესაბამის გაზეთს უნდა მიაწოდოს ამ დოკუმენტების ტექსტები არჩევნებამდე არა უგვიანეს 10 დღისა. ამასთან, ამ დოკუმენტების გამოქვეყნებისას დაცული უნდა იყოს მათი წარდგენის რიგითობა. არჩევნების მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაობის წესს ადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნებამდე ბოლო 7 დღის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის ყოველგვარი გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია. VIII. ხმის მიცემის წესი და არჩევნების შედეგების დადგენა. არჩევნების მეორე ტური მუხლი 52🔗. ხმის მიცემის დრო და ადგილი საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების დროს ხმის მიცემა ეწყობა არჩევნების დღეს 7 საათიდან 20 საათამდე. საუბნო საარჩევნო კომისია ხმის მიცემის დროსა და ადგილს ამომრჩევლებს აცნობებს არჩევნებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. ხმის მიცემის დროს დაუშვებელია ხმის მისაცემი შენობის ჩაკეტვა და ხმის მიცემის შეწყვეტა. საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, არჩევნების დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საარჩევნო კომისიას შეუძლია ხმის მიცემა დამთავრებულად გამოაცხადოს ნებისმიერ დროს, თუ ხმა მისცა სიაში შეტანილმა ყველა ამომრჩეველმა. მუხლი 53🔗. ხმის მიცემის მოწყობა ხმის მიცემა ეწყობა სპეციალურად გამოყოფილ ისეთ შენობებში, რომლებიც არ არის მხოლოდ ერთი პარტიის სარგებლობაში. ამ შენობებში უნდა იყოს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილი საკმაო რაოდენობით კაბინები ან ოთახები, განისაზღვროს საარჩევნო ბიულეტენების გაცემის ადგილები და დაიდგას საარჩევნო ყუთები. საარჩევნო ყუთები ისეთნაირად იდგმება, რომ ხმის მიმცემნი მათთან მისვლისას აუცილებლად გადიოდნენ ფარული კენჭისყრის კაბინებს ან ოთახებს. ხმის მისაცემ კაბინებში (ოთახებში) უნდა იყოს კალმისტრები. ხმის მისაცემ შენობებსა და ოთახებში გამოკრული უნდა იყოს შესაბამის საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა სიები და საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქცია. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილ დეპუტატობის კანდიდატი არჩევნებში აღარ მონაწილეობს, სათანადო განცხადება თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული როგორც საარჩევნო უბანში, ასევე ხმის მისაცემ კაბინებში (ოთახებში). პასუხისმგებლობა ხმის მიცემის ორგანიზაციისთვის, ამომრჩეველთა ნების გამოვლინების საიდუმლოების უზრუნველყოფისათვის, შენობების მოწყობისა და იქ საჭირო წესრიგის  დაცვისათვის ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიას. ხმის მიცემის დღეს ხმის მისაცემ შენობასა და მის მიდამოებში წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე; წესრიგის დაცვის მიზნით მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა  შესრულება ყველასათვის სავალდებულოა. ხმის მისაცემ შენობაში დაუშვებელია შეიარაღებულ პირთა შესვლა. მილიციის თანამშრომელი, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, ხმის მისაცემ შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით. ამომრჩეველი ხმის მისაცემ შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის აუცილებელი დროის განმავლობაში. არჩევნების დღეს ხმის მიცემის დაწყებამდე საარჩევნო ყუთებს ამოწმებს და პლომბავს ან ლუქავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის ყველა წევრის თანდასწრებით, რის შედეგადაც ყუთებში უშვებენ საკონტროლო ფურცელს, რომელსაც ხელს უნდა აწერდნენ კომისიის წევრები და ხმის მისაცემად მისული პირველი ამომრჩეველი; მასზე უნდა აღინიშნოს ურნაში ფურცლის ჩაშვების დრო. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. სხვა პირთა მაგივრად ხმის მიცემა დაუშვებელია. საარჩევნო ბიულეტენებს გასცემს საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის ან ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთისა და ამომრჩევლის ბარათის წარდგენისას. საარჩევნო ბიულეტენის მიღებას ამომრჩეველი ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით. ხმის მიცემის უფლების მოწმობები ერთვის ამომრჩეველთა დამატებით სიას. მოქალაქენი, რომლებიც შეცდომით ვერ მოხვდნენ ამომრჩეველთა სიაში, პირადობისა და საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე შეაქვთ ამომრჩეველთა დამატებით სიაში. იმ შემთხვევაში, როცა ცალკეულ ამომრჩევლებს ჯანმრთელობის მდგომარეობს ან სხვა მიზეზთა გამო არ შეუძლიათ ხმის მისაცემ შენობაში მისვლა, საუბნო საარჩევნო კომისია მათი თხოვნით ავალებს კომისიის წევრებს მოაწყონ ხმის მიცემა ამომრჩეველთა ყოფნის ადგილას ამომრჩეველთა სიის დანართის საფუძველზე, რის შესახებაც ამომრჩეველთა სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა. ამ შემთხვევაში ხმის მიცემის მოწყობაში მონაწილეობს კომისიის სულ ცოტა ორი წევრი. ხმის მიცემის ამგვარი ჩატარებისათვის გამოიყენება ერთი გადასატანი საარჩევნო ყუთი. ასეთივე წესით წესით ეწყობა ხმის მიცემა იმ შემთხვევაშიც, როცა ამომრჩეველი თავისუფლების აღკვეთის ადგილის იმყოფება სასამართლოს განაჩენის გარეშე. მუხლი 54🔗. ხმის მიცემის ჩატარება საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩეველი ავსებს ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში. ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია ვინმეს დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს ბიულეტენი, უფლება აქვს კაბინაში ან ოთახში სხვა პირი მიიწვიოს თავისი შეხედულებისამებრ, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, ნდობით აღჭურვილი პირისა და დეპუტატობის კანდიდატების (პარტიის, საარჩევნო ბლოკის) წარმომადგენლისა. საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას ამომრჩეველმა დეპუტატობის ყოველი კანდიდატის გვარის გასწვრივ ცარიელ უჯრაში უნდა ჩაწეროს ციფრები შემდეგი მიმდევრობით: ციფრი „1“ იმ კანდიდატის გვარის გასწვრივ, რომელსაც აძლევს უპირატესობას სხვების წინაშე; ციფრი „2“ იმ კანდიდატის გვარის გასწვრივ, რომლის კანდიდატურაც მისთვის პირველის შემდეგ ყველაზე უფრო მისაღებია; ციფრი „3“ იმ კანდიდატის გვარის გასწვრივ, რომელსაც პირველი ორის შემდეგ აძლევს უპირატესობას სხვების წინაშე და ა. შ. ამომრჩეველს უფლება აქვს შეჩერდეს ნებისმიერ ციფრზე. თუ ამომრჩეველს უყურადღებობის გამო გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მას შეუძლია მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან მდივანს, ჩააბაროს გაფუჭებული ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე და ცალკე ინახება. შევსებულ ბიულეტენებს ამომრჩეველი უშვებს საარჩევნო ყუთში. ხმის მისაცემი შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის შენობაში მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. მუხლი 55🔗. ხმების დათვლა საარჩევნო უბანში ხმების დათვლისას დაცული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობა: 1) ხმის მიცემის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისია ითვლის და პაკეტად კრავს გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს; პაკეტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის სახელი და ნომერი, გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობა, მას ხელს უნდა აწერდნენ კომისიის თავმჯდომარე (ან მოადგილე) და მდივანი, და დაესვას კომისიის ბეჭედი; ითვლის და პაკეტად კრავს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენებს და აფორმებს ზემოთ აღნიშნული წესით; 2) ამომრჩეველთა ძირითადი და დამატებითი სიების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისია ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, და არჩევნებში მონაწილეთა ანუ იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებმაც მიიღეს ბიულეტენები; 3) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთებზე ბეჭდის მთლიანობას, ხსნის მათ და ამოწმებს ყუთებში საკონტროლო ფურცლის არსებობას; 4) კომისია ითვლის ყუთებში არსებული ბიულეტენებისა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას. ბათილად ცნობილი ბიულეტენები კონვერტში იდება და იმდაგვარად იბეჭდება, რომ ბეჭდოს დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს კონცერტიდან ბიულეტენის ამოღება ან მასში ჩადება. კონვერტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, მასში ჩადებული ბიულეტენების რაოდენობა, მათი სახეობა; 5) საარჩევნო ბიულეტენი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, თუ: ა) იგი დაუდგენელი ნიმუშისაა; ბ) ციფრი „1“, რომელიც პირველ არჩევანს მიუთითებს, არც ერთი გვარის გასწვრივ არაა მიწერილი; გ) ციფრი „1“, რომელიც პირველ არჩევანს მიუთითებს, მიწერილია ერთზე მეტი გვარის გასწვრივ; დ) ერთი კანდიდატის გვარის გასწვრივ მიწერილია ციფრი „1“, რომელიც პირველ არჩევანს მიუთითებს, და მის გვერდით სხვა ციფრი ან ციფრებია მიწერილი; ე) შეუძლებელია დადგინდეს, რომელი კანდიდატის მიმართ გააკეთა ამომრჩეველმა პირველი არჩევანი. ყველა სხვა შემთხვევაში ბიულეტენი ნამდვილად ითვლება; 6) კომისია ახარისხებს და ცალ-ცალკე ითვლის ყოველი კანდიდატისათვის მიცემული ხმების (მათი გვარების გასწვრივ მიწერილი „1“-ების) რაოდენობას. ამის შემდეგ ბიულეტენები ისე უნდა ჩაიწეროს, როგორც მე-4 პუნქტშია მითითებული; 7) საუბნო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს და შეაქვთ ოქმში. ოქმის ცალთა რაოდენობა ორით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი კანდიდატების რაოდენობას. ოქმის ყოველ ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები; მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი; 8) ოქმის პირველ ცალს და ყველა საარჩევნო ბიულეტენს დაუყოვნებლივ უგზავნიან შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, მეორე ცალი ინახება თვით საუბნო საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი უნდა ჩაბარდეს დეპუტატობის კანდიდატების ნდობით აღჭურვილ პირებს. საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. მუხლი 56🔗. საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების დადგენა ადგილობრივი საარჩევნო კომისიების მიერ. საარჩევნო კვოტა. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება ადგილობრივი საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე ყოველი საარჩევნო ოლქის მიხედვით ადგენს: გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობას, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, ნამდვილად და ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას, საარჩევნო კვოტას და არჩევნების შედეგებს. არჩევნების შედეგების დადგენა ხდება ერთადერთი გადასაცემი ხმის მეთოდით საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინსტრუქციის შესაბამისად. ადგილობრივ საარჩევნო კომისიას შეუძლია არჩევნები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბნებში, სადაც მოხდა ამ კანონის უხეში დარღვევა. საჩივარი კანონის დარღვევის შესახებ ადგილობრივ საარჩევნო კომისიას შეიძლება წარედგინოს არა უგვიანეს არჩევნების მომდევნო დღისა, ხოლო გადაწყვეტილება არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ კომისიამ 3 დღის ვადაში უნდა მიიღოს. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა არჩევნები ბათილად იქნეს ცნობილი, დაუშვებელია დეპუტატობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების დათვლა ადგილობრივ საარჩევნო კომისიებში. საარჩევნო კვოტის დასადგენად ადგილობრივი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ოლქში ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა უნდა გაყოს ოლქში მანდატების რაოდენობაზე ერთით მეტ რიცხვზე და დაუმატოს მას ერთი. მიღებული რიცხვი (წილადი ნაწილი მხედველობაში არ მიიღება) წამოადგენს საარჩევნო კვოტას, ანუ დეპუტატობის კანდიდატის ასარჩევად საკმარისი ხმათა რაოდენობას. საარჩევნო ოლქში არჩეულად ითვლიან ის დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც ერთადერთი გადასაცემი ხმის მეთოდი ოლქში საარჩევნო კვოტის ტოლ ან მასზე მეტ ხმათა რაოდენობას მიიღებენ. საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად ცნობილი, თუ იმ უბნებში, რომლებშიც არჩევები ბათილად ჩაითვალა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია. თუ არჩევნები საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისი ადგილობრივი საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც საერთო არჩევნებიდან ორ კვირაში უნდა ჩატარდეს. თუ მეორე ტურში არჩევნები საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი (ამ მუხლის მე-5 ნაწილი), შესაბამისი ადგილობრივი საარჩევნო კომისია მეორე ტურის ჩატარებიდან ორი თვის ვადაში ატარებს ხელახალ არჩევნებს. ადგილობრივი საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ამტკიცებს არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს. ოქმის ცალთა რაოდენობა ოთხით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი დეპუტატობის კანდიდატების რაოდენობას. ოქმის ყველა ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები, და მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი. ოქმის პირველი ცალი არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, ოქმის მეორე ცალი და გამოუყენებელი ბიულეტენები – ტერიტორიულ საარჩევნო კომისიას, მესამე ცალი ინახება საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი გადაეცემა შესაბამისი საკრებულოს სამანდატო კომისიასა და დეპუტატობის კანდიდატების ნდობით აღჭურვილ პირებს. ოქმში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე ამომრჩეველთა რაოდენობა მათში და არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები; ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ნამდვილად და ბათილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობა (ცალკე უნდა აღინიშნოს მათ შორის რამდენი იყო დაუდგენელი ნიმუშისა), საარჩევნო კვოტა, პირველი არჩევნის შედეგად ყოველი დეპუტატობის კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა, არჩევის რიგის მიხედვით დალაგებული არჩეულ დეპუტატთა სია (თითოეული მათგანისთვის მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი არჩევანის შედეგად მოხდა მათი არჩევა); საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობა, არჩეულ დეპუტატთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია. შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში ადგილობრივი საარჩევნო კომისია ადგილობრივ გაზეთებში და რადიოთი აქვეყნებს ცნობას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ. ამ მუხლის მე-11 ნაწილში ჩამოთვლილ მონაცემებთან ერთად ცნობაში მითითებული უნდა იყოს არჩეული დეპუტატების პარტიულობა, დაბადების წესი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო ადგილი. მუხლი 57🔗. არჩევნების მეორე ტური არჩევნების მეორე ტური საარჩევნო ოლქში ინიშნება არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ, თუ ამ ოლქში არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი. მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში მონაწილე ყველა კანდიდატს. თუ მეორე ტურში არჩევნებში საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი (ამ კანონის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილი), შესაბამისი ადგილობრივი საარჩევნო კომისია მეორე ტურის ჩატარებიდან ორი თვის ვადაში ატარებს ხელახალ არჩევნებს. მეორე ტურში ხმის მიცემა, ხმების დათვლა და არჩევნების შედეგების დადგენა ხდება ზემოთ აღწერილი წესების შესაბამისად. სათანადო ოქმი ცენტრალურ და ტერიტორიულ საარჩევნო კომისიებს 5 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს, ხოლო არჩევნების შედეგები 10 დღის ვადაში უნდა გამოქვეყნდეს. მუხლი 58🔗. არჩევნების შედეგების შეჯამება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისია ტერიტორიული და ადგილობრივი საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე არჩევნების ჩატარებიდან 25 დღის ვადაში თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში არჩევნების შედეგების და შეაქვს ოქმში. ოქმის პირველი ცალი ინახება ცენტრალური საარჩევნო კომისიაში, მეორ ცალი კი გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს. ოქმში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, და ამომრჩეველთა რაოდენობა მათში, არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები; ყოველი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობა, არჩეულ დეპუტატთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია. შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისია რესპუბლიკურ გაზეთებში, ტელევიზიითა და რადიოთი აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ. IX. დეპუტატთა არჩევნების ჩატარება რაიონის, რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ზონის საკრებულოებში მუხლი 59🔗. რაიონის, რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ზონის საკრებულოების შემადგენლობა. საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების ჩატარების ვადები რაიონის, რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა და რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქის ზონის საკრებულოებში ასარჩევი დეპუტატების რაოდენობას ამ კანონით დადგენილი ნომრების ფარგლებში ადგენს საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი შესაბამისი რაიონის, ქალაქისა და ქალაქის ზონის ხელისუფლების ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების წინადადებათა და მოსახლეობის რაოდენობის, ტერიტორიისა და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. ზემოთ აღნიშნულ საკრებულოებში დეპუტატებს ირჩევენ მათ ტერიტორიებზე არჩეული საკრებულოები მათ არჩევნებიდან არა უგვიანეს 2 თვისა. საკრებულოები დეპუტატებად თავიანთ წევრებს ირჩევენ. ამ ონის, რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა და ქალაქის ზონის საკრებულოების შემადგენლობაში. თითოეული საკრებულოს მიერ ასარჩევი დეპუტატებს რაოდენობას ადგენს საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი ამ საკრებულოს ქვემდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. მუხლი 60🔗. რაონის, რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა და ქალაქის ზონის საკრებულოებში დეპუტატთა არჩევნების ჩატარება, არჩევნების შედეგების დადგენა და მათი გამოქვეყნება ტერიტორიული საარჩევნო კომისიების მიერ რაიონის, რაიონული დაყოფის მქონე რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქისა და ქალაქის ზონის საკრებულოებში დეპუტატების არჩევნებს ნიშნავს დაატარებს შესაბამისი ტერიტორიული საარჩევნო კომისია მის სამოქმედო ტერიტორიაზე არჩეული თითოეული საკრებულოს მიხედვით. დეპუტატობის კანდიდატების დასახელება და კანდიდატურის განხილვა ხდება საკრებულოს ღია სხდომაზე საკრებულოს მიერ მიღებული წესის შესაბამისად. საკრებულოს სხდომაზე ხელმძღვანელობს ტერიტორიული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. მოცემული საკრებულოს ყველა წევრი და წერს და წევრთა ჯგუფს აქვს დეპუტატობის თითო კანდიდატის დასახელების უფლება. თავისი წინადადება მათ წერილობით უნდა წარუდგინონ საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს. საარჩევნო ბიულეტენი შეაქვთ ყველა დასახელებული დეპუტატობის კანდიდატი, რომლებმაც არ მოხსნეს თავისი კანდიდატურა. ხმის მიცემა, ხმების დათვლა და არჩევნების შედეგების დადგენა ხდება ტერიტორიული საარჩევნო კომისიის მიერ ამ კანონის 54-ე - 56-ე მუხლების შესაბამისად. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორმა მესამედმა. ტერიტორიული საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ამტკიცებს არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს ოთხ ცალად. ოქმის ყველა ცალს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი და წევრები, და მას უნდა დაესვას კომისიის ბეჭედი. ოქმის პირველი ცალი არჩევნების ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით, ოქმის მეორე ცალი ინახება თვით საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი კი გადაეცემა არჩეული საკრებულოს სამანდატო კომისიასა და იმ საკრებულოს, რომელშიც ჩატარდა არჩევნები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ასარჩევი და ამრჩევი საკრებულოების დასახელებანი, ამრჩევი საკრებულოს წევრთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ნამდვილად და ბათილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობა, საარჩევნო კვოტა, პირველი არჩევნის შედეგად ყოველი დეპუტატობის კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა, არჩევის რიგის მიხედვით დალაგებული არჩეულ დეპუტატთა სია (თითოეული მათგანისთვის მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი არჩევნის შედეგად მოხდა მათი არჩევა). შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში ტერიტორიული საარჩევნო კომისია ადგილობრივ გაზეთებში და რადიოთი აქვეყნებს ცნობას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს არჩევნების შედეგების შედეგების შესახებ. ამ მუხლის მე-7 ნაწილში ჩამოთვლილ მონაცემებთან ერთად ცნობაში მითითებული უნდა იყოს არჩეული დეპუტატების პარტიულობა, დაბადების წელი, პროფესია, თანამდებობა (საქმიანობა), სამუშაო ადგილი. X. საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოებში არჩეულ დეპუტატთა რეგისტრაცია, საკრებულოს წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი მუხლი 63🔗. დეპუტატებისათვის საარჩევნო ოლქის ნაწილების გაპიროვნება არჩეული დეპუტატები არჩევნების დღიდან ორი თვის ვადაში მათი არჩევის რიგის მიხედვით ირჩევენ საარჩევნო ოლქის შექმნილ ნაწილთაგან ერთ-ერთს (თუ მათი არჩევა დათვლის ერთსა და იმავე საფეხურზე მოხდა, უპირატესობა მას ეძლევა, რომელსაც ამომრჩეველთა მეტი პირველი არჩევანი ჰქონდა, თუ პირველ არჩევანთა რაოდენობა ტოლი იყო, – რომელსაც მეტი მეორე არჩევანი ჰქონდა და ა. შ.), რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო კომისიას, რომელმაც არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 70-ე დღისა უნდა გაუპიროვნოს არჩეულ დეპუტატებს საარჩევნო ოლქის ნაწილები და დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს მიღებული გადაწყვეტილება. დეპუტატისათვის საარჩევნო ოლქის არჩეული ნაწილის გაპიროვნებას ამტკიცებს შესაბამისი საკრებულო არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების დამტკიცების შემდეგ. მუხლი 64🔗. ხელახალი არჩევნები თუ საერთო არჩევნების მეორე ტურში არჩევნები საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისი ადგილობრივი საარჩევნო კომისია მეორე ტურის ჩატარებიდან ორი თვის ვადაში ატარებს ხელახალ არჩევნებს. ხელახალი არჩევნებისათვის დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საერთო არჩევნებისათვის რეგისტრირებულ პარტიებს, როგორც დამოუკიდებლად, ასევე საარჩევნო ბლოკებად, აგრეთვე ამომრჩეველთა ჯგუფებს ამ კანონით დადგენილი წესით. ტერიტორიული და ადგილობრივი საარჩევნო კომისიების მიერ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია და სხვა საარჩევნო ღონისძიებანი ტარდება ამ კანონით დადგენილი წესით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ვადებში. ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად ტერიტორიული საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით. შეიძლება საუბნო საარჩევნო კომისიების თავიდან შექმნა (ეს კომისიები უნდა შეიქმნას არჩევნებამდე არა უგვიანეს 25 დღისა). ხმის მიცემა საერთო არჩევნებისათვის შექმნილ უბნებში და ამ არჩევნებისათვის შედგენილი ამომრჩეველთა სიების მიხედვით ტარდება. ცნობა ხელახალი არჩევნების შესახებ პრესაში ქვეყნდება ხელახალი არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 2 დღისა. მუხლი 65🔗. არჩევნები გამოკლებული დეპუტატის ნაცვლად საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოს მიერ ცალკეულ დეპუტატთა უფლებამოსილების ბათილად ცნობისას, აგრეთვე საკრებულოს წევრის გადადგომის, გაწვევის ან სხვა მიზეზების გამო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას შესაბამისი საარჩევნო ოლქის იმ ნაწილში, რომელიც გამოკლებულ დეპუტატზე ან საკრებულოს წევრზე იყო გაპიროვნებული, დეპუტატის ან საკრებულოს წევრის გამოკლების მომენტიდან სამი თვის ვადაში ეწყობა ახალი არჩევნები. არჩევნებს ნიშნავს შესაბამისი ადგილობრივი სარჩევნო კომოსია არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს ორი თვისა და იგი ეწყობა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით. დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის უფლების მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს საარჩევნო ოლქის გათავისუფლებულ ნაწილში შეუძლიათ თითო კანდიდატის წარდგენა. თუ გამოკლებული დეპუტატი საკრებულოს მიერ იყო არჩეული, გამოკლების მომენტიდან ერთი თვის ვადაში ამ საკრებულოში ეწყობა ახალი არჩევნები. არჩევნებს ნიშნავს შესაბამისი ტერიტორიული საარჩევნო კომისია არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა, და იგი ეწყობა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით. თუ საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოს წევრი გამოაკლდა საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ექვს თვეზე ნაკლებ დროში, გამოკლებულის ნაცვლად საკრებულოში დეპუტატის არჩევნები არ ჩატარდება. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე                            ზ. გამსახურდია. თბილისი, 1991 წლის 29 იანვარი.