საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კანონი ძალადაკარგული
მიღების თარიღი 23.04.1991
ძალის დაკარგვა 15.10.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 2, 30/04/1992
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი 13.06.1997
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
- საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ
(ძალადაკარგულია - 13.06.1997, №767)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს
რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ
I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. საარბიტრაჟო სასამართლო
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად საარბიტრაჟო სასამართლო ახორციელებს სამართალგამოყენებით საქმიანობას, განიხილავს ეკონომიკური ხასიათის დავას უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 2🔗. საარბიტრაჟო სასამართლოს ამოცანები
საარბიტრაჟო სასამართლოს ძირითადი ამოცანებია:
ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, მათი საკუთრების ფორმების მიუხედავად;
ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში დავის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათი თავიდან აცილება.
საარბიტრაჟო სასამართლომდე დავის მოგვარების წესის დაცვის უზრუნველყოფა.
საარბიტრაჟო სასამართლო თავისი საქმიანობით ხელს უნდა უწყობდეს ეკონომიკურ ურთიერთობაში კანონიერების დაცვას, საქართველოს რესპუბლიკის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებას.
მუხლი 3🔗. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა საარბიტრაჟო
სასამართლოს შესახებ
საარბიტრაჟო სასამართლოს ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს საქართველოს რესპუბლიკაში განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, ეს კანონი, საქართველოს რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლო წარმოების კოდექსი და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტები.
საარბიტრაჟო სასამართლოს საქმიანობა და მისი უფლებამოსილება განისაზღვრება აგრეთვე იმ სახელმწიფოთაშორისო სალშეკრულებებითა და შეთანხმებებით, რომლებშიც ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკა.
საქართველოს რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს კანონით დადგენილ შემთხვევებში შეუძლია გამოიყენოს როგორც სსრ კავშირის, ასევე სხვა მოკავშირე რესპუბლიკების კანონმდებლობაშიც, თუ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება.
საარბიტრაჟო სასამართლოები თავიანთ საქმიანობაში უზრუნველყოფენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის და საქართველოს რესპუბლიკის კანონების უზენაესობას.
მუხლი 4🔗. საარბიტრაჟო სასამართლოს საქმიანობის პრინციპები
საარბიტრაჟო სასამართლოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვა კანონის შესაბამისად;
არბიტრირება;
საარბიტრაჟო სასამართლოში საქმეების საჯაროდ განხილვა, კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა;
საარბიტრაჟო სასამართლოს წევრთა დამოუკიდებლობა და მათი მხოლოდ კანონისადმი დამორჩილება;
დავის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანისას მხარეთა წარმომადგენლების მონაწილეობა;
ეკონომიკური ურთიერთობის მონაწილე სუბიექტთა თანასწორობა კანონისა და საარბიტრაჟო სასამართლოს წინაშე, მიუხედავად საკუთრების ფორმისა.
საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საარბიტრაჟო სასამართლო წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენაზე;
საარბიტრაჟო სასამართლოში ეკონომიკური ხასიათის დავის განხილვაში სახელმწიფო და სხვა ორგანოს ან თანამდებობის პირთა ჩარევა დაუშვებელია.
მუხლი 5🔗. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა ზედამხედველობის წესით
საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შეიძლება გადაისინჯოს ზედამხედველობის წესით დავის მონაწილე ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე, პროკურორის პროტესტით ან საარბიტრაჟო სასამართლოს ინიციატივით.
II
საარბიტრაჟო სასამართლო სისტემა
მუხლი 6🔗. სარბიტრაჟო სასამართლოს სისტემა
საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედებს საარბიტრაჟო სასამართლო ორგანოთა ერთიანი სისტემა:
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლო;
აფხაზეთის ასს რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლო;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლო;
ქ. თბილისის საარბიტრაჟო სასამართლო;
ქ. ქუთაისის საარბიტრაჟო სასამართლო.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო საჭიროებისამებრ ქმნის სხვა საარბიტრაჟო სასამართლოებს.
მუხლი 7🔗. საარბიტრაჟო სასამართლოს ხელმძღვანელობა
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლო უმაღლესი საარბიტრაჟო სასამართლო ორგანოა. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის ყველა საარბიტრაჟო სასამართლოს საქმიანობას კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლო სისტემატიურად ამოწმებს ქვემდგომი საარბიტრაჟო სასამართლოების საქმიანობას და ისმენს მათ ანგარიშს, სწავლობს, განაზოგადებს და ავრცელებს საარბიტრაჟო სასამართლოების გამოცდილებას.
საარბიტრაჟო სასამართლოები მათი უფლებამოსილების ვადაში პერიოდულად წარუდგენენ ანგარიშს თავიანთი საქმიანობის შესახებ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს.
მუხლი 8🔗.საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლო შედგება თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის, ორი მოადგილის, საარბიტრაჟო სასამართლოს წევრებისაგან და მოქმედებს შემდეგი შემადგენლობით:
უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმი;
ეკონომიკური დავის განხილვის კოლეგია;
საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილებების (გადაწყვეტილებების, განჩინებების) კანონიერებაზე ზედამხედველობის კოლეგია.
უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმის შემადგენლობას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
მუხლი 9🔗. საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევნის (დანიშვნის) წესი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგინებით.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს ირჩევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით.
აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოების თავმჯდომარეებს ირჩევენ შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
ქ. თბილისის და ქ. ქუთაისის საარბიტრაჟო სასამართლოების თავმჯდომარეებს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოების თავმჯდომარის წარდგინებით.
საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარედ და მის მოადგილეებად შეიძლება არჩეულ (დანიშნულ) იქნენ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებსაც შეუსრულდათ შესაბამისად 35 და 30 წელი, იციან ქართული ენა, აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება და, როგორც წესი, სპეციალობით მუშაობის 3 წლის სტაჟი.
მუხლი 10🔗. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლო სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში.
მუხლი 11🔗. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია:
შევიდეს პროტესტით საარბიტრაჟო სასამართლო საქმეზე გამოტანილი დადგენილებების (გადაწყვეტილებების, განაჩენებების) გაუქმების ან შეცვლის შესახებ;
შეაჩეროს საარბიტრაჟო სასამართლო საქმეზე დადგენილების აღსრულება;
მოიწვიოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმი და შეიტანოს საკითხები განსახილველად; თავმჯდომარეობდეს პრეზიდიუმის სხდომებს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს კოლეგიათა სხდომებს;
უხელმძღვანელოს საარბიტრაჟო სასამართლო პრაქტიკის შესწავლა-განზოგადებას, საარბიტრაჟო სასამართლო სტატისტიკის ანალიზს; გაუგზავნოს წარდგინებები სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და თანამდებობის პირებს კანონის დარღვევის, სასამართლო დარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი და გამომწვევი მიზეზებისა და პირობების თავიდან აცილების შესახებ;
ანგარიში წარუდგინოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების საქმიანობის შესახებ;
საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში შეიტანოს წარდგინებები იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის კანონის განმარტებას მოითხოვენ;
გაანაწილოს მოვალეობები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის;
უხელმძღვანელოს საარბიტრაჟო სასამართლო კოლეგიათა მუშაობის ორგანიზაციას და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს აპარატის მუშაობას;
განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
მუხლი 12🔗. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო საასმართლოს თავმჯდოამრის მოადგილეები უფლებამოსილი არიან:
თავმჯდომარეობდნენ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს კოლეგიათა სხდომებს;
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროტესტით შევიდნენ საარბიტრაჟო სასამართლო საქმეებზე გამოტანილი დადგენილებების (გადაწყვეტილებების, განჩინებების) გაუქმების ან შეცვლის შესახებ;
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით შეაჩერონ საარბიტრაჟო სასამართლო საქმეებზე დადგენილების აღსრულება;
მოვალეობათა განაწილების შესაბამისად უხელმძღვანელონ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს კოლეგიათა და აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას;
განახორციელონ კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 13🔗. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზდიუმი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმი იქმნება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოების თავმჯდომარეების, ქ. თბილისის და ქ. ქუთაისის საარბიტრაჟო სასამართლოების თავმჯდომარეების და უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრების შემადგენლობით.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოების პრეზიდიუმის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯომარის მოწვევით პრეზიდიუმს სხდომებში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა, სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელებმა, სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, სამეცნიერო დაწესებულებებისა და სხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პრზიდიუმის წევრთა ორი მესამედი.
პრეზიდიუმი დადგენილების იღებს ღია კენჭისყრით, კენჭისყრაში მონაწილე პრეზიდიუმის წევრთა ხმების უმრავლესობით და მას ხელს აწერს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე.
მუხლი 14🔗. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმის უფლებამოსილება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმი უფლებამოსილია:
განიხილოს საარბიტრაჟო სასამართლო პრაქტიკისა და საარბიტრაჟო სასამართლო სტატისტიკის შედეგები და განზოგადების მასალები;
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მისცეს საარბიტრაჟო სასამართლოებს სახელმძღვანელო განმარტებები საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის გამოყენების საკითხებზე;
მოისმინოს აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოების, ქ. თბილისის და ქ. ქუთაისის საარბიტრაჟო სასამართლოების თავმჯდომარეთა ინფორმაციები;
აირჩიოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრებიდან საარბიტრაჟო სასამართლო კოლეგიათა შემადგენლობები და პრეზიდიუმის მდივანი;
დაამტკიცოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოსთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო;
მოისმინოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს კოლეგიათა თავმჯდომარეების ანგარიშები მათი საქმიანობის თაობაზე;
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს საქმეები ზედამხედველობის წესით;
განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
მუხლი 15🔗. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს კოლეგიათა უფლებამოსილება
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს კოლეგიები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავენ საქმეებს პირველი ინსტანციით, ზედამხედველობის წესით და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
კოლეგიები შეისწავლიან და განაზოგადებენ საარბიტრაჟო სასამართლო პრაქტიკას, აანალიზებენ საარბიტაჟო სასამართლო სტატისტიკას და ახორციელებენ კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 16🔗. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს კოლეგიების თავმჯდომარეების უფლებამოსილება
საქართველოს რესპუბლიკისი უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს კოლეგიათა თავმჯდომარეები უფლებამოსილი არიან:
შექმნან საარბიტრაჟო სასამართლო კოლეგიების შემადგენლობები საქმეთა განსახილველად;
უხელმძღვანელონ შესაბამის კოლეგიათა მუშაობას;
თავმჯდომარეობა გაუწიონ საარბიტრაჟო სასამართლო სხდომებს იმ კოლეგიებში, რომლებსაც ხელმძღვანელობენ;
წარუდგინონ ანგარიშები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმს თავიანთი საქმიანობის შესახებ;
გამოითხოვონ საარბიტრაჟო სასამართლო საქმეები შესწავლა-განზოგადებისათვის;
ორგანიზაცია გაუწიონ კოლეგიებში შემავალ საარბიტრაჟო სასამართლოს წევრთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
განახორციელონ კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
მუხლი 17🔗. საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი
საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი კანონით დადგენილი წესით იხილავს ეკონომიკური ხასიათის დავას, ამოწმებს საარბიტრაჟო სასამართლოს დადგენილებათა შესრულებას, საქმეზე დადგენილების მიღებისას უზრუნველყოფს მხარეთა დარღვეული უფლებებისა და კანონიერი
ინტერესების აღდგენას, თავის საქმიანობას წარმართავს
ეკონომიკის სფეროში კანონიერების დარღვევათა თავიდან ასაცილებლად, დავის განხილვისას შეისწავლის და განაზოგადებს კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკას, მონაწილეობს კანონმდებლობის სრულყოფისათვის შემოსულ წინადადებათა განხილვაში და ეწევა სამართლებრივ პროპაგანდას.
საარბიტრაჟო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე ჩამოერთვას მხოლოდ მისმა ამრჩევმა (დამნიშნავმა) ორგანომ კანონის უხეში დარღვევის ან სახელის გამტეხი საქციელის ჩადენისათვის, რომელიც შეუთავსებელია მის მაღალ წოდებასთან, აგრეთვე მის მიმართ ძალაში შესული სასამართლოს კანონიერი გამამტყუნებელი განაჩენის გამო.
საარბიტრაჟო სასამართლოს წევრი შეიძლება მიეცეს დისციპლინურ პასუხისგებაში დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის წესს განსაზღვრავს დებულება საარბიტრაჟო სასამართლოს წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს წევრებს ირჩევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოთა წევრებს ირჩევენ შესაბამისად აფხაზეთის ასს რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
ქ. თბილისის და ქ. ქუთაისის საარბიტრაჟო სასამართლოს წევრებს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით.
ყველა საარბიტრაჟო სასმართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაა ხუთი წელი.
საქართველოს რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს (დაინიშნოს) საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 25 წელი, იცის ქართული ენა, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის, როგორც წესი, 3 წლის სტაჟი.
საარბიტრაჟო სასამართლოს წევრს უფლება აქვს:
მოსთხოვოს საწამოებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებს და თანამდებობის პირებს ინფორმაციის, ცნობების, საბუთების და დასკვნების წარდგენა, რომლებიც საჭიროა დავის გადასაწყვეტად;
შეიტანოს
საწარმოებში, ორგანიზაციებში, დაწესებულებებში მათი საკუთრების ფორმების მიუხედავად წარდგინებანი კანონის დარღვევების ფაქტებზე და მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის შესახებ.
სახელმწიფო ორგანოები, კოოპერატივები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, თანამდებობის პირები ვალდებული არიან შეასრულონ საარბიტრაჟო სასამართლოს ის მითითებები, რომლებიც დაკავშირებულია საქმის განხილვისა და საარბიტრაჟო სასამართლოს დადგენილებათა აღსრულებასთან.
III
ეკონომიკური ხასიათის დავის განხილვა
მუხლი 18🔗. საარბიტრაჟო სასამართლოს უფლებამოსილება ეკონომიკური დავის განხილვისას
საარბიტრაჟო სასამართლო იხილავს ეკონომიკური ხასიათის დავას საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის, რომლებიც არიან იურიდიული პირები მათი უწყებრივი დაქვემდებარების, საკუთრების ფორმის და სადავო თანხის ოდენობის მიუხედავად. მათ შორის:
ხელშეკრულებების დადების, შეცვლის, შესრულების, მოშლის ან სხვა საფუძველზე წამოჭრილ დავას;
ქონებრივი ხასიათის დავას;
დავას სახელმწიფო და სხვა ორგანოების და თანამდებობების პირების მიერ მიღებული იმ აქტების ცნობის შესახებ, რომლებიც ლახავენ ადგილობრივი მმართველობის, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ქონებრივ და კანონიერ ინტერესებს.
საარბიტრაჟო სასამართლო კანონიერების დარღვევის გამოვლენისას უფლებამოსილია აღძრას საქმე თავისი ინიციატივით.
მუხლი 19🔗. ეკონომიკური ხასიათის დავის განხილვის წესი
საარბიტრაჟო სასამართლო ეკონომიკურ დავას განიხილავს საარბიტრაჟო სასამართლოს ერთი ან სამი წევრის შემადგენლობით და მხარეთა წარმომადგენლებთან ერთად. კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დაშვებულია საქმის განხილვა მოდავე მხარეების დაუსწრებლად.
მუხლი 20🔗. საარბიტრაჟო სასამართლო დაცვისათვის მიმართვის უფლება
ყოველ დაინტერესებულ იურიდიულ პირს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს დარღვეული ან სადავო ქონებრივი უფლების ან კანონიერი ინტერესების დასაცავად.
საარბიტრაჟო სასამართლო საქმეს განიხილავს:
იმ საწარმოს, ორგანიზაციის ან დაწესებულების განცხადებით, რომელიც მიმართავს თავისი უფლებების ან კანონიერი ინტერესების დასაცავად;
სახელმწიფო მმართველობის ორგანოების განცხადებით;
პროკურორის განცხადებით.
IV.
საარბიტრაჟო სასამართლოს საქმიანობა კანონიერების დარღვევების პროფილაქტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფის სფეროში
მუხლი 21🔗. საარბიტრაჟო სასამართლოს უფლებამოსილება კანონიერების დარღვევის თავიდან აცილების სფეროში
საარბიტრაჟო სასამართლო ახორციელებს საქმიანობას ეკონომიკურ ურთიერთობებში კანონიერების დარღვევის თავიდან აცილებისათვის.
ამ მხრივ საარბიტრაჟო სასამართლო უფლებამოსილია:
გააანალიზოს არსებული მასალები ეკონომიკურ ურთიერთობებში კანონიერების დარღვევის გამომწვევი მიზეზების შესახებ, შეიმუშაოს წინადადებები მათი აღმოფხვრისა და თავიდან აცილების მიზნით;
განიხილოს გამსვლელ სხდომაზე ეკონომიკური ხასიათის დავა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს;
აწარმოოს კანონმდებლობის პროპაგანდა;
მიმართოს წარდგინებით შესაბამის ორგანოებს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და კანონიერების განმტკიცების მიზნით.
თანამდებობის პირები ვალდებული არიან წარდგინების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში აცნობონ პასუხი შესაბამის საარბიტრაჟო სასამართლოს მის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.
მუხლი 22🔗. წინადადებების შემუშავება კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით
საარბიტრაჟო სასამართლო ორგანოები კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე შეიმუშავებენ და დადგენილი წესით წარადგენენ წინადადებებს ეკონომიკური ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირებისა და საარბიტრაჟო სასამართლოს საქმიანობის სრულყოფისათვის.
V
საქართველოს რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოების საქმიანობის ორგანიზაციის სხვა საკითხები
მუხლი 23🔗. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
საარბიტრაჟო სასამართლოს ორგანიზაციისა და საქმიანობის საკითხებზე მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შესამუშავებლად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოსთან იქმნება სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო მეცნიერთა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა შემადგენლობით.
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმი. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე.
მუხლი 24🔗. საქართველოს რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოების აპარატის სტრუქტურა და შტატები
საარბიტრაჟო სასამართლო პრაქტიკის შესწავლის, განზოგადებისა და საარბიტრაჟო სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და პროპაგანდისათვის, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციათა შესასრულებლად საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს აპარატის შემადგენლობაში იქმნება განყოფილებები.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს აპარატის სტრუქტურასა და შტატების რაოდენობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს საშტატო განრიგს, განყოფილებათა და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთა დებულებებს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე.
მუხლი 25🔗. საერთაშორისო კავშირები
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლო დადგენილი წესით ამყარებს საერთაშორისო კავშირებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც იხილავენ ეკონომიკური ხასიათის დავებს.
მუხლი 26🔗. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს უწყებები
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლო გამოსცემს „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს უწყებებს“.
მუხლი 27🔗. საქართველოს რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოების ბეჭედი
საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოებს, ქ. თბილისის და ქ. ქუთაისის საარბიტრაჟო სასამართლოებს აქვთ ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზ. გამსახურდია.
თბილისი, 1991 წლის 23 აპრილი