საქართველოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.06.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №339
სარეგისტრაციო კოდი 400010020.10.003.023550
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის
საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ ნაყარი ტვირთის გადამზიდავ გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვასა და გადმოტვირთვასთან დაკავშირებული წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ შეთანხმება საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ (СМГС) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №339
2022 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
საქართველოს საზღვაო კოდექსის 741 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „საქართველოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის წესი“ (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს საქართველოში უცხო ქვეყნის გემებისთვის ღია ნავსადგურების შესასვლელი არხით სარგებლობის საერთო წესს.
2. წესის მიზანია საქართველოს ნავსადგურებში უსაფრთხო ნაოსნობისა და ნავსადგურების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ნავსადგურების შესასვლელი არხის შესაბამისი დაღრმავებითი სამუშაოების, მოვლა-პატრონობის ღონისძიებათა ეფექტიანი და შეუფერხებელი წარმოება.
მუხლი 2🔗. შესასვლელი არხის ადმინისტრირება
1. სანავსადგურე ერთეულები საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის დაღრმავებასა და მოვლა-პატრონობას ახორციელებენ, მათ შორის, დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება შესაბამის სანავსადგურე ერთეულებს შორის უნდა გაფორმდეს გონივრულ ვადაში და ის უნდა შეიცავდეს დებულებებს შესასვლელი არხის ადმინისტრირების საერთო პირობებისა და დაღრმავების ხარჯების განაწილების შესახებ.
3. სანავსადგურე ერთეულს არ აქვს უფლება, დააწესოს საზღაური შესასვლელი არხით სარგებლობისთვის ან სხვა სანავსადგურე საფასური ან/და საზღაური სხვა სანავსადგურე ერთეულში შემსვლელი და სხვა სანავსადგურე ერთეულიდან გამსვლელი გემებისთვის.
4. საერთო შესასვლელ არხში ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სანავსადგურე ერთეულებს.
5. საერთო შესასვლელი არხის ან/და შესასვლელი არხის საერთო ნაწილის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ჩატარების ხარჯი უნდა განაწილდეს სანავსადგურე ერთეულებს შორის, თითოეულ სანავსადგურე ერთეულში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის ჯამური მაჩვენებლის პროპორციულად. აღნიშნული ხარჯის განაწილებისას არ გაითვალისწინება სამხედრო, სახელმწიფო და სხვა არაკომერციული დანიშნულების გემები, არასატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი გემები, მათ შორის, ნავსადგურის ფლოტი და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისთვის განკუთვნილი გემები.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების არარსებობის ან მხარეთა მიერ მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ან თუ აშკარაა, რომ სანავსადგურე ერთეულებს შორის, მათივე მიზეზით, ხელშეკრულების გაფორმება ფერხდება, სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო) სანავსადგურე ერთეულებს განუსაზღვრავს დამატებით გონივრულ ვადას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული დამატებითი ვადის გასვლის შემდგომ, სააგენტო უფლებამოსილია, უზრუნველყოს ნავსადგურის შესასვლელი არხის დაღრმავების სამუშაოები და არხის სიღრმეების შენარჩუნება. ასეთ შემთხვევაში, ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის საფასური განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. აღნიშნულ შემთხვევაში, სააგენტო არ არის პასუხისმგებელი სანავსადგურე ერთეულების საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე გაწეულ ნებისმიერ ხარჯზე.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ შესასვლელი არხის დაღრმავების სამუშაოების განხორციელების შემდეგ, თუ სანავსადგურე ერთეულებს შორის გაფორმდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს შესასვლელი არხის გამოყენების საფასური, მის მიერ გაწეული ხარჯის სრულად ანაზღაურებამდე.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს უფლებამოსილებას დამოუკიდებლად ან მესამე პირის მეშვეობით. ამასთანავე, სააგენტოს არ აქვს უფლება, აღნიშნული უფლებამოსილება გადასცეს სანავსადგურე ერთეულს ან პირს, თუ სანავსადგურე ერთეული და ეს პირი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან.
10. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო სანავსადგურე ერთეულებს უგზავნის წერილობით შეტყობინებას მის მიერ არხის დაღრმავების სამუშაოების დაწყების თარიღის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ არხის დაღრმავების სამუშაოების დაწყებამდე არხის დაღრმავების სამუშაოების განხორციელებასა და არხის სიღრმეების შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის სანავსადგურე ერთეულებს.