რეფერენდუმის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კანონი ძალადაკარგული
მიღების თარიღი 29.01.1991
ძალის დაკარგვა 12.06.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1, 31/01/1991
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 15.05.1996
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
- „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ტექსტი
რეფერენდუმის შესახებ
(ძალადაკარგულია - 15.05.1996, №221)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
რეფერენდუმის შესახებ
თავი I
მუხლი 1🔗. რეფერენდუმის ცნება
რეფერენდუმი არის საყოველთაო-სახალხო კენჭისყრით სახელმწიფოებრივი ცხოვრების დიდმნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის, საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიღების, საზოგადოებრივი აზრის გამოვლინების საშუალება.
მუხლი 2🔗. რეფერენდუმის ჩატარების ძირითადი პრინციპები
რეფერენდუმის ჩატარების ძირითადი პრინციპებია: საყოველთაო, თანასწორი პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრა, მასში მოქალაქეების თავისუფალი მონაწილეობა და მათი ნება-სურვილის გამოვლინებისადმი კონტროლის დაუშვებლობა.
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები რეფერენდუმში მონაწილეობენ უშუალოდ და პირადად; რეფერენდუმის ყოველ მონაწილეს აქვს ერთი ხმა.
მუხლი 3🔗. რეფერენდუმის მონაწილეები
რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებსაც რეფერენდუმის ჩატარების დღისათვის შეუსრულდათ 18 წელი, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვთ.
მუხლი 4🔗. სარეფერენდუმო საკითხები და რეფერენდუმის სახეები
რეფერენდუმზე შეიძლება გამოტანილ იქნეს წინადადებები იმ საკითხების შესახებ, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად განეკუთვნება რესპუბლიკის კომპეტენციას.
რეფერენდუმის საგანი შეიძლება იყოს:
1) საქართველოს რესპუბლიკის ახალი კანონის მიღება;
2) საქართველოს რესპუბლიკის კანონის ან მისი ცალკეული დებულების გაუქმება ან შეცვლა;
3) ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც განსაზღვრავენ საქართველოს რესპუბლიკის კანონების ან სხვა აქტების ძირითად შინაარსს;
4) საქართველოს რესპუბლიკისათვის სხვა დიდმნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოებრივი აზრის გამოვლინება.
რეფერენდუმი ტარდება საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე.
ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეფერენდუმი შეიძლება ჩატარდეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციითა და ავტონომიური კონსტიტუციით ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას განეკუთვნება.
ავტონომიურ რესპუბლიკაში რეფერენდუმის ჩატარების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი კანონით.
მუხლი 5🔗. საჯაროობა რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების დროს
სარეფერენდუმო კომისიები რეფერენდუმს მოამზადებენ და ჩაატარებენ ღიად და საჯაროდ.
სარეფერენდუმო კომისიები მოქალაქეებს აწვდიან ინფორმაციას თავიანთი საქმიანობის შესახებ, კენჭისყრისათვის უბნების შექმნის, კომისიების ადგილსამყოფელისა და სამუშაო საათების, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების მქონე მოქალაქეების თაობაზე.
სარეფერენდუმო კომისიების სხდომებს, აგრეთვე კენჭისყრასა და უბნებში ხმების დათვლას შეიძლება დაესწრონ პოლიტიკური პარტიების, მასობრივი მოძრაობების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საამისოდ წერილობით უფლებამოსილი წარმომადგენლები.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ფართოდ აშუქებენ რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების მიმდინარეობას; ამ მიზნით სარეფერენდუმო კომისიები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აწვდიან საჭირო ინფორმაციას.
მუხლი 6🔗. რეფერენდუმთან დაკავშირებული აგიტაცია
მოქალაქეებს, პოლიტიკური პარტიების, მასობრივი მოძრაობების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საინიციატივო ჯგუფებს გარანტირებული აქვთ თავისუფალი აგიტაციის უფლება რეფერენდუმის ჩატარების ან არჩატარების, სარეფერენდუმოდ გამოტანილი კანონის თუ სხვა გადაწყვეტილების მიღების ან არმიღების შესახებ. ამ მიზნით მათ შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი სახსრებიც. რეფერენდუმის ჩატარების დღეს აკრძალულია სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხთან დაკავშირებული ყოველგვარი აგიტაცია.
სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხები საჯაროდ უნდა იხილებოდეს კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობებისა და დემონსტრაციების ჩატარების წესის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 7🔗. რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების მატერიალური უზრუნველყოფა
რეფერენდუმის მომზადება და ჩატარება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
მმართველობის რესპუბლიკური და ადგილობრივი ორგანოები უზრუნველყოფენ რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობების, მოწყობილობების გამოყოფასა და მომზადებას.
მუხლი 8🔗. რეფერენდუმის დანიშვნის უფლება
საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ხოლო მის მომზადებასა და ჩატარებას ორგანიზაციას უწევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.
თავი II
რეფერენდუმის მომზადება და დანიშვნა
მუხლი 9🔗. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციატივა
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო რეფერენდუმს ნიშნავს:
ა) საკუთარი ინიციატივით;
ბ) რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების მქონე არანაკლებ სამასორმოცდაათი ათასი მოქალაქის მოთხოვნით.
მუხლი 10🔗. რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფი
იმ შემთხვევაში, როცა რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა ეკუთვნით მოქალაქეებს, იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფის სიაში მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, მამის სახელი, გვარიდა საცხოვრებელი ადგილი. სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი საინიციატივო ჯგუფმა უნდა ჩამოაყალიბოს მკაფიოდ , რათა მასზე გაცემული პასუხი იყოს ცალსახა.
საინიციატივო ჯგუფი ცენტრალურ სარეფერენდუმო კომისიას მიმართავს თხოვნით რეგისტრაციაში გაატაროს ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შეთავაზებული საკითხი. საკითხის ფორმულირება შეიძლება დაზუსტდეს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებით.
ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია სარეფერენდუმოდ შემოთავაზებულ საკითხს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შესაბამისი კომისიის აზრის გათვალისწინებით, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას ატარებს რეგისტრაციაში და ამის შესახებ რესპუბლიკურ გაზეთებში აქვეყნებს ინფორმაციასა და მისამართს, რომლითაც უნდა გაიგზავნოს მოქალაქეთა ხელმოწერების ფურცლები.
სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი შეიტანება მოქალაქეთა ხელმოწერების ფურცლებში.
რეგისტრაციის მოწმობა საინიციატივო ჯგუფს მიეცემა რეგისტრაციაში გატარების მიმართვიდან ერთი თვის განმავლობაში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთზოვნები.
საინიციატივო ჯგუფს შეუძლია რეგისტრაციაში გატარებაზე უარის მიღებიდან ხუთი დღის ვადაში გაასაჩივროს უარი საქართველოს რესპუბლიკიდან უზენაეს სასამართლოში. უზენაესი სასამართლო ხუთი დღის ვადაში განიხილავს საჩივარს და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
მუხლი 11🔗. ხელმოწერების შეგროვების წესი და ვადები
საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციას მოწმობის მიღების დღიდან.
ხელმოწერები უნდა შეგროვდეს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებული და ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მიერ დადგენილი ნიმუშის ფურცელზე. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არა უმეტეს 50 მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაეწერონ სახელი, მამის სახელი, გვარი, დაბადების წელი, პასპორტის სერია და ნომერი, მისამართი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი, და მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო კანტორაში ან სახელმწიფო მმართველობის ადგილობრივ ორგანოში.
ხელმოწერების შეგროვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის დღიდან.
მუხლი 12🔗. ხელმოწერების შეგროვების შედეგების განხილვა
შევსებული ხელმოწერის ფურცლები იგზავნება საინიციატივო ჯგუფში, რომელიც ადგენს კრებსით მონაცემებს ხელმოწერების შეგროვების შედეგების შესახებ და მოქალაქეთა ხელმოწერის ფურცლებითურთ უგზავნის ცენტრალურ სარეფერენდუმო კომისიას რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია ამოწმებს შესულ მასალებს და თუ მიიჩნევს, რომ მასალები არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს, თავის დასკვნასა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას რეფერენდუმის ჩატარების შესახებ წარუდგენს უზენაეს საბჭოს მასალების შემოსავლიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
თუ შემოწმებისას მასალებში
აღმოჩნდება უმნიშვნელო დარღვევები ან ხელმოწერების მცირე ნაკლებობა (საერთო რაოდენობის 0,5 პროცენტი), კომისია საინიციატივო ჯგუფს აძლევს წინადადებას მასალები მოაწესრიგოს ათი დღის ვადაში. დარღვევების დროულად აღმოფხვრის შემთხვევაში საქმის მსვლელობა გაგრძელდება დადგენილი წესით.
ხელმოწერების შეგროვების ვადის არასაპატიო მიზეზით დაუცველობის, არასაკმარისი რაოდენობის შეგროვებულ ან წარდგენილ დოკუმენტებში კანონის მნიშვნელოვანი დარღვევების, ყალბი ჩანაწერების ან ხელმოწერების შეგროვების ნებაყოფლობის პრინციპის დარღვევის დადგენის შემთხვევაში ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნულ მასალებსა და თავის უარყოფით დასკვნას წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს.
თუ დადგინდა, რომ მოქალაქემ ორჯერ და მეტჯერ მოაწერა ხელი განცხადებას რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, მისი ყველა ხელმოწერა ბათილად ითვლება.
მუხლი 13🔗. რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება
საკითხი რეფერენდუმის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს შეაქვს თავისი მორიგი სხდომის ან სესიის დღის წესრიგში.
რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იღებს ერთ რომელიმე გადაწყვეტილებას:
1) რეფერენდუმის თარიღის დანიშვნისა და მისი ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ;
2) რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნაში გათვალისწინებული კანონისა თუ სხვა გადაწყვეტილების რეფერენდუმის ჩაუტარებლად მიღების შესახებ;
3) რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნის უარყოფის შესახებ. ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მხოლოდ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში.
რეფერენდუმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
რეფერენდუმის ჩატარების შესახებ დადგენილებაში მოცემული უნდა იყოს მისი ჩატარების თარიღი, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის ზუსტი ფორმულირება, უნდა განისაზღვროს დაფინანსებისა და რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ეს დადგენილება მოსახლეობას ეცნობება რესპუბლიკური სხვა საკითხები. ეს დადგენილება მოსახლეობას ეცნობება რესპუბლიკური პრესით და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით არა უგვიანეს 7 დღისა მისი მიღებიდან.
მუხლი 14🔗. რეფერენდუმის ჩატარების ვადები
რეფერენდუმი ტარდება არა უადრეს ორი და არა უგვიანეს ექვსი თვისა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ დადგენილების მიღების დღიდან.
გამონაკლის შემთხვევებში უზენაეს საბჭოს შეუძლია დაადგინოს რეფერენდუმის ჩატარების სხვა ვადები.
თავი III
რეფერენდუმის ჩატარების წესი
მუხლი 15🔗. სარეფერენდუმო კომისიები
რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფენ:
ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია;
საოლქო სარეფერენდუმო კომისიები;
საუბნო სარეფერენდუმო კომისიები.
ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიისა და საოლქო სარეფერენდუმო კომისიების მოვალეობების შესრულება ეკისრებათ შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების საოლქო ან საქართველოს რესპუბლიკის საკრებულოთა არჩევნების ტერიტორიულ საარჩევნო კომისიებს. საუბნო სარეფერენდუმო კომისიებს ქმნიან საოლქო სარეფერენდუმო კომისიები ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს 1991 წლის 20 მარტის კანონი - საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებები, №3, 29.03.1991წ., გვ.239
მუხლი 16🔗. სარეფერენდუმო კომისიების რეგლამენტი
ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია მუშაობას იწყებს რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ დადგენილების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ათი დღისა, საოლქო სარეფერენდუმო კომისიები - რეფერენდუმის ჩატარების დღემდე თვენახევრით ადრე და საუბნო სარეფერენდუმო კომისიები - ერთი თვით ადრე.
სარეფერენდუმო კომისიები მუშაობას წყვეტენ რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებისთანავე.
მუხლი 17🔗. საინიციატივო ჯგუფის წევრთა მონაწილეობა სარეფერენდუმო კომისიების მუშაობაში
თუ რეფერენდუმი დანიშნულია ამ კანონის მე-9 მუხლის „ბ“ პუნქტში მითითებული მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე, საინიციატივო ჯგუფის თხოვნით ამ ჯგუფის ორ-ორი წარმომადგენელი შეიძლება შეყვანილ იქნეს ყველა ან რომელიმე რგოლის სარეფერენდუმო კომისიის შემადგენლობაში კომისიის სხვა წევრებთან თანაბარი უფლებებით.
მუხლი 18🔗. სარეფერენდუმო კომისიების უფლებამოსილება
ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია რეფერენდუმის ჩატარებამდე 40 დღით ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (პრესა, ტელევიზია, რადიო) აქვეყნებს იმ საოლქო სარეფერენდუმო კომისიების სიას, რომლებსაც დაევალათ შესაბამის ტერიტორიაზე უხელმძღვანელონ რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებას.
რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების პერიოდში ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია:
1) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს იმ კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას, საჭიროებს შემთხვევაში განმარტავს კანოს;
2) რაიონებში (ქალაქებში, ქალაქის რაიონებში) არსებული საოლქო სარეფერენდუმო კომისიებიდან შეარჩევს თითო კომისიას და ავალებს მას უხელმძღვანელოს შესაბამისი რაიონის (ქალაქის, ქალაქის რაიონის) ტერიტორიაზე რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებას; კოორდინაციას უწევს ამ საოლქო კომისიების საქმიანობას და ადგენს მათ შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესს;
3) კომისიებს შორის ანაწილებს რეფერენდუმის ჩატარებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებს, აკონტროლებს საოლქო კომისიების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
4) ადგენს რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმასა და მათი შენახვის წესს;
5) ისმენს სახელმწიფო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ინფორმაციების რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
6) ადგენს რეფერენდუმის შედეგების რესპუბლიკის მასშტაბით, აქვეყნებს რეფერენდუმის საბოლოო შედეგებს;
7) იხილავს საჩივრებს სარეფერენდუმო კომისიების გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შესახებ, იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს მათ თაობაზე.
საოლქო სარეფერენდუმო კომისია:
1) აკონტროლებს შესაბამის ტერიტორიაზე ამ კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას;
2) კოორდინაციას უწევს საუბნო სარეფერენდუმო კომისიების მუშაობას;
3) ხელს უწყობს სარეფერენდუმო საკითხის საჯარო განხილვას რაიონის (ქალაქის, ქალაქის რაიონის) ტერიტორიაზე;
4) ისმენს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ხელმძღვანელების ინფორმაციების რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
5) საუბნო სარეფერენდუმო კომისიებს დროულად უზრუნველყოფს სარეფერენდუმო ბიულეტენებით;
6) ადგენს რეფერენდუმის შედეგებს რაიონში (ქალაქში, ქალაქის რაიონში):
7) იხილავს საუბნო სარეფერენდუმო კომისიების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებს და იღებს გადაწყვეტილებებს მათ შესახებ.
საუბნო სარეფერენდუმო კომისია:
1) მოქალაქეებს აცნობს კენჭისყრის მონაწილეთა სიებს, იხილავს განცხადებებს სიებში არსებული უსწორობების შესახებ და წყვეტს მათში სათანადო ცვლილებების შეტანის საკითხს;
2) საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად მოქალაქეებს აძლევს კენჭისყრის უფლების მოწმობებს;
3) რეფერენდუმის ჩატარებამდე 10 დღით ადრე აცნობებს მოქალაქეებს რეფერენდუმის ჩატარების დღესა და ადგილს;
4) უზრუნველყოფს კენჭისყრისთვის საჭირო შენობის, ყუთების და კაბინების მომზადებას;
5) რეფერენდუმის ჩატარების დღეს ორგანიზაციას უწევს კენჭისყრას;
6) აჯამებს სარეფერენდუმო უბანში კენჭისყრის შედეგებს;
7) იხილავს განცხადებებსა და საჩივრებს რეფერენდუმის მომზადებისა და კენჭისყრის ორგანიზაციის საკითხებზე და
იღებს გადაწყვეტილებებს მათ გამო.
მუხლი 19🔗. რეფერენდუმის ჩასატარებელი სარეფერენდუმო უბნები
მმართველობის ადგილობრივი ორგანოები რეფერენდუმის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ადგილობრივ პრესაში აქვეყნებენ შესაბამის ტერიტორიაზე შექმნილი სარეფერენდუმო უბნების სიას საზღვრების, საუბნო სარეფერენდუმო კომისიების ადგილსამყოფელისა და კენჭისყრის ადგილების მითითებით.
აუცილებლობის შემთხვევაში მმართველობის ადგილობრივი ორგანოები ცვლიან საზღვრებს სარეფერენდუმო უბნებს შორის ან ქმნიან ახალ უბნებს და საუბნო სარეფერენდუმო კომისიებს.
მუხლი 20🔗. რეფერენდუმის მონაწილეთა სიები
რეფერენდუმის ჩასატარებლად არჩევნებისათვის შედგენილი ამომრჩეველთა სიები.
მმართველობის ადგილობრივი ორგანოები უზრუნველყოფენ მოქალაქეთა სიებში სათანადო ცვლილებების შეტანას.
საუბნო სარეფერენდუმო კომისიებს მოქალაქეთა სიები საჯარო გაცნობისათვის გამოაქვთ რეფერენდუმის ჩატარებამდე 15 დღით ადრე.
მუხლი 21🔗. სარეფერენდუმო ბიულეტენი
სარეფერენდუმო ბიულეტენში აღნიშნული უნდა იყოს მოქალაქეებისადმი მიმართული კითხვა სარეფერენდუმო გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით და ამ კითხვაზე პასუხის შესაძლო ვარიანტები: „დიახ“ – „არა“.
ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია ადგენს სარეფერენდუმო ბიულეტენის ფორმას, უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობით მათ დამზადებას და რეფერენდუმის ჩატარებამდე 10 დღით ადრე ამ ბიულეტენებით საუბნო სარეფერენდუმო კომისიების მომარაგებას.
საუბნო სარეფერენდუმო კომისიებისთვის ბიულეტენების გადაცემის შესახებ დგება აქტი მათი რაოდენობისა და თარიღის მითითებით. აქტის ერთი პირი ინახება შესაბამის საოლქო სარეფერენდუმო კომისიაში.
სარეფერენდუმო ბიულეტენები იბეჭდება ქართულ ენასა და აფხაზურ ენაზე (აფხაზეთის ტერიტორიაზე), აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სარეფერენდუმო ოლქის მოსახლეობის რომელიმე ნაწილისათვის გასაგებ სხვა ენაზეც.
მუხლი 22🔗. კენჭისყრის მოწყობა
რეფერენდუმის ჩატარების დღეს კენჭისყრა წარმოებს 7 საათიდან 20 საათამდე. საუბნო სარეფერენდუმო კომისიას შეუძლია კენჭისყრა დამთავრებულად გამოაცხადოს ნებისმიერ დროს, თუ მასში მონაწილეობა მიიღონ სიაში შეტანილმა ყველა მოქალაქემ.
კენჭისყრა ტარდება სპეციალურად გამოყოფილ შენობაში, რომელშიც მოწყობილია საკმაო რაოდენობის კაბინები ან ოთახები ფარული კენჭისყრისთვის, განისაზღვრება ბიულეტენების გაცემის ადგილები, იდგმება ყუთები და თვალსაჩინო ადგილზე გამოიკვრება სარეფერენდუმო გამოტანილი კანონპროექტის ან სხვა წინადადების ტექსტი.
რეფერენდუმის ჩატარების დღეს, ყუთის დალუქვიდან კენჭისყრის შედეგების დათვლამდე, სარეფერენდუმოდ გამოყოფილ შენობებში შეიძლება იმყოფებოდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები. საამისოდ მათ თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და შესაბამისი საზოგადოებრივ0პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გამოცემული რწმუნება ან ოქმის ამონაწერი.
თითოეული მოქალაქე კენჭს იყრის პირადად. სარეფერენდუმო ბიულეტენების იძლევა საუბნო სარეფერენდუმო კომისია მოქალაქეთა სიის ამ კენჭისყრის უფლების მოწმობის საფუძველზე, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის წარდგენისას. სარეფერენდუმო ბიულეტენის მიღებას მოქალაქე ადასტურებს სიაში ხელმოწერით. კენჭისყრის უფლების მოწმობები თან ერთვის დამატებით სიას.
იმ შემთხვევაში, როცა მოქალაქეს არ შეუძლია კენჭისყრის ჩატარების ადგილზე მისვლა, მისი თხოვნით საუბნო სარეფერენდუმო კომისია ავალებს თავის არანაკლებ ორ წევრს მოაწყონ კენჭისყრა ამ მოქალაქის ყოფნის ადგილზე სიის დანართის საფუძველზე, რის შესახებაც სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა. კენჭისყრის ამგვარად ჩატარებისთვის გამოიყენება ერთი გადასატანი სარეფერენდუმო ყუთი.
პასუხისმგებლობა კენჭისყრის სათანადო ორგანიზაციისათვის ეკისრებათ
საუბნო სარეფერენდუმო კომისიებს.
მუხლი 23🔗. კენჭისყრა
სარეფერენდუმო ბიულეტენების მოქალაქენი ავსებენ ფარული კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში. რეფერენდუმის მონაწილე შემოხაზავს ბიულეტენში მითითებული პასუხის იმ ვარიანტს, რომელსაც მხარს უჭერს.
მოქალაქის მიერ ბიულეტენებს შევსებისას აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში სხვა პირის ყოფნა. მოქალაქეს მიერ ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ან ოთახში სხვა პირის ყოფნა. მოქალაქეს, რომელსაც არა აქვს ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალება, შეუძლია კაბინაში ან ოთახში მიიწვიოს სხვა პირი, გარდა სარეფერენდუმო კომისიის წევრისა.
შევსებულ ბიულეტენს კენჭისყრის მონაწილე პირადად უშვებს საარჩევნო ყუთში.
მუხლი 24🔗. კენჭისყრის შედეგების დათვლა სარეფერენდუმო უბანში
კენჭისყრის შედეგების დათვლა სარეფერენდუმო უბნების მიხედვით, საუბნო სარეფერენდუმო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ. საუბნო სარეფერენდუმო კომისიები ითვლიან გამოუყენებელ ბიულეტენებს და ანადგურებენ.
საუბნო სარეფერენდუმო კომისია რეფერენდუმის მონაწილეთა ძირითადი და დამატებითი სიების საფუძველზე ადგენს შესაბამისი უბნის კენჭისყრის მონაწილეთა საერთო რიცხვს, ხოლო ბიულეტენების მიღების შესახებ მოქალაქეთა ხელმოწერების საფუძველზე - რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვს.
ამ რიცხვის დადგენის შემდეგ ხსნიან კენჭისყრის ყუთებს. პირველ რიგში ითვლიან კენჭისყრის შენობის გარეთ გატანილ ყუთებში არსებულ ბიულეტენებს.
საუბნო სარეფერენდუმო კომისია კენჭისყრის ყუთებში არსებული ბიულეტენების
საფუძველზე ადგენს:
1) კენჭისყრის მონაწილეთა საერთო რიცხვს, ანუ:
ა) იმ მოქალაქეთა რიცხვს, რომლებმაც კენჭი უყარეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას;
ბ) იმ მოქალაქეთა რიცხვს, რომლებმაც კენჭი უყარეს წინააღმდეგ;
2) ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობას.
ბათილად ცნობენ დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენებს, აგრეთვე ბიულეტენებს, რომლებშიც შემოხაზულია პასუხის ორივე ვარიანტი ან არც ერთი არ არის შემოხაზული. სარეფერენდუმო ბიულეტენის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში საკითხს კენჭისყრით წყვეტს სარეფერენდუმო კომისია.
საუბნო სარეფერენდუმო კომისია ხმის დათვლის შედეგებს დაუყოვნებლივ იხილავს თავის სხდომაზე და ადგენს ოქმს.
ოქმში აღინიშნება:
1) საუბნო სარეფერენდუმო კომისიის მიერ მიღებული სარეფერენდუმო ბიულეტენების საერთო რაოდენობა;
2) კენჭისყრის დამთავრების შემდეგ განადგურებული ბიულეტენების რაოდენობა;
3) შესაბამისი სარეფერენდუმო უბნის მოქალაქეთა საერთო რიცხვი;
4) რეფერენდუმის მონაწილეთა საერთო რიცხვი;
5) კენჭისყრის მონაწილეთა საერთო რიცხვი;
6) იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებმაც კენჭი უყარეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას;
7) იმ მოქალაქეთა რიცხვი რომლებმაც კენჭი უყარეს წინააღმდეგ;
8) ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა.
ოქმს ხელს აწერენ საუბნო სარეფერენდუმო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმი და დათვლილი ბიულეტენები შესაბამისი საოლქო სარეფერენდუმო კომისიას ეგზავნება ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 25🔗. რეფერენდუმის შედეგების დადგენა რაიონების (ქალაქების, ქალაქების რაიონების) მიხედვით
საოლქო სარეფერენდუმო კომისიები თავიანთ სხდომებზე ადგენენ რეფერენდუმის შედეგების შესაბამისი რაიონის (ქალაქის, ქალაქის რაიონის) ტერიტორიაზე საუბნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე, რის შესახებაც საოლქო სარეფერენდუმო კომისიები ადგენენ ოქმს.
ოქმში აღინიშნება:
1) რაიონის (ქალაქის, ქალაქის რაიონის) მოქალაქეთა საერთო რიცხვი;
2) რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი;
3) კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი;
4) იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებმაც კენჭი უყარეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას;
5) იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებმაც კენჭი უყარეს წინააღმდეგ;
6) ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა.
ოქმს ხელს აწერენ საოლქო სარეფერენდუმო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები.
ოქმი ეგზავნება სარეფერენდუმო კომისიას მის მიერ დადგენილი წესით.
სარეფერენდუმო უბნების მიხედვით გაცემული სარეფერენდუმო ბიულეტენები ინახება საოლქო სარეფერენდუმო კომისიებში რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე.
საოლქო სარეფერენდუმო კომისია უფლებამოსილია ბათილად ცნოს რეფერენდუმის შედეგები ცალკეულ უბნებში, თუ დადგინდა, რომ აღნიშნულ უბნებში რეფერენდუმის ჩატარებისა და კენჭისყრის შედეგების დათვლის დროს დაშვებული იქნა ამ კანონის სერიოზული დარღვევები.
საოლქო სარეფერენდუმო კომისია რეფერენდუმის შედეგების შეჯამებისას მხედველობაში არ მიიღებს ასეთი უბნებიდან შემოსულ მონაცემებს, რის შესახებაც აცნობებს ცენტრალურ სარეფერენდუმო კომისიას.
საოლქო სარეფერენდუმო კომისიის გადაწყვეტილება ცალკეულ უბნებში რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 5 დღის ვადაში.
მუხლი 26🔗. რეფერენდუმის შედეგების შეჯამება რესპუბლიკის მასშტაბით
ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია თავის სხდომაზე, საოლქო სარეფერენდუმო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს რეფერენდუმის შედეგებს რესპუბლიკის მასშტაბით.
ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია უფლებამოსილია ბათილად ცნოს რეფერენდუმის შედეგები ცალკეულ რაიონებში (ქალაქებში, ქალაქის რაიონებში), თუ დადგინდა, რომ შესაბამის ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩატარების, კენჭისყრით შედეგების დათვლის ან მათი შეჯამების დროს იყო ამ კანონის სერიოზული დარღვევები. ამ ტერიტორიებიდან მიღებული მონაცემები რეფერენდუმის შედეგების შეჯამებისას მხედველობაში არ მიიღება. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის სხდომაზე დგება ოქმი.
ოქმი აღინიშნება:
1) რესპუბლიკის მოქალაქეთა საერთო რიცხვი;
2) რეფერენდუმის მონაწილეთა საერთო რიცხვი;
3) კენჭისყრის მონაწილეთა საერთო რიცხვი;
4) იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებმაც კენჭი უყარეს სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას;
5) იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებმაც კენჭი უყარეს წინააღმდეგ;
6) ბათილად ცნობილი ბიულეტენების საერთო რაოდენობა.
ოქმს ხელს აწერენ ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები. ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს.
ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია რეფერენდუმის შედეგებს აქვეყნებს საინფორმაციო საშუალებათა (პრესა, ტელევიზია, რადიო) მეშვეობით ოქმის შედგენიდან სამი დღის ვადაში.
სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვლება, თუ მის დადებითად გადაწყვეტას ხმა მისცა კენჭისყრის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.
რეფერენდუმი არ ჩაითვლება ჩატარებულად, თუ მასში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა ნახევარზე ნაკლებმა.
თუ აღმოჩნდა, რომ რეფერენდუმის საბოლოო შედეგებზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ იმ უბნების თუ რაიონების (ქალაქების, ქალაქის რაიონების) მოქალაქეების, რომლებშიც საოლქო და ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიებმა რეფერენდუმის შედეგები ბათილად ცნეს, ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია უფლებამოსილია მის მიერ დადგენილ ვადაში შესაბამის კომისიებს დაავალოს განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება.
მუხლი 27🔗. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლა
რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს ძალა და საბოლოოა.
რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით.
ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საზოგადოებრივი აზრის გამოსავლინებლად ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს შესაბამისი სახელწიფო ორგანოსათვის საკონსულტაციო მნიშვნელობა აქვს საკითხის გადაწყვეტილების დროს.
მუხლი 28🔗. რეფერენდუმის განმეორებით ჩატარება. რეფერენდუმისათვის მზადების შეწყვეტა. ცვლილებების შეტანა სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხების პროექტებში
ერთსა და იმავე საკითხზე რეფერენდუმის განმეორებით ჩატარება შეიძლება მხოლოდ ორი წლის შემდეგ. რეფერენდუმის ჩატარებისათვის მზადება შეწყდება, თუ რეფერენდუმის ჩატარების დღემდე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო სარეფერენდუმოდ წარდგენილ საკითხზე მიიღებს კანონს ან სხვა გადაწყვეტილებას.
ასევე რეფერენდუმისათვის მზადება შეწყდება, თუ ამას მოითხოვენ მისი ჩატარების ინიციატორები.
რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორები უფლებამოსილი არიან დადგენილი წესით ცვლილებები შეიტანონ სარეფერენდუმოდ გამოტანილი წინადადების ტექსტში ნებისმიერ დროს, მაგრამ არა უგვიანეს 15 დღისა რეფერენდუმის ჩატარებამდე, რაც პრესის საშუალებით დაუყონებლივ უნდა ეცნობოთ რეფერენდუმის მონაწილეებს.
მუხლი 29🔗. რეფერენდუმის ჩატარების დროს საარჩევნო კანონმდებლობის გამოყენება
კენჭისყრის მოწყობისა და ჩატარების წესთან, ხმების დათვლასა და კენჭისყრის შედეგების დადგენასთან დაკავშირებული საკითხების მოსაწესრიგებლად, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, გამოიყენება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის შესაბამისი დებულებები.
თავი IV
პასუხისმგებლობა რეფერენდუმის შესახებ კანონის დარღვევისათვის
პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების განხორციელებაში ხელს შეუშლიან მოტყუების, მუქარის, მოსყიდვის ან ძალადობის გზით, აგრეთვე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ორგანოების, წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების თანამდებობის პირები, საინიციატივო ჯგუფისა და სარეფერენდუმო კომისიის წევრები, ხელმოწერების შემგროვებელი პირები, რომლებიც ჩაიდენენ სიყალბეს, მიწერას, განზრახ არასწორად შეაჯამებენ კენჭისყრის შედეგებს, დაარღვევენ კენჭისყრის საიდუმლოებას, დაისჯებიან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ორ წლამდე, ან ჯარიმით ხუთი ათას მანეთამდე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია.
თბილისი, 1991 წლის 29 იანვარი.
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონი სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე
ზ. გამსახურდია.
თბილისი, 1991 წლის 29 იანვარი.