საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კანონი ძალადაკარგული
მიღების თარიღი 02.08.1991
ძალის დაკარგვა 01.07.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 8, 31/08/1991
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონის“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 23.06.1995
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)
- „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონის“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ
(ძალადაკარგულია - 23.06.1995, პარლამენტის დადგენილება №764)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ
კარი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი
1. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი (შემდგომში ეროვნული ბანკი) არის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი და მის საკუთრებას წარმოადგენს.
2. ეროვნული ბანკი იქმნება ამ კანონის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
3. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანებია: ეროვნული ფულის ერთეულის სიმტკიცის უზრუნველყოფა, დაკრედიტების, ანგარიშსწორების, ფულის მიმოქცევისა და სავალუტო ურთიერთობათა სფეროში სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის გატარება; კრედიტორებისა და მეანაბრეთა ინტერესების დაცვა კომერციული ბანკების საქმიანობის რეგულირების წესების განსაზღვრით და მათი შესრულებისადმი კონტროლი; საქართველოს რესპუბლიკის ერთიანი ბაზრის შექმნა და მისი მსოფლიოს ეკონომიკაში ინტეგრირებისათვის ხელშეწყობა.
4. ეროვნული ბანკი ეკონომიკურად დამოუკიდებელია და ყოველგვარ ხარჯებს უზრუნველყოფს საკუთარი შემოსავლებით. ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს საქართველოს მთავრობის ვალდებულებებზე, არც საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი ეროვნული ბანკის ვალდებულებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბანკი ან მთავრობა თავად იღებენ თავის თავზე ასეთ ვალდებულებებს.
5. ეროვნული ბანკი იცავს საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებს სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან, საერთაშორისო ბანკებთან და სხვა საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციებთან, სადაც სახელმწიფოთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება ქვეყნის ცენტრალური ბანკების დონეზე.
6. ეროვნული ბანკს აქვს უფლება გაწევრიანდეს სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან საერთაშორისო კავშირებში.
7. ეროვნული ბანკი საქართველოში არსებული ყველა ბანკისათვის გამოსცემს სავალდებულო ნორმატიულ აქტებსა და სხვა მითითებებს მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გარშემო.
8. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებზე დაყრდნობით ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონებითა და საკუთარი წესდებით.
9 ეროვნული ბანკი წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომლის წესდებას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.
10. ეროვნულ ბანკს და მის დაწესებულებებს აქვთ ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბით და თავისი სახელწოდებით.
11. ეროვნული ბანკის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი.
მუხლი 2🔗. ურთიერთობა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასთან
1. ეროვნული ბანკი თავისი ფუნქციების შესრულებისათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უფლება აქვს სათათბირო ხმით მონაწილეობდეს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სხდომების მუშაობაში.
2. ეროვნული ბანკი კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს არა აქვთ უფლება ჩაერიონ მის საქმიანობაში.
ბანკის საქმიანობაში არაკანონიერი ჩარევის შემთხვევაში მას აქვს უფლება გაასაჩივროს ეს ქმედებანი საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში.
3. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია ორი კვირით შეაჩეროს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საკითხის გარკვევამდე ან საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ეროვნული ბანკი ვალდებული არიან ინფორმაცია მიაწოდონ ერთმანეთს გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების თაობაზე და ისწრაფოდნენ კოორდინირებული მოქმედებისაკენ.
5. ეროვნულ ბანკს ეკრძალება სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება და პირველადი განთავსებით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესაძენად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისათვის (საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსათვის) კრედიტების გამოყოფა.
6. საგანგებო შემთხვევაში ეროვნულ ბანკს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ნებართვით შეუძლია გამოუყოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას (საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს) კრედიტი.
7. ეროვნული ბანკი უსასყიდლოდ უწევს საბანკო მომსახურებას საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას (საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს), აგრეთვე ახორციელებს რესპუბლიკური ბიუჯეტის საკასო შესრულებას და ატარებს საანგარიშსწორებო და სხვა ოპერაციებს. სახელმწიფოს სახსრები ინახება ეროვნული ბანკის უპროცენტო ანგარიშებზე.
8. ეროვნული ბანკი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დავალებით და საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით უსასყიდლოდ ახორციელებს სახელმწიფოს შინაგანი და საგარეო ვალის მართვას, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განთავსების, პროცენტების გაცემის, რეფინანსირებისა და სესხების დაფარვის ოპერაციების წარმოებასთან.
9. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი სახელმწიფო ვალის მართვის საკითხებში განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონით „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ვალის შესახებ“.
10. ეროვნული ბანკი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დავალებით და საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით მართავს საქართველოს რესპუბლიკის ვალუტას და ოქროს რეზერვებს.
11. ეროვნული ბანკი და მისი დაწესებულებები თავისუფლდებიან ყველა სახის სახელმწიფო და ადგილობრივი გადასახადების, გამოსაღებების და სახელმწიფო ბაჟის (საგერბოს და საბაჟოს ჩათვლით) გადასახადებისაგან.
12. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობაში შესატანი ფულად-საკრედიტო რეგულირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტები ექვემდებარება ეროვნულ ბანკთან წინასწარ შეთანხმებას.
მუხლი 3🔗. ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციები
ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ფულის ემისია და ფულის მიმოქცევის ორგანიზება;
ბ) ეროვნული ეკონომიკის და ფულად-საკრედიტო რეგულირება;
გ) როგორც ბოლო ინსტანციის კრედიტორი კომერციული ბანკების დაკრედიტება;
დ) კომერციულ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებს შორის ანგარიშსწორების ორგანიზაცია, ლიცენზიების გაცემა;
ე) რესპუბლიკის სახელმწიფო ვალის მომსახურება;
ვ) რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტთან ოპერაციების წარმოება;
ზ) ფასიანი ქაღალდებისა და უცხოური ვალუტის ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების წარმოება;
თ) რესპუბლიკის სავალუტო და ძვირფასი ლითონების რეზერვების მართვა;
ი) კომერციული ბანკებისათვის საბანკო ოპერაციებისა და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოება;
*შემდგომში კომერციული ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულებების ნაცვლად შემოკლების მიზნით ნახმარი იქნება კომერციული ბანკები.
კ) კომერციული ბანკების საქმიანობის კონტროლი;
ლ) საინფორმაციო სისტემისა და საბანკო სტატისტიკის ორგანიზაცია.
მუხლი 4🔗. ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალი და ფონდები
1. ეროვნულ ბანკს აქვს საწესდებო ფონდი, რომელიც ემსახურება მისი ვალდებულებების უზრუნველყოფას, ეროვნული ბანკის წესდებით განისაზღვრება საწესდებო ფონდის ოდენობა, მისი შექმნის წესი და წყაროები.
2. ეროვნული ბანკი საბანკო სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ქმნის სადაზღვევო და სარეზერვო ფონდებს ბანკების ანარიცხების ხარჯზე.
3. ეროვნულ ბანკს შეუძლია შექმნას სხვადასხვა დანიშნულების ფონდები, რომელთა შექმნისა და გამოყენების წესებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის წესდება.
მუხლი 5🔗. ეროვნული ბანკის მოგება და მისი განაწილება
1. ეროვნული ბანკის მოგება იქმნება თავისი საქმიანობიდან მიღებული ყველა შემოსავლისაგან და ნაწილდება ეროვნული ბანკის წესდები შესაბამისად.
2. ეროვნულ ბანკს და მის დაწესებულებებს არა აქვთ უფლება იყვნენ კომერციული ბანკების ან სხვა დაწესებულებების აქციონერები გარდა რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დაშვებული და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
მუხლი 6🔗. ეროვნული ბანკის ანგარიშგება
1. ეროვნული ბანკის საანგარიშო პერიოდია 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. ეროვნული ბანკი ყოველწლიურად არა უგვიანეს 1 აპრილისა განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს ანგარიშგებას 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს. ანგარიშგება უნდა შეიცავდეს რესპუბლიკის საბანკო სისტემის ფულის მიმოქცევისა და ფინანსების, საგადასახადო ბალანსისა და სავალუტო მდგომარეობის, აგრეთვე ეროვნული ბანკის ოპერაციების ანალიზს, წლიურ ბალანსსა და მოგება-ზარალის ანგარიშს.
წლიური ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორიული ორგანიზაციის მიერ.
3. ეროვნული ბანკი ყოველკვარტალურად აქვეყნებს პრესაში თავის ბალანსსა და მონაცემებს ფულის მიმოქცევის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე წლიურ ბალანსს უზენაესი საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ.
4. ეროვნული ბანკი ყოველკვარტალურად გამოსცემს თავისი საქმიანობის და რესპუბლიკის საბანკო სისტემის ფუნქციონირების შედეგების ამსახველ ბიულეტენს.
კარი II
ეროვნული ბანკის საემისიო უფლება და ფულის მიმოქცევის ორგანიზაცია
მუხლი 7🔗. საქართველოს რესპუბლიკის ფულის ერთეული
საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური ფულის ერთეულია ეროვნული ფულის ნიშანი, რომლის დასახელება, სახე, შემადგენლობა, უზრუნველყოფა, სხვა აუცილებელი ნიშნები და დებულებები განისაზღვრება „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ფულადი სისტემის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით.
მუხლი 8🔗. ფულის ემისია
1. ეროვნული ბანკი წარმოადგენს რესპუბლიკის საემისიო ცენტრს და მხოლოდ მას აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების მიმოქცევაში და მიმოქცევიდან ამოღების უფლება.
2. ფულის უნაღდო ემისია ხორციელდება სადეპოზიტო-სასესხო ოპერაციების პროცესში.
3. ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო ბერკეტების მეშვეობით ახდენს ნაღდი და უნაღდო ემისიის რეგულირებას.
4. ფულის ემისიის გამოყენება უშუალოდ რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად აკრძალულია.
მუხლი 9🔗. ფულის ნიშნების მიმოქცევის ორგანიზაცია
ეროვნული ბანკი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად:
ა) ახდენს ბანკნოტებისა და მონეტების დამზადების ორგანიზებას;
ბ) ადგენს ბანკებში ნაღდი ფულის გადაზიდვის, შენახვისა და ინკასაციის წესს;
გ) ადგენს ბანკნოტებისა და მონეტების სარეზერვო ფონდების შექმნის წესს;
დ) ადგენს ფულადი ნიშნების ვარგისიანობის განსაზღვრის, აგრეთვე დაზიანებული ბანკნოტებისა და მონეტების გამოცვლისა და განადგურების წესს.
კარი III
ფულად-საკრედიტო რეგულირება
მუხლი 10🔗. ფულად-საკრედიტო რეგულირება
ეროვნული ბანკი „საქართველოს რესპუბლიკის ფულად-საკრედიტო რეგულირების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად ახორციელებს რესპუბლიკის ფულის მიმოქცევის მართვას მიმოქცევაში ფულადი მაისის მოცულობისა და სტრუქტურის ცვლილებების გზით.
კარი IV
ეროვნული ბანკის ოპერაციები
მუხლი 11🔗. ოპერაციები ბანკებთან
ეროვნულ ბანკს აქვს უფლება:
ა) კომერციულ ბანკებს მისცეს კრედიტები მსესხებლებთან შეთანხმებულ ვადებში;
ბ) შეიძინოს, გაყიდოს და აწარმოოს სხვა გარიგებები თამასუქებითა და ჩეკებით, რომელთაც აქვთ მათზე ვალდებული ცნობილი გადახდისუნარიანი სამი პირის ხელმოწერა და გადახდის ვადით არაუგვიანეს სამი თვისა შეძენის თარიღიდან.
გ) შეიძინოს, შეინახოს და გაყიდოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები;
დ) გასცეს კრედიტები სამ თვემდე ვადით ამ მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტებში მითითებული ფასიანი ქაღალდების გირაოს ქვეშ, ამასთან არა უმეტეს მათი საერთო თანხის 90 პროცენტისა;
ე) შეიძინოს და გაყიდოს უცხოური ვალუტა და ბანკების მიერ წაყენებული საგადახდო საბუთები უცხოურ ვალუტაში;
ვ) შეიძინოს და გაყიდოს ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები.
მუხლი 12🔗. ოპერაციები ფასიანი ქაღალდების ბაზარზე
ფულის მიმოქცევის რეგულირების მიზნით ეროვნულ ბანკს შეუძლია შეიძინოს და გაყიდოს საბაზრო ფასებში თამასუქები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის მე-11 მუხლის „ბ“ პუნქტის მოთხოვნებს, აგრეთვე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები.
მუხლი 13🔗. ბანკებს შორის ანგარიშსწორების ორგანიზაცია
ეროვნული ბანკი აწარმოებს კომერციულ ბანკებს შორის ანგარიშსწორების ორგანიზაციას საკორესპონდენტო ანგარიშების მეშვეობით ან სხვა კომერციული ბანკებისათვის მიზანშეწონილი ფორმით.
მუხლი 14🔗. ოპერაციები უცხოურ ვალუტაში
ეროვნული ბანკი რესპუბლიკის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ უფლებამოსილია აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებული ყველა ოპერაცია უცხოურ ვალუტაში.
მუხლი 15🔗. სავალუტო და ძვირფასი ლითონების რეზერვების მართვა
ეროვნული ბანკი მართავს სავალუტო და ძვირფასი ლითონების რეზერვებს, რომლებიც ეროვნული ბანკის ბალანსზეა და ემსახურება ეროვნული ბანკის ვალდებულებების უზრუნველყოფას.
ამ რეზერვების განთავსებისა და შენახვის ოპერაციებს ეროვნული ბანკი აწარმოებს დამოუკიდებლად, ან შესაბამისი რწმუნებით აღჭურვილი ბანკებისა და ორგანიზაციების მეშვეობით.
კარი V
ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობა
მუხლი 16🔗. ეროვნული ბანკის კომერციულ ბანკებთან ურთიერთობის პრინციპები
ეროვნული ბანკი თავისი საქმიანობით ხელს უწყობს კომერციული ბანკების ნორმალურ ფუნქციონირებას და მათ შორის კონკურენციისათვის თანაბარი პირობების შექმნა.
ეროვნული ბანკი არ ერევა კომერციული ბანკები ოპერატიულ საქმიანობაში. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მარეგულირებელ და საკონტროლო ფუნქციებს, ისინი შეზღუდული არიან ამ კანონით და იცავენ ფულად-საკრედიტო სისტემის სტაბილურობას და კრედიტორებისა და მეანაბრეთა ინტერესებს.
მუხლი 17🔗.
საბანკო ოპერაციების წარმოებისათვის ლიცენზიების გაცემა და მათი რეგისტრაცია
1.
საბანკო ოპერაციების წარმოებისათვის ლიცენზიებს გასცემს ეროვნული ბანკი „ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად.
2.
ეროვნული ბანკი აწარმოებს კომერციული ბანკების რეგისტრაციის საერთო-რესპუბლიკურ რეესტრს.
3. ეროვნული ბანკი რეგისტრაციაში ატარებს და ლიცენზიას აძლევს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ნაღდი უცხოური ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის მიზნით გადამცვლელი პუნქტების გახსნაზე.
საქართველოს
პარლამენტის
1993
წლის
10 ივნისის
დადგენილება
- საქართველოს
პარლამენტის
უწყებანი
, №8, 30.06.1993 წ.
მუხლი 18🔗. უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოებაზე ლიცენზიების გაცემა
ეროვნული ბანკი აძლევს ლიცენზიებს კომერციულ ბანკებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოებაზე მის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
მუხლი 19🔗. სადაზღვევო და სარეზერვო ფონდების შექმნის წესების დადგენა
ეროვნული ბანკი განსაზღვრავს კომერციული ბანკების მოგებიდან მოსალოდნელი ზარალის ასანაზღაურებლად გამიზნული სადაზღვევო და სარეზერვო ფონდების შექმნის საერთო წესს.
მუხლი 20🔗. კომერციული ბანკებისათვის ეკონომიკური ნორმატივების დაწესება
ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის წესდება შემდეგი ეკონომიკური ნორმატივები:
ა) საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა;
ბ) ბანკის საკუთარი სახსრებისა და მისი აქტივების ზღვრული თანაფარდობა;
გ) ბალანსის ლიკვიდობის მაჩვენებლები;
დ) ეროვნულ ბანკში მოსათავსებელი აუცილებელი რეზერვების ოდენობა;
ე) ერთ მსესხებელზე რისკის მაქსიმალური ოდენობა;
ვ) მოსახლეობიდან მოზიდული ანაბრების საკუთარ სახსრებთან ზღვრული თანაფარდობა (გარდა შემნახველი ბანკებისა).
მუხლი 21🔗. ეროვნული ბანკის საკონტროლო ფუნქციები
ეროვნული ბანკი აკონტროლებს კომერციული ბანკების მიერ საბანკო კანონმდებლობის დაცვას.
ამ მიზნით კომერციული ბანკების შემოწმებას აწარმოებს ეროვნული ბანკი ან მისი დავალებით აუდიტორული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს შესაბამისი რწმუნებანი.
მუხლი 22🔗. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი საბანკო კანონმდებლობის დარღვევების აღმოსაფხვრელად
1. საბანკო კანონმდებლობის დარღვევების ფაქტების აღმოჩენისას ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს აუცილებელ მითითებებს აძლევს გამოვლენილი დარღვევების განსაზღვრულ ვადებში აღმოსაფხვრელად.
2. თუ კომერციული ბანკი სისტემატურად არღვევს ეკონომიკურ ნორმატივებს, არ ასრულებს ეროვნული ბანკის მიწერილობებს დარღვევების აღმოფხვრის ვადებისა და პირობების შესახებ, არ წარმოადგენს ან წარმოადგენს არაზუსტ ანგარიშგებას, ფუნქციონირებს ზარალიანად, ან რეალური საშიშროება ექმნება ბანკის მეანაბრეებისა და კრედიტორების ინტერესებს; ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) დააყენოს საკითხი კომერციული ბანკის დამფუძნებლების (მონაწილეთა) წინაშე ბანკის ფინანსური გაჯანსაღების ღონისძიების (საკუთარი სახსრების ზრდა, აქტივების სტრუქტურის შეცვლა და სხვა), ბანკის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ;
ბ) მიუყენოს შემდეგი სანქციები:
გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა ბანკის არასწორი ქმედებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლის ოდენობით;
გაუზარდოს აუცილებელი რეზერვების ნორმა;
გამოაცხადოს გაკოტრებულად კომერციული ბანკი „გაკოტრების შესახებ“ საქართველოს კანონის რესპუბლიკის შესაბამისად;
გააუქმოს ლიცენზიები საბანკო ოპერაციების წარმოებაზე.
მუხლი 23🔗. ანტიმონოპოლიური უფლებამოსილებანი
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს (აკრძალოს) საბანკო საქმიანობის კონკურენციის შეზღუდვის, საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოს ფუნქციისაკენ მიმართული საბანკო კავშირებისა და გაერთიანებების ნებისმიერი ქმედება.
მუხლი 24🔗. სადავო საკითხების გადაწყვეტის წესი
ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებანი შეიძლება გასაჩივრდეს კომერციული ბანკების ან მათი დამფუძნებლების მიერ სასამართლოში ან სახელმწიფო არბიტრაჟში.
კარი VI
აღრიცხვა და ანგარიშგება ბანკებში
მუხლი 25🔗. აღრიცხვის წესები ბანკებში
ეროვნული ბანკი ადგეს ყველა ბანკისათვის საბუღალტრო აღრიცხვის წესებს.
მუხლი 26🔗. კომერციული ბანკებისათვის ანგარიშგების დადგენა
ეროვნული ბანკი განუსაზღვრავს კომერციულ ბანკებს საანგარიშგებო და სხვა საინფორმაციო მასალების მოცულობასა და ფორმებს.
კარი VII
ეროვნული ბანკის მოსამსახურეთა უფლებების რეგლამენტირება
მუხლი 27🔗. ეროვნული ბანკის მოსამსახურეთა უფლებების რეგლამენტირება
ეროვნული ბანკის მოსამსახურეებს არა აქვთ უფლება იმუშაონ შეთავსებით და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღონ ფულადი ანაზღაურება ორგანიზაციებიდან და მოქალაქეებიდან (გარდა ჰონორარებისა და სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგიური საქმიანობისა), გახდნენ კომერციული ბანკების მეპაიეები (მონაწილეები) ან მიიღონ რაიმე ფორმით მონაწილეობა მათ მართვაში.
ეროვნული ბანკის მოსამსახურეებს უფლება აქვთ მიიღონ სესხი მხოლოდ ეროვნულ ბანკში.
კარი VIII
ეროვნული ბანკის მართვა
მუხლი 28🔗. ეროვნული ბანკის სტრუქტურა
1. ეროვნული ბანკი წარმოადგენს ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას, რომელიც შედგება ცენტრალური აპარატისა და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების, საწარმოებისა ორგანიზაციებისაგან.
2. ეროვნული ბანკს საქართველოს რესპუბლიკის ავტონომიურ რესპუბლიკებში აქვს დაქვემდებარებული დაწესებულებები ამ რესპუბლიკების ცენტრალური ბანკების სტატუსით.
3. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ეროვნული ბანკისადმი დაქვემდებარებული დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ჩამოყალიბების, დახურვისა და (გაუქმების) და ფუნქციონირების წესებს.
მუხლი 29🔗. ეროვნული ბანკის მმართველობა
1. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას ახორციელებენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის გამგეობა.
2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნიშნავს (5 წლით) და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით.
ეროვნული ბანკის გამგეობის პერსონალურ შემადგენლობას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინადადებით (5 წლით) და ათავისუფლებს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი.
3. საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკთან მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან იქმნება მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობას პერსონალურად ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი.
მრჩეველთა საბჭოს ამოცანაა სისტემატურად გააანალიზოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა რესპუბლიკაში და შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომლებსაც, როგორც წესი, ითვალისწინებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა.
4. ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალური ბანკის სტატუსის მქონე ეროვნული ბანკის დაწესებულებების ხელმძღვანელებს ნიშნავს და ათავისუფლებს ეროვნული ბანკის გამგეობა ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების წარდგენით.
5. ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და გამგეობის უფლებამოსილებასა და ვალდებულებებს, აგრეთვე გამგეობის მუშაობის რეგლამენტს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის წესდება ამ კანონის შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
თბილისი, 1991 წლის 2 აგვისტო.