„გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 93%
- მოქმედი 92%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
- მოქმედი 90%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №347 |
|
2022 წლის 4 ივლისი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
danarti.docx ⬇
გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების საგანი
„გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესით“ (შემდგომში – წესი) რეგულირდება გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმები და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესი, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარემოსთვის მიყენებული ზიანი − სამრეწველო ავარიით ან/და პირის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებით გამოწვეული გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. ზიანად არ ჩაითვლება გარემოზე ისეთი უარყოფითი ზემოქმედება, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული, ამასთანავე, აღნიშნულ ქმედებაზე უფლებამოსილ ორგანოს გაცემული ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტი ან თანხმობა;
ბ) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი (შემდგომში − მნიშვნელოვანი ზიანი) – ზიანი, რომლის გარემოსთვის მიყენების შემთხვევაში, გარემოს დაზიანების დონე შეესაბამება კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) დადგენილ კრიტერიუმებს;
გ) გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა – პირის ვალდებულება, კანონის შესაბამისად განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები;
დ) საბაზისო მდგომარეობა − გარემოსთვის ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მომენტში ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი რომ არ დამდგარიყო და რომელიც ფასდება საუკეთესო ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე;
ე) ბუნებრივი რესურსები – „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი და საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული სახეობები და ჰაბიტატები, წყალი და მიწა;
ვ) ბუნებრივი რესურსების მომსახურება – ფუნქცია, რომელსაც ბუნებრივი რესურსი ასრულებს გარემოსთვის (მათ შორის, სხვა ბუნებრივი რესურსისთვის) ან საზოგადოებისთვის;
ზ) ბიომრავალფეროვნებისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი – „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი და საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატებისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი, რომელიც ასეთ სახეობებსა და ჰაბიტატებზე ახდენს მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას, კანონის №1 დანართით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად;
თ) მიწა – დედამიწის ბიოპროდუქტიული სისტემა, რომელიც მოიცავს ნიადაგს, მცენარეულ საფარს, სხვა ბიომასებს, ეკოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებს, რომლებიც მოქმედებენ ამ სისტემაში;
ი) მიწისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი – მიწის დაბინძურება ან/და დეგრადაცია, რომელიც მიიჩნევა მნიშვნელოვან ზიანად კანონის №1 დანართით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად;
კ) წყლისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი – ნებისმიერი ზიანი, რომელიც მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს წყალზე, კანონის №1 დანართით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად;
ლ) გამოსასწორებელი ღონისძიებები – ნებისმიერი მოქმედება ან მოქმედებათა ერთობლიობა, მათ შორის, მნიშვნელოვანი ზიანის შემარბილებელი ან ბუნებრივი რესურსების ან/და ბუნებრივი რესურსების მომსახურების (შემდგომში – ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების) შუალედური დანაკარგის საკომპენსაციო ღონისძიებები, რომელთა მიზანია:
ლ.ა) პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებით დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და გაუარესებული მომსახურების აღდგენა/რეაბილიტაცია; ან/და
ლ.ბ) სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელებით დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და გაუარესებული მომსახურების სანაცვლო ან ეკვივალენტური ალტერნატივის შექმნა;
მ) შუალედური დანაკარგი – დანაკარგი გარემოსთვის (მათ შორის, სხვა ბუნებრივი რესურსებისთვის) ან საზოგადოებისთვის, რომელიც წარმოიშობა ბუნებრივი რესურსების დაზიანების ან/და ბუნებრივი რესურსების მომსახურების გაუარესების შედეგად დაზიანებული გარემოს მიერ თავისი ეკოლოგიური ფუნქციების შესრულების შეუძლებლობით – პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებების ან სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების ამოცანების სრულად მიღწევამდე. შუალედური დანაკარგი არ ითვალისწინებს საზოგადოების წევრების ფინანსურ კომპენსაციას;
ნ) გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა (შემდგომში – გეგმა) – გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიების განმსაზღვრელი დოკუმენტი, რომელიც უნდა მომზადდეს და განხორციელდეს გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელი პირის მიერ, დაზიანებული ბუნებრივი რესურსებისა და მომსახურების აღდგენის მიზნით. გეგმა ასევე მოიცავს შუალედური დანაკარგის საკომპენსაციო გამოსასწორებელ ღონისძიებებსაც;
ო) რეცეპტორები – ორგანიზმები, მათი თანასაზოგადოება, ჰაბიტატები, ეკოსისტემები ან მომსახურებები, რომლებიც განიცდიან უარყოფით ზეგავლენას, გარემოსთვის მიყენებული ზიანის შედეგად;
პ) ეკვივალენტურობის ანალიზი – მეთოდებისა და მიდგომების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შედეგად, დროთა განმავლობაში მიღებული ბუნებრივი რესურსებისა და მომსახურების დანაკარგის სახეებისა და მოცულობის განსაზღვრისთვის, ასევე იმ ღონისძიებების სახეებისა და მოცულობის განსაზღვრისთვის, რაც საჭიროა აღნიშნული დანაკარგის ანაზღაურებისთვის;
ჟ) დებიტი – ეკვივალენტურობის ანალიზის პროცესში გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შედეგად მიღებული დანაკარგის რაოდენობრივი გამოხატულება;
რ) კრედიტი – ეკვივალენტურობის ანალიზის პროცესში, ბუნებრივი რესურსების ან მომსახურების სარგებლის რაოდენობა, რომელიც მიიღება სანაცვლო/ადეკვატური და საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიებების შედეგად;
ს) რთული პროცენტი – კორექტირება, რომელიც საჭიროა ისტორიული (მნიშვნელოვანი ზიანის დადგომამდე) ზეგავლენის არსებულ ღირებულებასთან მისადაგებისთვის. შესაბამისად, რთული პროცენტი წარმოადგენს დისკონტირების (რომლის მიზანია სამომავლო ზეგავლენის არსებულ ღირებულებასთან მისადაგება) საწინააღმდეგოს. რთული პროცენტის გაანგარიშება ხორციელდება შესაბამის წელში რეალური ღირებულების გამრავლებით რთული პროცენტის მაჩვენებელზე (1+r)(T-t), სადაც r რთული პროცენტის მაჩვენებელია, ხოლო t – წელი;
ტ) დისკონტირება – კორექტირება, რომელიც საჭიროა სამომავლო ზეგავლენის არსებულ ღირებულებასთან მისადაგებისთვის. შესაბამისად, დისკონტირება წარმოადგენს რთული პროცენტის (რომლის მიზანია წარსული ზეგავლენის არსებულ ღირებულებასთან მისადაგება) საწინააღმდეგოს. დისკონტირების გაანგარიშება ხორციელდება შესაბამის წელში რეალური ღირებულების გამრავლებით დისკონტირების მაჩვენებელზე – 1/(1+r)(T-t), სადაც r არის დისკონტირების მაჩვენებელი, ხოლო t – წელი;
უ) სახიფათო ნივთიერებები – ნებისმიერი ნივთიერება ან ნაერთი, რომელსაც აქვს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა;
ფ) „სხვა ტერიტორია“ – დაზიანებული ტერიტორიისგან განსხვავებული ტერიტორია. უპირატესად დაზიანებულ ტერიტორიასთან გეოგრაფიულად დაკავშირებული ტერიტორია, რომელსაც დაზიანებულ ბუნებრივ რესურსებსა და მომსახურებასთან აქვს ეკოლოგიური, ტერიტორიული ან ლანდშაფტური კავშირი;
ქ) გამოყენებითი ღირებულება – ღირებულება, რასაც საზოგადოება იღებს ბუნებრივი რესურსებისა და მომსახურების გამოყენებით (მაგ.: თევზაობა, ნავით სეირნობა ან სხვაგვარი რეკრეაციული სარგებლობა);
ღ) გამოუყენებლობის ღირებულება – ღირებულება, რასაც საზოგადოება ანიჭებს ბუნებრივი რესურსის არსებობას, თუნდაც საზოგადოების წევრები ამ რესურსს პირდაპირ არ იყენებდნენ;
ყ) არათანაზომიერი ხარჯები – დაზიანებული გარემოს სრულად აღდგენის ხარჯი, რომელიც არაპროპორციულია მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით. მოიცავს ხარჯების მოსალოდნელ სარგებელთან ან/და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსწორებაზე პასუხისმგებელი პირის ტვირთთან შედარებას;
შ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ჩ) დეპარტამენტი – სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;
ც) სააგენტო – სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო;
ძ) დაინტერესებული პირი − საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დაინტერესებული მხარე (მათ შორის, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია);
წ) კონსერვაცია – ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც საჭიროა ჰაბიტატებისა და ველური ფლორისა და ფაუნის სახეობების პოპულაციების სახარბიელო კონსერვაციული სტატუსით შენარჩუნებისა და აღდგენისთვის.
2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება კანონითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ტერმინები.
თავი II. გამოსასწორებელი ღონისძიებები
მუხლი 3. გამოსასწორებელი ღონისძიებების მიზანი
1. გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების მიზანია დაზიანებული ბუნებრივი რესურსებისა და მომსახურებების აღდგენა, კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი თანმიმდევრობის მიხედვით:
ა) დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა;
ბ) დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენა;
გ) დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების აღდგენა დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან „სხვა ტერიტორიაზე“ გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების გზით (თუ დადგინდება, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა შეუძლებელია ან აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია გონივრულ ვადაში, ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს). „სხვა ტერიტორია“ განისაზღვრება კანონის მე-9 მუხლითა და „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი, მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესით“ გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პროცედურის შესაბამისად.
2. პირი, რომლის საქმიანობამ გამოიწვია გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება, ვალდებულია:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით მოახდინოს გამოსასწორებელი ღონისძიებების იდენტიფიცირება; და
ბ) დეპარტამენტის მიერ პირისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 180 კალენდარული დღის ვადაში მოამზადოს და სააგენტოს წარუდგინოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი, კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად.
3. გეგმით, ამ წესით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით, განისაზღვრება გამოსასწორებელი ღონისძიებ(ებ)ის განხორციელების ადგილმდებარეობა, რიგითობა, ხანგრძლივობა. გეგმა უნდა შედგეს ამ წესის დანართი 4-ით განსაზღვრული სტრუქტურის მიხედვით.
4. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა გარემოსთვის მიყენებული ერთზე მეტი სახის ზიანი, სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების თანმიმდევრობის შესახებ.
მუხლი 4. საბაზისო მდგომარეობის განსაზღვრა
1. საბაზისო მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით შესწავლილი უნდა იქნეს მნიშვნელოვანი ზიანის შედეგად რეცეპტორებში დაფიქსირებული ცვლილებები, მათ შორის, არსებულ ინფორმაციულ წყაროებზე დაყრდნობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესწავლის დროს უნდა განხორციელდეს იმ ნებისმიერი ცოცხალი და არაცოცხალი კომპონენტების, ასევე ბუნებრივი პროცესების იდენტიფიცირება, რომელთაც:
ა) მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ ზეგავლენას დაქვემდებარებული რეცეპტორების გამოსწორებასა და კონსერვაციაში; ასევე
ბ) შესაძლებელია, ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეგავლენა სხვა ბუნებრივ რესურსსა თუ მომსახურებაზე, რომლებიც იმავე ეკოსისტემას მიეკუთვნება.
3. საბაზისო მდგომარეობის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი ასპექტებიც:
ა) სანდო ისტორიული ინფორმაციის არსებობა, რომელიც აჩვენებს დადებით ან უარყოფით ტენდენციას ზეგავლენას დაქვემდებარებული ბუნებრივი რესურსის და მომსახურების განვითარების პროცესში;
ბ) დამტკიცებული ან განხილვის პროცესში არსებული მიწათსარგებლობის გეგმები, რომლებიც იწვევს დაზიანებული ბუნებრივი რესურსის ან მომსახურების შემცირებას ან გაუმჯობესებას.
4. საბაზისო მდგომარეობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება კანონის №1 დანართით გათვალისწინებული, მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები. საბაზისო მდგომარეობის განსაზღვრის სახელმძღვანელო პრინციპები მოცემულია ამ წესის პირველ დანართში.
მუხლი 5. პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებები
1. პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებების ამოცანაა დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების აღდგენა პირვანდელ ან/და პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობაში იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ზიანი მიადგა. საორიენტაციო პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებები მოცემულია ამ წესის მე-3 დანართში.
2. მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელმა პირმა უნდა განახორციელოს პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებების რამდენიმე ალტერნატივის იდენტიფიცირება. აღნიშნული, სულ მცირე, უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ასპექტებს:
ა) ეკოლოგიური ფაქტორები, რომლებიც საჭიროა იმ ბუნებრივი რესურსებისა და მომსახურების კონსერვაციისთვის, რომელიც ზეგავლენას დაექვემდებარა;
ბ) თითოეულ გამოსასწორებელ ღონისძიებასთან დაკავშირებული ჩარევის ხარისხი. ჩარევის ხარისხი შესაძლებელია იყოს სრული, ნაწილობრივი ან დაზიანებული გარემოს ბუნებრივ აღდგენაზე დაფუძნებული. ჩარევის ხარისხის განსაზღვრა, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მოხდეს დაზიანებული გარემოს სენსიტიურობის, აღდგენის დროის (პერიოდის) და გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ხარჯების ასპექტების გათვალისწინებით;
გ) თითოეული ალტერნატივისთვის ბუნებრივი რესურსების ან მომსახურების სავარაუდო შუალედური დანაკარგი;
დ) შეთავაზებული გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ტექნიკური მექანიზმები;
ე) თითოეული გამოსასწორებელი ღონისძიების განხორციელების წინასწარი სავარაუდო ღირებულება.
3. მიწის სახიფათო ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად დაზიანების შემთხვევაში, უნდა გატარდეს საჭირო ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს, სულ მცირე, შესაბამისი დამაბინძურებელი ნივთიერებების ამოღება, მონიტორინგი, შემდგომი გავრცელების შეკავება ან/და შემცირება, რათა დაბინძურებული მიწა აღარ წარმოადგენდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის მნიშვნელოვან რისკს. ამგვარი რისკის არსებობა უნდა შეფასდეს რისკის შეფასების პროცედურით, რომელიც გაითვალისწინებს მიწის მახასიათებლებსა და ფუნქციას, სახიფათო ნივთიერებების სახესა და კონცენტრაციას, ორგანიზმებსა და მიკროორგანიზმებს, მათ რისკებსა და გავრცელების შესაძლებლობას.
მუხლი 6. სანაცვლო/ადეკვატური გამოსასწორებელი ღონისძიება
1. წყლისა და ბიომრავალფეროვნებისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, სანაცვლო/ადეკვატური გამოსასწორებელი ღონისძიების ამოცანაა დაზიანებული ტერიტორიის მსგავსი ხარისხის ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების შექმნა დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან „სხვა ტერიტორიაზე“.
2. სანაცვლო/ადეკვატური გამოსასწორებელი ღონისძიება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მხოლოდ პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიების განხორციელებით შეუძლებელია დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა;
ბ) პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიების გამოყენება არ არის გონივრული, ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად;
გ) სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიების შედეგიანობისთვის საჭირო დრო ან ხარჯები, გარემოსთვის მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით, არაპროპორციულია.
3. დაზიანებული გარემოს (ბუნებრივი რესურსებისა და მომსახურების) პირვანდელ ან პირვანდელთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენის შეუძლებლობა გარემოსთვის ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა დასაბუთდეს და ეს დასაბუთება, კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, წარედგინოს სააგენტოს. გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ხარჯების გარემოსთვის მოსალოდნელ სარგებელთან შედარებით არაპროპორციულობის შემთხვევაში სააგენტოს ასევე უნდა წარედგინოს აღნიშნული ხარჯების დამასაბუთებელი შესაბამისი მტკიცებულებები.
4. სანაცვლო/ადეკვატური გამოსასწორებელი ღონისძიებები, მიწისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას, გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
ა) როდესაც მიწის დაზიანება იწვევს კანონის დანართი №1-ით გათვალისწინებულ სახეობებსა და ჰაბიტატებზე ან წყალზე ზიანის მიყენებას;
ბ) როდესაც პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებები იწვევს კანონის დანართი №1-ით გათვალისწინებულ სახეობებსა და ჰაბიტატებზე ან წყალზე ზიანის მიყენებას.
მუხლი 7. საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიებები
1. პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებებისა და სანაცვლო/ადეკვატური გამოსასწორებელი ღონისძიებების გარდა, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების დროებითი დანაკარგის (შუალედური დანაკარგი) საკომპენსაციოდ, გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების პერიოდში (შემთხვევის დადგომიდან დაზიანებული გარემოს პირვანდელ ან პირვანდელთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენამდე დროის პერიოდი) განახორციელოს შესაბამისი საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიებები.
2. საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიებების შერჩევა ხორციელდება ამ წესისა და „დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შერჩევის წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.
3. საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიება მოიცავს დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან მომსახურების დამატებით გაუმჯობესების ქმედებებს დაზიანებულ ტერიტორიაზე ან სხვა ტერიტორიაზე. საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიება არ მოიცავს საზოგადოების წევრების ფინანსურ კომპენსაციას.
4. საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიებები მიწისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას გამოიყენება ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 8. გამოსასწორებელი ღონისძიების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები
1. გამოსასწორებელი ღონისძიება, ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის, უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) თითოეული ღონისძიების ზეგავლენა საზოგადოების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე;
ბ) თითოეული ღონისძიების განხორციელების ხარჯები;
გ) თითოეული ღონისძიების მოსალოდნელი შედეგი;
დ) თითოეული ღონისძიების მასშტაბი სამომავლო ზიანის პრევენციისთვის და აღნიშნული ღონისძიების განხორციელების შედეგად სხვა ზიანის წარმოქმნის თავიდან აცილება;
ე) თითოეული ღონისძიების სარგებლის მასშტაბი ბუნებრივი რესურსის ან/და მომსახურების თითოეულ კომპონენტზე;
ვ) თითოეული ღონისძიების დროს სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ადგილობრივი გარემოსთვის სპეციფიკური ფაქტორების გათვალისწინების მასშტაბი;
ზ) დაზიანებული გარემოს აღდგენისთვის საჭირო დროის (პერიოდის) ხანგრძლივობა;
თ) თითოეული ღონისძიების დროს ტერიტორიის აღდგენის მასშტაბი;
ი) დაზიანებულ ტერიტორიასთან გეოგრაფიული კავშირი.
2. გამოსასწორებელი ღონისძიების შეფასების დროს შესაძლებელია, შერჩეულ იქნეს ისეთი პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიება, რომლითაც სრულად არ აღდგება (ან ნელა აღდგება) დაზიანებული ბუნებრივი რესურსებისა და მომსახურების პირვანდელი მდგომარეობა და აღნიშნული დაკომპენსირდება დამატებითი გამოსასწორებელი ღონისძიებების ან საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიებების გაზრდით.
თავი III. გამოსასწორებელი ღონისძიებების იდენტიფიცირება. ეკვივალენტურობის ანალიზი
მუხლი 9. ეკვივალენტურობის ანალიზის მიზნები
1. სანაცვლო/ადეკვატური ან/და საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიებების იდენტიფიცირების დროს უნდა განხორციელდეს ეკვივალენტურობის ანალიზი. ეკვივალენტურობის ანალიზის მიზანია განისაზღვროს სანაცვლო/ადეკვატური და საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიებების სათანადო მოცულობა, გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის საზოგადოების საკომპენსაციოდ.
2. ეკვივალენტურობის ანალიზის დროს გამოიყენება შემდეგი ოთხი მეთოდი:
ა) რესურსი რესურსისთვის – რესურსების ეკვივალენტურობის ანალიზი (REA) – რესურსების ერთეულების მიხედვით მნიშვნელოვანი ზიანის შედეგად გამოწვეული დანაკარგებისა და გამოსასწორებელი ღონისძიების შედეგად მიღებული სარგებლის გამოხატულება;
ბ) მომსახურება მომსახურებისთვის – ჰაბიტატების ეკვივალენტურობის ანალიზი (HEA) – მნიშვნელოვანი ზიანის შედეგად გამოწვეული დანაკარგი და ჰაბიტატების აღდგენის სარგებელი (კომპენსირდება ანალოგიური ჰაბიტატის აღდგენით);
გ) ღირებულება ღირებულებისთვის – ღირებულების ეკვივალენტურობის ანალიზი (VEA) – დებიტისა და კრედიტის გამოხატულება მონეტარულად;
დ) ღირებულება ხარჯისთვის – გამოსასწორებელი ღონისძიების ხარჯი, რომელიც შეესაბამება დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების მონეტარულ ღირებულებას. როდესაც შესაძლებელია, ზიანის მონეტარული ღირებულების ვარაუდი (მაგ.: საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციო ღირებულება ან სხვ.), მაგრამ შეუძლებელია გამოსასწორებელი ღონისძიების სარგებლის მონეტარული ღირებულების ვარაუდი, შესაძლებელია გამოსასწორებელი ღონისძიების ხარჯის გამოთვლა ზიანის ღირებულების მიხედვით.
მუხლი 10. ეკვივალენტურობის ანალიზის მეთოდის შერჩევა
1. სანაცვლო/ადეკვატური და საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიებების შერჩევის დროს, პირველ რიგში, გამოიყენება ეკვივალენტურობის მეთოდები – „რესურსი რესურსისთვის“ ან „მომსახურება მომსახურებისთვის“. ამ მეთოდების შერჩევისას მხედველობაში მიიღება მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების მიღებას, ხოლო, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში შეირჩევა ალტერნატიული ბუნებრივი რესურსი ან/და მომსახურება.
2. როდესაც მეთოდები „რესურსი რესურსისთვის“ ან „მომსახურება მომსახურებისთვის“ ვერ გამოიყენება, სანაცვლო/ადეკვატური და საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრისთვის გამოიყენება მეთოდები: „ღირებულება ღირებულებისთვის“ ან „ღირებულება ხარჯისთვის“.
3. როდესაც ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების დანაკარგის შეფასება შესაძლებელია, მაგრამ ბუნებრივი რესურსის ან/და მომსახურების ჩანაცვლება გონივრულ ვადაში ან თანაზომიერი ხარჯებით ვერ განხორციელდება, სააგენტო უფლებამოსილია, შეარჩიოს გამოსასწორებელი ღონისძიება, რომლის ხარჯი შეესაბამება ბუნებრივი რესურსის ან/და მომსახურების დანაკარგის სავარაუდო მონეტარულ ღირებულებას.
4. ეკვივალენტურობის მეთოდის შერჩევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:
ა) ბუნებრივი რესურსები ან მომსახურება, რომელიც დაზიანდა და რომლის მიღება მოხდება გამოსასწორებელი ღონისძიებების შედეგად;
ბ) ბუნებრივი რესურსის ან მომსახურების ხარისხი, რომელიც გაუარესდა და რომლის გაუმჯობესება მოხდება გამოსასწორებელი ღონისძიებების შედეგად;
გ) გაზომვის ერთი და იმავე ერთეულის გამოყენების შესაძლებლობა ბუნებრივი რესურსის ან მომსახურების დანაკარგებისა და სარგებლის გაანგარიშებისთვის;
დ) გამოსასწორებელი ღონისძიების განხორციელების ადგილი;
ე) გამოსასწორებელი ღონისძიების ხარჯი.
მუხლი 11. ეკვივალენტურობის ანალიზი
1. ეკვივალენტურობის ანალიზი ხორციელდება ამ წესის დანართ 2-ის მიხედვით.
2. მთლიანი დებიტი გამოითვლება, როგორც ზიანის დადგომიდან თითოეულ მომდევნო წელს მიღებული დანაკარგების ჯამი, ბუნებრივი რესურსის ხარისხისა და მომსახურების პირვანდელ ან პირვანდელთან მიახლოებულ მდგომარეობაში აღდგენამდე.
3. გამოსასწორებელი ღონისძიების შედეგად მიღებული სარგებლის (კრედიტის) განსაზღვრამ და რაოდენობრივმა შეფასებამ უნდა განსაზღვროს გარემოსდაცვითი სარგებლის (ან ადამიანების მიერ გამოყენების სარგებლის) ხარისხი. აღნიშნული პროცესის ძირითადი ელემენტებია:
ა) გამოსასწორებელი ღონისძიებების სახეების იდენტიფიცირება და შეფასება;
ბ) გამოსასწორებელი ღონისძიებების სახეების მიერ წარმოქმნილი მომსახურებების სარგებლის (კრედიტი) გამოთვლა.
4. გამოსასწორებელი ღონისძიების შედეგად კრედიტის იდენტიფიცირება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს გამოსასწორებელი ღონისძიების მასშტაბის კორექტირება, რათა დაკომპენსირდეს მიყენებული ზიანის მოცულობა ან ხარისხი (მასშტაბური გამოსასწორებელი ღონისძიებები).
5. მასშტაბური გამოსასწორებელი ღონისძიებების მეთოდი გამოიყენება ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მეთოდებისთვის.
6. პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში გამოანგარიშდება პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიების სარგებელი. ეს შესაძლებელს გახდის, განისაზღვროს მომსახურების გაუმჯობესების მოცულობა და გაუმჯობესების მაჩვენებელი.
მუხლი 12. გამოსასწორებელი ღონისძიების ხარჯის კომპონენტები
1. ეკვივალენტურობის ანალიზის გამოყენების დროს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მთლიანი ხარჯი არის შეფასებისა და გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ხარჯების ჯამი.
2. ეკვივალენტურობის ანალიზის შედეგები შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს საჭირო გამოსასწორებელი ღონისძიებების რაოდენობისა და სახეების მიხედვით, ან განხორციელების ხარჯის მიხედვით (აღნიშნული დამოკიდებულია ეკვივალენტურობის ანალიზის მეთოდზე).
3. გამოსასწორებელი ღონისძიების ერთეულის ხარჯი, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა) დაგეგმვა – დაგეგმვა და გამოსასწორებელი ღონისძიების პროექტირება. ის ასევე მოიცავს წინასწარ გარემოსდაცვით ან ეკონომიკურ კვლევებს ზიანის მასშტაბის იდენტიფიცირებისთვის (ღირებულების დანაკლისი ან სარგებლის დანაკლისი) და გარემოსდაცვით ან ეკონომიკურ კვლევებს – გარემოსთვის ზიანის მიყენების შემდგომი დათვლის ან შეფასებისთვის (ღირებულების დანაკლისი ან სარგებლის დანაკლისი). ხარჯის ეს კომპონენტები შესაძლებელია, დაიყოს შემდეგ ქვეკომპონენტებად:
ა.ა) წინასწარი პროექტირება, კვლევა და დაგეგმვის მომზადება – მოიცავს ყველა სამუშაოს, რომელიც საჭიროა საბოლოო, განხორციელებადი გამოსასწორებელი ღონისძიების გეგმის მომზადებისთვის და რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს რესურსების ეკვივალენტურობის ანალიზის ხარჯს;
ა.ბ) საბოლოო გეგმის მომზადება – მოიცავს საბოლოო გამოსასწორებელ ღონისძიებებს (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრებს საზოგადოებასთან, მათ მოსაზრებებს/შენიშვნებს), საპროექტო ნახაზებს, საინჟინრო მოდელებს, კვლევის შედეგებს, მობილიზაციის გეგმასა და სხვა ელემენტებს;
ბ) ნებართვების მიღება – საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან შესაბამის ქმედებაზე საჭირო ნებართვის ან სხვა სახის ავტორიზაციის მიღება, რომელიც შესაძლებელია, საჭირო იყოს გამოსასწორებელი ღონისძიების განსახორციელებლად;
გ) მიწის გამოსყიდვა – მიწის გამოსყიდვის ხარჯები მოიცავს ნებისმიერ საჭირო ხარჯს ქონების ყიდვის, სარგებლობის უფლების ან სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტების შესაძენად, გამოსასწორებელი ღონისძიებისა და შემდგომი ოპერირების, მონიტორინგისა და მართვის განსახორციელებლად;
დ) განხორციელების ხარჯები – განხორციელების ხარჯები მოიცავს გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ძირითად ელემენტებს, მათ შორის, შრომის ანაზღაურების, მასალების, ტრანსპორტირების, ინფრასტრუქტურის განვითარების, სამშენებლო ტერიტორიის მართვისა და ზედამხედველობის, მიწოდების დანახარჯებს გამოსასწორებელი ღონისძიების განხორციელების პროცესში;
ე) ოპერირება და მოვლა-შენახვა – ოპერირებისა და მოვლა-შენახვის ხარჯები მოიცავს პროექტის მართვისთვის საჭირო ხარჯებს, მათ შორის, ოპერირების დროს არსებულ შრომით დანახარჯებს, დანადგარების, მასალებისა და მიწოდების დანახარჯებს. აღნიშნული კომპონენტი ხშირად გამოხატულია საოპერაციო ან/და მოვლა-შენახვის წლიური ხარჯით (მაგ., აშენებული სანიაღვრე ქსელის ყოველწლიური დასუფთავების ხარჯები);
ვ) ზედამხედველობა – ზედამხედველობის ხარჯი მოიცავს საჭირო ხარჯებს, რაც დაკავშირებულია პროექტის განხორციელების ზედამხედველობასთან. ხარჯის ეს კომპონენტი, როგორც წესი, მოიცავს, შრომით დანახარჯებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომლებიც ემატება შრომით დანახარჯებს;
ზ) მონიტორინგი და ანგარიშგება – მონიტორინგი და ანგარიშგება მოიცავს ისეთ ხარჯებს, როგორებიცაა: შრომითი დანახარჯები, მასალების, მიწოდებისა და ინფორმაციის გავრცელების ხარჯები;
თ) გაუთვალისწინებელი ხარჯები – მოიცავს ნებისმიერ საჭირო და გონივრულ, გაუთვალისწინებელ ხარჯებს, რაც საჭიროა გამოსასწორებელი ღონისძიებების პროექტის განხორციელების დროს შესაძლო წინასწარ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. აღნიშნულის მიზანია, რომ გათვალისწინებულ იქნეს მოულოდნელი/შემთხვევითი დანახარჯები, რომლებიც დაგეგმილთან შედარებით ზრდის ფაქტობრივ დანახარჯებს. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული გამოხატულია სტანდარტული პროცენტული მაჩვენებლით, რომელიც ემატება საბაზისო ხარჯებს (ზემოთ მითითებული ყველა ხარჯის ჯამი). გაუთვალისწინებელ ხარჯებში საჭიროა გამოსასწორებელი ღონისძიებების პროექტის მთლიანი ხარჯების არანაკლებ 20 პროცენტის გათვალისწინება.
4. იმ შემთხვევაში, თუ ეკვივალენტურობის ანალიზის დროს გამოიყენება მეთოდი – „ღირებულება ხარჯისთვის“, ზიანის ხარჯი განისაზღვრება როგორც გამოსასწორებელი ღონისძიების ბიუჯეტი, რომელიც უნდა დაიხარჯოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული კომპონენტებისთვის.
თავი IV. გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა
მუხლი 13. გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შინაარსი
1. გეგმა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების დრო და ადგილმდებარეობა;
ბ) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის აღწერა;
გ) გამოსასწორებელი ღონისძიებების ძირითადი შესწავლილი ალტერნატივები, კონკრეტული გეგმის შერჩევის დასაბუთება და მასში მოცემული ღონისძიებები, კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობის შესაბამისად, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში – ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული ვარიანტები;
დ) გამოსასწორებელი ღონისძიებების შერჩეული ალტერნატივის ზოგადი აღწერა, რომელიც, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
დ.ა) გამოსასწორებელი ღონისძიების მიზანი და მოქმედებები პირველადი გამოსასწორებელი, სანაცვლო/ადეკვატური და საკომპენსაციო ღონისძიებების დროს;
დ.ბ) გამოსასწორებელი ღონისძიებების შედეგად შესაქმნელი ბუნებრივი რესურსის ან/და მომსახურების სახე და ხარისხი;
დ.გ) დროის პერიოდი დაზიანებული ბუნებრივი რესურსის ან/და მომსახურების პირვანდელი მდგომარეობის აღდგენამდე;
დ.დ) ბუნებრივი რესურსის ან მომსახურების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ხანგრძლივობა;
დ.ე) გამოსასწორებელი ღონისძიების განხორციელების ადგილი;
დ.ვ) გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ხარჯები (მათ შორის, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაცია);
დ.ზ) გეგმის ეფექტიანობა და განხორციელებადობა;
დ.თ) გეგმის განხორციელების მონიტორინგის პროგრამა.
2. სააგენტო უზრუნველყოფს გეგმასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების მოსაზრებების მიღებას, კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.
3. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი ყველა პირისთვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრებისას უნდა შედგეს ერთობლივი გეგმა, რომელშიც, კანონის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია, განისაზღვროს სოლიდარულად პასუხისმგებელი პირების წილობრივი მონაწილეობა გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებაში.
მუხლი 14. გეგმის განხორციელება
მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, განახორციელოს სააგენტოსთან შეთანხმებული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები, ამავე გეგმით გათვალისწინებულ ვადებში და წესით.
მუხლი 15. გეგმის განხორციელების ზედამხედველობა
გეგმის განხორციელების ზედამხედველობას დეპარტამენტი ახორციელებს.
2. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გეგმის განხორციელების მონიტორინგის პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
მუხლი 16. გეგმის შესრულების საბოლოო ანგარიში
1. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის გამოსწორებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გეგმის შესრულების დადასტურების მიზნით, მოამზადოს გეგმის შესრულების საბოლოო ანგარიში, რომელიც გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიების დასრულების შემდგომ უნდა წარედგინოს დეპარტამენტსა და სააგენტოს.
2. გეგმის შესრულების საბოლოო ანგარიში, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
ა) დამტკიცებულ გეგმასთან შესაბამისობის ცხრილს, თითოეული გამოსასწორებელი ღონისძიების მიხედვით;
ბ) გეგმის განხორციელების მონიტორინგის პროგრამის შედეგებს;
გ) გეგმის ცვლილებებსა და გაუთვალისწინებელ გარემოებებს, რამაც გავლენა მოახდინა გამოსასწორებელ ღონისძიებებზე.
3. გეგმა საბოლოოდ შესრულებულად მიიჩნევა საბოლოო ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპარტამენტის მიერ გეგმით გათვალისწინებული ყველა ღონისძიების განხორციელების ადგილზე გადამოწმებისა და შესაბამისი ანგარიშის შედგენის შემდგომ, რის თაობაზეც ეცნობება სააგენტოს.
დანართი 1
საბაზისო მდგომარეობის განსაზღვრის კრიტერიუმები
1. საბაზისო მდგომარეობის განსაზღვრა წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების საწყის დონეს, რომელიც მიღწეული უნდა იქნეს შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების გზით.
2. საბაზისო მდგომარეობის განსაზღვრის დროს გამოიყენება ინფორმაციის შემდეგი წყაროები:
ა) ინფორმაცია, რომელიც დაზიანებულ ტერიტორიაზე შეგროვებულია მნიშვნელოვანი ზიანის დადგომამდე. აღნიშნული, სხვა მონაცემებთან ერთად, შეიძლება მოიცავდეს ეკოლოგიურ და გეოლოგიურ აღწერებს, სახეობების ჩამონათვალს, რუკებს, ფოტოგრაფიულ ინფორმაციას და სხვ.);
ბ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები, ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ცნობებს დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების სტრუქტურასა და ფუნქციებთან დაკავშირებით არსებული ისტორიული კანონზომიერების ან ტენდენციების შესახებ;
გ) დაზიანებული ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია, დაზიანებული ბუნებრივი რესურსების და მომსახურების გამოსასწორებელი სხვა პროექტებიდან;
დ) სანიმუშო ნაკვეთის მონაცემები.
საბაზისო მდგომარეობა შეიძლება განისაზღვროს:
მონაცემებით, რომლებიც სანიმუშო ნაკვეთზე შეგროვდა ტერიტორიისთვის ზიანის მიყენებამდე;
იმ კონკრეტულ ნაკვეთებზე შეგროვებული მონაცემებით, რომლებიც დაზიანებული ტერიტორიის მსგავსია და რომლებზეც ზიანის გამომწვევ შემთხვევას გავლენა არ მოუხდენია;
მოდელირების გამოყენებით.
დაზიანებული ტერიტორიის მსგავსი, იმ სხვა ადგილებიდან მიღებული ინფორმაციით, რომლებიც დაზიანებული ტერიტორიის მომიჯნავედ მდებარეობენ და რომლებიც არ დაზიანებულა, შესაბამისი კვლევების ფარგლებში ფიზიკო-ქიმიური პირობებისა და ეკოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით.
სანიმუშო ნაკვეთი უნდა შეირჩეს იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინო მოცემულ ადგილზე არსებული ბუნებრივი რესურსების და მომსახურების ხარისხზე და რაოდენობაზე. სანიმუშო ნაკვეთის მახასიათებლები, მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ მახასიათებლებს: ეკოლოგიური რეგიონი, ადგილმდებარეობა, კლიმატი, ტოპოგრაფია, მიწათსარგებლობა, მოსახლეობის სიმჭიდროვე, მომიჯნავე მიწათსარგებლობა, გეოლოგია, გეოქიმია, ჰიდროლოგია, ნიადაგების ტიპები, ტერიტორიის იერსახე, ბუნებრივ-გეოგრაფიულ კომპლექსი, რელიეფი, ჰავა, წყლები, მცენარეული საფარი, ცხოველთა სამყაროს ობიექტები, სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზმების, ჰაბიტატების რაოდენობაზე/მრავალფეროვნებაზე, ასევე, მნიშვნელოვანია დემოგრაფიული ფაქტორები (მაგ: მოსახლეობის რაოდენობა, დასახლებულ პუნქტებთან სიახლოვე, ინფრასტრუქტურასთან წვდომა, ბუნებრივი რესურსების მართვა, რეგიონული მნიშვნელობა და სხვ.).
როდესაც სანიმუშო ტერიტორიის შერჩევა ხდება ბიომრავალფეროვნებისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შეფასებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული ტერიტორია მიეკუთვნებოდეს იმავე ჰაბიტატს, ევროკავშირის ბუნების ინფორმაციის სისტემის (EUNIS) კლასიფიკაციის მიხედვით, ან ზოგ შემთხვევაში – მსგავს ჰაბიტატს, სადაც გავრცელებულია დაზიანებული ჰაბიტატისთვის დამახასიათებელი მცენარეულობა. ზოგ შემთხვევაში დასაშვებია რამდენიმე სანიმუშო ტერიტორიის გამოყენება.
თუ ყოველთვის არ არის შესაძლებელი დაზიანებული ტერიტორიის უშუალო გეოგრაფიულ სიახლოვეს სათანადო სანიმუშო ტერიტორიის მოძიება, აღნიშნული შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარედ გამოსასწორებელი ღონისძიების განხორციელების შეუძლებლობის დასასაბუთებლად.
დანართი 2
ეკვივალენტურობის ანალიზი
ნაწილი I. დანაკარგის (დებიტი) გამოთვლა
ჰაბიტატების ეკვივალენტურობის ანალიზი – HEA (მეთოდი „მომსახურება მომსახურებისთვის“)
1.1. ჰაბიტატების ეკვივალენტურობის ანალიზისთვის, ჯამური დებიტის გამოსათვლელად, გამოიყენება შემდეგი ფორმულა:
$$\sum_{t = 0}^{t = n}{\left( A_{t}\ \times \ d_{t} \right)\ \times {(1 + r)}^{(T - t)}}$$
სადაც:
∑ არის ჯამის ნიშანი;
t არის შეფასების პერიოდის შესაბამისი წელი (0-დან n-მდე). აღნიშნული შესაძლოა იყოს საბაზისო წელი ან/და საწყისი წელი;
T არის საბაზისო წელი, როდესაც ხდება ზიანის შეფასება (ტარდება ანალიზი);
t = 0 არის საწყისი წელი (ზიანის მიყენების წელი);
t = n არის საბოლოო წელი;
At არის ზიანის (ჰექტარი) სივრცით მასშტაბი (ფართობი), რომელიც ზიანდება ყოველწლიურად, შესაბამისი პერიოდის განმავლობაში (შეიძლება გამოსახული იყოს სიგრძის, ფართობის ან მოცულობის ერთეულებშიც).
dt არის დანაკარგის ხარისხი (დაკარგული მომსახურების პროცენტი), ყოველწლიურად;
r არის დისკონტირების მაჩვენებელი და უტოლდება 3%-ს;
(1+r)(T-t) – რთული პროცენტი;
1.2. წინამდებარე ფორმულა გამოიყენება მთლიანი დებიტის (დანაკარგი) გამოთვლისთვის და იზომება, როგორც „დისკონტირებული მომსახურების ჰექტარი“, ყოველწლიურად.
2. რესურსების ეკვივალენტურობის ანალიზი – REA (მეთოდი „რესურსი რესურსისთვის“ )
2.1 ზიანის ხარჯსა და გამოსასწორებელი ღონისძიების სარგებელს შორის რესურსების ეკვივალენტურობისთვის, მთლიანი დებიტის გამოსათვლელად, გამოიყენება შემდეგი ფორმულა:
$$\sum_{t = 0}^{t = n}{\left( R_{t}\ \times \ d_{t} \right)\ \times \ {(1 + r)}^{(T - t)}}$$
სადაც:
∑ არის ჯამის ნიშანი;
t არის შეფასების პერიოდის შესაბამისი წელი (0-დან n-მდე). აღნიშნული შესაძლოა იყოს საბაზისო წელი ან/და საწყისი წელი;
T არის საბაზისო წელი, როდესაც ხდება ზიანის შეფასება (ტარდება ანალიზი);
t = 0 არის საწყისი წელი (ზიანის მიყენების წელი);
t = n არის საბოლოო წელი;
Rt არის შესაბამის პერიოდში ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბუნებრივი რესურსის ერთეული (აღნიშნული პარამეტრი შეიძლება იყოს ინდივიდების რაოდენობა, ბიომასის მოცულობა, სიცოცხლის წლების და ნამატის რაოდენობა, ენერგიის მოცულობა, ნაყოფიერების მაჩვენებელი, ან ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორგანიზმებისა თუ ეკოსისტემებისთვის მნიშვნელოვანი სხვა მახასიათებელი);
dt არის დანაკარგის ხარისხი (მომსახურების დანაკარგის %). (დანაკარგის ხარისხი დროში შეიძლება ცვალებადი იყოს და წარმოადგენდეს ინდივიდების დანაკარგის რაოდენობას, ან სუბლეტალურ ზემოქმედებას, დაკარგული სიცოცხლის წლების ან ნამატის რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ რესურსის დანაკარგის ერთეულში სუბ-ლეტალური ზემოქმედებაც მოიაზრება, დანაკარგის ხარისხის ცალკე წარმოდგენა აუცილებელი არ არის).
r არის დისკონტირების მაჩვენებელი და უტოლდება 3%-ს.
(1+r)(T-t) – რთული პროცენტი;
2.2. რესურსების ეკვივალენტურობის ანალიზი ანგარიშობს მთლიანი დისკონტირებული რესურსის ერთეულს, წლებში.
3. ღირებულების ეკვივალენტურობის ანალიზი – VEA (მეთოდი „ღირებულება ღირებულებისთვის“, მეთოდი „ღირებულება ხარჯისთვის“)
3.1 ჯამური დებიტის გამოთვლის კონცეპტუალური მიდგომა ღირებულების ეკვივალენტობის ანალიზის როგორც „ღირებულება-ღირებულება“ ისე „ღირებულება-ხარჯი“ მეთოდებში განსხვავდება იმის მიხედვით, წარმოადგენს თუ არა „გამოუყენებლობის ღირებულება“ საერთო ღირებულების მნიშვნელოვან ნაწილს (შეფასების ძირითად კომპონენტს) წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, როცა ძირითად კომპონენტს „გამოყენებითი ღირებულება“ წარმოადგენს, ჯამური დებიტის გამოსაანგარიშებლად გამოიყენება შემდეგი ფორმულა:
$$\sum_{t = n}^{t = 0}{\left\lbrack \left( Qn_{t} \times P_{qn} \right) + \left( {Ql}_{t} \times P_{ql} \right) \right\rbrack \times {(1 + r)}^{(T - t)}}$$
სადაც:
∑ არის ჯამის ნიშანი;
t არის შეფასების პერიოდის შესაბამისი წელი (0-დან n-მდე). აღნიშნული შესაძლოა იყოს საბაზისო წელი ან/და საწყისი წელი;
T არის საბაზისო წელი, როდესაც ხდება ზიანის შეფასება (ტარდება ანალიზი);
t = 0 არის საწყისი წელი (ზიანის მიყენების წელი);
t = n არის საბოლოო წელი;
Qnt არის დაკარგული ბუნებრივი რესურსების ან მომსახურების ერთეული, რომელიც მათი ადამიანის მიერ გამოყენების დანაკარგს წარმოადგენს, რაც დამოკიდებულია ბუნებრივ რესურსზე ან მომსახურებაზე. ეს შეიძლება იყოს რეკრეაციული მიზნით გამოყენების დღეების რაოდენობა, ან რამე სხვა მაჩვენებლები, რაც გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ბუნებრივ რესურსებს ან მომსახურებას იყენებენ;
Pqn არის ბუნებრივი რესურსის ან მომსახურების ეკონომიკური (ფულადი) ღირებულება შემცირებული ხარისხის მდგომარეობაში აღნიშნული, როგორც წესი, ფასდება არსებული ლიტერატურის ან პირველადი მონაცემების შეგროვების საფუძველზე);
Qlt არის ბუნებრივი რესურსის ან მომსახურების ერთეული, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი რესურსის ან მომსახურების შემცირებული ხარისხის მდგომარეობაში;
Pql არის შემცირებული ხარისხის მდგომარეობაში არსებული ბუნებრივი რესურსის ან მომსახურების ეკონომიკური (ფულადი) ღირებულება. მისი მნიშვნელობა, როგორც წესი, ფასდება არსებული ლიტერატურის ან პირველადი მონაცემების შეგროვების საფუძველზე);
r არის დისკონტირების მაჩვენებელი და უტოლდება 3%-ს.
(1+r)(T-t) – რთული პროცენტი.
შენიშვნა: მხედველობაშია მისაღები, რომ ეკონომიკური (ფულადი) ღირებულებების ერთეულები დროთა განმავლობაში შეიძლება იცვლებოდეს, დროთა განმავლობაში (ასეთ შემთხვევაში, მათ ასევე უნდა ქონდეთ შესაბამისი ინდექსი, რომელიც აღნიშნავს დროს).
3.2. როდესაც ეკონომიკური ღირებულება გამოიხატება ერთჯერად გადახდაში (მაგ., გადახდა კანონით გათვალისწინებულ გარემოსდაცვით პროგრამაში, შემდგომი ზიანის პრევენციისთვის), დისკონტირება შეიძლება იქნეს ან არ იქნეს გამოყენებული. თუ დავუშვებთ, რომ ვთქვათ, გამოკითხვაში ცალკეული პირები პასუხის გაცემისას საკუთარ დისკონტირებას უკვე აკეთებენ (ანუ ერთჯერადი გადახდა წარმოადგენს მომავალში თავიდან აცილებული ზიანის დღევანდელ ღირებულებას), ასეთ შემთხვევაში დისკონტირება მეორეჯერ არ უნდა იყოს გამოყენებული. შესაბამისად, ზიანის (დებიტი) ღირებულება აგრეგირდება იმ ღირებულების მაჩვენებლის მიხედვით, რომელიც საზოგადოებას გააჩნია ბუნებრივი რესურსის დაზიანების მიმართ, დღევანდელი მომენტიდან მომავალის ჩათვლით.
$$\sum_{t = n}^{t = 0}{\mathrm{\Delta}Qn,\ l\ \times P_{qn,\ \ l}}$$
სადაც:
∑ არის ჯამის ნიშანი;
t არის შეფასების პერიოდის შესაბამისი წელი (0-დან n-მდე). აღნიშნული შესაძლოა იყოს საბაზისო წელი ან/და საწყისი წელი;
t=0 არის საწყისი წელი (ზიანის მიყენების წელი);
t=n არის საბოლოო წელი;
ΔQn, l არის ბუნებრივი რესურსის ან მომსახურების ცვლილება, დროის განმავლობაში. ეს პარამეტრი შეიძლება იყოს მიყენებული ზიანის გამო ბუნებრივი რესურსის ან მომსახურების ზოგადი ცვლილების ხარისხიანი აღწერა. აღწერა, როგორ წესი, მოიცავს საწყის საბაზისო დონეს, საბაზისო დონიდან გადახვევას და საბაზისო დონემდე მიღწევის (აღდგენის) გზებს, მათ შორის, ყველა პირველადი ან/და სანაცვლო/ადეკვატური გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩათვლით.
Pqn, l არის ბუნებრივი რესურსის ან მომსახურების ცვლილების ღირებულება. ეს არის ლარში თანხობრივად გამოხატული ღირებულება, რომელსაც მოსახლეობა ანიჭებს ბუნებრივი რესურსის/მომსახურების ცვლილებას. ეს ღირებულება, როგორც წესი, ეფუძნება პირის მზაობას, გადაიხადოს გარკვეული ფასი ეკოლოგიური გარემოს ცვლილების თავიდან აცილებისთვის, მაგრამ, ზოგჯერ ასევე ეფუძნება პირის მზაობას – მიიღოს ეკოლოგიური გარემოს არასასურველი ცვლილება. ეს ღირებულება მხედველობაში იღებს ბუნებრივი რესურსის და მომსახურების დანაკარგის ხარისხს და ასევე, ბუნებრივი რესურსების აღდგენის გზას და დროს. ეს ღირებულება, როგორც წესი, ფასდება არსებული ლიტერატურის ან პირველადი მონაცემების შეგროვების საფუძველზე (მაგ., კვლევა, გამოკითხვა).
3.3. ღირებულების ეკვივალენტურობის ანალიზში (VEA) ასევე შეიძლება არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შედეგად დაზიანებული მოსახლეობის რაოდენობას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეკონომიკური ღირებულება გამოხატულია თითოეულ ადამიანზე (მაგ., ბუნებრივი რესურსის უშუალოდ გამომყენებელი ან ადამიანი, რომლისთვისაც ამ ბუნებრივ რესურსს გააჩნია „გამოუყენებლობის ღირებულება“). რამდენადაც, რაც უფრო დიდია მოსახლეობის რაოდენობა, დებიტის გამოთვლაც მით უფრო მეტი იქნება, სენსიტიურობის ანალიზში უნდა შემოწმდეს მოსახლეობის სხვადასხვა წარმოდგენები/დაშვებები (აღნიშნული უნდა დაეფუძნოს მტკიცებულებებს).
ნაწილი II. სარგებლის გამოთვლა (კრედიტი)
1. გამოსასწორებელი ღონისძიებების შედეგად მისაღები სარგებლის (კრედიტი) განსაზღვრა და გამოთვლა
1.1. პოტენციური გამოსასწორებელი ღონისძიებების ვარიანტების იდენტიფიცირება და შეფასება
გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განსაზღვრისთვის აუცილებელია ინფორმაცია მისაღები სარგებლის (კრედიტის) შესახებ, რათა მოხდეს ზიანის სათანადოდ კომპენსირება. აღნიშნულისთვის საჭიროა შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
ა) გამოსასწორებელი ღონისძიებების შესაძლო პოტენციური ვარიანტების იდენტიფიცირება და შეფასება;
ბ) გამოსასწორებელი ღონისძიებების ვარიანტების შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა;
გ) გამოსასწორებელი ღონისძიებების პროექტის აღწერა;
დ) გამოსასწორებელი ღონისძიებების პროექტის პოტენციური უპირატესობის შეფასება.
1.2. გამოსასწორებელი ღონისძიებების ვარიანტების იდენტიფიცირებისა და შეფასებისთვის პოტენციური პროექტების შესწავლა უნდა მოხდეს გამოსასწორებელი ღონისძიების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
1.3 მას შემდეგ, რაც მოხდება რამოდენიმე სათანადო პროექტის განსაზღვრა, მზადდება პროექტების უფრო დეტალური აღწერილობა, ასევე, იდენტიფიცირდება და რაოდენობრივად ფასდება თითოეული პროექტიდან მოსალოდნელი სარგებელი, იმ საზომი ერთეულის (მეტრიკის) მიხედვით, რომელიც გამოიყენება დანაკარგის (დებიტი) გამოთვლისას. გამოსასწორებელი ღონისძიებების ვარიანტების იდენტიფიცირება და შეფასება ხორციელდება ამ წესის მე-2 თავის შესაბამისად.
2. გამოსასწორებელი ღონისძიებების სარგებლის (კრედიტი) გამოთვლა
2.1 ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად იდენტიფიცირებული თითოეული შესაძლო გამოსასწორებელი ღონისძიებისთვის უნდა მოხდეს გამოსწორების შედეგად მიღებული მომსახურების სარგებლის რაოდენობრივი დათვლა, მომსახურების გაუმჯობესების ხარისხისა და დაზიანებული გარემოს აღდგენის მრუდის განსაზღვრისთვის.
2.2 კრედიტის დათვლის ძირითადი ელემენტებია:
ა) მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების განსაზღვრა დროთა განმავლობაში, დაზიანებულ ტერიტორიაზე მომსახურების ხარისხის გაუარესების ანალოგიურად. კერძოდ, საჭიროა განისაზღვროს ის მომსახურებები, რომლებიც სავარაუდოდ უზრუნველყოფიული იქნება გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განხორციელების შედეგად. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება გამოითვლება მიმდინარე ღირებულების და განხორციელების შედეგად მიღებული ღირებულების შეფასებით;
ბ) დაზიანებული გარემოს აღდგენის მრუდის განსაზღვრა, რომელიც ასახავს გამოსასწორებელი ღონისძიების პროდუქტიულობის დროს და ხარისხს. აღნიშნული უნდა შეფასდეს არჩეული საზომი ერთეულების (მეტრიკის) მიხედვით. სარგებლის მოცულობის და სამომავლო მიმდინარეობის (ტრაექტორიის) შეფასება შეიძლება დაეყრდნოს ინფორმაციას მსგავსი პროექტების ან მსგავსი ტერიტორიების შესახებ, გამოქვეყნებულ ლიტერატურას, მოდელების გამოყენებას, ან მოითხოვოს პროფესიული განხილვა. დაზიანებული გარემოს აღდგენის შემდეგ სარგებლის (ან მომსახურების მიწოდების) დაგროვების დინამიკა შეიძლება აღიწეროს გრძივი ფუნქციის სახით (იმ მომსახურებების რაოდენობის მუდმივი ზრდა, რომლებიც წარმოიქმნა გამოსასწორებელი ღონისძიებების დასრულების შემდეგ, ასევე, თითოეულ წელს იმ მომსახურებების რაოდენობის მონოტონურ ზრდასთან ერთად, რომლებიც წარმოიქმნება ყოველ წელს, საბაზისო მდგომარეობის ან მოსალოდნელი საბოლოო მდგომარეობის მიღწევამდე), ან არაგრძივი ფუნქციის სახით – თუ ამგვარი მიმდინარეობის (ტრაექტორიის) აღწერისთვის საჭირო მონაცემები ხელმისაწვდომია.
3. ეკვივალენტურობის ანალიზის გაუთვალისწინებელი და ცვლადი შედეგების განხილვა
3.1 გამოსასწორებელი ღონისძიებების ვარიანტების მიერ გათვალისწინებული მომსახურებების სარგებლის (კრედიტი) გამოთვლა (გაუმჯობესების ხარისხი, დაზიანებული გარემოს აღდგენის მრუდი და სხვ.) შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვადასხვა დონის გაუთვალისწინებელ გარემოებებზე. ეკვივალენტობის ანალიზის ჩატარებისას საჭიროა მხედველობაში იქნეს მიღებული გაუთვალისწინებელი გარემოებები, ცვალებადობა და იმ შესაძლო შედეგების სავარაუდობა (დაშვება), რაც დაკავშირებულია გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებასთან.
3.2 ზემოაღნიშნული მოსაზრება მოიცავს შემდეგ საკითხებს:
ა) გაუთვალისწინებელი გარემოებების ძირითადი წყაროების იდენტიფიცირება;
ბ) გაუთვალისწინებელი გარემოებების შემცირება (როცა ეს შესაძლებელია);
გ) გაუთვალისწინებელი გარემოებების რაოდენობრივი ასახვა სენსიტიურობის ანალიზის მეშვეობით, შესაძლო რისკების დიაპაზონის იდენტიფიცირებისთვის;
დ) გაუთვალისწინებელი გარემოებების ანალიზი, ასახვა და შეტყობინება, შედეგების წარმოდგენის დროს. გაუთვალისწინებელი გარემოებების შეფასების პროცესში, ზეგავლენას დაქვემდებარებული გარემოს და მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ყველაზე უარესი სცენარები (გონივრულობის ფარგლებში).
ნაწილი III. გამოსასწორებელი ღონისძიების სკალირება
1. სანაცვლო/ადეკვატური და საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიებების სკალირება
1.1 გამოსასწორებელი ღონისძიების სკალირებისთვის გამოიყენება ამ დანართის პირველ ნაწილში (დანაკარგის (დებიტი) გამოთვლა) მითითებული საზომი ერთეულები (მეტრიკა), შემდეგი მიზნებით:
ა) პირველი – გამოსასწორებელი ღონისძიების შედეგად მიღებული კრედიტების შემუშავება, თითოეულ ერთეულზე;
ბ) მეორე – მთლიანი დებიტი და თითოეული ერთეულის კრედიტი გამოყენებული იქნეს გამოსასწორებელი ღონისძიებების შესაბამისი მოცულობის სკალირებისთვის (რაც ხორციელდება მთლიანი დებიტის კრედიტების თითოეულ ერთეულზე გაყოფით), იმისათვის, რომ დადგინდეს იმ გამოსასწორებელი ღონისძიებების რაოდენობა, რომლებიც აუცილებელია გატარდეს დღეს და რომლებიც შემდგომ დააკომპენსირებენ მთლიან ზიანს (ე.წ. „ჩათვლა“).
1.2 ღირებულების ეკვივალენტურობის ანალიზის (VEA) ფარგლებში გამოსასწორებელი ღონისძიებების სკალირების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ორი დამატებითი საკითხი:
ა) რა სახის გამოყენებას („გამოყენებითი ღირებულება“, „გამოუყენებლობის ღირებულება“) არის უპირატესი;
ბ) განისაზღვროს, ორი ალტერნატიული მეთოდიდან („ღირებულება ღირებულებისთვის“, „ღირებულება ხარჯისთვის“) რომელი მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული.
2. თითოეული ერთეულის სარგებლის (კრედიტის) კალკულაცია
2.1 თითოეული ერთეულის სარგებლის კალკულაცია ეხება გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განხორციელების შედეგად მიღებული მომსახურების სარგებლის რაოდენობის დათვლას, ყოველი ერთეული მომსახურების, ბუნებრივი რესურსის, ჰაბიტატის ან ღირებულების მიხედვით, რომლის აღდგენაც უნდა მოხდეს.
2.2 თითოეული ერთეული კრედიტის დათვლის კონცეპტუალური მიდგომა, დაზიანებული გარემოს აღდგენის ვარიანტიდან გამომდინარე (არამონეტარული საზომი ერთეულების (მეტრიკის) გამოყენებით), ჯამდება შემდეგი ფორმულით:
$$\sum_{t = 0}^{t = n\ }\frac{(1\ \times b_{t})}{{(1 + r)}^{t}}$$
სადაც:
t=0 არის საწყისი წელი, რომელშიც გამოსასწორებელი ღონისძიებები იწყებენ გარემოსდაცვითი სარგებლის წარმოქმნას;
t=n არის დასრულების წელი, რომელშიც გამოსასწორებელი ღონისძიებები (გეგმა) დაასრულებენ გარემოსდაცვითი სარგებლის წარმოქმნას. ზოგ შემთხვევაში, გამოსასწორებელ ღონიოსძიებებს შეუძლიათ სარგებლის წარმოქმნა განუსაზღვრელი დროის განმავლობაში. თუმცა, ასეთ შემთხვევებში მაინც შესაძლებელია საბოლოო სარგებლის დათვლა, დისკონტირების მაჩვენებლის გამოყენებით.
1 ერთი ერთეული წარმოადგენს გამოსასწორებელი ღონისძიების ერთეულს, რომლის სკალირება (ანუ, კორექტირება) არის შესაძლებელი, დამდგარი ზიანის კომპენსირებისთვის. ეს შეიძლება იყოს ჰაბიტატის ჰექტარი, ისეთი ბუნებრივი რესურსი, როგორიცაა, თევზი, ფრინველი და ა.შ. ამ ფორმულაში ის ყოველთვის ერთის ტოლია, რადგან ის აფასებს სარგებელს „თითოეულ ერთეულზე“.
r მიმდინარე ღირებულების ფაქტორი, ახდენს ამ მომსახურებიდან მიღებული სარგებლის ღირებულების კორექტირებას, დღევანდელი მდგომარეობით. ამ შემთხვევაში, მომავალში მისაღები სარგებელი დისკონტირდება დღევანდელი ღირებულებით. დისკონტირების მაჩვენებელი ერთნაირი უნდა იყოს როგორც დებიტის, ისე კრედიტის გამოთვლის დროს და შეადგენს 3%-ს.
bt სარგებლის დონე (ხარისხი). სარგებლის დონე აღწერს იგივე კონცეფციას, როგორც დანაკარგის დონე დებიტის გამოთვლის დროს, მაგრამ ეხება გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების შედეგად მიღწეულ გაუმჯობესებას და არა ზიანის გამომწვევი შემთხვევის შედეგად მიღებულ ზიანს. იგი შეიძლება გაიზომოს პროცენტებში ან ბუნებრივი რესურსის ერთეულის რაოდენობაში. ის, როგორ წესი, მოიცავს როგორც მომსახურების საწყის, თავდაპირველ სარგებელს, ასევე, მომავალში, ყოველ წელს ცვლილების დინამიკას (რომელიც იზომება საბაზისო მდგომარეობის მიხედვით). ცვლილების ეს დინამიკა არის დებიტის მხარეს არსებული დაზიანებული გარემოს აღდგენის დინამიკის ანალოგიური.
საზომი ერთეული (მეტრიკა): არამონეტარული ერთეული, რომელიც გამოიყენება სარგებლის გაზომვისთვის. ის უნდა იყოს მთლიანი დებიტის გამოთვლის დროს გამოყენებული მაჩვენებლის იდენტური.
საბაზისო მდგომარეობა: საბაზისო მდგომარეობა არის ბუნებრივი რესურსის ან მომსახურების მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა ზიანი რომ არ დამდგარიყო. მომსახურების სარგებლის პროცენტი უნდა შეესაბამებოდეს ბუნებრივი რესურსის საბაზისო მდგომარეობას (ისევე, როგორც მომსახურების დანაკარგის პროცენტი დებიტის გამოთვლის დროს).
საბაზისო წელი: მიმდინარე ღირებულების კალკულაციისთვის გამოყენებული წელი. წელი ყოველთვის უნდა ემთხვეოდეს დებიტის გამოთვლის დროს გამოყენებულ საბაზისო წელს (სხვაგვარად შეუძლებელი იქნება გამოსასწორებელი ღონისძიების სკალირება მთლიანი დებიტის კრედიტის ერთეულზე გაყოფის გზით, რამდენადაც მათ განსხვავებული ღირებულებები გააჩნიათ).
2.3. ღირებულების ეკვივალენტურობის ანალიზის დროს, გამოსასწორებელი ღონისძიებიდან გამომდინარე „ერთეული“ კრედიტი რელევანტურია მხოლოდ „ღირებულება ღირებულებისთვის“ მეთოდის ფარგლებში, სადაც ხდება გამოსასწორებელი ღონისძიების სარგებლის რაოდენობრივი დათვლა – გამოსასწორებელი ღონისძიების სკალირებისთვის. „ღირებულება ხარჯისთვის“ მეთოდის ფარგლებში გამოსასწორებელი ღონისძიების სარგებელი რაოდენობრივ დათვლას არ საჭიროებს.
2.4. „ღირებულება ღირებულებისთვის“ მეთოდის ფარგლებში, სადაც ძირითად კომპონენტს „გამოყენებითი ღირებულება“ წარმოადგენს, პროცესის სკალირებისთვის აუცილებელია „ერთეული“ კრედიტები. კონცეპტუალური მიდგომა გამოსასწორებელი ღონისძიების შედეგად მიღებული „ერთეული“ კრედიტების შეფასებისთვის (რომელშიც მონეტარული საზომი გამოიყენება), გამოიხატება შემდეგ ფორმულაში:
$$\sum_{t = 0}^{t = n}\frac{(1 \times q_{t} \times p_{t})}{{(1 + r)}^{t}}$$
t=0 არის საწყისი წელი, რომელშიც გამოსასწორებელი ღონისძიებები იწყებენ გარემოსდაცვითი სარგებლის წარმოქმნას;
t=n არის დასრულების წელი, რომელშიც გამოსასწორებელი ღონისძიებები (გეგმა) დაასრულებენ გარემოსდაცვითი სარგებლის წარმოქმნას. ზოგ შემთხვევაში, გამოსასწორებელ ღონიოსძიებებს შეუძლიათ სარგებლის წარმოქმნა განუსაზღვრელი დროის განმავლობაში. თუმცა, ასეთ შემთხვევებში მაინც შესაძლებელია საბოლოო სარგებლის დათვლა, დისკონტირების მაჩვენებლის გამოყენებით.
1 – ერთი ერთეული, წარმოადგენს გამოსასწორებელი ღონისძიების ერთეულს, რომლის სკალირება (ანუ, კორექტირება) არის შესაძლებელი, დამდგარი ზიანის კომპენსირებისთვის. როგორც წესი, ეს არის ადამიანის მიერ გამოყენების ერთეული (მაგ., თევზაობა, ნავით გასეირნება, დასვენების დღეები სანაპიროზე და სხვ.). ამ ფორმულაში ის ყოველთვის არის ერთის ტოლი, რადგან აქ ითვლება ერთეული კრედიტი (კრედიტი თითოეულ ერთეულზე).
qt – ადამიანის მიერ გამოყენების სარგებლის დონე, არის გაუმჯობესება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის მიერ ბუნებრივი რესურსის გამოყენებასთან, გამოსასწორებელი ღონისძიებების დასრულების შემდეგ. მაგალითად, თუ ბუნებრივი რესურსის ადამიანის მიერ გამოყენების ძირითადი სახეა თევზაობა, ეს შეიძლება გულისხმობდეს დაჭერილი თევზების რაოდენობის (ან თევზების ზომის) გაზრდას კონკრეტულ ტბაში გამოსასწორებელი ღონისძიების განხორციელების შედეგად (მაგ: ჰაბიტატის გაუმჯობესება). ეს დაშვება, როგორც წესი, ეფუძნება ლიტერატურის მიმოხილვას ან ტერიტორიაზე შეგროვებულ სხვა ეკოლოგიურ ინფორმაციას.
pt – ეკონომიკური ღირებულების ზრდის დონე, არის ღირებულების გაზრდა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის მიერ ბუნებრივი რესურსის გამოყენებასთან, გამოსასწორებელი ღონისძიებების დასრულების შემდეგ. ის ზემოაღნიშნულ, ადამიანის მიერ ბუნებრივი რესურსის გამოყენების სარგებლის დონეს გარდაქმნის ეკონომიკურ სარგებელში (იზომება მონეტარული საზომით). თუ ბუნებრივი რესურსს ადამიანი ძირითადად იყენების თევზაობისთვის, ეს შეიძლება გულისხმობდეს ღირებულების ზრდას მეთევზისთვის, რაც დაკავშირებულია სათევზაოდ მგზავრობასთან, კონკრეტულ ტერიტორიაზე გამოსასწორებელი ღონისძიების განხორციელების შედეგად. ეს დაშვება უნდა დაეფუძნოს ეკონომიკური ლიტერატურის განხილვას, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ აფასებენ მეთევზეები სათევზაო ატრიბუტების/პირობების ცვლილებებს, ან გახორციელდეს შემთხვევის ადგილის პირველადი გამოკვლევების საფუძველზე, რომლებიც ჩატარდა გარემოსთვის ზიანის მიყენებამდე.
r – მიმდინარე ღირებულების ფაქტორი, ახდენს ამ მომსახურებიდან მიღებული სარგებლის ღირებულების კორექტირებას, დღევანდელი მდგომარეობით. ამ შემთხვევაში, მომავალში მისაღები სარგებელი დისკონტირდება დღევანდელი ღირებულებით. დისკონტირების მაჩვენებელი ერთნაირი უნდა იყოს როგორც დებიტის, ისე კრედიტის გამოთვლის დროს და შეადგენს 3 %-ს.
დამატებითი დაშვებები, რომელიც წინამდებარე ფორმულაში პირდაპირ მითითებული არ არის, მაგრამ მონაცემების გამოთვლისთვის მნიშვნელოვანია, შემდეგია:
საზომი ერთეული – მონეტარული ერთეული, რომელიც გამოიყენება სარგებლის გაზომვისთვის. უნდა იყოს იგივე საზომი ერთეული, რაც გამოიყენება მთლიანი დებიტის გამოთვლისთვის.
საბაზისო მდგომარეობა: საბაზისო მდგომარეობა არის ბუნებრივი რესურსის ან მომსახურების მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა ზიანი რომ არ დამდგარიყო. მომსახურების სარგებლის პროცენტი უნდა შეესაბამებოდეს ბუნებრივი რესურსის საბაზისო მდგომარეობას (ისევე, როგორც მომსახურების დანაკარგის პროცენტი დებიტის გამოთვლის დროს).
საბაზისო წელი: მიმდინარე ღირებულების კალკულაციისთვის გამოყენებული წელი. წელი ყოველთვის უნდა ემთხვეოდეს დებიტის გამოთვლის დროს გამოყენებულ საბაზისო წელს (სხვაგვარად შეუძლებელი იქნება გამოსასწორებელი ღონისძიების სკალირება მთლიანი დებიტის კრედიტის ერთეულზე გაყოფის გზით, რამდენადაც მათ განსხვავებული ღირებულებები გააჩნიათ).
3. გამოსასწორებელი ღონისძიების სკალირება
3.1. გამოსასწორებელი ღონისძიების სკალირების მიზანია განისაზღვროს, რა მოცულობის/მასშტაბის გამოსასწორებელი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს არამონეტარული საზომის (ჰაბიტატების ეკვივალენტურობის ანალიზი ან რესურსების ეკვივალენტურობის ანალიზი) ან მონეტარული საზომის (ღირებულების ეკვივალენტურობის ანალიზი) გამოყენების შემთხვევაში. ამ შეფასებებისთვის საწყისი მონაცემებია მთლიანი დებიტი და თითოეული ერთეულის კრედიტები. გამოსასწორებელი ღონისძიების სკალირების შედეგი არის თანხის ოდენობა, რომელიც დააკომპენსირებს მიყენებულ ზიანს.
3.2. „ღირებულება ხარჯისთვის“ მეთოდის შემთხვევაში გამოსასწორებელი ღონისძიებების რაოდენობა დამოკიდებულია ზიანის ზომაზე და მისი ღირებულება შეესაბამება ზიანის მთლიან ღირებულებას. ამ მიზნით გამოსაყენებელი ერთადერთი მონაცემი არის დებიტი (და არა კრედიტი თითოეულ ერთეულზე). უფლებამოსილი ორგანო იბრუნებს ზიანის მთლიან ღირებულებას და იყენებს ამ თანხებს გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განსახორციელებლად. „ღირებულება ხარჯისთვის“ მეთოდი უზრუნველყოფს ეკვივალენტურობას დებიტსა და კრედიტს შორის, იმ დაშვებით, რომ გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ხარჯი მთლიანი დებიტის ტოლი უნდა იყოს.
3.3. „ღირებულება ღირებულებისთვის“ მეთოდის შემთხვევაში, განსახორციელებელი გამოსასწორებელი ღონისძიებების ერთეულების რაოდენობა იქნება ის ღირებულება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის მიერ გამოყენების ზრდასთან, რაც გამომდინარეობს გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განხორციელების შედეგიდან. „ღირებულება ღირებულებისთვის“ მეთოდი უზრუნველყოფს ეკვივალენტურობას დებიტსა და კრედიტს შორის, იმ დაშვებით, რომ გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების ხარჯი უნდა ეფუძნებოდეს ღირებულების ზრდას, რომელიც მიიღწევა გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განხორციელების შედეგად.
დანართი 3
საორიენტაციო პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებები
1. პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებები მოიცავს მოქმედებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსწორებას ან ზიანის შერბილებას. პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიება, როგორც წესი, მოიცავს ისეთ მოქმედებებს, როგორიცაა, მაგალითად, დამაბინძურებელი ნივთიერებების მოცილება ან დასუფთავება, ან დამაბინძურებული ნივთიერებების დაღვრის/ჩაღვრის შემცირება. პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების შედეგად დაზიანებული ბუნებრივი რესურსები შეიძლება დაუბრუნდეს, ან არ დაუბრუნდეს დაზიანებამდე არსებულ საბაზისო მდგომარეობას (აღნიშნული დამოკიდებულია გარემოსთვის ზიანის მიმყენებელი შემთხვევის ხასიათზე და პირველად გამოსასწორებელ ღონისძიებებზე). საბაზისო მდგომარეობამდე დაბრუნება შეიძლება იყოს სწრაფი ან ეტაპობრივი, რაც დამოკიდებულია მიყენებული ზიანის სიმძიმეზე და პირველად გამოსასწორებელი ღონისძიებების ინტენსიურობაზე. ამასთან, ზოგ შემთხვევაში, პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების შედეგად აღდგენილმა გარემომ შესაძლოა ვერასდროს მიაღწიოს საბაზისო მდგომარეობას.
2. პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიება შეიძლება იყოს ბუნებრივი აღდგენაც. თუმცა, ბუნებრივი აღდგენა, ჩვეულებრივ, არ გულისხმობს სრულ უმოქმედობას (არანაირი ზომების მიღებას). აღნიშნული ხშირად შესაძლოა მოიცავდეს ისეთ სხვა ადმინისტრაციულ ზომებს, როგორიცაა მაგალითად, მონიტორინგი, აღსადგენი ტერიტორიის გამოყენების შეზღუდვა, ან სხვა ღონისძიებები.
3. „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების და საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული ჰაბიტატების დაზიანების შემთხვევაში პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებები მოიცავს ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ დაცული სახეობის ჰაბიტატის ან ბუნებრივი ჰაბიტატის აღდგენას. აღნიშნული ზომებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია – ბუნებრივი აღდგენის ხელშემწყობი ზომები (მაგ: ტყის მართვა, მიწის სამუშაოები (ნიადაგის მომზადება) და ხეების დარგვა).
4. წყლის დაბინძურების შემთხვევაში პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიება შეიძლება მოიცავდეს წყლის შემდგომი დაბინძურების თავიდან აცილების ზომებს, ან წყლის ობიექტის აღდგენის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა, ჟანგბადით გაჯერება (გამდიდრება) და ფსკერის დაღრმავება.
5. პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიება, რომელიც დაზიანებულ ბუნებრივ რესურსს ან მომსახურებას პირვანდელ მდგომარეობაში ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობაში უმოკლეს ვადაში აღადგენს, ყოველთვის საუკეთესო ან/და ყველაზე ხარჯ-ეფექტიან ვარიანტს არ წარმოადგენს. ამ მიზნით, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, განსაზღვროს ალტერნატიული პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება შეირჩეს იმ პირობით, რომ ასევე განხორციელდება სანაცვლო/ადეკვატური და საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიებებიც (აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, ანალოგიური ხარისხის ბუნებრივი რესურსები და მომსახურება შესაძლებელია შეიქმნას „სხვა ტერიტორიაზე“, უფრო ნაკლები დანახარჯებით).
6. პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებების სახეები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
1. პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენის პროცესის დაჩქარება, რომლის დროსაც აღდგება:
ა) ზედაპირული წყლის რაოდენობა და ხარისხი – ზიანის მიყენებამდე არსებულ მდგომარეობამდე;
ბ) ზიანის მიყენებამდე არსებული მცენარეთა თანასაზოგადოების შემადგენლობა და სტრუქტურა;
გ) საკვები ჯაჭვის კომპონენტები (მაგალითად: თევზებისთვის და ველური ცხოველებისთვის – უხერხემლოები) და მცირე ძუძუმწოვრების ოჯახები (მტაცებლებისა და ხორცისმჭამელი ძუძუმწოვრებისთვის), ასევე ხორცისმჭამელი ძუძუმწოვრები;
დ) ფიზიკური ჰაბიტატი, რომელმაც ზიანის მიყენების შედეგად დეგრადაცია განიცადა;
2. იმ რეკრეაციულ მომსახურების ხელმისაწვდომობის ხელახალი შექმნა, რომელიც არსებობდა ამ ტერიტორიაზე.
3. იმ კომერციულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხელახალი შექმნა, რომლებსაც ბუნებრივი რესურსები ქმნიდა.
7. დამატებითი პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ბუნებრივი რესურსების მიერ წარმოქნილი მომსახურებების გაწევისთვის, შეიძლება მოიცავდეს შემდეგს (ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი ყველა/ნებისმიერი ტიპის ზიანისთვის):
ა) ხელახალი დახარისხება, კონტურების დაზუსტება და ადგილობრივი სახეობებით ხელახალი ვეგეტაცია იმისთვის, რომ დაჩქარდეს პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ზიანის ბუნებრივი აღდგენა;
ბ) წყლის საარსებო გარემოს გაუმჯობესება - წყლის ობიექტის ნაპირებზე მცენარეების გაშენებით ან მდინარის კალაპოტში შესაბამისი სამუშაოების ჩატარებით - იმისთვის, რომ სისტემა აღდგეს მის პირვანდელ ფიზიკურ მდგომარეობაში (ან უკეთესი - პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების შედეგად).
8. ყოველი განხორციელებული პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიების მოსალოდნელი სარგებელი უნდა შეფასდეს. პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების მცდელობებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა სარგებელი, მათ შორის:
ა) დაზიანებული ტერიტორიის ფიზიკური შემცირება;
ბ) დაზიანებული სახეობების, ჰაბიტატების ან მომსახურებების რაოდენობის შემცირება;
გ) დაზიანების ხარისხის შემცირება;
დ) დაზიანებული სახეობების, ჰაბიტატების ან მომსახურებების საბაზისო მდგომარეობამდე აღდგენის დროის შემცირება.
9. თითოეულმა ზემოაღნიშნულმა პოტენციურმა სარგებელმა შესაძლებელია განაპირობოს დამატებით, სანაცვლო/ადეკვატური ან საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების საჭიროება. პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიების პოტენციური სარგებლის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველანაირი ე.წ. „მეორადი ზიანი“ (არაპირდაპირი/ირიბი ზიანი), რომელიც შეიძლება დადგეს პირველადი გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელების შედეგად. „მეორადი ზიანი“ შეიძლება იყოს:
ა) ჰაბიტატის დამატებითი დანაკარგი – მისასვლელი გზების ან სხვა პუნქტის და დროებითი ინფრასტრუქტურის ობიექტის მოწყობის გამო;
ბ) ჰაბიტატების დამატებითი ფიზიკური მოცილება – რეაგირების ღონისძიებების განხორციელების დროს;
გ) ჰაბიტატების ან მომსახურების დამატებითი ფიზიკური დარღვევა – რეაგირების ღონისძიებების განხორციელების გამო.
10. მე-9 პუნქტში აღნიშნული ზიანის მაგალითებია:
ა) მძიმე ტექნიკისთვის საჭირო მისასვლელი გზის მოწყობა – გამოყენებული ნარჩენი/ნაყარი მასალებისგან ტერიტორიის გასუფთავების მიზნით;
ბ) ჰაბიტატების ფიზიკურად მოცილება (მაგ: ჭარბტენიანი ტერიტორიის გაწმენდის პროცესში ჰაბიტატების მოცილება/მოხსნა განიხილება, როგორც სახეობებზე ნარჩენი/ნაყარი მასალებისგან გამომდინარე ხანგრძლივი ზეგავლენის შეზღუდვის საშუალება);
გ) მდინარის დინების აჩქარება – მდინარის კალაპოტის ნატანისაგან გათავისუფლების მიზნით;
დ) ტერიტორიის რეკრეაციული დანიშნულებით ხელმისაწვდომობის შეზღუდვა – ტერიტორიის დასუფთავების მიზნით.
დანართი 4
გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის სტრუქტურა
გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმა მოიცავს ტექსტურ ნაწილს და დანართებს.
გეგმის სტრუქტურა:
| ძირითადი საკითხები | შინაარსი |
| 1. შესავალი | |
| 1.1 საწყისი ინფორმაცია | ზიანის დადგომამდე ტერიტორიის შესახებ საწყისი ინფორმაცია (ლიტერატურა, არსებული კვლევითი მონაცემები და სხვ.) და გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის აღწერა |
| 1.2 ამოცანა | შემოთავაზებული გამოსასწორებელი ღონისძიებებისა და მათი განხორციელების მექანიზმების მოკლე აღწერა |
| 1.3 მიზანი | დეგრადაციისა და გამოსასწორებელი ღონისძიებების, გამოყენებული მეთოდოლოგიის და ანგარიშის სტრუქტურის, გამოსასწორებელი ღონისძიებების მიზნების და კრიტერიუმების, ძირითადი დაინტერესებული პირების განსაზღვრა |
| 1.4 მეთოდოლოგია | შეფასების და გამოსასწორებელი ღონისძიების მეთოდოლოგიის აღწერა |
| 2. ტერიტორიის აღწერა | |
| 2.1 ტერიტორიის იდენტიფიცირება | ტერიტორიის მდგომარეობა, არსებული მდგომარეობა და დაკვირვებები, საზღვრები, ზომა (ფართობი), საკუთრების და სარგებლობის ფორმა, ადგილმდებარეობა, ტერიტორიაზე ხელმისაწვდომობა და ძირითადი ეკონომიკური აქტივობები |
| 2.2 ტერიტორიის შესახებ დოკუმენტაცია | ტერიტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (მათ შორის, ნებართვები, რუკები, გეგმები, ტერიტორიაზე მიმდინარე სპეციფიკური ღონისძიებები და სხვ.) |
| 2.3 ტერიტორიის ისტორია | ისტორიული მონაცემების და ტერიტორიის სარგებლობის მოკლე მიმოხილვა/აღწერა (მათ შორის, მიმდებარე ტერიტორიის) |
| 2.4 ტერიტორიის გარემოსდაცვითი ასპექტები | ინფორმაცია ტერიტორიასთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსების და მომსახურების შესახებ |
| 2.5გამოსასწორებელი ღონისძიების მასშტაბი | გამოსასწორებელი ღონისძიების შემოთავაზებული მასშტაბი |
| 2.6 დაინტერესებული პირები | ძირითადი დაინტერესებული პირების იდენტიფიცირება და მათზე მითითება (მათ შორის, კონსულტაციების შედეგები) |
| 3. ზიანის მიმყენებელი ძირითადი ფაქტორების იდენტიფიცირება და აღწერა | მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ძირითადი წყაროების აღწერა |
| 4. შემოთავაზებული გამოსასწორებელი ღონისძიებების ვარიანტები და მეთოდოლოგია | შემოთავაზებული გამოსასწორებელი ღონისძიებების ვარიანტებისა და გამოყენებული სტანდარტების აღწერა და მათი ეფექტურობის ინდიკატორები |
| 5. სავარაუდო გაუთვალისწინებელი გარემოებები და მათი გამოსწორება | გაუთვალისწინებელი სიტუაციების შემთხვევაში განსახორციელებელი კონტროლის ზომებისა და მოქმედების გეგმების აღწერა – გამოსასწორებელი ღონისძიებების პოტენციური უარყოფითი შედეგების შერბილების მიზნით, ტერიტორიის რეცეპტორებზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე |
| 6. ტერიტორიის აღდგენა | შერჩეული გამოსასწორებელი ღონისძიებების დეტალური აღწერა, ვადებისა და ხარჯების მითითებით |
| 7. ტერიტორიის მონიტორინგი | გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განხორციელების მონიტორინგის პროგრამა |
| 8. ინფორმაცია გეგმის შემდგენის შესახებ | საიდენტიფიკაციო მონაცემები გეგმის მომზადებაში მონაწილე ფიზიკური/იურიდიული პირის შესახებ. |
| 9. დანართები | რუკები, სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, დაინტერესებული პირების სია და კონსულტაციის პროცედურები |