გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ

მიღების თარიღი 22.06.2021
ძალაში შესვლა 29.06.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №14-26
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016695
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/07/2022
matsne.gov.ge 2,214 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.06.2021 მიღება
29.06.2022 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთგვაროვანი პირობების მიღებისა და აღნიშნული ინსპექტირების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 13.11.1997 საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გადაწყვეტის შესახებ 1907 წლის კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 18.10.1907 ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ კონვენცია 1. თხოვნის გამომგზავნი ცენტრალური ორგანო 90% 25.05.2023 საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 90% 28.06.2018 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტია და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს წესდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 26.06.1945

დოკუმენტის ტექსტი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ პრეამბულა წინამდებარე კონვენციის მონაწილე მხარეები, აღიარებენ რა მედიაციის, როგორც იმ მეთოდის მნიშვნელობას, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების კონტექსტში წარმოშობილ დავათა მშვიდობიანი მოგვარებისთვის, როდესაც მოდავე მხარეები მესამე მხარეს ან მხარეებს სთხოვენ დავის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობაში დახმარებას, აღნიშნავენ რა, რომ მედიაცია, როგორც დავის სასამართლო განხილვის გზით მოგვარების ალტერნატივა, სულ უფრო და უფრო გამოყენებადი ხდება საერთაშორისო და ეროვნულ კომერციულ პრაქტიკაში, ითვალისწინებენ რა, რომ მედიაციის გამოყენებას მოაქვს მნიშვნელოვანი სარგებელი, როგორიცაა ისეთი შემთხვევების შემცირება, როდესაც დავის შედეგად ხდება სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა, მარტივდება ვაჭრობის მონაწილე მხარეების მიერ საერთაშორისო ოპერაციების მართვა და იქმნება შეღავათები სახელმწიფოების მხრიდან მართლწესრიგის უზრუნველყოფისას, დარწმუნებულნი არიან რა, რომ მედიაციის შედეგად მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებისთვის ისეთი სამართლებრივ-ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბება, რომელიც მისაღები იქნება განსხვავებული სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური სისტემების მქონე სახელმწიფოებისთვის, ხელს შეუწყობს ჰარმონიული საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, შეთანხმდნენ  შემდეგზე: მუხლი 1🔗. გავრცელების სფერო 1. წინამდებარე კონვენცია ვრცელდება მედიაციის შედეგად წარმოშობილ ნებისმიერ შეთანხმებაზე და მხარეების მიერ ფორმდება წერილობით, კომერციული დავის მოგვარების მიზნით (შემდგომში „მორიგების შეთანხმება“), რომლებიც, გაფორმების დროისთვის, საერთაშორისოა თუ: (a) მორიგების შეთანხმების მონაწილე სულ მცირე ორი მხარე ეწევა ძირითად საქმიანობას  სხვადასხვა სახელმწიფოში; ან (b) სახელმწიფო, რომელშიც მორიგების შეთანხმების მონაწილე მხარეები ეწევიან ძირითად საქმიანობას  , განსხვავდება, ან: (i) იმ სახელმწიფოსგან, რომელშიც მორიგების შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი სრულდება; ან (ii) იმ სახელმწიფოსგან, რომელთანაც მორიგების შეთანხმების საგანი ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული. 2. წინამდებარე კონვენცია არ ვრცელდება ისეთი მორიგების შეთანხმებებზე, რომლებიც: (a) გაფორმებულია იმ დავის მოსაგვარებლად, რომელიც წარმოიშობა ერთ-ერთი მხარის (მომხმარებლის) მიერ დადებული გარიგებიდან, პირადი, საოჯახო ან საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის; (b) შეეხება საოჯახო, სამემკვიდრეო ან შრომით სამართალს. 3. წინამდებარე კონვენცია არ ვრცელდება: (a) მორიგების შეთანხმებებზე, რომლებიც: (i) დამტკიცდა სასამართლოს მიერ ან გაფორმებულია სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოების დროს; და (ii) ექვემდებარებიან აღსრულებას, როგორც სასამართლო გადაწყვეტილება, აღნიშნული სასამართლოს სახელმწიფოში; (b) მორიგების შეთანხმებებზე, რომლებიც ოფიციალურად გაფორმებულია და ექვემდებარებიან აღსრულებას არბიტრაჟის გადაწყვეტილების სახით. მუხლი 2🔗. განსაზღვრებანი 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის: (a) თუ მხარეს გააჩნია ერთზე მეტი ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი, შესაბამის ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილად მიიჩნევა ის, რომელსაც ყველაზე მჭიდრო კავშირი აქვს მორიგების შეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტილ დავასთან, მორიგების შეთანხმების გაფორმების დროისთვის მხარეებისთვის ცნობილი ან სავარაუდო ვითარებების გათვალისწინებით; (b) თუ მხარეს არ გააჩნია ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი, მხედველობაში მიიღება მხარის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. 2. მორიგების შეთანხმება „წერილობითია”, თუ მისი შინაარსი დაფიქსირებულია რაიმე ფორმით. მორიგების შეთანხმების წერილობით გაფორმებასთან დაკავშირებული მოთხოვნა ითვლება შესრულებულად, თუ იგი წარმოდგენილია ინფორმაციის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, თუ მასში გათვალისწინებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს მისი შემდგომი გამოყენება. 3. „მედიაცია” ნიშნავს პროცესს, იმის მიუხედავად, თუ როგორ მოიხსენიება იგი, ან იმ საფუძვლის მიუხედავად, რომელზე დაყრდნობითაც მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი, რომლის დროსაც მხარეები ცდილობენ მათი დავის მშვიდობიანად მოგვარებას იმ მესამე პირის ან პირების (შემდგომში - „მედიატორი“) დახმარებით, რომელთაც არ გააჩნიათ უფლებამოსილება, დავის მონაწილე მხარეებს დაუწესონ დავის მოგვარების საკუთარი გზა. მუხლი 3🔗. ზოგადი პრინციპები 1. კონვენციის მონაწილე ყოველი მხარე ვალდებულია შეასრულოს მორიგების შეთანხმება მისი პროცედურული ნორმებისა და წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 2. იმ შემთხვევაში, თუ დავა წარმოიშობა იმ საკითხთან მიმართებით, რომელიც მხარის მტკიცებით, უკვე მოგვარდა მორიგების შეთანხმების საფუძველზე, კონვენციის მონაწილე მხარემ უფლება უნდა მისცეს აღნიშნულ მხარეს, გამოიყენოს მორიგების შეთანხმება მისი პროცედურული ნორმებისა და წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რათა  დაამტკიცოს, რომ აღნიშნული საკითხი უკვე გადაწყვეტილია. მუხლი 4🔗. მორიგების შეთანხმებების გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. მხარე, რომელიც იყენებს მორიგების შეთანხმებას წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, კონვენციის მონაწილე მხარის, სადაც წარდგენილია მოთხოვნა, კომპეტენტურ ორგანოს წარუდგენს: (a) მხარეთა მიერ ხელმოწერილ მორიგების შეთანხმებას; (b) იმის მტკიცებულებას, რომ მორიგების შეთანხმება მიღწეულ იქნა მედიაციის შედეგად, კერძოდ: (i) მედიატორის ხელმოწერას მორიგების შეთანხმებაზე; (ii) მედიატორის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს იმის მითითებით, რომ მედიაცია განხორციელდა; (iii) იმ დაწესებულების მიერ გაცემულ დასტურს, რომელიც ადმინისტრირებას უწევდა მედიაციას; ან (iv) (i), (ii) ან (iii) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მტკიცებულებების  არარსებობისას – კომპეტენტური ორგანოსთვის მისაღებ ნებისმიერ სხვა მტკიცებულებას. 2. მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მორიგების შეთანხმებას ხელი უნდა მოაწერონ მხარეებმა, ან როცა ეს შესაძლებელია, მედიატორმა, შესრულებულად ითვლება ელექტრონულ შეტყობინებასთან მიმართებით, თუ: (a) გამოყენებულია რომელიმე მეთოდი მხარეთა ან მედიატორის იდენტიფიკაციისათვის და ელექტრონულ შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მხარეთა ან მედიატორის განზრახვის მითითების მიზნით; და (b) გამოყენებული მეთოდი: (i) ან იმდენად საიმედოა, რამდენადაც შესაფერისია იმ მიზნისთვის, რისთვისაც შეიქმნა ან გადაიცა ელექტრონული შეტყობინება, ყველა გარემოების გათვალისწინებით, ნებისმიერი შესაბამისი შეთანხმების ჩათვლით; ან (ii) როგორც ეს ფაქტიურად დადასტურდა თვითონ მეთოდის საფუძველზე ან დამატებითი მტკიცებულებების საშუალებით, გამოყენებულ იქნა ზემოთ აღნიშნულ (a) ქვეპუნქტში აღწერილი ფუნქციების შესასრულებლად. 3. თუ მორიგების შეთანხმება არ არის შესრულებული კონვენციის მონაწილე მხარის, სადაც წარდგენილია მოთხოვნა, ოფიციალურ ენაზე, კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს მისი ასეთ ენაზე თარგმნა. 4. კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს ნებისმიერი აუცილებელი დოკუმენტი კონვენციის მოთხოვნების შესრულების გადამოწმების მიზნით. 5. მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ თხოვნის განხილვის დროს კომპეტენტური ორგანო მოქმედებს ოპერატიულად. მუხლი 5🔗. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები 1. კონვენციის მონაწილე მხარის, სადაც წარდგენილია მოთხოვნა მე-4 მუხლის შესაბამისად, კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს უარი განაცხადოს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მხარის თხოვნით, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია მოთხოვნა., მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მხარე კომპეტენტურ ორგანოს წარუდგენს იმის მტკიცებულებას, რომ: (a) მორიგების შეთანხმების მხარე გარკვეულწილად ქმედუუნარო იყო; (b) მორიგების შეთანხმება, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება მოთხოვნის დაკმაყოფილება: (i) ბათილია, ძალადაკარგულია  ან მისი შესრულება შეუძლებელია  იმ კანონის მიხედვით, რომელსაც მხარეებმა სამართლებრივად დაუქვემდებარეს იგი, ან ასეთი მითითების არარსებობისას, იმ კანონის მიხედვით, რომელიც შესაბამისად მიიჩნია კონვენციის მონაწილე მხარის კომპეტენტურმა ორგანომ;, სადაც  წარდგენილია მოთხოვნა მე-4 მუხლის შესაბამისად, (ii) არ არის შესასრულებლად სავალდებულო, ან არ არის საბოლოო მისი პირობების თანახმად; ან (iii) შემდგომში შესწორებულ იქნა; (c) მორიგების შეთანხმების ვალდებულებები:  (i) შესრულებულია; ან (ii) არ არის ნათელი ან გასაგები; (d) მოთხოვნის დაკმაყოფილება მორიგების შეთანხმების პირობების საწინააღმდეგო იქნება; (e) მედიატორმა უხეშად დაარღვია მედიატორთან ან მედიაციასთან დაკავშირებული სტანდარტები, რადგან ასეთი დარღვევის გარეშე ეს მხარე არ გააფორმებდა მორიგების შეთანხმებას; ან (f) მედიატორმა მხარეებს არ გაუმჟღავნა ის გარემოებები, რომლებიც მედიატორის მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის მიმართ დასაბუთებული ეჭვის საფუძველს იძლევა და ასეთმა გაუმჟღავნებლობამ არსებითად იმოქმედა ან არასათანადო ზეგავლენა მოახდინა ერთ-ერთ მხარეზე, რადგან ასეთი გაუმჟღავნებლობის გარეშე ეს მხარე არ გააფორმებდა მორიგების შეთანხმებას. 2. კონვენციის მონაწილე მხარის, სადაც წარდგენილია მოთხოვნა, მე-4 მუხლის შესაბამისად, კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს უარი განაცხადოს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ იგი მიიჩნევს, რომ: (a) მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება ამ მხარის საჯარო წესრიგის ან (b) ამ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს მედიაციის გზით განხილვის საგანი. მუხლი 6🔗. პარალელური შუამდგომლობები ან მოთხოვნები თუ სასამართლოში, არბიტრაჟში ან სხვა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოში წარდგენილ იქნა მორიგების შეთანხმებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა ან მოთხოვნა, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მე-4 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კონვენციის მონაწილე მხარის, სადაც წარდგენილია მოთხოვნა, კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს, თუ იგი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს, გადადოს ამ გადაწყვეტილების გამოტანა და ასევე, ერთ-ერთი მხარის თხოვნით, მეორე მხარეს მოსთხოვოს შესაბამისი უზრუნველყოფის წარმოდგენა. მუხლი 7🔗. სხვა კანონმდებლობა ან საერთაშორისო ხელშეკრულებები წინამდებარე კონვენცია არც ერთ დაინტერესებულ მხარეს არ ართმევს მის მიერ მორიგების შეთანხმების გამოყენების არცერთ შესაძლო უფლებას იმ სახით და იმ ფარგლებში, რომლებიც დაშვებულია კონვენციის მონაწილე მხარის, სადაც მოითხოვება ასეთი მორიგების შეთანხმების საფუძვლად გამოყენების შესაძლებლობა, კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით. მუხლი 8🔗. დათქმები 1. კონვენციის მონაწილე მხარეს უფლება აქვს განაცხადოს, რომ: (a) იგი წინამდებარე კონვენციას არ გამოიყენებს მორიგების იმ შეთანხმებების მიმართ, რომელთა ერთ-ერთი მხარეც არის ის ან რომელთა ერთ-ერთი მხარეც არის ნებისმიერი სამთავრობო დაწესებულება ან რომელიმე სამთავრობო დაწესებულების სახელით მოქმედი ნებისმიერი პირი, აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ ფარგლებში;  (b) იგი წინამდებარე კონვენციას გამოიყენებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებზეც მორიგების შეთანხმების მხარეები შეთანხმდნენ კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით. 2. არანაირი დათქმა, იმ დათქმების გარდა, რომლებიც პირდაპირ არის ნებადართული მოცემულ მუხლში, არ დაიშვება. 3. კონვენციის მონაწილე მხარეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გააკეთოს დათქმები. ხელმოწერის მომენტში გაკეთებული დათქმები საჭიროებს დადასტურებას რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დროს. ასეთი დათქმები იურიდიულ ძალას იძენს კონვენციის შესაბამის მონაწილე მხარესთან მიმართებით წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლასთან ერთად. წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ან მასთან მიერთების მომენტში, ან მე-13 მუხლის საფუძველზე გაკეთებული განცხადების დროს გაკეთებული დათქმები იურიდიულ ძალას იძენს კონვენციის შესაბამის მონაწილე მხარესთან მიმართებით წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლასთან ერთად. კონვენციის ამ მხარესთან მიმართებით კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ შესანახად ჩაბარებული დათქმები იურიდიულ ძალას იძენს მათი შესანახად ჩაბარების თარიღიდან ექვს თვეში. 4. დათქმები და მათი დადასტურებები შესანახად ჩაბარდება დეპოზიტარს. 5. კონვენციის მონაწილე ნებისმიერ მხარეს, რომელიც დათქმას წინამდებარე კონვენციის თანახმად გააკეთებს, უფლება აქვს ნებისმიერ დროს თქვას მასზე უარი. ყველა ასეთი უარი შესანახად უნდა ჩაჰბარდეს დეპოზიტარს და ისინი იურიდიულ ძალას იძენს შესანახად ჩაბარებიდან ექვს თვეში. მუხლი 9🔗. მორიგების შეთანხმებებთან დაკავშირებული იურიდიული შედეგი წინამდებარე კონვენცია და ნებისმიერი დათქმა ან მასზე უარი გამოიყენება მხოლოდ მორიგების იმ შეთანხმებების მიმართ, რომლებიც დაიდო კონვენციის, დათქმის ან მასზე უარის, კონვენციის შესაბამის მონაწილე მხარესთან მიმართებით ძალაში შესვლის შემდეგ. მუხლი 10🔗. დეპოზიტარი წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარად ინიშნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი. მუხლი 11🔗. ხელმოწერა, რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება, შეერთება 1. წინამდებარე კონვენცია ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის ხელმოსაწერად 2019 წლის 7 აგვისტოს სინგაპურში, ხოლო შემდგომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში. 2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება მის ხელმომწერთა მიერ რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. 3. წინამდებარე კონვენცია ღიაა ყველა მისი არახელმომწერი სახელმწიფოების მიერ შეერთებისთვის მისი ხელმოწერისთვის გახსნის თარიღიდან. 4. რატიფიცირების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტები შესანახად უნდა ჩაჰბარდეს დეპოზიტარს. მუხლი 12🔗. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციების მონაწილეობა 1. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია სუვერენული სახელმწიფოების მიერ და რომელსაც უფლებამოსილება გააჩნია წინამდებარე კონვენციით რეგულირებად ზოგიერთ საკითხში, ასევე აქვს წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასზე მიერთების უფლება. ამ შემთხვევაში, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციას აქვს კონვენციის მონაწილე მხარის უფლებები და ვალდებულებები იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც გააჩნია ამ ორგანიზაციას უფლებამოსილება წინამდებარე კონვენციით რეგულირებად საკითხებში. იმ შემთხვევებში, როდესაც წინამდებარე კონვენციისთვის მნიშვნელობა აქვს კონვენციის მონაწილე მხარეთა რაოდენობას, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია არ ითვლება კონვენციის მონაწილე მხარედ კონვენციის იმ წევრ-სახელმწიფოებზე დამატებით, რომლებიც კონვენციის მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ. 2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია, ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს, დეპოზიტარის მიმართ აკეთებს განცხადებას წინამდებარე კონვენციით რეგულირებადი იმ საკითხების მითითებით, რომლებთან დაკავშირებითაც  მიანიჭეს უფლებამოსილება ამ ორგანიზაციას მისმა წევრმა-სახელმწიფოებმა. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია დაუყოვნებლივ ატყობინებს დეპოზიტარს მოცემული პუნქტის თანახმად გაკეთებულ განცხადებაში მითითებული უფლებამოსილების განაწილებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მათ შორის,  ახალი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. 3. ნებისმიერი მითითება წინამდებარე კონვენციაში გამოყენებულ „კონვენციის მონაწილე მხარეზე“, „კონვენციის მონაწილე მხარეებზე“, „სახელმწიფოზე“ ან „სახელმწიფოებზე“ თანაბრად ეხება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციას, როდესაც ამას კონტექსტი მოითხოვს. 4. წინამდებარე კონვენციას არ აქვს უპირატესი ძალა ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციის, კონვენციასთან საწინააღმდეგო ნორმებთან შედარებით, იმისგან დამოუკიდებლად, ასეთი ნორმები მიღებული იქნა ან ძალაში შევიდა წინამდებარე კონვენციის მიღებამდე  თუ მის შემდეგ: (a) თუ, მე-4 მუხლის თანახმად, მოთხოვნა წარდგენილია სახელმწიფოში, რომელიც ასეთი ორგანიზაციის წევრია და ყველა შესაბამის სახელმწიფოში, პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რომელიც ასეთი ორგანიზაციის წევრია; ან (b) როცა საქმე ასეთი ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობასა ან აღსრულებას ეხება. მუხლი 13🔗. არაუნიფიცირებული სამართლებრივი სისტემები 1. თუ კონვენციის მონაწილე მხარეს აქვს ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეული, სადაც გამოიყენება სამართლის სხვადასხვა სისტემა იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის რეგულირების საგანს, მას ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს შეუძლია განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენციის მოქმედება გავრცელდება მის ყველა ტერიტორიულ ერთეულზე ან მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ტერიტორიულ ერთეულზე, ასევე მას ნებისმიერ დროს, კიდევ სხვა განცხადების წარდგენით, შეუძლია შეცვალოს თავისი განცხადება. 2. აღნიშნული განცხადებები ეგზავნება დეპოზიტარს და მათში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული ის ტერიტორიული ერთეულები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენციის მოქმედება. 3. თუ კონვენციის მონაწილე მხარეს აქვს ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეული, სადაც გამოიყენება სამართლის სხვადასხვა სისტემა იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის რეგულირების საგანს: (a) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოს სამართალზე და საპროცესო ნორმაზე განიმარტება, შესაბამის შემთხვევებში, როგორც მითითება შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მოქმედ სამართალზე ან საპროცესო ნორმაზე; (b) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოში ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილზე განიმარტება, შესაბამის შემთხვევებში, როგორც მითითება შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილზე; (c) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოზე განიმარტება, შესაბამის შემთხვევებში, როგორც მითითება შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მდებარე კომპეტენტურ ორგანოზე. 4. თუ კონვენციის მონაწილე მხარე არ გააკეთებს განცხადებას წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე კონვენციის მოქმედება ვრცელდება ამ მონაწილე სახელმწიფოს ყველა ტერიტორიულ ერთეულზე. მუხლი 14🔗. ძალაში შესვლა 1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის მესამე სარატიფიკაციო სიგელის ან მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან ექვს თვეში. 2. რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ მესამე დოკუმენტის შესანახად ჩაბარების შემდეგ სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების შემთხვევაში, ამ სახელმწიფოს მიმართ კონვენცია ძალაში შედის სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების დღიდან ექვს თვეში. იმ ტერიტორიული ერთეულის მიმართ, რომელზეც წინამდებარე კონვენციის მოქმედება ვრცელდება მე-13 მუხლის შესაბამისად, კონვენცია ძალაში შედის ამავე მუხლში მითითებული განცხადების შესახებ შეტყობინებიდან ექვს თვეში. მუხლი 15🔗. ცვლილებები 1. კონვენციის ნებისმიერ მონაწილე მხარეს შეუძლია წინამდებარე კონვენციაში ცვლილების შეტანის შემოთავაზება და მისი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის წარდგენა. შემოთავაზებული ცვლილების მიღებისთანავე გენერალური მდივანი უგზავნის მას კონვენციის მონაწილე მხარეებს თხოვნით, გამოთქვან თავიანთი აზრი წინადადების განსახილველად და მასზე კენჭის საყრელად კონვენციის მონაწილე მხარეთა კონფერენციის მოწვევის მიზანშეწონილობის შესახებ. თუ შესწორების გადაგზავნის დღიდან ოთხი თვის განმავლობაში კონფერენციის მოწვევას მხარს დაუჭერს კონვენციის მონაწილე მხარეთა არანაკლებ ერთი მესამედისა, გენერალური მდივანი იწვევს კონფერენციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით. 2. კონვენციის მონაწილე მხარეთა კონფერენცია ყველა ღონეს იხმარს თითოეულ ცვლილებაზე კონსენსუსის მისაღწევად. თუ კონსესუსის მისაღწევად ყველა შესაძლებლობა ამოიწურა და კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეულია, უკიდურეს შემთხვევაში ცვლილების მისაღებად საჭიროა კონფერენციაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე კონვენციის მონაწილე მხარეთა ხმების ორი მესამედის უმრავლესობა. 3. მიღებული ცვლილება დეპოზიტარის მიერ წარედგინება კონვენციის მონაწილე ყველა მხარეს რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების მიზნით. 4. მიღებული ცვლილება ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ მესამე დოკუმენტის შესანახად ჩაბარების დღიდან ექვს თვეში. ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, ის სავალდებულო ხდება კონვენციის მონაწილე ყველა იმ მხარისთვის, რომელმაც თანხმობა გამოხატა მის სავალდებულოობაზე. 5. რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ მესამე დოკუმენტის შესანახად ჩაბარების შემდეგ კონვენციის მონაწილე მხარის მიერ შესწორების რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შემთხვევაში, კონვენციის მონაწილე ამ მხარის მიმართ შესწორება ძალაში შედის კონვენციის მონაწილე მხარის მიერ რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების დღიდან ექვს თვეში.  მუხლი 16🔗. დენონსაცია 1. კონვენციის მონაწილე მხარეს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია დეპოზიტარისთვის წერილობითი ფორმით ოფიციალური შეტყობინების გაგზავნის გზით. დენონსაცია შეიძლება გავრცელდეს არაუნიფიცირებული სამართლებრივი სისტემის მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულზე, რომელზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენციის მოქმედება. 2. დენონსანცია ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 12 თვეში. თუ შეტყობინებაში მითითებულია დენონსაციის ძალაში შესვლის უფრო ხანგრძლივი ვადა, დენონსაცია ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ასეთი ვადის გასვლისთანავე. წინამდებარე კონვენციის გამოყენება გრძელდება დენონსაციის ძალაში შესვლამდე დადებულ მორიგების შეთანხმებებზე. შესრულებულია ერთ ორიგინალად, რომლის ვერსიები არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე თანაბრად ავთენტურია.