ლაშა შუკაკიძე ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ

მიღების თარიღი 08.07.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №1/15/1710
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016715
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/07/2022
matsne.gov.ge 695 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

რატი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 03.11.2022 პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 12.11.2020 ფრიდონ ბასილაია და აკაკი თოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 04.11.2022 თენგიზ ლორთქიფანიძე და იოსებ თხილაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 11.12.2020 საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილი და ააიპ „ცენტრი მომავლის ინიციატივები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 92% 19.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

ლაშა შუკაკიძე ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №1/15/1710  2022 წლის 8 ივლისი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა: ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე; ევა გოცირიძე – წევრი; გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი. სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე. საქმის დასახელება: ლაშა შუკაკიძე ააიპ –  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. დავის საგანი: ააიპ – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის კონსტიტუციურობა.  I აღწერილობითი ნაწილი 1.  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1710) მომართა ლაშა შუკაკიძემ. №1710 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2022 წლის 10 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 8 ივლისს. 2.  №1710 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და მე-60 მუხლები; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 31-ე და 31​1 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 3. კონსტიტუციურ სარჩელში მოთხოვნილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი. კერძოდ, დასადგენია აღნიშნული პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, რამდენად წარმოადგენს აღნიშნული პოლიტიკური პარტიის მიზანს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ომისა და ძალადობის პროპაგანდა, ეროვნული, ეთნიკური, კუთხური ან რელიგიური შუღლის გაღვივება. 4. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და წევრები კოლექტიური თუ ინდივიდუალური განცხადებებით ცდილობენ, საქართველო ჩააბან რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში. აღნიშნული პარტიის წევრები ძალადობრივი ფორმებით მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას უკრაინასთან სხვადასხვა ფორმის სამხედრო თანამშრომლობისკენ, რითაც მათ სურთ ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების დამხობა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ლიდერები მათ მიერ კონტროლირებადი ტელევიზიებიდან, პარლამენტის ტრიბუნებიდან და სოციალური ქსელებიდან სისტემატურად მოუწოდებდნენ საქართველოს მოსახლეობას, ეთნიკური ნიშნით განდევნონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, განახორციელონ მათზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. 5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უნდა იქნეს შემოწმებული საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.  II სამოტივაციო ნაწილი 1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. 2. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს მომართავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში და მოითხოვს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის კონსტიტუციურობის შემოწმებას. აღნიშნული მოთხოვნა შინაარსობრივად გულისხმობს პარტიის აკრძალვას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პოლიტიკური პარტიის შექმნის, საქმიანობის და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის კონსტიტუციურობის შესახებ სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ან საქართველოს მთავრობას“. შესაბამისად, ფიზიკური პირი არ წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის უფლებამოსილ სუბიექტს. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ ერთხელ უკვე მომართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასების თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ, იმავე მოტივით, მოსარჩელეს უარი უთხრა საქმის არსებითად განსახილველად მიღებაზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის №2/6/1536 განჩინება საქმეზე „ლაშა შუკაკიძე ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ“). 3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1710 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.  III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 27​1 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31​1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 31​2 მუხლის მე-8 პუნქტის, 31​3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 31​5 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 31​6 მუხლის მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:  1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1710 კონსტიტუციური სარჩელი („ლაშა შუკაკიძე ააიპ – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ“). 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. კოლეგიის შემადგენლობა: ვასილ როინიშვილი ევა გოცირიძე გიორგი თევდორაშვილი გიორგი კვერენჩხილაძე