⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.05.1996)
გაუქმებულია:

საბიუჯეტო სისტემისა და უფლებების შესახებ

მიღების თარიღი 30.03.1993
ძალის დაკარგვა 29.05.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 3-4, 31/03/1993
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,798 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.03.1993 მიღება
29.05.1996 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საბიუჯეტო სისტემისა და უფლებების შესახებ (ძალადაკარგულია - 29.05.1996) საქართველოს რესპუბლიკის კანონი საბიუჯეტო სისტემისა და უფლებების შესახებ კარი პირველი ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. საქართველოს რესპუბლიკის კანონი საბიუჯეტო სისტემისა და უფლებების შესახებ განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების (შემდგომში საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტები) შედგენის, განხილვის, დამტკიცებისა და ხარჯების გამიჯვნის ძირითად პრინციპებს და საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ხელისუფლებისა და მმართველობის საფინანსო-საბიუჯეტო უფლებამოსილებებს. მუხლი 2🔗. საქართველოს რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს რესპუბლიკის ფულადი სახსრების მობილიზაციისა და მისი გამოყენების ძირითადი ფინანსური გეგმაა. საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტში თავმოყრილია ეროვნული პროდუქტისა და ეროვნული სიმდიდრის ნაწილი ფულადი სახსრების საერთო-სახელმწიფოებრივი ცენტრალიზებული ფონდების სახით, რომელიც იქმნება უპირატესად საწარმოებისა და სამეურნეო ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები, უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების შემოსავლებიდან, საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი გადასახადების გადახდისა და სახსრების ნებაყოფლობითი შეტანის გზით და გამოიყენება სახელმწიფოს ეკონომიკური, სოციალური განვითარების, ქვეყნის თავდაცვისა და სხვა ღონისძიებათა დასაფინანსებლად. მუხლი 3🔗. საქართველოს რესპუბლიკის ერთიანი საბიუჯეტო სისტემა განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წყობის საფუძველზე და მოიცავს საქართველოს რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებსა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი არიან. საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტების დამოუკიდებლობას განაპირობებს ბიუჯეტის ყველა რგოლის უზრუნველყოფა საკუთარი შემოსავლითა და დადგენილი წესით დამტკიცებული ეკონომიკური ნორმატივებით განსაზღვრული შემოსავლით, რომელთა გამოყენების მიმართულებებს უშუალოდ განსაზღვრავენ საქართველოს რესპუბლიკის, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ზემდგომ ორგანოებს არა აქვთ უფლება ადმინისტრაციული წესით ჩაერიონ სახელმწიფო იერარქიის ქვემდგომი საფეხურების საბიუჯეტო უფლებებში. ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა რესპუბლიკის საბიუჯეტო პოლიტიკის გატარებისათვის, როგორც ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების, ისე საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლის შესრულებისათვის. ამასთანავე ისინი დადგენილი წესით პასუხს აგებენ საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი შემოსავლის შეჩერების ან სხვა დანიშნულებით მიმართვისთვის. მუხლი 4🔗. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ფორმირებისათვის გადასახადებიდან ანარიცხების ეკონომიკურ ნორმატივებს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი 3-5 წლის ვადით. მუხლი 5🔗. საქართველოს რესპუბლიკის საბიუჯეტო-საფინანსო მექანიზმის ფუნქციონირების უმთავრესი პირობაა ბიუჯეტების დაბალანსება. მუხლი 6🔗. საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი, ხოლო განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების პროექტებს შეიმუშავებენ ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მმართველობის შესაბამისი ორგანოები საკუთარი შემოსავლისა და დადგენილი წესით დამტკიცებული ეკონომიკური ნორმატივებით გადასახადებიდან განსაზღვრული შემოსავლის ფარგლებში და ამტკიცებენ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები. საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტების შედგენას, განხილვასა და შესრულებას ორგანიზაციას უწევენ შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები და  მმართველობის ადგილობრივი ორგანოები. საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტები მტკიცდება ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე. მუხლი 7🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს: ა) საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტების ფორმირებისათვის გადასახადებიდან ანარიცხების ეკონომიკურ ნორმატივებს (პროცენტობით) მე-4 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში ბანკის სესხების გამოყენების ლიმიტების პროექტებს; ბ) საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტებს, რომელიც შეიცავს შემოსავლის საერთო თანხას ძირითადი წყაროების გამოყოფით და გასავლის საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების ძირითადი მიმართულებების მიხედვით. მუხლი 8🔗. საქართველოს პარლამენტი საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტის ფორმირებისათვის იღებს კანონებს გადასახადებიდან ანარიცხების ეკონომიკური ნორმატივებისა და საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ ,აგრეთვ საჭიროების შემთხვევაში, ადგენს მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის ბანკის გრძელვადიანი სესხის ოდენობას. საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტების შესახებ შეიცავს შემოსავლის საერთო თანხას ძირითადი წყაროების მიხედვით და გასავლის საერთო თანხას მისი ძირითადი მიმართულებების მიხედვით. მუხლი 9🔗. საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტთან ერთად განიხილება და მტკიცდება მოსახლეობის სოციალური დაცვის და სხვა მიზნობრივი სახელმწიფო ფონდები მათი შემოსავლისა და გასავლის სახეობათა მიხედვით. მუხლი 10🔗. წლის განმავლობაში შემოსავლისა და ხარჯების  დაწესებული დონიდან გადახრების შემთხვევას (გარდა კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებებისა), რომელიც მოითხოვს დამატებით ფინანსურ რესურსებს, განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი. საქართველოს რესპუბლიკის ისეთი საკანონმდებლო აქტების მიღების შემთხვევაში, რომლებიც ზრდის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული  ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებს ან ამცირებს მათ შემოსავალს, ამ ბიუჯეტებს სათანადო სახსრები უნაზღაურდებათ საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტების ხარჯების შემცირების ან შემოსავლების გაზრდის შემთხვევაში კი შესაბამისი სახსრები გადაეცემა საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს. მუხლი 11🔗. საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტების შესრულების ანგარიშებს ამტკიცებენ ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები. მუხლი 12🔗. საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტების შესრულებაში ხელისუფლებისა და მმართველობის შესაბამის ორგანოებს უსასყიდლოდ ემსახურებიან საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი და მისი დავალებით სხვა ბანკები. მუხლი 13🔗. საქართველოს რესპუბლიკაში საფინანსო (საბიუჯეტო) წელი წესდება 12 თვით (კალენდარული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით). საანგარიშო წელი მოიცავს საფინანსო წელს პლუს თხუთმეტდღიანი საშეღავათო პერიოდი. ამ ხნის განმავლობაში წარმოებს დასკვნითი ოპერაციები ბიუჯეტის შესრულების პროცესში ნაკისრი ვალდებულებებისათვის საბოლოო ანგარიშსწორების განსახორციელებლად. მუხლი 14🔗. საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გაითვალისწინება ასიგნებანი სახელმწიფო ვალის დასაფარავად და მისი სარგებლობისათვის პროცენტების გადასახდელად. მუხლი 15🔗. საქართველოს რესპუბლიკის კანონი საქართველოს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცების თაობაზე ქვეყნდება საყოველთაო გაცნობისათვის. ანალოგიურად ქვეყნდება ავტონომიური რესპუბლიკების კანონები და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებები შესაბამისი ბიუჯეტისა და მისი შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცების თაობაზე. მუხლი 16🔗. საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტების შესრულებისას დამატებით მიღებული შემოსავალი, აგრეთვე გასავალზე შემოსავლის გადამეტებული თანხა, რომელიც წლის ბოლოსათვის წარმოიშვა შემოსავლის გადაჭარბების ან გასავლის დაზოგვის შედეგად, რჩება შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკების მინისტრთა კაბინეტის, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების განკარგულებაში. მუხლი 17🔗. საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯების გარდა იქმნება გარდამავალი საბრუნავი სახსრები, რომელთა ოდენობა განისაზღვრება ბიუჯეტების დამტკიცებისას. მუხლი 18🔗. ბიუჯეტის გასავლის შემოსავალზე გადამატების (დეფიციტის) შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი, ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები იყენებენ ხარჯების სეკვესტრის მექანიზმს, ამ ღონისძიებების შემდეგ ბიუჯეტის დარჩენილი დეფიციტი დაიფარება აგრეთვე სახელმწიფო შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებათა და ბანკის სესხებით, რომლებიც ძირითადად სახელმწიფო ინვესტიციების დასაფინანსებლად გამოიყენება. მუხლი 19🔗. საგადასახადო სისტემა რეგულირდება საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 20🔗. საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების კონტროლი ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 21🔗. საქართველოს რესპუბლიკაში, ან მის ცალკეულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წარდგენით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საგანგებო ბიუჯეტის შესახებ იმ ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის, რომლებიც დაკავშირებულია საგანგებო მდგომარეობასთან. საგანგებო ხარჯების დასაფინანსებლად დამატებით გადასახადებს, მოსაკრებლებსა და შენატანებს აწესებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წარდგენით. კარი მეორე საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი მუხლი 22🔗. საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში თავს იყრის ფულადი სახსრები, რომლებიც ხმარდება საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის ეკონომიკური, სოციალური, საგარეო-ეკონომიკური, ქვეყნის თავდაცვისა და სხვა ღონისძიებების, აგრეთვე სახელმწიფო მნიშვნელობის პროგრამების დაფინანსებას. ეკონომიკის უთანაბრო განვითარების გამო და ერთიანი სოციალური პროგრამის განხორციელების მიზნით რესპუბლიკური ბიუჯეტის მეშვეობით ხორციელდება შემოსავლის გადანაწილება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს შორის. მუხლი 23🔗. საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო და შესაბამისი საფინანსო წლის დაწყებამდე სამ-ნახევარი თვით ადრე წარადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში. მუხლი 24🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი შესაბამისი საფინანსო წლის დაწყებამდე ორ-ნახევარი თვით ადრე შეაქვს განსახილველად საქართველოს პარლამენტში. მუხლი 25🔗. საქართველოს რესპუბლიკის კანონის პროექტი საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის კომისიებში განიხილება 20 დღის განმავლობაში. საქართველოს პარლამენტში ბიუჯეტის განხილვის ორგანიზება ევალება საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას. მუხლი 26🔗. საქართველოს პარლამეტი არა უგვიანეს 20 დღის ვადაში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მოხსენებების მოსმენისა და განხილვის შემდეგ ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული წესით. მუხლი 27🔗. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს კანონს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ვალდებულია ორი კვირის ვადაში წარუდგინოს მას ამ კანონპროექტის ახალი ვარიანტი. პარლამენტისათვის ხელმეორედ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტს უფლება აქვს მოითხოვოს ერთი კვირა ბიუჯეტის პროექტის კორექტირებისათვის. თუ პარლამენტმა არ მიიღო ბიუჯეტი ასეთი კორექტირების შემდეგაც, დღის წესრიგში დგება მინისტრთა კაბინეტის ნდობის საკითხი. ნდობის გამოცხადების შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტი მიიჩნევა დამტკიცებულად. თუ ბიუჯეტის დამტკიცება ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ვერ მოხერხდა, კანონის მიღებამდე ბიუჯეტის აღსრულების საფუძველია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესაბამისი დადგენილება. მუხლი 28🔗. სავალუტო ოპერაციების უზრუნველსაყოფად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან იქმნება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდი, რომლის შემოსავალი მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაირიცხება უცხოური ვალუტით მიღებული შემოსავალი, სესხები, საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე შეძენილი უცხოური ვალუტა და სხვა შემოსავალი. აღნიშნული ფონდი რესპუბლიკური ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია და მისი სახსრები გამოიყენება სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურებისათვის, რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი და სხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად. მუხლი 29🔗. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავალში მთლიანად ჩაირიცხება: - აქციზის გადასახადი; - სატრანზიტო გადასახადი; - ექსპორტ-იმპორტის გადასახადი; - სახელმწიფო შინაგანი სესხის ობლიგაციების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; - ფულის და ნივთების სახელმწიფო ლატარიის ბილეთების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; - სახელმწიფო მატერიალური რეზერვების რეალიზაციით და ეროვნულ ფასეულობათა ფონდის მარაგის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; - საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სავალუტო ფონდიდან ვალუტის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; - სახელმწიფო ბანკიდან მიღებული სესხები და გაცემული სესხების დაბრუნებით მიღებული შემოსავალი; - სხვა გადასახადები და შემოსავალი, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის საკანომდებლო კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხვას ექვემდებარება; გარდა ამისა, რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩაირიცხება საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ეკონომიკური ნორმატივებით გათვალისწინებული: - დამატებული ღირებულების გადასახადი, - მიწის გადასახადი, - საბაჟო გადასახადი. მუხლი 30🔗. საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში იქმნება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შემოსავლის გადანაწილების ფონდი, რომელშიც თავს იყრის მოგებიდან და საქართველოს მოქალაქეთა, უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საშემოსავლო გადასახადებიდან ანარიცხები საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ეკონომიკური ნორმატივების შესაბამისად; აღნიშნული ფონდიდან სახსრების განაწილებას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. მუხლი 31🔗. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავალი გამოიყენება ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად, როგორიცაა: ინვესტიციები და სუბსიდიები, მეცნიერება, განათლება, კულტურა, ჯანმრთელობის დაცვა, სპორტი, ტელევიზია და რადიომაუწყებლობა, გეოლოგიურ-სადაზვერვო და გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები, ტყეების მოვლა-დაცვა და გაშენება, გარემოს დაცვა, ჰიდრომელიორაციული სამუშაოები, რესპუბლიკური მნიშვნელობის გზების მშენებლობა და ექსპლუატაცია, რესპუბლიკური მნიშვნელობის სხვა პროგრამები. - სახელმწიფოთაშორისო ერთობლივი და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები; - საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების რესპუბლიკური ღონისძიებები; - სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის რესპუბლიკური ორგანოების შენახვა; - რესპუბლიკური დაქვემდებარების სამართალდამცავი ორგანოების შენახვა; - ქვეყნის თავდაცვა; - სახელმწიფო რეზერვებისა და ეროვნულ ფასეულობათა ფონდის შევსება; - აღებული კრედიტებისა და სახელმწიფო ვალის დაფარვა და მომსახურება; - სხვა ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსებას. მუხლი 32🔗. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემადგენლობაში იქმნება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სარეზერვო და სხვა მიზნობრივი ფონდები. მუხლი 33🔗.   საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი სრულდება საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ შედგენილი განწერის მიხედვით მუხლი 34🔗. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილ ვადებში ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები შესაბამისი რეგიონების დამტკიცებულ ბიუჯეტებს და ამ ბიუჯეტების შესრულების ანგარიშებს წარუდგენენ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო მიღებული მასალების საფუძველზე ადგენს საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტისა და მისი შესრულების ანგარიშების ნაერთებს და წარუდგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტსა და საქართველოს პარლამენტს. კარი მესამე ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტები მუხლი 35🔗. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში თავს იყრის ის ფულადი სახსრები, რომლებიც ხმარდება ავტონომიური რესპუბლიკის საერთო-რესპუბლიკური მნიშვნელობის ეკონომიკური და სოციალური ღონისძიებების, მმართველობისა და სამართალდამცავი ორგანოების შესახებ ხარჯებს,აგრეთვე რესპუბლიკური მნიშვნელობის სხვა პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსებას. ეკონომიკის არათანაბარი განვითარების გამო და ერთიანი სოციალური პროგრამების განხორცილების მიზნით ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების მეშვეობით ხორციელდება შემოსავლის გადანაწილება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს შორის. მუხლი 36🔗. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების პროექტებს ადგენენ ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროები და შესაბამისი საფინანსო წლის დაწყებამდე ორ-ნახევარი თვით ადრე წარადგენენ ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებში. მუხლი 37🔗. ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტები შესაბამისი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ერთ-ნახევარი თვით ადრე განსახილველად შეაქვთ ავტონომიური რესპუბლიკების უზენაეს საბჭოებში. მუხლი 38🔗. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტები ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების კომისიებში განიხილება 15 დღის განმავლობაში. მუხლი 39🔗. ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოები ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიათა მოხსენებების მოსმენისა და განხილვის შემდეგ ამტკიცებენ ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებს ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული წესით. მუხლი 40🔗. ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ისეთი საკანონმდებლო აქტების მიღების შემთხვევაში, რომლებიც ზრდის მოცემული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებს ან ამცირებს მათ შემოსავალს, ამ ბიუჯეტებს სათანადო სახსრები უნაზღაურდებათ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტების ხარჯების შემცირების ან შემოსავლის გაზრდის შემთხვევაში კი შესაბამისი სახსრები გადაეცემა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს. მუხლი 41🔗. ავტონომიური რესპუბლიკების საბიუჯეტო სისტემა განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წყობის საფუძველზე. ამის შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკების საბიუჯეტო სისტემა მოიცავს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მასში შემავალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი არიან. მუხლი 42🔗. სავალუტო ოპერაციების უზრუნველყოფისათვის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებთან იქმნება ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო სავალუტო ფონდები, რომელთა შემოსავალში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ჩაირიცხება უცხოური ვალუტით მიღებული შემოსავალი და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტების ხარჯზე შეძენილი უცხოური ვალუტა. აღნიშნული ფონდების სახსრები გამოიყენება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული მიზნობრივი და სხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად. მუხლი 43🔗. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების შემოსავალში ჩაირიცხება: - საქართველოს პარლამენტის მიერ ავტონომიური რესპუბლიკებისათვის დამტკიცებული ეკონომიკური  ნორმატივებიდან გამომდინარე, ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების მიერ დამტკიცებული ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახადებიდან და შემოსავლებიდან ანარიცხების ეკონომიკური ნორმატივებით განსაზღვრული შემოსავალი: ა) დამატებული ღირებულების გადასახადი; ბ) მიწის გადასახადი; გ) საბაჟო გადასახადი; დ) მოგებიდან გადასახადი; ე) საქართველოს მოქალაქეთა, უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საშემოსავლო გადასახადი. - მიღებული სესხები, აგრეთვე გაცემული სესხის დაბრუნებით მიღებული შემოსავალი; - სხვა გადასახადები, მოსაკრებლები და სხვადასხვა არასაგადასახადო შემოსავალი საქართველოს რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობათა შესაბამისად. მუხლი 44🔗. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ბიუჯეტებში იქმნება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შემოსავლის გადანაწილების ფონდი, რომელშიც თავს იყრის მოგებიდან და საქართველოს მოქალაქეთა, უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საშემოსავლო გადასახადებიდან ანარიცხები ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოების მიერ დამტკიცებული ეკონომიკური ნორმატივების შესაბამისად; აღნიშნული ფონდიდან სახსრების განაწილებას ამტკიცებენ ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოები. მუხლი 45🔗. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების შემოსავალი გამოიყენება: 1. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური დაქვემდებარების განათლების, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის, სოციალური უზრუნველყოფის, აგრეთვე საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და მომსახურების სხვა სფეროს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამების, ღონისძიებების, მიზნობრივი ინვესტიციების, სუბსიდიების, აგრეთვე გარემოს დაცვისა და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად. 2. ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, მმართველობისა და სამართალდამცავი ორგანოების შესანახად. 3. საბიუჯეტო სესხის გამოსაყოფად. 4. აღებული სესხების დასაფარავად და მათი მომსახურებისათვის. 5. იმ სხვა ღონისძიებათა დასაფინანსებლად, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან დაფინანსებას. მუხლი 46🔗. ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების შემადგენლობაში იქმნება ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების სარეზერვო ფონდი. მუხლი 47🔗. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლისა და გასავლის გამიჯვნას ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ, საქალაქო, ქალაქის რაიონის, რაიონული და სხვა ბიუჯეტებს შორის განსაზღვრავენ ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო მმართველობის შესაბამისი ორგანოები მათთვის დამტკიცებული ეკონომიკური ნორმატივების ფარგლებში. მუხლი 48🔗. ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები სრულდება ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა სამინისტროების მიერ ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ დამტკიცებული ბიუჯეტების შესაბამისად შედგენილი განწერის მიხედვით. მუხლი 49🔗. ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე განლაგებული მმართველობის ადგილობრივი ორგანოები შესაბამისი რეგიონების დამტკიცებულ ბიუჯეტებს და ამ ბიუჯეტების შესრულების ანგარიშებს ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების მიერ დადგენილ ვადებში წარუდგენენ ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს. კარი მეოთხე ერთეულების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ბიუჯეტები მუხლი 50🔗. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები უზრუნველყოფენ ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული ღონისძიებების, მმართველობის და ადგილობრივი დაქვემდებარების სამართალდამცავი ორგანოების შენახვის ხარჯებისა და სხვა ღონისძიებების დაფინანსებას, რომლებსაც ახორციელებენ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოები. მუხლი 51🔗. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ორგანოებთან სავალუტო ოპერაციების უზრუნველსაყოფად იქმნება სავალუტო ფონდები, რომელთა შემოსავალში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ჩაირიცხება უცხოური ვალუტით მიღებული შემოსავალი და შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯზე შეძენილი უცხოური ვალუტა. აღნიშნული ფონდების სახსრები გამოიყენება შესაბამისი ბიუჯეტებით გათვალისწინებულ მიზნობრივ და სხვა ღონისძიებათა დასაფინანსებლად. მუხლი 52🔗. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავალში ჩაირიცხება: - ბუნებრივი რესურსების გადასახადი; - აქციების, ობლიგაციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის გადასახადი; - სახელმწიფო ბაჟი; - საკურორტო გადასახადი; - ტყის გადასახადი; - სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა გადასახადი; - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მმართველობის ორგანოების მიერ ორგანიზებული და გამოშვებული ფულისა და ნივთების ლატარიის ბილეთების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; - წყლის გადასახადი; - სხვა გადასახადები, მოსაკრებლები და სხვადასხვა არასაგადასახადო შემოსავალი საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად; - საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებული გადანაწილების ფონდიდან მიღებული სახსრები; საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ეკონომიკური ნორმატივებით: ა) დამატებული ღირებულების გადასახადი; ბ) შესაბამის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოებისა და ორგანიზაციების, - საკუთრების ფორმის მიუხედავად - მოგებიდან გადასახადი; გ) შესაბამის ტერიტორიაზე მომუშავე საქართველოს მოქალაქეთა, უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საშემოსავლო გადასახადი; დ) მიწის გადასახადი. მუხლი 53🔗. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავალი გამოიყენება: - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების დაქვემდებარების განათლების, მეცნიერები, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის, სოციალური უზრუნველყოფის, აგრეთვე საბინაო-კომუნალური მეურნეობისა და მომსახურების სხვა სფეროს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამების, ღონისძიებების, მიზნობრივი ინვესტიციების, სუბსიდიების, აგრეთვე გარემოს დაცვის და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად; - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მმართველობისა და სამართალდამცავი ორგანოების შესანახად; - საბიუჯეტო სესხის გამოსაყოფად; -აღებული სესხების დასაფარავად და მათი მომსახურებისათვის; - იმ სხვა ღონისძიებათა დასაფინანსებლად, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან დაფინანსებას. მუხლი 54🔗. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემადგენლობაში იქმნება გაუთვალისწინებელი ხარჯების ფონდი. მუხლი 55🔗. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლისა და გასავლის გამიჯვნას საქალაქო, ქალაქის რაიონის, რაიონულ და სხვა ბიუჯეტებს შორის განსაზღვრავენ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მმართველობის შესაბამისი ორგანოები მათთვის დამტკიცებული ეკონომიკური ნორმატივების ფარგლებში. მუხლი 56🔗. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შესრულება ხდება შესაბამისი საფინანსო ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისათვის დამტკიცებული ბიუჯეტების შესაბამისად შედგენილი განწერების მიხედვით. კარი მეხუთე საქართველოს 1996 წლის 6 თებერვლის კანონი - პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.1996წ., გვ.37 სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისა და მიღების წესი მუხლი 57🔗 საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და შესაბამისი საფინანსო წლის დაწყებამდე ოთხი თვით ადრე წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ბიუჯეტის პროექტი მოწონების შემდეგ წინასწარი განხილვისათვის წარედგინება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებს, კომიტეტებში განხილვის შედეგად მიღებულ წინადადებებსა და შენიშვნებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გადასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. მუხლი 58🔗 საქართველოს პრეზიდენტი მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს არა უგვიანეს 3 თვისა საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე. ბიუჯეტის პროექტთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს მოხსენებას მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. მუხლი 59🔗 საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს კონტროლის პალატა წელიწადში ორჯერ, ბიუჯეტის შესრულების წინასწარი და სრული ანგარიშის წარდგენის დროს, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას. მუხლი 60🔗 საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ განიხილება საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში. საქართველოს პარლამენტში ბიუჯეტის განხილვის ორგანიზება ევალება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. მუხლი 61🔗 საქართველოს პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა. საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ იმ პირობით შეუძლია მოსთხოვოს საქართველოს პარლამენტს დამატებითი სახელმწიფო ხარჯის გაღება, თუ მიუთითებს მისი დაფარვის წყაროს. მუხლი 62🔗 საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებების მოსმენისა და განხილვის შემდეგ ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს. მუხლი 63🔗 თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს კანონს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი ორი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ამ კანონპროექტის ახალ ვარიანტს. საქართველოს პარლამენტისათვის ხელმეორედ წარდგენილი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს მოითხოვოს ერთი კვირა ბიუჯეტის პროექტის კორექტირებისათვის. თუ საქართველოს პარლამენტმა არ მიიღო ბიუჯეტი ასეთი კორექტირების შემდეგაც, ბიუჯეტის პროექტი უბრუნდება საქართველოს პრეზიდენტს. თუ ბიუჯეტის მიღება ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ვერ მოხერხდა, სახელმწიფოს მიერ ადრე ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი ხარჯები დაიფარება წინა წლის ბიუჯეტის მიხედვით. მუხლი 64🔗 ტერიტორიული მმართველობის ორგანოები კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შესაბამისი რეგიონების დამტკიცებულ ბიუჯეტებს და ანგარიშებს ამ ბიუჯეტებთან დაკავშირებით წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიღებული და მასთან არსებული მასალების საფუძველზე ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე -                   სახელმწიფოს მეთაური                                                ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს პარლამენტის სპიკერი                       ვახტანგ გოგუაძე.   თბილისი, 1993 წლის 30 მარტი.