⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.12.2017)
გაუქმებულია:

სახელმწიფო სამსახურის შესახებ

მიღების თარიღი 29.06.1995
ძალის დაკარგვა 01.12.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 30/06/1995
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,179 სიტყვა · ~26 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.06.1995 მიღება
01.12.2017 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სამსახურის შესახებ (ძალადაკარგულია - 31.10.1997, №1022) საქართველოს რესპუბლიკის კანონი სახელმწიფო სამსახურის შესახებ პრეამბულა საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივ ბაზაზე დაფუძნებული სისტემა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოთა ნორმალური ფუნქციონირების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა. სახელმწიფო მოსამსახურეთა კონტინგენტის შერჩევა, მათი თანამდებობრივი წინსვლა უნდა ხდებოდეს პიროვნული თვისებების, კვალიფიკაციის დონისა და კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა სრული შესაბამისობით და გამორიცხავდეს სახელმწიფო სამსახურში დაუმსახურებლად, შემთხვევითი პირების მოხვედრას პროტექციის, კლანური, პარტიული, ჯგუფური და სხვა არასახელმწიფოებრივი ინტერესების გავლენით. ამ კანონის მიღება და რეალიზაცია ხელს შეუწყობს სახელმწიფო სამსახურში ბიუროკრატიზმის, კორუფციის და ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის, სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების საწინააღმდეგოდ თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამოვლენათა აღმოფხვრას, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმათა მოთხოვნების შესაბამისად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას; მან უნდა ჩამოაყალიბოს სახელმწიფო სამსახურის ისეთი სტაბილური მექანიზმი, რომლითაც მუდმივად იქნება დაცული სახელმწიფო მემკვიდრეობითობა, რომელიც გაუძლებს პოლიტიკურ კონიუნქტურას და ისტორიის ნებისმიერ კრიტიკულ მონაკვეთზე შეუფერხებლად, მაღალპროფესიულად გაუძღვება ქვეყნის მართვის პროცესს. თავი  I ზოგადი დებულებანი მუხლი  1🔗. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა სახელმწიფო სამსახურის შესახებ    სახელმწიფო სამსახურის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა შედგება საქართველოს რესპუბლიკის ძირითადი კანონის, ამ კანონის, საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. მუხლი  2🔗. სახელმწიფო სამსახურის კანონის მიზნები, ამოცანები და მოქმედების ფარგლები ეს კანონი ადგენს საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივ საფუძვლებს და აწესრიგებს საქართველოს მოქალაქის, აგრეთვე უცხოელის მიერ სახელმწიფო სამსახურის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამ კანონით არ წესრიგდება პარლამენტის წევრების, მოსამართლეებისა და იმ სხვა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც თანამდებობაზე არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული არიან საქართველოს რესპუბლიკის ძირითადი კანონით, ორგანული კანონმდებლობით და ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით გათვალისწინებული წესით, აგრეთვე სამხედრო სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც წესრიგდება სპეციალური კანონმდებლობით. სახელმწიფო მოსამსახურეებზე შრომის კანონმდებლობის მოთხოვნები ვრცელდება ამ კანონით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით. ამ კანონის მე-14 და 27-ე მუხლებით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ თანამდებობის პირებზე, რომელთა მოქმედების შეზღუდვისა და თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ. საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83 მუხლი  3🔗. სახელმწიფო სამსახური სახელმწიფო სამსახური არის სახელმწიფოს სახელით იმ უფლებამოსილების განხორციელება, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით სახელმწიფოს გამგებლობას განეკუთვნება. სახელმწიფო სამსახურის ძირითადი სუბიექტია თანამდებობის პირი. სახელმწიფო სამსახური სრულდება ორგანოებში, რომლებიც შექმნილია კანონით დადგენილი წესით. სახელმწიფო სამსახურს სახელმწიფო ორგანოებში ეწევიან იმ საშტატო სახელმწიფო თანამდებობებზე, რომლებიც შეტანილია სახელმწიფო თანამდებობათა რეესტრში. სახელმწიფო სამსახური ანაზღაურდება საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან. მუხლი  4🔗. სახელმწიფო სამსახურის სახეები საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო სამსახური ერთიანია და მოიცავს საერთო რესპუბლიკურ სამსახურს, სახელმწიფო სამსახურს ავტონომიურ რესპუბლიკებში და ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში. სახელმწიფო სამსახური მოიცავს სამოქალაქო სახელმწიფო სამსახურსა და სამხედრო სახელმწიფო სამსახურს. სამოქალაქო სახელმწიფო სამსახური მოიცავს სამსახურს წარმომადგენლობით ორგანოებსა და მათ აპარატებში, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე პარლამენტს დაქვემდებარებულ ორგანოებში. სამხედრო სახელმწიფო სამსახური გულისხმობს სამსახურს საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში, შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებსა და საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სამხედრო თუ გასამხედროებულ ფორმირებებში. მუხლი  5🔗.  სახელმწიფო სამსახურის ენა სახელმწიფო სამსახური საქართველოს რესპუბლიკაში სრულდება ქართულ ენაზე. მუხლი  6🔗. სახელმწიფო სამსახურის პრინციპები სახელმწიფო სამსახური საქართველოს რესპუბლიკაში ემყარება შემდეგ ძირითად პრინციპებს: 1) კანონის უზენაესობა; 2) პიროვნების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; 3) საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფო სამსახურის უფლების თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად; 4) ქვემდებარეობის მიხედვით ზემდგომი სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სავალდებულოობა ქვემდგომი სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირისათვის; 5) საჯაროობა; 6) სახელმწიფო სამსხურის არაპარტიულობა და საერთო ხასიათი; 7) სახელმწიფო სამსახურის პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; 8) სახელმწიფო მოსამსახურის პასუხისმგებლობა თავის თანამდებობრივ უფლება-მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის; 9) სახელმწიფო მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა. თავი  II სახელმწიფო თანამდებობა მუხლი  7🔗. სახელმწიფო თანამდებობისა და თანამდებობის პირის ცნება სახელმწიფო თანამდებობა არის საშტატო განრიგით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელზეც დაკისრებულია კანონმდებლობით განსაზღვრული სამსახურებრივი უფლებამოსილებანი. სახელმწიფო სამსახურს სახელმწიფო თანამდებობაზე ასრულებს ფიზიკური პირი, რომელიც მუდმივად ან დროებით ან არჩევით, აგრეთვე ცალკეული დავალებების საფუძველზე სახელმწიფო დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან საწარმოში ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ უფლება-მოვალეობებს. კომპეტენციის მიხედვით სახელმწიფო თანამდებობის პირები იყოფიან შემდეგ კატეგორიებად: 1) განმკარგულებელი თანამდებობის პირი, რომელსაც გააჩნია ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება; 2) ფუნქციონერი თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს შესრულების ორგანიზაციას; 3) შემსრულებელი თანამდებობის პირი, რომელიც ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ კონკრეტულ სამსახურებრივ მოვალეობას. მუხლი  8🔗. სახელმწიფო თანამდებობების რანგირება კომპეტენციის განვრცობადობისა და უფლებამოსილების დონის მიხედვით სახელმწიფო თანამდებობები იყოფა შემდეგ რანგებად: 1) მთავარი სახელმწიფო თანამდებობა; 2) წამყვანი სახელმწიფო თანამდებობა; 3) უფროსი სახელმწიფო თანამდებობა; 4) უმცროსი სახელმწიფო თანამდებობა. რანგების მიხედვით თანამდებობათა კონკრეტული ჩამონათვალი განისაზღვრება სახელმწიფო თანამდებობათა რეესტრით. საერთო-რესპუბლიკური სახელმწიფო სამსახურის სახელმწიფო თანამდებობის რეესტრებს ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წარდგინებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სახელმწიფო სამსახურის სახელმწიფო თანამდებობათა რეესტრებს ამ რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფოს მეთაური. მუხლი  9🔗. სახელმწიფო თანამდებობასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები სახელმწიფო თანამდებობასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკების  კანონმდებლობით დადგენილი წესით შემდეგი მონაცემების მიხედვით: 1) პროფესიული განათლების დონე სახელმწიფო თანამდებობის შესაბამისი სპეციალიზაციის გათვალისწინებით; 2) სპეციალობით მუშაობის სტაჟი და გამოცდილება. სახელმწიფო თანამდებობის მიხედვით პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული სპეციალიზაციის ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკისა და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო თანამდებობის დაკავების პრედენტენტს მოეთხოვება: 1) მთავარ სახელმწიფო თანამდებობაზე – უმაღლესი განათლება სახელმწიფო თანამდებობრივი სპეციალიზაციის შესაბამისად ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო – საგანმანათლებლო სერტიფიკატი; 2) წამყვან და უფროს სახელმწიფო თანამდებობაზე – უმაღლესი განათლება სახელმწიფო თანამდებობრივი სპეციალიზაციის მიხედვით ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო – საგანმანათლებლო სერტიფიკატი; 3) უმცროს სახელმწიფო თანამდებობაზე – საშუალო სპეციალური ან საშუალო განათლება სახელმწიფო თანამდებობრივი სპეციალიზაციის მიხედვით. საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით სახელმწიფო თანამდებობათა შესაბამისად შეიძლება დაწესებულ იქნეს სხვა მოთხოვნებიც. მუხლი  10🔗. ადმინისტრაციულ-ტექნიკური მომსახურე სახელმწიფო ორგანოში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალზე ამ კანონით და საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესები ვრცელდება გარკვეული სპეციფიკის გათვალისწინებით. თავი  III სახელმწიფო მოსამსახურე მუხლი  11🔗. სახელმწიფო მოსამსახურის ცნება     სახელმწიფო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით უკავია სახელმწიფო თანამდებობა და მისი შრომა ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მუხლი  12🔗 . სახელმწიფო მოსამსახურის უფლებები სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება აქვს: 1) მოითხოვოს დაკავებული სახელმწიფო თანამდებობის შესაბამისი ფუნქციებისა და უფლებამოსილების განსაზღვრა წერილობითი ფორმით და მათი შესრულებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური პირობები; 2) მოითხოვოს და მიიღოს დადგენილი წესით თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაცია და მასალები; 3) თანამდებობრივი უფლებამოსილების შესასრულებლად, დადგენილი წესით, შევიდეს საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში; 4) კვალიფიკაციისა და თანამდებობრივი დამსახურების მიხედვით მოითხოვს სამსახურებრივი დაწინაურება და შესაბამისი ფულადი ანაზღაურების მომატება; 5) პირველი მოთხოვნისთანავე გაეცნოს თავისი პირადი საქმის მასალებს, თავისი საქმიანობის შეფასებასა და სხვა დოკუმენტებს პირად საქმეში შეტანამდე, აგრეთვე მოითხოვს მასზე საკუთარი განმარტებების დართვა; 6) მოითხოვოს ხელშეწყობა დაკავებული სახელმწიფო თანამდებობით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესაბამისად კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადებისათვის; 7) თავისი შეხედულებით და შინაგანი მრწამსით გადადგეს დაკავებული სახელმწიფო თანამდებობიდან; 8) მიმართოს სასამართლოს სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებული დავის განსახილველად; 9) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება მისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გაბათილების მიზნით; 10) მოითხოვოს სტატუსის შესაბამისი სოციალური და სამართლებრივი დაცვა. მუხლი  13🔗. სახელმწიფო მოსამსახურის ძირითადი მოვალეობები    სახელმწიფო მოსამსახურე მოვალეა: 1) განახორციელოს თანამდებობრივი უფლებამოსილებანი მისთვის მინიჭებული უფლებებისა და მოვალეობების შესაბამისად; 2) დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და კანონიერი ინტერესები; 3) ქვემდებარეობის წესით შეასრულოს ხელმძღვანელთა ბრძანება, განკარგულება და მითითება, რომელიც გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში; 4) თავისი თანამდებობრივი უფლებამოსილების ფარგლებში დროულად განიხილოს დეპუტატთა შეკითხვები, მოქალაქეთა, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, აგრეთვე ხელისუფლების საკანონმდებლო (წარმომადგენლობითი) ორგანოების მიმართვები, გადაწყვიტოს ისინი საქართველოს რესპუბლიკისა და, შესაბამისად, ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით; 5) დაიცვას სამსახურებრივი ქცევის ნორმები და სახელმწიფო ორგანოს შინაგანაწესი; არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს სახელმწიფო ორგანოთა მუშაობას და ლახვას სახელმწიფო სამსახურის ავტორიტეტს; 6) შეინარჩუნოს კვალიფიკაციის დონე, რომელიც საჭიროა თანამდებობრივი უფლებამოსილების შესასრულებლად. მუხლი  14🔗. სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებული შეზღუდვები სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება არა აქვს: 1) ეკავოს სხვა თანამდებობა, ანდა ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს სხვა სახელმწიფო ორგანოში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოში, საწარმოში, ორგანიზაციაში, დაწესებულებაში, არჩეული იყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ხელმძღვანელად; 2) ეწეოდეს კომერციულ საქმიანობას; 3) მუშაობდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოებში (დირექტორატი, სამეთვალყურეო საბჭო) უშუალოდ თუ სხვა პირთა მეშვეობით, იყოს მესამე პირთა რწმუნებული იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელშიც იგი მუშაობს, აგრეთვე ასრულებდეს სამუშაოს შეთავსების წესით, გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობისა; 4) თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ითანამშრომლოს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში მისთვის შესაბამისი ანაზღაურების ან რაიმე სამსახურისა თუ შეღავათის გაწევის მოტივით; 5) თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პირობით მიიღოს საჩუქრები ან ისარგებლოს ფიზიკური თუ იურიდიული პირების რაიმე სამსახურით; 6) არასამსახურებრივი მიზნებით გამოიყენოს მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და საფინანსო, აგრეთვე სხვა სახის სახელმწიფო ქონება და სამსახურებრივი ინფორმაცია; 7) გაახმაუროს ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ, მათ შორის ცნობები, რომლებიც შეეხება მოქალაქეთა პირად ცხოვრებას, მათ პატივსა და ღირსებას და მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას; 8) მიიღოს თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ფულადი საჩუქარი ან ისარგებლოს რაიმე სამსახურით, აგრეთვე მიიღოს სხვა სიკეთე ფიზიკური თუ იურიდიული პირებისაგან როგორც სამსახურის პერიოდში, ასევე პენსიაზე გასვლის ან გადადგომის შემდეგ; 9) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის თანხმობის გარეშე მიიღოს სხვა სახელმწიფოს წოდება ან წარჩინების ნიშანი; 10) მონაწილეობა მიიღოს გაფიცვასა და სხვა მოქმედებებში, რომლებიც აფერხებენ სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონირებას; 11) გამოიყენოს თანამდებობრივი უფლებამოსილება პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ინტერესებისათვის, აგრეთვე, რელიგიური პროპაგანდისათვის; ცალკეული კატეგორიის სახელმწიფო მოსამსახურეთა მიმართ მათ მიერ სახელმწიფო სამსახურის შესრულებასთან დაკავშირებით შეიძლება დადგინდეს სხვა შეზღუდვებიც საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. სახელმწიფო მოსამსახურე ამ მუხლის 1–4 პუნქტით გათვალისწინებული ნორმების შეუსრულებლობისათვის მითითების მიღების შემდეგ ვალდებულია ერთი თვის განმავლობაში გააკეთოს არჩევანი სახელმწიფო სამსახურის ან სხვა საქმიანობის სასარგებლოდ, თუ საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი  15🔗. სახელმწიფო სამსახურში შემსვლელის ფიცი         საქართველოს მოქალაქე რომელიც პირველად შედის სახელმწიფო სამსახურში, ფიცს დებს, რომ დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას და მის კანონებს, ზუსტად და კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის სამსახურებრივ მოვალეობას და თანამდებობრივ უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სპეციალურ მოთხოვნებს. სახელმწიფო მოსამსახურის შრომის წიგნაკში იწერება, რომ მან მიიღო ფიცი. სახელმწიფო მოსამსახურე ხელს აწერს ფიცის ტექსტს, რომელიც ინახება მის პირად საქმეში სამუშაო ადგილის მიხედვით. მუხლი  16🔗.  (ამოღებულია) საქართველოს 1997 წლის 17 ოქტომბრის კანონი №984 - პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997წ., გვ.83 მუხლი  17🔗. სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოების დაცვის ვალდებულება სახელმწიფო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო, სამსახურებრივი და კანონით დაცული სხვა საიდუმლოება როგორც სახელმწიფო სამსახურის დროს, ასევე მისი შეწყვეტის შემდეგაც. სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება აქვს მისცეს ჩვენება და გასცეს სახელმწიფო, სამსახურებრივი და კანონით დაცული სხვა საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით, თუ ამის შესახებ წერილობით გააფრთხილებს თავისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელს. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო, სამსახურებრივი და სხვა საიდუმლოს დაცვის პასუხისმგებლობა ეკისრება ინფორმაციის მიმღებ სახელმწიფო თანამდებობის პირს. სახელმწიფო მოსამსახურე ვალდებულია სახელმწიფო სამსახურის შეწყვეტისას დააბრუნოს ყველა დოკუმენტი, რომლებიც შეიცავს სამსახურებრივ ინფორმაციას. სახელმწიფო მოსამსახურის სიკვდილის შემდეგ ეს ვალდებულება გადადის მის მემკვიდრეებსა და ნათესავებზე. მუხლი  18🔗. სახელმწიფო მოსამსახურის წახალისება სახელმწიფო მოსამსახურის მიერ თანამდებობრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სახელმწიფო სამსახურისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სირთულის დავალებათა შესრულებისათვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები: 1) მადლობის გამოცხადება; 2) ერთდროული ფულადი ჯილდო; 3) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; 4) საპატიო წოდების მინიჭება; 5) ორდენებითა და მედლებით დაჯილდოება; 6) ვადამდე თანამდებობრივი დაწინაურება. წახალისების გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. მუხლი  19🔗. სახელმწიფო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობა დისციპლინური სასჯელი სახელმწიფო მოსამსახურის მიმართ გამოიყენება სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების, უფლებამოსილების გადამეტების, სახელმწიფო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული შეზღუდვები დაუცველობის, აგრეთვე ისეთი ქცევისათვის, რომელიც სახელს უტეხს მას, როგორც სახელმწიფო მოსამსახურეს, ან იწვევს იმ სახელმწიფო ორგანოს დისკრედიტირებას, რომელშიც იგი მუშაობს. თანამდებობრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, რასაც მოჰყვება ადამიანის მსხვერპლი, ან ფიზიკური ან იურიდიული პირის მნიშვნელოვანი მატერიალური ან მორალური ზიანი, არის იმის საფუძველი, რომ სახელმწიფო მოსამსახურე ჩამოაშორონ თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებას. გადაწყვეტილებას სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოშორების შესახებ იღებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი. თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოშორება არ უნდა აღემატებოდეს სამსახურებრივი გამოძიების ვადას. სამსახურებრივი გამოძიების ვადა არის ორი თვე. მისი წარმოების წესი განისაზღვრება კანონმდებლობი. თუ სამსახურებრივი გამოძიების შედეგად არ დადასტურდება სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისაგან ჩამოშორების მართლზომიერება, მაშინ ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. სახელმწიფო მოსამსახურეს იმ თანამდებობის პირმა, ვინც იგი დანიშნა სახელმწიფო თანამდებობაზე, დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაადოს შემდეგი სახის დისციპლინური სასჯელები: 1) შენიშვნა; 2) გაფრთხილება; 3) საყვედური; 4) გარკვეული დროით (ერთ წლამდე) სამსახურში უფრო მაღალ თანამდებობაზე დაწინაურების შეჩერება; 5) თანამდებობრივი ჩამოქვეითება; 6) თანამდებობიდან გათავისუფლება. სახელმწიფო მოსამსახურე უნდა მოქმედებდეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. არამართლზომიერი განკარგულების, ბრძანების, მითითების მიღების შემთხვევაში სახელმწიფო მოსამსახურე მოვალეა დაუყოვნებლივ წერილობით მიმართოს მის უშუალო ხელმძღვანელს და განკარგულების გამცემ თანამდებობის პირს, ხოლო ასეთი ბრძანების, მითითების, განკარგულების დადასტურების შემთხვევაში აცნობოს ზემდგომ თანამდებობის პირს; იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი თანამდებობის პირი წერილობით დაადასტურებს ამ განკარგულების სისწორეს, სახელმწიფო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს იგი, თუ ეს დაკავშირებული არ არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების განხორციელებასთან. პასუხისმგებლობა მისი შედეგებისათვის დაეკისრება ბრძანების, განკარგულების, მითითების დამადასტურებელ თანამდებობის პირს. სახელმწიფო მოსამსახურეს ეკისრება თანამდებობის პირებისათვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა იმ მოქმედებისათვის, რომელიც ლახავს მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. არამართლზომიერი მოქმედებისათვის, დარღვევის ხასიათისა და ხარისხის შესაბამისად, სახელმწიფო მოსამსახურეს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი  20🔗. სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი გარანტიები სახელმწიფო მოსამსახურეს გარანტირებული აქვს: 1) ფულადი ანაზღაურება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკომპენსაციო დანამატები და დახმარებები; 2) თანამდებობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სასამსახურო პირობების შექმნა; 3) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება; 4) სახელმწიფო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო მომსახურება როგორც სამსახურში ყოფნისას, ასევე პენსიაზე გასვლის შემდგომ; 5) გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება სწავლების პერიოდში დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ფულადი ანაზღაურების შენარჩუნებით; 6) სახელმწიფო ორგანოს რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნისას უვადო ხელშეკრულებით მომუშავე სახელმწიფო მოსამსახურეს ეძლევა გადამზადების (კვალიფიკაციის შეცვლის) საშუალება სხვა შესაძლო სახელმწიფო თანამდებობის დაკავების პერსპექტივით. ამ პერიოდში მას უნარჩუნდება ძველი თანამდებობისა და შრომითი სტაჟის შესაბამისი ფულადი ანაზღაურება; 7) სხვა სამუშაოზე გადაყვანის აკრძალვა პირადი თანხმობის გარეშე, გარდა ამ კანონითა და საქართველოს რესპუბლიკის სხვა კანონებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; 8) საპენსიო უზრუნველყოფა წელთა ნამსახურობის მიხედვით, აგრეთვე, სახელმწიფო მოსამსახურის ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფა მისი სიკვდილის შემთხვევაში; 9) სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა; 10) სავალდებულო სახელმწიფო სოციალური დაზღვევა ავადმყოფობის ან შრომისუნარიანობის დაკარგვისას თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში; 11) სახელმწიფო მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების განსაკუთრებრივი სამართლებრივი დაცვა ძალადობის, მუქარისა და სხვა არამართლზომიერი მოქმედებისაგან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით; 12) სახელმწიფო მოსამსახურეს სამსახურის პირობების მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით მიეცემა ცალკე ბინა (საცხოვრებელი სახლი) და სამსახურებრივი ტრანსპორტი. მივლინებაში გაგზავნისას სახელმწიფო მოსამსახურეს ეძლევა: სამგზავრო დოკუმენტების პირველ რიგში დაჯავშნის უფლება; სამუშაო ადგილი; კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის საშუალება; აუნაზღაურდება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები და მიეცემა ამასთან დაკავშირებული სხვა კომპენსაცია; აგრეთვე აუნაზღაურდება სახელმწიფო სამსახურში მიღებასთან, სხვა სახელმწიფო ორგანოში გადაყვანასთან, სხვა ადგილზე სახელმწიფო სამსახურში გადაგზავნასთან დაკავშირებული ტრანსპორტით მომსახურებისა და საცხოვრებელი ბინის ხარჯები, ასევე, საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სხვა საკომპენსაციო დანამატები. ამ მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებზე გაწეული ხარჯები ანაზღაურდება ბიუჯეტიდან. სახელმწიფო მოსამსახურის ფულადი ანაზღაურება, პენსია და სხვა დანამატები ექვემდებარება ინდექსაციას საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი  21🔗. სახელმწიფო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება სახელმწიფო მოსამსახურის შრომის ანაზღაურება უნდა უზრუნველყოფდეს მის მატერიალურ პირობებს, ხელს უწყობდეს სახელმწიფო ორგანოების და მათი აპარატების დაკომპლექტებას კომპეტენტური და კვალიფიციური კადრებით, მათი კეთილსინდისიერი და ინიციატივიანი შრომის სტიმულირებას. სახელმწიფო მოსამსახურის ხელფასი შედგება თანამდებობრივი სარგოსაგან, პრემიისაგან, სახელმწიფო სამსახურში ნამსახურობისათვის დაწესებული და სხვა დანამატებისაგან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო დგინდება შესასრულებელი სამსახურებრივი მოვალეობის მოცულობის, სირთულისა და პასუხისმგებლობის დონის მიხედვით. სახელმწიფო მოსამსახურეს შეიძლება დაუწესდეს დანამატები მუშაობაში მაღალი მიღწევებისათვის და განსაკუთრებული მნიშვნელობის სამუშაოთა შესრულებისათვის, აგრეთვე, დროებით სხვა მუშაკთა მოვალეობის შესრულებისათვის. გარდა ამისა, მიეცემა მატერიალური დახმარება სოციალურ-საყოფაცხოვრებო პირობების მოსაწესრიგებლად. სახელმწიფო მოსამსახურის შრომის  ანაზღაურების პირობებს, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, დანამატებისა და მატერიალური დახმარების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. სახელმწიფო მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების, დანამატებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სახის დაფინანსების გარანტიების, შეღავათებისა თუ კომპენსაციის შემცირების საფუძველი. მუხლი  22🔗. სახელმწიფო მოსამსახურის ყოველწლიური და დამატებითი შვებულებები სახელმწიფო მოსამსახურეს მიეცემა ყოველწლიური შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით, თუ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის უფრო ხანგრძლივი ვადა. სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო ორგანოებში მუშაობის 10 წელზე მეტი სტაჟი, მიეცემა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 15 კალენდარული დღით. დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. მუხლი  23🔗. სახელმწიფო მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა სახელმწიფო მოსამსახურე ენიშნება პენსია სახელმწიფო სახსრებიდან. პენსიის დანიშვნის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით. თავი  IV სახელმწიფო სამსახურში შესვლა და სახელმწიფო სამსახურიდან გასვლა მუხლი  24🔗. სახელმწიფო სამსახურში შესვლა სახელმწიფო სამსახურში მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, თუ საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სახელმწიფო სამსახურის უფლება აქვს საქართველოს ყოველ მოქალაქეს, მიუხედავად წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიური მრწამსისა და საცხოვრებელი ადგილისა. სახელმწიფო სამსახურში არ მიიღება ან არ შეიძლება იმყოფებოდეს პირი შემდეგ შემთხვევებში: 1) თუ სასამართლოს იგი ცნო არაქმედუნარიანად ანდა შეზღუდულქმედუნარიანად; 2) თუ მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება განსაზღვრული ვადით; 3) თუ სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად სპეციალურად დადგენილ მოთხოვნებს; 4) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებთან დაშვებისათვის დადგენილი პროცედურის გავლისაგან თავის არიდებისას მაშინ, როცა დაკავებულ სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობა დაკავშირებულია ასეთი ცნობების სარგებლობასთან; 5) თუ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ქვემდებარეობის ხაზით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, ძმას, დას, შვილს ან მეუღლის და-ძმას, მშობელს და სხვა ახლო ნათესავებს; 6) პრედენტენტის უცხო ქვეყნის მოქალაქეობისას, გარდა ამ კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა. სახელმწიფო სამსახურში მისაღებ პირს მოეთხოვება სპეციალური განათლება და მონაცემები, რაც უპასუხებს შესაბამისი სახელმწიფო თანამდებობისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აკრძალულია სახელმწიფო სამსახურში შემსვლელს მოსთხოვონ ისეთი ცნობები და დოკუმენტები, რომელთა წარდგენას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სახელმწიფო მოსამსახურე სახელმწიფო სამსახურში შეიძლება იმყოფებოდეს: 1) უვადო ხელშეკრულების საფუძველზე საკლასო ჩინის მინიჭებით; 2) მოსამზადებელი სახელმწიფო სამსახურის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე; 3) განსაზღვრული ვადით დანიშვნის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს სახელმწიფო მეთაურს უფლება აქვს განსაკუთრებულ შემთხვევაში მოიწვიოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახურში სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი. ასეთი გამონაკლისი დაიშვება, თუ უცხოელის კვალიფიკაცია და პროფესიული დონე წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესის საგანს, აგრეთვე, საზღვარგარეთ საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. მუხლი  25🔗. სახელმწიფო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი სახელმწიფო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი  26🔗. სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმება სახელმწიფო სამსახურში სახელმწიფო სამსახურში შემსვლელ პირს უწესდება სავალდებულო სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმება, ასეთივე შემოწმება პერიოდულად უნდა გაიაროს ყველა სახელმწიფო მოსამსახურემ. სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმებისაგან თავის არიდება განიხილება როგორც სახელმწიფო სამსახურში მიღებაზე უარის თქმის და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების სამედიცინო დასკვნა ინახება სახელმწიფო მოსამსახურის პირად საქმეში. სავალდებულო სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. მუხლი  27🔗.  შეთავსება. დაკავებული სახელმწიფო თანამდებობით გაუთვალისწინებელი უფლებამოსილებების შესრულება სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება აქვს შეასრულოს ესა თუ ის ანაზღაურებადი სამუშაო შეთავსების წესით (გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სამსახურისაგან თავისუფალ დროს, თუ ამის შესახებ არსებობს სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ნებართვა და თუ ეს არ ეწინააღმდეგება თანამდებობის პირის სამსახურებრივ ინტერესებსა და თანამდებობრივ უფლებამოსილებას. სახელმწიფო მოსამსახურე ვალდებულია სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელს მოთხოვნისთანავე მისცეს წერილობითი ინფორმაცია შეთავსების მოცულობისა და სახის შესახებ. სახელმწიფო მოსამსახურეს ნებართვა არ სჭირდება: 1) სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის; 2) პროფესიულ კავშირებში საქმიანობისათვის, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო მოსამსახურეთა პროფესიული ინტერესების დაცვასთან. სახელმწიფო მოსამსახურეს თავისივე თანხმობით შეიძლება დაეკისროს: დაკავებული სახელმწიფო თანამდებობით გაუთვალისწინებელ უფლებამოსილებათა დროებით შესრულება სამ თვემდე ვადით; სხვა ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული დამატებითი უფლებამოსილების შესრულება სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელისა და სახელმწიფო მოსამსახურის  შეთანხმებით შესაბამისი ანაზღაურებით, მის მიერ დაკავებული ვაკანტური თანამდებობის ფულადი ანაზღაურების განაკვეთის არანაკლებ 50 პროცენტისა. მუხლი  28🔗. გამოსაცდელი ვადა სახელმწიფო სამსახურში მიღებისა და სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად სახელმწიფო სამსახურში მიღებისას შეიძლება დაწესდეს გამოსაცდელი ვადა ექვს თვემდე. სახელმწიფო მოსამსახურისათვის სხვა სპეციალიზაციით სახელმწიფო თანამდებობაზე გადაყვანისას დგინდება გამოსაცდელი ვადა ორიდან სამ თვემდე. გამოსაცდელი ვადის პერიოდში სახელმწიფო სამსახურში შემსვლელი და სახელმწიფო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს ამ კანონის მოთხოვნები; გამოსაცდელი ვადის გასვლამდე სახელმწიფო თანამდებობის შესაბამისი საკლასო ჩინი არ მიენიჭება. გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგით დამთავრების შემთხვევაში სახელმწიფო მოსამსახურე, მისი თანხმობით, შეიძლება გადაიყვანონ პირვანდელ ან ამავე დონის სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, ანდა გადაყვანაზე უარის შემთხვევაში, დაითხოვონ. თუ გამოსაცდელი ვადა გავიდა, ხოლო სახელმწიფო მოსამსახურე აგრძელებს სამსახურს, ჩაითვლება, რომ მან გაიარა გამოცდა. მუხლი  29🔗. მოსამზადებელი სამსახური მოქალაქეს, რომელიც პირველად შედის სახელმწიფო სამსახურში, შეიძლება დაუწესდეს სახელმწიფო თანამდებობისათვის მოსამზადებელი სამსახურის გავლა არანაკლებ ერთი წლისა და არა უმეტეს სამი წლის ვადით; მოსამზადებელი სამსახურის გავლის ვადა დგინდება სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებით საკონკურსო გადაწყვეტილების საფუძველზე. მოსამზადებელი სამსახურის ვადა გრძელდება სახელმწიფო მოსამსახურის შვებულების პერიოდში ხელფასის შეუნარჩუნებლად (თავის ხარჯზე). მოსამზადებელი სამსახურის პერიოდში სახელმწიფო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს ამ კანონის მოთხოვნები. მოსამზადებელი სამსახურის პერიოდში სახელმწიფო მოსამსახურე არ შეიძლება გადაიყვანონ უფრო მაღალ თანამდებობაზე და მიანდონ საკლასო ჩინი. მოსამზადებელი სამსახური მთავრდება სახელმწიფო თანამდებობის მიხედვით სახელმწიფო საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებით. მოსამზადებელი სამსახურის არადამაკმაყოფილებელი შედეგით დამთავრების შემთხვევაში საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელმა სახელმწიფო მოსამსახურე, მისი თანხმობით, შეიძლება გადაიყვანოს სხვა დაბალ სახელმწიფო თანამდებობაზე ან დაითხოვოს. თუ მოსამზადებელი სამსახურის გავლის შემდეგ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფო მოსამსახურე შეესაბამება მის მიერ დაკავებულ თანამდებობას და აგრძელებს სამსახურს, მაშინ იგი უნდა ჩაითვალოს დანიშნულად განუსაზღვრელი ვადის ხელშეკრულებით. თავი  V სახელმწიფო სამსახურში მიღება მუხლი  30🔗. სახელმწიფო სამსახურში მიღების წესი სახელმწიფო სამსახურში მიღება ხდება დანიშვნით, არჩევით ან კონკურსის წესით. სახელმწიფო ორგანოში სახელმწიფო მოსამსახურეს სახელმწიფო თანამდებობაზე ნიშნავს შესაბამისი კომპეტენციის მქონე სახელმწიფო ორგანო ან საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი, ირჩევს სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანო ან უშუალოდ მოსახლეობა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. სახელმწიფო სამსახურში მისაღებად კონკურსის მოწყობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფოს მეთაური. სამსახურში თანამდებობათა ვაკანსიების მონაცემები ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით კონკურსის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე. მუხლი  31🔗. სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნა სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნა ხდება: სახელმწიფო სამსახურში კონკურსით სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად შესვლისას – დადგენილი ვადის განმავლობაში მოსამზადებელი სამსახურის გავლით; განუსაზღვრელი ვადით მოსამზადებელი სამსახურის გავლის შემდეგ; კონკურსის გავლის შედეგად ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად იმ სახელმწიფო მოსამსახურის მიერ, რომელსაც აქვს საკლასო ჩინი; საკლასო ჩინის მქონე სახელმწიფო მოსამსახურის გადაყვანით სხვა სახელმწიფო ორგანოში; განსაზღვრული ვადით სახელმწიფო სამსახურში მიღებისას. სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნა ფორმდება ბრძანებით. სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნა ხდება დასანიშნი პირის წერილობითი თანხმობით. სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის გაფორმება ადრინდელი თარიღით იწვევს დანიშვნის ბრძანების გაბათილებას. მუხლი  32🔗.  საპატრონაჟო სამსახურში მიღების წესი საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ თავიანთი შეხედულებით შეარჩიონ და მიიღონ პირები თავიანთი თანაშემწეების, მრჩევლების, პრესსამსახურის ხელმძღვანელების და მდივნების თანამდებობაზე მიუხედავად საშტატო განრიგისა (საპატრონატო სამსახური). მუხლი  33🔗. კონკურსი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად უზრუნველყოფს სახელმწიფო სამსახურის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასათვის. კონკურსი სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად ტარდება იმ პირებს შორის, რომლებმაც შეიტანეს განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად შეიძლება მონაწილეობა მიიღონ როგორც სახელმწიფო მოსამსახურეებმა დაკავებული სახელმწიფო თანამდებობის მიუხედავად,  აგრეთვე პირებმა, რომლებიც არ იმყოფებიან სახელმწიფო სამსახურში. კონკურსს სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად ატარებს სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს საკონკურსო-საკვალიფიკაციო კომისია, რომელიც იქმნება აღნიშნული სამსახურის შეთანხმებით იმ კოლეგიალურ ორგანოსა თუ ხელმძღვანელ პირთან, ვის კომპეტენციასაც შეადგენს პირის დანიშვნა ამ სახელმწიფო თანამდებობაზე. ინფორმაცია კონკურსის ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ ქვეყნდება პრესაში. საკონკურსო კომისია სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის მონაწილეთა შეფასებას ახდენს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, სახელმწიფო სამსახურის გავლისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემების საფუძველზე. კონკურსის ყოველ მონაწილეს კონკურსის შედეგები ეცნობება წერილობით ერთი თვის ვადაში. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არის შესაბამის სახელმწიფო თანამდებობაზე პირის დანიშვნის საფუძველი. მუხლი  34🔗. სახელმწიფო საკვალიფიკაციო გამოცდა სახელმწიფო მოსამსახურე სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის წინ, ასევე, სხვა პროფილისა თუ სპეციალიზაციის სახელმწიფო თანამდებობაზე გადასვლის წინ აბარებს საკვალიფიკაციო გამოცდას შესაბამისი სახელმწიფო თანამდებობის მიხედვით. სახელმწიფო საკვალიფიკაციო გამოცდა შეიძლება მოეწყოს თვით სახელმწიფო მოსამსახურის ინიციატივით მისთვის გამოცდის შედეგების მიხედვით მორიგი საკლასო ჩინის მინიჭების მიზნით სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე გადაყვანის გარეშე. სახელმწიფო საკვალიფიკაციო გამოცდას იბარებს სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს საკონკურსო-საკვალიფიკაციო კომისია საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკვალიფიკაციო კომისია აფასებს სახელმწიფო მოსამსახურის: 1) საქართველოს რესპუბლიკის ძირითადი კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტების ცოდნას დასაკავებული სახელმწიფო თანამდებობისადმი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად; 2) პროფესიულ მომზადებას. საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების შესაბამისად გაიცემა სახელმწიფო-საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მოწმობა. სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სახელმწიფო თანამდებობის პროფილით უმაღლესი განათლების მიღებისას ჩაბარებული სახელმწიფო გამოცდა უთანაბრდება სახელმწიფო საკვალიფიკაციო გამოცდას. მუხლი  35🔗. სახელმწიფო მოსამსახურეთა საკლასო ჩინი სახელმწიფო მოსამსახურის საკლასო ჩინი აღნიშნავს მისი პროფესიული დონისა და მონაცემების შესაბამისობას განსაზღვრული სახელმწიფო თანამდებობისადმი წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. საკლასო ჩინი მიენიჭება სახელმწიფო საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით. სახელმწიფო მოსამსახურეებს დაკავებული სახელმწიფო თანამდებობების შესაბამისად შეიძლება მიენიჭოთ შემდეგი საკლასო ჩინი: მთავარ სახელმწიფო თანამდებობაზე – საქართველოს რესპუბლიკის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი, სახელმწიფო მრჩეველი; წამყვან სახელმწიფო თანამდებობაზე –  საქართველოს რესპუბლიკის პირველი, მეორე და მესამე კლასის მრჩეველი; უფროს სახელმწიფო თანამდებობაზე – სახელმწიფო სამსახურის პირველი, მეორე და მესამე კლასის მრჩეველი; უმცროს სახელმწიფო თანამდებობაზე – სახელმწიფო სამსახურის პირველი, მეორე ან მესამე კლასის რეფერენტი. ცალკეულ სახელმწიფო სამსახურში საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად წესდება სამხედრო წოდებები, დიპლომატიურ რანგები და სხვა საკლასო ჩინები, რომლებიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ საკლასო ჩინებს. სახელმწიფო მოსამსახურის საკლასო ჩინის შესაბამისად შეიძლება შემოღებულ იქნეს განმასხვავებელ ნიშნებიანი ფორმის ტანსაცმელი. მუხლი  36🔗. საკლასო ჩინის მინიჭება საკლასო ჩინი მიენიჭება სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელსაც გავლილი აქვს მოსამზადებელი სამსახური, მიაღწია 23 წლის ასაკს და აქვს სამსახურის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. საკლასო ჩინი ენიჭებათ: 1) საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩევლებს – საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მიერ; 2) საქართველოს რესპუბლიკის მრჩევლებს, სახელმწიფო სამსახურის მრჩევლებსა და სახელმწიფო სამსახურის რეფერენტებს – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელსაც აქვს საკლასო ჩინი, სახელმწიფო თანამდებობაზე არჩევისას ან დანიშვნისას ეს ჩინი უნარჩუნდება ამ თანამდებობაზე ყოფნის მთელ პერიოდში, მაგრამ ამ დროს არ მიეცემა თანამდებობრივ ხელფასზე საკლასო ჩინისათვის გათვალისწინებული დანამატი. სახელმწიფო მოსამსახურეს გადადგომისა (თადარიგში გასვლისას) უნარჩუნდება საკლასო ჩინი (სპეციალური წოდება) მითითებით „გადამდგარი“ ("„თადარიგის“). სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე გადასვლისას საკლასო ჩინის შენარჩუნების წესი დგინდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. მუხლი  37🔗. სახელმწიფო მოსამსახურის ატესტაცია სახელმწიფო მოსამსახურე, რომელსაც უკავია სახელმწიფო თანამდებობა, ვალდებულია გაიაროს ატესტაცია. სახელმწიფო მოსამსახურეთა ატესტაცია ტარდება სამ წელიწადში ერთხელ მაინც. საატესტაციო კომისიას ქმნის სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი სახელმწიფო სამსახურის მთავარ სამმართველოსთან შეთანხმებით. სახელმწიფოთა მოსამსახურეთა ატესტაციის ჩატარების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა. თუ საატესტაციო კომისია ცნობს, რომ სახელმწიფო მოსამსახურე არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას, სათანადო ბაზის არსებობისას ის შეიძლება გაგზავნონ პროფესიული გადამზადებისათვის ან გადაიყვანონ დაბალ თანამდებობაზე. მუხლი  38🔗. სახელმწიფო სამსახურის საკადრო რეზერვი სახელმწიფო ორგანოებში იქმნება საკადრო რეზერვი სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად, აგრეთვე სამსახურებრივი წინსვლისათვის. საკადრო რეზერვის ფორმირება ხდება: ადგილობრივი მმართველობის, სამეურნეო, სოციალურ-კულტურული, სამეცნიერო და სხვა სფეროების სპეციალისტთაგან, აგრეთვე შესაბამისი პროფილის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთაგან; იმ სახელმწიფო მოსამსახურეთაგან, რომლებიც იმაღლებენ კვალიფიკაციას, გადიან სტაჟირებას და რეკომენდირებულნი არიან უფრო მაღალი თანამდებობის დასაკავებლად. საკადრო რეზერვის ფორმირებისა და ორგანიზაციის წესი განისაზღვრება სახელმწიფო სამსახურის საკადრო რეზერვის დებულებით, რომელსაც ერთობლივად ამტკიცებენ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი და სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო. მუხლი  39🔗. სახელმწიფო მოსამსახურეთა სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება            სახელმწიფო მოსამსახურეთათვის იქმნება პირობები სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის შესაბამის სასწავლო დაწესებულებებში (ფაკულტეტებზე) და თვითგანათლების სახით. სახელმწიფო მოსამსახურე კვალიფიკაციას იმაღლებს რეგულარულად, მათ შორის სასწავლო დაწესებულებებში, როგორც წესი, 5 წელიწადში ერთხელ. სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების შედეგები არის სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი წინსვლის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი. თავი  VI სახელმწიფო სამსახურის შეწყვეტა მუხლი  40🔗. სახელმწიფო სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები სახელმწიფო სამსახურის შეწყვეტის საფუძვლებია: 1) ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სამსახურის უფლების რეალიზაციისათვის დადგენილი პირობების დარღვევა; 2) ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული შეზღუდვების დაუცველობა; 3) სახელმწიფო მოსამსახურის მიერ ამ კანონით დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევა; 4) სახელმწიფო მოსამსახურის გადადგომა; 5) სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სახელმწიფო სამსახურის გავლის პერიოდში იმ გარემოებათა წარმოშობა, რომლებიც, თანახმად კანონისა, აბრკოლებენ სახელმწიფო სამსახურში ყოფნას; 6) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; 7) უარი სახელმწიფო მოსამსახურის მიერ ფიცის მიღებაზე ან მიღებული ფიცის დარღვევა; 8) სახელმწიფო მოსამსახურის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული შემოსავალებისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობების წარუდგენლობა ანდა გაყალბებული ცნობების წარდგენა; 9) საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონმდებლობის გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. მუხლი  41🔗. სახელმწიფო სამსახურის შეწყვეტის წესი სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის (გამოწვევის) უფლება აქვს მის დამნიშვნელ (ამრჩევ) ორგანოს ან თანამდებობის პირს. სახელმწიფო ორგანოების შემადგენლობისა და მათ ხელმძღვანელთა შეცვლა არ შეიძლება იყოს ახალი ხელმძღვანელობის მიერ სახელმწიფო მოსამსახურეთა სახელმწიფო სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები საპატრონო სამსახურის სახელმწიფო მოსამსახურეთა გარდა. მუხლი  42🔗. სახელმწიფო მოსამსახურის გადადგომა გადადგომა არის სახელმწიფო სამსახურის შეწყვეტა სახელმწიფო მოსამსახურის პირადი განცხადებითა და კანონით გათვალისწინებული წესით. სახელმწიფო მოსამსახურეს შეუძლია გადადგეს სამსახურიდან ამ კანონითა და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით. სახელმწიფო სამსახურიდან გადადგომის საფუძვლებია: სახელმწიფო ორგანოს ან ზემდგომი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებებისადმი პრინციპული უთანხმოება, აგრეთვე, სახელმწიფო სამსახურში ყოფნის მიზანშეუწონლობა მრწამსის გამო; სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო მოსამსახურისათვის ისეთი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებების შესრულების იძულება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი მატერიალური თუ მორალური ზიანი მოიტანოს; ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა აღსრულებას (სამედიცინო დასკვნის საფუძველზე). გადადგომას მიიღებს ანდა მოტივირებულ უარს გასცემს ის სახელმწიფო ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელმაც დანიშნა სახელმწიფო მოსამსახურე ამ თანამდებობაზე. გადაწყვეტილება გადადგომაზე თანხმობის ან უარის შესახებ მიიღება ერთი თვის ვადაში. გადადგომაზე მოტივირებული უარის შემთხვევაში სახელმწიფო მოსამსახურე ვალდებულია გააგრძელოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ამავე დროს, მას უნარჩუნდება უფლება გათავისუფლდეს სამსახურიდან საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. გადადგომისას იმ სახელმწიფო მოსამსახურეს, რომელსაც არ მიუღწევია საპენსიო ასაკისათვის, მაგრამ აქვს პენსიის დანიშვნისათვის საჭირო შრომითი სტაჟი (მამაკაცებისათვის– 25, ქალებისათვის–  20 წელი) და იმყოფება სახელმწიფო სამსახურში არანაკლებ ხუთი წლისა, საპენსიო ასაკის მიღწევამდე ყოველთვიურად დაერიცხება თანამდებობრივი განაკვეთის შესაბამისი სარგოს 85%. საპენსიო ასაკის მიღწევისას გადამდგარ სახელმწიფო მოსამსახურეს დაენიშნება სახელმწიფო მოსამსახურის პენსია. მუხლი  43🔗. სახელმწიფო მოსამსახურის განთავისუფლება სამსახურიდან  სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლების (დათხოვნის) საფუძვლებია: 1) პირადი სურვილი; 2) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; 3) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახურში უცხოელის ყოფნა; 4) ამ კანონით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსრულებლობა; 5) სამსახურებრივი შინაგანაწესის სისტემატური ან ერთჯერადი უხეში დარღვევა; 6) არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენა, სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თუ ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება; 7) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. თავი VII სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო სამსახურის სფეროში. სახელმწიფო სამსახურის მართვა მუხლი  44🔗. სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები სახელმწიფო სამსახურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას სახელმწიფო სამსახურის სფეროში განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. სახელმწიფო სამსახურის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია სახელმწიფო სამსახურის ინსტიტუტის ფუნქციონირების ძირითადი მიზნების, ამოცანებისა და პრინციპების განსაზღვრა, სახელმწიფო ორგანოსა და მისი აპარატის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა კომპეტენციის შესაბამისად; სახელმწიფო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფო სამსახურის ფუნქციონალური მართვისათვის იქმნება სახელმწიფო სამსახურის მართვის სამმართველო. სახელმწიფო სამსახურის ფუნქციონირების საკითხები სხვა ორგანოებში წესრიგდება საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი  45🔗. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახურის მართვის ორგანო სახელმწიფო ორგანოებში   სახელმწიფო სამსახურს მეთოდურად მართავს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო. სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო: ახდენს სახელმწიფო ორგანოთა მოთხოვნების პროგნოზირებასა და დაგეგმვას კადრების დარგში; სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად უზრუნველყოფს სახელმწიფო სამსახურის სფეროში პოლიტიკის ძირითადი მიმართულების რეალიზაციას; სახელმწიფო სამსახურის მიმართ შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს, სახელმწიფოს მეთაურს, რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს განსახილველად წარუდგენს კანონებისა და ნორმატიული აქტების პროექტებს; შეიმუშავებს, კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს სახელმწიფო ორგანოებში სახელმწიფო სამსახურების ეფექტიანობის ამაღლებისათვის გასატარებელ ღონისძიებებს; მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს სახელმწიფო ორგანოებში სახელმწიფო მოსამსახურეთა საკონკურსო შერჩევის ჩატარებას; ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო ორგანოებში სახელმწიფო მოსამსახურეთა სწავლებასა და პროფესიულ მომზადებას; აკონტროლებს მოქალაქეთა მიერ ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მომსახურის უფლებების რეალიზაციის განხორციელებას; ორგანიზაციას და კოორდინაციას უწევს სახელმწიფო სამსახურის საკითხებზე სამეცნიერო კვლევა-ძიებას და შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფს საქმიანობას ამ მიმართულებით; აანალიზებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის წარმართვის ეფექტიანობას, კოორდინაციას უწევს სახელმწიფო სამსახურის სტანდარტების შემუშავებასა და დაცვას. წარმართავს საკონკურსო საკვალიფიკაციო კომისიების საქმიანობას; იხილავს სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებულ დავას და ამისათვის ქმნის სპეციალურ პალატას; კოორდინაციას უწევს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების საკადრო სამსახურის მუშაობას; შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო თანამდებობათა რეესტრებისა და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე; შეიმუშავებს სახელმწიფო თანამდებობისადმი წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სახელმწიფო თანამდებობათა სპეციალიზაციის ჩამონათვალს და აკონტროლებს მათ დაცვას; კოორდინაციასა და მეთოდურ დახმარებას უწევს სახელმწიფო მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებას, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების საქმეს, ქმნის საკადრო რეზერვს; კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ბიუჯეტის მომზადებასა და შესრულებას სახელმწიფო სამსახურისადმი გამოყოფილი დანახარჯების ნაწილში. თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების, სახელმწიფო სამსახურის სფეროში საფინანსო, სტატისტიკური და სხვა ანგარიშების, საქმისწარმოების, საინფორმაციო უზრუნველყოფის, კონტროლისა და სახელმწიფო მომსახურების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები და წესები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტებით. მუხლი  46🔗. სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს ორგანიზაციის წესი      სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს გენერალურ დირექტორს ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და ამტკიცებს პარლამენტი. დირექტორატის ორ წევრს პარლამენტის სპიკერის ან საპარლამენტო ფრაქციის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ორ წევრს ნიშნავს სახელმწიფოს მეთაური, ხოლო ორ წევრს ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. დირექტორის და დირექტორატის წევრთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 5 წლით. სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს დებულებას და სტრუქტურას ამტკიცებს სახელმწიფოს მეთაური; დებულება უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონს. თავი VIII დასკვნითი დებულებანი მუხლი 47🔗. სახელმწიფო სამსახურის სტანდარტები სახელმწიფო სამსახურის სტანდარტებით განისაზღვრება თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების წესი, სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებული საფინანსო, სტატისტიკური და სხვაგვარი ანგარიშების წარმოება, სახელმწიფო ორგანოებისა და სახელმწიფო მოსამსახურეთა საქმიანობასთან დაკავშირებული საქმისწარმოება, კლასიფიკაცია, კონტროლი, საინფორმაციო უზრუნველყოფა და სხვა პროცედურები. სახელმწიფო სამსახურის სტანდარტების მიღების წესი განისაზღვრება. მუხლი 48🔗.  ოფიციალური ცნობების წარდგენა     ოფიციალური ცნობების წარდგენა სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელობის ან მათ მიერ რწმუნებული სახელმწიფო მოსამსახურეებისათვის განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 49🔗. სახელმწიფო მოსამსახურის პირადი საქმე. სახელმწიფო მოსამსახურეთა რეესტრი სახელმწიფო მოსამსახურის პირადი საქმე შეიცავს მის მიერ სახელწიფო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ცნობებს. პირად საქმეს აწარმოებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს საკადრო სამსახური და სახელმწიფო მოსამსახურის სხვა სამსახურში გადასვლისას იგზავნება ახალ სამუშაო ადგილზე. დაუშვებელია ერთ სახელმწიფო მოსამსახურეზე რამდენიმე პირადი საქმის წარმოება, გარდა ამ კანონით დაშვებული შეთავსების შემთხვევებისა. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველო აწარმოებს სახელმწიფო მოსამსახურეთა რეესტრს, შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო სამსახურის მართვის სათანადო ორგანოები აწარმოებენ სახელმწიფო მოსამსახურეთა რეესტრს. პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. აკრძალულია პირად საქმეებსა და რეესტრებში პოლიტიკური, რელიგიური შეხედულებების, აგრეთვე პირადი ცხოვრების მონაცემების შეტანა. სახელმწიფო ორგანოს საკადრო სამსახური ვალდებულია თავისი პირადი საქმე ყველა მასალით მოთხოვნისთანავე გადასცეს სახელმწიფო მოსამსახურეს გასაცნობად. მუხლი 50🔗. სახელმწიფო სამსახურის დაფინანსება სახელმწიფო სამსახურზე გაწეული ხარჯები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი სახსრებიდან. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გახდეს სახელმწიფო მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურების, კომპენსაციებისა და დახმარებების შეჩერების, შეწყვეტს ან შემცირების საფუძველი. სახელმწიფო სამსახურის დაფინანსებისა და სახელმწიფო ორგანოების მიერ საფინანსო სახსრების გამოყენების კონტროლის წესი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. სახელმწიფო სამსახურის ნაწილზე ბიუჯეტის მომზადებასა და შესრულებას აკონტროლებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო სამსახურის მართვის მთავარი სამმართველო და კონტროლის პალატა. მუხლი  51🔗. სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებული დავის განხილვა სახელმწიფო მოსამსახურე, უფლება აქვს მიმართოს სახელმწიფო სამსახურის მთავრ სამმართველოსთან არსებულ დავის განმხილველ პალატას ან სასამართლოს სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებული სადავო საკითხების განსახილველად შემდეგ შემთხვევებში: 1) საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებისა და შედეგების შესახებ; 2) სახელმწიფო სამსახურში მიღების, სამსახურის გავლის, სახელმწიფო მოსამსახურის უფლებების რეალიზაციის, სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე გადაყვანის, სახელმწიფო მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის, სახელმწიფო მოსამსახურეთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების შეუსრულებლობის, გადადგომისა და სახელმწიფო სამსახურიდან მისი დათხოვნის (გათავისუფლების) საკითხებთან დაკავშირებით. სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებული დავის და მიმართვის განხილვის წესი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით. სახელმწიფო მოსამსახურეს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს სახელმწიფო სამსახურის მთავარი სამმართველოს დავის განმხილველი პალატის გადაწყვეტილება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური                                            ედუარდ შევარდნაძე. საქართველოს პარლამენტის სპიკერი                               ვახტანგ გოგუაძე. თბილისი 1995 წლის 29 ივნისი.