⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.11.1997)
გაუქმებულია:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ

საქართველოს კანონი ძალადაკარგული
მიღების თარიღი 28.06.1996
ძალის დაკარგვა 25.11.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,621 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.1996 მიღება
25.11.1997 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ (ძალადაკარგულია - 26.06.1997, №786) საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ მუხლი  1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს კანონი "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ" შემუშავებულია "იჯარის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და ადგენს სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გადაცემის წესს, ვადას, საიჯარო ქირას, მხარეთა უფლება-მოვალეობებს და იჯარის სხვა პირობებს. 2. სასოფლო-სამეურნეო იჯარა არის კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნით სამეურნეო საქმიანობის წარმართვისათვის ხელშეკრულების საფუძველზე სასოფლო-სამურნეო დანიშნულების ან სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით გამოსაყენებლად არსებული წესის შესაბამისად ნებადართული მიწის (შემდგომ" სასოფლო-სამეურნეო მიწის"),შენობა-ნაგებობების, მოწყობილობა-დანადგარების და სხვა მატერიალური ქონების ვადიანი და სასყიდლიანი მფლობელობა და სარგებლობა. მოიჯარე დამოუკიდებლად ეწევა სამეურნეო საქმიანობას. მუხლი  2🔗.  სასოფლო-სამეურნეო იჯარის ობიექტები სასოფლო-სამეურნეო იჯარის ობიექტებია: ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები(სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწები, გაკულტურებული და ბუნებრივი სათიბი და საძოვარი); ბ) არსებული წესის შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდის და ტყის ფონდის მიწები; გ) საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები; დ) მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ის ნაკვეთები, რომლებიც არსებული წესის შესაბამისად გამოყენებულია ან შეიძლება გამოიყენონ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით; ე) სოფლის, რაიონული ცენტრისა და ქალაქის ფარგლებში მოქცეული მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება ჯერ არ არის შეცვლილი და სასოფლო-სამეურნეო მიზნით მათი გამოყენება არსებული წესის შესაბამისად ნებადართულია; ვ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით მიწის საიჯარო სარგებლობასთან დაკავშირებული საცხოვრებელი და სამეურნეო შენობა-ნაგებობები, მოწყობილობა-დანადგარები, სამურნეო ინვენტარი და სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოსაყენებელი სხვა ქონება. მუხლი  3🔗. სასოფლო-სამეურნეო იჯარის სუბიექტები 1. სასოფლო-სამეურნეო იჯარის სუბიექტებია: ა) მეიჯარე - სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრე ან მისგან უფლებამოსილი პირი: ბ) მოიჯარე - სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით ამღები ფიზიკური პირი, ფიზიკურ პირთა ჯგუფი ან იურიდიული პირი. 2. ქალაქის მმართველობის ორგანოს გამგებლობის ტერიტორიის ფარგლებში მოქცეული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გაცემის უფლებამოსილი პირი არის მმართველობის შესაბამისი საქალაქო ორგანო ან მისგან უფლებამოსილი პირი. 3. ქალაქის მმართველობის ორგანოს გამგებლობის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებული რაიონის საზღვრებში მოქცეული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გაცემის უფლებამოსილი პირი არის მმართველობის შესაბამისი რაიონული ორგანო ან მისგან უფლებამოსილი პირი. მუხლი  4🔗.  სასოფლო-სამეურნეო საიჯარო ხელშეკრულება, მისი გაფორმებისა და რეგისტრაციის წესი 1. მოიჯარე მიწათსარგებლობის უფლებას მოიპოვებს ხელშეკრულების საფუძველზე. საიჯარო ხელშეკრულება არის მეიჯარისა და მოიჯარის საიჯარო ურთიერთობათა განმსაზღვრელი დოკუმენტი, რომელიც იდება განსაზღვრული ვადის ნებაყოფლობისა და მხარეთა თანხმობის საფუძველზე, წერილობითი ფორმით, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. საიჯარო ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს: მიწის გარდა სხვა საიჯარო ქონების შემადგენლობა და ღირებულება, იჯარის ვადა, მიწისა და სხვა ქონების გამოყენებისათვის საიჯარო ქირის ოდენობა და გადახდის წესი, მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა, იჯარის ვადის გასვლის შემდეგ იჯარის ობიექტების დაბრუნების პირობები, იჯარით აღებული ობიექტების მოვლისა და გამოყენების პირობები. საიჯარო ურთიერთობების დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ მხარეებმა ერთობლივად უნდა აღწერონ იჯარით აღებული მიწისა და სხვა ობიექტების რაოდენობა და მდგომარეობა და დააფიქსირონ ქონების აღწერის ოქმში.  3. სასოფლო-სამეურნეო საიჯარო ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია საიჯარო ნაკვეთის გეგმა, რომელსაც ადგენს მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სამსახური. 4. მეთესლეობის, სანერგე, სანაშენე, ჯიშთა გამოცდის (მეცხოველეობის, მეფრინველეობის, მეფუტკრეობის, მეთევზეობის),სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების საცდელ-სასელექციო მეურნეობები და ჯიშთა გამოცდის სადგურები, სასწავლო-ექსპერიმენტული მეურნეობები და ნაკვეთები, მსხვილი მეცხოველეობის კომპლექსები და სასათბურე კომბინატების მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი სახელმწიფო საკუთრების მიწები იჯარით გაიცემა ამ სტრუქტურებთან შეთანხმებით ნებართვის საფუძველზე. სამომთაბარეო საძოვრები და სათიბები იჯარით გაიცემა აგრეთვე ნებართვის საფუძველზე. ამ ნებართვას გასცემს საქართველოს(აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების)სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო. სახელმწიფო ტყის ფონდში არსებული სათიბებისა და საძოვრების იჯარით სარგებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების) სატყეო დეპარტამენტის შესაბამისი ადგილობრივი სამსახური. სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები 10 წელზე მეტი ვადით იჯარით გაიცემა მხოლოდ საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის ნებართვით საქართველოს(აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების) სოფლის მეურენობისა და სურსათის სამინისტროსა და სატყეო დეპარტამენტთან (ტყის ფონდის მიწებზე) შეთანხმებით. ნებართვის გამცემ ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს საიჯარო ხელშეკრულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლა, თუ: ა) საიჯარო ქირა დაწესებულია მოქმედი წესისაგან გადახვევით; ბ) მიწის იჯარით გაცემა იწვევს მიწათსარგებლობის მონოპოლიზაციას, დაქუცმაცებას, სრულად გამოყენების შემაფერხებელი პირობების წარმოშობას, გამოყენების დაწესებული რეჟიმის დარღვევას. ნებართვის გამცემმა ორგანომ მოიჯარეს პასუხი უნდა აცნობოს მიწის იჯარით გაცემაზე ნებართვის მოთხოვნის მიღებიდან ერთ თვეში. თუ ნებართვის გამცემი ორგანო აღნიშნულ ვადაში არ წაუყენებს მოიჯარეს ხელშეკრულების გაუქმების, ან მასში ცვლილებების შეტანის მოთხოვნას ან არ გასცემს ნებართვას, მაშინ ნებართვა მიიჩნევა გაცემულად. ამასთან მის გაცემაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ამ ორგანოს ეკისრება. ნებართვის გაცემის წესის დარღვევით გამოწვეული სადავო საკითხები უნდა გადაწყდეს არსებული ზოგადი წესების შესაბამისად. ამ პუნქტში დასახელებულ შემთხვევებში ნებართვა წარმოადგენს საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაციის(ან რეესტრში შეტანის) საფუძველს; ყველა სხვა შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის ნებართვა საჭირო არ არის. სასოფლო-სამეურნეო იჯარის ნოტარიალურად დამოწმებულ ხელშეკრულებას რეგისტრაციაში ატარებს მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის შესაბამისი საქალაქო და რაიონული სამსახური. ხელშეკრულება ძალაში შედის რეგისტრაციის თარიღიდან, თუ ხელშეკრულებით სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული. 5. სასოფლო-სამურნეო იჯარის ვადა განისაზღვრება მეიჯარისა და მოიჯარის შეთანხმებით და ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად; იჯარის ვადა უნდა დაფიქსირდეს საიჯარო ხელშეკრულებაში. თუ არსებობს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის ისეთი დასაბუთებული პროექტები, რომელთა განხორციელების შედეგად მოსალოდნელია თვალსაჩინო შედეგის მიღება და მხარეები ვერ შეთანხმდნენ იჯარის ვადაზე, მიწის იჯარის გაცემის ვადას აწესებს მიწის იჯარით გაცემის ნებართვის გამცემი ცენტრალური ორგანო. 6. სასოფლო-სამეურნეო საიჯარო ხელშეკრულება ფორმდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმით. 7. სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა იჯარით გაიცემა შემდეგი წესით: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით აღების მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს ამ კანონის მესამე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში დასახელებულ ორგანოს, რომელთანაც შექმნილია განცხადებების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, საქართველოს (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების) სატყეო დეპარტამენტის, მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო ქონების მართვის, საფინანსო, იურიდიული სამსახურების წარმომადგენლებისაგან. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიას ემატება იმ სოფლის (სოფლების) წარმომადგენლობა, რომლის გამგებლობასაც მიეკუთვნება იჯარით გასაცემი მიწის ნაკვეთი. კომისია ორგანიზაციას უწევს იჯარით გასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას, იღებს და რეგისტრაციაში ატარებს განცხადებებს, წერილობით ატყობინებს განმცხადებლებს, მიღებულია თუ არა განცხადება განსახილველად. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა. სადავო საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომის მონაწილე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის გადაწყვეტილებას ამტკიცებს რაიონის გამგეობა. საინფორმაციო ცნობის გამოქვეყნების შემდეგ კომისია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალებას აძლევს წინასწარ გაეცნოს იჯარის გასაცემ ობიექტს. მეიჯარე ვალდებულია შექმნას ობიექტის წინასწარ გასაცნობად საჭირო პირობები. განცხადებების მიღება მთავრდება კომისიის სხდომამდე სამი დღით ადრე. კომისიამ განმცხადებელს პასუხი უნდა აცნობოს განცხადების მიღებიდან ერთ თვეში. 8. თუ მიწის იჯარით აღებას თხოულობს ერთზე მეტი პირი და ვერ ხერხდება მოიჯარის გამოვლენა, მეოთხე მუხლის მე-7 პუნქტში დასახელებული კომისია იჯარას გასცემს კონკურსის წესით. კონკურსის ჩატარების წესი რეგულირდება „სახელმწიფო ქონების იჯარის გაცემის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 და მე-8 პუნქტებით. მუხლი  5🔗. სასოფლო-სამეურნეო საიჯარო ქირა და მისი გადახდის წესი 1. იჯარით აღებული მიწით და სხვა ქონებით სარგებლობისათვის მოიჯარე მეიჯარის სასარგებლოდ იხდის სასოფლო-სამეურნეო საიჯარო ქირას. 2. სასოფლო-სამეურნეო საიჯარო ქირა შედგება მიწის საიჯარო ქირისა და იჯარით გაცემული მატერიალური ქონების საიჯარო ქირისაგან. მიწის გარდა სხვა ქონების საიჯარო ქირა ცალკე სტრიქონით აღირიცხება საიჯარო ხელშეკრულებაში. 3. სასოფლო-სამეურნეო მიწის საიჯარო ქირაში არ შედის საიჯარო ნაკვეთში არსებული სასარგებლო წიაღისეულით, მიწისქვეშა წყლებით, მრავალწლიანი ნარგავებით და ნაკვეთზე არსებული სხვა მატერიალური ქონებით სარგებლობისათვის საზღაური (ან ამორტიზაციის ანარიცხები). მიწის საიჯარო ქირა ცალკე სტრიქონით აღირიცხება საიჯარო ხელშეკრულებაში. 4. საჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრება საიჯარო ხელშეკრულებით, ამასთან იგი სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის მოქმედი წესით დადგენილ გადასახადზე ნაკლები არ უნდა იყოს. 5. სასოფლო-სამეურნეო საიჯარო ქირა შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით. ერთ-ერთ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს საიჯარო ქირის ოდენობის შეცვლა სასოფლო-სამეურნეო მიწით სარგებლობისათვის გადასახადისა და ამორტიზაციის ნორმების, რეგულირებადი სახელმწიფო ფასებისა და ტარიფების შეცვლისას, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. თუ სასოფლო-სამეურნეო საიჯარო ხელშეკრულების დადების შემდეგ წარმოიშვა ისეთი გარემოებები, რომლებიც ხელს უშლიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, მაშინ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა. ეს წესი არ ვრცელდება საიჯარო ხელშეკრულების ვადაზე. 6. საიჯარო ქირის გადახდა არ ათავისუფლებს მოიჯარეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახადისაგან. თუ მოქმედი კანონმდებლობით და საიჯარო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7. საიჯარო ქირის გადახდის ვადა და წესი განისაზღვრება საიჯარო ხელშეკრულებით. 8. იჯარის ობიექტების აღწერის ოქმისა და საიჯარო ნაკვეთების გეგმის შედგენის, საიჯარო ხელშეკრულების ნოტარიალურად დამოწმებისა და რეგისტრაციის ხარჯებს გაიღებს მოიჯარე. საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №31-32, 25.12.1996წ. გვ.36 მუხლი  6🔗. მოიჯარისათვის ქონების გადაცემა მეიჯარე ვალდებულია იჯარის ობიექტები მოიჯარეს გადასცეს საიჯარო ნაკვეთების გეგმის, ქონების აღწერის ოქმში დაფიქსირებული მდგომარეობისა და რაოდენობის შესაბამისად. იჯარის ობიექტები მოიჯარეს გადაეცემა საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაციის დღიდან მხარეებს შორის შეთანხმებულ ვადაში. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მოიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის იჯარის ობიექტების გადაცემა და მათი დაგვიანებით მიღების შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურება. დავის წარმოშობის შემთხვევაში საკითხი წყდება ზოგადი წესების შესაბამისად. მეიჯარე პასუხს არ აგებს იჯარით გადაცემული ობიექტების იმ ზიანისათვის, რომელიც აღნუსხულია იჯარის ობიექტების აღწერის ოქმში ან მიყენებული იქნა მეიჯარისაგან დამოუკიდებლად. მუხლი  7🔗. იჯარის ობიექტების გაცემა ქვეიჯარით მოიჯარეს შეუძლია მეიჯარესთან შეთანხმებით სრულად გაასხვისოს იჯარის უფლება. საქართველოს 1996 წლის 13 დეკემბრის კანონი – პარლამენტის უწყებანი, №31-32, 25.12.1996წ. გვ.36 მუხლი  8🔗. იჯარით აღებული ობიექტების გამოყენება და მოვლა 1. მოიჯარე ვალდებულია გამოიყენოს სასოფლო-სამეურნეო მიწა,მრავალწლიანი ნარგავები და იჯარის სხვა ობიექტები მათი დანიშნულებისა და ხელშეკრულების შესაბამისად. მოუაროს იჯარით აღებულ ობიექტებს. მოიჯარე, საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად, დამოუკიდებლად განსაზღვრავს თავისი საქმიანობის მიმართულებებს და განკარგავს თავის წარმოებულ პროდუქციასა და მიღებულ შემოსავალს. 2. მეიჯარე უფლებამოსილია თავისი ხარჯით შეაკეთოს იჯარით გაცემული შენობა-ნაგებობები, მოწყობილობა-დანადგარები და სხვა მატერიალური საშუალებები, თუ მოქმედი კანონმდებლობით ან საიჯარო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მეიჯარის ვალდებულება, შეაკეთოს იჯარის ობიექტები აისახება საიჯარო ხელშეკრულებაში. მოიჯარეს უფლება აქვს განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან მეიჯარესთან შეთანხმებული აუცილებელი შეკეთება და მოითხოვოს მეიჯარისაგან საამისოდ გაწეული ხარჯების ანაზღაურება ან დაფაროს საიჯარო ქირის ხარჯზე. 3. მეიჯარეს უფლება აქვს დაათვალიეროს იჯარით გაცემული ობიექტი, რაც წინასწარ უნდა შეატყობინოს მოიჯარეს. 4. მეიჯარის თანხმობით მოიჯარეს უფლება აქვს თავისი უფლებამოსილება იჯარის ვადით გადასცეს მეუღლეს ან სრულწლოვან შვილს. 5. საიჯარო მიწის ნაყოფიერი ფენის, აგრეთვე გზების, თხრილების, საირიგაციო არხების და ღობეების სამეურნეო დანიშნულებისათვის გამოსაყენებლად უვარგის მდგომარეობამდე (თუ ეს სტიქიის შედეგი არ არის) მიყვანის შემთხვევაში მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების ვადის დამთავრებამდე საკუთარი სახსრებით გამოასწოროს დაზიანება ან აუნაზღაუროს მეიჯარეს ზარალი. მუხლი  9🔗. საკუთრება იჯარის ობიექტებზე 1. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთი რჩება მეიჯარის საკუთრებად. 2. იჯარის ობიექტის გამოყენებით შექმნილი პროდუქცია და შემოსავალი, აგრეთვე ამ შემოსავლით შეძენილი ქონება ეკუთვნის მოიჯარეს, თუ საიჯარო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. სათანადო ხარჯთაღრიცხვის მეიჯარესთან შეთანხმების შემდგომ საიჯარო ნაკვეთზე მოიჯარის გაშენებული მრავალწლიანი ნარგავები, აგრეთვე მოიჯარის აშენებული შენობა-ნაგებობები ეკუთვნის მეიჯარეს, თუ საიჯარო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალიწინებული. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს ამ მრავალწლიანი ნარგავების და შენობა-ნაგებობების ნარჩენი ღირებულების ანაზღაურება. საიჯარო ნაკვეთებზე მეიჯარესთან შეუთანხმებლად მოიჯარის გაშენებული მრავალწლიანი ნარგაობა და მოიჯარის აშენებული შენობა-ნაგებობები ეკუთვნის მეიჯარეს. 4. მოიჯარის საკუთრებაა მისი სახსრებით გაკეთებული ყველა გაუმჯობესება, რომელთა გამოყოფა შესაძლებელია იჯარით აღებული ობიექტების დაუზიანებლად. თუ მოიჯარემ მეიჯარესთან შეთანხმებით საკუთარი სახსრებით მოახდინა ისეთი გაუმჯობესება, რომელთა გამოყოფა იჯარით აღებული ობიექტების დაუზიანებლად შეუძლებელია, მეიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდეგ მოიჯარეს აუნაზღაუროს განუყოფელ გაუმჯობესებათა ღირებულება, ხოლო იმ განუყოფელი გაუმჯობესების ღირებულება, რომელიც მოიჯარემ მეიჯარის უნებართვოდ მოახდინა, არ ანაზღაურდება. მუხლი  10🔗. იჯარის ობიექტის გამოსყიდვა 1. მიწის გარდა იჯარის სხვა ობიექტების სრული ან ნაწილობრივი გამოსყიდვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრძალვა აისახება საიჯარო ხელშეკრულებაში. 2. სასოფლო-სამეურნეო იჯარის სხვა ობიექტების გაყიდვის შემთხვევაში მოიჯარეს გააჩნია შესყიდვის უპირატესი უფლება; მოიჯარე ფიზიკურ პირს შეუძლია ეს უფლება გადასცეს სრულწლოვან შვილებს და მეუღლეს. შესყიდვის უპირატესი უფლება არ მოქმედებს, თუ იჯარის ობიექტების გასხვისება ხდება მეიჯარის შვილებზე და მეუღლეზე ან ადგილი აქვს მათ იძულებით გასხვისებას სახელმწიფო და საზოგადოებრივი მიზნებისათვის. მუხლი  11🔗. საიჯარო ხელშეკრულების განახლება, შეცვლა, შეწყვეტა და გაუქმება 1. საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს უფლება აქვთ გააგრძელონ მისი მოქმედების ვადა. ხელშეკრულების განახლებისას მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შეიცვალოს ხელშეკრულების პირობები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეიძლება შეიცვალოს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით. მოქმედი კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2. თუ ვადის გასვლის შემდეგ არც ერთ მხარეს არ შეუტანია ხელშეკრულების შეწყვეტის ან შეცვლის განცხადება, იგი ითვლება გაგრძელებულად იმავე ვადით და იმავე პირობებით. საიჯარო ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება, თუ საიჯარო მიწის ნაკვეთი ან სასოფლო მეურნეობა გამოსაყენებლად უვარგისი აღმოჩნდა. იჯარის-ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ საიჯარო ნაკვეთი არსებული წესის შესაბამისად ამოღებული და გადაცემულია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, ასევე თუ მეიჯარემ საიჯარო ნაკვეთის ფარგლებში დაიწყო წიაღით უნებართვო სარგებლობა ან აღმოჩნდა სასარგებლო წიაღისეულის მნიშვნელოვანი მარაგი. იშვიათი (უნიკალური) არქეოლოგიური ძეგლი. 3. საიჯარო ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებით შეიძლება ვადამდე გაუქმდეს. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება დასაშვებია მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუ მოიჯარე გაკოტრდა, მისი ქონების გამყიდველი პირი ვალდებულია წინასწარ მოითხოვოს საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება. მეიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს საიჯარო ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება, თუ მოიჯარე: ა) დანიშნულებისამებრ არ იყენებს იჯარის ობიექტებს და არღვევს ხელშეკრულების პირობებს; ბ) განზრახ ან დაუდევრობით აუარესებს იჯარის ობიექტების მდგომარეობას; გ) არ იხდის საიჯარო ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან სამი თვის განმავლობაში; თუ საიჯარო ქირის გადახდის ვადა ხელშეკრულებით დადგენილი არ არის, მაშინ საიჯარო ქირის გადახდის ვადად ითვლება სამეურნეო წლის ბოლო; დ) არ შეაკეთებს იჯარის ობიექტებს, როდესაც ეს საიჯარო ხელშეკრულებით ევალება; მოიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება, თუ: ა) მეიჯარე არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობას იჯარის ობიექტების შეკეთების, მატერიალური რესურსებით ან მომსახურებით მოიჯარის უზრუნველყოფის მხრივ; ბ) საიჯარო მიწის ნაკვეთი და იჯარის სხვა ობიექტები გამოუსადეგარი გახდება იმ გარემოებათა გამო, რისთვისაც მოიჯარეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება: გ) მოიჯარის დაინვალიდების, არაქმედუნარიანად ცნობის ან იმ შემთხვევაში, როდესაც მას ჩადენილი დანაშაულისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ან სხვა სასჯელი, რომლის გამოც შეუძლებელია საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება. ამ შემთხვევაში იჯარის ახალი ხელშეკრულების დადების ან პირობების შეუცვლელად ხელშეკრულების გაგრძელების უპირატესი უფლება აქვთ მოიჯარესთან ერთად მცხოვრებ ან მომუშავე ოჯახის წევრებს. საიჯარო ხელშეკრულების განახლება, შეცვლა, შეწყვეტა და გაუქმება ხდება წერილობით. 4. მეიჯარე, რომელსაც სურს საიჯარო მიწა და იჯარის სხვა ობიექტები იჯარის ვადის გასვლამდე გასცეს სხვა პირს, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მოიჯარეს ერთი წლით ადრე ან ხელშეკრულების მხარეებს შორის შეთანხმებულ ვადაში. ამ პუნქტში აღნიშნული ცვლილებები შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ აუცილებელი პირობით, თუ მოიჯარე თანახმაა და მხარეები მოახდენენ საბოლოო ანგარიშსწორებას ერთმანეთთან. 5. არსებული წესით საიჯარო ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გადაცემის ან სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მისი იძულებითი გასხვისებისას, მოიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მისთვის მიყენებული ზარალის კომპენსაცია. მუხლი  12🔗. საიჯარო ხელშეკრულების მოქმედება მესაკუთრის შეცვლის ან მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში 1. მიწის გარდა იჯარის სხვა ობიექტების საკუთრების უფლების გადასვლა მეიჯარისაგან სხვა პირზე, ასევე მიწის მესაკუთრე ფიზიკური პირის ან მიწის იჯარით გაცემის უფლებამოსილი პირის შეცვლა არ არის იჯარის ხელშეკრულების პირობების შეცვლის ან მისი გაუქმების საფუძველი. მესაკუთრის მიერ უფლებამოსილი მეიჯარე იურიდიული პირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი უფლებები და მოვალეობები გადადის მის უფლებამონაცვლეზე, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები გადადის მის მემკვიდრეზე, თუ იგი თანახმაა გახდეს მოიჯარე და ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მეიჯარეს უფლება არა აქვს უარი უთხრას ასეთ პირს ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილ ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გადაცემაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხელშეკრულების დადება განპირობებული იყო მოიჯარის პირადი თვისებებით და ეს ასახულია საიჯარო ხელშეკრულებაში. მუხლი  13🔗. უპირატესობა და შეზღუდვა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით აღების დროს 1. სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწების საიჯარო სარგებლობაში მისაღებად კონკურსში თანაბარი პირობების შემთხვევაში უპირატესობა აქვთ: ა) სოფლის, რაიონის(ქალაქის)ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს ან ფიზიკურ პირებს, მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით, ნებადართული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნის მიზნით; ბ) მიწის საიჯარო ხელშეკრულების იმ პროექტს, რომლითაც გათვალისწინებულია სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის მიღწევა ან კულტურული ფლორის ადგილობრივი (ეროვნული) გენოფონდის შენარჩუნება, წარმოების მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენება, მიწის გაუმჯობესება, დანაწევრებული ნაკვეთების გამასივება, აგროტექნიკურ ღონისძიებათა ეფექტიანი განხორციელების ხელსაყრელი პირობების შექმნა; გ) იჯარით გასაცემი მიწებით მოსარგებლე კოოპერატიულ ან სახელმწიფო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულების კოლექტივებს, "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით, ნებადართული სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნის მიზნით; დ) სტიქიური მოვლენებისა და სხვა მიზეზით კომპაქტურად ჩასახლებულ პირთა კომლს. 2. საიჯარო მიწის ნაკვეთზე განთავსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობების იჯარით გაცემისას უპირატესი უფლება ენიჭებათ მიწით მოსარგებლეს და მოიჯარეს. 3. მიწის იჯარით გაცემისას აკრძალულია ფართობის ყოველგვარი დანაწილება, რაც შეაფერხებს მექანიზაციის რაციონალურად გამოყენებას და აგროტექნიკურ ღონისძიებათა ეფექტიან განხორციელებას. 4. სასარგებლო წიაღისეულის და დაცული ტერიტორიების, იშვიათი და უნიკალური არქეოლოგიური და ისტორიული ძეგლების გავრცელების საზღვრებში მიწა იჯარით გაიცემა მხოლოდ შესაბამისად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს თანხმობით. მუხლი  14🔗. მეიჯარისათვის იჯარის ობიექტების დაბრუნება საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოიჯარე ვალდებულია მეიჯარეს იჯარის ობიექტები დაუბრუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში. მიწის და იჯარის სხვა ობიექტებისათვის მიყენებული ზარალი მოიჯარემ მეიჯარეს უნდა აუნაზღაუროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავარების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ობიექტებს, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა საიჯარო ობიექტების დაბრუნების დაყოვნებისათვის, აგრეთვე სარგებელი, რომელიც მოიჯარემ მიიღო ამ ხნის განმავლობაში ან რომელსაც იგი მიიღებდა მთელი საიჯარო წლის განმავლობაში. მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა ზარალის ანაზღაურებაც. მუხლი  15🔗. იჯარის პერიოდში წამოჭრილი სადავო საკითხების განხილვა იჯარის პერიოდში მეიჯარესა და მოიჯარეს შორის ხელშეკრულების პირობების შესრულების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ წამოჭრილ სადავო საკითხებს განიხილავს და წყვეტს სასამართლო. მუხლი  16🔗. მოიჯარის ქონებრივ უფლებათა დაცვა მოიჯარის უფლებებს იჯარით აღებულ ობიექტებზე იცავს კანონი. საიჯარო ურთიერთობის პერიოდში იჯარის ობიექტების დაზიანებით წარმოშობილ ზარალს მხარეები ანაზღაურებენ საიჯარო ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თბილისი, 1996 წლის 28 ივნისი.