აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული ავტონომიური რესპუბლიკა
მიღების თარიღი 01.08.2022
ძალის დაკარგვა 03.04.2025
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №01/51
სარეგისტრაციო კოდი 010340000.33.062.016129
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება 01.04.2025
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანება 04.03.2026
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №01/51
2022 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები“ თანდართული დანართის სახით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის 2019 წლის 8 ნოემბრის №01/47 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრილევან თევზაია
დანართი 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები (შემდგომში –
დებულება), განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში –
დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამინისტროს დეპარტამენტებია:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) საბიუჯეტო დეპარტამენტი;
გ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
დ) იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ე) სახაზინო დეპარტამენტი;
ვ) საფინანსო დეპარტამენტი;
ზ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი.
3. დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს პირველად სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში –
მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
4. დეპარტამენტების უშუალო დაქვემდებარების საკითხი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. დეპარტამენტში შეიძლება შედიოდნენ მეორადი სტრუქტურული ერთეულები – სამმართველოები (შემდგომში - სამმართველო).
7. სამმართველოს სახელწოდება, მათი რაოდენობა, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1.დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში –
დეპარტამენტის უფროსი).
2.დეპარტამენტის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3.დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები), რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
4.დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
5. დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე; ორგანიზებას უწევს ამ დებულებით განსაზღვრული დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების შესრულებას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ)საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს;
ე)დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს და მოსაზრებებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში;
ვ)კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ)პერიოდულად განიხილავს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ი) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების, მათთვის სახელფასო დანამატის ან ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე;
კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის დებულების, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციისა და ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად;
მ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას;
ნ) ახორციელებს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ო) მონაწილეობას იღებს სამინისტროში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში;
პ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, სამუშაო აღწერილობითა და მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს;
ჟ) ასრულებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პასუხისმგებელია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) ზედამხედველობს მის საკურატორო სფეროში მომზადებულ დოკუმენტაციას;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე/დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ შესაბამის სამმართველოებს შორის;
დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს მის მიერ ან მის საკურატორო სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) პასუხისმგებელია მის საკურატორო სფეროში შემავალ სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის, მითითებებს, დავალებებს და სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
ზ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი
1. დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი (შემდგომში - სამმართველოს უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას;
გ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ განიხილავს მათ;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) პასუხისმგებელია მის სამმართველოში მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
ვ) დეპარტამენტის უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრის მითითებებს, დავალებებს და სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
თ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე
1. დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე.
2. სამმართველოს უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;
ბ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეები:
ა) ასრულებენ სამმართველოს უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;
ბ) პასუხისმგებლები არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე;
გ) პასუხისმგებლები არიან მათთვის განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;
დ) ხელს უწყობენ დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;
ე) განიხილავენ დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;
ვ) პერიოდულად სამმართველოს/დეპარტამენტის უფროსს წარუდგენენ ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) ახორციელებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება სამუშაო აღწერილობებით.
მუხლი 7🔗. უფლებამონაცვლეობა
1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი მოადგილე.
2.დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
3. სამმართველოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურე, მინისტრის გადაწყვეტილებით.
დანართი 1.1
ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურა
ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ სამმართველოებს:
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) ინსპექტირების სამმართველო;
გ) მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა)კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა (მინისტრის შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, მინისტრის სახელზე შემოსული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასალებისა და ინფორმაციის მინისტრისათვის ოპერატიულად მოხსენება, მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზება და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა და სხვა).
ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია; სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაციისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელება;
გ) სამინისტროს საქმინობის ანგარიშის მომზადება, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების ჩართულობით;
დ) სამინისტროს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს საქმისწარმოების სამუშაოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია;
ვ) სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა;
ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
თ) საჭიროების შემთხვევაში თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს თანამშრომელთა, სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტთა და სამინისტროს ვიზიტორთა დაშვების მიზნით საშვების სისტემის მართვა;
კ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;
ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილ შემთხვევებში და წესით დისციპლინური წარმოების ჩატარება;
მ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა;
ნ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებათა და ცალკეულ დავალებათა შესრულება.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოების მეშვეობით.
3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები:
ა.ა) სამინისტროში ელექტრონულად თუ მატერიალურად შემოსული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის დროულად მიწოდება, გასაგზავნი კორესპონდენციის დამუშავება და გაგზავნის უზრუნველყოფა;
ა.ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება და შედეგების თაობაზე ხელმძღვანელობის ინფორმირება;
ა.გ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის ორგანიზება, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ არქივისათვის გადასაცემი წარმოებადასრულებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორესა და მათი არქივისათვის გადაცემაზე, აგრეთვე, არქივის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება; არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემა;
ა.დ) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება; საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
ა.ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;
ა.ვ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების პროტოკოლის წარმოება, რეზოლუციების მომზადება;
ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;
ა.თ) მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულების შესახებ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის და სამინისტროს მართვაში არსებული ორგანიზაციებისათვის, პერიოდულად ინფორმაციის მიწოდებისა და მიღებული ინფორმაციის ელექტრონულად აღრიცხვის უზრუნველყოფა;
ა.ი) შესაბამისი სამართლებრივი აქტ(ებ)ით დამტკიცებული წესით, სამინისტროს გერბიანი ბეჭდის, საქმისწარმოებისათვის ბეჭდებისა და შტამპების შენახვა-გამოყენების უზრუნველყოფა;
ა.კ) ელექტრონული და მატერიალური დოკუმენტების ასლების სათანადო წესით დამოწმებისა და გაცემის უზრუნველყოფა;
ა.ლ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
ბ) ინსპექტირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები:
ბ.ა) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და
გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;
ბ.ბ) სამინისტროში დისციპლინის, კანონიერების, სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებასა და დაცვაზე სამსახურებრივი კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა და მოქმედი კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილ შემთხვევებში და წესით, დისციპლინური წარმოების ჩატარება;
ბ.გ) სამინისტროს თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა შესახებ საჩივარ-განცხადებების შესწავლა, სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის/დასკვნის/მოხსენებითი ბარათის შედგენა, გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობიასთვის წარდგენა;
ბ.დ) სამინისტროს თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების შესწავლა სათანადო ინფორმაციის/შეტყობინების საფუძველზე, რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ბ.ე) სამინისტროს თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ბ.ვ) სამსახურებრივი შემოწმებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მინისტრთან შეთანხმებით, მასალების შესაბამის ორგანოსთვის გადაგზავნა;
ბ.ზ) სამინისტროს სისტემაში ხარვეზების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
ბ.თ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დამუშავება და რეაგირების მოხდენა;
ბ.ი) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისთვის შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მიწოდება;
ბ.კ) კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებების პროექტების მომზადება;
ბ.ლ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
გ) მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები:
გ.ა) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების განაწილება, ასევე, მიღების, აღრიცხვის, დასაწყობების უზრუნველყოფა, პროცესის ზედამხედველობა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, მათ შორის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა;
გ.ბ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალურ - ტექნიკური ბაზის მოვლა/განაწილება, მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის უზრუნველყოფა, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება;
გ.გ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კანონმდებლობის შესაბამისად, დანიშნულების მიხედვით მათი განაწილება და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შედეგად წარმოშობილი ექსპლუატაციის ხარჯების კონტროლი;
გ.დ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მოთხოვნების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის წარდგენა;
გ.ე) სამინისტროს სასაწყობე მეურნეობის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
გ.ვ) სამინისტროს სასაწყობე მეურნეობის ელექტრონული მართვა, სისტემატური განახლება და დადგენილი წესით, ინფორმაციის პერიოდულობით მიწოდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის;
გ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციით, სამინისტროს სარგებლობისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობების კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზებასა და ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
გ.თ) შენობა-ნაგებობების, საინჟინრო სისტემების და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურების, მათი ექსპლუატაციაში მიღების, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;
გ.ი) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა - ნაგებობების უწყვეტი ელექტროენერგით, გაზითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფა და ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა; სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება;
გ.კ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტროსთვის გადაცემული ჰუმანიტარული ტვირთის მიღების, დასაწყობების ორგანიზება და მათი აღრიცხვა;
გ.ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში არსებულ საინვენტარიზაციო კომისიასთან ერთად, ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება; სამინისტროში არსებულ ძირითად საშუალებათა ბალანსიდან ჩამოწერისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ.მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის შესაბამისი ინფორმაციისა და ანგარიშების წარდგენა;
გ.ნ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, დამუშავება და რეაგირების მოხდენა;
გ.ო) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულისთვის შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მიწოდება;
გ.პ) კომპეტენციის ფარგლებში ბრძანების პროექტების მომზადება;
გ.ჟ) წლის განმავლობაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოთხოვნილი მატერიალური ფასეულობების ანალიზი და მომდევნო წლის შესყიდვების გეგმაში მათი ასახვის მიზნით, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის მიწოდება;
გ.რ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
დანართი 1.2
საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. საბიუჯეტო დეპარტამენტის სტრუქტურა
საბიუჯეტო დეპარტამენტის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ სამმართველოებს:
ა) კონსოლიდირებული ბიუჯეტის სამმართველო;
ბ) შემოსავლების მობილიზების სამმართველო.
მუხლი 2🔗. საბიუჯეტო დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები
1. საბიუჯეტო დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) „აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება, ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ მომზადებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების პროექტებისა და საბიუჯეტო განაცხადების შესწავლა, კანონმდებლობით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესისთვის დადგენილ მოთხოვნებთან და ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრულ მოცულობებთან მიმართებით;
გ) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების ხარჯთაღრიცხვის განხილვა, დადასტურება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;
დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილ ვადებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების პერიოდული (3 თვე, 6 თვე, 9 თვე, წლიური) ანგარიშის მიღება - დამუშავება, მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოში;
ე) ფინანსური სახსრების მართვა, დარგების საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი გამოყენებისათვის ყოველწლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა ჩამოყალიბება, დამტკიცებული ყოველწლიური ბიუჯეტის მიხედვით განწერის ფორმირება და დადგენილი წესის შესაბამისად , მასში ცვლილებების შეტანა;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ასიგნებებისა და შემოსულობების პარამეტრების კვარტალების მიხედვით განწერის მომზადება.
2. საბიუჯეტო დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოების მეშვეობით.
3. საბიუჯეტო დეპარტამენტის სამმართველოების ფუნქციებია:
ა) კონსოლიდირებული ბიუჯეტის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები:
ა.ა) „აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადების კოორდინაცია;
ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადის მიღება და მათი განხილვა;
ა.გ) შემოსავლების მობილიზების სამმართველოსთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებების შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსების უზრუნველყოფა;
ა.დ) ფინანსური სახსრების მართვა, დამტკიცებული ყოველწლიური ბიუჯეტის მიხედვით განწერის ფორმირება და დადგენილი წესის შესაბამისად მასში ცვლილებების შეტანა;
ა.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებისათვის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ა.ვ) წლიური ბიუჯეტის შესახებ ანგარიშის მომზადების სამუშაოების კოორდინაცია;
ა.ზ)აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოველკვარტალური და წლიური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ა.თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ასიგნებებისა და შემოსულობების პარამეტრების კვარტალების მიხედვით განწერის მომზადება;
ა.ი) ბიუჯეტის შესრულების პროცესში შესაძლო ცვლილების საჭიროების დროული გამოვლენა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
ა.კ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის განწერის თანახმად ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის განწერის დაზუსტების დროს მხარჯავი დაწესებულებების მიერ პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით წარმოდგენილი საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილებების მიღება, დამუშავება, პროგრამული /სახაზინო კოდების მინიჭება და სახაზინო სამსახურზე დაშვება;
ა.ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
ბ) შემოსავლების მობილიზების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები:
ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ყოველკვარტალური და წლიური მონიტორინგი და ანალიზი;
ბ.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ანალიზი; შესაბამისი ანგარიშების მომზადება და საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების წარდგენა;
ბ.გ) ხაზინიდან მიღებული შემოსულობების ინფორმაციის მიღება, შედარება და ანალიზი;
ბ.დ) ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების გეგმის შესრულების მაჩვენებლების ანალიზი;
ბ.ე) შემოსავლების პროგნოზირება, ამ შემოსავლების წლიური გეგმის და კვარტლების მიხედვით განწერის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ბ.ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მოძიება, მონაცემთა ბაზის ფორმირება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ბ.ზ) „აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის რეპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ბ.თ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
დანართი 1.3
ეკონომიკური დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურა
ეკონომიკური დეპარტამენტის სტრუქტურა მოიცავს შემდეგ სამმართველოებს:
ა) დარგობრივ საკითხთა სამმართველო;
ბ) საინვესტიციო და ბიზნესის ხელშეწყობის სამმართველო;
გ) ეკონომიკური ანალიზის სამმართველო;
დ) სტატისტიკის სამმართველო.
მუხლი 2🔗. ეკონომიკური დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები
1. ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეკონომიკური პროცესების ანალიზი, ეკონომიკაში არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში, სათანადო წინადადებების მომზადება;
ბ) სახელმწიფოს მიერ ინიციირებულ სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამაში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების და ასევე, აფხაზეთში მცხოვრებ პირთა ჩართულობის ხელშეწყობა;
გ) ბიზნესის ხელშეწყობისა და ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, ფორუმებში, სემინარებსა და სხვა ამ სახის ღონისძიებებში ჩართულობა და დევნილ მეწარმეთა მონაწილეობის ხელშეწყობა;
დ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ბიზნეს პროექტების განხორციელებისა და საგრანტო დაფინანსების მოპოვებაში ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ინიციირებულ ბიზნეს წინადადებებისა და პროექტების შემუშავებაში საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა და პოტენციური ინვესტორების მოძიებაში ხელშეწყობა;
ვ) ეკონომიკის დარგში დასაქმებული სუბიექტების საკონსულტაციო მომსახურების, პროფესიული ცოდნის დაუფლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების ხელშეწყობა;
ზ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, განზოგადება;
თ) მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების, სახელმწიფო ქონების მართვის მიმართულებებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;
ი) აფხაზეთის ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა და წარმართვის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;
კ) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი;
ლ) ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში/დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ინიციირება და მხარდაჭერა. შემუშავებული პროექტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის მიზნით, საერთაშორისო და არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
მ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული დარგების – სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, გარემოს დაცვის, სატყეო ფონდის და სხვა დარგის – განვითარების მიზნით, წინადადებების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნულ დარგებში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი და ტყის ფონდის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და რეაგირება არსებული მექანიზმების გამოყენებით;
ო) ეკოლოგიური კატასტროფებით, ტყის მავნებელ-დაავადებებითა და სხვა მიზეზებით დაზიანებული ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებში მონაწილეობა;
პ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, აგრეთვე, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებათა და ცალკეულ დავალებათა შესრულება.
2. ეკონომიკური დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული სამმართველოების მეშვეობით.
ა) დარგობრივ საკითხთა სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები:
ა.ა) დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
ა.ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროებზე წვდომის ხელშეწყობისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და განხორციელების შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება;
ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად მიმდინარე და ახალი პროგრამების განხორციელების მხარდამჭერი ღონისძიებების გატარება;
ა.დ) იძულებით გადაადგილებულ პირებთან საკონსულტაციო ურთიერთობების წარმართვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ა.ე) აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი;
ა.ვ) იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, მათ მიერ შემუშავებული პროექტების სრულყოფასა და საკონკურსო-სააპლიკაციო განაცხადების შედგენაში დახმარების გაწევა;
ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების მიერ ინიციირებული, შემუშავებული და ექსპერტულად მოწონებული პროექტების ფინანსური იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ურთიერთობების წარმოება საერთაშორისო, ადგილობრივ და არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან;
ა.თ) ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მიმართულებით სიახლეებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვისათვის საჭირო რეკომენდაციების მომზადება;
ა.ი) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების და ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფოს შესაბამის პროექტებსა და პროგრამებში;
ა.კ)სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული დარგების – სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, გარემოს დაცვის, სატყეო ფონდის და სხვა დარგის - განვითარების მიზნით, წინადადებების შემუშავება ან/და შემუშავებაში მონაწილეობის მიღება. კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნულ დარგებში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ა.ლ) აფხაზეთის ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა და წარმართვის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება;
ა.მ)აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკოცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოსდაცვითი და სატყეო დარგის თემატურ ღონისძიებებში ჩართულობის ხელშეწყობა;
ა.ნ)გარემოსდაცვითი და სატყეო დარგის განვითარების მიზნით სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებში მონაწილეობა, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში ჩართულობა;
ა.ო) გარემოსდაცვითი სფეროს სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა: კლიმატის ცვლილება, ნარჩენების მართვის გეგმები, ბიომრავალფეროვნება და სხვა.
ა.პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
ბ) საინვესტიციო და ბიზნესის ხელშეწყობის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები:
ბ.ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების შესახებ წინადადებების მომზადება და ამ მიზნით ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებთან, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნეს - გაერთიანებებთან თანამშრომლობა, კონსულტაციებისა და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ.ბ) სახელმწიფოს მიერ ინიციირებულ სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამაში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების და ასევე აფხაზეთში მცხოვრებ პირთა ჩართულობის ხელშეწყობა;
ბ.გ) ბიზნესის ხელშეწყობისა და ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, ფორუმებში, სემინარებში და სხვა ამ სახის ღონისძიებებში ჩართულობა და დევნილ მეწარმეთა მონაწილეობის ხელშეწყობა;
ბ.დ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ინიციირებულ ბიზნეს წინადადებებისა და საინვესტიციო პროექტების შემუშავებაში საკონსულტაციო - სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა და პოტენციური ინვესტორების მოძიებაში ხელშეწყობა;
ბ.ე) მეწარმეობის განვითარების მდგომარეობის პერიოდული ანალიზის განხორციელება, სამეწარმეო გარემოს ანალიზი და მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;
ბ.ვ) მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების, სახელმწიფო ქონების მართვის მიმართულებებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;
ბ.ზ) განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების საერთო მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა;
ბ.თ) ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია;
ბ.ი) შემუშავებული საინვესტიციო პროექტების სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან/ქვედანაყოფებთან კოორდინაციით და მიღებული პროდუქტის პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზება;
ბ.კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
გ) ეკონომიკური ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები:
გ.ა) არსებული წყაროებისა და რესურსების საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის გაკეთება და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება;
გ.ბ) წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაციების მოძიება და ცალკეულ საკითხებზე ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ანალიტიკური მასალების მომზადება;
გ.გ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საფუძველზე, ცალკეული ეკონომიკური საკითხების ანალიზი ან/და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი ცალკეული სექტორების/ქვესექტორების მიხედვით;
გ.დ) შესაბამის უწყებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა ეკონომიკური ანალიზის საკითხებთან დაკავშირებით;
გ.ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
დ) სტატისტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები:
დ.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატისტიკური აღრიცხვის საქმიანობის კოორდინაცია;
დ.ბ) აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, განზოგადება;
დ.გ) სსიპ – „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა“ და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობა;
დ.დ) ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებულ სტატისტიკურ მონაცემთა კონფიდენციალობის უზრუნველყოფა, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას, ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა;
დ.ე) დადგენილი წესით სტატისტიკური კრებულებისა და ბიულეტენების გამოცემა;
დ.ვ) სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიზნით, თანამშრომლობა სხვადასხვა სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან;
დ.ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
დანართი 1.4
იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1🔗. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტრუქტურა
იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტრუქტურა მოიცავს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს.
მუხლი 2🔗. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები
1.იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) სამინისტროს სისტემაში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის საერთო კოორდინაცია;
ბ) სხვადასხვა უწყებიდან შემოსული და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან /და ვიზირება;
გ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების აფხაზეთის მთავრობაში, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა ან/და კოორდინაცია;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების ექსპერტიზა და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
თ) სხვადასხვა უწყებიდან შემოსული და სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ მომზადებული და სამინისტროსთვის წარდგენილი ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ი) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ შემუშავებული პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების იურიდიულ საქმიანობაზე ზედამხედველობა /კოორდინაცია;
ლ) საკანონმდებლო ბაზის ანალიზი, შესწავლა შემდგომში მისი ჰარმონიზაციისა და სრულყოფის მიზნით;
მ) სამინისტროს ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
ნ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა კომპეტენციის ფარგლებში;
ო) სამინისტროს სისტემაში შექმნილი კომისიების /სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობა;
პ) სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში, საგამოძიებო ორგანოებში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და ინტერესების დაცვა;
ჟ) სამინისტროს სახელით ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება;
რ) სამინისტროს მონაწილეობით განხილულ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით, აგრეთვე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განზოგადება და რეკომენდაციების წარდგენა სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტებისათვის;
ს) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორციელების ხელშეწყობა;
ტ) ადამიანური რესურსების მართვა;
უ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
2. იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს ახორციელებს მის დაქვემდებარებაში არსებული ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მეშვეობით.
3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია;
ა) სამინისტროში პროფესიულ საჯარო მოხელეთა მართვის პოლიტიკის შემუშავება, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია;
გ) უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, კლასების მინიჭების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების, წახალისების, შვებულების, მივლინების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადება;
დ) რანგების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს მოსამსახურეთა და რეზერვში მყოფ პირთა პირადი საქმეების ელექტრონული ან/და მატერიალური სახით შედგენისა და წარმოების უზრუნველყოფა;
ვ) მოხელეთა რეზერვის ფორმირება და მიზნობრივი გამოყენება, სამინისტროში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება;
ზ) ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;
თ) შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით თითოეული თანამდებობისათვის სამინისტროს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
ი) მოხელის შეფასების პროცესის წარმართვა და შეფასების შედეგების ასახვა საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში. მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით მოხელისათვის შესაბამისი მოხელის კლასის მინიჭებაზე წინადადებების წარდგენა;
კ) სამინისტროს კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, ამ მიზნით:
კ.ა) კომისიის შემადგენლობისა და თავმჯდომარის განსაზღვრის შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება;
კ.ბ) ვებგვერდზე: www.hr.gov.ge ვაკანსიების განთავსების უზრუნველყოფა, განაცხადების/აპლიკაციების გადარჩევა/შეფასება და საკონკურსო მასალის საკონკურსო კომისიისათვის მიწოდება, საკონკურსო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე კონკურსანტთა ინფორმირება და კონკურსანტთათვის შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა;
კ.გ) გამარჯვებული კანდიდატების დანიშვნის ბრძანების პროექტის მომზადება, მათთვის შინაგანაწესის გაცნობის უზრუნველყოფა.
ლ) სამინისტროს შინაგანაწესის და მასში ცვლილების პროექტების შემუშავება;
მ) სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ნ) თანამშრომელთა პროფესიული და კარიერული განვითარების, შეფასების, მატერიალური და არამატერიალური წახალისების, აგრეთვე, სხვა პროცედურებისა და სისტემების შემუშავება, დანერგვა და დახვეწა;
ო) სამინისტროში სტაჟირებისა და სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, სამინისტროში სტაჟირების ორგანიზება;
პ) სტაჟიორთა დანიშვნის ბრძანების პროექტების მომზადება, სტაჟიორთა ხელმძღვანელებისგან მიღებული შეფასების საფუძველზე, სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების მომზადება და ადრესატებისთვის გადაცემა;
ჟ) შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მომზადება/გაფორმება და მათთვის შინაგანაწესის გაცნობის უზრუნველყოფა;
რ) სამინისტროში შემოსული და დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება;
ს) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
დანართი 1.5
სახაზინო დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. სახაზინო დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები
სახაზინო დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა, ანგარიშგება;
ბ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადამხდელო დოკუმენტების მიღება და დამუშავება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების აღრიცხვა და ანგარიშგება;
დ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების რეგისტრაცია სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დადგენილი წესით;
ე) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დადგენილი წესით;
ვ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავარაუდო გადახდებზე ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
ზ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ საქონლის/მომსახურების/ სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელი გადახდებისა და მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელი გადახდების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება დადგენილი წესით;
თ) საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საგადამხდელო და საანგარიშსწორებო საბუთებში მითითებული დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე გადასახდელების გაცემის შეზღუდვა;
კ) დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობის მობილიზების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი, სახაზინო ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება;
ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კუთვნილი, კომერციულ ბანკებში განთავსებული თანხების აღრიცხვა, მართვა და ანგარიშგება;
მ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული თანხების აღრიცხვა და ოპერატიული ანგარიშგება;
ნ) მხარჯავი დაწესებულებების მიერ დადგენილ ვადებში ფინანსური ანგარიშგებისა და დანართი ფორმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის შესრულებამდე ყველა სახის დაფინანსების შეჩერება;
ო) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგება;
პ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების ნაერთი ფინანსური ანგარიშგებების და დანართი ფორმების მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშის შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება;
ჟ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სავალუტო საგადახდო დოკუმენტების მიღება, დამუშავება;
რ) საგადამხდელო პროცედურების შესახებ მეთოდოლოგიურ საკითხებზე განმარტებების გაცემა;
ს) ხაზინის ანგარიშებიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თანხების ჩამოჭრაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოება;
ტ) საქართველოს სახაზინო სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით საბუღალტრო აღრიცხვაში განხორციელებული ცვლილებების დაყვანა მხარჯავ დაწესებულებებამდე, მეთოდოლოგიური სიახლეების შექმნაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
უ) დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობის მობილიზების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსება;
ფ) ფულადი სახსრების კომერციულ ბანკებში გადატანის მიზნით საგადახდო დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
ქ) კომერციული ბანკებიდან ფულადი სახსრების ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადმოტანის მიზნით საგადახდო დოკუმენტების მომზადება და წარდგენა;
ღ) თავის საქმიანობაში ელექტრონული დოკუმენტების გამოყენება;
ყ) საგადამხდელო პროცედურების შესახებ მეთოდოლოგიურ საკითხებზე განმარტებების გაცემა.
დანართი 1.6
საფინანსო დეპარტამენტი
მუხლი 1🔗. საფინანსო დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები
საფინანსო დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა) წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შეტანა, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;
დ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ე) სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს კვარტალური და წლიური ბალანსების შედგენა, სამინისტროს გამგებლობაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების კვარტალური და წლიური კონსოლიდირებული ბალანსების შედგენა და წარდგენა;
ზ) საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში (https://www.etreasury.ge) მუშაობა;
თ) საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში (https://edocument.ge) დოკუმენტბრუნვის წარმოება, შიდა და გასული წერილების, მოხსენებითი ბარათებისა და განცხადებების მომზადება;
ი) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, კორექტირება და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
კ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების საერთო კოორდინაცია, შესყიდვების განხორციელებისას ტექნიკური მხარდაჭერა და მონიტორინგი;
ლ) სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილების პროექტების მომზადება და შემდგომი მონიტორინგი;
მ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულებების შესრულება/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვის უზრუნველყოფა;
ნ) მინისტრთან შეთანხმებით, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა;
ო) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის, წლიური ან /და კორექტირებული გეგმის შესაბამის ვადებში მომზადების უზრუნველყოფა და ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
პ) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სამინისტროს დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადება და საბიუჯეტო დეპარტამენტში წარდგენა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სატენდერო პროცედურების წარმართვა;
რ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და შემუშავებაში მონაწილეობა;
ს) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
დანართი 1.7
შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1.შიდა აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შიდა აუდიტის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2.დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3.დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებზე. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
4.დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად და საქმიანობისას იცავს შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის პროფესიული პრაქტიკის ჩარჩოს სავალდებულო ელემენტებს, მათ შორის შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის ძირითად პრინციპებს, შიდა აუდიტორის ეთიკის კოდექსს, შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებს.
5.დეპარტამენტი საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, კანონიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის დამოუკიდებლობა
1.დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების და ანგარიშგების პროცესში. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.
2.დაუშვებელია დეპარტამენტის და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურის საქმიანობაში სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.
3.ნებისმიერი შეზღუდვა, რაც ხელს უშლის შიდა აუდიტის დამოუკიდებლად და ეფექტურად ჩატარებას, ან ქმნის ამ საფრთხის წარმოშობის წინაპირობას, განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი დაბრკოლება. ასეთი გარემოებების არსებობისას დეპარტამენტის უფროსი უზრუნველყოფს მინისტრის ინფორმირებას აღნიშნულის შესახებ, რათა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები მსგავსი დაბრკოლებების განმეორების თავიდან ასაცილებლად.
4.დეპარტამენტი არ არის პასუხისმგებელი სამინისტროს სისტემაში პროცედურების ან სისტემის განვითარებასა და განხორციელებაზე, მათ შორის არ მონაწილეობს კომისიის/საბჭოს/მართვის ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გარდა ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობისა და არ ასრულებს სხვა ფუნქციებს გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებისა.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის მიზნები და ამოცანები
1.დეპარტამენტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სამინისტროს მიერ დასახული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც ის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით, სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აანალიზებს, აფასებს და აუმჯობესებს სამინისტროს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას.
2.დეპარტამენტის ამოცანას წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში ფინანსური მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1.დასახული ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტი ახორციელებს მარწმუნებელ და საკონსულტაციო საქმიანობას შემდეგი მიმართულებებით:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
დ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შეფასება;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) სამინისტროს სისტემის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ) განხორციელებული საქმიანობის შედეგად რეკომენდაციების გაცემა და გაცემული რეკომენდაციების და წინადადებების შესრულების მონიტორინგი;
თ) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს სამინისტროს სისტემაში მომუშავე შესაბამისი დარგის სპეციალისტის, შესაბამისი დარგის სხვა სპეციალისტის ან/და ექსპერტ(ებ)ის მოწვევა, შესაბამისი კომპეტენტური დასკვნის, ცნობის, რეკომენდაციის ან კონსულტაციის მიღების მიზნით;
ი) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის პრინციპებს.
2.მარწმუნებელი საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტორული შემოწმების სახით და მოიცავს დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების დამოუკიდებელი შეფასების მიზნით მტკიცებულებების ობიექტურ შესწავლას. მარწმუნებელი საქმიანობის ხასიათი, მასშტაბი, აუდიტის ობიექტები, შემოწმების სიხშირე, დრო/პერიოდი, ანგარიშის შინაარსი და შიდა აუდიტის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება დეპარტამენტის მიერ.
3.საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს მომსახურებას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია ობიექტთან და რომელიც ემსახურება დაწესებულების რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებასა და დამატებითი ღირებულების შექმნას, შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს კონსულტაციის გაწევას, რჩევის მიცემას და სხვ.
4.დეპარტამენტს უფლება აქვს განახორციელოს მარწმუნებელი საქმიანობა იმ სფეროში, რომელზეც მანამდე გაწეული აქვს საკონსულტაციო საქმიანობა იმ პირობით, რომ საკონსულტაციო საქმიანობის ხასიათი საფრთხეს არ შეუქმნის ობიექტურობის დაცვას.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებები
1.დეპარტამენტის უფლებამოსილებაა:
ა) რისკების შეფასებაზე დაფუძნებული შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების საფუძველზე, განახორციელოს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების, მათ შორის, მინისტრის გადაწყვეტილებით სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მართვაში არსებული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირების საქმიანობის შემოწმება, აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი. გარდა ამისა, შიდა აუდიტორული შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს მინისტრის ინიციატივითა და მისთვის პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით.
ბ) განახორციელოს საკონსულტაციო საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებისა და საკონსულტაციო საქმიანობის პროცედურების შესაბამისად (მას შემდეგ რაც დამტკიცდება ამგვარი პროცედურა);
გ) ძირითადი მიმართულებებით დეპარტამენტის საქმიანობის განხორციელების მიზნით შეუზღუდავად, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმით, მოითხოვოს და მიიღოს აუდიტის ობიექტებისგან მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე, მიიღოს აუდიტის ობიექტის ნებისმიერი თანამშრომლისაგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით.
დ) აუდიტის ობიექტებისგან გამოითხოვოს გაცემული რეკომენდაციების დროული შესრულების შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ სამინისტროში მიმდინარე პროცესების რისკის მფლობელებს და კონტროლის ღონისძიებებზე პასუხისმგებელ ერთეულებს;
ე) მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა კანონმდებლობის მოთხოვნის ფარგლებში, გადაიღოს დოკუმენტის ასლები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;
ვ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი კონსულტაციებისათვის მოიწვიოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესის შესაბამისად მოითხოვოს შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა, ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარების დაკვეთა.
2. სამინისტროს სისტემის თანამშრომლები ვალდებულნი არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ვალდებულება
1.დეპარტამენტი ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია, ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
დ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 7🔗. შიდა აუდიტორული საქმიანობის განხორციელების საფუძვლები და შიდა აუდიტორული ანგარიშის მომზადების წესი
1.დეპარტამენტი საქმიანობას ახორციელებს შიდა აუდიტის დებულების საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი;
2.შიდა აუდიტი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) აუდიტის დაგეგმვა;
ბ) აუდიტის განხორციელება;
გ) ანგარიშგება;
დ) გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი.
3.აუდიტის დაგეგმვა ხორციელდება ორ დონეზე:
ა) შიდა აუდიტის დეპარტამენტის დონეზე.
ბ) ინდივიდუალური აუდიტორული შემოწმების დონეზე.
4.დაგეგმვა შიდა აუდიტის სუბიექტის დონეზე გულისხმობს შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების მომზადებას, ხოლო დაგეგმვა ინდივიდუალური აუდიტორული შემოწმების დონეზე - ინდივიდუალური აუდიტის გეგმის მომზადებას;
5.შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სამინისტროს გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს. შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი.
6.შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს და წლის განმავლობაში განსახორციელებელი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი.
7.შიდა აუდიტის წლიურ და სტრატეგიულ გეგმებში განსახორციელებელ ცვლილებებს ამზადებს დეპარტამენტის უფროსი და ამტკიცებს მინისტრი;
8.დეპარტამენტის უფროსი თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას;
9.შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმით განისაზღვრება, შიდა აუდიტის მოქმედების სფერო, მიზნები და ამოცანები, აუდიტის სახე, შიდა აუდიტის ობიექტის სახელწოდება, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდები, აუდიტორთა ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა, შესამოწმებელი პერიოდი, შემოწმების ვადა და სხვა.
10.დეპარტამენტის უფროსი უზრუნველყოფს:
ა) მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
გ) ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემული შესაბამისი რეკომენდაციებისა და მითითებების გათვალისწინებას;
დ) მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
ე) შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამის შემუშავებას.
ვ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის ხელწერილის ფორმის შემუშავებას.
11. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტორული ჯგუფი შეიმუშავებს ანგარიშის პროექტს, რომელშიც აისახება შიდა აუდიტის შედეგები, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესი და მიგნებები, მათი ანალიზი და მათ საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები.
12. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გონივრული ვადის მითითებით, რომელიც არ უნდა იყოს 3 (სამი) სამუშაო დღეზე ნაკლები, ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით.
13.შიდა აუდიტის ობიექტის მიერ გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ და მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები – შეთანხმებულად.
14.იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, შიდა აუდიტის ობიექტი საპასუხო წერილში ასახავს არგუმენტებს ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად.
15.შიდა აუდიტის ობიექტის მიერ მოსაზრების მიღებისა და მასთან კონსულტაციის შემდეგ დეპარტამენტი საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს. იმ შემთხვევაში, თუ შიდა აუდიტის ობიექტი კონსულტაციის შემდეგაც არ დაეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს, შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება შესაძლებელია აისახოს საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.
16.შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრების მიღების შემდეგ დეპარტამენტის უფროსი საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშს, შიდა აუდიტის ობიექტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად, წარუდგენს მინისტრს შესაბამისი რეაგირებისთვის.
17.თუ დეპარტამენტი და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტი შეუთანხმებელ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მინისტრს.
18.შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე და მათ შესრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.
19.დეპარტამენტის უფროსი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელსაც მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგენს მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს.
მუხლი 8🔗. საჯარო უწყებებთან თანამშრომლობა
1.დეპარტამენტი თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
2.დეპარტამენტი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და აღნიშნული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს მასთან კოორდინირებულად.
3.დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9🔗. ინტერესთა კონფლიქტი
1.დეპარტამენტის მოსამსახურე არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:
ა) დეპარტამენტის მოსამსახურე შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;
ბ) დეპარტამენტის მოსამსახურის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;
გ) შიდა აუდიტორულ შემოწმებას დაქვემდებარებული პირი არის მასთან „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ დამოკიდებულებაში ან არსებობს სხვა ნებისმიერი გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, შემოწმების შედეგებით დეპარტამენტის მოსამსახურის შესაძლო სუბიექტური დაინტერესების შესახებ;
დ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს დეპარტამენტის უფროსი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, დეპარტამენტის მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ.
3. დეპარტამენტის მოსამსახურის შიდა აუდიტორული შემოწმების პროცესიდან აცილების საკითხს, კანონმდებლობის საფუძველზე წყვეტს დეპარტამენტის უფროსი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის აცილების საკითხს - მინისტრი.
4. შიდა აუდიტორს უფლება არა აქვს, სამინისტროში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა.
5. ყოველი ინდივიდუალური შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტორები ვალდებულნი არიან მოაწერონ ხელი შიდა აუდიტის ობიექტთან ინტერესთა შეუთავსებლობის არარსებობის შესახებ ხელწერილს.