აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/339
2022 წლის 5 აგვისტო
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2022 წლის 2 მაისის №01/1333 განცხადება – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-1) თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 213-ე კმ-ში ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის (რამპის) აღდგენის სამუშაოებს (შემდგომში – პროექტი).
პროექტი ხორციელდება დეპარტამენტსა და შპს „სარტყელი“-ს (ს/ნ: №412710375) შორის 2021 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ. №88-21 ხელშეკრულების ფარგლებში (NAT210013347). პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით. სამუშაოები მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-1) თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 213-ე კმ-ზე. აღნიშნულ მონაკვეთზე მოხდა ავტობანთან მიერთებული კვანძიდან ამომავალი გზის ნაწილობრივი ჩაწყვეტა. გეოლოგიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ჩაწყვეტა გამოიწვია მიწისქვეშა წყალმა და ძირითადი გრუნტის ზედაპირის დახრამ მდ. ყვირილას კალაპოტისაკენ. ძირითადი გრუნტი - მოლურჯო თიხა განლაგებულია 8-12 მეტრის სიღრმეზე. მის ზევით განლაგებულია დაახლოებით 2-მეტრიანი შრე გაჟღენთილი წყლით, რომლის ნელ-ნელა ჩამოცურება ხდება ძირითადი ქანის ზედაპირზე. პროექტით გათვალისწინებულია ჩაწყვეტილი გზის მონაკვეთის მოჭრა და აღდგენა გრუნტის შეცვლით და მის გასწვრივ ქვედა ნაწილში რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა. გრუნტის წყლის არიდების მიზნით, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც საპროექტო მონაკვეთს, ასევე ავტობანსაც, პროექტით გათვალისწინებულია ავტობანის მეორე მხარეს ზედა ბიეფში სადრენაჟო სისტემის მოწყობა. რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი ასრულებს ძირითად ფუნქციას: იცავს მიწის ვაკისს დაცურებისაგან და აგრეთვე მდ. ყვირილას წარეცხვისაგან. რკინა-ბეტონის კედლის საერთო სამშენებლო სიგრძე შეადგენს 140 მ. კედელი დაპროექტებულია სექციებად სიგრძით 10 მ. ჰიდროლოგიური ანგარიშის გათვალისწინებით კედლის საძირკვლად მიღებულია ხიმინჯოვანი როსტვერკი (ხიმინჯი D=1.0მ). ხიმინჯის სიგრძე მიღებულია 15.3 მ. კედლის სექციებში გათვალისწინებულია განივი დრენაჟის მოწყობა (პლასტმასის მილი d=15 სმ). კედლის სექციებს შორის გათვალისწინებულია 4 სმ-იანი, ხის ფარებით და ბიტუმში გაჟღენთილი ჯვალოთი სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა. ფასადის მხრიდან უნდა მოხდეს სადეფორმაციო ნაკერების შელესვა ცემენტის ხსნარით. კედლის უკან უკუჩაყრა უნდა მოხდეს დასაწყობებული ადგილობრივი ქვიშა-ხრეშოვანი გრუნტით, დატკეპნით ფენებად. კედლის წინ უკუჩაყრისთვის გამოყენებულია არსებული ქვაყრილი. რამპის ყრილის აღდგენა უნდა მოხდეს ახალი ქვიშა-ხრეშოვანი მასალით, შრეების დატკეპნით. პროექტი მოიცავს ძირითადად შემდეგი სახეობის სამუშაოების ჩატარებას: მოსამზადებელი სამუშაოები; რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა; რამპის აღდგენა; დრენაჟის მოწყობა; საგზაო სამოსის მოწყობა. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ ფარნაოზი მაჩიტიძის (პ/ნ №21001010555) საკუთრებაში არსებული თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სიმონეთში მდებარე 3 უძრავი ქონების (ს/კ N33.05.36.259; ს/კ N33.05.36.226, ს/კ N 33.05.36.238) ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-1) თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 213-ე კმ-ში ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის (რამპის) აღდგენის სამუშაოები.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სიმონეთში მდებარე 894 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ N33.05.36.259), 1325 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ N33.05.36.226) და 2020 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №33.05.36.238) მესაკუთრეა ფარნაოზი მაჩიტიძე (პ/ნ №21001010555).
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ფარნაოზი მაჩიტიძის საკუთრებაში არსებული 894 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №33.05.36.259) – 52 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, 1325 კვ.მ. ფართის (ს/კ №33.05.36.226) მიწის ნაკვეთდან – 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 2020 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N33.05.36.238) 226 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2022 წლის 2 აგვისტოს N5 ოქმის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-1) თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 213-ე კმ-ში ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის (რამპის) აღდგენის სამუშაოების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ ფარნაოზი მაჩიტიძის (პ/ნ №21001010555) საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
1.1. თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სიმონეთში მდებარე 894 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე 52 კვ.მ-ზე (ს/კ №33.05.36.259);
1.2. თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სიმონეთში მდებარე 1325 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 150 კვ.მ-ზე (ს/კ №33.05.36.226);
1.3. თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სიმონეთში მდებარე 2020 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე –226 კვ.მ-ზე (ს/კ №33.05.36.238);
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64).
მინისტრი დავითაშვილი