საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.08.2022
ძალაში შესვლა 01.09.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №99/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018207
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,707 სიტყვა · ~39 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.08.2022 მიღება
01.09.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „ქართლის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 13.09.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯი „თორის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 14.11.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „ბლექსის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 19.06.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „თეთნულდის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 19.06.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „იბერიას’’ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 19.06.2019

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №99/ნ 2022 წლის 30 აგვისტო ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 თებერვლის №63 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება“.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №125/ნ ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ძალაში შევიდეს 2022 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. უნივერსიტეტის საქმიანობის საფუძვლები 1.  საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომ – „უნივერსიტეტი“) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი  განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. 2. უნივერსიტეტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებსა და ამ წესდებას. 3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა:  საჯარო სამართლის იურიდიული პირი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემოკლებული სახელწოდებაა: „გსუ“; ინგლისური სახელწოდებაა: Legal Entity of Public Law – Gori State University, შემოკლებული სახელწოდებაა „GSU“. 4. უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, გერბი, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა. 5. უნივერსიტეტში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (შემდგომ – სამინისტრო)). 6. უნივერსიტეტი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 7. უნივერსიტეტი თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. 8. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: ილია ჭავჭავაძის ქ. №53 ქ. გორი, საქართველო. მუხლი 2🔗. საუნივერსიტეტო დღესასწაული საუნივერსიტეტო დღესასწაულია 27 ივლისი – 2022 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – უნივერსიტეტის სტატუსის მინიჭების დღე. მუხლი 3🔗. უნივერსიტეტის მიზნები და საქმიანობა 1. უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია: ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირება; ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის; დ) საუნივერსიტეტო განათლების განვითარება; ე) უნივერსიტეტში აკადემიური განათლების სამსაფეხურიანი სწავლების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; ვ) უნივერსიტეტის ინტეგრაცია ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში; ზ) საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება; თ) სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნა; ი) პერსონალის პროფესიული განვითარება; კ) აკადემიური თავისუფლების დაცვა; ლ) სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; მ) ცოდნის გენერირება და გადაცემა, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება; ნ) უნივერსიტეტის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი: ა) ამზადებს პიროვნებას ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის, რომელიც მოითხოვს აკადემიური და სამეცნიერო ცოდნის გამოყენებას; ბ) ზრუნავს თავისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე; გ) ხელს უწყობს სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას; დ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შესაქმნელად; ე) თანამშრომლობს საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; ვ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სტუდენტთა და პროფესორთა ურთიერთგაცვლას; ზ) დადგენილი წესით მონაწილეობს სახელმწიფო ან/და სხვა სახის პროგრამების განხორციელებაში; თ) ემსახურება მეცნიერების განვითარებას სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალურ სამართლებრივ გარემოში; ი) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს) და კვალიფიკაციას; კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას; ლ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. უნივერსიტეტის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი უნივერსიტეტი დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტრო. თავი II სტრუქტურა და მართვა მუხლი 5🔗. უნივერსიტეტის სტრუქტურა 1. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან – ფაკულტეტებისაგან, ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, აკადემიური საბჭოს სამდივნოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან, აგრეთვე პროფესიული განათლების ცენტრისაგან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებისაგან (ადმინისტრაცია). 2. უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების დებულებებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) (შემდგომ – წარმომადგენლობითი საბჭო). 3. გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის ფაკულტეტების შექმნის, რეორგანიზაციის და გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობით საბჭო. 4. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების და პროფესიული განათლების ცენტრის დებულებებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 5. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) (შემდგომ – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) წარდგინებით. მუხლი 6🔗. უნივერსიტეტის მართვა 1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია (მმართველი სუბიექტებია): ა) აკადემიური საბჭო; ბ) წარმომადგენლობითი საბჭო; გ) რექტორი; დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი); ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ა) ფაკულტეტის საბჭო; ბ) დეკანი; გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების არჩევნებს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად ატარებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ. მუხლი 7🔗. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები 1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს: ა) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროობას; ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას; გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებასა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში; დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა და სხვა; ე) უნივერსიტეტში არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას, კონკურსების საჯაროობას. 2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები. მუხლი 8🔗. აკადემიური საბჭო 1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. 2. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით. 3. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 6 წევრით – უნივერსიტეტის ყოველი ფაკულტეტიდან ორი წარმომადგენელი. 4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა; ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; დ) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. 6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. მუხლი 9🔗. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება 1. კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელდებლად აკადემიური საბჭო: ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების პროგრამების შექმნას; დ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს; ე) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას; ვ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას; ზ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში; თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში; ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით; მ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს; ნ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას; ო) ადგენს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; პ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ჟ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს; რ) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ს) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას; ტ) შეიმუშავებს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის გერბს, დროშას და ჰიმნს; უ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ; ფ) იღებს გადაწყვეტილებებს ფაკულტეტების შექმნის, რეორგანიზაციისა და გაუქმების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ქ) იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ღ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას. 3. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. 4. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უწყდება რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში. მუხლი 10🔗. აკადემიური საბჭოს სხდომების ჩატარების წესი 1.  ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იმავე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის. 2. აკადემიური საბჭოს მდივანი აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. 3. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. საბჭოს წევრები სხდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. აკადემიური საბჭოს მუშაობის პერიოდში აკადემიური საბჭოს წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც აკადემიური საბჭოს განხილვის საგანია, გამოთქვას თავისი აზრი, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობითი და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით. 4. სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, აკადემიური საბჭოს წევრთა მონაწილეობით შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები, სამუშაო ჯგუფები. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომლების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით. 5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აკადემიური საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია აკადემიური საბჭოს მდივანთან (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს). 6. აკადემიური საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც, გარდა ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. აკადემიური საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული. 8. აკადემიურ საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს რექტორის აპარატი და აკადემიური საბჭოს მდივანი. 9. რექტორის აპარატი და აკადემიური საბჭოს მდივანი აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომისა), ადგენს სხდომის დღის წესრიგს, რომელსაც გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს. დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი. 10. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით ან კენჭისყრის სხვა ფორმით, დამსწრეთა უმრავლესობით. 11. აკადემიური საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება უნივერსიტეტის ბეჭედი. 12. აკადემიური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი. მუხლი 11🔗. წარმომადგენლობითი საბჭო 1. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება 4 წლის ვადით, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. 3. წარმომადგენლობითი საბჭო შედგება 12 წევრისაგან. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი, რომელიც არის დოქტორანტი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ. 4. წარმომადგენლობით საბჭოში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. 5. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. 6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები. მუხლი 12🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება 1. წარმომადგენლობითი საბჭო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად: ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს; გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს; ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ვ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე; თ) ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს; ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს; კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ლ) აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე სასწავლო  პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს; მ) ამტკიცებს უნივერსიტეტის გერბს, დროშას და ჰიმნს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ნ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით; ო) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ; პ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ერთიან საშტატო განრიგს თანამდებობის დასახელების, რაოდენობის და თანამდებობრივი სარგოს მითითებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით; ჟ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, გარდა კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 13🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან 4 წლის ვადით, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება. მუხლი 14🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი 1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. 2. ახლადარჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომაზე უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საბჭოს მოახსენებს არჩევნების შედეგებს და სხდომის თავმჯდომარეს გადასცემს საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტაციას (საარჩევნო ოქმები, მასალები არჩევნების შედეგების, მისი მოწყობის სისწორის, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების და სხვა საარჩევნო ინფორმაციის შესახებ). 3. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მონაწილეებს აცნობს სარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და დოკუმენტაციას. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე საბჭოს გადაწყვეტილებაში შეიტანება ყველა ის პირი, რომლის არჩევა კანონიერად ჩათვალა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ და დადასტურებულად მიიჩნია სხდომის მონაწილეთა სრული შემადგენლობის უმრავლესობამ. 5. თუ იმ პირთა რაოდენობა, რომლის უფლებამოსილებაც წარმომადგენლობითმა საბჭომ დაადასტურა, სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლებია, მაშინ სხდომა წყდება. ახლად არჩეული წარმომადგენლობითი საბჭოს მომდევნო სხდომას იწვევს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტის არჩევიდან 10 დღის ვადაში. 6. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. 8. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით. საბჭოს წევრები სდომაზე ცხადდებიან სპეციალური მოწვევის გარეშე. წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის პერიოდში წევრს უფლება აქვს დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც წარმომადგენლობითი საბჭოს განხილვის საგანია, წამოაყენოს წინადადებები, შენიშვნები და შესწორებები განსახილველ საკითხზე. შესთავაზოს კანდიდატურები და გამოთქვას თავისი აზრი ასარჩევი, დასანიშნი ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დასამტკიცებელი კანდიდატურების მიმართ, დასვას შეკითხვები, ისარგებლოს კანონმდებლობით და ამ წესდებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით. 9. სრული შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია შექმნას კონკრეტული საკითხების შემსწავლელი კომისიები და/ან სამუშაო ჯგუფები, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მონაწილეობით. შესაძლებელია კომისიები და სამუშაო ჯგუფები შეიქმნას წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების, საზოგადოების წარმომადგენლების, უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით. 10. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი, რომელიც აირჩევა საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. 11. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომის გახსნისა და გადაწყვეტილებების მიღების წინ ხდება წევრთა რეგისტრაცია წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანთან. (რეგისტრაციის მონაცემები თან ერთვის სხდომის ოქმს და წარმოადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს). 12. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული. 13. საკითხები, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებენ, დამსწრეთა უმრავლესობით ცხადდება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად. დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს განსაზღვრავს საბჭოს სპიკერი. 14. სხდომის დროს წევრები, მოწვეული პირები ვალდებული არიან დაიცვან დადგენილი ეთიკის ნორმები და სხვა მოთხოვნები. 15. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ სამი დღით ადრე (გარდა რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგისა), დღის წესრიგს მიკუთვნებულ საკითხებთან ერთად მიეთითება მომხსენებელი პირი. 16. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია სხდომის მიმდინარეობის პროცედურულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს ღია კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. 17. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომლის რეგისტრაციის უწყვეტობას უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი. 18. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმით და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – გადაწყვეტილებით. მუხლი 15🔗. რექტორი 1. რექტორი არის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უნივერსიტეტის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები.  გარიგებებს და შეთანხმებებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, რექტორთან ერთად ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს. 3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. განცხადება უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და კანდიდატების რეგისტრაციის შეწყვეტამდე განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 კვირისა. რექტორის არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში. 5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. 6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერარჩევის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. 7. კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მოწესრიგების მიზნით, რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − ბრძანებას. 8. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რექტორი გამოსცემს ბრძანებებს აკადემიური პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს. 9. რექტორი შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მასწავლებელთა პერსონალს, აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე სასწავლო  პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტებს და საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად დებს ან წყვეტს მათთან შრომით ხელშეკრულებებს. 10. რექტორი უფლებამოსილია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად სათათბირო ორგანოს სახით შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომისიები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 11. რექტორს ჰყავს მოადგილე, რომლის უფლებამოსილება რეგულირდება რექტორის ინდივიდუალირი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 12. დაუშვებელია რექტორის მოადგილისათვის უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭება. 13. რექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს რექტორი აკადემიური საბჭოს წარდგინებით. 14. რექტორის მოადგილედ შეიძლება დანიშნულ იქნეს უნივერსიტეტის  პროფესორი. 15. რექტორის მოადგილე ანგარიშვალებულია რექტორის და აკადემიური საბჭოს წინაშე. 16. რექტორის მოადგილის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) 65 წლის ასაკის მიღწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული ამ წესდებით; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. მუხლი 16🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ფარული კენჭისყრით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას. 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. 4. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. მუხლი 17🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილება 1. კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას; ბ) უფლებამოსილია უნივერსიტეტის სახელით უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები; გ) ადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს  წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას; ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ზ) რექტორთან შეთანხმებით იღებს და ათავისუფლებს დამხმარე პერსონალს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს; თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ი) რექტორთან შეთანხმებით ადგენს უნივერსიტეტის ერთიან საშტატო განრიგის პროექტს თანამდებობის დასახელების, რაოდენობის და თანამდებობრივი სარგოს მითითებით და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; კ) განსაზღვრავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულებს  და მათ დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ლ) პასუხისმგებელია უნივერსიტეტის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე; მ) უფლებამოსილია, დამხმარე პერსონალის გარდა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რექტორთან შეთანხმებით, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები, რომელთა მიღებისა და გათავისუფლების წესს, შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; ნ) ასრულებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე. 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება; გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. მუხლი 18🔗. რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების დელეგირება 1. რექტორი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილნი არიან, მათი არყოფნის ან/და მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელების უფლება მიანიჭონ უნივერსიტეტში დასაქმებულ სხვა პირს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისად რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების უფლების მინიჭება ფორმდება რექტორის ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გაცემული მინდობილობით, რომელშიც ზუსტად მიეთითება, თუ რომელი უფლებამოსილების განხორციელების უფლება აქვს პირს, აგრეთვე მინდობილობის მოქმედების ვადა. 3. ისეთი უფლებამოსილების განხორციელების უფლების მინიჭება, რომლისთვისაც საჭიროა რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი მინდობილობა, უნდა გაფორმდეს ერთობლივი მინდობილობით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. 4. უნივერსიტეტში დასაქმებული სხვა პირისათვის რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ თავისი უფლებამოსილების მინიჭების მიუხედავად, რექტორს ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა იმ პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედებისათვის, რომელსაც რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების განხორციელების უფლება მიენიჭა ამ მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 19🔗. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე, უნივერსიტეტის პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე უნივერსიტეტის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 2. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 4. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს: ა) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; ბ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; გ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას; დ) ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით; ე) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. 5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, 4 წლის ვადით, ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. 6. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე. თავი III ფაკულტეტი მუხლი 20🔗. ფაკულტეტის სტრუქტურა და ფაკულტეტის მართვის ორგანოები 1. ფაკულტეტი არის უნივერსიტეტის ძირითადი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. 2. ფაკულტეტის მართვის ორგანოებია: ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. 3. ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, ფაკულტეტის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულის სახით შეიძლება შევიდეს სასწავლო და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები. 4. ფაკულტეტის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. მუხლი 21🔗. ფაკულტეტის საბჭო 1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი, ასევე სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, რომლებსაც სტუდენტური თვითმმართველობა ირჩევს სტუდენტური თვითმმართველობის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, რომელიც არ შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები. მუხლი 22🔗. ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება 1. ფაკულტეტის საბჭო: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ვ)  შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას; თ) დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ნიშნავს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს; ი) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 2. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც. 3. ფაკულტეტის საბჭოზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. 4. ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ფაკულტეტის საბჭოს ოქმით და ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით − გადაწყვეტილებით. მუხლი 23🔗. დეკანი 1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. დეკანად შეიძლება აირჩეს ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 2. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე განთავსდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მათ შორის, შესაბამის ფაკულტეტზე. კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში. 3. ფაკულტეტის დეკანს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს. 5. ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით. 6. დეკანი: ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს; ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს; ზ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის; თ) ახორციელებს ამ წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. 7. დეკანი, თავისი კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი. მუხლი 24🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად. 2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად. 3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით. 4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. 5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) გამოყენების გზით და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას. 6. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტი. მუხლი 25🔗. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო  1. უნივერსიტეტში მოქმედებს საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო.  2. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო.  3. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.  4. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. 5. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შედგება უნივერსიტეტის შესაბამისი სწავლის სფეროს პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორებისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრები შეირჩევიან აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად. 6. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ შესაბამისი სწავლის სფეროს წარმომადგენლები/სპეციალობის მქონე პირების წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან, აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად. თავი IV უნივერსიტეტის პერსონალი მუხლი 26🔗. უნივერსიტეტის პერსონალი 1. უნივერსიტეტის პერსონალია: აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. 2. აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. მუხლი 27🔗. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი 1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან. 2. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ. 3. ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში. მუხლი 28🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში. 3. განცხადება კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და განთავსდეს უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 4. განცხადებაში აღინიშნება კონკურსანტების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, განცხადებების მიღების ბოლო ვადა და წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა. 5. უნივერსიტეტის პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ- პროფესორისა და ასისტენტის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა გამოვლენის მიზნით, კონკურსს ატარებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ. 6. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, აკადემიური საბჭო, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას, კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ. 7. კონკურსის ჩატარების პროცედურებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. მუხლი 29🔗. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები 1. პროფესორის თანამდებობაზე: ა) შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 8 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით განსაზღვრულ პირობებს; ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). 2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 8 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით. 4. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 წლის ვადით. 5. აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. მუხლი 30🔗. პროფესორის ატესტაცია 1. ატესტაცია არის პროფესორის პროფესიული უნარების, აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2. ამ წესდების 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე არჩეული პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაცია უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს. 3. პროფესორის პროფესიული უნარებისა და აკადემიური საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ხდება შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო. 4. ატესტაციას ახორციელებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც იქმნება ატესტაციის ჩატარების წინ, რექტორის წარდგინებით აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. 5. დაუშვებელია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი იყოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირი. 6. საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. ატესტაციის შედეგების მიხედვით, საატესტაციო კომისიას თითოეული ატესტაციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება (დასკვნა): ა) პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; ბ) პირი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. 8.  ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ატესტაციის შედეგი იწვევს პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას. 9. ატესტაციის პროცედურულ საკითხებსა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო. მუხლი 31🔗. აკადემიური პერსონალის უფლებები 1. აკადემიურ პერსონალს, კომპეტენციის შესაბამისად, უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, მათ შორის, მართვის ორგანოების არჩევნებში; ბ) დამოუკიდებალად განახორციელოს სწავლება, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები.  2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; გ) კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული სამუშაოების შესახებ; დ) დაიცვას წინამდებარე წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; ე) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ. 3. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს. მუხლი 32🔗. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები. 2. აკადემიური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას გამოსცემს რექტორი. მუხლი 33🔗. აკადემიური წოდებები 1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება. 2. უნივერსიტეტს უფლება აქვს, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს ემერიტუსის წოდება. 3. ემერიტუსის წოდების მინიჭება ხდება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. აკადემიური საბჭოს წარდგინებით წარმომადგენლობით საბჭოს უფლება აქვს ემერიტუსის წოდების მქონე პირს დაუნიშნოს ანაზღაურება. 4. ემერიტუსის წოდების მქონე პირს იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობა. მუხლი 34🔗. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი, აგრეთვე მათი მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები. 2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის დანიშვნისა და არჩევის, ასევე გათავისუფლების საკითხს წყვეტს უშუალოდ ამ თანამდებობაზე არჩევის/დანიშვნის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე სუბიექტი. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. მასწავლებელთა პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი. 4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობების დაკავების გარეშე. 5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პირები. 6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი. მუხლი 35🔗. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება უნივერსიტეტის ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) 65 წლის ასაკის მიღწევა,  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული ამ წესდებით; ვ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. მუხლი 36🔗. თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს უნივერსიტეტში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე, ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე. 3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა. 5. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალისა და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესით და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი V სტუდენტი მუხლი 37🔗. უნივერსიტეტის სტუდენტი  1.  უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად. 2. უნივერსიტეტის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესს ადგენს შესაბამისი ფაკულტეტის დებულება. მუხლი 38🔗. სტუდენტის სტატუსი და უფლებები 1. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე. 2. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლებამოვალეობებით. 3. სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში; გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოებში ამ წესდების შესაბამისად; ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს მინისტრი; თ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე;  საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ  საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში; ი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად, სახელმწიფოსგან, უნივერსიტეტისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა; ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; ნ) განახორციელოს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 4. უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის სტიპენდიის დანიშვნის, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის თუ სხვა შეღავათების დადგენაში. 5. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისათვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე, ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 6. უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს. 7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა; გ) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სტუდენტის უუნარობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში; დ) ორსულობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება ორსულობის პათოლოგიური მიმდინარეობა; ე) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულაბაში სწავლა; ვ) კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილ ვადაში პროგრამის მოთხოვნების შეუსრულებლობა, თუ სტუდენტი სწავლის ვადის გაგრძელების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში შესაბამისი განცხადებით არ მიმართავს ფაკულტეტის დეკანს. 8. სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი. 9. დაუშვებელია გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საქართველოდან წასული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. 10. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ხუთ წელზე მეტი ხნით სტუდენტის სტატუსის შეჩერება; გ) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე; დ) უხეში დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ; ე) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით; ვ) ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის, შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე; ზ) გარდაცვალება; თ) სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა. მუხლი 39🔗. სტუდენტის ვალდებულებები სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას ეს წესდება და შინაგანაწესი. მუხლი 40🔗. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობა 1. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნა უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ წესდებით, უნივერსიტეტის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებითა და სამართლიანი პროცედურის გზით. უნივერსიტეტი შეიმუშავებს სტუდენტის ეთიკის კოდექსს, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უნივერსიტეტი დეტალურად განსაზღვრავს ქცევის წესს, რომელიც იწვევს სტუდენტის დისციპლინურ პასუხისმგებლობას. 2. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის წამოწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა ამ წესდებითა და უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, უნივერსიტეტის საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის დისციპლინური დევნის საკითხს წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას. 3. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს: ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით; გ) მიაწოდოს უნივერსიტეტის შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები; დ) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში; ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე. 4. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური დევნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომელიც დისციპლინური დევნის საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს უნივერსიტეტის შესაბამისმა ორგანომ. 5. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უნივერსიტეტის მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. მუხლი 41🔗. სტუდენტთა თვითმმართველობა 1. უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები. 2. ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უნივერსიტეტის მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშავოს წინადადებები ფაკულტეტის ან უნივერსიტეტის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. მუხლი 42🔗. ერთი კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა კვალიფიკაციის მიზნებისთვის აღიარება 1. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აღიაროს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები აკადემიური უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისათვის. 2. აღიარებას შეიძლება დაექვემდებაროს იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზეც ჩარიცხვა და სწავლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კრედიტების აღიარების მიზნით უნივერსიტეტი ადგენს სტუდენტის მიერ უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ. 4. კრედიტების აღიარება ხდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. თავი VI უნივერსიტეტის ბიუჯეტი და ქონება და სახელმწიფო კონტროლი მუხლი 43🔗. უნივერსიტეტის ბიუჯეტი 1. უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2. ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტებთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით. 3. უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 4.    წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.   5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. 6. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებული დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფელბამოსილების შეწყვეტას და ბიუჯეტის დამტკიცება მოხდება ახალშერჩეული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით. მუხლი 44🔗. უნივერსიტეტის დაფინანსება უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებს წარმოადგენს: ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე); ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები; დ) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; ე) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; ვ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები. მუხლი 45🔗. უნივერსიტეტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი 1. უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ახორციელებს უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. სამინისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს უნივერსიტეტს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სამინისტროს თანხმობით, უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) სხვა გადაწყვეტილებები უნივერსიტეტის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. სამინისტროს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში. 5.  უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. უნივერსიტეტი უფლებამოსილია სამინისტროს თანხმობით, ისე რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, უნივერსიტეტის სპეციფიკასთან დაკავშირებულ სამეწარმეო/არასამეწარმეო საქმიანობას. 8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. მუხლი 46🔗. საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობა 1. უნივერსიტეტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ძირითად ამოცანებს შეადგენს: ა) თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, საფინანსო რესურსების საკმარისი პოტენციალის შექმნა, რაც ადეკვატური იქნება უნივერსიტეტის სასწავლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად; ბ) საინვესტიციო ეფექტურობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საფინანსო რესურსების განაწილების ოპტიმიზაცია; გ) ფინანსური სტრატეგიის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად საფინანსო დაგეგმარებისა და ანალიზის სისტემის სრულყოფა. 2. უნივერსიტეტის ბიუჯეტი ყალიბდება კანონმდებლობით ნებადართული ყველა წყაროს გათვალისწინებით და მოიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს. მუხლი 47🔗. უნივერსიტეტის ბალანსის შედგენა და შემოწმება უნივერსიტეტი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. უნივერსიტეტის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. თავი VII რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია მუხლი 48🔗. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. უნივერსიტეტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. უნივერსიტეტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით. თავი VIII წესდებაში ცვლილების შეტანა მუხლი 49🔗. წესდებაში ცვლილების შეტანის წესი 1. წესდებაში ცვლილების პროექტს შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო. 2. წარმომადგენლობით საბჭოსთან ერთად წესდებაში ცვლილების პროექტის განხილვაში მონაწილეობს აკადემიური საბჭო. თავი IX გარდამავალი დებულებები მუხლი 50🔗. გარდამავალი დებულებები 1. სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. 2. ამ წესდების ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ წესდებასთან შესაბამისობაში მოყვანა. 3. ამ წესდების ძალაში შესვლამდე დამტკიცებული/არჩეული უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელთა ამ წესდებით განსაზღვრული არჩევის ვადის დენა დაიწყოს ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე და მათი უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 4 წლის ვადით.