1. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.
2. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს.
3. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას (საკრებულოს) და საკრებულოს ბიუროს. საპროცედურო საკითხთა კომისია (საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.
4. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.
5. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც და უფლება აქვს იყოს მხოლოდ ორი კომისიის წევრი. კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარე