,,სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის No 01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№MOH 2 22 00000125
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 

ბრძანება №MOH 2 22 00000125

2022 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის № 01-227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების  მიზნით  რეკომენდაციების  დამტკიცების  თაობაზე“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №37 დანართი (,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის“) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

ილია ღუდუშაური

 

📎 დანართები (1)
N37_დანართი.docx

MOH 1 Logo-GEO

დანართი №37

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

ზოგადი რეკომენდაციები სწავლის დაწყებისა და სკოლის დასუფთავება-ჰიგიენისთვის:

  • თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

  • გააფრთხილეთ პერსონალი, მოსწავლეები, მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები, სკოლაში მომსვლელი ნებისმიერი ვიზიტორი, რომ სკოლის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში;

  • საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი / სივრცე (შესაძლებელია აღნიშნული მიზნით სამედიცინო კაბინეტთან /სამედიცინო პუნქტთან არსებული სივრცის გამოყენებაც) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;

  • აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი ‒ რომელთა ზედაპირი ექვემდებარება დეზინფექციას);

  • ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი ნიჟარა და თხევადი საპონი ან ხელის სანიტაიზერი;

  • ყოველი გამოყენების შემთხვევაში საიზოლაციო ოთახი უნდა დამუშავდეს სველი წესით.

  • ხელის დეზინფექციისათვის არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების დისპენსერები განათავსეთ დაწესებულების შესასვლელში, საერთო სარგებლობის სივრცეებთან (საიზოლაციო ოთახი, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, სამასწავლებლო, სასადილო და სხვ.), თითო სართულზე არანაკლებ 2 ცალი (სასურველია დერეფნის შესასვლელებში). გაითვალისწინეთ, რომ სანიტაიზერის დამაგრება არ არის საჭირო სანიტარიულ კვანძთან/საპირფარეშოსთან, რადგან ამ შემთხვევაში (თუ უზრუნველყოფილია ხელის ჰიგიენის გამართული სისტემა) ხელების დაბანა წყლითა და საპნით უპირატესია;

  • უზრუნველყავით მასწავლებელი/თანამშრომლები/მოსწავლეები/სხვა პირები ხელის ჰიგიენის გამართული საშუალებებით ‒ ხელსაბანი ნიჟარა წყლით, თხევადი საპნით და ხელის გასამშრალებელი საშუალებებით (სასურველია ერთჯერადი ხელსახოცები). ყველა შესაბამის სივრცეში გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესების ამსახველი თვალსაჩინოებები;

  • სასწავლო ოთახები, ადმინისტრაციული სათავსები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერებით (დახურული კონტეინერებით, სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

  • უზრუნველყავით სანიტარიული წერტილების სანიტარიული დასუფთავება ყოველი დასვენების შემდეგ;

  • სკოლას, რომელსაც აქვს ერთზე მეტი ცვლა, მომდევნო ცვლის დაწყებამდე უნდა უზრუნველყოს სასწავლო ოთახების და სკოლების საერთო სარგებლობის ფართების სრული სანიტარიული დასუფთავება და განიავება;

  • ყოველი სასწავლო დღის შემდგომ უზრუნველყავით საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/სანიტარიული დამუშავება ,,წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში ‒ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 თებერვლის №01-40/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული რეკომენდაციის -„წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლაში“ შესაბამისად დანართი №37.1-ით განსაზღვრული სარეკომენდაციო აღჭურვილობის გამოყენებით;

  • რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაყვანილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახში /სივრცეში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; საიზოლაციო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს პირბადე;

  • საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოიყენოთ ცვლებში სწავლებისა და მუშაობის რეჟიმი (საჭიროებისამებრ). ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება (განიავება, დასუფთავება სველი წესით);

  • რეკომენდებულია გაკვეთილებს შორის შესვენებები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის დაიგეგმოს განსხვავებულ დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სკოლის შენობის დაგეგმარება იძლევა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სივრცეების ფიზიკურად გამიჯვნის შესაძლებლობას;

  • შესვენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გარდა დიდი შესვენებისა, რომელიც გამოიყენება კვების მიზნით;

  • შესაძლებელია სკოლის ეზოებში/ღია სივრცეებში გაკვეთილების ორგანიზება

  • შეზღუდეთ მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა ისე, რომ მოსწავლეები დარჩნენ ერთსა და იმავე ოთახში;

  • ერთი და იმავე ოთახში/დარბაზში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკლასო ოთახის/დარბაზის განიავება, მაგიდების, ინვენტარისა და საერთო გამოყენების ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;

  • ყოველი შესვენების დროს მიზანშეწონილია საკლასო ოთახის განიავება;

  • სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ინსტრუმენტების გამოყენების შემდეგ უნდა უზრუნველყონ მათი სველი წესით დასუფთავება ან დეზინფექცია.

რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებთან დაკავშირებით:

  • განხორციელდეს ყველა იმ ზედაპირის დასუფთავება/დეზინფექცია, რომელთანაც შეხება უწევს სსსმ მოსწავლესა და მასთან მომუშავე სპეციალისტს/სპეციალისტებს (მოსწავლესთან მუშაობის პროცესში გამოყენებული ნებისმიერი დამხმარე და განმავითარებელი რესურსი, მათ შორის, ეტლი, ყავარჯენი, სათვალე და სხვა);

  • რესურს ოთახში, ინტეგრირებულ კლასსა და ასევე, საჭიროების შესაბამისად, საკლასო ოთახში, უზრუნველყოფილ იქნეს გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული  კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;

  • სსსმ მოსწავლესთან  მუშაობის დროს სპეციალისტმა, მიზანშეწონილია, გამოიყენოს პირბადე, თუ სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1მ-ზე ნაკლები დისტანციის პირობებში, ხელებით კონტაქტის საჭიროებისას კი დაიმუშაოს ხელები სადეზინფექციო საშუალებით.

  • სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტმა უნდა დაიცვას  ჰიგიენის  წესები  სამუშაო  ადგილზე, ასევე, დაეხმაროს სსსმ მოსწავლეებს ჰიგიენის წესების დაცვაში;

  • სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტი შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმაროს სსსმ მოსწავლეებს უსაფრთხო დისტანციის დაცვაში.

რეკომენდაციები კვების და წყლით უზრუნველყოფის თაობაზე:

  • უზრუნველყავით ბუფეტში/სასადილოში არსებული ყველა ონკანის გამართული მუშაობის რეჟიმი;

  • ბუფეტის/სასადილოს შესასვლელთან ახლოს, შიდა სივრცეში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფუნქციონირებისთვის გამართული ხელსაბანები. საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელის დამუშავება არ არის რეკომენდირებული;

  • თითოეულ მოსწავლეს მიეცით საკუთარი, მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლის სკოლაში ტარების რეკომენდაცია;

  • უზრუნველყავით დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ონკანიდან, ჭიდან, სასმელი წყლის ავზიდან, დისპენსერიდან.

  • უზრუნველყავით საკმარისი რაოდენობის წყლის მუდმივი ხელმისაწვდომობა სასმელად, პირადი ჰიგიენისათვის, საკვების მოსამზადებლად, დასუფთავებისა და რეცხვისათვის.

დამატებითი ინსტრუქცია სანიტარიული კვანძის დასუფთავებისთვის:

  • უზრუნველყავით სანიტარიულ კვანძში სისუფთავის დაცვა. ამისთვის წინასწარ განსაზღვრეთ საპირფარეშოების დასუფთავების წესი, პერიოდულობა, დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;

  • სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები (https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=f70ca25e-e850-4deb-9d7d-8b058b934d2d);

  • სანიტარიული კვანძის მოპირკეთებული ზედაპირების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების რეცხვა და დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 2-ჯერ;

  • საწმენდი და სადეზინფექციო ინვენტარი გამოყენების შემდეგ გარეცხეთ და გააშრეთ;

  • უზრუნველყავით დამლაგებლის აღჭურვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:

  • ხელთათმანები;

  • სახის ფარი (საჭიროებისას);

  • წყალგაუმტარი წინსაფარი (რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ დაექვემდებარება რეცხვასა და დეზინფიცირებას)/ ერთჯერადი წყალგაუმტარი ხალათი.

  • დასუფთავების დროს თავიდან უნდა იქნეს აცილებული შხეფებისა და აეროზოლების წარმოქმნა;

  • დასუფთავების პროცედურების ჩატარების დასრულებისთანავე, ხელთათმანების გახდის შემდეგ, აუცილებლად დაიბანეთ ხელები;

  • სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები შეინახეთ სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი პირებისთვის;

  • უზრუნველყავით დასუფთავებისთვის გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებებისთვის განკუთვნილი საცავის ვენტილაციის შესაძლებლობა.

რეკომენდაციები მოსწავლეებისთვის:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები;

  • დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;

  • დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;

  • დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;

  • დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;

  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;

  • არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:

  • ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;

  • სკოლაში ყოფნის პერიოდში ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის/სოფლის ექიმთან შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად;

  • სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;

  • სახლის პირობებში ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის/სოფლის ექიმთან, ან დაუკავშირდით 112-ს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში სკოლაში გასატარებელი ღონისძიებები

  • სკოლის მასწავლებლის/თანამშრომლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში ინფიცირებული პირი ექვემდებარება იზოლაციას. ის იზოლირებული უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ვადით.

  • სკოლის მოსწავლის COVID-19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში - ის იზოლირებული უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ვადით.

  • COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული პირები არ ექვემდებარებიან კარანტინს. მათი იდენტიფიცირება და მიდევნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის მიერ არ არის სავალდებულო.

  • დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა (მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი) სკოლაში უნდა ატარონ სწორად მორგებული პირბადე კონტაქტიდან 10 დღის განმავლობაში;

  • მოსწავლის დაინფიცირების შემთხვევაში, კონტაქტირებულებად ჩაითვლება ძირითადად თანაკლასელები და კონტაქტში მყოფი მასწავლებლები.

დანართი №37.1

დასალაგებელი ინვენტარისა და საშუალებების სტანდარტული ჩამონათვალი:

  • ინვენტარის გადასაადგილებელი საშუალება;

  • იატაკის საწმენდი ჯოხი ‒ სველი დამუშავებისათვის;

  • ორ განყოფილებიანი სათლი: სუფთა წყალი/სარეცხი საშუალებიანი სითხე;

  • აქანდაზი და ცოცხი;

  • ხელთათმანი და სათადარიგო ხელთათმანი;

  • მუშამბის წინსაფარი სანიტარიულ კვანძში ოპერირებისათვის;

  • ტილოები მ.შ. იატაკის, შუშისათვის და ავეჯისთვის;

  • საწმენდი ღრუბელი, ჯაგრისი, სახეხი (რბილი მეტალის სპირალი);

  • ჰაერის დეზოდორი;

  • ხის ავეჯის დასამუშავებელი (საჭიროების შემთხვევაში);

  • ტყავის ზედაპირების დასამუშავებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

  • სარეცხი ფხვნილი (გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ტილოების გასარეცხად);

  • ზედაპირების სახეხი ფხვნილი ან კრემი;

  • სითხე იატაკის წმენდისა და გაპრიალებისათვის, მოპირკეთების ტიპის (ხე, მეტლახი, ლინოლეუმი და სხვ.);

  • უნიტაზის დასამუშავებელი სითხე;

  • შუშის საწმენდი;

  • ნიკელის, თითბრის და ლითონის სხვა ზედაპირების დასამუშავებელი საშუალება;

  • ტრაპების და კოლექტორების დასამუშავებელი საშუალება;

  • დიდი და პატარა ნაგვის პარკები;

  • სადეზინფექციო ხსნარი, დასალაგებელი ინვენტარის დასამუშავებლად, დასუფთავების პროცესის დამთავრების შემდეგ.