საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 19.09.2022
ძალაში შესვლა 15.10.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-334
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016245
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/09/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი | საგარეო საქმეთა მინისტრი |
| 1. | სახელი, გვარი: |
| 2. | თანამდებობა: |
| 3. | სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება/დიპლომატიური სამსახურის რეზერვი/მოხელეთა რეზერვი/სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი: |
| 4. | სამუშაო გამოცდილება: |
| 5. | ადმინისტრაციული მენეჯერის მოსამზადებელ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზანი (დასაბუთება) |
| 6. | სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოსაზრება/რეკომენდაცია პროგრამის გავლის მსურველი პირის მოსამზადებელ პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით: |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კონკურსის ჩატარების, მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, გამოსაცდელი ვადის გავლისა და სამსახურებრივი დაწინაურების, ასევე სასწავლო კურსის სახეების, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული გადამზადების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№01-334
2022 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს:
ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესი (დანართი №1);
ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის მსურველთა განაცხადის ფორმა (დანართი №2);
გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა (დანართი №3);
დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №4).
2.
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 15 ოქტომბრიდან.საგარეო საქმეთა მინისტრიილია დარჩიაშვილი
დანართი №1
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) ადმინისტრაციული მენეჯერის – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (შემდგომში – ადმინისტრაციული მენეჯერი) დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პროგრამის მონაწილე პირის მიერ დაწესებულებაში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად პროგრამის გავლის წესსა და პირობებს, ცოდნის შეფასების მექანიზმს, სერტიფიკატისა და მოწმობის გაცემის წესს.
2. პროგრამის გავლის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თანამშრომლებს;
ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ დაწესებულებაში ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე დასანიშნად დადგენილ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (შემდგომში – საკვალიფიკაციო მოთხოვნები);
გ) დიპლომატიური სამსახურის რეზერვში ჩარიცხულ პირებს;
დ) მოხელეთა რეზერვში სამინისტროდან ჩარიცხულ პირებს;
ე) სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტაჟიორებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
მუხლი 2🔗
ამ წესის მიზნებისათვის ტერმინთა განმარტებები:
ა) პროგრამა – ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად შექმნილი მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც შედგება ადმინისტრაციული მენეჯერებისათვის საჭირო ცოდნის მიღებისთვის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის შექმნილი სასწავლო კურსების ერთობლიობისაგან;
ბ) სერტიფიკატი – პროგრამის სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) მოწმობა – პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პროგრამის მონაწილე – პროგრამაში ჩარიცხული პირი, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ე) ექსტერნატი – პროგრამის დაუსწრებლად სასერტიფიკატო გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა.
მუხლი 3🔗
პროგრამის მიზანია მონაწილე პირთა პროფესიული გადამზადება და მათთვის დამატებითი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარსაგზავნი ადმინისტრაციული მენეჯერის ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის.
მუხლი 4🔗
პროგრამის გავლა შესაძლებელია სასწავლო კურსებზე დასწრებით როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ.
თავი II. პროგრამის ორგანიზება
მუხლი 5🔗
1. პროგრამის განხორციელების კოორდინაციას უზრუნველყოფს სამინისტრო.
2. პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი).
3. პროგრამა მტკიცდება ინსტიტუტის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ინსტიტუტი:
ა) უზრუნველყოფს:
ა.ა) პროგრამის განხორციელებისათვის შესაბამისი ადამიანური, მატერიალური და ინფრასტრუქტურული რესურსის მობილიზებას;
ა.ბ) პროგრამის მონაწილეთა ოდენობის განსაზღვრას თავისი რესურსის გათვალისწინებით და აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისთვის (შემდგომში – დეპარტამენტი);
ა.გ) მოსამზადებელი პროგრამის მონაწილეებს შესაბამისი სასწავლო მასალით;
ა.დ) დეპარტამენტისათვის ინფორმაციის მიწოდებას იმ მონაწილეთა შესახებ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას;
ა.ე) სასერტიფიკატო გამოცდის ადმინისტრირებას (მომზადება, ორგანიზება, შედეგების განსაზღვრა და მონაწილეთა/დაინტერესებულ პირთა ინფორმირება);
ა.ვ) პროგრამის მონაწილე პირთა ინფორმირებას პროგრამისა და სასერტიფიკატო გამოცდასთან დაკავშირებით, აგრეთვე გამოცდის ჩატარების დროსა და ადგილის შესახებ, მის ჩატარებამდე არაუგვიანეს ორი კვირისა;
ა.ზ) მოწმობის გადაცემას;
ა.თ) სერტიფიკატის გადაცემას;
ბ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6🔗
1. პროგრამის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსამზადებელი პროგრამის გავლის მსურველ პირთა განაცხადების მიღებას და მონაწილეთა სიის წარდგენას ინსტიტუტისათვის.
2. თუ დეპარტამენტში წარდგენილი განაცხადების ოდენობა აღემატება ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ ოდენობას, დეპარტამენტი, სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს განაცხადების გადარჩევას საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და შესაბამისი გამოცდილების გათვალისწინებით.
3. პროგრამაში მონაწილეთა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომლითაც დგინდება პროგრამის მონაწილეთა სია.
მუხლი 7🔗
1. პროგრამის გავლის მსურველი პირი ვალდებულია შეავსოს პროგრამის გავლის მსურველთა განაცხადის ფორმა (დანართი №2) და წარუდგინოს დეპარტამენტს.
2. პროგრამის მონაწილე ვალდებულია დაესწროს მოსამზადებელი პროგრამით გათვალისწინებული თითოეული სასწავლო კურსის ხანგრძლივობის არანაკლებ 80%-ს.
3. პროგრამის მონაწილე პირის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირის ამორიცხვას პროგრამის მონაწილეთა სიიდან უზრუნველყოფს დეპარტამენტი, რომელიც აღნიშნულის თაობაზე თავის მხრივ წერილობით აცნობებს ინსტიტუტის დირექტორს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება პროგრამის იმ მონაწილეებზე, რომლებმაც საპატიო მიზეზით ვერ შეძლეს პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსებზე დასწრება.
5. საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც დასტურდება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან/და შესაბამისი ცნობის საფუძველზე.
თავი III
სასერტიფიკატო გამოცდა და შედეგების შეფასება
მუხლი 8🔗
1. სასერტიფიკატო გამოცდა ტარდება პროგრამის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.
2. სასერტიფიკატო გამოცდაზე გასვლის უფლება აქვთ მონაწილეებს, რომლებმაც გაიარეს პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსები ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აგრეთვე ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამის მონაწილეებსა და ექსტერნებს.
3. ექსტერნატის ფორმით გამოცდაზე გასვლა შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე შერჩევისათვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და აქვს დაწესებულებაში ადმინისტრაციულ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება, აგრეთვე ამ წესის მე-15 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებს.
მუხლი 9🔗
1. სასერტიფიკატო გამოცდა (შემდგომში – გამოცდა) ტარდება წერითი ფორმით.
2. წერითი გამოცდის მომზადებისას ინსტიტუტი უზრუნველყოფს:
ა) დავალებების კონფიდენციალურობას;
ბ) დავალებების პროგრამის ფარგლებში გავლილ მასალასთან შესაბამისობას.
3. გამოცდის შემადგენელი კითხვების/დავალებების (რომელიც შეაფასებს მონაწილის მიერ პროგრამის დაძლევის დონეს) რაოდენობას, ქულათა მაქსიმალურ ოდენობებს, აგრეთვე მინიმალურ გამსვლელ ქულას, პროგრამის დაწყებამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს ინსტიტუტის დირექტორი.
მუხლი 10🔗
გამოცდის სრულფასოვნად ჩატარების მიზნით ინსტიტუტი განსაზღვრავს საგამოცდო დროის ხანგრძლივობას, გამოსაცდელისათვის ინსტრუქტაჟის ჩატარებას ტექნიკურ საკითხებსა და გამოცდის ჩატარების წესთან დაკავშირებით.
მუხლი 11🔗
1. გამოსაცდელის მიერ გამოცდისთვის განკუთვნილი დროის გადაცდენის შემთხვევაში მისი ნამუშევარი შეფასდება – 0 ქულით.
2. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება დამხმარე მასალის ან ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაში, შეწყვეტს გამოცდას და მისი ნამუშევარი შეფასდება 0 ქულით.
3. დარღვევის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს გამოსაცდელი და გამოცდის დამკვირვებელი.
მუხლი 12🔗
1. გამოცდა შესაძლებელია ჩატარდეს როგორც მატერიალური ფორმით, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების საშუალებით.
2. გამოცდის დღეს გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე წინასწარ დაგეგმილ დროს.
3. გამოსაცდელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 13🔗
1. საპატიო მიზეზით გამოცდაზე გამოუცხადებლობის ან გამოცდის მსვლელობისას მის მიერ გამოცდის დასრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გამოსაცდელს გამოცდის გადაბარების შესაძლებლობა ეძლევა ერთი თვის ვადაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფორმდება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს პროგრამის მონაწილე/გამოსაცდელი და გამოცდის დამკვირვებელი.
მუხლი 14🔗
ინსტიტუტი:
ა) გამოცდის მატერიალური ფორმით ჩატარებისას, მისი დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, შედეგებს ატყობინებს მონაწილეებს, კურატორ მინისტრის მოადგილეს, ადმინისტრაციულ დეპარტამენტსა და დეპარტამენტს;
ბ) გამოცდის კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების საშუალებით ჩატარებისას, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, შედეგებს ატყობინებს კურატორ მინისტრის მოადგილეს, ადმინისტრაციულ დეპარტამენტსა და დეპარტამენტს.
მუხლი 15🔗
1. სასერტიფიკატო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირზე გაიცემა სერტიფიკატი უვადოდ, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.
2. პირს, რომელმაც ამ წესით დადგენილი პირობებით გაიარა პროგრამა, გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში გადაეცემა პროგრამის გავლის მოწმობა 6 წლის მოქმედების ვადით.
3. სერტიფიკატი უქმდება და ადმინისტრაციულ მენეჯერად დანიშვნისათვის აუცილებელია პირის მიერ სასერტიფიკატო გამოცდის ხელახლა წარმატებით ჩაბარება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) სერტიფიკატის მფლობელ პირს, სერტიფიკატის მიღებიდან 6 წლის განმავლობაში შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის გზით უწყვეტად არანაკლებ 6 თვის განმავლობაში არ განუხორციელებია ადმინისტრაციული მენეჯერის ფუნქციები;
ბ) სერტიფიკატის მფლობელ პირს, რომელსაც სერტიფიკატის მიღებიდან 6 წლის განმავლობაში არ აქვს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში უწყვეტი 6-თვიანი მუშაობის გამოცდილება.
4. იმ პირზე გაცემული სერტიფიკატი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, მაგრამ რომლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციული მენეჯერის ფუნქციების ბოლოს განხორციელებიდან ან/და სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში მუშაობის დასრულებიდან გასულია 6 წელი, უქმდება და ადმინისტრაციულ მენეჯერად მისი დანიშვნა შესაძლებელი გახდება პირის მიერ სასერტიფიკატო გამოცდის ხელახლა წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
მუხლი 16🔗
1. სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარება შესაძლებელია უზრუნველყოს ინსტიტუტის მიერ შერჩეულმა, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანიზაციამ (შემდგომში – ორგანიზაცია), რომლის თაობაზე ინსტიტუტი ინფორმაციას აწვდის სამინისტროს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასერტიფიკატო გამოცდის, მისი ჩატარებისა და შეფასების ფორმა, ასევე გამოცდასთან დაკავშირებით გამოსაცდელთა პრეტენზიების განხილვის პროცედურები, ინსტიტუტთან შეთანხმებით, განისაზღვრება ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესის გათვალისწინებით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა. ე“ ქვეპუნქტი, ასევე მე-9 – მე-14 და მე-17 მუხლების მოქმედება.
თავი IV. საპრეტენზიო კომისია
მუხლი 17🔗
1. პროგრამის სასერტიფიკატო გამოცდასთან დაკავშირებით გამოსაცდელთა პრეტენზიების განხილვის მიზნით, გარდა ამ წესის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საპრეტენზიო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ა) ინსტიტუტის დირექტორი/მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) დეპარტამენტის დირექტორი/მოადგილე;
გ) სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი/მოადგილე;
დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი/მოადგილე;
ე) ინსტიტუტის თანამშრომელი (კომისიის მდივანი).
2. საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს შესაბამისი სასწავლო კურსის სპეციალისტი.
3. კომისიის მიზანია გამოცდის ჩატარების დროს გამოსაცდელთა უფლებების დაცვა, შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრა, პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და ინსტიტუტისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენა.
4. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა შემადგენლობის ნახევარი.
6. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
7. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის სხვა წევრების გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია თავისი განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს.
8. კომისია გამოცდის შედეგებზე პრეტენზიებს იღებს მხოლოდ წერილობითი ფორმით, გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან (წერილობითი ფორმით გაგზავნის შემთხვევაში – წერილის მიღებიდან, ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში – გაგზავნიდან) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 7 სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, განსაკუთრებული გარემოებების (საქმის დიდი მოცულობა, სირთულე) არსებობის შემთხვევაში განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 10 სამუშაო დღემდე.
9. კომისიის გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
10. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება დასაშვებია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში ადმინისტრაციული მენეჯერის დასანიშნად მოსამზადებელი პროგრამის გავლის მსურველთა განაცხადის ფორმა
1.
სახელი, გვარი:
2.
თანამდებობა:
3.
სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება/დიპლომატიური სამსახურის რეზერვი/მოხელეთა რეზერვი/სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი:
4.
სამუშაო გამოცდილება:
5.
ადმინისტრაციული მენეჯერის მოსამზადებელ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზანი (დასაბუთება)
6.
სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოსაზრება/რეკომენდაცია პროგრამის გავლის მსურველი პირის მოსამზადებელ პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით:
7. მოსამზადებელი პროგრამის გავლის მსურველი პირის ხელმოწერა -------------------------
8. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურდიული პირის ხელმძღვანელის ხელმოწერა -------------------
9. განაცხადის შევსების თარიღი -----------------------------------