ტექნიკური რეგლამენტის − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№457
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.023668
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/09/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №457

2022 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნები“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი − სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნები
მუხლი 1. რეგულირების საგანი და სფერო

1.  „ტექნიკური რეგლამენტი − სამუშაო სივრცეში  უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების მინიმალური მოთხოვნები“ (შემდგომში − რეგლამენტი) შემუშავებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე და ადგენს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვის განმსაზღვრელი ნიშნების განთავსებასთან დაკავშირებულ მინიმალურ მოთხოვნებს.

2. რეგლამენტი ვრცელდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაო ადგილებზე (მათ შორის, სამუშაო ადგილზე სტაჟირების გავლის შემთხვევაში).

3. რეგლამენტი არ ვრცელდება:

ა) ბაზარზე საშიში ნივთიერებების, სახიფათო ნაერთების, პროდუქტების ან/და აღჭურვილობის/მოწყობილობის განთავსებისთვის გამოყენებულ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) ნიშნებზე, რომლებიც გამოიყენება საავტომობილო, სარკინიგზო, ქვეყნის შიდა საწყლოსნო გზების, საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის რეგულირებისთვის.

4. დამსაქმებელს შეუძლია სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი დაწესებულების რისკის დონის გათვალისწინებით, შეიმუშაოს რეგლამენტზე უფრო მაღალი სტანდარტი, უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული დამატებითი ნიშნების განთავსების მიზნით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. რეგლამენტის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:  

ა) უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნები − უკავშირდება კონკრეტულ ობიექტს, საქმიანობას ან სიტუაციას და იძლევა ინფორმაციას ან მითითებას სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ აბრის/ფირნიშების, ნიშნების ფერის, მანათობელი ნიშნების ან ხმოვანი სიგნალის, ვერბალური შეტყობინების ან ჟესტური სიგნალის მეშვეობით;

ბ) ამკრძალავი ნიშანი − კრძალავს ისეთ მოქმედებას, რომელსაც საფრთხის გამოწვევა შეუძლია;

გ) გამაფრთხილებელი ნიშანი − მიუთითებს საშიშროების ან საფრთხის შესახებ;

დ) სავალდებულო ნიშანი − ადგენს კონკრეტული ქმედების განხორციელების ვალდებულებას;

ე) საევაკუაციო გასასვლელის ან პირველადი სამედიცინო დახმარების ნიშანი − იძლევა ინფორმაციას საევაკუაციო გასასვლელების, პირველადი სამედიცინო დახმარების ან სამაშველო საშუალებების შესახებ;

ვ) საინფორმაციო ნიშანი − მოიცავს ამ მუხლის ამ პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისგან დამატებით/განსხვავებულ ინფორმაციას;

ზ) აბრა/ფირნიში − იძლევა კონკრეტულ ინფორმაციას გეომეტრიული ფორმის, ფერ(ებ)ისა და სიმბოლოს ან პიქტოგრამის კომბინაციით და ხილვადია საკმარისი ინტენსივობის განათებით;

თ) დამატებითი აბრა/ფირნიში − გამოიყენება ამ მუხლის ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღწერილ ნიშანთან ერთად და იძლევა დამატებით ინფორმაციას;

ი) უსაფრთხოების აღმნიშვნელი ფერი − ფერი, რომელიც მიანიშნებს კონკრეტულ მნიშვნელობაზე;

კ) სიმბოლო/პიქტოგრამა − ფიგურა, რომელიც აღწერს სიტუაციას ან განსაზღვრავს კონკრეტული სახის ქმედებას და დატანილია აბრაზე/ ფირნიშზე ან განათებულ ზედაპირზე;

ლ) მანათობელი ნიშანი − ნიშანი, რომელიც გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე მასალებისგან არის დამზადებული, განათებულია შიგნიდან ან უკანა მხრიდან იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ნიშნის ზედაპირის განათება;

მ) ხმოვანი სიგნალი − კოდირებული ხმოვანი სიგნალი, რომელსაც გამოსცემს და გადასცემს ამ დანიშნულებისთვის შექმნილი მოწყობილობა ადამიანის ან ხელოვნური ხმის გამოყენების გარეშე;       

ნ) ვერბალური შეტყობინება − ადამიანის ან ხელოვნული ხმის გამოყენებით, წინასწარ განსაზღვრული ვერბალური შეტყობინება;

ო) ჟესტური სიგნალი − კოდირებული ფორმით ხელების ან მკლავების მოძრაობა ან/და მდგომარეობა, შესრულებული იმ პირთათვის, რომლებიც საფრთხის შემცველ ან სახიფათო  მანევრებს ასრულებენ;

პ) დამსაქმებელი − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება;

ჟ) დასაქმებული − საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე.

2. რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინთა განმარტებისას უპირატესად გამოიყენება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.

მუხლი 3. დამსაქმებლის მოვალეობები

1. დამსაქმებელმა, სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე, სადაც  საფრთხეების თავიდან აცილება ან, მისი რისკის შეფასების საფუძველზე, დასაშვებ დონემდე შემცირება კოლექტიური დაცვის საშუალებების ან სამუშაოს ორგანიზების ღონისძიებების, მეთოდების ან პროცედურების გამოყენებით შეუძლებელია, უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვის ნიშნების განთავსება რეგლამენტით გათვალისწინებული №1 − №9 დანართების მოთხოვნების შესაბამისად.

2. რეგლამენტის მიზნებისთვის დამსაქმებელი ვალდებულია გაითვალისწინოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და სამუშაო სივრცეში რისკების შეფასების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები.

3. საგზაო, სარკინიგზო, ქვეყნის შიდა საწყლოსნო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზე გამოყენებული ნიშნები, საჭიროების შემთხვევაში, განთავსებული უნდა იქნეს დაწესებულების შიგნითაც ისე, რომ არ შეიზღუდოს რეგლამენტის №5 დანართით განსაზღვრული დებულებების მოქმედება.

მუხლი 4. დასაქმებულთა ინფორმირება, სწავლება, კონსულტაცია და ჩართულობა

1. დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებულთა ან/და მათი წარმომადგენლების ინფორმირება და მათთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვის გამოსაყენებელ ნიშნებთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინსტრუქციები და მითითებები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვის ნიშნების მნიშვნელობის შესახებ, განსაკუთრებით ისეთი მითითებები და ინსტრუქციები, რომლებიც შეიცავს სიტყვებს და დაწესებულებისათვის მისაღებ ზოგად ან სპეციფიკურ ქცევის წესებს.

3. დამსაქმებელი ვალდებულია, რეგლამენტის №1 − №9 დანართებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გამართოს კონსულტაციები დასაქმებულებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან, ასევე შექმნას პირობები მათი ჩართულობისთვის, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.  


📎 დანართები (1)
დანართები_457.docx

დანართი №1

სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების განთავსების ზოგადი მინიმალური მოთხოვნები

მუხლი 1. ზოგადი მოთხოვნები

  1. წინამდებარე დანართი განსაზღვრავს უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნების გამოყენების სხვადასხვა ფორმას და ადგენს ამ ნიშნების მონაცვლეობასთან და კომბინირებასთან დაკავშირებულ ზოგად წესებს.

  2. მაშინ, როდესაც სამუშაო სივრცეში ან ადგილებში საფრთხეების თავიდან აცილება ან მისი რისკის დასაშვებ დონემდე შემცირება კოლექტიური დაცვის საშუალებების ან სამუშაოს ორგანიზების ღონისძიებების, მეთოდების ან პროცედურების გამოყენებით შეუძლებელია, გამოყენებული უნდა იქნეს რეგლამენტის №2 ‒ №9 დანართებით განსაზღვრული უსაფრთხოების ნიშნები.

  3. უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ნიშნები გამოყენებული უნდა იქნეს დასაქმებულთა ან/და დაინტერესებულ პირთათვის მხოლოდ რეგლამენტით განსაზღვრული ინფორმაციის მისაწოდებლად.

მუხლი 2. მუდმივი ნიშნები

1. მუდმივი აბრა/ფირნიშები გამოიყენება აკრძალვებთან, გაფრთხილებებსა და სავალდებულო მოთხოვნებთან დაკავშირებით, ასევე საევაკუაციო გასასვლელებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებების ადგილმდებარეობის აღსანიშნავად.

2. ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის მუდმივად აღნიშვნისა და იდენტიფიცირებისათვის გამოიყენება აბრა/ფირნიშები ან/და უსაფრთხოების აღმნიშვნელი ფერები.

3. აბრა/ფირნიშები კონტეინერებზე და მილებზე უნდა განთავსდეს რეგლამენტის №3 დანართით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

4. ადგილები, სადაც ბარიერებთან შეჯახების, დაცემის ან ჩავარდნის საშიშროება არსებობს, მუდმივად უნდა იყოს ნიშანდებული უსაფრთხოების აღმნიშვნელი ფერით ან/და აბრა/ფირნიშით.

5. სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მარშრუტები მუდმივად უნდა იყოს ნიშანდებული უსაფრთხოების აღმნიშვნელი ფერით.

მუხლი 3. პერიოდულობით გამოსაყენებელი ნიშნები

1. მანათობელი ნიშნები, ხმოვანი სიგნალები ან/და ვერბალური შეტყობინება გამოიყენება საფრთხის შეტყობინების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელების მოწოდებისა და გადაუდებელი ევაკუაციისთვის, ამ დანართის მე-4 მუხლში მითითებულ ნიშნებთან ერთად.

2. ჟესტური სიგნალები ან/და ვერბალური შეტყობინება გამოიყენება საჭიროებისამებრ, იმ პირთა სამართავად, რომლებიც საფრთხის შემცველ ან საშიშ მანევრებს ახორციელებენ.

მუხლი 4. ურთიერთმონაცვლე და კომბინირებული ნიშნები

1. თანაბარი ეფექტურობის პირობებში, ურთიერთმონაცვლე და კომბინირებულ ნიშნებად შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

ა) ვარდნის საშიშროების ან დაბრკოლების არსებობის შემთხვევაში ‒ უსაფრთხოების აღმნიშვნელი ფერი ან აბრა/ფირნიში;

ბ) მანათობელი ნიშნები, ხმოვანი სიგნალებიან ვერბალური შეტყობინება;

გ) ჟესტური სიგნალი ან ვერბალური შეტყობინება.

2. ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ერთობლიობაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:

ა) მანათობელი ნიშნები და ხმოვანი სიგნალები;

ბ) მანათობელი ნიშნები და ვერბალური შეტყობინება;

გ) ჟესტური სიგნალები და ვერბალური შეტყობინება.

მუხლი 5. ნიშნებზე არსებული უსაფრთხოების ფერების განმარტება

ნიშნებზე არსებული უსაფრთხოების ფერები განიმარტება მოცემული ცხრილით განსაზღვრული მნიშვნელობით და იძლევა ამავე ცხრილით განსაზღვრულ ინსტრუქციებსა და ინფორმაციას:

ფერი მნიშვნელობა ან დანიშნულება ინსტრუქციები და ინფორმაცია
წითელი ამკრძალავი ნიშანი სახიფათო ქცევა
საფრთხე განგაში გაჩერება, გათიშვა, მოწყობილობების საგანგებოდ გამორთვა, განგაშის სიგნალი
ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა იდენტიფიკაცია და ადგილმდებარეობა
ყვითელი ან ნარინჯისფერი გამაფრთხილებელი ნიშანი ფრთხილად, მიიღეთ უსაფრთხოების ზომები, შეაფასეთ სიტუაცია
ლურჯი სავალდებულო ნიშანი სპეციფიკური ქცევა ან ქმედება; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება
მწვანე საევაკუაციო გასასვლელი, პირველადი სამედიცინო დახმარების ნიშანი კარები, გასასვლელები, მარშრუტები, აღჭურვილობა და სხვა საშუალებები
საფრთხე არ არის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება

მუხლი 6. ნიშნების ეფექტურობაზე უარყოფითი ზეგავლენა

  1. ნიშნების ეფექტურობაზე უარყოფითად არ უნდა მოქმედებდეს:

ა) იმავე ტიპის ზემოქმედების სხვა წყარო, რომელიც ხელს შეუშლის ნიშნის ვიზუალურ ან აკუსტიკურ აღქმას, შესაბამისად, თავიდან უნდა იქნეს აცილებული:

ა.ა) ბევრი ნიშნის ერთმანეთის სიახლოვეს განლაგება;

ა.ბ) ორი ისეთი მანათობელი ნიშნის ერთდროულად გამოყენება, რომელთა ერთმანეთში აღრევის შესაძლებლობაც არსებობს;

ა.გ) მანათობელი ნიშნის სხვა მსგავსი განათების წყაროს სიახლოვეს გამოყენება;

ა.დ) ორი ხმოვანი სიგნალის ერთდროულად გამოყენება;

ა.ე) ზედმეტად მაღალი ხმაურის დონის არსებობისას ხმოვანი სიგნალის გამოყენება;

ბ) ნიშნების ან სასიგნალო მოწყობილობების კონსტრუქცია, არასაკმარისი რაოდენობა, არასწორი განლაგება, ცუდი მდგომარეობა ან არასწორი ფუნქციონირება.

  1. უსაფრთხოების ნიშნების ფუნქციონალური ან/და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნების მიზნით სიგნალის გადამცემი მოწყობილობები და ნიშნები სისტემატურად უნდა იწმინდებოდეს, მოწმდებოდეს, იყოს გამართულ მდგომარეობაში, ხდებოდეს მათი შეკეთება და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოცვლა.

  2. ნიშნებისა და სიგნალის გადამცემი მოწყობილობების რაოდენობა და განლაგება დამოკიდებული უნდა იყოს საფრთხის ან საშიშროების ხარისხზე ან დასაფარი ზონის მასშტაბზე.

4. ნიშნებისთვის, რომელთა ფუნქციონირებისთვის აუცილებელია კვების წყარო, ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავარიული კვების წყაროთი, ვიდრე კონკრეტული საფრთხე არ იქნება აღმოფხვრილი.

5. მანათობელი ნიშნის ან/და ხმოვანი სიგნალის ჩართვა მიუთითებს კონკრეტული ქმედებების დაწყებაზე. ნიშანი ან სიგნალი იმდენ ხანს უნდა იყოს ჩართული, რამდენი ხანიც ამ ქმედების განხორციელებისთვისაა საჭირო. მანათობელი ნიშნები და ხმოვანი სიგნალები გამოყენებისთანავე, დაუყოვნებლივ, ხელახლა უნდა გააქტიურდეს მათი შემდგომი გამოყენებისთვის.

6. ექსპლუატაციაში გაშვებამდე უნდა შემოწმდეს მანათობელი ნიშნებისა და ხმოვანი სიგნალების ეფექტურობა და ფუნქციონირება, ხოლო შემდგომ მათი მორიგი შემოწმება უნდა განხორციელდეს რეგულარულად, საჭიროებიდან გამომდინარე.

7. დამატებითი ნიშნების გამოყენების ან არსებული ნიშნების ჩანაცვლების სახით მიღებული უნდა იქნეს შესაბამისი ზომები იმ დასაქმებულის ან სხვა პირისათვის, რომელსაც მხედველობასთან ან სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მათ შორის, როდესაც მისი მხედველობა ან სმენა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების გამო არის დაქვეითებული.

დანართი №2

აბრა/ფირნიშებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები

მუხლი 1. აბრა/ფირნიშების მახასიათებლები

1. აბრა/ფირნიშების ფორმები და ფერები, მათი კონკრეტული დანიშნულების მიხედვით, განსაზღვრულია ამ დანართის მე-3 მუხლში (აბრა/ფირნიშები, რომლებიც რაიმეს აკრძალვაზე, გაფრთხილებაზე, სავალდებულო ქმედებაზე, საევაკუაციო გასასვლელზე ან საგანგებო/ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობაზე მიუთითებენ).

2. პიქტოგრამები უნდა იყოს მარტივი და შეიცავდეს მხოლოდ ძირითად და მნიშვნელოვან დეტალებს.
3. აბრა/ფირნიშებზე გამოყენებული პიქტოგრამები შესაძლებელია ამ დანართის მე-3 მუხლში აღწერილი პიქტოგრამებისგან იყოს მცირედით განსხვავებული ან უფრო დეტალური, იმ პირობით, რომ ისინი იმავე მნიშვნელობას გადმოსცემენ და განსხვავებები ან პიქტოგრამათა გადაკეთება არ ცვლის/ფარავს მის მნიშვნელობას.

4. აბრა/ფირნიშები დარტყმის გამძლე და კლიმატური პირობებისადმი მედეგი მასალებისგან უნდა იყოს დამზადებული და შეესაბამებოდეს არსებულ გარემოს.

5. აბრა/ფირნიშების ზომები და მათი კოლორიმეტრიული და ფოტომეტრიული მახასიათებლები უნდა უზრუნველყოფდნენ მათ ხილვადობას და ადვილად გაგებას.

მუხლი 2. აბრა/ფირნიშების გამოყენების პირობები

1. აბრა/ფირნიშები განთავსებული უნდა იყოს ხედვის არეალის შესაფერის სიმაღლეზე და მათი შესაბამის ადგილზე განლაგებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ნებისმიერი სახის ბარიერი. ზოგადი საფრთხის შემთხვევაში აბრა/ფირნიშები კონკრეტულ ტერიტორიაზე შესასვლელთან ან კონკრეტული საფრთხის წყაროს ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს უნდა განლაგდეს. გარდა ამისა, აბრა/ფირნიშები კარგად განათებულ, ადვილად მისადგომ და გამოსაჩენ ადგილებზე უნდა განთავსდეს.

2. ბუნებრივი სინათლის ნაკლებობისას გამოყენებული უნდა იქნეს ფოსფორესცენციური ფერები, სინათლის ამრეკლავი მასალები ან ხელოვნური განათება.

3. აბრა/ფირნიში აღებული უნდა იქნეს ადგილიდან, თუ ის საფრთხე, რომლისთვისაც გამოყენებულ იქნა, აღარ არსებობს.

მუხლი 3. გამოსაყენებელი აბრა/ფირნიშების სახეები

  1. ამკრძალავი ნიშნების მახასიათებლები:

ა) მრგვალი ფორმა;

ბ) თეთრ ფონზე დატანილი შავი პიქტოგრამა წითელი კიდეებითა და დიაგონალური ხაზით (წითელი ფერი ნიშნის მინიმუმ 35%-ს უნდა ფარავდეს).

მოწევა აკრძალულია ფეხით

წყლით ჩაქრობა აკრძალულია წყლის სასმელად გამოყენება

აკრძალულია

საწარმოო დანიშნულების

მანქანებისთვის შესვლა აკრძალულია შეხება აკრძალულია

  1. გამაფრთხილებელი ნიშნების მახასიათებლები:

ა)  სამკუთხედი ფორმა;

ბ) ყვითელ ფონზე დატანილი შავი პიქტოგრამა შავი კიდეებით
(ყვითელი ფერი ამ ნიშნების მინიმუმ 50%-ს უნდა ფარავდეს).

ფეთქებადი მასალა ტოქსიკური მასალა კოროზიული მასალა

რადიოაქტიური დაკიდული ტვირთი საწარმოო დანიშნულების ფრთხილად ელექტროძაბვაა

ნივთიერება მანქანა

ზოგადი საფრთხე ლაზერული გამოსხივება მჟანგავი ნივთიერება არამაიონიზირებელი გამოსხივება

ძლიერი მაგნიტური ველი დაბრკოლებები ვარდნის საშიშროება ბიოლოგიური საფრთხე

დაბალი ტემპერატურა

3. სავალდებულო ნიშნების მახასიათებლები:

ა) მრგვალი ფორმა;

ბ) ლურჯ ფონზე დატანილი თეთრი პიქტოგრამა (ლურჯი ფერი ნიშნის მინიმუმ 50% უნდა ფარავდეს).

4. საევაკუაციო გასასვლელების ან პირველადი სამედიცინო დახმარების აღსანიშნი ნიშნების მახასიათებლები:

ა) მართკუთხა ან კვადრატული ფორმა;

ბ) მწვანე ფონზე დატანილი თეთრი პიქტოგრამა (მწვანე ფერი ნიშნის მინიმუმ 50% უნდა ფარავდეს).

საევაკუაციო გასასვლელი

აქეთ (დამატებითი აბრა/ფირნიში)

პირველადი სამედიცინო საკაცე უსაფრთხოების შხაპი თვალების გამოსაბანი

დახმარების პუნქტი მოწყობილობა

5. ხანძარსაწინააღმდეგო ნიშნების მახასიათებლები:

ა) მართკუთხა ან კვადრატული ფორმა;

ბ) წითელ ფონზე დატანილი თეთრი პიქტოგრამა (წითელი ფერი ნიშნის მინიმუმ 50% უნდა ფარავდეს).

სახანძრო მილი სახანძრო კიბე საგანგებო სახანძრო ტელეფონი ცეცხლმაქრი

აქეთ (დამატებითი აბრა/ფირნიში)

დანართი №3

კონტეინერებზე და მილებზე ნიშნების განთავსებასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები

1. სამუშაო პროცესში საშიში ქიმიური ნივთიერებების ან ნაერთებისთვის განკუთვნილი კონტეინერები, რომლებიც ასეთი საშიში ნივთიერებებისა და ნაერთების შესანახად გამოიყენება, ასევე ზედაპირზე განლაგებული მილსადენები, რომლებიც ამგვარი სახიფათო ნივთიერებებისა და ნაერთების შესანახად ან ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, უნდა იყოს ნიშანდებული (სიმბოლო/პიქტოგრამა ფერად ფონზე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

2. ამ დანართის პირველი პუნქტის მოთხოვნა ნიშანდების თაობაზე არ ვრცელდება სამუშაო სივრცეში მოკლე პერიოდების მანძილზე გამოყენებულ ისეთ კონტეინერებზე, რომელთა შიგთავსი ხშირად იცვლება, იმ პირობით, რომ ასეთ შემთხვევებში მიიღება შესაბამისი ალტერნატიული ზომები, კერძოდ, ინფორმირება ან/და ინსტრუქტაჟი, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვის იმავე დონეს.

3. ამ დანართის პირველ პუნქტში მითითებული ნიშნები შეიძლება:

ა) ჩანაცვლდეს რეგლამენტის №2 დანართში აღწერილი გამაფრთხილებელი ნიშნებით, იმავე სიმბოლოების/პიქტოგრამების გამოყენებით, ხოლო, თუ არ არის რეგლამენტის №2 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სათანადო გამაფრთხილებელი ნიშნები, მაშინ გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი საფრთხის აღმნიშვნელი პიქტოგრამა საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას, როგორიცაა საშიში ნივთიერების ან ნაერთის დასახელება ან/და ფორმულა და საფრთხის შესახებ დეტალური ინფორმაცია;

გ) ჩანაცვლდეს ან დაემატოს ისეთი ნიშნები, რომლებიც სამუშაო სივრცეში საშიში ნივთიერებების ან ნაერთების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

4. ნიშნები განთავსებული უნდა იყოს თვალსაჩინოდ, უნდა იყოს მყარად მიმაგრებული, თვითწებვადი ან ნახატი ფორმით.

5. საჭიროების შემთხვევაში, ამ დანართის პირველ პუნქტში მითითებული ნიშნები უნდა იყოს დარტყმის გამძლე, კლიმატური პირობებისადმი მედეგი მასალისგან დამზადებული და, ასევე, უნდა აკმაყოფილებდეს რეგლამენტის №2 დანართის მე-2 მუხლით აბრა/ფირნიშების გამოყენებასთან დაკავშირებით განსაზღვრულ პირობებს.

6. ამ დანართის პირველი-მე-3 პუნქტების შესაბამისად, მილსადენებზე ნიშნები უნდა განთავსდეს თვალსაჩინო ადგილას, ყველაზე სახიფათო წერტილების სიახლოვეს (როგორიცაა სარქველები და შეერთების ადგილები) და უნდა იყოს ერთმანეთისგან გონივრული შუალედებით დაშორებული.

7. სივრცეები, ოთახები ან სათავსები, რომლებიც დიდი ოდენობის საშიში ნივთიერებების ან ნაერთების შესანახად გამოიყენება, ნიშანდებული უნდა იყოს რეგლამენტის №2 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნებით ან ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცალკეულ პაკეტებზე ან კონტეინერებზე (რომლებიც გამოიყენება ამ ნივთიერებათა შესანახად) ამ მიზნით არსებული ნიშანდება საკმარისია რეგლამენტის №2 დანართის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით.

8. თუ რეგლამენტის №2 დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი არ ითვალისწინებს ისეთ ეკვივალენტურ გამაფრთხილებელ ნიშანს, რომელიც მიუთითებს საშიში ქიმიური ნივთიერებების ან ნაერთების არსებობის შესახებ, მაშინ გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი საფრთხის აღმნიშვნელი პიქტოგრამა საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

9. საშიში ნივთიერებების ან ნაერთების შენახვის ადგილები უნდა აღიჭურვოს ზოგადი საფრთხის აღმნიშვნელი გამაფრთხილებლი ნიშნებით.

10. ამ დანართით გათვალისწინებული ნიშნები უნდა განთავსდეს უშუალოდ საშიში ქიმიური ნივთიერებების ან ნაერთების შესანახად განკუთვნილ სათავსებთან ან სათავსების კარზე.

დანართი №4

ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის აღნიშვნებთან და განთავსებასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები

1. წინამდებარე დანართის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო საქმიანობისთვის განკუთვნილ აღჭურვილობაზე.

2. ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის, ასევე, ამ აღჭურვილობის შესანახი ადგილების (ან ამ ადგილების შესასვლელების) იდენტიფიცირება ხდება სპეციფიკური ფერის გამოყენებით ან/და ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი აბრა/ფირნიშის განთავსებით.

3. ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის საიდენტიფიკაციოდ გამოიყენება წითელი ფერი. წითელი ფერით ნიშანდებული ზედაპირი საკმარისად დიდი უნდა იყოს იმისათვის, რომ იძლეოდეს ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის მარტივად ამოცნობის შესაძლებლობას.

4. ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის ნიშანდებისთვის გამოიყენება რეგლამენტის №2 დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხანძარსაწინააღმდეგო ნიშნები.

დანართი №5

ბარიერების, სახიფათო ადგილებისა და სამოძრაო მარშრუტების ნიშანდებისთვის გამოსაყენებელ ნიშნებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები

მუხლი 1. ბარიერებისა და სახიფათო ადგილების ნიშანდებისთვის გამოსაყენებელი ნიშნები

  1. დაწესებულების განაშენიანებულ ზონებში არსებული ისეთი ადგილები, სადაც დაბრკოლებებთან შეჯახების, ჩავარდნის/დავარდნის ან გარკვეული საგნების ჩამოვარდნის საშიშროება არსებობს და რომელზეც დასაქმებულებს აქვთ შეხება სამუშაო დროის განმავლობაში, ნიშანდებული უნდა იყოს ყვითელი და შავი ან წითელი და თეთრი ზოლებით.

  2. ნიშანდების ზომები უნდა იყოს კონკრეტული ბარიერის ან სახიფათო ადგილის მასშტაბების შესაბამისი.

3. ყვითელი და შავი ან წითელი და თეთრი ზოლების დახრის კუთხე უნდა შეადგენდეს დაახლოებით 45°-ს და უნდა იყოს მეტნაკლებად თანაბარი ზომის.

მაგალითი:

მუხლი 2. სამოძრაო მარშრუტების ნიშანდება

1. იატაკისა და მიწის ფერის გათვალისწინებით, სამუშაო სივრცეში მოძრავი საშუალებებისათვის სამოძრაო მარშრუტები უნდა იყოს ნიშანდებული მკვეთრი ფერებითა (სასურველია თეთრი ან ყვითელი ფერის ზოლები) და უწყვეტი ზოლებით.

2. ზოლების განლაგებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო მანძილი, ერთი მხრივ, სატრანსპორტო საშუალებებსა და მათთან სიახლოვეს მყოფ საგნებს შორის და, მეორე მხრივ, სატრანსპორტო საშუალებებსა და ფეხით მოსიარულეებს შორის.

3. შენობების გარეთ, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მუდმივი სამოძრაო მარშრუტები უნდა იყოს ნიშანდებული (რამდენადაც ეს შესაძლებელია) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის დაცვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი ზონები შესაბამისი ბარიერებით ან ტროტუარებითაა აღჭურვილი.

დანართი №6

მანათობელ აბრებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები

მუხლი 1. მანათობელი აბრების ძირითადი მახასიათებლები

  1. მანათობელი აბრების სინათლე, მისი დანიშნულების შესაბამისად, უნდა ქმნიდეს არსებულ გარემოსთან შესაბამის კონტრასტს.

  2. მანათობელი აბრები არ უნდა იყოს ზედმეტად კაშკაშა ან არასაკმარისად განათებული.

  3. მანათობელი აბრის ნათება შეიძლება მხოლოდ ერთი ფერისგან შედგებოდეს ან კონკრეტულ ფონზე გამოსახულ პიქტოგრამას მოიცავდეს.

  4. მანათობელი აბრის შუქის ფერი უნდა შეესაბამებოდეს რეგლამენტის №1 დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ნიშნებზე არსებული უსაფრთხოების ფერებს.

  5. პიქტოგრამისგან შემდგარი მანათობელი აბრა/ფირნიში უნდა აკმაყოფილებდეს რეგლამენტის №2 დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მუხლი 2. მანათობელი აბრების გამოყენების სპეციფიკური წესები

  1. თუ მოწყობილობას შეუძლია გამოსცემდეს როგორც მუდმივ, ისე მოციმციმე ნიშნებს, მიმოციმციმე ნიშანი გამოყენებული უნდა იქნეს საფრთხის უფრო მაღალი დონის არსებობის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

2. მოციმციმე მანათობელი ნიშნის თითოეული გამონათების ხანგრძლივობა და მათი სიხშირე უნდა უზრუნველყოფდეს გზავნილის სწორად აღქმას და გამორიცხავდეს სხვა მოციმციმე ან მუდმივად განათებულ ნიშნებთან აღრევას.

3. თუ მოციმციმე ნიშანი გამოიყენება ხმოვანი სიგნალის ნაცვლად ან მასთან ერთად, მაშინ მოწოდებული ინფორმაცია ერთი და იგივე შინაარსის მატარებელი უნდა იყოს.

4. მოწყობილობები, რომლებიც გამოიყენება სერიოზული საფრთხის მანიშნებელი მოციმციმე ნიშნების გამოსაცემად, სისტემატურად უნდა მოწმდებოდეს ან აღიჭურვოს დამატებითი ნათურებით.

დანართი №7

ხმოვან სიგნალებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები

1. ხმოვანი სიგნალები უნდა გამოსცემდეს ისეთ ხმას, რომელიც ხმაურის არსებულ (ბუნებრივ) დონეზე საგრძნობლად მაღალია, თუმცა, ამავე დროს, არ უნდა იყოს სმენისთვის ზიანის მომტანი.

2. ხმოვანი სიგნალები უნდა იყოს ადვილად ამოცნობადი, განსაკუთრებით მათი იმპულსის ხანგრძლივობის და იმპულსებს ან იმპულსთა ჯგუფებს შორის ინტერვალების მხრივ და მკვეთრად განსხვავებული არსებული (ბუნებრივი) და ნებისმიერი სხვა ხმაურისგან.

3. საგანგებო სიტუაციის ან საფრთხის მაღალი დონის არსებობის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს მოწყობილობის (რომელიც წყვეტილი და მუდმივი სიხშირის სიგნალს გამოსცემს) წყვეტილი სიგნალი.

4. ევაკუაციის მანიშნებელი სიგნალი უნდა იყოს უწყვეტი.

დანართი №8

ვერბალურ შეტყობინებასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები

მუხლი 1. ვერბალურ შეტყობინებასთან დაკავშირებული ძირითადი მახასიათებლები

1. ვერბალური შეტყობინება, მოსაუბრესა და ერთ ან მეტ მსმენელს შორის, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია იყოს კოდირებული და გამოიხატოს მოკლე ტექსტების, ფრაზების, გარკვეულ სიტყვათა ერთობლიობის ან ცალკეული სიტყვების გადაცემით.

2. ვერბალური შეტყობინებისას, ზეპირი შეტყობინებები რაც შეიძლება მოკლე, მარტივი და ნათელი უნდა იყოს.

3. მოსაუბრის ვერბალური და მსმენელ(ებ)ის სმენის უნარები უნდა უზრუნველყოფდეს უტყუარ ვერბალურ შეტყობინებას.

4. ვერბალური კომუნიკაცია შეიძლება იყოს პირდაპირი (ადამიანის ხმის გამოყენებით) ან ირიბი (ადამიანის ან ხელოვნური ხმის გამოყენებით, რომელიც შესაბამისი საშუალებებით/აღჭურვილობით გადაიცემა).

მუხლი 2. ვერბალური შეტყობინების გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები

1. ვერბალურ შეტყობინებაში ჩართული პირები კარგად უნდა ფლობდნენ კონკრეტულ ენას, რათა მათ ზეპირი შეტყობინების სწორად წარმოთქმა და გაგება შეძლონ და გააჩნდეთ უსაფრთხოების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პირობების მიხედვით მოქმედების შესაძლებლობა.

2. ვერბალური შეტყობინების ჟესტების ნაცვლად ან მათთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი კოდური სიტყვები:

— დაიწყე | ბრძანების დაწყების მისათითებლად

— შეჩერდი | ქმედების შესაწყვეტად ან დასასრულებლად

— დაასრულე | ოპერაციის დასასრულებლად

— ასწიე | ტვირთის ასაწევად

— დასწიე | ტვირთის დასაწევად

— წინ

— უკან

— მარჯვნივ კოორდინირებისთვის ხელით შესასრულებელი ნიშნები

— მარცხნივ

— საფრთხე | ავარიული გაჩერებისთვის

— სწრაფად | უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე მოძრაობის დასაჩქარებლად

დანართი №9

ჟესტურ სიგნალებთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნები

მუხლი 1. ჟესტური სიგნალების ძირითადი მახასიათებლები

  1. ჟესტური სიგნალები უნდა იყოს ზუსტი, მარტივი, ადვილად შესრულებადი, გასაგები და სხვა სახის სიგნალებისგან მკვეთრად განსხვავებული.

  2. ჟესტური სიგნალების დროს, ორივე ხელის ერთდროულად გამოყენება უნდა მოხდეს სიმეტრიულად და ორივე მათგანი უნდა გამოხატავდეს ერთი და იმავე ნიშანს.

  3. იმ შემთხვევაში, თუ ჟესტური სიგნალები აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, შესაძლებელია, რომ ისინი წინამდებარე დანართის მე-4 მუხლით გათვალისწინებული კოდირებული სიგნალებისგან მცირედით განსხვავებული ან უფრო დეტალიზირებული იყოს. მითითებულ შემთხვევაში, აღნიშნულმა სიგნალებმა არ უნდა დაკარგონ თავიანთი მნიშვნელობა და უნდა იყოს გასაგები.

მუხლი 2. ჟესტური სიგნალების გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები

1. პირმა, რომელიც სიგნალებს იძლევა (შემდგომში ‒ მესიგნალე), ხელის/მკლავის მოძრაობით, სიგნალების მიმღებ პირს (შემდგომში ‒ ოპერატორი) უნდა მიაწოდოს მანევრირებასთან დაკავშირებული ინსტრუქციები.

2. მესიგნალეს უნდა შეეძლოს ყველა მანევრისთვის თვალყურის დევნება, ისე, რომ ამ მანევრებით თავად რაიმე სახის საფრთხე არ შეექმნას.

3. მესიგნალის ერთადერთი მოვალეობაა მანევრების წარმართვა და ახლოს მყოფი დასაქმებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

4. იმ შემთხვევაში, თუ ერთ მესიგნალეს არ შეუძლია ყველა მანევრისთვის თავალყურის დევნება, საჭიროა ერთი ან მეტი მესიგნალის ყოლა.

5. იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორს არ შეუძლია მიღებული ბრძანებების იმგვარად შესრულება, რომ უსაფრთხოების აუცილებელი მოთხოვნები იქნეს დაცული, მან მესიგნალეს მიერ მართული მანევრი უნდა შეწყვიტოს და ახალი ინსტრუქციების მიღება მოითხოვოს.

მუხლი 3. ჟესტური სიგნალების გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები:

  1. ოპერატორს უნდა შეეძლოს მესიგნალის ადვილად ამოცნობა.

  2. მესიგნალე უნდა ატარებდეს ერთ ან რამდენიმე შესაბამის ამოსაცნობ საშუალებას (მაგალითად: ჟილეტი, ჩაფხუტი, სახელოები ან სამკლავურები ან ჰქონდეს სპეციალური ხელჯოხები).

  3. მესიგნალის ამოსაცნობ ნიშნებს უნდა გააჩნდეს მკვეთრი ფერი (მიზანშეწონილია, რომ ყველა ეს ნიშანი იყოს ერთი ფერის) და უნდა იყოს მხოლოდ მესიგნალისთვის განკუთვნილი.

მუხლი 4. კოდირებული სიგნალების გამოყენების ინსტრუქცია

ერთი და იმავე მანევრების შესასრულებლად, კონკრეტულ სექტორებში, გამოიყენება ქვემოთ მოცემული კოდირებული სიგნალები:

მნიშვნელობა აღწერილობა ილუსტრაცია
ა. ზოგადი სიგნალები

დაიწყე.

ყურადღება

ბრძანების შესრულების დაწყება

ორივე ხელი ჰორიზონტალურად არის გაწვდილი, ხელის გულები წინ არის მიმართული

შეჩერდი.

შეწყვეტა.

მოძრაობის დასრულება

მარჯვენა ხელი ზევით არის აღმართული, ხოლო ხელისგული წინ არის მიმართული

დაასრულე.

მოქმედების დასრულება

ხელისგულები ერთმანეთს ეხება გულმკერდის სიმაღლეზე
ბ.  ვერტიკალური მოძრაობები
ასწიე მარჯვენა ხელი ზევით არის აღმართული, ხელის გული წინ არის მიმართული და ხელი ნელ, წრიულ მოძრაობას ახორციელებს
დასწიე მარჯვენა ხელი ქვევით არის მიმართული, ხელის გული უკანა მხარეს არის მიმართული და ხელი ნელ, წრიულ მოძრაობას ახორციელებს
მოკლე, ვერტიკალური მოძრაობა ხელები შესაბამის მანძილს აჩვენებენ
გ.  ჰორიზონტალური მოძრაობები
იმოძრავე წინ ორივე ხელი მოხრილია, ხელის გულები ზევით არის მიმართული, ხოლო ხელები ნელ მოძრაობას ახორციელებენ მესიგნალის სხეულის მიმართულებით
იმოძრავე უკან ორივე ხელი მოხრილია, ხელის გულები ქვევით არის მიმართული, ხოლო ხელები ნელ მოძრაობას ახორციელებენ (მესიგნალისგან)
მესიგნალისგან მარჯვნივ მარჯვენა ხელი მეტნაკლებად ჰორიზონტალურად არის გაწვდილი, ხელის გული ქვევით არის მიმართული. ხელი ნელ მოძრაობებს ახორციელებს მარჯვნივ
მესიგნალისგან მარცხნივ მარცხენა ხელი მეტნაკლებად ჰორიზონტალურად არის გაშვერილი, ხელის გული ქვევით არის მიმართული. ხელი ნელ მოძრაობებს ახორციელებს მარცხნივ
მოკლე ჰორიზონტალური მოძრაობა ხელები შესაბამის მანძილს აჩვენებენ
დ. საფრთხე

საფრთხე

სასწრაფოდ გაჩერება

ორივე ხელი ზევით არის აღმართული, ხელისგულები წინ არის მიმართული
სწრაფად ყველა მოძრაობა უფრო სწრაფად უნდა შესრულდეს
ნელა ყველა მოძრაობა უფრო ნელა უნდა შესრულდეს