უსწორობის გასწორების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე N2/25812-22
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
უსწორობის გასწორების შესახებ
2022 წლი ს 13 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – ივერი აბაშიძე
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი (მოვალე) – შპს „ავტოლაინი“
წარმომადგენლები – თამარ ცაგურიშვილი, გიგა სულაქველიძე
რეაბილიტაციის ზედამხედველი – ნიკოლოზ აბუთიძე
მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა რეაბილიტაციის რეჟიმით და მოვალის მართვაში დატოვება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2022 წლის 19 აგვისტოს განცხადებით მომართეს მოვალე შპს „ავტოლაინი“-ს წარმომადგენლებმა თამარ ცაგურიშვილმა და გიგა სულაქველიძემ, რომელთა განმარტებით შპს „ავტოლაინი“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოს, მისი ძირითადი საქმიანობაა ავტომობილებით ვაჭრობა. კომპანიას არ გააჩნია უძრავი ქონება. იგი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით არ ფლობს წილებს სხვა სამეწარმეო სუბიექტებში. მოვალის სახელზე ირიცხება ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ამასთან ახლო მომავალში ელოდება ექვსი ავტომანქანის იმპორტს, რომელთა რეალიზაციით ამოღებული თანხები მიმართული იქნება მოვალის საქმიანობის შესანარჩუნებლად და კრედიტორთა ეტაპობრივად დასაკმაყოფილებლად.
2022 წლის 24 აგვისტოს განჩინებით, შპს „ავტოლაინი“-ს წარმომადგენელების თამარ ცაგურიშვილისა და გიგა სულაქველიძის განცხადება დასაშვებად იქნა ცნობილი და მოვალის მიმართ გაიხსნა რეაბილიტაციის რეჟიმი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ განჩინებაში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ განჩინების თარიღად მითითებულია 24 აგვისტო, 2021 წელი, ნაცვლად 24 აგვისტო 2022 წლისა.
სასამართლო უფლებამოსილია გაასწოროს უსწორობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებაში უსწორობა დაშვებულია და ეს იმთავითვე აშკარაა. ამდენად, დასაშვებია დაშვებული აშკარა უსწორობის გამოსწორება და არა გადაწყვეტილების იმგვარად შეცვლა, რაც არ გამომდინარეობს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მათი სამართლებრივი შეფასებიდან.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს დაშვებული უსწორობის გასწორებას საკუთარი ინიციატივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განჩინებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვა მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილებასა, თუ განჩინებაში შეცდომის არსებობის შესაძლებლობას და ადგენს მისი გამოსწორების პროცესუალურ წესს. ამასთან, ამავე ნორმის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია შეიტანოს შესწორება მხოლოდ მის მიერ დაშვებულ ისეთ უსწორობებსა და არითმეტიკულ შეცდომებზე, რომელიც არსებითად არ შეცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრს და შინაარს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაშვებული უსწორობის გასწორება არ ცვლის მიღებული განჩინების შინაარსს, რის გამოც დასაშვებია უსწორობის გასწორება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ განჩინების თარიღად ნაცვლად - „24 აგვისტო, 2021 წელი“, უნდა მიეთითოს - „24 აგვისტო, 2022 წელი“.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო თავისი ინიციატივით ასწორებს დაშვებულ უსწორობას.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ მე-3, მე-5, მე-7, მე-8 მუხლებით, საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეზე N2/25812-22 განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ განჩინების თარიღად მიეთითოს - „24 აგვისტო, 2022 წელი“;
2. განჩინება განთავსდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში ( http://www.ecourt.ge/ );
3. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში ( http://www.ecourt.ge/ ) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი N64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე