სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 20.09.1994
ძალის დაკარგვა 09.07.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 20, 30/09/1994
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის დებულების დამტკიცების შესახებ
„იჯარის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღებასთან დაკავშირებით და საიჯარო ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის დებულება.
2. „იჯარის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღებამდე გაფორმებული ქონების ყოველგვარი საიჯარო ხელშეკრულება ჩაითვალოს კანონიერად, თუ შეესაბამება სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 7 აპრილის ბრძანებულებას „სსრ კავშირში არენდისა და საარენდო ურთიერთობების შესახებ“, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 7 აპრილი დადგენილებას „სსრ კავშირში საარენდო ურთიერთობების ეკონომიკური და საორგანიზაციო საფუძვლების შესახებ“ და სსრ კავშირის უზენაესი საბჭოს 1989 წლის 23 ნოემბრის დადგენილებას „სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების სამოქმედოდ შემოღების წესის შესახებ“.
3. „იჯარის შესახებ“ საქართველოს რეპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე ქონების გამოსყიდვის უფლებით დადებულ ყველა კანონიერ საიჯარო ხელშეკრულებას გადააფორმებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, რომელიც ხდება მეიჯარის უფლება-მოვალეობათა უფლებამონაცვლე.
4. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც არასაცხოვრებელ ფართობზე იჯარის უფლება აღებული აქვთ აუქციონის ან კონკურსის წესით, შეუძლიათ უშუალოდ გამოისყიდონ აღნიშნული ფართობი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის უფლებამოსილ ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით, ქონების გაზრდილ ღირებულებასა და გადახდილ თანხას შორის სხვაობის დაფარვის შემდეგ.
5. საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის, ფინანსთა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროებმა სახელმწიფო რეგულირებადი ფასების, ტარიფების, გადასახადების და ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით 20 დღის ვადაში შეიმუშაონ საიჯარო ქირის განსაზღვრის და გადახდის წესი და წარუდგინონ მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად.
6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.
თბილისი, 1994 წლის 20 სექტემბერი.
სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის დებულება
1. ზოგადი ნაწილი
1. დებულება შემუშავებულია „იჯარის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს: სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესს, ვადებს, საიჯარო ქონების გამოსყიდვის პირობებს და გამოსყიდულ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესს.
2. სახელმწიფო ქონების (შემდგომში –
ქონების) იჯარით გაცემაში იგულისხმება ამ ქონების დროებითი ფასიანი სარგებლობის უფლებით (მათ შორის –
გამოსყიდვის უფლებით) „იჯარის შესახებ" კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტებისათვის გადაცემა.
3. აღნიშნული დებულება არ ვრცელდება მიწის, საოჯახო მოხმარების საგნების, მუსიკალური ინსტრუმენტების, სპორტული ინვენტარის, საყოფაცხოვრებო და სარიტუალო დანიშნულების საგნების იჯარით გაცემაზე.
4. ქონების იჯარით გაცემის (მათ შორის –
გამოსყიდვის უფლებით) ინიციატორები შეიძლება იყვნენ:
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო;
საქართველოს რესპუბლიკის დარგობრივი სამინისტროები და უწყებები, რომელთაც ქონება ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვთ რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით;
საწარმოების, უწყებების, ორგანიზაციების, დაწესებულებების შრომითი კოლექტივების მიერ შექმნილი ამხანაგობები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
5. ქონების იჯარით გაცემის შესახებ, მათ შორის გამოსყიდვის უფლებით (არა უმეტეს 10 წლისა), გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანო, იმ დარგობრივ სამინისტროსთან ან უწყებასთან შეთანხმებით, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით გადაცემული აქვს ქონება ფლობისა და სარგებლობის უფლებით.
6. მთლიანი ქონებრივი კომპლექსის შემადგენელი ნაწილის იჯარით გაცემის შესახებ (გამოსყიდვის უფლების გარეშე არა უმეტეს 5 წლისა) გადაწყვეტილებას იღებს ორგანო, რომელსაც რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით გადაცემული აქვს ქონება ფლობისა და სარგებლობის უფლებით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის უფლებამოსილ ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით.
7. საიჯარო ხელშეკრულების ვადის შეწყვეტა ან მისი გაგრძელება შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში - სასამართლოს გადაწყვეტილებით ან იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარემ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე გამოისყიდა იჯარით აღებული ქონება.
8. არ დაიშვება იმ სახელმწიფო საწარმოთა ან მათი ქონების ნაწილის იჯარით გაცემა (მათ შორის - გამოსყიდვის უფლებით). რომლებიც შეტანილია რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებულ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში, ან სავალდებულო წესით ექვემდებარება სააქციო საზოგადოებად გარდაქმნას.
2. ქონების იჯარით გაცემა
1. იურიდიულ და ფიზიკურ პირებს (მათ შორის უცხოელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს) ქონება იჯარით (მათ შორის - გამოსყიდვის უფლებით) გადაეცემათ აუქციონის ან კონკურსის წესით.
2. სახელმწიფო ქონების მართვის ორგანო თავისი, მეიჯარის და საფინანსო ორგანოს წარმომადგენლებისგან ერთი წლის ვადით ქმნის განცხადებების განმხილველ კომისიას 5-7 წევრის შემადგენლობით.
3. კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს ქონების იჯარით (მათ შორის- გამოსყიდვის უფლებით) გაცემის ფორმა და საწყისი ფასი, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანო.
3. ქონების იჯარით აღება იურიდიული პირის მიერ
1. კომისიის მიერ ქონების გაცემის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი განცხადებით მიმართავს მეიჯარეს ქონების იჯარით აღების შესახებ.
2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
იურიდიული პირის წესდება;
მომსახურე ბანკის დასახელება, მისამართი და საანგარიშსწორებო ანგარიშის ნომერი:
ცნობა მომსახურე ბანკიდან იურიდიული პირის გადახდისუნარიანობის შესახებ; ბიზნეს-გეგმა, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში (არაკომერციული კონკურსის შემთხვევაში).
3. იურიდიული პირის განცხადება თანდართული დოკუმენტებით მთლიანი ქონებრივი კომპლექსის შემადგენელი ნაწილის იჯარით გაცემის შემთხვევაში გადაწყვეტილებასთან ერთად შესათანხმებლად წარედგინება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
4. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი უფლებამოსილი ტერიტორიული ორგანო ვალდებულია, დოკუმენტების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იჯარით გაცემის შესახებ და ეს წერილობით აცნობოს განმცხადებელს.
5. ქონების იჯარით გაცემის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაუსაბუთებელი უარის შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.
4. ქონების იჯარით აღება ფიზიკურ პირთა მიერ
1. კომისიის მიერ ქონების ფიზიკურ პირზე იჯარით გაცემის შემთხვევაში ფიზიკური პირი, მათ შორის ის პირები, რომლებიც არ მუშაობენ ამ სახელმწიფო საწარმოში, განცხადებით მიმართავენ ქონების იჯარით გამცემ ორგანოს. განცხადებაში უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: ფიზიკური პირის გვარი, სახელი, მამის სახელი, საცხოვრებელი მისამართი, საპასპორტო რეკვიზიტები.
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს ბიზნეს-გეგმა, რომელიც მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში (არაკომერციული კონკურსის შემთხვევაში).
3. ფიზიკურ პირზე ქონების იჯარით გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
4. ფიზიკური პირები სახელმწიფო ქონების იჯარით მიღების შემთხვევაში ვალდებული არიან საიჯარო ხელშეკრულების დადგენილი წესით გაფორმების დღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში დაფუძნდნენ და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოდ გატარდნენ სახელმწიფო რეგისტრაციაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. კონკურსის სახეობანი გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმების მიხედვით
1. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმების მიხედვით არის ორგვარი კონკურსი: კომერციული კონკურსი და არაკომერციული (ბიზნეს-გეგმის) კონკურსი.
2. კომერციული კონკურსი, რომლის გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საკონკურსო პირობების სრულად დაკმაყოფილება და მაქსიმალური საიჯარო ქირის გადახდა (ჩაწერილი უნდა იყოს განცხადებაში კონკრეტული თანხა როგორც ციფრებით, ისე სიტყვიერად).
3. არაკომერციული კონკურსი, რომლის გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საუკეთესო ბიზნეს-გეგმის წარმოდგენა.
4. კონკურსის პირობებს შეიძლება განეკუთვნებოდეს:
იჯარით გასაცემი ობიექტის პროფილის შენარჩუნება;
ორ წლამდე ვადით სოციალური გარანტიების ან სამუშაო ადგილების მთლიანად ან განსაზღვრული პროცენტით შენარჩუნება;
იჯარით გასაცემი ობიექტის მიმართ გარკვეული მოქმედების განსაზღვრა; განსაკუთრებულ შემთხვევაში - სხვა პირობები, მეიჯარის ინტერესებიდან გამომდინარე.
6. განცხადებების განმხილველი კომისია
1. განცხადებების განმხილველი კომისია:
ორგანიზაციას უწევს იჯარით გასაცემი ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას;
იღებს და რეგისტრაციაში ატარებს განცხადებებს;
წერილობით ატყობინებს განმცხადებელს მიენიჭა თუ არა კონკურსში მონაწილეობის უფლება.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა უმრავლესობა.
3. სადავო საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომის მონაწილე კომისიის წევრთა უმრავლესობით.
4. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.
5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. თითოეულ წევრს უფლება აქვს წერილობითი ფორმით გამოხატოს განსაკუთრებული აზრი, რომელიც სავალდებულო წესით თან ერთვის ოქმს.
7. კონკურსის გამოცხადება
1. განცხადებების განმხილველი კომისია მიღებული მასალების საფუძველზე ადგენს საინფორმაციო ცნობას კონკურსით იჯარით გასაცემი ქონების შესახებ და უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით მის გამოქვეყნებას კონკურსის ჩატარებამდე 30 კალენდარული დღით ადრე.
საინფორმაციო ცნობაში მითითებული უნდა იყოს:
მეიჯარის დასახელება;
კონკურსის პირობები და კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები; საიჯარო ქირის საწყისი ოდენობა;
განცხადების მიღების საბოლოო ვადა;
საკონკურსო კომისიის მისამართი და ტელეფონის ნომერი;
კონკურსის ადგილი და დრო;
იჯარით გასაცემი ობიექტის დასახელება და მისამართი;
გასაცემი ობიექტით დაკავებული მიწის ფართობის ოდენობა;
გასაცემი ობიექტის ფინანსური მდგომარეობა.
2. კომისია საინფორმაციო ცნობის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალებას აძლევს წინასწარ გაეცნოს იჯარით გასაცემ ობიექტს. მეიჯარე ვალდებულია შექმნას ობიექტის წინასწარ გასაცნობად საჭირო პირობები.
3. ქონების კონკურსის წესით იჯარით გაცემის შემთხვევაში ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა კომისიას უნდა წარუდგინონ განცხადებები და შესაბამისი დოკუმენტები მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.
4. განმცხადებელი კონკურსში (აუქციონში) მონაწილეობის მისაღებად წინასწარ იხდის საქართველოს რესპუბლიკაში დადგენილი მინიმალური ხელფასის არანაკლებ ორმაგი ოდენობის თანხას (ბე), რის შესახებაც დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება საკონკურსო (აუქციონის ჩამტარებელ) კომისიას სხდომის (აუქციონის) დაწყებისას.
5. განცხადებების მიღება მთავრდება კონკურსის ჩატარებამდე სამი დღით ადრე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განცხადება არ მიიღება.
6. განცხადების მიღება კომისიის მიერ რეგისტრირდება ზონარგაყრილ დავთარში და დასტურდება კონკურსის მონაწილის ხელმოწერით (თარიღისა და დროის აღნიშვნით), რის შემდეგ იგი იძენს კონკურსის მონაწილის სტატუსს.
7. კონკურსის (აუქციონის) მონაწილეს უფლება აქვს გამოითხოვოს განცხადება. ასეთ შემთხვევაში მას წინასწარ გადახდილი თანხა (ბე) არ დაუბრუნდება.
8. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას კონკურსში მონაწილეობაზე, თუ: განცხადება და ბიზნეს-გეგმა არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს;
ბიზნეს-გეგმა ვერ აკმაყოფილებს მეიჯარის მოთხოვნებს.
9. კონკურსის შესახებ საინფორმაციო ცნობის გამოქვეყნებიდან მის დამთავრებამდე განმცხადებლებს ეკრძალებათ ინფორმაციის გაცვლა ან გავრცელება მათ მიერ საკონკურსო კომისიაში წარმოდგენილი წინადადებების შესახებ. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა კვალიფიცირდება კონკურსის წესების დარღვევად და იწვევს შედეგის ბათილობას.
8. საკონკურსო კომისიის შექმნა და მუშაობის წესი
1. ქონების იჯარით გაცემის მიზნით სახელმწიფო მართვის სამინისტრო (ან დარგობრივი სამინისტრო, თუ იჯარით გასაცემი ქონება მიეკუთვნება ამ დებულების 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტში ჩამოთვლილ ობიექტებს), ცალკეული ობიექტების მიხედვით ქმნის 5-9 კაცისგან შემდგარ საკონკურსო ან აუქციონის ჩამტარებელ კომისიას კონკურსის და აუქციონის ჩატარებამდე სამი დღით ადრე.
2. კომისიის თითოეულ წევრს ერთი ხმის უფლება აქვს. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ორი მესამედი. გამარჯვებული ვლინდება კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.
3. საკონკურსო კომისია იბარებს განცხადებების განმხილველი კომისიისაგან შემოსულ დოკუმენტაციას წერილობით და ატარებს რეგისტრაციაში.
4. განცხადებები განიხილება გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმის შესაბამისად.
5. კომისია დადგენილ დღეს და საათზე ატარებს კომისიის სხდომას (აუქციონს) და ხსნის კონვერტებს, ადასტურებს ყველა აუცილებელი დოკუმენტის არსებობას, რაც აისახება სხდომის ოქმში.
6. კონვერტის გახსნას უნდა ესწრებოდეს კონკურსის მონაწილე იურიდიული პირის წარმომადგენელი ან ფიზიკური პირი, რომელიც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენს, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირი ან პირთა ჯგუფია.
7. კონკურსის შედეგების შეჯამებისას მონაწილის განცხადების დაფარვა ან გაუთვალისწინებლობა კომისიის წევრებს აკისრებს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით, ხოლო კონკურსის შედეგები ბათილად ითვლება.
8. მონაწილეთა განცხადებების (ბიზნეს-გეგმის) გაცნობის შემდეგ კომისიის თითოეული წევრი ადგენს წერილობით დასკვნას საკუთარი არჩევნის დასაბუთებით, თუ იმართება არაკომერციული ბიზნეს-გეგმის კონკურსი.
9. კონკურსის შედეგებს აცხადებს კომისიის თავმჯდომარე კონვერტის გახსნის დღეს, კომისიის წევრთა დასკვნების საფუძველზე.
10. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, მას ხელს აწერენ თავმჯდომარე და კომისიის ყველა წევრი.
11. კომისიის ოქმში უნდა აისახოს:
იჯარით გაცემული ქონების დასახელება;
კომისიის შემადგენლობა;
საკონკურსო კომისიის წევრთა მონაცემები;
კონკურსის მონაწილეთა დოკუმენტები დანართის სახით;
კომისიის წევრთა წერილობითი დასკვნები მათი არჩევნის დასაბუთებით (დანართების სახით);
კონკურსში გამარჯვებულის დასახელება;
საიჯარო ქირის ოდენობა, გადახდის წესი (მათ შორის - ვადაზე ადრე გამოსყიდვა) და იჯარის ვადა.
ოქმს თან უნდა ერთოდეს გამარჯვებულის სახელზე წერილის პროექტი, რომელიც შეიცავს შეტყობინებას გამარჯვებულად ცნობის შესახებ და მოწვევას საიჯარო ხელშეკრულების დამტკიცებისა და სათანადო ხელშეკრულების დამოწმების შესახებ. 12. კომისია ამზადებს საიჯარო ხელშეკრულების პროექტს.
13. კომისია აქვეყნებს ინფორმაციას კონკურსის შედეგების შესახებ.
14. საიჯარო ხელშეკრულებას მეიჯარე ამტკიცებს კომისიის სხდომის (ან აუქციონის შედეგების) ოქმის საფუძველზე და დამოწმდება სანოტარო წესით, მეიჯარის ხელმოწერით, ბეჭდით, მოიჯარის რეკვიზიტებისა და თარიღის აღნიშვნით, რის შემდეგ საიჯარო ხელშეკრულება იურიდიული დოკუმენტის ძალას იძენს და მოქმედებას იწყებს.
15. თუ მოიჯარე ფიზიკური პირი ან პირთა ჯგუფია, საიჯარო ხელშეკრულებაზე მათ ხელმოწერებს ადასტურებს ნოტარიუსი.
16. საიჯარო ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია იჯარით გაცემული ქონების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც ნაჩვენები უნდა იყოს ქონების ნუსხა და ღირებულება.
17. სახელმწიფო საწარმოს (სტრუქტურული ერთეულის) იჯარით გაცემისას ამავე საწარმოს (სტრუქტურული ერთეულის) თანამშრომლების მიერ შექმნილ ამხანაგობას უპირატესი უფლება აქვს პირდაპირი კონკურსისა და აუქციონის გარეშე აიღოს ქონება იჯარით, თუ განცხადებას წარუდგენს კომისიას საინფორმაციო ცნობის გამოქვეყნებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ კომისიისათვის წარდგენილი განცხადებით საწარმოს მუშაკები სარგებლობენ სხვა მონაწილეთა თანაბარი უფლებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს მუშაკთა მიერ წარდგენილი დოკუმენტები შეიცავს სხვა მონაწილეთაგან შემოთავაზებულ თანაბარ პირობებს, უპირატესობა ეძლევათ საწარმოს მუშაკებს,
18. კონკურსი გაუმართავად ითვლება, თუ დადგენილ ვადაში არ შევიდა არც ერთი განცხადება ან წარდგენილი განცხადებებიდან არც ერთი არ შეიცავს აუცილებლად წარსადგენ დოკუმენტებს. ამ შემთხვევაში კომისია ადგენს კონკურსის გაუმართაობის ოქმს, რომელსაც ამტკიცებენ მეიჯარე და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.
9. სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემა აუქციონის წესით
1. სახელმწიფო ქონების აუქციონის წესით გაცემისას განცხადებების განმხილველი კომისია ობიექტს აუქციონისათვის ამზადებს ამ დებულების შესაბამისად და გადასცემს ერთი დღით ადრე აუქციონის ჩატარებამდე აუქციონის ჩამტარებელ კომისიას ან მოწვეულ შუამავალს.
2. აუქციონის გზით გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის მონაწილეთაგან შემოთავაზებული მაქსიმალური საიჯარო ქირა.
3. აუქციონზე ბიჯი უნდა შეადგენდეს საიჯარო ქირის სასტარტო ფასის სულ ცოტა 10 პროცენტს.
4. აუქციონში გამარჯვებულსა და მეიჯარეს შორის საიჯარო ხელშეკრულება ფორმდება ამ დებულების მე-8 მუხლის მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად.
10. იჯარით გაცემული ქონების გამოსყიდვა
1. მეიჯარესა და მოიჯარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეიძლება შეიცავდეს იჯარით გაცემული ქონების გამოსყიდვის პირობებს.
გამოსყიდვის ვადები და პირობები დგინდება საიჯარო ხელშეკრულებით.
2. გამოსყიდვის შემდეგ მოიჯარე გამოსყიდვის ფაქტის დადასტურებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებით მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოს, რომელიც ვალდებულია განცხადების მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში მიიღოს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში განმცხადებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.
სახელმწიფო ქონების მართვის ორგანოს განცხადებასთან ერთად წარედგინება: საიჯარო ხელშეკრულების ასლი;
ქონების მიღება-ჩაბარების აქტი;
ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
3. საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას გასცემს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი უფლებამოსილი ორგანო.
4. თუ მეიჯარე არ ეთანხმება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გადაწყვეტილებას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შესახებ, მას შეუძლია მოწმობის გაცემიდან ერთი თვის ვადაში მიმართოს სასამართლოს.
11. პასუხისმგებლობა ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის
1. ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მხარეებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საიჯარო ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ წამოჭრილი სადავო საკითხები გადაწყვიტონ მოლაპარაკებისა და შეთანხმების გზით. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იგი აუცილებელია არსებობდეს წერილობითი ფორმით, დაამოწმონ მხარეებმა და თან დაურთონ საიჯარო ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
3. თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ,
სადავო საკითხებს წყვეტს ან ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით საიჯარო ხელშეკრულებას აუქმებს სასამართლო.