საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად, დამტკიცდეს „ძვირფასი ლითონებისა და მისი ჯართის, ასევე ძვირფასი ქვების ნაკეთობათა მოსახლეობისაგან შესყიდვის წესები“
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 19.12.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №136/331
სარეგისტრაციო კოდი 000000160.01(2).000.000204
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.12.1996 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად, დამტკიცდეს „ძვირფასი ლითონებისა და მისი ჯართის, ასევე ძვირფასი ქვების ნაკეთობათა მოსახლეობისაგან შესყიდვის წესები“
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
ბრძანება №136/331
1996 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად, დამტკიცდეს „ძვირფასი ლითონებისა და მისი ჯართის, ასევე ძვირფასი ქვების ნაკეთობათა მოსახლეობისაგან შესყიდვის წესები“
I. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე წესები შემუშავებულია საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და შესაბამისი აქტების საფუძველზე.
1.2. შემსყიდველი ობიექტები იქმნება საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ საფუძველზე ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, საკუთრების ფორმის მიუხედავად.
შემსყიდველი ობიექტები ვალდებული არიან იქონიონ ლიცენზია, რომელიც გაიცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და გაიარონ რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოებში.
1.3. შემსყიდველი ობიექტები განთავსებული უნდა იქნენ სპეციალურად აღჭურვილ კაპიტალური შენობებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ძვირფასეულობის დაცვას, აგრეთვე ჩამბარებელთა მომსახურების აუცილებელ პირობებს.
1.4. ძვირფასეულობის მიღებისა და აპრობირების ოპერაციების გატარებისათვის შემსყიდველი ობიექტები უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
შესაბამისი ტვირთამწეობის და სიზუსტის სასწორებით ძვირფასეულობის ასაწონად, აგრეთვე ხელსაწყოებით და ინსტრუმენტებით, რომლებიც დამოწმებულია დადგენილი წესით;
ძვირფასი ლითონების ნაკეთობის და ჯართის სინჯის დასადგენად საჭირო რეაქტივებით;
ძვირფასი ლითონების ჯართს მიეკუთვნება – სასაქონლო ფორმა დაკარგული ნაკეთობა (გატეხილი, გაღუნული, გაწყვეტილი, ცარიელი ბუდით, შესაკრავების გარეშე).
შემსყიდველ ობიექტებს უნდა ჰყავდეთ ძვირფასი ლითონების და ქვების შეფასებისათვის ლიცენზიის მქონე სპეციალისტი.
1.5. შემსყიდველ ობიექტებში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული მონაცემები, წესები და ინფორმაციები მოქმედ საშემსყიდველო ფასებზე, საქართველოში დადგენილ სინჯებზე, მათი დადამღვის წესებზე, მომხმარებლისაგან ძვირფასეულობის შესყიდვის უფლების ლიცენზიის ასლი, მაკონტროლებელი ორგანოების დასახელებები და მისამართები.
1.6. შემსყიდველი ობიექტები ჩამბარებლებისაგან შესყიდულ ძვირფასეულობას აბარებენ საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდს დადგენილი წესის შესაბამისად.
1.7. შემსყიდველი ობიექტები შესყიდულ ძვირფასეულობის აღრიცხვას, ანგარიშსწორებას, ხარისხისა და წონის შემოწმებას, შენახვას, დაცვას, შესყიდვის ოპერაციების გაფორმებას აწარმოებენ მოქმედი ინსტრუქციების საფუძველზე, რომლებიც დამტკიცებულია შესაბამისი ორგანოების მიერ.
II. მოსახლეობისაგან ძვირფასეულობის შესყიდვის წესი
2.1. შემსყიდველი ობიექტები მოსახლეობისაგან ძვირფასეულობას იძენენ საიუველირო, საყოფაცხოვრებო ან სხვა არასამრეწველო ნაკეთობებისა და ჯართის სახით, რომელთა მიყიდვაც მოსახლეობაზე არ იკრძალება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ნაკეთობები მიიღება ჭუჭყისა და ცხიმისაგან გაწმენდილი სახით. ანტიკვარული საგნები, ისტორიული ან მაღალმხატვრული ძვირფასეულობა შემსყიდველი ობიექტის მიერ მიიღება შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.
2.2. შემსყიდველი ობიექტები ვალდებული არიან უზრუნველყონ შესყიდვის, შეფასების და ინსტრუქციის შესაბამისად ძვირფასეულობის გაგზავნის ოპერაციათა გაფორმება, აღრიცხვა და დაცვა.
2.3. საშემსყიდველო ობიექტებს ეკრძალებათ შეისყიდონ:
ალმასის ნედლეული და ნახევარფაბრიკატები, ტექნიკური ალმასები, ოქრო, პლატინა, პალადიუმი და ვერცხლი თვითნაბადის, ზოდების, ფირფიტების, მავთულების სახით;
ოქროს, პლატინის, პალადიუმის და ვერცხლის საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების საგნები.
ძვირფასი ქვები (ალმასი, ლალი, საფირონი, ზურმუხტი, ალექსანდრიტი, ბუნებრივი მარგალიტი და სხვა) დაუმუშავებელი სახით;
საქართველოს ორდენები და მედლები, რომლებიც შეიცავენ ძვირფას ლითონებს, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობით;
საგნები, რომლებიც ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან ან რომელთა გაყიდვაზე დაწესებულია განსაკუთრებული წესი (ცივი, ცეცხლსასროლი იარაღი აღკაზმულობით ან სხვა). აკრძალვა არ ეხება ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდს, რომელიც აღნიშნულ ძვირფასეულობას შეისყიდის დადგენილი წესით.
შემსყიდველი ობიექტებს ეკრძალებათ შეიძინონ ძვირფასეულობა ბავშვების ან მოზარდებისაგან, რომლებსაც არ მიუღწევიათ 16 წლის ასაკისათვის.
2.4. ძვირფასეულობის შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია უნდა წარმოებდეს ძვირფასეულობის ჩამბარებლის თანდასწრებით (სინჯის დადგენა, აწონვა).
ძვირფასეულობათა აწონვა წარმოებს შემდეგი სიზუსტით:
ოქროსა და პლატინის ნაკეთობანი – 0,01 გრამამდე;
ვერცხლის ნაკეთობანი – 0,1 გრამამდე;
ძვირფასი ქვების ნაკეთობანი – 0,01 კარატამდე;
ძვირფასი ქვების მასა, რომლებიც შესყიდვისას არ შეიძლება იყოს მოცილებული ნაკეთობას, ან რომელთა მოცილება მიზანშეუწონელია ნაკეთობისაგან, განისაზღვრება დადგენილი წესით.
ძვირფასეულობის ჩამბარებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა დარწმუნდეს მის მიერ ჩაბარებული ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების მასის დადგენის სისწორეში.
შემსყიდველი ობიექტის მუშაკი, რომელიც ახორციელებს ძვირფასეულობის მიღებას, პასუხისმგებელია მათი შეფასების სისწორეზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.5. ძვირფასეულობის ჩაბარებისას შემსყიდველ ორგანიზაციას ჩამბარებელი წარუდგენს პასპორტს ან პირადობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტს, ხოლო შემსყიდველი ორგანიზაცია კი ახდენს სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში აუცილებელი მაჩვენებლების დაფიქსირებას.
2.6. სახელმწიფო შემსყიდველი ობიექტები ჩამბარებლებისაგან ჩაბარებულ ძვირფასეულობაზე ანგარიშსწორებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფასებით, ხოლო არასახელმწიფო შემსყიდველი ობიექტები მათ მიერ დაწესებული ფასებით.
ჩაბარებულ ძვირფასეულობაზე შემსყიდველი ობიექტის მუშაკმა, რომელიც ახორციელებს ძვირფასეულობის მიღებას (შემდგომში – შემსყიდველად წოდებული) უნდა გასცეს ძვირფასეულობის ჩამბარებლებზე ქვითარი ორ ეგზემპლარად, რომელიც ხელმოწერილია შემსყიდველისა და ჩამბარებლის მიერ მოლარესთან წარსადგენად.
მოლარე გასცემს ძვირფასეულობის ჩამბარებელზე მისთვის კუთვნილ თანხას ქვითრის ერთ ეგზემპლართან ერთად, რომელზეც დასმულია შტამპი – „გადახდილია“.
შემსყიდველ ობიექტს მიღებული ფასეულობების რეალიზაცია შეუძლია მოახდინოს შესყიდვიდან 5 სამუშაო დღის შემდეგ, გარდა 2.8, 2.9, 2.10 – პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2.7. შესყიდული ძვირფასეულობის ქვითრებზე აღინიშნება:
ა) ძვირფასი ლითონებისაგან და ქვების გამოყენებით დამზადებული ნაკეთობების შესყიდვისას – ნაკეთობის დასახელება, ლითონის სახეობა, სინჯი, წონა, ქვების დასახელება და რაოდენობა, წონა, ფერი, სიწმინდე, ნაკეთობის ღირებულება;
ბ) ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაკეთობების შესყიდვისას – ნაკეთობის დასახელება, ძვირფასი ლითონების სახეობა, სინჯი, წონა, ერთ გრამზე საშემსყიდველო ფასი და მთლიანი ღირებულება;
გ) ძვირფასი ქვების შესყიდვისას – ქვების დასახელება, რაოდენობა, წონა, ფერი, სიწმინდე, კარატზე საშემსყიდველო და მთლიანი ღირებულება, დასახელება საშემსყიდველო ფასების პრეისკურანტის მიხედვით, რაოდენობა, კარატზე საშემსყიდველო ფასი, მთლიანი ღირებულება.
თუ ა) და ბ) აღნიშნულ ნაკეთობებს არ გააჩნიათ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღა ან მასზე ამოტვიფრულია უცხო ქვეყნის დამღა, მაშინ მიმღებ დოკუმენტებში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა, ხოლო ნაკეთობა აუცილებელი წესით ექვემდებარება სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში წარდგენას გასასინჯად და დასადამღად.
ბრილიანტები მსხვილი (1 კარატიდან და მეტი), საშუალო (0,30-დან 0,99 კარატამდე), ზურმუხტები, საფირონები, ლალები, თითოეული ქვა ჩაიწერება დასახელების, ფერის, ჯგუფის, წონის, კარატზე საშემსყიდველო ფასის და მთლიანი ღირებულების მითითებით;
ალმასები „ვარდის“ დაწახნაგების ტიპისა, წვრილი ბრილიანტები (0,29 კარატამდე) და გამარტივებული დაწახნაგების ბრილიანტები ჩაიწერება დასახელების, ფერის, ჯგუფის და დეფექტურობის მიხედვით, მათი რაოდენობის, წონის, კარატზე საშემსყიდველო ფასისა და მთლიანი ღირებულების მითითებით;
ბუნებრივი ან კულტივირებული მარგალიტი ჩაიწერება პრეისკურანტული საშემსყიდველო ფასების აღწერის, მარგალიტის რაოდენობის, წონის, საშემსყიდველო ფასის, მთლიანი ღირებულების მითითებით. ურალის ფერადის დაწახნაგებული ქვები ჩაიწერება წონის და დასახელების, გრამზე საშემსყიდველო ფასისა და მთლიანი ღირებულების მითითებით.
კამეები ჩარჩოს გარეშე ჩაიწერება დასახელების, ხარისხის ოვალის სიგრძის, რაოდენობის და ცალზე საშემსყიდველო ფასის მითითებით; ჩარჩოიან კამეებზე დამატებით უნდა მიეთითოს ძვირფასი ლითონის დასახელება და ერთი გრამის ფასი.
2.8. იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოიშვება უთანხმოება ძვირფასი ლითონებისა და ქვების შეფასებისას, მხარეთა შეთანხმებით აღნიშნული ფასეულობა იგზავნება სასინჯი ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოებში ექსპერტიზისათვის შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიცავს 2.7. გათვალისწინებულ აღწერას.
დოკუმენტს ხელს აწერენ შემსყიდველი, შეფასების მწარმოებელი და ძვირფასეულობის ჩამბარებელი. აღნიშნული დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი უნდა მიეცეს ძვირფასეულობის ჩამბარებელს.
2.9. თუ ჩამბარებელი არ ეთანხმება საექსპერტო შეფასებებს, მაშინ შემსყიდველი ობიექტი მას უბრუნებს მიღებულ ძვირფასეულობას, ამასთან ძვირფასეულობის ჩამბარებელი უბრუნებს შემსყიდველ ობიექტს აქტის თავის ეგზემპლარს და მიღებულ თანხას.
თუ ჩამბარებელს გაუჩნდა პრეტენზია შემსყიდველის მიმართ შეფასების სისწორეზე ძვირფასეულობის ჩაბარების შემდეგ, მას აქვს უფლება მიმართოს შემსყიდველს სამი სამუშაო დღის ვადაში შესყიდვის შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩამბარებლის ქვითრის ეგზემპლარზე კეთდება შესაბამისი ჩანაწერი შემსყიდველის მიერ.
აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე, შემსყიდველს ეკრძალება შესაბამისი ძვირფასეულობის რეალიზაცია.
2.10. ძვირფასეულობის შემცირებული ღირებულებით შესყიდვის შემთხვევების დადგენისას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ ძვირფასეულობის ჩამბარებელს შეკვეთილი წერილით სამი დღის ვადაში და აუნაზღაუროს მას დანაკლისი ჩამბარებლის გამოცხადებიდან ერთი დღის ვადაში.
2.11. ჩამბარებლისათვის დაკლებული თანხების გადახდის ვადის დარღვევისას შემსყიდველი ვალდებულია გადაუხადოს მას პირგასამტეხლო ნივთის ღირებულების 0,1% ოდენობით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.12. მიღებული ძვირფასეულობა მისი ფასის გადახდის შემდეგ ჩამბარებელს არ უბრუნდება, გარდა 2.9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
III. კონტროლი
3.1. წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური.
3.2. ამ წესების შესრულების შესამოწმებლად მაკონტროლებელ ორგანოებს შეუძლიათ მოიწვიონ სპეციალისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მომხმარებლები.
შემსყიდველმა ობიექტებმა უნდა გაუწიონ დახმარება მაკონტროლებელ ორგანოებს შემოწმების ჩასატარებლად და მიიღონ ზომები დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.
3.3. ძვირფასეულობის დატაცებაზე, დაკლებაზე ან დანაკარგებზე, აგრეთვე ამ წესების დარღვევაზე გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვ. პაპავა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი დ. იაკობიძე