სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.11.2022
ძალაში შესვლა 15.11.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №104
სარეგისტრაციო კოდი 310060000.22.034.017290
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/11/2022
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის მოწესრიგების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ “საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (გარდა ტრანზიტისა) და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№104
2022 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის წესის დამტკიცების შესახებ
„ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 აგვისტოს №424 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 15 ნოემბრიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის წესი (შემდგომ − წესი) განსაზღვრავს სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მიზნებს, სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილების წინაპირობებსა და ამ წესის მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს.
მუხლი 2🔗. სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილების უფლება
1. სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილების/მგზავრობის უფლება აქვს მხოლოდ ა(ა)იპ – საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (შემდგომ − ფედერაცია) წევრს, რომელიც ფლობს ფედერაციის მიერ გაცემულ სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვის უფლების მქონე პირის (შემდგომ − მრბოლელი) მოქმედ ლიცენზიას. სხვა პირის მიერ აღნიშნული ავტომობილით გადაადგილება ან მგზავრობა დაუშვებელია.
2. საგზაო მოძრაობაში შეიძლება ჩაებას მხოლოდ სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომ − მომსახურების სააგენტო) რეგისტრირებული სპორტული დანიშნულების ავტომობილი.
3. საგზაო მოძრაობაში ჩაბმულ სპორტული დანიშნულების ავტომობილზე ვრცელდება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედება და აღნიშნული კანონების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დგება საერთო წესით.
4. სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილებისას უფლებამოსილ პირს თან უნდა ჰქონდეს სპორტული დანიშნულების ავტომობილის ტექნიკური პასპორტი (შემდგომ – ტექნიკური პასპორტი) და რეგისტრაციის მოწმობა, აგრეთვე ფედერაციის მიერ გაცემული მრბოლელის მოქმედი ლიცენზია და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა.
მუხლი 3🔗. ფედერაციის ვალდებულებები
1. ფედერაცია ვალდებულია სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომ – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი) მიაწოდოს იმ პირთა მონაცემები:
ა) რომლებიც ფლობენ ფედერაციის მიერ გაცემულ მრბოლელის ლიცენზიას;
ბ) რომელთა საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ სპორტული დანიშნულების ავტომობილზეც გაცემულია ტექნიკური პასპორტი.
2. ფედერაცია ვალდებულია მის მიერ დაგეგმილ შეჯიბრებამდე სულ მცირე 3 დღით ადრე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული შეჯიბრების ჩატარების დროის, ადგილმდებარეობისა და მასში მონაწილე პირების შესახებ.
3. ფედერაცია ვალდებულია სამინისტროსთან შეათანხმოს სპორტული დანიშნულების ავტომობილით ვარჯიშისთვის განკუთვნილი ადგილების/ტერიტორიის ჩამონათვალი.
4. ფედერაცია ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს აცნობოს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
მუხლი 4🔗. სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში ჩაბმა
1. სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში ჩაბმა შესაძლებელია შეჯიბრში მონაწილეობის მიზნით, თუ აღნიშნული შეჯიბრება ტარდება ფედერაციის ეგიდით, აგრეთვე ვარჯიშისა და პროფილაქტიკური/სახელოსნო სამუშაოების განხორციელების ადგილამდე მისვლის მიზნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე მიზნით სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში ჩაბმამდე მრბოლელი ვალდებულია სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) მიაწოდოს:
ა) მისი, როგორც მრბოლელის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები;
ბ) სპორტული დანიშნულების ავტომობილის სარეგისტრაციო მონაცემები;
გ) ინფორმაცია დაგეგმილი შეჯიბრის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ (თუ სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში ჩაბმის მიზანია შეჯიბრში მონაწილეობა);
დ) ინფორმაცია გადაადგილების მარშრუტისა და დროის შესახებ.
3. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს მრბოლელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოწოდებული ინფორმაციის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის დაუყოვნებლივ მიწოდებას.
4. სპორტული დანიშნულების ავტომობილით საგზაო მოძრაობაში ჩაბმა ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა
1. აკრძალულია სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილება 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე მონაკვეთში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე მონაკვეთში სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილება დასაშვებია შეჯიბრის ან/და პროფილაქტიკური/სახელოსნო სამუშაოების განხორციელების ადგილამდე მისვლის მიზნით, ფედერაციის ეგიდით დაგეგმილი სპორტული ღონისძიების (შეჯიბრის) დაწყებამდე 3 (სამი) დღით ადრე, აღნიშნული ღონისძიების (შეჯიბრის) დასრულებამდე.
მუხლი 6🔗. პასუხისმგებლობა
1. მრბოლელი ვალდებულია სპორტული დანიშნულების ავტომობილით გადაადგილებისას დაიცვას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნები.
2. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ტექნიკური პასპორტის შეჩერება ან გაუქმება.
3. ტექნიკური პასპორტის შეჩერების საფუძველია:
ა) ამ წესის მოთხოვნათა ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დარღვევა;
ბ) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი საგზაო მოძრაობის წესების უხეში ან/და სისტემატური დარღვევა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტექნიკური პასპორტის შეჩერების ვადად განისაზღვრება 6 თვე.
5. ტექნიკური პასპორტის შეჩერების ვადის გასვლის შემდეგ 1 წლის განმავლობაში სპორტული დანიშნულების ავტომობილის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევის პირველივე შემთხვევისას, ტექნიკური პასპორტის მოქმედება ჩერდება 1 წლის ვადით.
6. ტექნიკური პასპორტი უქმდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ავტომობილმა ვერ გაიარა ფედერაციის ეგიდით გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის სავალდებულო ტექნიკური შემოწმება;
ბ) ავტომობილი არ გამოცხადდა ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
გ) შეჩერების ვადის განმავლობაში დარღვეულ იქნა სპორტული დანიშნულების ავტომობილის საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის წესი.
7. სპორტული დანიშნულების ავტომობილის სტატუსის/ტექნიკური პასპორტის გაუქმების შემთხვევაში ამ ავტომობილით საგზაო მოძრაობაში მონაწილეობა იწვევს მძღოლის პასუხისმგებლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗. ტექნიკური პასპორტის შეჩერების და გაუქმების წესი
1. მრბოლელის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის, აგრეთვე ტექნიკური პასპორტის შეჩერების ან გაუქმების ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აწვდის ფედერაციას. ფედერაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს მისთვის მიწოდებული ინფორმაცია და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შეაჩეროს ან გააუქმოს ტექნიკური პასპორტი.
2. ფედერაცია ვალდებულია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აცნობოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და მომსახურების სააგენტოს.
3. ფედერაციის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტექნიკური პასპორტი მიიჩნევა შეჩერებულად/გაუქმებულად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის ფედერაციისთვის მიწოდებიდან მე-4 სამუშაო დღეს.