„საქართველოს შსს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 14.07.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №430
სარეგისტრაციო კოდი 000370012.00(3).0.000045
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 15/07/1997
matsne.gov.ge 1,823 სიტყვა · ~9 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს შსს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 430 1997 წლის 14 ივლისი ქ. თბილისი „ საქართველოს შსს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტმა განიცადა მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ცვლილებები. მისი შექმნისა და ფუნქციონირების დაწყებიდან დღემდე შეიცვლა დეპარტამენტის სტრუქტურა, შემადგენლობა და ამოცანები. შემადგენლობიდან გამოყვანილი არიან ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის და საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოები, სამხედრო-ოპერატიული, სამობილიზაციო მომზადებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახური. ყოველივე ამან გამოიწვია ცვლილებები შს მინისტრის 1996 წლის 3 ივლისის №580 ბრძანებით დამტკიცებული შსს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დებულებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დებულება (თან ერთვის). 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს შს მინისტრის 1996 წლის 3 ივლისის №580 ბრძანება ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ. მ ი ნ ი ს ტ რ ი კ. თარგამაძე პოლიციის გენერალ - ლეიტენანტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი . 1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) სამინისტროს დამოუკიდებელი სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც კანონით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს ბრძოლას სამართალდარღვევებთან და ახორციელებს მის პროფილაქტიკას. უზრუნველყოფს ეკოლოგიურ სისუფთავეს და იცავს ქვეყნის ბუნებას დანაშაულებრივი ხელყოფისაგან. დეპარტამენტი ორგანიზაციასა და ზედამხედველობას უწევს მასში შემავალი სამსახურების მუშაობას. 1.2. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბით და სახელწოდების აღნიშვნით. 1.3. დეპარტამენტი და მასში შემავალი დანაყოფები თავიანთ საქმიანობას წარმართავენ საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობის, კანონქვემდებარე აქტების, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებების, პრეზიდენტის ბრძანებულებების, სამინისტროს დებულების, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებისა და მითითებების, ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად. 1.4. დეპარტამენტის სტრუქტურასა და შტატებს ამტკიცებს შინაგან საქმეთა მინისტრი. 1.5. დეპარტამენტის საქმიანობა ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და დეპარტამენტის სამუშაო გეგმების შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატის სხვა დანაყოფებთან ურთიერთშეთანხმებით. მისი მუშაობა ემყარება ხაზობრივ-რეგიონალურ პრინციპებს. 1.6. დეპარტამენტი თავის საქმიანობას აგებს მეცნიერული რეკომენდაციებისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენების პრინციპებზე. 1.7. სამართალდარღვევებთან ბრძოლისა და მისი პროფილაქტიკის საკითხებში დეპარტამენტი თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებთან, საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო უშიშროების, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებთან, საბაჟო და სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტებთან, სხვა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. 1.8. დეპარტამენტისა და მისი დანაყოფების ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური და საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი. 1.9. დეპარტამენტისა და მისი დანაყოფების დაკომპლექტება ხდება უმაღლესი განათლების, ფიზიკურად და მორალურად მომზადებული კადრებით. მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები დეპარტამენტში შემავალი დარგობრივი სამსახურებისა და ადგილებზე მათი ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს შედგენს: 2.1. დეპარტამენტში შემავალი სამსახურების საქმიანობის კოორდინირება და ურთიერთშეთანხმებული მუშაობის უზრუნველყოფა, მათ კომპეტენციაში შემავალი ამოცანების გადაწყვეტისას; 2.2. დანაშაულის გამომწვევი მიზეზებისა და ხელშემწყობი პირობების გამოვლენა და აღმოფხვრა, მოსალოდნელი დანაშაულის აღკვეთა-აცილების მიზნით გამაფრთხილებელ-პროფილაქტიკურ ღონისძიებათა ორგანიზაცია. მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცება; 2.3. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ქუჩებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: მასობრივი უწესრიგობის და საზოგადოებრივი წესრიგის ჯგუფური დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია; კულტურული და სპორტული ღონისძიებების, აგრეთვე მიტინგების, მანიფესტაციების და სხვა მასობრივი აქციების ჩატარების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა; 2.4. საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამიზნული ღონისძიებების, ნორმატიული აქტებისა და სხვა წესების შემუშავება და ზედამხედველობა მათ შესრულებაზე; 2.5. საქართველოს ტერიტორიაზე ეკოლოგიის სფეროში სამართალდარღვევებისა და დანაშაულის გამოვლენა, მოკვლევა, აღკვეთა-აცილება; 2.6. საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო წესების დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა, უცხოელთა გასვლა-შემოსვლის ვიზების გაფორმება-გაცემა, სავიზო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა. 2.7. ორგანიზაცია და პრაქტიკული დახმარების გაწევა ადგილობრივი ქვედანაყოფებისადმი იმ დანაშაულებათა აღკვეთა-აცილებასა და გამოვლენაში, რაც შედის ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის სამსახურების კომპეტენციაში, დანაშაულის პროფილაქტიკის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფა; 2.8. დეპარტამენტის ძალებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა-დაკავებაში, მიმალულ ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, სამართალში მიცემულთა, მსჯავრდებულთა და უზო-უკვლოდ დაკარგულ მოქალაქეთა დაძებნაში მონაწილეობა; 2.9. ინფორმაციების, რეკომენდაციების მომზადება და მიწოდება ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებისათვის მიმდინარე ნეგატიური პროცესებისა და დანაშაულის აცილების ღონისძიებათა შესახებ. ზემოთ ჩამოთვლილი ამოცანების გადაწყვეტას დეპარტამენტი ახორციელებს ამ დებულების მე-4 მუხლში ჩამოთვლილი მთავარი სამმართველოებისა და სამსახურების მეშვეობით. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობები . 3.1. დეპარტამენტი და მისი დანაყოფები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვა ქვეყნებთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ასრულებენ საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი ორგანოების დავალებებს, ან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ატარებენ ღონისძიებებს დანაშაულის აღკვეთა-აცილების, დამნაშავეთა დაკავების, სახელმწიფოსა და მოქალაქეებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაული დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე და დამთავრდა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ან პირიქით. მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურა და ორგანიზაციული მოწყობა დეპარტამენტის სტრუქტურაში შედიან: - დეპარტამენტის მართვის სამსახური; - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველო;  - საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო; - საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიურო; - ეკოლოგიის პოლიციის მთავარი სამმართველო; - ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო, საქალაქო-რაიონული სამმართველოებისა და განყოფილებების ადმინისტრაციული პოლიციის განყოფილებები (დეპარტამენტები, სამმართველოები). მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების პირითადი ფუნქციები 5.1. მართვის სამსახური: - დეპარტამენტში შემავალი მთავარი სამმართველოებისა და სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მათ მიმართ მმართველობით-საკონტროლო ფუნქციების განხორციელება, მათი მუშაობის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა; 5.2. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველო: პოლიციის ორგანოების საპატრულო-საგუშაგო სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია და კონტროლი საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, ქუჩებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულობათა აღკვეთა-აცილების მიზნით; - პოლიციის უბნის ინსპექტორების საქმიანობის წარმართვა და კონტროლი, მათზე მიმაგრებულ უბნებში დანაშაულობათა პროფილაქტიკისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით; - სანებართვო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; - თავისუფლების აღკვეთის გარეშე გასამართლებულ პირთა აღრიცხვისა და მათი საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ორგანიზაცია; - სპეცდაწესებულებების ფუნქციონირების, დაკავებულთა ბადრაგირების ორგანიზაცია და კონტროლი. მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში შედიან: - ქუჩებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დანაშაულის აღკვეთის სამმართველო (სამსახურის, მასობრივი უწესრიგობის წინააღმდეგ მებრძოლი, სპეცდაწესებულებებისადმი ხელმძღვანელი განყოფილებებით); - პროფილაქტიკის სამმართველო (უბნის ინსპექტორების ხელმძღვანელი განყოფილებით და გამასწორებელ სამუშაოთა ინსპექციით); - სანებართვო სისტემის განყოფილება; - საქართველოს სახელმწიფო ობიექტების დაცვის სამმართველო; - კანცელარია. 5.3. საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო:  - განსაზღვრავს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღკვეთა-აცილების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთად მიმართულებებს და წარმოადგენს საგზაო მოძრობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამიზნულ სახელმწიფო კონტროლის ორგანოს; - აწარმოებს საგზაო-ტრანსპორტო შემთხვევათა სახელმწიფო აღრიცხვიანობას; - ახორციელებს საავტომობილო გზებისა და ქუჩების ტექნიკურ საექსპლუატაციო პირობების გასაუმჯობესებლად გამიზნულ საქმიანობას; - ორგანიზაციას უწევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამიზნულ მუშაობას; - უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის დისციპლინის განმტკიცებას, ადმინისტრაციული დარღვევების საქმეთა სწორად წარმოებას; - ახორციელებს გამოცდების ჩატარების, მძღოლის მოწმობის გაცემის ორგანიზაციას და მეთოდურ ხელმძღვანელობას; - ახორციელებს კონტროლს ავტომოტოსატრანსპორტო საშულებათა რეგისტრაციაზე, სარეგისტრაციო მოწმობების და სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემაზე; - ორგანიზაციას უწევს აეტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერების ჩატარებას; - უზრუნველყოფს ცხელ კვალზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა ადგილიდან მიმალული მძღოლების, გატაცებული ან მოპარული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დასადგენად გამიზნულ სამძებრო ღონისძიებების ორგანიზაციას; - უშუალოდ მონაწილეობს საგზაო პოლიციის სისტემაში კადრების შერჩევის და განაწილების საკითხებში, წარმართავს პირადი შემადგენლობის დასჯა-წახალისების პრაქტიკას დაქვემდებარებულ საგზაო პოლიციის დანაყოფებში, ხოლო სამხარეო, საქალაქო და რაიონული საგზაო პოლიციის სამსახურების პირადი შემადგენლობის მიმართ დისციპლინარულ პრაქტიკას ახორციელებს მინიჭებული უფლების ფარგლებში. მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში შედის: - შტაბი (კანცელარია, სამორიგეო ნაწილი, მართვის ავტომატიზაციის ცენტრი); - საგზაო-საპატრულო სამსახურის სამმართველო (საგზაო-საპატრულო სამსახურის, საგზაო ზედამხედველობის და მოძრაობის ორგანიზაციის განყოფილებები, ადმინისტრაციული პრაქტიკის განყოფილება); - ავტომოტოტრანსპორტის რეგისტრაციის განყოფილება; - ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება; - მძღოლების მოქმედებაზე კონტროლისა და კვალიფიკაციის მინიჭების განყოფილება; - ავტომოტოტრანსპორტის ძებნისა და დანაშაულთან ბრძოლის სამსახური; - პირად შემადგენლობასთან მუშაობისა და კადრების ქ/განყოფილება;  - პრესცენტრი; - სამეურნეო განყოფილება. უშუალოდ დაქვემდებარებული სამსახურები: ავტომაგისტრალების განყოფილება (1-8); - სპეციალიზებული სარემონტო-საექსპლუატაციო სამმართველო (სახაზინო საწარმო); - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (სახაზინო საწარმო). 5.4. საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიურო (მთავარი სამმართველოს სტატუსით): - შინაგან საქმეთა ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების საქმიანობის ორგანიზაცია და კონტროლი; - საქართველოს მოქალაქეების პირადობის მოწმობების, საქართველოს მოქალაქის პასპორტების, გასასვლელ-შემოსასვლელი ვიზების გაფორმება-გაცემა, სარეგისტრაციო, სავიზო და საპასპორტო წესების დაცვის უზრუნველყოფა, ამ წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული სახდელების შეფარდების მიზნით შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; - საქართველოს ტერიტორიიდან დროებითი გასვლისა და შემოსვლისთვის დადგენილი წესების დაცვის უზრუნველყოფა. ეროვნული ბიუროს სტრუქტურაში შედიან: - საპასპორტო-სავიზო განყოფილება (საპასპორტო და უცხოელთა ვიზებისა და რეგისტრაციის ქვეგანყოფილებებით); - მოსახლეობის რეგისტრაციის განყოფილება; - ორგტექნიკური განყოფილება (ტექნიკური ქვეგანყოფილებით); - ემიგრაციის ქვეგანყოფილება; - უზრუნველყოფის ჯგუფი; - კანცელარია; - დაქვემდებარებული დანაყოფი - საინფორმაციო-სამისამართო განყოფილება. 5.5. ეკოლოგიის პოლიციის მთავარი სამმართველო: - მთავარი სამმართველოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა დანაშაულებრივი ხელყოფისაგან; - ტყეებისა და მწვანე საფარის უკანონოდ მოპოვების წინააღმდეგ ბრძოლა; - მიწის, წყლისა და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა; - წიაღისეულის და სხვა ბუნებრივი რესურსების უკანონოდ მოპოვების წინააღმდეგ ბრძოლა; - უკანონო თევზჭერისა და ნადირობის წინააღმდეგ ბრძოლა; - შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში ბუნებრივი რესურსების (მათ შორის თევზის) უკანონო მოპოვების, დაბინძურების ფაქტების გამოვლენა, მოკვლევა, აღკვეთა-აცილება; - გარემოში ქიმიური საშუალებათა და ნივთიერებათა (ძლიერმოქმედ, შხამიან და რადიაქტიურ ნივთიერებათა, მცენარეთა დაცვის საშუალებათა და სხვა) უკანონო ბრუნვის, ადამიანის ჯანმრთელობაზე სხვა საშიში ზემოქმედების (კვების პროდუქტებით, ფართო მოხმარების საქონლით და სხვა საშუალებით) წინააღმდეგ ბრძოლა; - საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებთან ერთობლივად ახორციელებს ეპიდემიის, ეპიზოოტიის და სხვა განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა გავრცელების წინააღმდეგ მიმართული საკარანტინო და სხვა ღონისძიებებს; მთავარი სამმართველოს სტრუქტურაში შედიან: - შტაბი, რომელშიც შედის სამორიგეო ნაწილი და პრესცენტრი; - ხე-ტყის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება; - ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის უკანონო გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება; - წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება; - გარემოს გაბინძურების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება; - თევზის უკანონოდ მოპოვების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველო, რომელშიც შედის საზღვაო ინსპექცია, ბრაკონიერების წინააღმდეგ მებრძოლი ინსპექცია, ზონალური ინსპექტორების ქვეგანყოფილება და თბილისის ზღვის დაცვის ჯგუფი; - მოკვლევის ქვეგანყოფილება; - კადრების ჯგუფი; - სამეურნეო ნაწილი; - კანცელარია. - უშუალოდ დაქვემდებარებული დანაყოფი - ეპიზოოტიის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახური. მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შს მინისტრი. ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე: 6.1. მართვის სამსახურის მეშვეობით ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას და წარმართავს დეპარტამენტის და მასში შემავალი დანაყოფების მუშაობას დანაშაულის აღკვეთისა და პროფილაქტიკის მიზნით; 6.2. წარმოადგენს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტს საქართველოს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურებში, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობებში; 6.3. ამტკიცებს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის სამუშაო გეგმებს, უზრუნველყოფს სტატისტიკური ანგარიშებისა და მუშაობის შედეგების სახელმწიფო აღრიცხვას, მონაცემების შეკრებას, ხელმძღვანელობს პროფილაქტიკის პრაქტიკის განზოგადებას; 6.4. ამუშავებს და შეაქვს შს მინისტრთან დასამტკიცებლად წინადადებები ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის და მისი ტერიტორიული ორგანოების სტრუქტურისა და საშტატო ერთეულებში ცვლილებების შეტანის შესახებ; 6.5. უზრუნველყოფს ოპერატიული სამსახურებთან ურთიერთშეთანხმებულ მუშაობას დანაშაულის აღკვეთა-აცილებისა და პროფილაქტიკის მიზნით; 6.6. გამოსცემს ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის აპარატისა და ადგილობრივი ორგანოებისათვის სავალდებულო ბრძანებებს და მითითებებს; 6.7. თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გეგმიური საკითხების, აგრეთვე საკითხების, რომლებიც შეეხება დეპარტამენტის საქმიანობის პრობლემებს, განხილვას სამინისტროს კოლეგიაზე; 6.8. კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დასჯის ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის მუშაკებს დისციპლინარული წესდების მოთხოვნათა შესაბამისად შსს კადრების მთავარ სამმართველოსთან შეთანხმებით; 6.9. შედის წინადადებით მინისტრისა და მინისტრის მოადგილის წინაშე სამინისტროს ნომენკლატურაში შემავალ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურების შესახებ ან აყენებს საკითხს მათი თანამდებობებიდან განსათავისუფლებლად. 6.10. დეპარტამენტის თავმჯდომარეს უთანხმდება ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტში შემავალი მთავარი სამმართველოების ცენტრალურ აპარატებში მიმდინარე ყველა თანამდებობრივი გადაადგილება, რომლებიც არ შედიან სამინისტროს ნომენკლატურაში. 6.11. დეპარტამენტის თავმჯდომარე განიხილავს და ამტკიცებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოებისა და დანაყოფების სამუშაო გეგმებს, კვარტლის შედეგების მიხედვით აჯამებს და შეაფასებს მათ და სამხარეო ადმინისტრაციული პოლიციის მიერ გაწეულ მუშაობას. მუხლი 7🔗. დეპარტამენტის ადგილობრივი დანაყოფები 7.1. დეპარტამენტის ადგილობრივ ორგანოებს წარმოადგენენ: - აჭარის, აფხაზეთის შს სამინისტროების ადმინისტრაციული პოლიციები; - ქ. თბილისის და სატრანსპორტო შს მთავარი სამმართველოების ადმინისტრაციული პოლიციის სამსახურები; - კახეთის, ქართლის, ქართლის, ქვემო იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების და სამმართველოების ადმინისტრაციული პოლიციის განყოფილებები; - საქალაქო და რაიონული შინაგან საქმეთა განყოფილებებისა და სამმართველოების ადმინისტრაციული პოლიციის სამსახურები. მუხლი 8🔗. დეპარტამენტის ადგილობრივი ორგანოების უფროსების უფლებამოსილებანი - პასუხისმგებელია დანაყოფის წინაშე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე; - ორგანიზაციას უკეთებს დეპარტამენტში შემავალი სამსახურების საქმიანობას, ახორციელებს კონტროლს მათ დროულ და კანონიერ მოქმედებაზე; - ანაწილებს დანაყოფის თანამშრომლებს შორის ფუნქციონალურ მოვალეობებს და აკონტროლებს მათ შესრულებას; - შედის წინადადებით ხელმძღვანელობასთან დაქვემდებარებული თანამშრომლების დანიშვნის განთავისუფლების, წახალისების, მორიგი სპეციალური წოდების მინიჭების და დისციპლინალური წესით დასჯის შესახებ. მუხლი 9🔗. დეპარტამენტის რეორგანიზაციის , ლიკვიდაციის და დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი 9.1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9.2. ამ დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე პოლიციის პოლკოვნიკი ლ . კენჭაძე „ვეთანხმები“ მინისტრის მოადგილე , პოლიციის გენერალ - მაიორი ე . საბანაძე