ინსტრუქცია ნოტარიუსების მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესის შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 08.01.1997
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო იუსტიციის სამინისტრო
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000389.01(2).000.000226
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 08/01/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ინსტრუქცია ნოტარიუსების მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესის შესახებ
დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ
1997 წლის 8 იანვარი
ინსტრუქცია ნოტარიუსების მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესის შესახებ
კარი I
ზოგადი დებულება
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსები ასრულებენ შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:
ა) ადასტურებენ გარიგებებს (ხელშეკრულებებს, ანდერძებს რწმუნებულებებს და სხვა);
ბ) გასცემენ მემკვიდრეობის უფლებების მოწმობას;
გ) გასცემენ საკუთრების უფლების მოწმობას ქონების ნაწილზე;
დ) გასცემენ მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობას;
ე) იღებენ ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღას ადებენ საცხოვრებელი სახლის გასხვისებას;
ზ) ამოწმებენ დოკუმენტის პირისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან;
თ) ამოწმებენ დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას;
ი) ამოწმებენ დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს;
კ) ადასტურებენ მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;
ლ) ადასტურებენ მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს;
მ) ადასტურებენ მოქალაქის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან;
ნ) ადასტურებენ დოკუმენტის წარდგენის დროს;
ო) გადასცემენ პირის განცხადებას და ცნობას სხვა პირს;
პ) დეპოზიტში იღებენ ფულს, ფასიან ქაღალდებს და ფასეულობებს;
ჟ) ასრულებენ სააღსრულებო წარწერას;
რ) ასრულებენ თამასუქის პროტესტს;
ს) გასანაღდებლად წარადგენენ ჩეკს და ადასტურებენ ჩეკის გაუნაღდებლობას;
ტ) შესანახად იღებენ დოკუმენტებს;
უ) აფიქსირებენ მტკიცებულებებს;
ფ) ასრულებენ საზღვაო პროტესტს;
ამ მუხლის „ბ-ვ” პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებას ნოტარიუსი ასრულებს სამუშაო უბნის მიხედვით.
ამ კანონით გათვალისწინებული მოქმედებების გარდა ნოტარიუსი ასრულებს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სანოტარო მოქმედებებს.
სანოტარო მოქმედებასთან დაკავშირებით ნოტარიუსი სამართლებრივ დახმარებას უწევს პირებს და მათი შუამდგომლობით ადგენს დოკუმენტების პროექტებს.
2. სანოტარო მოქმედებას სანოტარო ბიუროებში ასრულებენ ნოტარიუსები.
ნოტარიუსის სამუშაოზე არყოფნის დროისათვის ნოტარიუსის შუამდგომლობით იუსტიციის მინისტრი ნოტარიუსთა პალატასთან შეთანხმებით ნიშნავს პირს, რომელიც ნოტარიუსს შეენაცვლება არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
ნოტარიუსს ეკრძალება სანოტარო მოქმედებათა შესრულება იმ პერიოდში, როცა სამსახურებრივ საქმიანობას მისი შემცვლელი პირი ასრულებს.
იუსტიციის მინისტრი ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნიშნავს ნოტარიუსის შემცვლელ პირს ერთ წლამდე ვადით, თუ ნოტარიუსის თანამდებობა დროებით ვაკანტურია.
ნოტარიუსი შეიძლება შეცვალოს პენსიაზე მყოფმა სხვა ნოტარიუსმა ან ნოტარიუსობის კანდიდატმა.
ნოტარიუსის შემცვლელი პირი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით.
ნოტარიუსის შემცვლელი პირი, სამსახურეობრივ უფლებებს და მოვალეობებს იძენს მისი შემცვლელად დანიშვნის დღიდან და ეს უფლებები და მოვალეობები წყდება მისი ამ თანამდებობიდან განთავისუფლებისას.
3. „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით, „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და აქტებით.
4. ნოტარიუსი მოვალეა საიდუმლოდ შეინახოს ცნობები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს მოვალეობა ძალაში რჩება სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ.
ნოტარიუსი ცნობებს სანოტარო მოქმედების შესახებ აძლევს მხოლოდ იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომელთა დავალებით ან ვის მიმართაც შესრულდა სანოტარო მოქმედება, ან მათ წარმომადგენლებს. საგამომძიებო ორგანოების, ადვოკატის ან სასამართლოს მოთხოვნით ნოტარიუსი გასცემს ცნობებს სანოტარო მოქმედების შესახებ იმ სისხლის და სამოქალაქო სამართლის საქმეებზე, რომლებიც საგამომძიებო ორგანოების ან სასამართლოს წარმოებაშია. ნოტარიუსი მოვალეა, სათანადო მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ინსპექციას წარუდგინოს ცნობა იმ ქონების ღირებულების შესახებ, რომელიც გადავიდა პირის საკუთრებაში.
5. ნოტარიუსები მოვალენი არიან ხელი შეუწყონ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს მათი უფლებების განხორციელებასა და კანონიერი ინტერესების დაცვის საქმეში, განუმარტონ მათ თავიანთი უფლება-მოვალეობანი, გააფრთხილონ შესასრულებელი სანოტარო მოქმედების შედეგების შესახებ, რათა იურიდიული გაუთვითცნობიერებლობა და სხვა მსგავსი გარემოებანი გამოყენებული არ იქნეს მათ საზიანოდ.
აუცილებელ შემთხვევებში ნოტარიუსმა, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა თხოვნით, რომლებმაც მას სანოტარო მოქმედების შესასრულებლად მიმართეს, უნდა შეადგინოს გარიგებათა და განცხადებათა პროექტები, მოამზადოს დოკუმენტების ასლები და მათი ამონაწერები, აგრეთვე მისცეს ახსნა-განმარტებანი სანოტარო მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ამ სამუშაოს შესრულება შეიძლება დაევალოს აგრეთვე სანოტარო ბიუროს შტატში მყოფ იმ სტაჟიორებს, რომლებიც სტაჟირებას გადიან სანოტარო ბიუროში.
6. „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, სანოტარო ბიუროებში სანოტარო საქმის წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო ენაზე.
თუ პირი, რომელიც ითხოვს სანოტარო მოქმედების შესრულებას, ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით.
კარი II
სანოტარო მოქმედების შესრულების ძირითადი წესები
7. სანოტარო მოქმედება შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ სანოტარო ბიუროში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია „ნოტარიატის შესახებ” კანონის 41-ე და 48-ე მუხლის „ბ-ვ” პუნქტებით, როცა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სანოტარო მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ სანოტარო ბიუროში.
8. სანოტარო მოქმედება სრულდება სანოტარო ბიუროს შენობაში. ცალკეულ შემთხვევებში სანოტარო მოქმედება შეიძლება შესრულდეს აღნიშნული შენობის გარეთაც, თუ იმ მოქალაქეს, რომლისთვისაც მოქმედება სრულდება ავადმყოფობის, ინვალიდობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ შეუძლია გამოცხადდეს სანოტარო ბიუროს შენობაში.
თუ სანოტარო მოქმედება სრულდება სანოტარო ბიუროს შენობის გარეთ, დამადასტურებელ წარწერაში და სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო რეესტრში აღინიშნება სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი და მისამართი.
9. „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, სანოტარო მოქმედება სრულდება ამისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარდგენის და გათვალისწინებული გადასახადის გადახდის შემდეგ.
სანოტარო მოქმედების შესრულება შეიძლება გადაიდოს:
თუ გამოთხოვნილია დამატებითი მონაცემები ან დოკუმენტები, მათ შემოსვლამდე;
თუ ტარდება ექსპერტიზა, ექსპერტის დასკვნის მიღებამდე;
დაინტერესებული პირის თხოვნით, რომელსაც სურს მიმართოს სასამართლოს იმ უფლებაზე ან ფაქტზე შედავებისათვის, რომლის დადასტურებასაც ითხოვს მეორე პირი. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უფლება აქვს გადადოს სანოტარო მოქმედების შესრულება არაუმეტეს ათი დღის ვადით. თუ ნოტარიუსის მიერ დადგენილ ვადაში სასამართლოდან მიღებული არ იქნა ცნობა დაინტერესებული მოქალაქის განცხადების შეტანის შესახებ, ნოტარიუსი ასრულებს სანოტარო მოქმედებას.
სანოტარო მოქმედების შესრულება ჩერდება სასამართლოს შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე, სასამართლოში სამართლებრივი დავის გადაწყვეტამდე.
სანოტარო მოქმედების გადადების ან შეჩერებისას ნოტარიუსი არ გასცემს სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტს ან მოწმობას.
საჭიროების შემთხვევაში, ნოტარიუსი სანოტარო დოკუმენტში აღნიშნავს, რომ შემოწმებულია პირთა უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა.
10. სანოტარო მოქმედების შესრულების დროს ნოტარიუსები ადგენენ ფიზიკური პირების, მათი წარმომადგენლების ან იურიდიული პირების წარმომადგენლების ვინაობას, რომლებიც სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვენ.
დოკუმენტების ასლებისა და მათი ამონაწერების ნამდვილობის დამოწმებისას, მოქალაქეთა ვინაობა შეიძლება დადგინდეს აგრეთვე იმ მოწმობის მიხედვით, რომელიც გაცემულია დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის მიერ მათ სამუშაო ადგილზე.
16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა ვინაობა დადგინდება მშობლების (მშვილებლის) პასპორტებში მათ შესახებ ჩანაწერის საფუძველზე ან დაბადების მოწმობის მიხედვით.
სამხედრო მოსამსახურეთა ვინაობა დადგინდება პირადობის მოწმობისა და სამხედრო ბილეთის საფუძველზე, რომელთაც გასცემს სამხედრო ნაწილისა და სამხედრო დაწესებულების სარდლობა.
საქართველოში დროებით საცხოვრებლად ჩამოსული იმ მოქალაქეების ვინაობა, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საზღვარგარეთ, დადგინდება მათი საერთო სამოქალაქო საზღვარგარეთული პასპორტების მიხედვით.
საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არამქონე პირთა ვინაობა დადგინდება ბინადრობის მოწმობის ან ეროვნული პასპორტის მიხედვით, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ან სხვა საამისოდ უფლებამოსილ ორგანოებში.
11. გარიგებათა დადასტურების და ზოგიერთ სხვა სანოტარო მოქმედების შესრულების დროს (მაგალითად, დოკუმენტებზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმების დროს) ნოტარიუსი შეამოწმებს გარიგების მონაწილეთა და სხვა პირთა ხელმოწერის ნამდვილობას, რომლებიც ითხოვენ სანოტარო მოქმედების შესრულებას.
13. გარიგებათა დადასტურების დროს უნდა გამოირკვეს მოქალაქეთა ქმედუნარიანობა და შემოწმდეს გარიგებაში მონაწილე იურიდიულ პირთა უფლებაუნარიანობა. წარმომადგენლის მიერ გარიგების დადების შემთხვევაში ამოწმებენ მის უფლებაუნარიანობას.
14. ნოტარიულად დასამოწმებელ გარიგებებს, აგრეთვე განცხადებებსა და სხვა დოკუმენტებს ხელს აწერენ ნოტარიუსის თანდასწრებით. თუ გარიგების, განცხადების ან სხვა დოკუმენტის ხელმოწერას ნოტარიუსი არ დასწრებია, ხელმომწერმა პირადად უნდა დაადასტუროს, რომ დოკუმენტს მან მოაწერა ხელი.
ნოტარიუსს შეუძლია არ მოითხოვოს დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციების და სხვა კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამდებობების პირთა პირადად გამოცხადება, თუ სანოტარო ბიუროს საქმეებში მოიპოვება ამ თანამდებობის პირთა ხელმოწერის ნიმუში.
იმ პირის ნაცვლად, რომელსაც ავადმყოფობის, ფიზიკური ნაკლის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო შესაძლებლობა არა აქვს ხელი მოაწეროს დოკუმენტს, მისი დავალებითა და თანდასწრებით ხელს აწერს სხვა პირი სანოტარო მოქმედების შემსრულებელი თანამდებობის პირის წინაშე. გარიგების, განცხადების და სხვა დოკუმენტის ტექსტში უნდა აღინიშნოს მიზეზი, რომლის გამოც სანოტარო მოქმედების შესრულების მთხოვნელმა პირმა პირადად ვერ შეძლო დოკუმენტზე ხელის მოწერა.
თუ სანოტარო მოქმედების შესრულების მთხოვნელი მოქალაქე წერა-კითხვის უცოდინარი ან უსინათლოა, ნოტარიუსი მოვალეა წაუკითხოს მას დოკუმენტის ტექსტი და ეს აღნიშნოს დოკუმენტზე.
თუ სანოტარო მოქმედების შესრულების მთხოვნელი ყრუ-მუნჯია ან ყრუ-მუნჯი მოქალაქე წერა-კითხვის უცოდინარია, სანოტარო მოქმედების შესრულებისას აუცილებლად უნდა დაესწროს წერა-კითხვის მცოდნე პირი, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელმოწერით, რომ გარიგების, განცხადების ან სხვა დოკუმენტის შინაარსი შეესაბამება მასში მონაწილე ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯ მოქალაქის ნებას. ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი მოქალაქეთათვის სანოტარო მოქმედების შინაარსისა და შედეგების გასაგებად ნოტარიუსმა უნდა ისარგებლოს შესაბამისი სპეციალისტით.
15. ნოტარიუსებს უფლება აქვთ გამოითხოვონ სახელმწიფო დაწესებულებებისაგან, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან და სხვა კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან ცნობები და დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის. შესაბამისი ცნობები და დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ მითითებულ ვადაში. ეს ვადა ერთ თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
16. ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსებს უფლება არა აქვთ შეასრულონ სანოტარო მოქმედება, რომელიც მონაწილეობენ თვითონ მეუღლე, ან მეუღლის მშობლები, შვილები, პაპები, ბებიები, ძმები ან დები. „ნოტარიატის შესახებ“ 41-ე მუხლის „ბ-ვ“ პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებები სრულდება მხოლოდ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ სამუშაო უბანში.
ნოტარიუსს უფლება არა აქვს დაადასტუროს გარიგება, რომელშიც მონაწილეობს საწარმო ან კომერციული გაერთიანება, რომლებიც დაფუძნებულია ნოტარიუსის მეუღლის, მშობლების ან შვილების კუთვნილ კაპიტალზე.
იმ შემთხვევაში, როცა ნოტარიუსს უფლება არა აქვს შეასრულოს სანოტარო მოქმედება ამ კანონის 48-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში გათვალისწინებულ გარემოებათა გამო, სანოტარო მოქმედების უფლებამოსილებას იუსტიციის მინისტრი დააკისრებს სხვა ნოტარიუსს.
ამ კანონის 41-ე მუხლის „ბ-ვ” პუნქტების და 48-ე მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით შესრულებული სანოტარო მოქმედება ბათილია.
17. სანოტარო მოქმედების შესასრულებლად ნოტარიუსები არ მიიღებენ დოკუმენტებს, რომელშიც არის გადაფხეკილი ადგილები, მინაწერები, წაშლილი სიტყვები და სხვა ისეთი შესწორებანი, რომლებიც წინასწარ დათქმული არ იყო, აგრეთვე ფანქრით შესრულებულ დოკუმენტებს.
არ მიიღება აგრეთვე ორ და მეტ ცალკე ფურცელზე შედგენილი დოკუმენტები, თუ ფურცლები ზონარგაუყრელია, არ არის დანომრილი და ზონარგაყრილი. ფურცლების ოდენობა არ დასტურდება თანამდებობის პირის ხელმოწერით და იმ სახელმწიფო დაწესებულების, საწარმოს კოოპერაციული ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის ბეჭდით, რომელმაც დოკუმენტი გასცა.
სანოტარო წესით დადასტურებულ გარიგებათა ტექსტი უნდა დაიწეროს ნათლად და გარკვევით. თარიღი და ვადა, რომელიც დოკუმენტის შინაარსს შეეხება, ერთხელ მაინც უნდა დაიწეროს სიტყვებით, ხოლო იურიდიულ პირთა დასახელება ‒ შეუმოკლებლად, და მიეთითოს მათი ორგანოების ადგილსამყოფელი, საჭირო შემთხვევაში კი ‒ მიმდინარე (საანგარიშსწორებო) ანგარიშის და ბანკის განყოფილების ნომრები. მოქალაქის სახელები, მამის სახელები და გვარები უნდა დაიწეროს მთლიანად, საცხოვრებელი ადგილის აღნიშვნით. უცხოელ მოქალაქეთა სახელით გარიგების დადასტურებისას აღინიშნება აგრეთვე მათი მოქალაქეობა.
ბოლომდე შეუვსებელი სტრიქონები და სხვა თავისუფალი ადგილები დოკუმენტებზე
უნდა გადაიხაზოს. საზღვარგარეთ მოქმედებისათვის გათვალისწინებულ დოკუმენტებზე გადახაზვა დაუშვებელია.
დოკუმენტებზე აუცილებელი მინაწერები და შესწორებები კეთდება სათანადო პირთა (გარიგების მონაწილეთა და გარიგებაზე, განცხადებაზე და სხვა დოკუმენტზე ხელმომწერ პირთა) ხელმოწერამდე და გამეორდება დამადასტურებელი წარწერის ბოლოს, ამასთან შესწორებები ისე უნდა გაკეთდეს, რომ შეცდომით დაწერილი, შემდეგ კი გადახაზული მთელი ტექსტის წაკითხვა შეიძლებოდეს თავდაპირველ ტექსტში.
თუ შესწორება შეტანილია იმ დოკუმენტის ტექსტში, რომელსაც ხელს არ აწერენ მხარეები, დამადასტურებელი წარწერის ბოლოს იგი უნდა აღინიშნოს მხოლოდ ნოტარიუსის მიერ.
თუ დადასტურებული ან დასამოწმებელი დოკუმენტი შედგენილია არასწორად ან უწიგნურად, ნოტარიუსი წინადადებას აძლევს მთხოვნელ პირს გაასწოროს იგი ან შეადგინოს განმეორებით. პირის თხოვნით, დოკუმენტი შეიძლება შეადგინოს ნოტარიუსმა ან სანოტარო ბიუროს სხვა მუშაკმა (ამ ინსტრუქციის მე-5 პუნქტი). იმ შემთხვევაში, როცა დადასტურებული, გასაცემი ან დასამოწმებელი დოკუმენტები შედგენილია რამდენიმე ცალკე ფურცელზე, ისინი უნდა იყოს ზონარგაყრილი, ხოლო ფურცლები დანომრილი. ზონარგაყრილი ფურცლების რაოდენობა დამოწმდება ნოტარიუსის ხელმოწერით და სანოტარო ბიუროს გერბიანი ბეჭდის დასმით.
19. გარიგებათა დადასტურებისას, დოკუმენტების ასლებისა და მათი ამონაწერების სისწორის, ერთი ენიდან მეორეზე დოკუმენტების თარგმნის სისწორის, დოკუმენტებზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისას, დოკუმენტების წარდგენის დროის დადასტურებისას და სხვა სანოტარო მოქმედებათა შესრულებისას, დოკუმენტებზე კეთდება დამადასტურებელი წარწერა, რომელიც მოწმდება ნოტარიუსის ხელმოწერით, სანოტარო ბიუროს გერბიანი ბეჭდის დასმით. დამადასტურებელი წარწერის ფორმები შემუშავდება და მტკიცდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამადასტურებელი წარწერა უნდა დაიწეროს ნათლად, გადაუშლელ-გადაუფხიკავად, შეუვსებელი ადგილები უნდა გადაიხაზოს, მინაწერები და სხვა შესწორებანი აღინიშნოს.
დამადასტურებელ წარწერათა შესასრულებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შტამპები შესაბამისი წარწერის ტექსტით.
თუ დამადასტურებელი წარწერა არ ეტევა შესაბამის დოკუმენტზე, იგი შეიძლება გაგრძელდეს ან მთლიანად დაიწეროს დოკუმენტზე მიკრული ქაღალდის ფურცელზე. ამ შემთხვევაში ფურცლები, რომლებზეც გადმოცემულია დოკუმენტის ტექსტი და დამადასტურებელი წარწერა, ზონარგაყრილი და დანომრილი უნდა იყოს, ფურცლების რაოდენობა უნდა შემოწმდეს ნოტარიუსის ხელმოწერით და სანოტარო ბიუროს გერბიანი ბეჭდის დასმით.
დამადასტურებელი წარწერის გადმოცემის ან მისი გაგრძელებისათვის დასაშვებია აგრეთვე ქაღალდის ფურცლის მიწებება გერბიანი ბეჭდის დასმით, რომლის ანაბეჭდიც ნაწილობრივ უნდა აისახოს მიწებებულ ფურცლებზე.
ქაღალდის ფურცლების მიმაგრება და მიწებება დოკუმენტის ასლის სისწორის დამოწმების დამადასტურებელი წარწერისათვის, აგრეთვე დოკუმენტის ასლზე წარწერისათვის არ დაიშვება.
ყველა სანოტარო მოქმედება, რომელსაც ასრულებენ ნოტარიუსები, რეგისტრირდება სარეგისტრაციო ჟურნალში ‒ რეესტრში. ყოველ სანოტარო მოქმედებას ეძლევა ცალკე რიგითი ნომერი, ის ნომერი, რომლითაც სანოტარო მოქმედება რეგისტრირებულია რეესტრში, აღინიშნება ნოტარიუსის მიერ გაცემულ დოკუმენტებსა და დამადასტურებელ წარწერებში.
რეესტრები ზონარგაყრილი, ხოლო მათი ფურცლები დანომრილი უნდა იყოს. ფურცლების რაოდენობა მოწმდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აფხაზეთის ა.რ. და აჭარის ა.რ. იუსტიციის სამინისტროების, იუსტიციის განყოფილების საამისოდ უფლებამოსილ მუშაკთა ხელმოწერით.
სანოტარო მოქმედება ნოტარიუსის ან სანოტარო ბიუროს მუშაკის მიერ რეესტრში ჩაიწერება მხოლოდ დოკუმენტზე დამადასტურებელი წარწერისა და ხელმოწერის შემდეგ. რეესტრში ჩანაწერების ფანქრით გაკეთება დაუშვებელია.
სანოტარო ბიუროებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აფხაზეთის ა.რ. და აჭარის ა.რ. იუსტიციის სამინისტროების ნებართვით შეიძლება შემოღებულ იქნეს რამდენიმე რეესტრი. აღნიშნულ შემთხვევაში თითოეული რეესტრს მიეცემა დამოუკიდებელი ინდექსი. დოკუმენტებზე ნომრები ამგვარად აღინიშნება: №1-1, №1-2, № 2-1 და ა. შ. სადაც პირველი ციფრი ნიშნავს ინდექსის ნომერს, ხოლო მეორე ‒ ჩაწერის რიგით ნომერს. თითოეული რეესტრის ინდექსის ნომერი უცვლელი რჩება წლის განმავლობაში.
19. ნოტარიუსები სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო რეესტრის ამონაწერს გასცემენ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელთა მიმართაც იყო შესრულებული სანოტარო მოქმედება, აგრეთვე სასამართლოს, პროკურატურის, გამოძიების მოკვლევის და ადვოკატურის ორგანოების მიხედვით. მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის ან სამოქალაქო სამართლის საქმეებთან დაკავშირებით.
20. დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც შესრულებულია სანოტარო მოქმედება, თან დაერთვის გარიგების, მემკვიდრეობის უფლების მოწმობის და სხვა დოკუმენტის იმ ეგზემპლარს, რომელიც სანოტარო ბიუროში რჩება.
დოკუმენტის დედნები (მაგალითად, დაბადების, ქორწინების, გარდაცვალების მოწმობა) დაუბრუნდებათ წარმომდგენ პირებს, ამასთან სანოტარო ბიუროში დარჩება მათი ასლები. ასლებს წარადგენენ დაინტერესებული პირები ან მათი თხოვნით დაამზადებს სანოტარო ბიუროს მუშაკი და დაამოწმებს ნოტარიუსი, რის შესახებაც გაკეთდება წარწერა „ასლი სწორია“. შემდეგ დაისმება ნოტარიუსის ხელმოწერა და თარიღი. ამ შემთხვევებში საზღაური გადაიხდება მხოლოდ ასლების დამზადებისათვის.
სანოტარო მოქმედების შესრულების მთხოვნელ მოქალაქეთა, მათ წარმომადგენელთა ან სახელმწიფო დაწესებულების, საწარმოებისა და ორგანიზაციების, კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტები დაუბრუნდებათ მათ წარმდგენ პირებს ასლების დაუტოვებლად, მაგრამ რეესტრში ჩაიწერება დოკუმენტის დასახელება, მიცი ნომერი, მიცემის თარიღი და დოკუმენტის გამცემი დაწესებულების დასახელება.
სანოტარო ბიუროში არ რჩება შემდეგი დოკუმენტები ან მათი ასლები:
- იურიდიულ პირთა წესდებანი და დებულებანი, აგრეთვე დოკუმენტები მათი წარმომადგენლების უფლებამოსილების შესახებ (გარდა კონკრეტული ხელშეკრულების დასადებად გაცემული რწმუნებულებისა).
- დოკუმენტები, რომლებიც ადგენენ მოქალაქეთა პირადი საკუთრების უფლებას საცხოვრებელ სახლზე (სახლის ნაწილზე) ან ბინაზე ინდივიდუალურ მენაშენეთა საბინაო-სამშენებლო კოლექტივის სახლში, ‒ მათი გასხვისების შესახებ გარიგებითი დადასტურებისას იმ შემთხვევაში, როცა მესაკუთრე მთლიანად არ ასხვისებს თავის კუთვნილ სახლს (სახლის ნაწილს) ან ბინას, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როცა მესაკუთრეებს აქვთ ერთი საერთო დოკუმენტი სახლზე ან ბინაზე და ერთ-ერთი მათგანი ასხვისებს თავის კუთვნილ წილს (ან წილის ნაწილს); დაუმთავრებელი სახლის გასხვისების შესახებ ხელშეკრულებათა, საცხოვრებელი სახლის წილის ოდენობის დაწესების ან შეცვლის შესახებ შეთანხმებათა დადასტურებისას.
- ხელშეკრულებანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ სანოტარო ბიუროს საქმეში არ რჩება იმ შემთხვევაშიც, როცა მესაკუთრე მთლიანად ასხვისებს საცხოვრებელ სახლის (სახლის ნაწილს). სახლის (სახლის ნაწილის) გასხვისების ხელშეკრულებათა დადასტურებისას ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ და მიწის ნაკვეთის გეგმა სახლის გასხვისების აღნიშვნით თან დაერთვის გასხვისების ხელშეკრულების იმ ეგზემპლარს, რომელიც სახლის შემძენს ეძლევა. მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიცემისას ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ ეძლევათ იმ პირებს, რომლებსაც ხვდებათ სახლი მემკვიდრეობით;
- შეუვალობის მოწმობები ‒ დაჯავშნული საცხოვრებელი ფართობის ქვექირავნობის ხელშეკრულებათა დადასტურებისას;
- ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური პასპორტები და ქვითრები გამოსაღების გადახდის შესახებ ‒ აღნიშნულ საშუალებათა გასხვისების შესახებ ხელშეკრულების დადასტურებისას, მემკვიდრეობის უფლებისა და საკუთრების უფლების მოწმობათა მიცემისას.
აღნიშნული დოკუმენტების არსებობის შესახებ აღინიშნება რეესტრში ან სანოტარო ბიუროში დატოვებული გარიგების მემკვიდრეობის უფლებისა და საკუთრების უფლების მოწმობათა მიცემის შესახებ განცხადებათა ეგზემპლარებში, ამავე დროს შეიტანება სანოტარო მოქმედების რეესტრში, რის შემდეგაც ისინი დაუბრუნდება წარმდგენ პირს.
21. ნოტარიუსის მიერ დადასტურებული ან გაცემული დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში იმ მოქალაქის, სახელმწიფო დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის, მეურნეობის ან სხვა კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლის დავალებით ან რომლის მიმართაც იყო შესრულებული სანოტარო მოქმედება, გაიცემა დაკარგული დოკუმენტის ასლი.
სანოტარო ბიუროებში გასცემენ აგრეთვე „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე პუნქტში ჩამოთვლილ თანამდებობის პირთაგან შესანახად შემოსული ანდერძის ასლებს.
დოკუმენტის ასლი უნდა შეიცავდეს დადასტურებული ან გაცემული დოკუმენტის მთლიან ტექსტს.
დოკუმენტის ასლზე კეთდება დამადასტურებელი წარწერა დაწესებული ფორმის მიხედვით.
ანდერძის ასლი შეიძლება მიეცეთ ანდერძში აღნიშნულ მემკვიდრეებს მას შემდეგ, რაც ისინი წარადგენენ მოწმობას მოანდერძის გარდაცვალების შესახებ. ანდერძში აღნიშნული მემკვიდრეების გარდაცვალების შემთხვევაში, ანდერძის ასლი შეიძლება მიეცეთ მათ მემკვიდრეებს მას შემდეგ, რაც ისინი წარადგენენ მოწმობებს მოანდერძისა და გარდაცვლილი მემკვიდრის გარდაცვალების შესახებ.
22. თუ წარდგენილი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, ნოტარიუსებს უფლება აქვთ შეაჩერონ ეს დოკუმენტი და გაგზავნონ იგი საექსპერტიზოდ.
დოკუმენტის საექსპერტიზოდ გაგზავნის შესახებ სახელმწიფო ნოტარიუსს გამოაქვს დადგენილება, რომელშიც აღინიშნება:
- დადგენილების გამოტანის თარიღი;
- დადგენილების გამომტანი ნოტარიუსის ინიციალების, გვარის და სანოტარო კანტორის დასახელება;
- დოკუმენტის დასახელება, ვის სახელზეა იგი გაცემული;
- ვინ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი) წარადგინა დოკუმენტი სანოტარო მოქმედების შესასრულებლად.
- გარემოებანი, რამაც გამოიწვია დოკუმენტის საექსპერტიზოდ გაგზავნის აუცილებლობა.
- სად (რომელ საექსპერტიზო დაწესებულებაში) იგზავნება დოკუმენტი ექსპერტიზის ჩასატარებლად.
- საკითხები, რომლებზეც საჭიროა ექსპერტიზის დასკვნა.
- იმ საექსპერტიზო დაწესებულების (ექსპერტის) დასახელება, რომელსაც ევალება ექსპერტიზის ჩატარება.
23. ნოტარიუსები:
- უარს ამბობენ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, თუ ასეთი მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება კანონს (თუ მოქმედება არ უნდა შესრულდეს სანოტარო ორგანოს მიერ, ან უნდა შესრულდეს სხვა სანოტარო ბიუროში. თუ სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვს არაქმედითუნარიანი პირი ან წარმომადგენელი, რომელსაც საჭირო რწმუნებულება არ გააჩნია. თუ სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვს პირი, რომელიც თუმცა ქმედითუნარიანია, მაგრამ მოცემული მომენტისათვის ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განსაზღვროს მისი შედეგები. თუ იურიდიული პირის სახელით შესასრულებელი გარიგება ეწინააღმდეგება მის წესდებაში ან დებულებაში აღნიშნულ მიზნებს, თუ გარიგება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს ან სრულდება ისეთი მიზნით, რაც აშკარად ეწინააღმდეგება მორალურ ნორმებს).
- არ იღებენ სანოტარო მოქმედების შესრულებისთვის დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს ან შეიცავენ ისეთ ცნობებს, რომლებიც ჩირქს სცხებენ მოქალაქეთა პატივსა და ღირსებას.
ნოტარიუსმა იმ პირის მოთხოვნით, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, უნდა ჩამოაყალიბოს უარის მიზეზები წერილობით და განუმარტოს მისი გასაჩივრების წესი. ამ შემთხვევებში, ნოტარიუსს არაუგვიანეს სამი დღის ვადაში გამოაქვს დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ.
დადგენილებაში უარის შესახებ უნდა აღინიშნოს:
- დადგენილების გამოტანის თარიღი;
- ნოტარიუსის ინიციალები, გვარი და სანოტარო ბიუროს დასახელება;
- სანოტარო მოქმედების შესრულების მთხოვნელი მოქალაქის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მისი საცხოვრებელი ადგილი (ან იურიდიული პირის დასახელება და მისამართი);
- რა სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვდა მოქალაქე;
- რა მოტივით ეთქვა უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (კანონმდებლობის დამოწმებით);
უარის გასაჩივრების წესი და ვადები.
24. თუ ნოტარიუსი აღმოაჩენს, რომ მის მიერ დაშვებული შეცდომის საფუძველზე შესრულებული სანოტარო მოქმედება არასწორია, იგი მოვალეა შეატყობინოს ამის შესახებ სასამართლოს აღნიშნული სანოტარო მოქმედების გასაუქმებლად და მის მიერ მიღებული ზომების შესახებ აცნობოს იუსტიციის მინისტრს, რის შემდეგაც მასზე სათანადო ზემოქმედების ზომები აღარ მიიღება.
ნოტარიუსს თავისი ინიციატივით ან დაინტერესებული პირთა თხოვნით შეუძლია გაასწოროს მხოლოდ აშკარა შეცდომები, ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები, რომლებიც დადასტურებული ან გაცემული დოკუმენტის არსს არ ცვლიან.
როცა ნოტარიუსი აღმოაჩენს, რომ მის მიერ დაანგარიშებული საზღაური არასწორია, მაშინ იგი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ინსპექციას და იმ პირს, ვისთვისაც შესრულდა სანოტარო მოქმედება.
კარი III
სანოტარო მოქმედების ცალკეულ სახეობათა შესრულების წესები
თავი I
გარიგებათა დადასტურება
გარიგებათა დადასტურების ზოგადი პირობები
25. ნოტარიუსები ადასტურებენ გარიგებებს, რომელთა შესასრულებლად კანონმდებლობით დადგენილია სავალდებულო სანოტარო ფორმა.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო სანოტარო დადასტურებას ექვემდებარება შემდეგი გარიგებანი:
- ქალაქის ან ქალაქის ტიპის დაბაში მდებარე საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის), ინდივიდუალურ მენაშენეთა საბინაო-სამშენებლო კოლექტივის მრავალბინიან სახლში ბინის გასხვისების (ყიდვა-გაყიდვის, გაცვლილობის, ნაჩუქრობის, გარდაცვალებამდე
რჩენის) ხელშეკრულებანი.
- საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის), ბინის გირავნობის ხელშეკრულებანი.
- პირადი საკუთრების საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების უვადო სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულებანი.
- ანდერძები.
- რწმუნებულობანი ისეთ გარიგებათა დასადებად, რომლებიც სანოტარო ფორმას მოითხოვენ, აგრეთვე მოქმედება სახელმწიფო, კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონით ან სპეციალური წესებით დაშვებულია რწმუნებულობის სხვა ფორმა.
- რწმუნების მიცემის წესით გაცემული რწმუნებულებანი (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 69-ე მუხლი).
მხარეთა სურვილისამებრ დასტურდება სხვა ისეთი გარიგებებიც, რომლებისთვისაც კანონმდებლობით დადგენილი არის სავალდებულო სანოტარო დადასტურება.
26. ნოტარიუსები მოვალენი არიან განუმარტონ მხარეებს მათ მიერ წარმოდგენილ გარიგებათა პროექტების შინაარსი და მნიშვნელობა და შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა მათი შინაარსი მხარეთა ნამდვილ ნება-სურვილს („ნოტარიატის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლი).
27. გარიგებანი იმ ქონების გასხვისებისა და გირავნობის შესახებ, რომელიც რეგისტრაციას ექვემდებარება, შეიძლება დადასტურდეს, თუ წარდგენილი იქნება გასხვისებულ ან დასაგირავებელ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
28. გარიგებანი გადასახადით ან გამოსაღებით დასაბეგრი ქონების გასხვისების შესახებ, შეიძლება დადასტურდეს იმ პირობით, თუ წარდგენილი იქნება გადასახადი ან გამოსაღების (გადახდის გადასახადის ან გამოსაღების გადახდისაგან განთავისუფლების) მტკიცებულებანი, ან შესაბამისი ორგანოებისა და შემძენის თანხმობა იმის შესახებ, რომ გამოანგარიშებული გადასახადი ან გამოსაღები გადატანილ იქნეს შემძენზე.
იმის დამადასტურებლად, რომ სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელებს გამოსაღები გადახდილი აქვთ, შეიძლება წარდგენილ იქნეს ქვითარი.
29. გარიგების მონაწილეთა ქმედუნარიანობის გამორკვევისას, ნოტარიუსი ითხოვს დოკუმენტს (იხ. ამ ინსტრუქციის მე-11 პუნქტი), რომელშიც აღნიშნულია გარიგების მონაწილეთა ასაკი.
თუ ნოტარიუსს საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ გარიგების რომელიმე მონაწილეს სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და შედეგი, ხოლო ცნობები ამ პირის არაქმედითუნარიანად აღიარების შესახებ არ არსებობს, ნოტარიუსი გადადებს გარიგების შესრულებას და გამოარკვევს, არსებობს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება პირის არაქმედუნარიანად აღიარების შესახებ. თუ ასეთი გადაწყვეტილება სასამართლოს არ გამოუტანია, ნოტარიუსი თავისი ვარაუდის შესახებ ატყობინებს პირს ან ორგანიზაციას, რომლებსაც შეუძლიათ აღძრან სასამართლოს წინაშე საკითხი ამ პირის არაქმედუნარიანად აღიარების შესახებ. თავის წერილში ნოტარიუსი სთხოვს შეატყობინონ მას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. შესაბამისი კომპეტენტური თანამდებობის პირის ან ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ნოტარიუსი ან შეასრულებს გარიგებას, ანდა შეაჩერებს სანოტარო მოქმედების შესრულებას სასამართლოში საქმის განხილვამდე.
გარიგებანი 15 წლის ასაკის არასრულწლოვანთა სახელით, აგრეთვე იმ მოქალაქეთა სახელით, რომლებიც სასამართლოს წესით აღიარებულნი არიან არაქმედუნარიანად, შეიძლება დადონ მათმა მშობლებმა, მშვილებლებმა ან მეურვეებმა.
15-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა სახელით დადებული გარიგებანი შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მშობელთა, მშვილებელთა ან მზრუნველთა თანხმობით.
თუ მშობლებს (მშვილებლებს), მეურვეებს ან მზრუნველებს რაიმე მიზეზით (იმყოფებიან მივლინებაში, ცხოვრობენ სხვა ადგილზე და ა.შ.) არ შეუძლიათ მისცენ თანხმობა გარიგების დასადასტურებლად, იგი შეიძლება დადასტურდეს სამეურვეო და სამზრუნველო ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით. ამასთან, დაცული უნდა იყოს საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის 150-ე მუხლის მოთხოვნები.
ნოტარიუსები მოითხოვენ სამეურვეო და სამზრუნველო ორგანოს ნებართვას მეურვის უფლებით დადონ და მზრუნველის უფლებით თანხმობა განაცხადონ სამეურვეო პირის სახელით ისეთ გარიგებათა დასადებად, რაც საყოფაცხოვრებო გარიგებათა ფარგლებს სცილდება.
კერძოდ, სამეურვეო და სამზრუნველო ორგანოს წინასწარი ნებართვა საჭიროა სანოტარო წესით დასადასტურებელ ხელშეკრულებათა დასადებად, სამეურვეო პირის კუთვნილ უფლებებზე უარის სათქმელად, ქონების გასაყოფად, საცხოვრებელი სადგომის გასაცვლელად და ქონების გასასხვისებლად.
სამეურვეო პირის სახელით ნაჩუქრობის ხელშეკრულების დადასტურება არ შეიძლება.
ეს წესები ვრცელდება იმ გარიგებებზეც, რომელსაც დებენ მშობლები (მშვილებლები) თავიანთი არასრულწლოვანი შვილების მეურვეთა (მზრუნველთა) სახით.
30. გარიგებაში მონაწილე იურიდიულ პირთა უფლებაუნარიანობის შემოწმებისას, ნოტარიუსები მოვალენი არიან გაეცნონ იურიდიული პირის წესდებას ან დებულებას და შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა შესასრულებელი მოქმედება წესდებით ან დებულებით იურიდიული პირისათვის მინიჭებულ უფლებას.
ისეთი გარიგების დადასტურებისას, რომელშიც მხარეა მეურნეობა, ნოტარიუსები შეამოწმებენ რეგისტრირებულია თუ არა მოცემული მეურნეობის წესდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
31. წარმომადგენლის მიერ გარიგების შესრულების შემთხვევაში, ნოტარიუსები შეამოწმებენ მის უფლებამოსილებასაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება დადასტურდება მის სახელზე გაცემული რწმუნებულებით. ნოტარიუსები არ მოითხოვენ რწმუნებულებას გარიგების დასადებად და სხვა მოქმედების შესასრულებლად იმ იურიდიულ პირთა ხელმძღვანელობისაგან, რომელთაც წესდებით ან დებულებით მინიჭებული აქვთ გარიგების დადების უფლება. ასეთ შემთხვევაში მათ მოეთხოვებათ მხოლოდ თანამდებობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თუ იურიდიულ პირს მართავს არჩევითი კოლეგიალური ორგანო, გამოთხოვილი უნდა იქნეს დადგენილება თანამდებობის პირთა არჩევისა და მათ შორის მოვალეობათა განაწილების შესახებ.
32. შეთანხმება ქონების გასხვისების ხელშეკრულების მოშლის შესახებ, შეიძლება გაფორმდეს, როგორც ხელშეკრულებაზე თანდართული ცალკე დოკუმენტის შედგენით, ისე მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ყველა ეგზემპლარზე შესაბამისი წარწერითაც.
ქონების გასხვისების ხელშეკრულების მოშლისას, თუ ეს ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ არის რეგისტრირებული შესაბამის ორგანოში, ნოტარიუსი მხარეთა განცხადების საფუძველზე ხელშეკრულების მოშლას აღნიშნავს მის ყველა ეგზემპლარზე და რეესტრში.
გარიგების მოშლის შესახებ მხარეთა შეთანხმება, რომელიც დაიდება შესაბამის ორგანოში ხელშეკრულების რეგისტრაციის შემდეგ, დადასტურდება სანოტარო წესით.
იმ შემთხვევაში, თუ მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება ქონების გასხვისების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, ნოტარიუსი ამას აღნიშნავს რეესტრში და ხელშეკრულების იმ ეგზემპლარზე, რომელიც ინახება სანოტარო ბიუროში.
ქონების გამყიდველს (მჩუქებელს) მისი მოთხოვნით უბრუნდება სანოტარო ბიუროში არსებული უფლებაგანმსაზღვრელი დოკუმენტი (ან მისი დუბლიკატი, რომელიც გამყიდველს (მჩუქებელს) ჰქონდა ქონების გასხვისების შესახებ მოსაშლელი ხელშეკრულების დადებამდე.
ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში მხარეთა მიერ ამ ხელშეკრულების დადასტურებისათვის გადახდილი საზღაური დაბრუნებას არ ექვემდებარება.
ხელშეკრულება სპეციალურ აღრიცხვაზე არსებული ქონების (საცხოვრებელი სახლი და სხვა) გასხვისების შესახებ, აგრეთვე შეთანხმება ასეთი ხელშეკრულების მოშლის შესახებ (შესაბამის ორგანოში მისი რეგისტრაციის შემდეგ) წარდგენილ უნდა იქნეს სარეგისტრაციოდ ამ ქონების აღრიცხვის ადგილზე, რასაც ნოტარიუსი აღნიშნავს დამადასტურებელ წარწერაში და განუმარტავს მხარეებს.
საცხოვრებელი სახლის, ბინის (ან მისი ნაწილის) გასხვისების ხელშეკრულება წარდგენილ უნდა იქნეს სარეგისტრაციოდ (ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში) სამი თვის განმავლობაში.
34. ხელშეკრულებები, ანდერძები, რწმუნებულებები და სხვა დოკუმენტები რომლებშიც ჩამოყალიბებულია სანოტარო წესით დასადასტურებელ გარიგებათა შინაარსი, ნოტარიუსებს წარედგინებათ სულ ცოტა, ორ ეგზემპლარად მაინც, რომელთაგან ერთი რჩება სანოტარო ბიუროს საქმეებში.
ყველა ეგზემპლარს ხელს აწერენ გარიგების მონაწილენი. დამადასტურებელი წარწერა ასევე გაკეთდება ყველა ეგზემპლარზე. გარიგების მონაწილეთ, სურვილისამებრ ყოველ მათგანს, მიეცემა თითო ეგზემპლარი.
საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების
მიცემის ხელშეკრულებათა დადასტურება
35. პირადი საკუთრების საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების მიცემის ხელშეკრულებებს ადასტურებენ სანოტარო ბიუროები მიწის ნაკვეთის გამოყოფის ადგილის მიხედვით.
ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დაბებში პირადი საკუთრების საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების უვადო სარგებლობაში მიცემის ხელშეკრულებათა დადასტურებისას, ნოტარიუსები ამოწმებენ, თუ რამდენად შეესაბამება ხელშეკრულება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საჭიროა აგრეთვე შემოწმდეს შეიცავს თუ არა ხელშეკრულება პირადი საკუთრების ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის უვადო სარგებლობაში მიცემის ტიპობრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ რეკვიზიტს.
აღნიშნულ ხელშეკრულებათა დადასტურებისას ნოტარიუსები გამოითხოვენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ და მიწის ნაკვეთის გეგმისა და განაშენიანების პროექტის ორ ეგზემპლარს.
მიწის ნაკვეთის გეგმა და განაშენიანების პროექტი თან დაერთვის ხელშეკრულებათა ეგზემპლარებს, რომლებიც მხარეებს ეძლევათ.
სანოტარო ბიუროში დარჩენილ ეგზემპლარს მიწის ნაკვეთის გეგმა და განაშენიანების პროექტი არ დაერთვის.
საჭირო არ არის განაშენიანების პროექტის წარდგენა მაშინ, როცა დადასტურდება ხელშეკრულება სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფასთან დაკავშირებით მოქალაქეთა კუთვნილი ნაგებობების გადასატანად მიწის ნაკვეთების მიცემის შესახებ.
36. საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების მიცემის ხელშეკრულებათა დადასტურებისას, ნოტარიუსები მენაშენეებს განუმარტავენ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 104-ე და 105-ე მუხლების შინაარსს, რაც აღინიშნება ხელშეკრულების ტექსტში მხარეთა ხელმოწერის წინ.
37. საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთების მიცემის ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში მხარეების (კომუნალური მეურნეობის სამმართველოს (განყოფილების) და მენაშენის) თანხმობით ნოტარიუსები ხელშეკრულების მოშლის შესახებ აღნიშნავენ სანოტარო ბიუროში არსებულ ეგზემპლარში და რეესტრში.
ასეთი აღნიშვნა კეთდება ხელშეკრულების მოშლის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მიღებულია მენაშენის განცხადების საფუძველზე. ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებით მხარეთა გამოცხადება სანოტარო ბიუროში სავალდებულო არ არის.
38. მხარეთა (კომუნალური მეურნეობის სამმართველოს (განყოფილების) და მენაშენის) შეთანხმება საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის მიცემის ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულების პირობების შეცვლის შესახებ შეიძლება დადასტურდეს მას შემდეგ, რაც ნოტარიუსს წარუდგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილებას ხელშეკრულების პირობების შეცვლის თაობაზე.
ხელშეკრულების პირობების შეცვლა შეიძლება როგორც ხელშეკრულების მოშლისა და მის ნაცვლად ახლის დადებით, ისევე ხელშეკრულების პირობების შეცვლის თაობაზე ცალკე შეთანხმების შედგენით. ამ შემთხვევაში შეთანხმება თან დაერთვის თავდაპირველი ხელშეკრულების ეგზემპლარებს. შეთანხმების შინაარსი შეიძლება გადმოცემული იქნეს თავდაპირველი ხელშეკრულების ყველა ეგზემპლარზე წარწერის სახითაც.
შეთანხმებას ხელი უნდა მოაწერონ კომუნალური მეურნეობის სამმართველოს (განყოფილების) წარმომადგენელმა, მენაშენემ, და უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით.
საცხოვრებელი სახლის, ბინის (მისი ნაწილის) გასხვისების
გარიგებათა დადასტურება
39. საცხოვრებელი სახლის, ბინის (ან მისი ნაწილის) გასხვისების ხელშეკრულებათა სანოტარო წესით დადასტურებისას, ნოტარიუსები ამოწმებენ, ეკუთვნის თუ არა ისინი გამსხვისებელ პირს.
გასასხვისებელ საცხოვრებელ სახლზე (სახლის ნაწილზე) ან ბინაზე მოქალაქეთა პირადი საკუთრების უფლება დადასტურდება შემდეგი დოკუმენტებით:
- ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტი პირადი საკუთრების საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ (ხელშეკრულება განაშენიანების უფლების შესახებ, დადებული 1948 წლის 26 აგვისტომდე), აგრეთვე ხელშეკრულება ინდივიდუალურ მენაშენეთა საბინაო-სამშენებლო კოლექტივისათვის საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის მიცემის შესახებ.
- ნოტარიულად დადასტურებული (1931-1936 წლებში კომუნალური ორგანოს მიერ დამოწმებული) ყიდვა-გაყიდვის (მათ შორის, გამყიდველის გარდაცვალებამდე რჩენის პირობით), ნაჩუქრობის, გაცვლილობის ხელშეკრულება.
- საჯარო ვაჭრობით საცხოვრებელი სახლის შეძენის აქტის ასლი.
- აქტი სახლის დემუნიციპალიზაციის შესახებ.
- მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.
- მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობა.
- სახლზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ასლი.
- ხელშეკრულება სახლის გაყოფის შესახებ.
- სარეგისტრაციო მოწმობა.
- ბინის პრივატიზაციის შემთხვევაში პრივატიზაციის ხელშეკრულება.
პრივატიზებული ბინის გასხვისებისას გამოითხოვება პრივატიზაციის მომენტში ბინაზე უფლების მქონე ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობა.
ჩამოთვლილ დოკუმენტებზე, გარდა სარეგისტრაციო მოწმობისა, აღნიშნული უნდა იყოს, რომ ისინი რეგისტრირებული არიან ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში.
გასხვისებულ სახლზე (სახლის ნაწილზე) ან ბინაზე უფლების განმსაზღვრელი დოკუმენტის გარდა, იმ ადგილებში, სადაც ჩატარებულია ინვენტარიზაცია, ნოტარიუსი გამოითხოვს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობას.
თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობაში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფართობი უფრო მეტი აღმოჩნდება ვიდრე აღნიშნულია უფლებაგანმსაზღვრელ დოკუმენტში, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როცა ცნობიდან ჩანს, რომ მესაკუთრემ მიაშენა (დააშენა) სახლს ან არასაცხოვრებელი სადგომი გააკეთა საცხოვრებლად დაწესებული ნებართვის გარეშე, ნოტარიუსი მოითხოვს წარუდგინონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის ფართობის შეცვლის, მიშენების (დაშენების), ანდა გადაკეთების ნებართვის შესახებ. თუ ასეთი გადაწყვეტილება არ არსებობს, მიწის ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის, (სახლის ნაწილის) ფართობი გასხვისების ხელშეკრულებაში აღინიშნება უფლებაგანმსაზღვრელი დოკუმენტის მიხედვით.
თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობაში აღნიშნული მიწის ნაკვეთის ან საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივი ფართობი უფრო ნაკლები აღმოჩნდება, ვიდრე აღნიშნულია უფლებაგანმსაზღვრელ დოკუმენტში, გასხვისების ხელშეკრულებაში მათი ფართობი აღინიშნება ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობის მიხედვით.
40. საცხოვრებელი სახლის, ბინის (ან მისი ნაწილის), გასხვისების ხელშეკრულების დადასტურებისას ნოტარიუსები ამოწმებენ, რომ გასხვისებაზე დადებული არ არის ყადაღა.
მიუხედავად იმისა, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობაში აღნიშნულია თუ არა ყადაღის არსებობა, ნოტარიუსები მოვალენი არიან შეამოწმონ ეს მონაცემები სანოტარო ბიუროს მონაცემების მიხედვით ან გამოითხოვონ შესაბამისი ცნობა, რის შესახებაც აღინიშნება ხელშეკრულების იმ ეგზემპლარზე, რომელიც რჩება სანოტარო ბიუროს საქმეებში.
თუ გასხვისებაზე დადებულია ყადაღა, საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ან ბინის გასხვისების ხელშეკრულება შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი და შემძენი თანახმანი არიან ვალი გადატანილ იქნეს შემძენზე.
41. ხელშეკრულება იმ საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ბინის გასხვისების შესახებ, რომლებიც შეძენილია ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ და წარმოადგენს საერთო (ერთობლივ) საკუთრებას, შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მეორე მხარის (ცოლის, ქმრის) წერილობითი თანხმობის საფუძველზე ბინის, სახლის (სახლის ნაწილის) გასხვისების შესახებ.
საცხოვრებელი სახლის, ბინის (ან მათი ნაწილის) გასხვისებაზე თანხმობის შესახებ მეუღლის განცხადების ხელმოწერის ნამდვილობა ნოტარიულად უნდა დაამოწმოს სანოტარო ორგანომ ან იმ სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციამ, რომელშიც იგი იმყოფება სამკურნალოდ. ხელმოწერის დამოწმება საჭირო არ არის, თუ მეუღლე პირადად გამოცხადდება და ჩააბარებს ნოტარიუსს განცხადებას გასხვისებაზე თანხმობის შესახებ. ამ შემთხვევაში ნოტარიუსი დაადგენს მეუღლის ვინაობას და შეამოწმებს მისი ხელმოწერის ნამდვილობას, რასაც აღნიშნავს განცხადებაზე და მიუთითებს მეუღლის ვინაობას, დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელებას, მის ნომერს, მიცემის თარიღს და დოკუმენტის გამცემი დაწესებულების დასახელებას.
თუ მეორე მხარის (ცოლის, ქმრის) განცხადებაში აღნიშნულია, პერსონალურად ვის (მოქალაქის გვარი, სახელი, ორგანიზაციის დასახელება) უნდა მიყიდოს ან აჩუქოს ერთობლივად შეძენილი სახლი (სახლის ნაწილი), ბინა ანდა აღნიშნულია ფასი და გაყიდვის სხვა პირობები, ნოტარიუსი გასხვისების ხელშეკრულების დადასტურებისას მოვალეა შეამოწმოს დაცულია თუ არა მეუღლის განცხადებაში აღნიშნული პირობები.
იმ შემთხვევაში, როცა სახლზე (სახლის ნაწილზე) უფლების განმსაზღვრელი დოკუმენტით (სარეგისტრაციო მოწმობა, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მოწმობა და სხვა.) შეუძლებელია დადგინდეს მისი შეძენის დრო და საფუძველი, ხოლო სახლის (სახლის ნაწილი) განსხვისებული პირის მეუღლე თავს არიდებს წერილობითი პასუხის გაცემას იმ შეკითხვაზე, რომ თანახმაა საცხოვრებელი სახლი (სახლის ნაწილი) გაასხვისოს მეორე მხარემ (ცოლმა, ქმარმა), რომლის სახელზეც არის რეგისტრირებული სახლი (სახლის ნაწილი) ამ უკანასკნელს შეიძლება გადაეცეს განცხადება იმ წინადადებით, რომ გამოცხადდეს სანოტარო ბიუროში, რათა გაირკვეს მისი წილი სახლში (სახლის ნაწილში). თუ იგი სანოტარო ბიუროში არ გამოცხადდება დაწესებულ ვადაში და არ გაგზავნის განცხადების მიღების დღიდან ერთი თვის განმავლობაში თავის მოსაზრებებს, ნოტარიუსს შეუძლია დაადასტუროს სახლის (სახლის ნაწილის), ან ბინის გასხვისების ხელშეკრულება იმ მეუღლის სახელით, რომელზედაც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (სახლის ნაწილი) ან ბინა უფლებაგანმსაზღვრელი დოკუმენტის მიხედვით.
42. სახლის, ბინის (ან მათი ნაწილის) გასხვისების ხელშეკრულება შეიძლება დადასტურდეს მეორე მხარის (ცოლის, ქმრის) თანხმობის გამოუთხოვრად, თუ უფლებაგანმსაზღვრელი დოკუმენტიდან, ქორწინების მოწმობიდან ან სხვა დოკუმენტიდან ჩანს, რომ სახლი (სახლის ნაწილი) ან ბინა საერთო კი არ არის, არამედ ერთი მხარის ცოლის, ქმრის) პირადი საკუთრებაა (შეძენილია მეუღლეთა დაქორწინებამდე, მიღებულია მემკვიდრეობით ან ნაჩუქრობის ხელშეკრულებით, ანდა ქორწინების განმავლობაში შეძენილი სახლი, ბინა (ან მათი ნაწილი) ადრე გაყოფილია).
სახლის, ბინის (ან მათი ნაწილის) გასხვისების ხელშეკრულება შეიძლება დადასტურდეს მეორე მხარის (ცოლის, ქმრის) თანხმობის გამოუთხოვრად იმ შემთხვევებშიც, როცა იგი არ ცხოვრობს სახლის ადგილსამყოფელზე და მისი საცხოვრებელი ადგილი უცნობია. აღნიშნულის დამადასტურებლად წარდგენილ უნდა იქნეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, იმის შესახებ, რომ მეუღლის ადგილსამყოფელი უცნობია.
თუ საცხოვრებელი სახლის, ბინის (ან მათი ნაწილის) განმსხვისებელი მოქალაქე წარადგენს წერილობით განცხადებას იმის შესახებ, რომ მას არა ჰყავს მეუღლე (მარტოხელაა, ქვრივია), ნოტარიუსი ამას აცნობებს გარიგების მეორე მონაწილეს, რომელიც იმის დასტურად, რომ აღნიშნული გარემოება მისთვის ცნობილია, ხელს აწერს განცხადებაზე. ეს განცხადება უნდა გამომდინარეობდეს პირადად საცხოვრებელი სახლის, ბინის (ან მათი ნაწილის) გამსხვისებელი პირისაგან, ხოლო წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადების შემთხვევაში ‒ წარმომადგენლისაგან.
43. იმ შემთხვევაში, როცა საცხოვრებელი სახლის საერთო წილობრივი საკუთრების ერთ-ერთი მონაწილის კუთვნილ წილს საცხოვრებელ სახლში ყიდულობს გარეშე პირი, ნოტარიუსი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ გამყიდველმა წერილობით აცნობა საერთო წილობრივი საკუთრების დანარჩენ მონაწილეებს ‒ განზრახვა თავისი კუთვნილი წილის გარეშე პირისათვის მიყიდვის თაობაზე, ამასთან განაცხადა ფასი და სხვა პირობები, რომელთა მიხედვითაც ჰყიდის სახლის ნაწილს.
საერთო წილობრივი საკუთრების მონაწილეებისათვის საერთო სახლის წილის მომავალი გაყიდვის შეტყობინების მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს სანოტარო ბიუროს მოწმობა გამყიდველის განცხადების გადაცემის თაობაზე, ან საერთო წილობრივი საკუთრების მონაწილეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი უარს ამბობენ განახორციელონ სახლის გასაყიდი ნაწილის უპირატესი შესყიდვის უფლება (ფასისა და სხვა პირობების აღნიშვნით, რომელთა მიხედვითაც იყიდება ეს წილი).
საერთო წილობრივი საკუთრების მონაწილეთა განცხადებაზე ხელმოწერის ნამდვილობა შეიძლება დაამოწმოს ორგანომ, რომელმაც სანოტარო მოქმედება შეასრულა, ანდა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციამ, რომელშიც ისინი იმყოფებიან სამკურნალოდ.
თუ საერთო წილობრივი საკუთრების მონაწილეს აღნიშნული განცხადება გადასცა ხელშეკრულების დამადასტურებელმა სანოტარო ბიურომ, მაშინ მოწმობა განცხადების გაცემის შესახებ არ გაიცემა, მაგრამ განცხადების ეგზემპლარი, რომელზეც ხელს აწერს ნოტარიუსი მისი ჩაბარების შესახებ, თან უნდა დაერთოს სახლის (ბინის) წილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ეგზემპლარს, რომელიც რჩება სანოტარო ბიუროში.
საერთო წილობრივი საკუთრების მონაწილეთაგან მიღებული პასუხი აგრეთვე თან დაერთვის ხელშეკრულების აღნიშნულ ეგზემპლარს.
თუ სახლის წილს ყიდულობს საერთო წილობრივი საკუთრების ერთ-ერთი მონაწილე, საერთო წილობრივი საკუთრების სხვა მონაწილეთა შეტყობინება საჭირო არ არის.
საცხოვრებელი სახლის წილის ნაჩუქრობისა და გაცვლილობის ხელშეკრულებათა დადასტურებისას ამ პუნქტის წესები არ გამოიყენება (ეს წესი არ ვრცელდება პრივატიზებულ ბინებში 107 დადგენილების მე-3 პუნქტის მე-2 აბზაცის თანახმად ოჯახის მიერ წილობრივ საკუთრებაზე).
44. თუ საერთო წილობრივი საკუთრების დანარჩენი მონაწილენი უარს იტყვიან უპირატესი შესყიდვის უფლების განხორციელებაზე, ან არ განახორციელებენ ამ უფლებას იმ დღიდან ერთი თვის განმავლობაში, იმ დღიდან, როცა მათ ეცნობათ გაყიდვის განზრახვა და პირობები, ნოტარიუსი დაადასტურებს გარეშე პირისათვის სახლის წილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას.
გარეშე პირისათვის სახლის წილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება შეიძლება დადასტურდეს იმ შემთხვევაშიც, თუ საერთო წილობრივი საკუთრების სხვა მონაწილენი არ ცხოვრობენ სახლის ადგილსამყოფელზე და მათი მისამართი უცნობია. ამის დამადასტურებლად წარდგენილი უნდა იქნეს ცნობათა ბიუროს (სამისამართო მაგიდის) შესაბამისი დოკუმენტი.
45. არასრულწლოვანთა, აგრეთვე სასამართლოს მიერ არაქმედუნარიანად ანდა შეზღუდულ ქმედუნარიანად ცნობილ პირთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, ბინის (ან მისი ნაწილის) გასხვისების გარიგების დადასტურებისას ნოტარიუსი ხელმძღვანელობს ამ ინსტრუქციის 31-ე პუნქტით.
თუ სამეურვეო და სამზრუნველო ორგანოები ავალებენ მშობლებს, მეურვეებს ან მზრუნველებს შეიტანონ ანაბარი არასრულწლოვანთა ან სხვა არაქმედუნარიან პირთა სახელზე სახლის, ბინის (ან მისი ნაწილის) გასხვისების შედეგად შემოსული თანხების საფუძველზე, ნოტარიუსმა უნდა შეამოწმოს ამ მოთხოვნის შესრულება და ეს აღინიშნოს ხელშეკრულების ტექსტში.
46. პირადი საკუთრების უფლებით ერთი პირის ან საერთო საკუთრების უფლებით რამდენიმე პირის კუთვნილი და ერთ მიწის ნაკვეთზე არსებული რამდენიმე საცხოვრებელი სახლიდან ერთ-ერთის გასხვისების ხელშეკრულება შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მმართველობის ორგანოები და ქალაქის მერიის უფლებამოსილი სამსახური გამოყოფს მიწის ნაკვეთის ნაწილს ნატურაში მასზე არსებული გასხვისებული სახლით ცალკე ნომრით ქუჩაზე, ჩიხში და ა.შ. თუ მიწის ნაკვეთის ასე გამოყოფა შეუძლებელია, მაშინ ნოტარიუსი ადასტურებს ხელშეკრულებას მთლიანად საცხოვრებელ სახლზე საერთო საკუთრების უფლებაში განსაზღვრული წილის გასხვისების შესახებ.
47. სახლის წილის გასხვისების შესახებ აღინიშნება უფლებაგანსაზღვრულ დოკუმენტში.
48. საცხოვრებელი სახლის წილის გასხვისების ხელშეკრულების ტექსტში აღინიშნება არითმეტიკული წილი, და არა სახლის კონკრეტული ნაწილები.
49. მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სახლის წილის გასხვისების ხელშეკრულებაში შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე მისი კონკრეტული ნაწილებით სარგებლობის წესი, ასევე მიწის ნაკვეთის სარგებლობის წესი.
საერთო წილობრივი საკუთრების ერთ-ერთი მონაწილის მიერ საცხოვრებელ სახლში მისთვის კუთვნილი წილის გასხვისების ხელშეკრულებაში სახლის კონკრეტული ნაწილებით სარგებლობის წესი შეიძლება აღინიშნოს მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს საერთო წილობრივი საკუთრების მონაწილეთა შესაბამისი შეთანხმება სახლის სარგებლობის წესის შესახებ, ანდა არსებობს მათი წერილობითი თანხმობა ან მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება სახლის კონკრეტული ნაწილებით სარგებლობის წესის შესახებ.
შეთანხმება საერთო წილობრივი საკუთრების მონაწილეთა შორის საერთო საცხოვრებელი სახლით სარგებლობის წესის შესახებ სახლის კონკრეტული ნაწილების (ბინა, ოთახები, სართულები და ა.შ.) მითითებით, აგრეთვე მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესის შესახებ შეიძლება გაფორმდეს დამოუკიდებელი დოკუმენტის სახით.
ასეთ შეთანხმებათა დადასტურებისას საჭიროა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობა და მიმოხილვისათვის სახლზე უფლების განმსაზღვრელი დოკუმენტი.
50. საცხოვრებელი სახლის საერთო საკუთრებაში წილის გასხვისების ხელშეკრულების დადასტურებისას ნოტარიუსი განუმარტავს წილის შემძენ პირს, რომ თუ ამ სახლის საერთო წილობრივი საკუთრების მონაწილეთა შორის წინათ დათქმული შეთანხმება მონაწილეთა წილების შესაბამისად სახლის განცალკევებული სადგომებით სარგებლობის წესის შესახებ ნოტარიულად დადასტურებულია და რეგისტრირებულია (ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში), ეს შეთანხმება სავალდებულოა ამ სახლის საერთო საკუთრების წილის შემძენი პირისთვისაც (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 120-ე მუხლი).
51. შეთანხმება წილის ოდენობის განსაზღვრის ან წილის ოდენობის შეცვლის შესახებ, თუ სახლზე უფლების განმსაზღვრელ დოკუმენტში წილის ოდენობა აღნიშნული არ არის ანდა არასწორადაა აღნიშნული, შეიძლება გაფორმდეს როგორც დამოუკიდებელი დოკუმენტის შედგენით, ისე უფლებაგანმსაზღვრელ დოკუმენტზე ხელმოწერითაც.
თუ წილის ოდენობა იცვლება საერთო წილობრივი საკუთრების ერთ-ერთი მონაწილის მიერ წარმოებული დამატებითი მშენებლობის (მიშენება, დაშენება და ა.შ.) ან საცხოვრებელი სახლის ნაწილის აღების გამო, ნოტარიუსი გამოითხოვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებას დამატებითი მშენებლობის ან სახლის ნაწილის აღების შესახებ, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობას და მიმოხილვისათვის ‒ უფლებაგანმსაზღვრელ დოკუმენტს.
საერთო წილობრივი საკუთრების მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში შეთანხმება წილის ოდენობის შეცვლის შესახებ შეიძლება დადასტურდეს მისი მემკვიდრეების მონაწილეობით, რომლებმაც მემკვიდრეობა მიიღეს.
საცხოვრებელი სახლის საერთო წილობრივ საკუთრებაში თითოეული მონაწილის კუთვნილი წილის ოდენობის დაწესების, აგრეთვე წილის ოდენობის შეცვლის შეთანხმებათა დადასტურებისას დამადასტურებელ წარწერაში აღნიშნება, რომ ეს შეთანხმება ექვემდებარება რეგისტრაციის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში.
შეთანხმება წილის ოდენობის განსაზღვრის ან შეცვლის შესახებ თან დაერთვის უფლებაგანმსაზღვრელ დოკუმენტს.
52. სასოფლო დასახლებულ პუნქტებში მდებარე საცხოვრებელი სახლების (სახლის ნაწილის), ბინის გასხვისების ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურებისას, მხარეთა სურვილისამებრ, დაცული იქნება გარიგებათა დადასტურების ზოგადი წესები.
გარდა ამისა, აღნიშნულ ხელშეკრულებათა დადასტურებისა საჭიროა:
- საკოლმეურნეო (ერთპიროვნული გლეხური) კომლის ყველა სრულწლოვანი წევრის წერილობითი თანხმობა საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) გასხვისებაზე, ხოლო თუ კომლის შემადგენლობაში არიან არასრულწლოვანი და სხვა არაქმედითუნარიანი კომლის წევრები ‒ აგრეთვე სამეურვეო და სამზრუნველო ორგანოების წერილობითი თანხმობა:
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილება ამის შესახებ, რომ საკარმიდამო ნაკვეთი მთლიანად ან ნაწილობრივ უნარჩუნდება საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის), ბინის შემძენს მასთან, უნდა აღინიშნოს მისი ფართობი.
ქალაქის ფარგლებში საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის), ბინის გასხვისების ხელშეკრულებათა დადასტურებისას ასევე საჭიროა შესაბამისი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საკარმიდამო ნაკვეთი მთლიანად ან ნაწილობრივ უნარჩუნდება საცხოვრებელი სახლის შემძენს, ამასთან, უნდა აღინიშნოს მისი ფართობი.
გადასახადების დავალიანების არსებობის მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს აგრეთვე საფინანსო ორგანოს ცნობა, ხოლო სადაზღვევო შეფასების დადასტურებისას ‒ სადაზღვევო მოწმობა.
53. მშენებლობადაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლის გასხვისების ხელშეკრულება შეიძლება დადასტურდეს იმ პირობით, თუ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნებართვა გასხვისების შესახებ.
აღნიშნული ხელშეკრულების დადასტურებისას საჭიროა იგივე დოკუმენტები, რაც მშენებლობადაუმთავრებელი საცხოვრებელი სახლების გასხვისებისას, გარდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობისა.
ცნობები მშენებლობადაუმთავრებელი სახლის ღირებულების და გასხვისებაზე ყადაღის არსებობის შესახებ გამოითხოვება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან.
54. ასაღები საცხოვრებელი სახლის გასხვისების ხელშეკრულების დადასტურებისას, მხარეთა სურვილისამებრ საჭიროა იგივე დოკუმენტები, რაც ადგილზე დატოვებით სახლის გასხვისების ხელშეკრულების გასაფორმებლად.
სასოფლო დასახლებულ პუნქტში მდებარე ასაღები საცხოვრებელი სახლის გასხვისების ხელშეკრულების დადასტურებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება, და წერილობითი თანხმობა იმის შესახებ, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუნარჩუნდეს სახლის შემძენს, საჭირო არ არის.
55. საცხოვრებელი სახლის, ბინის ან მათი ნაწილის გარდაცვალებამდე რჩენის პირობით გასხვისების ხელშეკრულება დადასტურდება წარმოების საცხოვრებელის სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადასტურების ზოგადი წესების შესაბამისად.
აღნიშნული ხელშეკრულების დადასტურებისას უნდა შემოწმდეს არის თუ არა სახლის გამყიდველი შრომისუუნარო (ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო), რაც აღინიშნება ხელშეკრულების ტექსტში.
გარდაცვალებამდე რჩენის პირობით სახლის, ბინის (სახლის ნაწილის) გამყიდველი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც თუმცა შრომისუუნაროა, მაგრამ არასრულწლოვანია.
ხელშეკრულების ტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთათვის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 439-ე, 441-ე და 443-ე მუხლების შინაარსი განმარტებულია.
56. მოქალაქეთა პირადი საკუთრების საცხოვრებელი სახლების, ბინების ან მათი ნაწილების, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებანი დაწესებულებებისა და საწარმოების მიერ მათი შეძენის შემთხვევაში დასტურდება იმ პირობით, თუ საცხოვრებელ სახლს ყიდულობენ მათთვის გამოყოფილ კაპიტალურ დაბანდებათა ხარჯზე იმ ფასად, რაც არ აღემატება სავალდებულო ცალკეული დაზღვევის შეფასებას, და თუ არსებობს შესაბამისი ნებართვა სახლის ყიდვის თაობაზე.
57. სახელმწიფო დაწესებულებებისა და საწარმოების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მოქალაქეთა მიერ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა დადასტურებისას საჭიროა შემდეგი დოკუმენტები: გაყიდვის ნებართვა, ან გასაყიდად გათვალისწინებული სახლების სია, დამტკიცებული ‒ შესაბამისად ‒ აფხაზეთის ა.რ., აჭარის ა.რ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამინისტროს ან უწყების მიერ. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობა: გასაყიდი სახლის შეფასების აქტი, საფინანსო ორგანოს ცნობა სახლის აღრიცხვაზე მიღების შესახებ, მიწის ნაკვეთის გეგმა, იმის მტკიცებულება, რომ მყიდველი გასაყიდი სახლის დამქირავებელია (თუ სახლს ადგილობრივი საბჭო ყიდის) ან სახლის გამყიდველი საწარმოს, დაწესებულების მუშაკია (პასპორტი, სახლის დავთარის ამონაწერი, ცნობა სამუშაო ადგილიდან).
მიწის ნაკვეთის გეგმა თან დაერთვის ხელშეკრულებათა ეგზემპლარებს, რომლებიც მხარეებს ეძლევათ. ხელშეკრულების ეგზემპლარს, რომელიც სახელმწიფო სანოტარო კანტორაში რჩება, ეს გეგმა არ დაერთვის.
თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ან სამინისტროს (უწყების) ბრძანება, განკარგულება არ შეიცავს ცნობებს სახლის ღირებულების, საცხოვრებელი ფართობისა და იმის შესახებ, რომ მყიდველი ბინის დამქირავებელია, ან სახლი გამყიდველი საწარმოს (დაწესებულების) მუშაკია, ნოტარიუსი შეიძლება დაკმაყოფილდეს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილებით, სამინისტროს (უწყების) ბრძანებით ან განკარგულებით და არ გამოითხოვოს შემფასებელი კომისიის აქტი და იმისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ მყიდველი ბინის დამქირავებელია ან საწარმოს (დაწესებულების) მუშაკია.
58. საერთო წილობრივი საკუთრების შეწყვეტის მიზნით მოქალაქეთათვის საცხოვრებელი სახლების იმ წილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა დადასტურებისას, რომლებიც სახელმწიფოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კოოპერაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ეკუთვნის, საჭიროა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობა, გასაყიდი წილის შეფასების აქტი და იმის მტკიცებულება, რომ მყიდველი ცხოვრობს სახლის გასაყიდ ნაწილში დამქირავებლის უფლებით.
თუ სახლის გასაყიდ ნაწილში მცხოვრები მოქალაქენი უარს იტყვიან სახლის წილის უპირატესი შესყიდვის უფლების განხორციელებაზე, ან არ განახორციელებენ ამ უფლებას ერთი თვის განმავლობაში, ნოტარიუსს შეუძლია დააკმაყოფილოს ამ სახლის საერთო წილობრივი საკუთრების მონაწილეთათვის წილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელნი უარს ამბობენ წილის შესყიდვაზე, შეუძლია დაადასტუროს გარეშე პირთათვის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
59. საცხოვრებელი სახლის, ბინის (ან მათი ნაწილის) გასხვისებისას მხარეებს განემარტებათ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 104-ე და 238-ე მუხლების შინაარსი, ხოლო სახლის (სახლის ნაწილის), ბინის ნაჩუქრობის ხელშეკრულების დადასტურებისას იმ პირს, ვისაც იგი აჩუქეს, განემარტება საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის შინაარსი.
მოქალაქეთა პირადი საკუთრების საცხოვრებელი სახლების ან ბინების წილის სახელმწიფო დაწესებულებებისა და საწარმოების, კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შეძენის ხელშეკრულებათა დადასტურებისას აღნიშნულ დაწესებულებათა, საწარმოთა და ორგანიზაციათა წარმომადგენლებს განემარტებათ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 119-ე მუხლის შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის ზემოხსენებული მუხლების განმარტების შესახებ აღინიშნება დასახელებულ ხელშეკრულებათა ტექსტებში.
60. საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის), ბინის გასხვისების ხელშეკრულების დარღვევის შესახებ შეთანხმების დადასტურებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მისი რეგისტრაციის შემდეგ (ამ ინსტრუქციის 35-ე პუნქტი) გამოთხოვილი უნდა იქნეს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობა. ამავე დროს სანოტარო ბიუროს დოკუმენტების მიხედვით უნდა შემოწმდეს ყადაღის არსებობის ფაქტი.
თუ სახლი (სახლის ნაწილი), ბინა მეუღლეთა ერთობლივი საკუთრებაა, ნოტარიუსი მოითხოვს მეორე მხარის (ცოლის, ქმრის) განცხადებას, რომელშიც აისახება თანხმობა ხელშეკრულების მოშლის თაობაზე.
მოცემულ განცხადებაზე მეუღლის ხელმოწერის ნამდვილობა უნდა დამოწმდეს ამ ინსტრუქციის 47-ე პუნქტში ჩამოყალიბებული წესების მიხედვით.
საცხოვრებელი სახლის, ბინის (ან მათი ნაწილის)
გირავნობის ხელშეკრულებათა დადასტურება
გირავნობის ხელშეკრულებათა დადასტურებისას ნოტარიუსები ხელმძღვანელობენ შესაბამისი ორგანული კანონის მოთხოვნებით.
61. საცხოვრებელი სახლის, ბინის (ან მათი ნაწილის) გირავნობის ხელშეკრულებათა დადასტურებისას ნოტარიუსები უფლებაგანმსაზღვრელი დოკუმენტის მიხედვით ამოწმებენ, ეკუთვნის თუ არა სახლი (სახლის ნაწილი), ბინა დამგირავებელს, გამოითხოვენ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობას, ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობას, აგრეთვე ამოწმებენ, გასხვისებაზე ყადაღა ხომ არ არის დადებული.
თუ გირავნობის ხელშეკრულება იდება საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის), ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადასტურებასთან დაკავშირებით გადასახდელის გადავადებით, და ნოტარიუსებს მოეპოვებათ შესაბამისი დოკუმენტები, განმეორებით ამ დოკუმენტების წარდგენა საჭირო არ არის.
62. საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის), ბინის გირავნობის ხელშეკრულების დადასტურებისას ნოტარიუსი ყადაღას ადებს დასაგირავებელ სახლს, ბინას (ან მათ ნაწილს).
საცხოვრებელი სადგომების ქირავნობის ხელშეკრულებათა დადასტურება
63. მოქალაქეთა პირადი საკუთრების სახლებში (ბინებში) საცხოვრებელი სადგომების ქირავნობის ხელშეკრულების დადასტურებისას, მხარეთა სურვილისამებრ, ნოტარიუსი გამოითხოვს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობას და მიმოხილვისათვის, უფლებაგანმსაზღვრელ დოკუმენტს იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი სახლი, ბინა (მათი ნაწილი), ეკუთვნის გამქირავებელს.
64. საბინაო, სამშენებლო კოოპერატივის წევრის სახელით იმ საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების დადასტურებისას, რომელიც მას აქვს მიცემული კოოპერატივის სახლში, ნოტარიუსმა უნდა გამოითხოვოს კოოპერატივის გამგეობისა და გამქირავებლის ოჯახის სრულწლოვან წევრთა წერილობითი თანხმობა ამაზე.
ხელშეკრულების თანხა (საზღაურის გამოსაანგარიშებლად) შედგება გამქირავებლისათვის გადახდევინებული იმ საექსპლუატაციო ხარჯების თანხისაგან, რაც მოდის გასაქირავებელ სადგომზე (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 299-ე მუხლი), და დასტურდება ცნობით (საანგარიშსწორებო წიგნაკით).
65. დადგენილი წესით დამქირავებლისათვის დაჯავშნული საცხოვრებელი ფართობის ქვექირავნობის ხელშეკრულებათა დადასტურებისას (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 301-ე მუხლი) ნოტარიუსმა უნდა შეამოწმოს, ხომ არ აღემატება ამ ხელშეკრულებათა მიხედვით სადგომით სარგებლობისათვის გადახდილი ქირა ბინის ქირას, რასაც ამ სადგომისათვის იხდის დამქირავებელი (ეს მუხლი ძალადაკარგულია 1984 წლის 28 მაისიდან).
აღნიშნულ ხელშეკრულებათა დადასტურებისას ნოტარიუსი გამოითხოვს:
- ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემულ შეუვალობის მოწმობას (ჯავშანს);
- გამქირავებლის წერილობით თანხმობას სადგომის ქვექირავნობით გაცემის შესახებ;
- დამქირავებლის ოჯახის სრულწლოვან წევრთა წერილობით თანხმობას სადგომის დაქირავების შესახებ;
- საანგარიშსწორებო წიგნაკის ან სახლმმართველობის უწყების ამონაწერს დამქირავებლის კუთვნილი საექსპლუატაციო ხარჯებისა და ბინის ქირის ოდენობის შესახებ;
- ხელშეკრულების თანხა შედგება ბინის ქირისა და ცენტრალური გათბობის ქირის თანხისგან (წყალმომარაგების, კანალიზაციის, და სხვა საექსპლუატაციო ხარჯების ჩაუთვლელად).
- ხელშეკრულების ვადას განსაზღვრავენ მხარეები, მაგრამ იგი არ შეიძლება აღემატებოდეს იმ ვადას, რომლითაც გაცემულია შეუალობის მოწმობა (ჯავშანი).
მოქალაქეთა კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გასხვისების ხელშეკრულებათა დადასტურება
66. მოქალაქეთა კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გასხვისების ხელშეკრულებათა დადასტურებისას ნოტარიუსი გამოარკვევს, გასხვისება ხომ არ ხდება კანონის გვერდის ავლით და აღნიშნულ ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა ყიდვა-გაყიდვის დადგენილი წესის დარღვევით.
67. ინვალიდთა მიერ შეღავათიან პირობებში შეძენილი ხელით სამართავი მსუბუქი ავტომობილების ნაჩუქრობის ხელშეკრულება სანოტარო წესით შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ იმ პირობით, თუ გაცემული ნებართვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების, აფხაზეთის ა.რ., აჭარის ა.რ. და საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროების მიერ.
ხელშეკრულება იმ სატრანსპორტო საშუალებათა გასხვისების შესახებ, რომლებიც შეძენილია ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ და მეუღლეთა ერთობლივ საკუთრებას წარმოადგენენ, შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ იმ პირობით, თუ მეორე მხარე (ცოლი, ქმარი) წერილობით აცხადებს თანხმობას აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებათა გასხვისებაზე.
68. მსუბუქი ავტომობილებისა და ეტლიანი მოტოციკლების გასხვისების ხელშეკრულებათა, უეტლო მოტოციკლების, აგრეთვე კატარღებისა და მოტორიანი ნავების გასხვისების (ყიდვა-გაყიდვის, გაცვლილობის, ნაჩუქრობის) ხელშეკრულებათა დადასტურებისას მოწმდება მათი კუთვნილება ‒ გამსხვისებელ პირზე შესაბამისად, ტექნიკური პასპორტის, გემის მოწმობის, გემის ბილეთის მიხედვით.
69. ნოტარიუსის მიერ დგინდება სატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის არსებობის ფაქტი. ხელშეკრულების ტექსტში აისახება რეგისტრაციაში გატარების სავალდებულოება და შესაბამისი ვადები.
ანდერძის დადასტურება
70. ნოტარიუსები ადასტურებენ ქმედუნარიან მოქალაქეთა ანდერძს, რომელიც მათ პირდაპირ წარუდგინეს ნოტარიუსს. ერთი ანდერძის დადასტურება რამდენიმე პირის სახელით, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება.
ანდერძი უნდა შედგეს წერილობით, მისი შედგენის ადგილისა და დროის აღნიშვნით და მოანდერძემ თვითონ უნდა მოაწეროს ხელი (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 551-ე მუხლი).
თუ მოანდერძე ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო თვითონ ვერ მოაწერს ხელს, შეიძლება მისი თხოვნით ხელი მოაწეროს სხვა მოქალაქემ ამ ინსტრუქციის მე-14 პუნქტში ჩამოყალიბებული წესების მიხედვით.
მოქალაქეს, რომელსაც უანდერძებენ ქონებას, უფლება არა აქვს დაესწროს ანდერძის შედგენას და ხელი მოაწეროს მას მოანდერძის მაგიერ.
71. ანდერძის დადასტურებისას ნოტარიუსი განუმარტავს მოანდერძეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 547-ე მუხლის შინაარსს, მაგრამ, თუ ანდერძის საგანს წარმოადგენს მხოლოდ შემნახველ სალაროში ან ბანკში შეტანილი ანაბარი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 547-ე მუხლის შინაარსი მოანდერძეს არ განემარტება.
საკოლმეურნეო (ერთპიროვნული გლეხური) კომლის წევრებს განემარტებათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 547-ე და 569-ე მუხლების შინაარსი.
72. ანდერძის დადასტურებისას მოანდერძეს არ მოეთხოვება იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რომლებიც ადასტურებენ მის უფლებას საანდერძო ქონებაზე.
73. სანოტარო ბიუროებში შემოღებულია ნოტარიუსების და აგრეთვე „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლში აღნიშნულ თანამდებობის პირთა მიერ დადასტურებული და შესანახად გადაცემული ანდერძის აღრიცხვის ანბანური დავთარი.
74. იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსმა მიიღო განცხადება დადასტურებულ ანდერძის გაუქმების შესახებ, აგრეთვე მიიღო ახალი ანდერძი, რომელიც აუქმებს ან ცვლის დადასტურებული ანდერძს, იგი ამას აღნიშნავს სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო რეესტრში, ანბანურ დავთარში და ანდერძის იმ ეგზემპლარზე, რომელიც ინახება სანოტარო ბიუროში.
თუ მოანდერძე წარმოადგენს მის ხელთ არსებულ ეგზემპლარს, ანდერძის გაუქმება აღინიშნება ამ ეგზემპლარზეც, რის შემდეგაც იგი განცხადებასთან ერთად (თუ ანდერძი გაუქმებულია განცხადებით) თან დაერთვის სანოტარო ბიუროში შენახულ ეგზემპლარს.
ანდერძის გაუქმების შესახებ განცხადების ხელმოწერის ნამდვილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
თუ გაუქმებული ანდერძი დადასტურებულია სხვა სანოტარო ბიუროში, (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში) განცხადებას მისი გაუქმების შესახებ მოანდერძე ან ნოტარიუსი გაუგზავნის ანდერძის დამადასტურებელ სანოტარო ბიუროს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს).
რწმუნებულებათა დადასტურება
75. ნოტარიუსები ადასტურებენ რწმუნებულებებს ერთი ან რამდენიმე პირის სახელით, ერთ ან რამდენიმე პირის სახელზე.
რწმუნებულების ტექსტში უნდა აღინიშნოს მისი შედგენის (ხელმოწერის) ადგილი და თარიღი, რწმუნებულების გამცემი პირის და იმ პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (იურიდიული პირის სრული დასახელება) და საცხოვრებელი ადგილი (იურიდიული პირის ადგილსამყოფელი), რომლის სახელზეც გაცემულია იგი, აგრეთვე საჭირო შემთხვევაში ‒ მათ მიერ დაკავებული თანამდებობაც. ადვოკატთა სახელზე გაცემულ რწმუნებულებებში აღინიშნება მათი მუშაობის ადგილი (იურიდიული კონსულტაცია).
რწმუნებულების მოქმედების ვადა აღინიშნება სიტყვებით და არ შეიძლება აღემატებოდეს 3 წელიწადს, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც აღნიშნულია „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლში.
თუ რწმუნებულებაში ვადა აღნიშნული არ არის, მას ძალა აქვს ერთი წლის განმავლობაში მისი გაცემის დღიდან (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 67-ე მუხლი).
რწმუნებულება, რომლებშიც აღნიშნული არ არის მისი შედგენის თარიღი ბათილია (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 68-ე მუხლი).
76. რწმუნების გადაცემის წესით გაცემული რწმუნებულება უნდა დადასტურდეს ნოტარიულად ძირითადი რწმუნებულების წარდგენის შემდეგ, რომელშიც ჩამოყალიბებულია რწმუნების გადაცემის უფლება, ანდა იმ მტკიცებულებათა წარდგენის შემდეგ, რომ ძირითადი რწმუნებულების წარმდგენი საამისოდ იძულებულია მარწმუნებლის ინტერესების დაცვის გარემოებათა გამო, რწმუნების გადაცემის წესით გაცემული რწმუნებულება არ უნდა შეიცავდეს იმაზე მეტ უფლებებს, რაც მოცემულია ძირითადი რწმუნებულების მიხედვით.
რწმუნების გადაცემის წესით გაცემული რწმუნებულების მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს იმ რწმუნებულების მოქმედების ვადას, რომლის საფუძველზეც არის იგი გაცემული (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 67-ე მუხლი).
რწმუნების გადაცემის წესით გაცემულ რწმუნებულებაში უნდა აღინიშნოს ძირითადი რწმუნებულების დადასტურების დრო და ადგილი, იმ პირის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი და დაბადების თარიღი, რომელსაც მიეცა ძირითადი რწმუნებულება, და პირი, რომელსაც იგი გადასცემს თავის რწმუნებულებებს, ხოლო საჭირო შემთხვევაში ‒ მათი თანამდებობრივი მდგომარეობაც.
ძირითად რწმუნებულებაზე აღინიშნება რწმუნების გადაცემა, ძირითადი რწმუნებულების ასლი თან დაერთვის რწმუნებულების იმ ეგზემპლარს, რომელიც რჩება სანოტარო ბიუროში რწმუნების გადაცემის ძირითადი წესით რწმუნებულების დადასტურებისას. შემდგომი რწმუნებულების ასლი სანოტარო ბიუროში არ რჩება.
თავი III
სამკვიდრო ქონების დასაცავად გატარებული ზომები
77. ნოტარიუსები სამკვიდროს გახსნის ადგილის („ნოტარიატის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად) მოქალაქეთა ან ორგანიზაციათა შეტყობინებით, ანდა საკუთარი ინიციატივით იღებენ ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად. როცა ეს საჭიროა მემკვიდრეთა საანდერძო დანაკისრის მიმღებთა, კრედიტორთა ან სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ეს შეტყობინებანი, აგრეთვე სხვა სანოტარო ბიუროების ნოტარიუსებისა და სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირების დავალებანი რეგისტრირდება სამკვიდრო ქონების დასაცავად ზომების მიღების განცხადების აღრიცხვის დავთარში.
სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის უკანასკნელი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო თუ იგი ცნობილი არ არის, ‒ სამკვიდროს ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 541-ე მუხლი).
ვადიანი სამსახურის სამხედრო მომსახურეთა, აგრეთვე იმ ტექნიკუმებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე სტუდენტთა გარდაცვალების შემდეგ, რომლებიც მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის გარეთ მდებარეობენ, სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება ის ადგილი, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ ვადიანი სამხედრო სამსახურში გაწვევამდე ან შესაბამის სასწავლებლებში შესვლამდე.
78. ნოტარიუსი, რომელმაც მიიღო შეტყობინება სამკვიდროს გახსნის შესახებ, მოვალეა აცნობოს ეს იმ მემკვიდრეებს, რომელთა სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილი მისთვის ცნობილია.
ნოტარიუსს შეუძლია აგრეთვე მემკვიდრეების გამოწვევა საჯარო განცხადების ან პრესის მეშვეობით.
79. თუ სამკვიდროს დამტოვებლის ქონება ან ქონების ნაწილი არ არის სამკვიდროს გახსნის ადგილზე, ნოტარიუსი სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით სანოტარო ბიუროს ან შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით უგზავნის დავალებას მის დასაცავად ზომების მიღების შესახებ.
სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ნოტარიუსი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი თანამდებობის პირი, რომლებმაც მიიღეს ზომები სამკვიდრო ქონების დასაცავად, აცნობებენ სანოტარო ბიუროს, სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით აღნიშნული ზომების მიღების შესახებ.
80. სამკვიდრო ქონების დაცვის მიზნით ნოტარიუსი მოახდენს ქონების აღწერას და გადასცემს მას შესანახად მემკვიდრეებს ან სხვა პირებს.
სამკვიდრო ქონების აღწერა ხდება აღწერაში მონაწილეობის მსურველ დაინტერესებულ პირთა და სულ ცოტა ორი დამსწრის მონაწილეობით.
აღწერის აქტში უნდა აღინიშნოს:
- დარჩენილი ქონების შესახებ განცხადების (შეტყობინების) ან სამკვიდრო ქონების დასაცავად ზომების მიღების შესახებ დავალების შემოსვლის თარიღი.
- აღწერის ჩატარების თარიღი, აღწერაში მონაწილე პირთა გვარები, სახელები, მამის სახელები და მისამართები.
- სამკვიდროს დამტოვებლის სახელი, გვარი, მამის სახელი, მისი გარდაცვალების დრო და აღსაწერი ქონების ადგილსამყოფელი, ნოტარიუსის გამოცხადებამდე დალუქული იყო თუ არა სადგომი და ვის მიერ დარღვეული ხომ არ იყო ლუქი ან ბეჭედი.
- აქტში ჩამოთვლილი თითოეული საგნის დაწვრილებითი დახასიათება და შეფასება, მათი გაცვეთის პროცენტი.
აღწერილი საგნების (რომლებსაც არ აქვთ საცალო ფასები) შეფასება ხდება მცოდნე პირთა დასკვნის მიხედვით.
საცხოვრებელი სახლები ბინები ან მათი ნაწილები ფასდება საინვენტარიზაციო შეფასების მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ შეფასებას არ ეთანხმებიან მემკვიდრეები, მათ უფლება აქვთ მიიწვიონ სპეციალისტი-შემფასებელი. სპეციალისტი-შემფასებლის შრომა ნაზღაურდება მემკვიდრეების ხარჯზე.
აქტის ყოველ გვერდზე გამოიყვანება ნივთების (საგნების) რაოდენობისა და მათი ღირებულების ჯამი, აღწერის დამთავრების შემდეგ ‒ ნივთების (საგნების) რაოდენობისა და მათი ღირებულების საერთო ჯამი.
აღწერის აქტში შეიტანება გარდაცვლილის ბინაში არსებული მთელი ქონება. მეზობელთა და სხვა პირთა განცხადებები იმის შესახებ, რომ ცალკეული ნივთები მათ ეკუთვნით, შეიტანება აღწერის აქტში, ხოლო დაინტერესებულ პირებს განემარტებათ, თუ რა წესით უნდა მიმართონ სასამართლოს სარჩლით ამ ქონების აღწერიდან გამორიცხვის შესახებ.
თუ ქონების აღწერა შეწყდება ან რამდენიმე დღით გაგრძელდება, სადგომს ყოველთვის დალუქავს ნოტარიუსი. აღწერის აქტში ჩაიწერება აღწერის შეწყვეტისა და განახლების მიზეზები და დრო, აგრეთვე ლუქისა და ბეჭდის მდგომარეობა სადგომის შემდგომი გაღებისას.
აქტის ბოლოს აღინიშნება იმ პირის სახელი, გვარი, დაბადების წელი და საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც გადაეცა შესანახად ქონება, მისი ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება, ნომერი, გაცემის თარიღი და დოკუმენტის გამცემი დაწესებულების დასახელება.
აღწერის აქტი დგება სულ ცოტა სამ ეგზემპლარად. ყველა ეგზემპლარს ხელს აწერენ ნოტარიუსები, დაინტერესებული პირები, დამსწრეები და ქონების შესანახად მიმღები პირები.
თუ სამკვიდრო ქონების დასაცავად ზომების მიღება შეუძლებელია (მემკვიდრეების ან სამკვიდროს დამტოვებელთან მცხოვრები სხვა პირები აღწერის წინააღმდეგი არიან, არ წარადგენენ ქონებას აღსაწერად, ანდა ქონება გადატანილია და ა.შ.), ნოტარიუსი შეადგენს აქტს ამის შესახებ და შეატყობინებს დაინტერესებულ პირებს, ხოლო საჭირო შემთხვევებში ‒ საფინანსო ორგანოს ან პროკურორს.
81. გარდაცვლილის შემდეგ დარჩენილი ფული შეინახება დეპოზიტში მემკვიდრეთათვის გადაცემამდე ან სახელმწიფო შემოსავალში ჩარიცხვამდე, იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობის უფლებით გადაეცემა სახელმწიფოს.
ოქრო, ვერცხლი, პლატინა და პლატინის ჯგუფის ლითონები (როდიუმი, პალადიუმი, ირიდიუმი, რუთენიუმი და ოსიიუმი) ყოველგვარი სახით და მდგომარეობით, უცხოური ვალუტა, ბანკნოტები, სახაზინო ბილეთები მონეტები, უცხოური ვალუტით გამოწერილი საგადამხდელო დოკუმენტები (ჩეკები, თამასუქები, აკრედიტივები და სხვა), და საფონდო ფასეულობანი (აქციები, ობლიგაციები და სხვა), საბანკო საგადამხდელო დოკუმენტები (ჩეკები და სხვა), რომლებიც შეიძინება უცხოური ვალუტით ასეთ ვალუტად მათი გადაქცევის უფლებით, ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და მარგალიტის ნაკეთობანი შესანახად ჩაბარდება მემკვიდრეთათვის გადაცემამდე ან სახელმწიფო შემოსავალში ჩარიცხვამდე.
სანოტარო ბიუროს მიერ სამკვიდრო ქონების დაცვის წესით შესანახად მიღებული აღნიშნული ფასეულობანი რეგისტრირებულია ფასეულობათა აღრიცხვის დავთარში.
გარდაცვლილის ქონებაში აღმოჩენილი იარაღი (გარდა სანადირო იარაღისა) და ფეთქებადი ნივთიერებანი ჩაბარდება შინაგან საქმეთა ორგანოებს განსაკუთრებული აღწერილობის მიხედვით.
თუ აღწერილი ქონების შემადგენლობაში აღმოჩნდება მნიშვნელოვანი ხელნაწერები, ლიტერატურული შრომები, ისტორიული ან მეცნიერული მნიშვნელობის წერილები, ეს დოკუმენტები შეიტანება ცალკე აღწერილობებში და პასუხსაგებ შესანახად გადაეცემათ მემკვიდრეებს ან შესაბამის ორგანიზაციებს. საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, მემკვიდრეთა არაყოფნისას, ნოტარიუსი დალუქავს დოკუმენტებს ან სადგომს, სადაც დაცულია დოკუმენტები და ძვირფასი ნივთები.
82. თუ სამკვიდროს შემადგენლობაში ირიცხება ქონება, რომელიც მართვას საჭიროებს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა მემკვიდრეთა მიერ მემკვიდრეობის მიღებამდე სამკვიდროს დამტოვებლის კრედიტორებმა აღძრეს სარჩელი, აღნიშნულ ქონებაზე ნოტარიუსი ნიშნავს მცველს, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება.
ქონების მცველის დანიშვნის შესახებ ნოტარიუსის დადგენილებაში მცველებს, მეურვეებს და სხვა პირებს, რომელთაც გადაეცათ შესანახად სამკვიდრო ქონება (თუ ისინი მემკვიდრეები არ არიან) უფლება აქვთ მიიღონ გასამრჯელო სამკვიდრო ქონების შენახვისათვის.
გასამრჯელოს ოდენობას დააწესებს ნოტარიუსი მცველთან, მეურვესთან ან სხვა პირთან შეთანხმებით, რომელსაც გადაეცემა შესანახად ქონება, მაგრამ იგი არ შეიძლება აღემატებოდეს შესანახად გადაცემული ქონების ღირებულების 1,5 პროცენტს. ცხოველთა შენახვისათვის გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება დაწესებული საფასურის 50 პროცენტით. აღნიშნულ პირებს აუნაზღაურდებათ აგრეთვე, სამკვიდრო ქონების შენახვისა და მართვისათვის საჭირო ხარჯები. ეს ხარჯები ანაზღაურდება, წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ქონების გამოყენებით ფაქტობრივად მიღებული გამორჩენის გამოქვითვით.
86. სამკვიდრო ქონების დაცვა გრძელდება ყველა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებამდე, ხოლო თუ მათ იგი არ მიუღიათ, ‒ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
სამკვიდრო ქონების დაცვა შეიძლება გაგრძელდეს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, თუ სანოტარო ბიუროში შევა განცხადება იმ პირთაგან მემკვიდრეობის მიღების თანხმობის შესახებ, რომელთა მემკვიდრეობის უფლება წარმოიშობა სხვა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიუღებლობის შემთხვევაში (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის IV ნაწილი), და თუ სამკვიდროს მისაღებად კანონით დაწესებული ექვსი თვის ვადის გასვლამდე დარჩა სამ თვეზე ნაკლები.
ამ შემთხვევაში სამკვიდრო ქონების დაცვა გრძელდება ამ პუნქტის მე-2 აბზაცში ხსენებული ყველა პირის მიერ მემკვიდრეობის მიღებამდე, ხოლო თუ მათ იგი არ მიუღიათ, ‒ რომელიმე პირისაგან მემკვიდრეობის მიღებამდე თანხმობის შესახებ განცხადების შემოსვლის დღიდან სამი თვის გასვლამდე, თუ სამკვიდროს მისაღებად ექვსი თვის ვადის დარჩენილი ნაწილი სამ თვეზე ნაკლები აღმოჩნდება.
სანოტარო ბიურო მოვალეა წინასწარ შეატყობინოს მემკვიდრეებს სამკვიდრო ქონების დაცვის ზომების შეწყვეტის შესახებ, ხოლო ქონება მემკვიდრეობის უფლებით სახელმწიფოს გადაეცემა, ‒ შესაბამის საფინანსო ორგანოს.
87. აუცილებელ შემთხვევებში მემკვიდრეთა მიერ მემკვიდრეობის მიღებამდე, ხოლო თუ ასეთი ქონება მიღებული არ არის სახელმწიფოსათვის მემკვიდრეობის უფლებაზე მოწმობის გაცემამდე, სანოტარო ბიუროები გასცემენ განკარგულებას სამკვიდრო ქონებიდან იმ ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც გაწეული იყო:
1. სამკვიდროს დამტოვებლის მოსავლელად მისი ავადმყოფობის დროს, აგრეთვე მის დასაკრძალავად.
2. სამკვიდროს დამტოვებლის კმაყოფაზე მყოფი მოქალაქეების შესანახად.
3. ხელფასთან დაკავშირებული პრეტენზიებისა და მათთან გათანაბრებული პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად.
4. სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის, აგრეთვე მემკვიდრეების შეტყობინებასთან დაკავშირებული პუბლიკაციებისათვის
თუ სამკვიდრო ქონებაში არ მოიპოვება ფულადი თანხები, მაშინ გაიცემა განკარგულება გარდაცვლილის შემდეგ დარჩენილი ნივთების მიცემის შესახებ, რომელთა ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს გაწეული ხარჯების თანხას.
1-ლ, მე-2, მე-3 ქვეპუნქტებში აღნიშნული ხარჯების დასადასტურებლად ნოტარიუსი გამოითხოვს მაღაზიების ანგარიშებს, სამკვიდრო დაწესებულებათა ცნობებს, დაკრძალვის მომწყობი კომისიის აქტებს, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლსა და სხვა დოკუმენტებს.
თავი III
მემკვიდრეობის უფლების მოწმობათა გაცემა
88. მემკვიდრეთა წერილობითი განცხადებით სანოტარო ბიუროები სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით გასცემენ მემკვიდრეობის უფლების მოწმობებს.
განცხადებანი მემკვიდრეობის მიღების, მასზე უარის ან მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიცემის შესახებ შეტანილი უნდა იქნეს წერილობით. განცხადებებზე მემკვიდრის ხელმოწერის ნამდვილობას ამოწმებს სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ორგანო.
89. ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება საჭირო არ არის, თუ მემკვიდრე პირადად გამოცხადდა სანოტარო ბიუროში სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით და შეიტანება განცხადება. ამ შემთხვევაში ნოტარიუსი დაადგენს მემკვიდრის ვინაობას და შეამოწმებს ხელმოწერის ნამდვილობას, რასაც აღნიშნავს განცხადებაზე და ჩაწერს ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელებას, მემკვიდრის ინიციალებს, გვარს, დაბადების წელს.
თუ განცხადება, რომელშიც მემკვიდრის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული არ არის, ფოსტით შევიდა და ან სხვა პირმა შეიტანა, მას იღებს ნოტარიუსი, ხოლო მემკვიდრეს წინადადება ეძლევა გაუგზავნოს სათანადოდ გაფორმებული განცხადება ან პირადად გამოცხადდეს სანოტარო ბიუროში.
90. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 567-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეობის უფლების მოწმობა გაიცემა სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ხოლო საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის IV ნაწილით და 558-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ‒ არაუადრეს მათში აღნიშნული ვადებისა.
მემკვიდრეობის უფლების მოწმობა როგორც კანონიერი, ისევე ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მიღებისას, შეიძლება გაიცეს კანონით დაწესებულ ვადებზე ადრე, თუ სანოტარო ბიუროს მოეპოვება მონაცემები (სამუშაო ადგილის, და სხვა ცნობები) იმის შესახებ, რომ გარდა მოწმობის მიცემის შესახებ განცხადების შემომტანი მემკვიდრისა არ არიან სხვა მემკვიდრეები.
მემკვიდრეობის უფლებით სახელმწიფოსათვის ქონების მიცემის დროს მემკვიდრეობის უფლების მოწმობა იძლევა შესაბამის საფინანსო ორგანოს არაუადრეს ექვსი თვის გასვლისა მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
91. მემკვიდრეობის უფლების მოწმობა მიეცემათ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს მემკვიდრეობა ე. ი. ფაქტობრივად ფლობენ ან მართავენ სამკვიდრო ქონებას ან შეიტანეს განცხადება მემკვიდრეობის მიღების შესახებ სანოტარო ბიუროში სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-558-ე მუხლები.
ქონების მფლობელობის მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს სახლმმართველობის ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრე ცხოვრობდა სამკვიდროს დამტოვებელთან ერთად, ან იმის შესახებ რომ მემკვიდრემ აიღო სამკვიდროს დამტოვებლის ქონება, საფინანსო ორგანოს ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ იხდიდა საცხოვრებელი სახლის გადასახადებს, ან ქვითარი გადასახადის გადახდის შესახებ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მემკვიდრეობის დროულად მიღების ფაქტის, დადგენის შესახებ და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ ფაქტს, რომ სამკვიდროს დამტოვებლის ქონებას მემკვიდრე ფლობს.
სამკვიდრო ქონების მფლობელობის მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე საანაბრო წიგნაკი იმ პირობით, თუ ნოტარიუსს მოეპოვება მონაცემები, რომლებიც დაადასტურებენ წიგნაკის მიღების მემკვიდრეობის მისაღებად კანონით დადგენილ ვადაში (იმ დაწესებულების, საწარმოს დოკუმენტი, რომელმაც ჩაატარა სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონების აღწერა, იმ ნოტარიუსის დოკუმენტი, რომელმაც მიიღო ზომები სამკვიდრო ქონების დასაცავად, მემკვიდრეობისათვის საანაბრო წიგნაკის მიცემის შესახებ, სამკვიდროს დამტოვებლის დაკრძალვის მომწყობი კომისიის აქტი, რომლებიდანაც ჩანს მემკვიდრისათვის საანაბრო წიგნაკის მიცემის დრო, საანაბრო წიგნაკში შეტანილი აღნიშვნები ან შემნახველი სალაროს ცნობა მემკვიდრის მიერ შემნახველი სალაროდან ფულის მიღების შესახებ. სახლმმართველობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ცნობა იმის შესახებ, რომ მემკვიდრეს განსაზღვრულ დროს მიეცა სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი საანაბრო წიგნაკი, დოკუმენტი ან წიგნაკის ფოსტით გადაგზავნის შესახებ და ა. შ.).
მემკვიდრეები, რომლებსაც არ მიუღიათ მემკვიდრეობა კანონით დადგენილ ვადაში, შეიძლება შეყვანილ იქნენ კანონით მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში ყველა სხვა მემკვიდრის თანხმობით, რომლებმაც მემკვიდრეობა მიიღეს.
ეს თანხმობა წერილობით უნდა განაცხადონ მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემამდე. განცხადებაზე მათი ხელმოწერის ნამდვილობა მოწმდება ამ ინსტრუქციაში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად.
92. კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიცემის დროს ნოტარიუსი ამოწმებს სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების ფაქტს, სამკვიდროს გახსნის დროსა და ადგილს, სამკვიდროს დამტოვებელთან იმ პირთა ნათესაური ან სხვა ურთიერთობის არსებობას, რომლებმაც შეიტანეს განცხადება მოწმობის მიცემის შესახებ, იმ სამკვიდრო ქონების შემადგენლობასა და ადგილსამყოფელს, რომელზეც უნდა გაიცეს მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. ამ გარემოებათა დასადასტურებლად მემკვიდრეებისაგან გამოითხოვენ შესაბამის მტკიცებულებებს.
სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების ფაქტი და სამკვიდროს გახსნის დრო დასტურდება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების შესახებ მმაჩის ორგანოების მოწმობით, სამხედრო ნაწილის სარდლობის, ჰოსპიტლის ადმინისტრაციის, სამხედრო კომისარიატის და თავდაცვის სამინისტროს სხვა ორგანოების მიერ გაცემულ შეტყობინებით ან სხვა დოკუმენტით, რომლებითაც დასტურდება პირის დაღუპვის ფაქტი.
სამკვიდროს გახსნის ადგილი დასტურდება სახლმმართველობის ადგილობრივი ორგანოების ან გარდაცვლილის სამუშაო ადგილის მიერ.
გაცემული ცნობით მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ხოლო თუ გარდაცვლილის საცხოვრებელი ადგილი უცნობია, ‒ დოკუმენტით (სახლმმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სხვა ცნობით) სამკვიდრო ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფლის შესახებ.
ეს შემთხვევაში, როცა მემკვიდრეებს აღნიშნული დოკუმენტები არ მოეპოვებათ, ნოტარიუსი მოითხოვს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს სამკვიდროს გახსნის ადგილის დადგენის შესახებ.
სამკვიდროს დამტოვებელთან მემკვიდრეთა ნათესაური და სხვა ურთიერთობის მტკიცებულებად ჩაითვლება მმაჩის ორგანოების მოწმობა, მეტრიკული წიგნების ამონაწერები, პასპორტის ჩანაწერები შვილებისა და მეუღლის შესახებ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებათა ასლები ნათესაური ან სხვა ურთიერთობის ფაქტის დადგენის შესახებ.
ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მიღებულ იქნეს სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაცემული ცნობები, თუ ისინი სხვა დოკუმენტებთან ერთად ადასტურებენ სამკვიდროს დამტოვებელთან მემკვიდრეთა ნათესაურ ან სხვა ურთიერთობას.
თუ კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემას ითხოვს პირი, რომელსაც თავისი თავი სამკვიდროს დამტოვებლის კმაყოფაზე მიაჩნია, ნოტარიუსი უნდა დარწმუნდეს, იმყოფება თუ არა იგი სამკვიდროს დამტოვებლის კმაყოფაზე და არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში მის გარდაცვალებამდე, აგრეთვე იყო თუ არა იგი შრომისუუნარო სამკვიდროს გახსნის დღისათვის.
კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის მტკიცებულებად შეიძლება წარმოდგენილი იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახლმმართველობის ან სამკვიდროს დამტოვებლის სამუშაო ადგილის ცნობა იმის შესახებ, რომ მას ჰყავდა
კმაყოფაზე მყოფი პირები, სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების ცნობა მარჩენლის დაკარგვის შემთხვევის გამო პენსიის დანიშვნის შესახებ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი კმაყოფაზე ყოფნის დადგენის შესახებ.
ასაკთან დაკავშირებით კმაყოფაზე მყოფის შრომისუუნარობა მოწმდება პასპორტის, დაბადების მოწმობის მიხედვით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შრომისუუნარობა ‒ საპენსიო წიგნაკის ან საექიმო-შრომითი ‒ საექსპენსიო კომისიის ცნობის
მიხედვით.
თუ ერთ ან რამდენიმე კანონისმიერ მემკვიდრეს საშუალება არა აქვს წარმოადგინოს ნათესაური ან სხვა ურთიერთობის მტკიცებულებანი, რაც საფუძველია მემკვიდრეობებისათვის მოსაწევად, ისინი შეიძლება ჩაწერილ იქნენ მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში ყველა იმ დანარჩენი მემკვიდრის წერილობითი თანხმობით, რომლებმაც მიიღეს ეს მემკვიდრეობა და წარადგინეს შესაბამისი მტკიცებულებანი.
მემკვიდრეთა ეს თანხმობა ფორმდება წერილობითი განცხადების სახით, რომელზეც, ხელმოწერის ნამდვილობა უნდა დამოწმდეს ინსტრუქციაში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად.
92. ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიცემის დროს ნოტარიუსი შესაბამის მტკიცებულებათა გამოთხოვის გზით ამოწმებს სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების ფაქტს, ანდერძის არსებობას, სიმკვიდროს გახსნის დროსა და ადგილს, იმ სამკვიდრო
ქონების შემადგენლობასა და ადგილსამყოფელს, რომელზეც უნდა გაიცეს მოწმობა, არკვევს იმ პირთა წრეს, რომელთაც უფლება აქვთ სავალდებულო წილზე სამკვიდრო ქონებაში აგრეთვე ამოწმებს ანდერძის დამადასტურებელ სანოტარო ბიუროში, გაუქმებული ხომ არ არის იგი.
თუ ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში აღნიშნულია მემკვიდრეთა ნათესაური ან სხვა ურთიერთობა სამკვიდროს დამტოვებელთან (მემკვიდრეთა სურვილისამებრ), ნოტარიუსი გამოითხოვს ამ ურთიერთობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
94. ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიცემის დროს მემკვიდრის მიერ წარმოდგენილი ანდერძის დედანი ან ასლი რჩება სანოტარო ბიუროში.
მემკვიდრის სურვილისამებრ ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობას შეიძლება თან დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძის დედანი ან მისი ასლი.
95. თუ სამემკვიდრო ქონების შემადგენლობაში შედის საცხოვრებელი სახლი, ბინა (ან მათი ნაწილი), ნოტარიუსი მესაკუთრისაგან მოითხოვს უფლებაგანმსაზღვრელ დოკუმენტს, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობას, აგრეთვე შეამოწმებს საცხოვრებელი სახლის ადგილსამყოფლის მიხედვით სანოტარო ბიუროს დოკუმენტებით, ხოლო არ არის დადებული ყადაღა სახლის (სახლის ნაწილის) ბინის გასხვისებაზე. თუ ყადაღა დადებულია სესხის მიღებასთან დაკავშირებით, ნოტარიუსი აცნობებს სესხის გამცემ დაწესებულებას, რომ სესხის მიმღების მემკვიდრეებს მიეცათ მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.
თუ სახლზე ყადაღა სასამართლო ან საგამომძიებლო ორგანოებმა დაადეს, მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემა ჩერდება ყადაღის მოხსნამდე.
96. სპეციალურად სარეგისტრაციო ქონების (ავტომობილები, მოტოციკლეტები, მოტორიანი ნავები და ა.შ.) ქონების მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში შესატანად ნოტარიუსი ამოწმებს დოკუმენტს იმის შესახებ, რომ ეს ქონება სამკვიდროს დამტოვებელს ეკუთვნის (ტექნიკური პასპორტი, გემის მოწმობა და სხვ.) რასაც აღნიშნავს განცხადებაში მოწმობის მიცემის შესახებ.
97. ნოტარიუსი განმარტავს, რომ საცხოვრებელ სახლზე მემკვიდრეობის უფლების მოწმობა რეგისტრირებულ უნდა იქნეს სამი თვის ვადაში საცხოვრებელი სახლის ადგილსამყოფლის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში მისი ნოტარიულად დადასტურების დღიდან, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ‒ ავტოინსპექციის ორგანოებში.
98. მემკვიდრეობის უფლების მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ.
მოწმობის მისაღებად მემკვიდრის პირადად გამოცხადება სავალდებულო არ არის.
99. ნოტარიუსი არასრულწლოვან ან არაქმედუნარიან მემკვიდრეთა სახელზე მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიცემის შესახებ ატყობინებს (უგზავნის მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ასლს) სამეურვეო და სამზრუნველო ორგანოს მემკვიდრეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მათი ქონებრივი ინტერესის დასაცავად.
100. მემკვიდრეებმა, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო ქონების განსაზღვრული ნაწილის ქონების მემკვიდრეობის უფლების მოწმობა შემდგომში მიეცემათ სამკვიდრო ქონების სხვა იმ ნაწილების მემკვიდრეობის უფლების მომდევნო მოწმობები, რაც ჩამოთვლილი არ არის თავდაპირველად გაცემულ მოწმობაში.
სხვა ქონებაზე მემკვიდრეობის უფლების დამატებითი მოწმობის მიცემისა და იმ მემკვიდრეთა გამოცხადების შემთხვევაში, რომლებიც შეყვანილი არ ყოფილან ადრე გაცემულ მოწმობაში, ისინიც შეიძლება შეყვანილ იქნენ დამატებით ქონებაზე მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში ყველა მემკვიდრის წერილობითი თანხმობით, რომლებმაც მემკვიდრეობა მიიღეს.
განცხადებაზე მათი ხელმოწერის ნამდვილობა უნდა დამოწმდეს ინსტრუქციაში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად.
101. სანოტარო ბიუროში შემოღებულია მემკვიდრეობის საქმეთა სანოტარო დავთარი.
მემკვიდრეობის საქმეთა სააღრიცხვო დავთარში რეგისტრირდება სააღრიცხვო განცხადებები მემკვიდრეობის მიღების მემკვიდრეობის უფლების მოწმობათა მიცემის, სამკვიდრო ქონების ანგარიშში ხარჯების გაწევის განკარგულებათა მიცემის, მემკვიდრეობაზე უარის თქმის შესახებ, კრედიტორთა პრეტენზიები, აგრეთვე განცხადებანი სამემკვიდრეო ქონების დასაცავად ზომების მიღების შესახებ, რომელთა მიღებითაც იქნა მიღებული ეს ზომები.
რეგისტრირებულ განცხადებათა საფუძველზე გარდაცვლილის სახელზე დგება საქმე, რომელიც რეგისტრირდება მემკვიდრეობის საქმეთა აღრიცხვის ანბანურ დავთარში.
ყველა შემდგომი განცხადება (დამატებითი, სხვა მემკვიდრეთა და კრედიტორთაგან) აგრეთვე რეგისტრირდება მემკვიდრეობის საქმეთა აღრიცხვის დავთარში.
ყველა განცხადებაზე აღინიშნება მათი შემოსავლის დრო და სამემკვიდრეო საქმის ნომერი.
სამემკვიდრეო საქმეში ჩაიკვრება მემკვიდრეთაგან, სხვა პირთა და დაწესებულებათაგან გამოთხოვილი დოკუმენტები და მემკვიდრეობის უფლების მოწმობის ეგზემპლარი.
თავი IV
მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა
102. სანოტარო ბიურო მეუღლეთა ერთობლივი წერილობითი განცხადების საფუძველზე ორივეს ან ერთ-ერთ მათგანს აძლევს მოწმობას ქორწინების განმავლობაში შეძენილ საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების შესახებ.
საკუთრების უფლების მოწმობა გაცემა მხოლოდ იმ ქონებაზე, რომელიც მეუღლეთა ერთობლივი საკუთრებაა და არსებობს მოწმობის მიცემის დღისათვის.
მოწმობის მიცემისას ნოტარიუსი მოითხოვს საქორწინო ურთიერთობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ქორწინების მოწმობა, ქორწინების რეგისტრაციის აღნიშვნა პასპორტში და ა.შ.)
გადასახადით ან გამოსაღებით დასაბეგრი ქონების მოწმობის მიცემისას წარმოდგენილ უნდა იქნეს გადასახადის ან გამოსაღების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
103. თუ იმ ქონების შემადგენლობაში რომლის წილზეც გაიცემა მოწმობა, შედის საცხოვრებელი სახლი, ბინა (ან მათი ნაწილი) სააგარაკო ‒ სამშენებლო ან საბინაო -სამშენებლო კოოპერატივის საპაიო დაგროვება, სპეციალურ აღრიცხვაზე არსებული (სარეგისტრაციო) ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებანი და სხვა ქონება, ნოტარიუსი ამოწმებს, ეკუთვნით თუ არა აღნიშნული ქონება მეუღლეებს.
საცხოვრებელ სახლზე ბინაზე (ან მათ ნაწილზე) საკუთრების უფლების მოწმობის მიცემის დროს საჭიროა აგრეთვე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ცნობა.
თუ სახლის განსხვისებაზე დადებულია ყადაღა სახლის მშენებლობის ან კაპიტალური რემონტისათვის გაცემულ სესხთან დაკავშირებით საკუთრების უფლების მოწმობა გაიცემა სესხის გამცემი ბანკის შესაბამისი დაწესებულებების ან სამეურნეო ანგარიშიანი საწარმოოს ან და ორგანიზაციის ნებართვით.
საკუთრების უფლების მოწმობის მიცემის შესახებ აღინიშნება სახლზე უფლების განმსაზღვრელ დოკუმენტზე. საცხოვრებელ სახლზე ბინაზე (ან მათ ნაწილზე) საკუთრების უფლების მოწმობას გასცემს ის სანოტარო ბიურო, რომლის სამუშაო უბანშიცაა სახლის ადგილსამყოფელი.
104. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობა ცოცხლად დარჩენილი მეუღლის განცხადებით გაიცემა სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით, რის შესახებაც წინასწარ ეცნობებათ მემკვიდრეებს, რომლებმაც მემკვიდრეობა მიიღეს.
შეტყობინებაში აღინიშნება მეუღლეთა საერთო ქონების შემადგენლობა, რომლის წილზე ცოცხლად დარჩენილი მეუღლე მოითხოვს საკუთრების უფლების მოწმობის გაცემას, აგრეთვე განმარტებულია უფლება, თუ როგორ უნდა მიმართოს მემკვიდრემ ცოცხლად დარჩენილი მეუღლის ქონებრივი მოთხოვნების სადაოდ გახდის შემთხვევაში სასამართლოს.
შეტყობინება იგზავნება ფოსტით ხოლო სანოტარო ბიუროში გამოცხადებულ მემკვიდრეებს ნოტარიუსი სიტყვიერად ატყობინებს, რის შესახებაც აღინიშნება ცოცხლად დარჩენილი მეუღლის განცხადებაზე მემკვიდრეობის ხელმოწერით.
თუ მემკვიდრეთა შორის არიან არაქმედუნარიანი, შეტყობინება ეგზავნება სამეურნეო და სამზრუნველო ორგანოს.
მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობა ცოცხლად დარჩენილი მეუღლეს შეიძლება მიეცეს ქორწინების განმავლობაში შეძენილი საერთო ქონების ნახევარი.
105. მეუღლეთა საერთო ქონებაში წილზე საკუთრების უფლების მოწმობა ცოცხლად დარჩენილი მეუღლისათვის მიცემისას საჭიროა მეუღლის გარდაცვალების მოწმობა, გარდაცვალებულ მეუღლესთან განმცხადებლის საქორწინო ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მეუღლეთა ქონებაზე საერთო (ერთობლივი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების საკუთრების უფლების მოწმობას გასცემს სანოტარო ბიურო სამკვიდროს გახსნის ადგილის მიხედვით.
106. ნოტარიუსი განმარტავს, რომ სახლზე ბინაზე (ან მათ ნაწილზე) საკუთრების უფლების მოწმობა რეგისტრირებული უნდა იქნეს სამი თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების უფლების მოწმობა სახელმწიფო ავტოინსპექციის ორგანოში.
თავი V
ყადაღის დადება საცხოვრებელი სახლის გასხვისებაზე
ბანკის დაწესებულებათა, სამეურნეოანგარიშიან საწარმოთა და ორგანიზაციათა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მოქალაქეებს მიეცათ სესხი საცხოვრებელი სახლის ბინის (ან მათი ნაწილის) მშენებლობის კაპიტალური რემონტისა და შეძენისათვის, წარმოადგენს საფუძველს აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ბინის (ან მათი ნაწილის) დაყადაღებისათვის.
ნოტარიუსი ვალდებულია გირავნობის დადასტურებისას მიიღოს ზომები აღნიშნული სახლის ბინის (ან მათ ნაწილის) დაყადაღებისათვის.
107. ყადაღის დადება ხდება შემდეგნაირად:
ბანკის დაწესებულების სამეურნეოანგარიშიანი საწარმოოს ან ორგანიზაციის შეტყობინებაზე სესხის მიცემის შესახებ კეთდება დაწესებული ფორმის წარწერა.
შეტყობინების ერთი ეგზემპლარი ნოტარიუსის წარწერით იმის შესახებ, რომ გასხვისებაზე დადებულია ყადაღა, გაეგზავნება ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს საცხოვრებელი სახლის ადგილსამყოფლის მიხედვით, მეორე ეგზემპლარი ‒ ბანკის შესაბამის დაწესებულებას სამეურნეოანგარიშიანი საწარმოს ან ორგანიზაციას, რომელმაც სესხი გასცა, ხოლო შეტყობინების მესამე ეგზემპლარი რჩება სანოტარო ბიუროში.
საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ან ბინის გირავნობის ხელშეკრულების მიხედვით განსხვისებაზე ყადაღის დადება ხდება გირავნობის ხელშეკრულების მიხედვით. ყადაღის დადების შესახებ სანოტარო ბიურო აცნობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საცხოვრებელი სახლის ადგილსამყოფლის მიხედვით.
108. განსხვავებაზე ყადაღის დადება რეგისტრირდება ყადაღათა სარეგისტრაციო რეესტრში. ამავე რეესტრში რეგისტრირდება სასამართლო და საგამომძიებლო ორგანოთა შეტყობინება საცხოვრებელ სახლზე (სახლის ნაწილზე) ბინაზე ყადაღის დადების შესახებ.
ჩანაწერი ყადაღის დადების შესახებ შეიტანება აგრეთვე ყადაღათა აღრიცხვის ანბანურ დავთარში.
110. ნოტარიუსი ბანკის დაწესებულების, სამეურნეოანგარიშიანი საწარმოოს ან ორგანიზაციის შეტყობინების სესხის დაფარვის შესახებ, ან გირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ცნობის საფუძველზე, ხსნის ყადაღას საცხოვრებელი სახლის ბინის (მათი ნაწილის) გასხვისებაზე.
ყადაღის მოხსნის შესახებ ეცნობება ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს საცხოვრებელი სახლის ადგილსამყოფლის მიხედვით და აღინიშნება ყადაღათა სარეგისტრაციო რეესტრში და ანბანურ დავთარში.
ყადაღის მოხსნის შესახებ სასამართლო ან საგამომძიებლო ორგანოთა შეტყობინება ნოტარიუსის მიერ შეიტანება ყადაღათა რეესტრში და ანბანურ დავთარში.
თავი VI
დოკუმენტების ასლებისა და მათი ამონაწერების სისწორის დამოწმება
111. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად ნოტარიუსები ამოწმებენ დოკუმენტის პირისა და ამონაწერის სისწორეს დედანთან.
აკრძალულია პასპორტის, პარტიული ბილეთის, პროფკავშირული ბილეთის, დეპუტატის მოწმობისა და სამხედრო ბილეთის ასლის სისწორის დამოწმება.
112. ამონაწერის სისწორე შეიძლება დამოწმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი, რომლიდანაც კეთდება ამონაწერი, შეიცავს რამდენიმე ცალკეული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი საკითხის გადაწყვეტას. ამონაწერი უნდა ასახავდეს დოკუმენტის ნაწილის სრულ ტექსტს განსაზღვრულ საკითხზე.
113. დოკუმენტის ასლის სისწორეს დაამოწმებს ნოტარიუსი იმ პირობით, თუ ასლის სისწორე დამოწმებულია სანოტარო წესით ან თუ დოკუმენტის ასლი გაცემულია იმ სახელმწიფო დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის მიერ, სადაც შედგენილია დოკუმენტის დედანი, უკანასკნელ შემთხვევაში დოკუმენტის ასლი ჩამოყალიბებული უნდა იყოს მოცემული დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის ბლანკზე, დასმული უნდა ჰქონდეს ბეჭედი და აღნიშნული იყოს, რომ დოკუმენტის დედანი ინახება მოცემულ დაწესებულებაში, საწარმოში, ორგანიზაციაში. ასლის სისწორე უნდა დამოწმდეს დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის ხელმღვანელის (სამმართველოს, განყოფილების) ხელმოწერით.
114. მოქალაქის მიერ გაცემული ასლის სისწორე დამოწმდება იმ შემთხვევებში, როცა დოკუმენტზე მოქალაქის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებულია სანოტარო ორგანოს ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მოქალაქე მუშაობს ან სწავლობს. იმ სახლმმართველობის (საბინაო საექსპლუატაციო უბნის) მიერ, სადაც იგი ცხოვრობს, ანდა იმ სტაციონარული სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, რომელშიც იგი იმყოფება სამკურნალოდ.
115. დოკუმენტის დასამოწმებელი ასლი ან მისი ამონაწერი შეუჯერდება დედანთან.
თავი VII
დოკუმენტებზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება
116. ნოტარიუსი დაამოწმებს იმ დოკუმენტებზე ხელმოწერის ნამდვილობას, რომელთა შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს და წარმოადგენს გარიგების შინაარსის გადმოცემას.
ხელშეკრულებაზე, ანდერძზე, რწმუნებულებასა და სხვა დოკუმენტზე, რომელშიც გადმოცემულია გარიგების შინაარსი შეიძლება დამოწმდეს მხოლოდ იმ პირის ხელმოწერის ნამდვილობა, რომელმაც ხელი მოაწერა სხვა პირის მაგიერ, ვინაიდან მას არ შეუძლია თვითონ მოაწეროს ხელი ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზით.
117. სხვა პირს, რომელსაც ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო თვითონ არ შეუძლია მოაწეროს ხელი პირის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისას, ნოტარიუსი არკვევს როგორც ხელმომწერი პირის, ისევე იმ პირის ვინაობას, რომლის მაგიერაც იგი აწერს ხელს.
118. ნოტარიუსები ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისას არ ადასტურებენ დოკუმენტში ჩამოყალიბებულ ფაქტებს, არამედ მხოლოდ ამოწმებენ, რომ ხელმოწერა გარკვეულ პირს ეკუთვნის.
119. არ შეიძლება დოკუმენტზე მოქალაქის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება, თუ მასში დასტურდება ისეთი გარემოებანი, რომელთა დადასტურების უფლება მხოლოდ სახელმწიფო ორგანოს ეკუთვნის (მაგალითად, დაბადების, ქორწინების, გარდაცვალების დრო და ა. შ.).
აღნიშნული დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობა შეიძლება დამოწმდეს იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი გათვალისწინებულია უცხოეთის სახელმწიფოს სასამართლოში ან სხვა დაწესებულებაში წარსადგენად.
120. სახელმწიფო დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების კოლმეურნეობებისა და სხვა კოოპერაციულ და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამდებობის პირთა იმ ბარათებზე ხელმოწერის ნიმუშების დამოწმებისას, რომლებიც წარდგენილ უნდა იქნეს საბანკო დაწესებულებებში, ნოტარიუსები შეამოწმებენ მათი ხელმოწერის ნამდვილობას და ხელმომწერის უფლებამოსილებას.
უფლებამოსილების დასადასტურებლად ნოტარიუსს უნდა წარედგინოს ბრძანება თანამდებობის პირის დანიშვნის შესახებ ან ოქმი მისი არჩევის შესახებ, დადგენილი წესით დამტკიცებული წესდება (ან დებულება), ანდა ხელმძღვანელის სახელზე ზემდგომი ორგანიზაციის მიერ გაცემული რწმუნებულება.
ბარათზე უნდა აღინიშნოს ამ ორგანიზაციის ბეჭდის ნიმუში, თუ ორგანიზაციას ბეჭედი არ აქვს, წარდგენილ უნდა იქნეს ამ გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (ანგარიშის მფლობელის მიმართ ზემდგომი ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა და სხვა).
თავი VIII
ერთი ენიდან მეორეზე დოკუმენტის თარგმნის სისწორის დამოწმება
121. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად ნოტარიუსები ამოწმებენ ერთი ენიდან მეორეზე დოკუმენტის თარგმნის სისწორეს იმ პირობით, თუ ნოტარიუსმა იცის შესაბამისი ენები.
თუ ნოტარიუსმა არ იცის შესაბამისი ენები, დოკუმენტების თარგმანი შეიძლება შეასრულოს მისთვის ცნობილმა თარჯიმანმა, რომლის ხელმოწერის ნამდვილობას ამოწმებს ნოტარიუსი.
122. თუ სანოტარო მოქმედების შესრულებისას (გარიგების დადასტურება, ასლის სისწორის დამოწმება და ა. შ.) ერთდროულად სრულდება სხვა ენაზე თარგმნაც, თარგმანი და დედანი თავსდება ერთ ფურცელზე ‒ ორივე ტექსტი გვერდიგვერდ, ვერტიკალური ხაზით იმგვარად გაყოფილ ერთ გვერდზე, რომ ტექსტის დედანი მოთავსებული იყოს მარცხენა მხარეს, თარგმანი მარჯვენა მხარეს. თარგმანი უნდა შესრულდეს თარგმნილი დოკუმენტის მთელი ტექსტიდან და დამთავრდეს ხელმოწერებით.
თარგმანს ხელს აწერს მთარგმნელი. დამადასტურებელი წარწერა კეთდება დოკუმენტისა და მისი თარგმნის ტექსტის ქვემოთ.
დედნისაგან ცალკე ფურცელზე მოთავსებული თარგმანი მიეკვრება დოკუმენტის დედანს, ზონარი გაეყრება და დამოწმდება ნოტარიუსის ხელმოწერითა და სანოტარო ბიუროს ბეჭდით.
თავი IX
მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება
123. ნოტარიუსი ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს.
15 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის ცოცხლად ყოფნის ფაქტი დასტურდება მისი კანონიერი წარმომადგენლების (მშობლების, მშვილებლების, მზრუნველების) თანხმობით.
124. მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტი დამოწმდება მაშინ, როცა იგი გამოცხადდება სანოტარო ბიუროში, ისევე მაშინ, როცა ნოტარიუსი ამ ფაქტს ადასტურებს, სანოტარო ბიუროს შენობის გარეთ (ამ ინსტრუქციის მე-8 პუნქტი).
125. მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დასადასტურებლად ნოტარიუსი დაინტერესებულ პირებს მისცემს მოწმობას.
თავი X
მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის დადასტურება
126. ნოტარიუსები ადასტურებენ მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს.
15 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტი დასტურდება მისი კანონიერი წარმომადგენლობის (მშობლების, მშვილებლების, მეურვეების) თხოვნით, ხოლო 15 -დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის ‒ მისი თხოვნით და კანონიერი წარმომადგენლობის (მშობლების, მშვილებლების, მზრუნველების) თანხმობით.
127. მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტი დამოწმდება, მაშინ, როცა იგი გამოცხადდება სანოტარო ბიუროში. ისევე მაშინ, როცა ამ ფაქტს ადასტურებს ნოტარიუსი სანოტარო ბიუროს შენობის გარეთ (ამ ინსტრუქციის მე-8 პუნქტი).
128. მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის დასადასტურებლად ნოტარიუსი დაინტერესებულ პირებს მისცემს მოწმობას.
თავი XI
ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან მოქალაქის იგივეობის დადასტურება
129. სანოტარო ბიუროები ადასტურებენ მოქალაქის იგივეობის ან მოქალაქის მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან და ამის შესახებ გასცემენ მოწმობას.
ფოტოსურათი მოთავსდება გასაცემი მოწმობის ზედა მარცხენა კუთხეში, დამოწმდება ნოტარიუსის ხელმოწერითა და სანოტარო კანტორის ბეჭდით. ამასთან ბეჭედი ნაწილობრივ უნდა აისახოს ფოტოგრაფიულ სურათზე, ნაწილობრივ კი ‒ მოწმობაზე.
თავი XII
დოკუმენტის წარმოდგენის დროის დადასტურება
131. სანოტარო ბიუროები ადასტურებენ ნოტარიუსისათვის დოკუმენტის წარდგენის დროს და ამის შესახებ გასცემენ მოწმობას.
თავი XIII
მოქალაქეებისა და ორგანიზაციების განცხადებათა გადაცემა სხვა მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისათვის
132. სანოტარო ბიუროები მოქალაქეებისაგან, სახელმწიფო დაწესებულებებისაგან, საწარმოებისა და ორგანიზაციებისაგან, მეურნეობისა და სხვა კოოპერაციული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან იღებენ განცხადებებს სხვა მოქალაქეებისათვის, სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, მეურნეობებისა და სხვა კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის გადასაცემად.
განცხადება სანოტარო ბიუროს უნდა წარედგინოს ორ ეგზემპლარად მაინც, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი გაიგზავნება ფოსტით, ჩაბარების შეტყობინებით ან გადაეცემა პირადად ადრესატს ხელწერის ქვეშ, ხოლო მეორე ეგზემპლარი (ეგზემპლარები) რჩება სანოტარო ბიუროში.
განცხადებების ფოსტით გადაცემის საფოსტო ხარჯებს ანაზღაურებენ ამ სანოტარო მოქმედების შესრულების მთხოვნელი პირები.
133. განცხადების შემტანი პირის თხოვნით, მას მიეცემა მოწმობა განცხადების გადაცემის შესახებ. მოწმობა შეიძლება ჩამოყალიბდეს განცხადების ეგზემპლარზე ან ცალკე ფურცელზე.
მოწმობაში უნდა აღინიშნოს განცხადებაზე მიღებული პასუხის შინაარსი ან ქონების მცველის დანიშვნის შესახებ ნოტარიუსის დადგენილებაში.
მცველებს, მეურვეებს და სხვა პირებს, რომელთაც გადაეცათ შესანახად სამკვიდრო ქონება (თუ ისინი მემკვიდრეები არ არიან) უფლება აქვთ მიიღონ გასამრჯელო სამკვიდრო ქონების შენახვისათვის.
გასამრჯელოს ოდენობას დააწესებს ნოტარიუსი მცველთან, მეურვესთან ან სხვა პირთან შეთანხმებით, რომელსაც გადაეცემა შესანახად ქონება, მაგრამ იგი არ შეიძლება აღემატებოდეს შესანახად გადაცემული ქონების ღირებულების 1,5 პროცენტს. ცხოველთა შენახვისათვის გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება დაწესებული საფასურის 50 პროცენტით. აღნიშნულ პირებს აუნაზღაურდებათ აგრეთვე, სამკვიდრო ქონების შენახვისა და მართვისათვის საჭირო ხარჯები. ეს ხარჯები ანაზღაურდება, წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, ქონების გამოყენებით ‒ ფაქტობრივად მიღებული გამორჩენის გამოქვითვით.
86. სამკვიდრო ქონების დაცვა გრძელდება ყველა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებამდე, ხოლო თუ მათ იგი არ მიუღიათ, ‒ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
სამკვიდრო ქონების დაცვა შეიძლება გაგრძელდეს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, თუ სანოტარო ბიუროში შევა განცხადება იმ პირთაგან მემკვიდრეობის მიღების თანხმობის შესახებ, რომელთა მემკვიდრეობის უფლება წარმოიშობა სხვა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიუღებლობის შემთხვევაში (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის IV ნაწილი), და თუ სამკვიდროს მისაღებად კანონით დაწესებული ექვსი თვის ვადის გასვლამდე დარჩა სამ თვეზე ნაკლები.
ამ შემთხვევაში სამკვიდრო ქონების დაცვა გრძელდება ამ პუნქტის მე-2 აბზაცში ხსენებული ყველა პირის მიერ მემკვიდრეობის მიღებამდე, ხოლო თუ მათ იგი არ მიუღიათ, ‒ რომელიმე პირისაგან მემკვიდრეობის მიღებამდე თანხმობის შესახებ განცხადების შემოსვლის დღიდან სამი თვის გასვლამდე, თუ სამკვიდროს მისაღებად ექვსი თვის ვადის დარჩენილი ნაწილი სამ თვეზე ნაკლები აღმოჩნდება.
სანოტარო ბიურო მოვალეა წინასწარ შეატყობინოს მემკვიდრეებს სამკვიდრო ქონების დაცვის ზომების შეწყვეტის შესახებ, ხოლო ქონება მემკვიდრეობის უფლებით სახელმწიფოს გადაეცემა შესაბამის საფინანსო ორგანოს.
87. აუცილებელ შემთხვევებში მემკვიდრეთა მიერ მემკვიდრეობის მიღებამდე, ხოლო თუ ასეთი ქონება მიღებული არ არის სახელმწიფოსათვის მემკვიდრეობის უფლებაზე მოწმობის გაცემამდე, სანოტარო ბიუროები გასცემენ განკარგულებას სამკვიდრო ქონებიდან იმ ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რომელიც გაწეული იყო:
1. სამკვიდროს დამტოვებლის მოსავლელად მისი ავადმყოფობის დროს, აგრეთვე მის დასაკრძალვად.
2. სამკვიდროს დამტოვებლის კმაყოფაზე მყოფი მოქალაქეების შესანახად.
3. ხელფასთან დაკავშირებული პრეტენზიებისა და მათთან გათანაბრებული პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად.
4. სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის, აგრეთვე მემკვიდრეების შეტყობინებასთან დაკავშირებული პუბლიკაციებისათვის.
თუ სამკვიდრო ქონებაში არ მოიპოვება ფულადი თანხები, მაშინ გაიცემა განკარგულება გარდაცვლილის შემდეგ დარჩენილი ნივთების მიცემის შესახებ, რომელთა ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს გაწეული ხარჯების თანხას.
1-ლ, მე-2 და მე-3 ქვეპუნქტებში აღნიშნული ხარჯების დასადასტურებლად ‒ ნოტარიუსი გამოითხოვს მაღაზიების ანგარიშებს, სამკვიდრო დაწესებულებათა ცნობებს, დაკრძალვის მომწყობი კომისიის აქტებს, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლსა და სხვა დოკუმენტებს.
თავი XIV
ფულისა და ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღება
134. სანოტარო ბიუროები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოვალისაგან სანოტარო ბიუროს დეპოზიტში მიიღებენ ფულს და ფასიან ქაღალდებს კრედიტორისათვის გადასაცემად.
ფულს ან ფასიან ქაღალდებს სანოტარო ბიურო დეპოზიტში მიიღებს ვალდებულების შესრულების ადგილის მიხედვით.
135. ფულისა და ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღებისას ნოტარიუსი წინადადებას აძლევს მოვალეს წერილობით ან სიტყვიერად აცნობოს თავისი სახელი, გვარი, მამის სახელი (ან ორგანიზაციის დასახელება) და მისამართი, იმ პირის დასახელება და ცნობილი მისამართი, რომლისთვისაც გადასაცემად შეტანილია ფული ან ფასიანი ქაღალდები და მიზეზი, თუ რატომ უშუალოდ არ შეასრულა ვალდებულება. მოვალეს ასევე შეუძლია მიუთითოს დასაბუთება და ანგარიში, რომლის მიხედვითაც კეთდება შენატანი.
ნოტარიუსი, იღებს რა სანოტარო ბიუროს დეპოზიტში ვალდებულების საგანს (ფული, ფასიანი ქაღალდები), არ ამოწმებს შენატანის საფუძველს, ე.ი. კრედიტორის უფლებათა და მოვალის ვალდებულებათა წარმოქმნის საფუძველს.
136. დეპოზიტში ფულის ან ფასიანი ქაღალდების შემტან პირს ნოტარიუსი აძლევს ქვითარს შენატანის შესახებ.
მოვალის თხოვნით წარწერა შეტანის შესახებ შეიძლება გაკეთდეს აგრეთვე წარმოდგენილ დოკუმენტზე, რომელიც ადასტურებს დავალიანებას.
137. სანოტარო ბიურო ფულისა და ფასიანი ქაღალდების მიღების შესახებ აცნობებს კრედიტორს და მისი თხოვნით მისცემს მას კუთვნილ ფულს ან ფასიან ქაღალდებს.
თუ კრედიტორის მისამართი მოვალეს არ აღუნიშნავს და ნოტარიუსისათვის ეს მისამართი უცნობია, მოვალეს აფრთხილებენ, რომ ფულის ან ფასიანი ქაღალდების შეტანის შესახებ კრედიტორის შეტყობინება მას ეკისრება.
138. თუ ფული ან ფასიანი ქაღალდი სანოტარო ბიუროში ფოსტით ან საკრედიტო დაწესებულების მეშვეობით მიიღეს, მიღებული თანხიდან დაიქვითება სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი საზღაური, ხოლო ნაშთი დეპოზიტში მიიღება.
139. ფულისა და ფასიანი ქაღალდების იმ პირისათვის დაბრუნება, რომელმაც ისინი დეპოზიტში შეიტანა (დებიტორი), შეიძლება მხოლოდ იმ პირის წერილობითი თანხმობით, რომლის სასარგებლოდაც შეიტანეს ფული ან ფასიანი ქაღალდი (კრედიტორი), ანდა სასამართლოს დადგენილებით.
140. სანოტარო ბიუროს სპეციალური სადეპოზიტო ანგარიშზე სადეპოზიტო თანხების შენახვა განისაზღვრება შემდეგი ვადებით:
- მოქალაქისადმი გადასაცემი სადეპოზიტო თანხები სამი წლის განმავლობაში.
- სამეურნეო ანგარიშზე მყოფი სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, აგრეთვე კოოპერაციული და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის გადასაცემი სადეპოზიტო თანხები სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე ერთი წლის განმავლობაში.
- სახელმწიფო დი ადგილობრივ ბიუჯეტზე მყოფი დაწესებულებებისათვის გადასაცემი სადეპოზიტო თანხები ინახება იმ წლის 31 დეკემბრამდე, როცა ეს თანხები იქნა შეტანილი, ხოლო გადაუწყვეტელი სასამართლო საქმეების მიხედვით დეპოზიტში შეტანილი თანხები ინახება იმ წლის 31 დეკემბრამდე, როცა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება.
ამ ვადების გასვლის შემდეგ მოუკითხავი სადეპოზიტო თანხები გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალში.
მოუკითხავი სადეპოზიტო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალში გადაირიცხება აღნიშნული ვადების გასვლიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
141. სადეპოზიტო თანხების აღრიცხვა წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი XV
სააღსრულებო წარწერების შესრულება
142. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად ფულის გადასახდევინებლად ან მოვალისაგან ქონების გამოსათხოვად ნოტარიუსი დაინტერესებულ პირთა წერილობით, განცხადებით დოკუმენტზე ასრულებს სააღსრულებო წარწერას, რომელიც ადასტურებს დავალიანებას.
იმ დოკუმენტების ნუსხას, რომელთა მიხედვით დოკუმენტების დავალიანებას უდავო წესით, სააღსრულებო წარწერის საფუძველზე გადაახდევინებენ, ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
დოკუმენტებზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დავალიანების შესახებ სააღსრულებო წარწერა არ სრულდება.
143. სააღსრულებლო წარწერა სრულდება:
1. თუ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით უდავოა დავალიანება ან მოვალის სხვა პასუხისმგებლობა გადამხდევინებლის წინაშე.
2. თუ სარჩელზე უფლების წარმოშობის დღიდან გასულია არაუმეტეს სამი წლისა, ხოლო სახელმწიფო დაწესებულებათა, საწარმოთა და ორგანიზაციათა, კოლმეურნეობათა და სხვა კოოპერაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა შორის ურთიერთობის გამო ‒ არაუმეტეს ერთი წლისა.
თუ იმ მოთხოვნის მიმართ, რომელზეც უნდა გაიცეს სააღსრულებო წარწერა, კანონით დაწესებულია ხანდაზმულობის სხვა ვადა. სააღსრულებო წარწერა გაიცემა ამ ვადის ფარგლებში.
ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულდეს სააღსრულებლო წარწერა, გამოიანგარიშება იმ დღიდან, როცა გადამხდევინებელს დასაბუთებულად იმ დოკუმენტის ნუსხაში აღნიშნული დოკუმენტები, რომლებითაც დავალიანების გადახდევინება წარმოებს უდავო წესით სააღსრულებო წარწერების საფუძველზე.
145. „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად სააღსრულებო წარწერაში უნდა აღინიშნოს:
1. სააღსრულებო წარწერის შემსრულებელი ნოტარიუსის თანამდებობა, ინიციალები და გვარი;
2. გადამხდევინებლის დასახელება და მისამართი;
3. მოვალის დასახელება და მისამართი;
4. გადახდევინების ვადა;
5. გადასახდევინებელი თანხა ან გამოსათხოვი საგნები, კუთვნილი საურავი და პროცენტი, თუ ასეთი ეკუთვნის;
6. გადამხდევინებლის მიერ გადახდილი ან მოვალის მიერ გადასახდელი თანხები;
7. სააღსრულებო წარწერის შესრულების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი);
8. სანოტარო რეესტრში სააღსრულებო წარწერის გატარების ნომერი;
9. სააღსრულებო წარწერის შემსრულებელი ნოტარიუსის ხელმოწერა და სანოტარო ბიუროს გერბიანი ბეჭედი.
146. სააღსრულებო წარწერა სრულდება დოკუმენტის დედანზე, რომელიც ადასტურებს დავალიანებას.
დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტისაგან ცალკე სააღსრულებო წარწერა არ სრულდება.
თუ დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით გადახდევინება ნაწილ-ნაწილ უნდა მოხდეს, სააღსრულებო წარწერა თითოეული გადახდევინების მიხედვით უნდა შესრულდეს ამ დოკუმენტის ასლზე ან მოვალის პირადი ანგარიშის ამონაწერზე. ამ შემთხვევაში დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანზე აღინიშნება შესრულებული სააღსრულებო წარწერა გადასახდევინებელი თანხაზე, თარიღისა და იმ ნომრის ჩვენებით, რომლითაც იგი რეგისტრირებულია სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო ჟურნალში.
147. სანოტარო ბიუროში დგება დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მოვალის პირადი ანგარიშის ამონაწერი და სააღსრულებო წარწერის ასლი.
ერთი და იგივე ვალდებულების მიხედვით სააღსრულებო წარწერის ყოველი შემდგომი შესრულებისას დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის განმეორებით წარდგენა საჭიროა არ არის. ამ შემთხვევებში საკმარისია პირადი ანგარიშისა და ვალდებულების დედნის ამონაწერების ორი ეგზემპლარის წარდგენა. ამონაწერის ერთი ეგზემპლარი სააღსრულებო წარწერითა და ვალდებულების დედანი დაუბრუნდება გადამხდევინებელს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება სანოტარო ბიუროში.
147. თუ რამდენიმე სააღსრულებო წარწერა სრულდება დავალიანების დამადასტურებელი ერთგვაროვანი ფორმის დოკუმენტებზე (მაგალითად, ბანკის სესხი, ბინის ქირა და ა.შ.), სანოტარო ბიუროში შეიძლება დარჩეს დავალიანებას დამადასტურებელი დოკუმენტის ერთი ასლი (ერთ-ერთ მოვალეზე) და ყველა მოვალის სია, რომლებისათვისაც გადახდევინებაზე სრულდება სააღსრულებო წარწერები, ამასთან აღინიშნება მოვალეთა სრული დასახელება და მისამართები, გადასახდელთა ვადები, სააღსრულებო წარწერის მიხედვით გადახდევინების თანხები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა მონაცემებიც.
148. თუ სააღსრულებო წარწერის შესასრულებლად, დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა საჭიროა წარდგენილ იქნეს იმ დოკუმენტების ნუსხაში აღნიშნული სხვა დოკუმენტებიც, რომლებითაც დავალიანების გადახდევინება წარმოებს უდავო წესით სააღსრულებო წარწერების საფუძველზე, ისინი სააღსრულებო წარწერას კი არ დაერთვის, არამედ რჩება სანოტარო ბიუროში.
149. სააღსრულებო წარწერები ჩეკებზე სრულდება გადამხდელის ან სახელმწიფო ბანკთან არსებული საანგარიშსწორებო დაწესებულების ადგილსამყოფლის მიხედვით. სააღსრულებო წარწერას ნოტარიუსი ასრულებს მხოლოდ იმ პირობით, თუ არის გადამხდელის (ბანკის) ან საანგარიშსწორებო დაწესებულების წარწერა იმის შესახებ, რომ ჩეკი წარდგენილ იქნა გასანაღდებლად წარდგენის დროის აღნიშვნით და არ გაუნაღდებიათ. სააღსრულებო წარწერის შესრულებისას მოწმდება, დროულად იქნა თუ არა წარდგენილი ჩეკი გასანაღდებლად („ჩეკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად).
სააღსრულებო წარწერა გაიცემა სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა გადამხდელმა (ბანკმა) უარი განაცხადა ჩეკის განაღდებაზე, ხოლო წამწერლისათვის, რომელმაც ჩეკი გაანაღდა, სამი თვის განმავლობაში განაღდების დღიდან („ჩეკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონი).
სააღსრულებო წარწერა სრულდება ჩეკმფლობელის სურვილისამებრ, როგორც ჩეკის გამცემის მიმართ, ისევე ჩეკის მიხედვით პასუხისმგებელ წამწერელთა მიმართ. სააღსრულებო წარწერის შესრულების შესახებ ნოტარიუსი აღნიშნავს რეესტრში და ჩეკგამცემს უგზავნის შეტყობინებას ჩეკის გაუნაღდებლობისა და სააღსრულებლო წარწერის გაცემის შესახებ.
150. თუ გადამხდევინებელი ან მოვალე მოქალაქეა, სააღსრულებო წარწერა იძულებითი აღსრულებისათვის შეიძლება წარდგენილ იქნეს სამი წლის განმავლობაში მისი შესრულების დღიდან, ხოლო ყველა დანარჩენ მოთხოვნაზე, ერთი წლის განმავლობაში, თუ კანონმდებლობით დადგენილი არ არის სხვა ვადები.
სააღსრულებო წარწერის წარდგენისათვის გადაცილებული ვადის აღდგენა ხდება საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად.
თავი XVI
თამასუქის პროტესტის შესრულება, ჩეკის წარდგენა გასანაღდებლად და ჩეკის გაუნაღდებლობის დადასტურება
151. სანოტარო ბიუროები ასრულებენ თამასუქის პროტესტს მისი გაუნაღდებლობის, გასანაღდებლად მისი მიუღებლობის და დაუთარიღებელი აქცეპტის გამო, „თამასუქის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის შესაბამისად.
152. თამასუქის პროტესტს მისი გაუნაღდებლობის გამო სანოტარო ბიურო ასრულებს გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით ან გადასახდელის ადგილსამყოფლის მიხედვით (დომიცილებული თამასუქი, ე.ი. თამასუქი, რომელიც მესამე პირმა უნდა გაანაღდოს), ხოლო თამასუქის პროტესტს გასანაღდებლად მისი მიუღებლობისა და დაუთარიღებელი აქცეპტის გამო, გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით.
153. თამასუქის გაუნაღდებლობის გამო პროტესტის შესასრულებლად სანოტარო ბიურო თამასუქს მიიღებს თამასუქის განაღდების თარიღის გასვლის მომდევნო დღეს, მაგრამ ამ ვადის მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა.
თამასუქის გასანაღდებლად მიუღებლობის გამო პროტესტის შესასრულებლად თამასუქი შეიძლება მიღებულ იქნეს იმ ვადის განმავლობაში, რაც „თამასუქის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონით დაწესებულია აქცეპტისათვის წარსადგენად, ხოლო თუ თამასუქი აქცეპტისათვის წარდგენილ იქნა ვადის უკანასკნელ დღეს ‒ ამ ვადის მომდევნო დღის არაუგვიანეს 12 საათისა.
თამასუქის პროტესტი სრულდება „თამასუქის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულ ვადებში.
154. თამასუქის პროტესტის მიღების დღეს სანოტარო ბიურო გადამხდელს ან დომიცილიანტს (პირს, რომელიც იხდის დომიცირებულ თამასუქს) წარუდგენს მოთხოვნას თამასუქის განაღდების (ან აქცეპტის) შესახებ.
თუ გადამხდელი (დომიცილიანტი) გაანაღდებს თამასუქს, სანოტარო ბიურო, პროტესტის გარეშე, დაუბრუნებს თამასუქს პირს, რომელმაც, თამასუქი გაანაღდა, ამასთან თვით თამასუქზე გააკეთებს დაწესებული ფორმის წარწერას იმის შესახებ, რომ გადასახდელი და სხვა კუთვნილი თანხები მიღებულია.
თუ გადამხდელმა აქცეპტის შესახებ აღნიშნა გასაცემ თამასუქზე, თამასუქი დაუბრუნდება თამასუქმფლობელს პროტესტის გარეშე.
155. იმ შემთხვევაში, თუ მიღებულია გადამხდელის (დომიცილიანტის) უარი ‒ არ გაანაღდოს ან არ მიიღოს გასანაღდებლად თამასუქი, ანდა იგი არ გამოცხადდა სანოტარო ბიუროში ნოტარიუსი შეადგენს დაწესებული ფორმის აქტს თამასუქის გაუნაღდებლობის ან გასანაღდებლად მისი მიუღებლობის გამო პროტესტის შესახებ და გაკეთებს შესაბამის ჩანაწერს რეესტრში, აგრეთვე აღნიშნავს თამასუქის გაუნაღდებლობის ან გასანაღდებლად მისი მიუღებლობის გამო პროტესტის შესახებ თვით თამასუქზე.
156. თუ გადამხდელის ადგილსამყოფელი უცნობია, თამასუქის პროტესტი სრულდება თამასუქის განაღდების ან აქცეპტის შესახებ მოთხოვნის წარუდგენლად, ამასთან შესაბამისად აღინიშნება აქტში პროტესტის შესახებ და სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო რეესტრში.
157. გაპროტესტებული თამასუქი მიეცემა თამასუქმფლობელს ან მის უფლებამოსილ პირს.
158. სანოტარო ბიურო გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით გასანაღდებლად იღებს ჩეკებს, რომლებიც წარდგენილია მათი გადაცემიდან ათი დღის შემდეგ, ხოლო უცხოეთის ჩეკებს ‒ ექვსი თვის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ამ ვადის მომდევნო დღის 12 საათისა.
ნოტარიუსი იმავე დღეს წარუდგენს ჩეკს გასანაღდებლად ბანკს. ჩეკის გაუნაღდებლობის შემთხვევაში ნოტარიუსი დაადასტურებს ჩეკის გაუნაღდებლობას ჩეკზე წარწერის შესრულებით.
ჩეკმფლობელის თხოვნით ნოტარიუსი ჩეკის გაუნაღდებლობის შემთხვევაში სააღსრულებო წარწერას შეასრულებს ამ ინსტრუქციის XV თავში ჩამოყალიბებული წესების მიხედვით.
თავი XVII
დოკუმენტების მიღება შესანახად
159. სანოტარო ბიუროები შესანახად იღებენ დოკუმენტებს აღწერის მიხედვით.
აღწერა დგება ორ ეგზემპლარად. მას ხელს აწერს პირი, რომელმაც ჩაიბარა დოკუმენტები შესანახად, და ნოტარიუსი.
აღწერის ერთი ეგზემპლარი რჩება სანოტარო ბიუროს საქმეებში, ხოლო მეორე ეგზემპლარი მიეცემა იმ პირს, რომელმაც ჩააბარა დოკუმენტები შესანახად.
დოკუმენტების მიღების დასადასტურებლად იმ პირს, რომელმაც ჩააბარა ისინი შესანახად, მიეცემა მოწმობა აღწერის ეგზემპლარითურთ.
160. შესანახად მიღებული დოკუმენტები ინახება ცალკე პაკეტში სანოტარო ბიუროს ბეჭდით დალუქულ რკინის კარადებში ან სეიფებში.
161. შესანახად მიღებული დოკუმენტები უბრუნდება მათ ჩამბარებელს ან კანონით უფლებამოსილ პირს მას შემდეგ, რაც წარადგენენ მოწმობას და აღწერის ეგზემპლარს ნოტარიუსის ხელმოწერით, ანდა სასამართლოს დადგენილებით.
თავი XVIII
საზღვაო პროტესტების შესრულება
162. ნოტარიუსები გემის მფლობელის უფლებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად მტკიცებულების უზრუნველყოფის მიზნით მიიღებენ გემის კაპიტნის განცხადებას იმ შემთხვევის შესახებ, რომელიც მოხდა ნაოსნობის ან ნავსადგურში დგომის დროს და რომელიც შესაძლოა გახდეს გემის მფლობელისათვის ქონებრივი მოთხოვნის წარდგენის საფუძველი.
163. განცხადება საზღვაო პროტესტის შესახებ უნდა შეიცავდეს შემთხვევის გარემოებათა და იმ ღონისძიებათა აღწერას, რომლებიც განახორციელა კაპიტანმა მისთვის მინდობილი ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად.
საზღვაო პროტესტის შესახებ განცხადებაში გადმოცემულ გარემოებათა დამადასტურებლად გემის კაპიტანმა სავაჭრო ნაოსნობის კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს ნოტარიუსს მიმოხილვისათვის გემის ჟურნალი და კაპიტნის მიერ დამოწმებული ამონაწერი გემის ჟურნალიდან ნავსადგურში გემის შესვლის მომენტიდან (თუ იგი ნავსადგურში მოხდა) არაუმეტეს შვიდი დღის ვადაში.
164. განცხადება საზღვაო პროტესტის შესახებ სავაჭრო ნაოსნობის კოდექსის 288-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ უნდა იქნეს ნავსადგურში შესვლის მომენტიდან ოცდაოთხი საათის განმავლობაში. თუ შემთხვევა, რომლის გამოც აუცილებელია განცხადების შეტანა საზღვაო პროტესტის შესახებ, ნავსადგურში მოხდა, პროტესტი შეტანილ უნდა იქნეს შემთხვევის მომენტიდან ოცდაოთხი საათის განმავლობაში.
თუ შეუძლებელი აღმოჩნდება პროტესტის შეტანა დაწესებულ ვადაში, ამის მიზეზები უნდა აღინიშნოს განცხადებაში საზღვაო პროტესტის შესახებ.
165. ნოტარიუსი კაპიტნის განცხადების, გემის ჟურნალის მონაცემების, აგრეთვე თვით კაპიტნის და შესაძლებლობისამებრ გემის მეთაურთა შემადგენლობიდან არანაკლებ ორი მოწმისა და გემის ეკიპაჟიდან ორი მოწმის გამოკითხვის საფუძველზე შეადგენს დაწესებული ფორმის აქტს საზღვაო პროტესტის შესახებ და დაამოწმებს მას თავისი ხელმოწერითა და გერბიანი ბეჭდით.
აქტის ეგზემპლარი მიეცემა კაპიტანს ან უფლებამოსილ პირს, ხოლო ეგზემპლარი, რომელსაც თან ერთვის კაპიტნის განცხადება და გემის ჟურნალის ამონაწერი, რჩება სანოტარო ბიუროში.
თავი 14
მტკიცებულებათა უზრუნველყოფა
166. დაინტერესებულ პირთა თხოვნით სანოტარო ბიუროები ახდენენ იმ მტკიცებულებათა უზრუნველყოფას, რომლებიც საჭიროა სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის აღძვრის შემთხვევაში, თუ არსებობს იმის საფუძველი, რომ შემდგომში მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლებელია ან ძნელი გახდება.
სანოტარო ბიუროები არ უზრუნველყოფენ მტკიცებულებებს იმ საქმეებზე, რომლებიც სანოტარო ბიუროებისადმი დაინტერესებულ პირთა მიმართვის მომენტში სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს წარმოებაშია.
თუ აუცილებელი მტკიცებულებანი უნდა წარედგინოს უცხოეთის სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა დაწესებულებას, მტკიცებულებათა უზრუნველყოფა ხდება იმის მიუხედავად, დაინტერესებული პირის მიმართვის მომენტში საქმე უკვე არის თუ არა უცხოეთის სახელმწიფოს სასამართლოს ან სხვა დაწესებულების წარმოებაში. მტკიცებულებათა უზრუნველყოფით დაინტერესებულ პირს (მომავალ მოსარჩლეს, სავარაუდო მოპასუხეს) განცხადება შეაქვს იმ სანოტარო ბიუროში, რომლის საქმიანობის რაიონში უნდა შესრულდეს საპროცესო მოქმედება მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად.
167. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წესით ნოტარიუსი დაჰკითხავს მოწმეებს, დაათვალიერებს წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს, დანიშნავს ექსპერტიზას.
168. მტკიცებულებათა უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საპროცესო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
169. ნოტარიუსი მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ადგილისა და დროის შესახებ ატყობინებს მეორე მხარესა და დაინტერესებულ პირებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად შესრულებულ მოქმედებას.
მტკიცებულებათა უზრუნველყოფა მეორე მხარისა და დაინტერესებული პირებისათვის შეუტყობინებლად შეიძლება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში ან მაშინ, როცა შეუძლებელია იმის გამორკვევა, თუ შემდგომში ვინ მიიღებს მონაწილეობას საქმეში.
გამოწვეული მოწმის, ან ექსპერტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ნოტარიუსი აცნობებს ამის შესახებ სასამართლოს მოწმის ან ექსპერტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 64-ე და 81-ე მუხლებით გათვალისწინებული ზომების მისაღებად.
170. ნოტარიუსი აფრთხილებს მოწმეებსა და ექსპერტს, რომ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა განზრახ ცრუ ჩვენების ან დასკვნის მიცემისათვის და ჩვენების, ან დასკვნის მიცემაზე უარისა და თავის არიდებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე და 198-ე მუხლების შესაბამისად.
171. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წესით მოწმის დაკითხვის შესახებ ნოტარიუსი ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება:
- დაკითხვის თარიღი, დაკითხვის ჩამტარებელი ნოტარიუსის ინიციალები, სახელი, გვარი, სანოტარო ბიუროს დასახელება;
- მოწმის გვარი, სახელი, დაბადების წელი და საცხოვრებელი ადგილი.
- გაფრთხილება განზრახ ცრუ ჩვენებათა მიცემისა და ჩვენებათა მიცემაზე უარისათვის პასუხისმგებლობის შესახებ;
- მოწმის ჩვენების შინაარსი (მისთვის მიცემული შეკითხვები და მათზე გაცემული პასუხები).
ოქმს ხელს აწერენ მოწმე, დაკითხვაში მონაწილე პირები და ნოტარიუსი.
72. ექსპერტის დანიშვნის შესახებ ნოტარიუსს გამოაქვს დადგენილები, რომელშიც აღინიშნება:
- დადგენილების შედგენის თარიღი, დადგენილების გამომტანი ნოტარიუსის ინიციალები და გვარი, სანოტარო ბიუროს დასახელება.
- იმ პირის გვარი, სახელი და დაბადების წელი, რომლის თხოვნითაც ინიშნება ექსპერტიზა, მისი საცხოვრებელი ადგილი.
- საკითხები, რომლებზე საჭიროა ექსპერტის დასკვნა.
- იმ საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) დასახელება, რომელსაც ევალება ექსპერტიზის ჩატარება. თუ ექსპერტიზის ჩატარება კონკრეტულ პირს ევალება, მაშინ აღინიშნება მისი გვარი, სახელი, დაბადების წელი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა.
დადგენილებას ხელს აწერს ნოტარიუსი.
ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ ექსპერტი და ექსპერტიზაში მონაწილე პირები. ექსპერტის დასკვნას ხელს აწერს ექსპერტი.
174. მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ დაინტერესებულ პირს მიეცემა მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წესით შედგენილი ყოველი დოკუმენტის თითო ეგზემპლარი, ხოლო ყოველი დოკუმენტის თითო ეგზემპლარი რჩება სანოტარო ბიუროში.
175. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წარმოების შესახებ მთხოვნელი პირისაგან სანოტარო ბიურო მოითხოვს შეიტანოს ბიუროში საზღაური მოწმეთა და ექსპერტთა გასამრჯელოს ასანაზღაურებლად და მტკიცებულებათა უზრუნველყოფის წარმოების სხვა ხარჯების დასაფარავად. ექსპერტებსა და მოწმეებს მიეცემათ გასამრჯელო საქმისაგან მათი მოწყვეტისათვის იმ განაკვეთების მიხედვით, რომლებიც დაწესებულია სასამართლოში მოწმეთა და ექსპერტთა გამოძახებისას გასამრჯელოს მისაცემად.
კარი IV
"ნოტარიატის შესახებ” კანონმდებლობის გამოყენება უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ. უცხოეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის გამოყენება, საერთაშორისო ხელშეკრულებანი და შეთანხმებანი
176. „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მოითხოვონ სანოტარო მოქმედების შესრულება იმავე წესით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეებმა.
177. „ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის თანახმად, სხვა სახელმწიფოებში გაცემულ დოკუმენტებს ნოტარიუსი მიიღებს, თუ ისინი ლეგალიზებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან შეთანხმებებით, რომლებიც დადებულია საქართველოს მიერ, ან რომლებსაც იგი შეუერთდა, დადგენილია სანოტარო მოქმედებების შესრულების საქართველოს კანონებისაგან განსხვავებული წესი, ნოტარიუსი ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით.
178. ნოტარიუსის მიერ დადასტურებული რწმუნებულება, რომლებიც გათვალისწინებულია საზღვარგარეთ მოქმედების შესასრულებლად და არ შეიცავს მითითებებს მისი მოქმედების ვადის შესახებ, ძალაში რჩება რწმუნებულების გამცემის პირის მიერ მის გაუქმებამდე, რაც შეიძლება აღინიშნოს რწმუნებულების ტექსტში.
179. უცხოელი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი ქონების მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ უცხოელი მოქალაქის კუთვნილი ქონების დაცვასთან, აგრეთვე ქონებაზე მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული მოქმედება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
180. როცა მიიღებენ ცნობებს იმ უცხოელი სახელმწიფო მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, რომელთანაც საქართველოს დადებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება, რომელიც შეიცავს სამკვიდრო ქონების დაცვის ნორმებს, სანოტარო ბიუროები ხელმძღვანელობენ რა შესაბამისი ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ისეთ შემთხვევებში, თუ საქართველოს ტერიტორიაზე არის გარდაცვლილის ქონება, მიიღებენ საჭირო ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, განსაზღვრავენ სამკვიდრო ქონების ოდენობასა და ღირებულებას, გამოარკვევენ მემკვიდრეთა წრეს, შეამოწმებენ ანდერძის არსებობასა და დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ამის შესახებ სახელმწიფოს დიპლომატიურ ან სახელმწიფო წარმომადგენლობას, რომლის მოქალაქეც იმ გარდაიცვალა.
თუ საეთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით მემკვიდრეობის საქმის წარმოება იმ უცხოეთის სახელმწიფოს დაწესებულებათა კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის მოქალაქეც გარდაცვლილია, სამკვიდრო მოძრავი ქონება სანოტარო ბიუროს მიერ შეიძლება გადაეცეს იმ
სახელმწიფოს დიპლომატიურ ან სახელმწიფო წარმომადგენლობას მისი მოთხოვნით.
ხელშეკრულებებში ხმარებული ცნება „უძრავი ქონება” საქართველოში უნდა გავრცელდეს ყოველგვარ ნაგებობაზე, ხოლო ცნება „მოძრავი ქონება” ‒ ყველა სახის ქონებაზე.
182. იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად, რომლებშიც მონაწილეობს საქართველო, ისეთ შემთხვევებში, როცა უცხოეთის სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმის მიხედვით შედგენილი ანდერძი მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ წარედგინება სანოტარო ბიუროს გასახსნელად და გამოსაცხადებლად, ნოტარიუსი აცხადებს ანდერძის შინაარსს, შეადგენს ოქმს ანდერძის მდგომარეობისა და შინაარსის შესახებ. ოქმში აღინიშნება ანდერძის შედგენის თარიღი, მისი წარმდგენი პირის სახელი, დოკუმენტის მდგომარეობა: დალუქული წარადგინეს იგი თუ გახსნილი, ხომ არ იყო შიგ გადაშლილი ადგილები, შესწორებანი ან ხარვეზები. ოქმს ხელს აწერენ სახელმწიფო ნოტარიუსი და ანდერძის წარმდგენი პირი.
იგივე პირები ხელს აწერენ ანდერძის ყოველ გვერდს. თუ ანდერძი ნოტარიუსთან დალუქული ინახებოდა, მთელ ზემოაღნიშნულ მოქმედებას ნოტარიუსი ერთპიროვნულად ატარებს.
183. საზღვარგარეთ უცხოეთის ხელისუფალთა მონაწილეობით შედგენილ ან მათგან გამოსულ დოკუმენტებს საქართველოს სანოტარო ბიუროები იღებენ იმ პირობით, თუ ისინი ლეგალიზებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ.
საქართველოს სანოტარო ბიუროები ასეთ დოკუმენტებს ლეგალიზაციის გარეშე იღებენ იმ შემთხვევებში, როცა ეს გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, რომლებშიც მონაწილეობს საქართველო.
184. საქართველოს სანოტარო ბიუროები დადგენილი წესით ასრულებენ უცხოეთის იუსტიციის ორგანოებისაგან მიღებულ დავალებებს ცალკეულ სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ და მიმართავენ უცხოეთის იუსტიციის ორგანოებს დავალებით ‒ შეასრულონ ცალკეული სანოტარო მოქმედებანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:
1. დავალების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტს ან ემუქრება უშიშროებას.