„აგრარული ბაზრების მუშაობის წესები“
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 19.12.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №120
სარეგისტრაციო კოდი 000150012.00(0).2.000000
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 23/01/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.12.1996 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„აგრარული ბაზრების მუშაობის წესები“
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა,
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო
ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსა,
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს
ერთობლივი ბრძანება №120/65/2-339
1996 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს
„აგრარული ბაზრების მუშაობის წესები“
I. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე წესები არეგულირებენ აგრარული ბაზრების საქმიანობის ძირითად საკითხებს და მათი დაცვა სავალდებულოა რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა აგრარული ბაზრისათვის, განურჩევლად უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა.
აგრარული ბაზრის მუშაკები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ ამ წესებით,
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით, მოქმედ ვეტერინარულ-სანიტარიული ნორმებით.
1.2. აგრარული ბაზრების აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა აკმაყოფილებდეს სანიტარიული ნორმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
1.3. აგრარული ბაზრების საქმიანობის ძირითადი მიზანია ხელსაყრელი პირობები შეუქმნას, როგორც ცალკეულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, მათი კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო და სხვა სახის პროდუქციის რეალიზაციისათვის, ასევე მომხმარებელს (მყიდველს) სასურველი პროდუქციის შეძენაში. მათი უფლებების სრული დაცვით.
1.4. საქონლის რეალიზაცია წარმოებს ბაზარზე ჩამოყალიბებულ ფასებში მყიდველისა და გამყიდველის გარიგების შესაბამისად, ფასების ადმინისტრაციული წესით შეცვლა ან მათი რეგულირება არ დაიშვება.
II. აგრარული ბაზრის მუშაობის კოორდინაცია
2.1. აგრარული ბაზრების მუშაობის რეჟიმი დგინდება მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ ბაზრის ადმინისტრაციის წარდგინებით და მოსახლეობისათვის ხელსაყრელი პირობების გათვალისწინებით.
2.2. ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებული საცალო სავაჭრო საწარმოები (მაღაზიები, ფარდულები, პავილიონები, ჯიხურები, საზკვების ობიექტები და ა.შ.) მუშაობენ მათთვის დადგენილი წესებით და სამუშაო რეჟიმით.
2.3. ბაზარზე მოვაჭრეებად დაიშვებიან როგორც საქართველოს, ისე მის ფარგლებს გარედან შემოსული ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც გადაიხდიან დადგენილ გადასახადს და დაიცავენ მოქმედ წესებს.
2.4. ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია:
დადგენილი საგადასახადო ნიშნის შესაბამისად სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქციის სახის შესაბამისად, მოვაჭრეებს გაუწიოს შემდეგი მომსახურება:
ა) ხორცის დაჭრა;
ბ) სასწორების, საწონი გირების, საწყაო ტოლჩების, ხონჩების და სხვა სავაჭრო ინვენტარის და სანიტარიული ტანსაცმლის (ხალათები, ქურთუკები, სამკლაურები და სხვა) გაცემა;
გ) პროდუქტების აწონვა სასაქონლო სასწორებზე;
დ) საქონლის მიტანა სავაჭრო ადგილამდე.
2.5. იქონიოს სავაჭრო ინვენტარი გამართული მდგომარეობაში და სანიტარიული ტანსაცმელი სუფთად.
2.6. გამოჰყოს ცალკეული ჯგუფის პროდუქტებისათვის სავაჭრო რიგები და დაიცვას მათი პროფილი, ისე რომ თითოეული სავაჭრო რიგში იყიდებოდეს მხოლოდ ერთი ჯგუფის საქონელი. სავაჭრო რიგებში ცალკეულ მოვაჭრეთათვის გამოყოფილი ადგილები უნდა დაინომროს.
2.7. არ დაუშვას ღია ადგილებში ვაჭრობა, თუკი გადახურული ადგილები თავისუფალია. მოძრავი, არასტაციონარული მაგიდების ბაზრის ტერიტორიაზე ჩადგმა და მათზე ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ყველა სტაციონარული ადგილი დაკავებულია.
2.8. არ დაუშვას სავაჭრო ადგილებზე ყუთების კალათების, ტომრების და სხვა სახის ტარის დაწყობა დახლებზე უფრო მეტი სიმაღლეზე, სავაჭრო რიგებს შორის გასასვლელების გადახურვა, პროდუქტების რეალიზაცია მიწაზე დაყრილ ყუთებზე, ტომრებზე და ა.შ. დაყრილი სახით.
2.9. უზრუნველყოს ბაზრის ტერიტორია საჭირო რაოდენობის სანაგვე ურნებით, ბაზრის ტერიტორიის, სავაჭრო რიგების, სამსახურებრივი დანიშნულების, ნაგებობების და მიმდებარე ტერიტორიის სისტემატური დასუფთავება, სამუშაოს დამთავრების შემდეგ ყველა სავაჭრო დახლის და ბაზრის ტერიტორიის მორეცხვა, ნაგვის გატანა.
2.10. იქონიოს და აწარმოოს სანიტარიული ჟურნალი, რომელშიც ყოველდღიურად აღირიცხება ყველა დარღვევა პასუხისმგებელი პირის მითითებით.
2.11. უზრუნველყოს ბაზრის გაღება, შემდეგ მოვაჭრეებისაგან ერთჯერადი და მომსახურების გადასახადების ამოღება სალაროს მეშვეობით. მოვაჭრისაგან მომსახურების გადასახადის გადახდევინება მისი ფაქტობრივად გაწევის გარეშე არ დაიშვება. ბაზრის თანამშრომლებს მოვაჭრეებისაგან გადასახადების ხელზე აკრეფა სათანადო დოკუმენტების გაცემის გარეშე კატეგორიულად ეკრძალებათ.
2.12. სისტემატურად შეამოწმოს მოვაჭრეებზე გაცემული გამზომ-ამწონი ხელსაწყოების სისწორე და კონტროლი გაუწიოს მათი ხმარების წესების დაცვას. უზრუნველყოს მათი გასინჯვა და დადამღვა არსებული წესით, მეტროლოგიური სამსახურის მიერ.
2.13. არ დაუშვას ზამბარიანი და სხვა არასაიმედო სახის გამზომ-ამწონი ხელსაწყოებით სარგებლობა.
2.14. მოვაჭრეთა დაშვება ბაზარში და მათთვის სავაჭრო ადგილის გამოყოფა განახორციელონ მხოლოდ ერთჯერადი მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემდეგ.
2.15. განახორციელოს კონტროლი მოვაჭრეების ცალკეული პროდუქტებისათვის დადგენილ ვაჭრობის წესებისა და სანჰიგიენური ნორმების დაცვაზე.
2.16. ბაზრის მუშაობის საათებში ბაზრის მუშაკები ვალდებულნი არიან იცავდნენ პირადი ჰიგიენას, ატარებდნენ ბაზრის საფირმო ტანსაცმელს (ხალათებს) მკერდზე (ჯიბეზე) თანამშრომლის გვარისა და სახელის ჩვენებით.
2.17. საკვები პროდუქტებით ვაჭრობა დაიშვება მხოლოდ მათი ვეტსანექსპერტიზის წესებით დადგენილი შემოწმების შემდეგ.
კვების პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმებას აწარმოებს აგრარული ბაზრის ხორცის, რძის პროდუქტების საკონტროლო სადგურები. იმ ბაზრებში, სადაც ასეთი სამსახური არ ფუნქციონირებს, მოვაჭრეებს თან უნდა ჰქონდეთ გასაყიდად გამოტანილი პროდუქტების ვეტსანშემოწმების დამადასტურებელი საბუთი, რომელსაც გასცემს ვეტსანსამსახურის ადგილობრივი ორგანო.
2.18. ცოცხალი პირუტყვისა და ფრინველის სარეალიზაციოდ ბაზრის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი უნდა იყოს იზოლირებული ტერიტორია, რაზედაც უნდა იყოს ვეტსანზედამხედველობის სამსახურის ადგილობრივი ორგანოების ნებართვა.
III. მომხმარებელთა უფლებები
მომხმარებელს აქვს უფლება შეამოწმოს ნაყიდი საქონლის ზომისა და წონის სისწორე.
მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომ ადგილას უნდა იყოს დადგმული საკონტროლო სასწორი.
4.1. აგრარული ბაზრების თანამშრომლები კარგად უნდა იცნობდნენ წინამდებარე წესებს და მკაცრად უნდა იცავდნენ მათ მოთხოვნებს. მათი დარღვევა ან უგულებელყოფა ისჯება მომედი კანონმდებლობით.
კონტროლს წინამდებარე წესების დაცვაზე ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვ. პაპავა
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების
მინისტრი კ. ზალდასტანიშვილი
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის
მინისტრი ბ. გულუა