საქარველოს ცენტრალური საარჩევნიო კომისის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.006.040
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №6/2003
2003 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I. “საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 20 ივნისის №4/2003 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-14 პუნქტი:
“დ) არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში უცხო პირთა შესვლა წარმოებს მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამასთან, კომისიის აპარატის ყველა სამუშაო ოთახში, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ოთახისა (ოთახებისა), უცხო პირთა შესვლა დაიშვება მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა ან აპარატის უფროსის სათანადო ნებართვის საფუძველზე.“.
2. თავი II ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თავი II
საარჩევნო კომისიის აპარატი და სტრუქტურა
მუხლი 2
1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით იქმნება და ფუნქციონირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და აპარატის დებულებით, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის სტრუქტურაში იქმნება:
ა) საორგანიზაციო განყოფილება;
ბ) იურიდიული განყოფილება;
გ) საოქმო-სარეგისტრაციო განყოფილება;
დ) საფინანსო განყოფილება;
ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ვ) კომპიუტერული უზრუნველყოფის განყოფილება;
ზ) საერთო განყოფილება;
თ) ბუღალტერია.
3. საჭიროებისამებრ კომისიის დადგენილებით იქმნება პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სხვა განყოფილებები.
4. კომისიის გადაწყვეტილებით აპარატის სტრუქტურაში შეიძლება შეიქმნას სპეციალური ჯგუფები, რომელთა წევრებს აპარატის უფროსის წარდგინებით ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 21
1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობის თანხმობით. აპარატის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის უფროსი:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და აპარატის თანამშრომელთა საქმიანობას;
ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატურებს წარუდგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს;
გ) ამტკიცებს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
დ) ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე.
ე) ასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცალკეულ დავალებებს მათი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) შეიმუშავებს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის საშტატო ნუსხასა და აპარატის დებულებას.
ზ) დადგენილი წესით განსაზღვრავს აპარატის თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებსა და უფლებამოსილებებს.
თ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წინაშე.
4. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის უფროსს შეიძლება უნდობლობა გამოუცხადოს კომისიის წევრთა 2/3-მა მასზე დაკისრებული ფუნქციების არაჯეროვნად განხორციელებისა ან მის საქმიანობაში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დარღვევების გამო.
3. მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების გამგე, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. განყოფილების გამგე ასრულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა და აპარატის უფროსის დავალებებს, რომელიც ამ განყოფილების კომპეტენციაში შედის;“.
მუხლი II
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 128-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის შეკრებისთანავე.
მუხლი III. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე გ. ზესაშვილი
კომისიის მდივანი მ. კოპალეიშვილი