გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/27750-22
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

 

საქმე №2/27750-22

24 ნოემბერი, 2022 წელი,  ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე    ნათია შიოშვილი

 

განმცხადებელი სს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“

წარმომადგენელი თამარ მუმლაძე

შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003-ის (ს/ნ 240388228) გაკოტრების მმართველი   დავით ბასილაია

მოთხოვნა გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენის გარეშე


ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო მ    გ ა მ ო ა რ კ  ვ ი ა:


2022 წლის 2 სექტემბერს სს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“(ს/ნ 240388228)  წარმომადგენელმა/დირექტორმა თამარ მუმლაძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 6 სექტემბრის განჩინებით შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“-ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.

2022 წლის 14 სექტემბერს, განჩინებით დადგენილ შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“წარმომადგენელმა/დირექტორმა თამარ მუმლაძემ ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მომართა სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის  2022 წლის 19 სექტებრის განჩინებით, განმცხადებელს უარი ეთქვა გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე.

განჩინების გასაჩივრებისთვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დაცვით, განმცხადებელმა წარმოადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა  შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“წარმომადგენლის თამარ მუმლაძის მოთხოვნა და შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“-ის (ს/ნ 240388228) კერძო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი. შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“-ის (ს/ნ 240388228) მიმართ გაიხსნა გაკოტრების რეჟიმი და შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“-ის (ს/ნ 240388228) გაკოტრების მმართველად დაინიშნა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – დავით ბასილაია.

2022 წლის 12 ოქტომბერს შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“-ის (ს/ნ 240388228) გაკოტრების მმართველმა  დავით ბასილაიამ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამეწარმეო რეესტრის თანახმად შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“(ს/ნ 240388228) იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში, რასაც ადასტურებს განმცხადებლის  მიერ წარმოდგენილი საბუთები, კონკრეტულად საჯარო რეესტრის მიერ 03.08.2022 წ გაცემული წერილი, რომლითაც დასტურდება  ლიკვიდაციის დაწყება სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტო“-ს თავმჯდომარის მ/შ ბრანების შესაბამისად. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საწარმოს ყავს  მხოლოდ ერთი კრედიტორი სსიპ შემოსავლების სამსახური, კრედიტორული ვალდებულება შეადგენს 12 507.68 ლარს. იმავე დოკუმენტებიდან ირკვევა ასევე, რომ  საწაროს გააჩნია ქონება 526 493 ლარის  ღირებულებით, რაც დასტურდება აუდიტის დასკვნით.

განმცხადებელი უთითებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის კანონის მე-7-3 მუხლის დ) და ე) პუნქტებზე, რომელიც გულისხმობს გადახდისუუნარობის პრეზუმფციას მოვალე საწარმოს მიმართ, თუ დ) საწარმომ შეაჩერა საქმიანობა ან ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება. თუმცა საგულისხმოა, რომ აღნიშნული გარემოებები არის მხოლოდ გადახდისუუნარობის განცხადების წარსადგენად საჭირო პრეზუმფცია და აპრიორი არ წარმოადგენს გადახდისუუნარობის საფუძველს. აღნიშნული პრეზუმფციის დაშვებისათვის მნიშვნელოვანია, რომ დაჯამდეს მოვალის აქტივები და პასივები (ბალანსის ტესტი). იმ შემთხვევაში თუ მოვალის პასივები აღემატება აქტივებს, მოვალეს კვლავ  შეუძლია ამტკიცოს, რომ ნამეტი პასივების პირობებში იგი შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. გადახდისუუნარობის კიდევ ერთი ინდიკატორია ვალდებულებებისა და აქტივების ურთიერთმიმართების ტესტი (ლიკვიდობის ტესტი), რაც გულისხმობს ვადამოსული ვალდებულებების მოკლე ვადაში, კერძოდ, შემდგომ 30 დღეში დაფარვის შეულებლობას. აღნიშნული ვარაუდი გამყარებული უნდა იყოს მტკიცებით, რომ მოვალის ვადამოსული ვალდებულებების ჯამი არანაკლებ 20%-ით აღემატება მთლიანი ლიკვიდური აქტივის ჯამს. აღნიშნულ შემთხვევაში, საწარმოს განცხადება ვერ აკმაყოფილებს ვერც ბალანსის ტესტს და ვერც ლიკვიდობის ტესტს ცალკ-ცალკე აღებულს, რადგან მისი აქტივები ლამის 40-ჯერ აღემატება საწარმოს ვალდებულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“(ს/ნ 240388228) არ წარმოადგენს  გადახდისუუნარო პირს, რადგან  აღნიშნულ საწარმოს შეუძლია საკუთარ ვალდებულებებს მოემსახუროს არსებული აქტივებით. ამავე დროს საწარმოს  მიერ საქმიანობის შეჩერებას პასუხობს დაწყებული ლიკვიდაციის რეჟიმი, რომლის დასრულებაც არის რეალურად განმცხადებლის მიზანი, თუმცა რეაბილიტაციის და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონის გამოყენება საწარმოს ლიკვიდაციისთვის პრინციპულად მიუღებელია.

სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნევს, რომ განცხადება შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003 (ს/ნ 240388228) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის საქმის განხილვისას გამოიყენება ამავე კანონით დადგენილი საპროცესო ნორმები. ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენება არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზანსა და პრინციპებს.

,,რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში – გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით.

ამავე კანონის 6.2 მუხლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს ა) რეაბილიტაციის რეჟიმით; ბ) გაკოტრების რეჟიმით.

გადახდისუუნარობის ცნება და გადახდისუუნარობის პრეზუმფცია განმარტებულია დასახელებული კანონის მე-7 მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს. ხოლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი გარემოებებიდან ერთ-ერთი  გარემოება.

სასამართლო პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განკუთვნილია როგორც კრედიტორების, ისე მოვალეებისათვის და  რომლის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003-ს მიმართ დაწყებულია ლიკვიდაციის პროცესი, რის შესახებაც აღნიშნულია მეწარმეთა და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში. საწარმოს ლიკვიდაცია და საწარმოს მიმართ გაკოტრების გზით საქმის წარმოების დასრულება მთავრდება ერთი და იმავე შედეგით საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებით. ასევე, წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით ირკვევა, რომ შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003-ს (ს/ნ 240388228) საკუთრების უფლება აქვს 7 სხვადასხვა უძრავ ქონებაზე:

1. სიღნაღის რაიონი, ქალაქი წნორი, ქუჩა ქიზიყის №55, მიწის საკადასტრო კოდი 56.04.50.078;

2. სიღნაღის რაიონი, ქალაქი წნორი, ქუჩა ქიზიყის №55, მიწის საკადასტრო კოდი 56.04.50.079;

3. სიღნაღის რაიონი, ქალაქი წნორი, ქუჩა ქიზიყის 55, მიწის საკადასტრო კოდი 56.04.50.076;

4.  სიღნაღის რაიონი, ქალაქი წნორი, ქუჩა ქიზიყის №55, მიწის საკადასტრო კოდი 56.04.50.071; 

5. სიღნაღის რაიონი, ქალაქი წნორი, ქუჩა ქიზიყის №55, მიწის საკადასტრო კოდი 56.04.50.074;

6. სიღნაღის რაიონი, ქალაქი წნორი, ქუჩა ქიზიყის №55, მიწის საკადასტრო კოდი 56.04.50.077;

7. სიღნაღის რაიონი, ქალაქი წნორი, ქუჩა ქიზიყის №55, მიწის საკადასტრო კოდი 56.04.50.075.

შპს ,,საკონსულტაციო ჯგუფი კავკასაუდიტის“2022 წლის 11 ივლისის 342 აუდიტორული დასკვნის თანახმად, ყველა ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 526 493 ლარს.

საქმის მასალებიდან ირკვევა ასევე, რომ შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003-ს დებიტორული მოთხოვნები, უზრუნველყოფილი კრედიტორული, სამომავლო და პირობითი ვალდებულებები არ გააჩნია, ხოლო არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს  სსიპ შემოსავლების სამსახური, დავალიანების ოდენობა 12 507.68 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“(ს/ნ 240388228) არ წარმოადგენს  გადახდისუუნარო პირს, რადგან  აღნიშნულ საწარმოს შეუძლია საკუთარ ვალდებულებებს მოემსახუროს არსებული აქტივებით. ვინაიდან მოვალის ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება კრედიტორის წინაშე არსებულ დავალიანებას, ანუ მოვალის აქტივი აღემატება პასივს, სწორედ აქედან გამომდინარე შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003 (ს/ნ 240388228) შეუძლია ვალი დაფაროს კრედიტორისთვის ზიანის მიუყენებლად, რაც კანონის თანახმად,   გაკოტრების  საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

შესაბამისად, აღარ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, მოვალის სამეურვეო მასაში არსებული ქონების მთლიანი ღირებულება გამორიცხავს მის გადახდისუუნარობას, რადგან მოვალეს შეუძლია დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას. კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ პუნქტით, რომლითაც დადგენილია, რომ სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: არ არსებობს დავის საგანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შეწყდეს შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“-ის (ს/ნ 240388228)  მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად,  1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ კერძო საჩივარი. 2. კერძო საჩივრის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება. 3. კერძო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს განჩინების გამომტან სასამართლოში წერილობითი ფორმით. 4. კერძო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8, მე-9, 49-ე, 62-ე,  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“-ის (ს/ნ 240388228) გაკოტრების მმართველის  დავით ბასილაიას განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს შპს ,,წნორის მანქანათმშენებელი ქარხანა 2003“-ის (ს/ნ 240388228) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება.

3.  განჩინება გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტორნულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს“ ვებგვერდზე; ასევე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს .

4.  განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან  5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე                                                                  ნათია შიოშვილი