ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლებიდან და წყაროს წყლებიდან ფტორის მოსაცილებლად გააქტიურებული ალუმინის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 12.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2027
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №565
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023776
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/12/2022
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დაფასოებული ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების ექსპლუატაციისა და ბაზარზე განთავსების წესების დამტკიცების შესახებ წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლების შემადგენელი კომპონენტების ჩამონათვალისა და დასაშვები კონცენტრაციის, ნატურალური მინერალური წყლის ეტიკეტირებისა და წყაროს წყლებისა და ნატურალური მინერალური წყლების დამუშავებისთვის ოზონით გამდიდრებული ჰაერის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლებიდან და წყაროს წყლებიდან ფტორის მოსაცილებლად გააქტიურებული ალუმინის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №565
2022 წლის 12 დეკემბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის − ნატურალური მინერალური წყლებიდან და წყაროს წყლებიდან ფტორის მოსაცილებლად გააქტიურებული ალუმინის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ნატურალური მინერალური წყლებიდან და წყაროს წყლებიდან ფტორის მოსაცილებლად გააქტიურებული ალუმინის გამოყენების წესი“.
მუხლი 2🔗
ნატურალური მინერალური წყლები, რომლებიც ბაზარზე განთავსებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს 2028 წლის 1 ივნისამდე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ტექნიკური რეგლამენტი − ნატურალური მინერალური წყლებიდან და წყაროს წყლებიდან ფტორის მოსაცილებლად გააქტიურებული ალუმინის გამოყენების წესი
მუხლი 1🔗
1. „ტექნიკური რეგლამენტი − ნატურალური მინერალური წყლებიდან და წყაროს წყლებიდან ფტორის მოსაცილებლად გააქტიურებული ალუმინის გამოყენების წესი“ (შემდგომში − წესი) არეგულირებს ნატურალური მინერალური წყლებიდან და წყაროს წყლებიდან ფტორის მოსაცილებლად გააქტიურებული ალუმინის გამოყენების პირობებს და მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.
2. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
მუხლი 2🔗
1. დაშვებულია ფტორის მოცილებისათვის ნატურალური მინერალური წყლებისა და წყაროს წყლების დამუშავება ალუმინის ჟანგის გააქტიურებული ფორმით.
2. ფტორის მოცილებისათვის, ნატურალური მინერალური წყლებისა და წყაროს წყლების დამუშავება ალუმინის ჟანგის გააქტიურებული ფორმით დასაშვებია ამ წესის დანართით − „ტექნიკური მოთხოვნები ნატურალური მინერალური წყლებიდან და წყაროს წყლებიდან ფტორის მოსაცილებლად გააქტიურებული ალუმინის გამოყენებისათვის“ განსაზღვრული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 3🔗
1. ნატურალურ მინერალურ წყლებსა და წყაროს წყლებში ფტორის ნარჩენების მოცილების მიზნით დამუშავების შედეგად, საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ნარჩენების წყალში გამოთავისუფლება ტექნიკური თვალსაზრისით მინიმუმამდე უნდა იქნეს შემცირებული და არ უნდა წარმოქმნიდეს რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის, ბიზნესოპერატორს დანერგილი უნდა ჰქონდეს და უნდა აკონტროლოს ამ წესის დანართით განსაზღვრული პროცესის კრიტიკული ეტაპები.
მუხლი 4🔗
1. ბიზნესოპერატორმა შეტყობინება ფტორის მოცილების მიზნით ნატურალური მინერალური წყლებისა და წყაროს წყლების დამუშავების შესახებ სააგენტოს უნდა მიაწოდოს დამუშავებამდე არანაკლებ სამი თვით ადრე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შეტყობინებასთან ერთად, ბიზნესოპერატორმა სააგენტოს უნდა მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია, დოკუმენტაცია და დამუშავების მეთოდები, რომლითაც დადასტურებული იქნება, რომ დამუშავება განხორციელდება ამ წესის დანართით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
3. ნატურალური მინერალური წყლისა და წყაროს წყლის ეტიკეტზე, რომელიც ფტორიდების მოცილების მიზნით დაექვემდებარა დამუშავებას, შემადგენელი ანალიზური კომპონენტების გვერდით უნდა იქნეს მითითებული: „წყალი დაექვემდებარა ავტორიზებული ადსორბციის ტექნიკას“.
დანართი
ტექნიკური მოთხოვნები ნატურალური მინერალური წყლებიდან და წყაროს წყლებიდან ფტორის მოსაცილებლად გააქტიურებული ალუმინის გამოყენებისათვის
ნატურალური მინერალური წყლებიდან და წყაროს წყლებიდან ფტორის მოსაცილებლად გააქტიურებული ალუმინის გამოყენებისათვის დანერგილ უნდა იქნეს პროცესის შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპები, რომლებიც დაექვემდებარება სათანადო კონტროლს:
ა) ნატურალური მინერალური წყლებისა და წყაროს წყლების დამუშავებისათვის გააქტიურებული ალუმინის გამოყენებამდე, იგი ექვემდებარება ინიციალიზაციის პროცედურას, რაც ნიშნავს მჟავა და ტუტე ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას ნებისმიერი ნარჩენის მოცილებისათვის, ასევე უკუგამორეცხვას, მცირე ზომის ნაწილების მოცილების მიზნით;
ბ) რეგენერაციის პროცედურა გამოიყენება ერთიდან ოთხ კვირამდე ინტერვალით, წყლის ხარისხისა და წარმადობის შესაბამისად. ეს პროცედურა მოიცავს შესაბამისი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას ადსორბირებული იონების მოსაცილებლად, რათა მოხდეს გააქტიურებული ალუმინის ჟანგის ადსორბციის უნარის აღდგენა და თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი შესაძლო ბიოაპკის წარმოქმნა. ეს პროცედურა უნდა განხორციელდეს შემდეგ სამ ეტაპად:
ბ.ა) ნატრიუმის ჰიდროქსიდით დამუშავება ფტორის იონების მოცილებისა და მათი ჰიდროქსიდის იონებით ჩანაცვლებისათვის;
ბ.ბ) მჟავათი დამუშავება ნატრიუმის ჰიდროქსიდის ნარჩენების მოცილებისა და გარემო არის აქტივაციისათვის;
ბ.გ) დემინერალიზებული წყლით ან სასმელი წყლით გამორეცხვა და წყლით კონდიცირება, როგორც დამამთავრებელი ეტაპი, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფილტრი არ ახდენს გავლენას დამუშავებულ წყალში მინერალური ნივთიერებების საერთო შემცველობაზე;
გ) ქიმიური ნივთიერებები და რეაგენტები, რომლებიც გამოიყენება ინიციალიზაციისა და რეგენერაციისათვის, ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი წყლის დამუშავებისათვის, უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს (CEN) ან იმ აღიარებულ ეროვნულ სტანდარტებს, რომლებიც ადგენს ქიმიურად აქტიური ნივთიერებების სისუფთავეს;
დ) გააქტიურებული ალუმინი უნდა შეესაბამებოდეს გამორეცხვის ტესტების ევროპულ სტანდარტს (EN 12902), რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ ნარჩენები არ გამოიყოფა წყალში და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ალუმინის იონების საერთო რაოდენობა დამუშავებულ წყალში არ უნდა აღემატებოდეს 200 მკგ/ლ-ს;
ე) პროცესის ეტაპები უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კარგი წარმოების პრაქტიკისა და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად;
ვ) ბიზნესოპერატორმა დამუშავების ეტაპების სათანადო ფუნქციონირებისათვის უნდა შეიმუშაოს მონიტორინგის პროგრამა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წყლის ძირითადი მახასიათებლებისა და მასში ფტორის შემცველობის შენარჩუნება.