„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება

მიღების თარიღი 20.07.2022
ძალაში შესვლა 31.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №22-52
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016708
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2022
matsne.gov.ge 5,188 სიტყვა · ~26 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.07.2022 მიღება
31.12.2022 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
საქართველოს მთავრობის სახელით თურქმენეთის მთავრობის სახელით
____________________________ ხელმოწერილია ____________________________ ხელმოწერილია
საწყისი პუნქტი შუალედური პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი საქართველოში ნებისმიერი პუნქტი
ნებისმიერი პუნქტი თურქმენეთში ნებისმიერი პუნქტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

"საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმება საქართველოს მთავრობის სახელით 99% 04.12.2023 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით დავით ხუციშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე 99% 21.01.2016 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 98% 04.02.2021 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობის                 სახელით         ხელმოწერილია 98% 01.03.2017 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს მთავრობის   სახელით (ხელმოწერილია) 98% 10.06.2011

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“  საქართველოს მთავრობა და თურქმენეთის მთავრობა (შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი), არიან რა 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მხარეები; სურთ რა, აღნიშნულ კონვენციაზე დამატებით გააფორმონ შეთანხმება თავიანთ შესაბამის ტერიტორიებს შორის და მათ ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის დაწესების მიზნით; აცნობიერებენ რა საჰაერო გადაზიდვების, როგორც ორი ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთთანამშრომლობის დამყარებისა და ხელშეწყობის საშუალების მნიშვნელობას; და სურთ რა, ხელი შეუწყონ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების შესაძლებლობათა გაფართოებას; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 განსაზღვრებები 1. ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, ტერმინი: a. „საავიაციო ხელისუფლებები“ საქართველოსთან მიმართებით ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო თურქმენეთთან მიმართებით „თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოსთან არსებულ სააგენტოს – „თურქმენჰავაიოლარი“; ან ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ან ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფუნქცია; b. „შეთანხმებული მომსახურება“ ნიშნავს საქართველოს და თურქმენეთის შესაბამის ტერიტორიებს შორის და მათ ფარგლებს გარეთ რეგულარულად განხორციელებულ საერთაშორისო საჰაერო მომსახურებას მგზავრების, ტვირთის, ბარგის და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით, ცალ-ცალკე ან ნებისმიერი კომბინაციით; c. „შეთანხმება” ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, მის დანართს, ასევე ამ შეთანხმებისა და დანართის ნებისმიერ შესწორებას, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს; d. ტერმინებს „საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“ და „არაკომერციული მიზნებით გაჩერება“ აქვთ კონვენციის 96-ე მუხლით მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები; e. „კონვენცია“ ნიშნავს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ 1944 წლის დეკემბრის მეშვიდე დღეს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას და მოიცავს: (i) მის ნებისმიერ შესწორებას, რომელიც ძალაშია შესული ამ კონვენციის 94-ე მუხლის (a) პუნქტის თანახმად და რატიფიცირებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ; და (ii) აღნიშნული კონვენციის 90-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ მის ნებისმიერ დანართს ან შესწორებას, რამდენადაც ეს შესწორება ან დანართი მოქმედია ნებისმიერ განსაზღვრულ დროს ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის; f. „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად არიან დანიშნულნი და უფლებამოსილებით აღჭურვილნი; g. „ტარიფი” ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვის საფასურს და ამ საფასურის გამოყენების პირობებს, საფოსტო გადაზიდვების საფასურისა და პირობების გამოკლებით; h. „ტერიტორიას“ სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვს კონვენციის მე-2 მუხლით მინიჭებული მნიშვნელობა; i. „მომხმარებლის გადასახდელი“ ნიშნავს გადასახდელს, რომელიც ავიასაწარმოს უწესდება კომპეტენტური ორგანოების მიერ ან მათი ნებართვით საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის, მგზავრების, ბარგისა და ტვირთის აეროპორტის ინფრასტრუქტურით, ქონებით, და/ან აეროსანავიგაციო საშუალებებით, მათ შორის, საჭირო მოწყობილობებით და მათთან დაკავშირებული მომსახურებით უზრუნველყოფისათვის; j. „ტევადობა“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გაწეულ მომსახურებათა მოცულობას, რომელიც, როგორც წესი, გამოითვლება ბაზარზე (ქალაქებს, ან ქვეყნებს შორის) ან კონკრეტულ მარშრუტზე კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, კერძოდ, ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, სეზონურად ან ყოველწლიურად შესრულებული რეისების რაოდენობის (სიხშირის) ან საჰაერო ხომალდში მგზავრებისთვის განკუთვნილი სავარძლების რაოდენობის ან ტვირთის ტონაჟის მიხედვით; k. „ICAO“ ნიშნავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას; l. „საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა“ ნიშნავს საჰაერო გადაყვანა- გადაზიდვას, რომლის დროსაც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბორტზე აყვანილი მგზავრებისა და ატანილი ბარგის, ტვირთისა და ფოსტის დანიშნულების ადგილს წარმოადგენს სხვა სახელმწიფოს ტერიტორია. 2. წინამდებარე შეთანხმების დანართი ითვლება მის განუყოფელ ნაწილად. მუხლი 2🔗 უფლებათა მინიჭება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს, რაც მის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შეთანხმებული მომსახურებების დაწესებისა და განხორციელების შესაძლებლობას აძლევს. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები ისარგებლებენ შემდეგი უფლებებით: a. განახორციელონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაფრენა დაჯდომის გარეშე; b. განახორციელონ დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით, და c. შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას, განახორციელონ დაჯდომა მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რათა, ცალ-ცალკე ან ნებისმიერი კომბინაციით, აიყვანონ ბორტზე და/ან გადმოსვან მგზავრები, ჩატვირთონ და/ან გადმოტვირთონ ტვირთი და ბარგი, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება შეთანხმებული მომსახურების შესაბამისად. 3. გარდა ამისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდ(ებ)ი, წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს გარდა, ასევე ისარგებლებს წინამდებარე მუხლის 2(a) და 2(b) პუნქტებში მითითებული უფლებებით. 4. წინამდებარე მუხლის არცერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ანიჭებდეს უფლებას, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ანაზღაურების სანაცვლოდ ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი და ბარგი, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით. 5. თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების ან განსაკუთრებული და საგანგებო გარემოებების გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო ვერ ახერხებს შეთანხმებული მომსახურებების განხორციელებას თავისი ჩვეულებრივი მარშრუტის გამოყენებით, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ამგვარი მომსახურებების უწყვეტად განხორციელებას მარშრუტების დროებითი რეორგანიზაციის გზით, ხელშემკვრელი მხარეების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე. მუხლი 3🔗 დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო შეთანხმებული მომსახურების განხორციელების მიზნით და გააუქმოს ან შეცვალოს ასეთი დანიშვნა ან შეცვალოს სხვა ავიასაწარმოთი მანამდე დანიშნული ავიასაწარმო. ამგვარი დანიშვნისას შესაძლებელია განისაზღვროს შეთანხმებული მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით თითოეული ავიასაწარმოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები. ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება, ამგვარი დანიშვნებისა და მათთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების თაობაზე წერილობით აცნობებს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას. 2. დანიშნული ავიასაწარმოსგან ასეთი დანიშვნის, დანიშვნის შეცვლის ან ავიასაწარმოს ჩანაცვლების შესახებ დადგენილი წესითა და ფორმით შეტყობინებისა და განაცხადის მიღებისთანავე, მეორე ხელშემკვრელი მხარე, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებების შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიანიჭებს დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს შესაბამის საექსპლუატაციო ნებართვას. 3. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს იმის მტკიცებულება, რომ ამ ავიასაწარმოს შეუძლია შეასრულოს კანონებითა და რეგულაციებით გათვალისწინებული ის პირობები, რომლებიც, როგორც წესი, გამოიყენება ამ ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ხაზების ექსპლუატაციისას, კონვენციის დებულებათა შესაბამისად. 4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი თქვას წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საექსპლუატაციო ნებართვის მინიჭებაზე, ან წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობისას მოსთხოვოს ავიასაწარმოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ხელშემკვრელი მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს საქმიანობის ძირითადი ადგილი არის დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და რომ ის ფლობს აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ ექსპლუატანტის სერტიფიკატს. 5. დანიშვნისა და ნებართვის მიღების შემდეგ, ავიასაწარმოს ნებისმიერ დროს შეუძლია შეთანხმებული მომსახურებების დაწყება იმ პირობით, თუ ეს ავიასაწარმო ასრულებს წინამდებარე შეთანხმების დებულებებს, ისევე, როგორც საექსპლუატაციო ნებართვებთან დაკავშირებულ სახელმწიფო მოთხოვნებს, მათი არსებობის შემთხვევაში. მუხლი 4🔗 საექსპლუატაციო უფლებამოსილების გაუქმება და შეჩერება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსთან მიმართებაში გააუქმოს საექსპლუატაციო სერტიფიკატი, შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა ან ამგვარი უფლებებით სარგებლობასთან დაკავშირებით დროებით ან მუდმივ საფუძველზე დააწესოს ისეთი პირობები, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ: a. იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო არ ასრულებს იმ სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, რომლებიც, როგორც წესი, და გონივრულობის ფარგლებში, გამოიყენება კონვენციის შესაბამისად ამ უფლებების მიმნიჭებელი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოს მიერ; ან b. იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო სხვაგვარად ვერ ასრულებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს; ან c. მას არ აქვს მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული ავიასაწარმოს საქმიანობის ძირითადი ადგილი მისი დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზეა და ის ფლობს აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ ექსპლუატანტის სერტიფიკატს; d. ამ შეთანხმების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად; e. ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ ატარებს სათანადო ზომებს უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ამ შეთანხმების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად; ან f. ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როდესაც მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ ასრულებს იმ გადაწყვეტილებას ან პირობას, რომელიც წარმოიქმნება წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლის გამოყენებისას. 2. თუ ამ მუხლის (1) პუნქტში მითითებული საექსპლუატაციო ნებართვის დაუყოვნებლივ გაუქმება და უფლებებით სარგებლობის შეჩერება აუცილებელი არ არის ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და რეგულაციების შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, ამგვარი უფლებებით სარგებლობა მოხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოსთან კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-18 მუხლით. 3. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ზომების განხორციელების შემთხვევაში, მეორე ხელშემკვრელ მხარეს არ შეეზღუდება მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებები. მუხლი 5🔗 შეთანხმებული მომსახურების განხორციელების პრინციპები 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს მისცემს თავისუფალი კონკურენციის საშუალებას წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების განხორციელებისას. 2. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ, თავისი იურისდიქციის ფარგლებში, უნდა გაატაროს ყველა სათანადო ზომა დისკრიმინაციის ყველა ფორმის და ანტიკონკურენტული ან მტაცებლური პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებებისა და უფლებამოსილებების განხორციელებისას. 3. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული ავიასაწარმოების ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტევადობა, შესრულებული რეისების სიხშირე და/ან ტიპი არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვას ნებისმიერი ტიპის მომსახურების განხორციელებისას (სამგზავრო, სატვირთო გადაყვანა-გადაზიდვები, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად). თითოეული დანიშნული ავიასაწარმო უფლებამოსილია თავად განსაზღვროს რეისების სიხშირე და ტევადობა შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას. 4. არცერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხრივად არ შეზღუდავს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ განხორციელებული გადაყვანა- გადაზიდვების მოცულობას, სიხშირეს, მომსახურების რეგულარულობას ან მის მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი შეზღუდვა განპირობებულია საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო ან გარემოსდაცვითი მოთხოვნებით, კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობების შესაბამისად. მუხლი 6🔗 საბაჟო და სხვა გადასახდელები 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ათავისუფლებს იმპორტზე შეზღუდვებისაგან, საბაჟო გადასახდელებისაგან, პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადებისაგან და ყველა სხვა სახელმწიფო და/ან ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, რომლებითაც იბეგრება საჰაერო ხომალდი, საჰაერო ხომალდის ჩვეულებრივი მოწყობილობები, საწვავი, საცხებ-საპოხი მასალები, სახარჯი ტექნიკური მარაგები, სათადარიგო ნაწილები, მათ შორის ძრავები, საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, სურსათი, სასმელი, თამბაქო და სხვა პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია გასაყიდად ან რეისის განმავლობაში მგზავრთა მოხმარებისთვის და სხვა ნივთები, რომლებიც განკუთვნილია გამოსაყენებლად ან გამოიყენება მხოლოდ შეთანხმებული მომსახურებების განმახორციელებელი დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურებისათვის, ასევე დაბეჭდილი ავიაბილეთები, ავიაზედნადებები, პერსონალის უნიფორმები, ნებისმიერი დაბეჭდილი მასალა, რომელზეც გამოსახულია დანიშნული ავიასაწარმოს ლოგო და ავიასაწარმოს მიერ უფასოდ გავრცელებული სარეკლამო მასალა. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადებისაგან თავისუფლდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ის პროდუქტები, რომლებიც: a. შეტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, ან მისი სახელით; b. რჩება ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩაფრენის მომენტიდან ამ ტერიტორიიდან გაფრენის მომენტამდე და/ან გამოიყენება აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული რეისის განმავლობაში; c. ატანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე და განკუთვნილია გამოყენებისთვის ამ საჰაერო ხომალდის მიერ შეთანხმებული საჰაერო მომსახურების განხორციელების პროცესში; იმისდა მიუხედავად, ხდება თუ არა ამგვარი პროდუქტების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენება ან მოხმარება იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელმაც ავიასაწარმოები გაათავისუფლა გადასახადებისგან, იმ პირობით, რომ ამ პროდუქტებზე საკუთრების უფლების გადაცემა არ მომხდარა ზემოაღნიშნული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. 3. როგორც ჩვეულებრივი საბორტო მოწყობილობა, ასევე მასალები, მარაგი და სასურსათო მარაგი, რომლებიც ჩვეულებრივ რჩება თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოს თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, ამგვარი მოწყობილობა და პროდუქტები გათავისუფლდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გადასახადებისგან იმ პირობით, რომ ისინი შეიძლება დარჩეს აღნიშნული ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ მანამ, სანამ არ განხორციელდება მათი რეექსპორტი ან სხვაგვარად განკარგვა საბაჟო წესების შესაბამისად. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადებისგან გათავისუფლება ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები აფორმებენ ხელშეკრულებას სხვა ავიასაწარმოსთან (ავიასაწარმოებთან) ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საბორტო მოწყობილობებისა და სხვა აპარატურის მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვადიან სარგებლობაში გადაცემის ან დათმობის მიზნით, იმ პირობით, თუ ეს სხვა ავიასაწარმოც თავისუფლდება იმავე გადასახად(ებ)ისგან მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ. მუხლი 7🔗 შიდასახელმწიფოებრივი კანონებისა და რეგულაციების გამოყენება 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები, რეგულაციები და პროცედურები, რომლებიც არეგულირებს თავის სახელმწიფოს ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში მონაწილე საჰაერო ხომალდის შესვლას, დროებით გაჩერებას ან გასვლას, ან თავისი ტერიტორიის ფარგლებში ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას, ისევე ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმო(ები)ს მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის მიმართ, როგორც საკუთარი საჰაერო ხომალდის მიმართ, და დაცული უნდა იქნეს აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან ამ საჰაერო ხომალდის შესვლისას, ყოფნისას და გასვლისას . 2. ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები, რეგულაციები და პროცედურები, რომლებიც არეგულირებს თავის ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან მგზავრების, ბარგის, ეკიპაჟისა და ტვირთის შესვლა-შეტანას, დროებით გაჩერებას, ან გასვლა-გატანას, როგორიცაა რეგულაციები, რომლებიც შეეხება შესვლის, საბაჟო შემოწმების, საავიაციო უშიშროების, მიგრაციის, საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო, ჯანდაცვის, საკარანტინო და სანიტარიულ ღონისძიებებს, ხოლო ფოსტის შემთხვევაში, საფოსტო კანონები და რეგულაციები, დაცული უნდა იქნეს მგზავრებისა და ეკიპაჟის მიერ და ბარგთან და ტვირთთან მიმართებაში, ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან საჰაერო ხომალდის შესვლის/გასვლის მომენტში და ამ ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული კანონებისა და რეგულაციების გამოყენებისას, არცერთი ხელშემკვრელი მხარე უპირატესობას არ მიანიჭებს თავის საკუთარ ან ნებისმიერ სხვა ავიასაწარმო(ებ)ს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)თან შედარებით. 4. ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება პირდაპირი ტრანზიტით და რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტის სატრანზიტო ტერიტორიას, გაივლიან გამარტივებულ შემოწმებას, გარდა უსაფრთხოების ისეთი ზომების განხორციელებისას, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ, საჰაერო მეკობრეობის აღსაკვეთად, ნარკოტიკული კონტროლის ჩასატარებლად არის მიმართული. აღნიშნული სახის ბარგი და ტვირთი თავისუფლდება საბაჟო გადასახადებისაგან, აქციზისაგან და სხვა მსგავსი სახელმწიფო და/ან ადგილობრივი გადასახადისაგან და მოსაკრებლისაგან. 5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს საჰაერო ხომალდთან და ქონებასთან დაკავშირებული ქონებრივი უფლებების ჩამორთმევის ან სხვა შეზღუდვების აკრძალვას. მუხლი 8🔗 ზიარი კოდის გამოყენება 1. ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს, როგორც მარკეტინგული, ან ასევე საექსპლუატაციო გადამზიდველის სახით, თავისუფლად შეუძლია დადოს სხვა ავიასაწარმოსა ან ავიასაწარმოებთან კოოპერატიული მარკეტინგული შეთანხმებები, ბლოკ-ადგილებისა და/ან ზიარი კოდის შეთანხმებების (მესამე ქვეყანასთან ზიარი კოდის შეთანხმებების) ჩათვლით და არა მხოლოდ. 2. ზიარი კოდის მომსახურების უზრუნველყოფამდე, ზიარი კოდის პარტნიორები თანხმდებიან, თუ რომელი ხელშემკვრელი მხარე უნდა იყოს პასუხისმგებელი ვალდებულებებსა და მომხმარებელთან დაკავშირებულ საკითხებზე, უშიშროებაზე, უსაფრთხოებასა და გამარტივებაზე. ამ პირობების განმსაზღვრელი შეთანხმება უნდა წარედგინოს საავიაციო ხელისუფლებას ზიარი კოდის შეთანხმებების განხორციელებამდე. 3. აღნიშნული სახის შეთანხმებები უნდა მიღებულ იქნეს შესაბამისი საავიაციო ხელისუფლებების მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ შეთანხმებებში ყველა ავიასაწარმოს აქვს მითითებული მიმოსვლის უფლებები და/ან უფლებამოსილებანი. 4. ზიარი კოდის შეთანხმებების შემთხვევაში, მარკეტინგულმა ავიასაწარმომ, თითოეულ გაყიდულ ბილეთთან დაკავშირებით, უნდა უზრუნველყოს, რომ ბილეთის შესყიდვისას, მგზავრს მკაფიოდ განემარტოს, თუ რომელი ავიასაწარმო რომელ მონაკვეთზე შეასრულებს მომსახურებას და რომელ ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან აფორმებს იგი ხელშეკრულებას. 5. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ (-ემბა) შესაძლოა ასევე შესთავაზოს მომხმარებელს ზიარი კოდის მომსახურება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის ნებისმიერ პუნქტებს შორის, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სახის მომსახურება შესრულდება მეორე ხელშემკვრელი ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ. მუხლი 9🔗 დაშვებისა და ფრენის ვარგისობის სერტიფიკატები 1. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ვარგისად აღიარებული და ჯერ კიდევ ძალაში მყოფი სერტიფიკატები, მოწმობები და ლიცენზიები, მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეთანხმებული მომსახურების ექსპლუატაციისთვის ვარგისად იქნება აღიარებული, ყოველთვის იმ პირობით, თუ ამგვარი სერტიფიკატების, მოწმობების და ლიცენზიების გაცემისა და ვარგისად ჩათვლის მოთხოვნები შეესაბამება ან უტოლდება კონვენციის მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. 2. მიუხედავად ზემოთქმულისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ აღიაროს თავის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ თავის მოქალაქეებისთვის გაცემული საკვალიფიკაციო მოწმობები და ლიცენზიები. 3. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან ნამდვილად აღიარებული სერტიფიკატებით ან ლიცენზიებით გათვალისწინებული პრივილეგიები ან პირობები განსხვავდება კონვენციით დადგენილი სტანდარტებისგან, იმის მიუხედავად წარედგინა თუ არა ეს განსხვავება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოს შეუძლია, მე-10(2) მუხლის თანახმად პირველი ხელშემკვრელი მხარისთვის მინიჭებული უფლებების შელახვის გარეშე, მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოსთან მე-18 მუხლის შესაბამისად, რათა დარწმუნდეს, რომ ზემოაღნიშნული პრაქტიკა მათთვის მისაღებია. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა მიღწეული დამაკმაყოფილებელი შეთანხმება, გამოყენებული იქნება ამ შეთანხმების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი. მუხლი 10🔗 ფრენის უსაფრთხოება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაცია საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დამტკიცებული ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ. ასეთი კონსულტაციები ტარდება ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. 2. თუ, აღნიშნული კონსულტაციების შემდეგ, ერთი ხელშემკვრელი მხარე დაასკვნის, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფს (1) პუნქტში მითითებულ რომელიმე სფეროში უსაფრთხოების სტანდარტების შესრულებასა და დაცვას, იმ დროისთვის კონვენციით დადგენილი თუნდაც მინიმალური სტანდარტების შესაბამისად, პირველი ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს აცნობებს ამგვარი დასკვნების შესახებ, რის შემდეგაც მეორე ხელშემკვრელი მხარე მიიღებს შესაბამის გამასწორებელ ზომებს. მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შესაბამისი ზომების მიუღებლობა 15 დღის ან, შეთანხმებისამებრ, უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, წარმოადგენს საფუძველს წინამდებარე შეთანხმების მე-4(1) მუხლის გამოყენებისთვის. 3. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ახორციელებს მომსახურებას მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს, შეიძლება შემოწმდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ბორტზე ან საჰაერო ხომალდის ირგვლივ, საჰაერო ხომალდისა და მისი ეკიპაჟის დოკუმენტაციის ნამდვილობისა და საჰაერო ხომალდისა და მისი მოწყობილობების (ამ მუხლში „საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება“) რეალური მდგომარეობის დადგენის მიზნით, იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის არამიზანშეწონილ დაყოვნებას. 4. თუ საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება ან ბაქანზე შემოწმებები იწვევს: a. სერიოზულ ეჭვს, რომ საჰაერო ხომალდი ან მისი ექსპლუატაცია არ შეესაბამება კონვენციით იმ დროისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს; ან b. სერიოზულ ეჭვს, რომ კონვენციით იმ დროისთვის დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანად შესრულებასა და განხორციელებაში არსებობს ხარვეზები; ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ახორციელებს შემოწმებას კონვენციის 33-ე მუხლის მიზნებისთვის, შეუძლია დაასკვნას, რომ მოთხოვნები, რომელთა საფუძველზეც გაიცა ან ნამდვილად გამოცხადდა საჰაერო ხომალდის, ან საჰაერო ხომალდის ოპერატორის ან საფრენი ეკიპაჟის მოწმობები ან ლიცენზიები არ შეესაბამება, ან არ აღემატება კონვენციით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. 5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების მიზნით შემოწმებაზე უარს განაცხადებს ამ ავიასაწარმოს წარმომადგენელი, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ივარაუდოს, რომ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული სერიოზული ეჭვის საფუძველი და გამოიტანოს ამ პუნქტში მითითებული შესაბამისი დასკვნები. 6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საექსპლუატაციო ნებართვა იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხელშემკვრელი მხარე ბაქანზე შემოწმების, ან შემოწმებების, ასევე ბაქანზე შემოწმების მიზნით წვდომაზე უარის თქმის, კონსულტაციების შედეგად, ან რაიმე სხვა საფუძვლით დაასკვნის, რომ ავიასაწარმოს ექსპლუატაციის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება. 7. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის მე-2 ან მე-6 პუნქტის შესაბამისად გატარებული ნებისმიერი ზომა შეწყდება, როგორც კი აღარ იარსებებს ამგვარი ზომის მიღების საფუძველი. მუხლი 11🔗 საავიაციო უშიშროება 1. საერთაშორისოსამართლებრივი ნორმების საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ აღებული ვალდებულება დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უშიშროება უკანონო ჩარევისგან წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. 2. საერთაშორისოსამართლებრივი ნორმების საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები მოქმედებენ „საჰაერო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულის და ზოგიერთ სხვა ქმედებათა შესახებ“ 1963 წლის 14 სექტემბერს ტოკიოში ხელმოწერილი კონვენციის, „საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 1970 წლის 16 დეკემბერს ქ. ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციის, „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ“ 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის, „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ“ 1971 წლის 23 სექტემბერს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო ქმედებების აღკვეთის შესახებ“ 1988 წლის 24 თებერვალს ქ. მონრეალში ხელმოწერილი დამატებითი ოქმის, „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით“ 1991 წლის 1 მარტს ქ. მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის დებულებების, ასევე, საავიაციო უშიშროებასთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი შეთანხმებების შესაბამისად, რომელიც სავალდებულოა ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის. 3. მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სააერნაოსნო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებები და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სხვა საფრთხე. 4. ორმხრივი ურთიერთობისას, ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საავიაციო უშიშროების დებულებების შესაბამისად, რომლებიც განისაზღვრება როგორც კონვენციის დანართები იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელ მხარეებზე. 5. გარდა ამისა, ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა მოითხოვონ, რომ საჰაერო ხომალდის იმ ექსპლუატანტებმა, რომელთა რეგისტრაციის ადგილი მათ ტერიტორიაზეა, ან საჰაერო ხომალდის იმ ექსპლუატანტებმა, რომელთა ძირითადი საქმიანობის ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი მათ ტერიტორიაზეა და თავიანთ ტერიტორიაზე განლაგებული აეროპორტების ექსპლუატანტებმა იმოქმედონ საავიაციო უშიშროების იმ დებულებათა შესაბამისად, რომლებიც ვრცელდება ხელშემკვრელ მხარეებზე. 6. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ თავისმა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებმა დაიცვან ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული საავიაციო უშიშროების დებულებები, რომლებსაც მეორე ხელშემკვრელი მხარე იყენებს ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ტერიტორიიდან გასვლის, ან ტერიტორიაზე ყოფნისთვის. 7. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ზომების ეფექტიანად გატარებას, საჰაერო ხომალდის დაცვის, მგზავრების, ეკიპაჟისა და ხელბარგის სკრინინგის, და ჩასხდომა-ჩატვირთვამდე ბარგის, ტვირთისა და ბორტზე არსებული მარაგების სათანადოდ შემოწმების მიზნით. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ასევე თანახმაა დადებითად გადაწყვიტოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც შეეხება კონკრეტულ საფრთხესთან დაკავშირებით, გონივრულობის ფარგლებში, უსაფრთხოების სპეციალური ზომების მიღებას. 8. თუ ადგილი აქვს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ინციდენტს, ან ამგვარი ინციდენტის საფრთხეს, ან სხვა უკანონო ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტების ან სანავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციის გაადვილებისა და სხვა სათანადო ღონისძიებათა განხორციელების გზით, რომელთა მიზანია ამგვარი ინცინდენტის ან მისი საფრთხის აღკვეთა შეძლებისდაგვარად სწრაფად და სიცოცხლისთვის მინიმალური რისკით. 9. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიიღოს მის მიერ პრაქტიკულად მიჩნეული ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მის ტერიტორიაზე ხმელეთზე მყოფი მეორე ხელშემკვრელი მხარის ის საჰაერო ხომალდი, რომლის მიმართაც განხორციელდა უკანონო ხელში ჩაგდების ან უკანონო ხელყოფის სხვა აქტი, დარჩეს მის ტერიტორიაზე, თუ მისი გაფრენის აუცილებლობა განპირობებული არ არის მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრთა სიცოცხლის დაცვის უპირატესი ინტერესით. 10. როდესაც ერთ ხელშემკვრელ მხარეს სათანადო საფუძველი აქვს ვარაუდისთვის, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ დაარღვია ამ მუხლის დებულებები, პირველი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოს შეუძლია მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოს კონსულტაციების დაუყოვნებლივ ჩატარება. ამგვარი მოთხოვნიდან (15) დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმების მიუღწევლობა წარმოადგენს მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედების საფუძველს. გადაუდებელ შემთხვევებში, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ზომები მიიღოს თხუთმეტ (15)-დღიანი ვადის ამოწურვამდეც. წინამდებარე პუნქტის თანახმად განხორციელებული ნებისმიერი ზომა მოქმედებას შეწყვეტს როგორც კი მეორე ხელშემკვრელი მხარე შეასრულებს ამ მუხლით გათვალისწინებულ უშიშროების დებულებებს. მუხლი 12🔗 მომხმარებლის გადასახდელები 1. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმის უზრუნველსაყოფად, რომ თავისი გადასახდელის ამკრეფი კომპეტენტური ორგანოების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოებისთვის აეროპორტებით და სხვა საავიაციო საშუალებებით სარგებლობისათვის დაწესებული ან დასაწესებლად ნებადართული მომხმარებლის გადასახდელი იყოს სამართლიანი და გონივრული. ეს გადასახდელი უნდა ეფუძნებოდეს ეკონომიკურად დასაბუთებულ პრინციპებს და არ უნდა იყოს ამგვარი მომსახურებისთვის სხვა ავიასაწარმოებისთვის დაწესებულ გადასახდელზე უფრო მაღალი. 2. მეორე ხელშემკვრელი მხარის აპარატურით ან მომსახურებებით სარგებლობისთვის, არცერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ები) არ გადაიხდის იმაზე უფრო მაღალ გადასახდელს, ვიდრე უწესდება ანალოგიური საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელ ნებისმიერ სხვა უცხო ქვეყნის ავიასაწარმოს. 3. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებლის გადასახდელთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვას თავის გადასახადის ამკრეფ კომპეტენტურ ორგანოებსა და იმ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, რომლებიც სარგებლობენ მომსახურებებითა და საშუალებებით. მომხმარებლის გადასახადის ცვლილების შესახებ ნებისმიერი წინადადების შესახებ მომხმარებლებს, შესაბამის ინფორმაციასა და მონაცემებთან ერთად, უნდა გაეგზავნოს შეტყობინება შეძლებისდაგვარად ადრე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ცვლილების ამოქმედებამდე. მუხლი 13🔗 კომერციული საქმიანობა 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გახსნას ოფისები საჰაერო გადაზიდვების ხელშეწყობისა და სამგზავრო დოკუმენტების, ასევე საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელებისათვის საჭირო დამხმარე პროდუქტებისა და საშუალებების გაყიდვის მიზნით, მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმო(ებ)ს ნებას რთავს: a. მის ტერიტორიაზე შეიყვანოს და შესაბამისი პირობებით უზრუნველყოს პერსონალის წევრები, რომლებიც არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, მენეჯერული, კომერციული, ტექნიკური და ოპერატიული ფუნქციების შესასრულებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საჰარეო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელება ამ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ან მოქალაქეების არმქონე პირების დასაქმებისას და მუშაობის ნებართვების გაცემისას, ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული ავიასაწარმოები, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, თავისუფლდებიან დამქირავებლის ვალდებულებისგან დაიცვან უცხოელ და საკუთარ მოქალაქეებს შორის თანაფარდობა, როგორც ამას არეგულირებს მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა; b. გამოიყენოს მის ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის, კომპანიის ან ავიასაწარმოს პერსონალი და მომსახურება, რომელიც უფლებამოსილია გასწიოს ასეთი მომსახურება. 3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავად ან საკუთარი არჩევანისამებრ, აგენტების მეშვეობით გაყიდონ საჰაერო გადაზიდვის მომსახურება და მასთან დაკავშირებული პროდუქტები და საშუალებები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. ამ მიზნით, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ გამოიყენონ თავიანთი სამგზავრო დოკუმენტაცია. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავისაწარმოს უფლება აქვს გაყიდოს, ხოლო ნებისმიერ პირს უფლება აქვს შეისყიდოს ამგვარი გადაზიდვები და მასთან დაკავშირებული პროდუქტები და საშუალებები ადგილობრივ ან ნებისმიერ სხვა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ხელშემკვრელ მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავისაწარმო(ებ)ს უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაწეული ადგილობრივი ხარჯები დაფაროს ადგილობრივი ვალუტით თუ ეს შესაბამისობაშია ადგილობრივ სავალუტო რეგულაციებთან, და/ან ნებისმიერი სხვა თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით, ხელშემკვრელ მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად. 5. ყველა ზემოხსენებული საქმიანობა უნდა შესრულდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. მუხლი 14🔗 შემოსავლების ნამატის გადარიცხვა 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განახორციელონ საჰაერო გადაზიდვების გაყიდვა მეორე ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთი გაყიდვა განხორციელდება პირდაპირ ან დანიშნული აგენტების მეშვეობით, თავისუფლად კონვერტირებად და/ან ადგილობრივ ვალუტაში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება გაყიდვა. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს მიანიჭებს უფლებას თავისუფლად გადარიცხონ მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის განსხვავება იმ სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზე დაგროვდა შემოსავალი. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ მიღებული შემოსავლების მეორე ხელშემკვრელი მხარის ეროვნულ ვალუტაში კონვერტაცია უნდა განხორციელდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის სავალუტო კონტროლის მარეგულიერებელი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. 3. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე შემოსავლის ნამატის გადარიცხვისას მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს დაუწესებს შეზღუდვებს, ამ უკანასკნელს უფლება ექნება პირველი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს დაუწესოს საპასუხო შეზღუდვები. 4. თუ ხელშემკვრელ მხარეებს შორის არსებობს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ სპეციალური შეთანხმება ან თუ არსებობს სპეციალური შეთანხმება, რომელიც არეგულირებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის თანხების გადარიცხვებს, უპირატესი ძალა მიენიჭება ასეთ შეთანხმებას. მუხლი 15🔗 ფრენის განრიგის დამტკიცება 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები შეთანხმებული მომსახურებების დაწყებამდე დასამტკიცებლად წარუდგენენ დაგეგმილი ფრენების განრიგს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას, რომელშიც მითითებული იქნება ფრენების სიხშირე, საჰაერო ხომალდის ტიპი და განრიგის მოქმედების ვადა. ამგვარი განრიგი წარდგენილ უნდა იქნეს დაგეგმილი ფრენების დაწყებამდე 30(ოცდაათი) დღით ადრე. ეს მოთხოვნა ანალოგიურად ვრცელდება განრიგში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებაზე. ცალკეულ შემთხვევებში, საჭიროებისამებრ, აღნიშნული ვადა შეიძლება შემცირდეს საავიაციო ხელისუფლებებს შორის კონსულტაციების საფუძველზე. 2. თუ დანიშნულ ავიასაწარმოს სურს დამტკიცებულ განრიგში შეტანილი რეისების გარდა დამატებითი რეისების შესრულება, ის ვალდებულია შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებისაგან მიიღოს წინასწარი ნებართვა. მუხლი 16🔗 ტარიფები 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას დართავს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს თვითონ დააწესოს ტარიფები ბაზარზე არსებული კომერციული მოსაზრებებიდან გამომდინარე. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ მოსთხოვს დანიშნულ ავიასაწარმოებს კონსულტაციების გამართვას სხვა ავიასაწარმოებთან მათ მიერ დაწესებული ან შეთავაზებული ტარიფების შესახებ. 2. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს, რომ მის საავიაციო ხელისუფლებას ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმოებმა წინასწარ აცნობონ მის ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან შესვლა-გასვლაზე დასაწესებელი ტარიფები. დანიშნულ ავიასაწარმოებს ტარიფების შეტყობინება შესაძლოა დაეკისროთ ტარიფის ამოქმედებამდე არა უმეტეს 30 დღით ადრე. ცალკეულ შემთხვევებში, შეტყობინების გაგზავნა ან ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია ნებადართულ იქნას დადგენილზე უფრო მოკლე ვადაში. 3. თუ წინამდებარე მუხლი სხვაგვარად არ ითვალისწინებს, არც ერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხრივად არ მიიღებს ზომას, რითაც ხელს შეუშლის რომელიმე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებზე შეთავაზებული ან დაწესებული ტარიფების ამოქმედებას ან მოქმედების გაგრძელებას. 4. ხელშემკვრელ მხარეთა ჩარევა შემოიფარგლება: a. ისეთი ტარიფების აღკვეთით, რომელთა გამოყენება წარმოადგენს ანტიკონკურენტულ ქცევას, რომელსაც აქვს, ან მოსალოდნელია, ან გამიზნულია, რომ ჰქონდეს კონკურენტისთვის დამაზიანებელი ეფექტი ან გამოიწვიოს კონკურენტის გაძევება მარშრუტიდან; b. მომხმარებელთა დაცვით გაუმართლებლად მაღალი ან შემზღუდველი ეფექტის მქონე ტარიფებისგან, რომელიც გამოწვეულია დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებით; c. დანიშნული ავიასაწარმოების დაცვით ხელოვნურად დაბალი ტარიფებისგან, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი სახელმწიფო სუბსიდიების ან მხარდაჭერის შედეგია. d. დანიშნული ავიასაწარმოების დაცვით ხელოვნურად დაბალი ტარიფებისგან. 5. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების მიერ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებისთვის შეთავაზებული ტარიფი შეუსაბამობაში მოდის ამ მუხლის მე-4 პუნქტის დებულებებთან, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა და უმოკლეს ვადაში აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი უკმაყოფილების მიზეზი. კონსულტაციები უნდა გაიმართოს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს ოცდაათ (30) დღეში და ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ აღნიშნული საკითხის კეთილგონივრულად გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების კუთხით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელმა მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას იმ ტარიფზე, რომელთან დაკავშირებითაც გამოითქვა უკმაყოფილება, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ყველა ღონეს იხმარს ამ შეთანხმების ასამოქმედებლად. ასეთი ორმხრივი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ძალაში დარჩება მანამდე არსებული ტარიფი. მუხლი 17🔗 ინფორმაციის გაცვლა 1. ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაცო ხელისუფლება ვალდებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში, გაცვალოს ინფორმაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტერიტორიის გავლით და ტერიტორიიდან გადაზიდვების განსახორციელებლად თავიანთ შესაბამის ავიასაწარმოებზე გაცემული ნებართვების შესახებ, ინფორმაცია მოიცავს შეთავაზებულ მარშრუტებზე მომსახურებათა განხორციელებასთან დაკავშირებით გაცემული სერტიფიკატებისა და ნებართვების ასლებს, სერტიფიკატებში შეტანილი შესწორებებისა და გადასახადებისგან განთავისუფლების ორდერების ჩათვლით. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას, მათი მოთხოვნის საფუძველზე, მიაწვდის პერიოდულ სტატისტიკურ ან სხვა მსგავს ინფორმაციას, რომელიც შეეხება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან/ტერიტორიაზე განხორციელებულ საჰაერო გადაზიდვებს. მუხლი 18🔗 კონსულტაციები 1. ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფლებები, მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით, დროდადრო გაუწევენ ერთმანეთს კონსულტაციებს ამ შეთანხმების დებულებების შესრულებისა და სათანადოდ დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, და თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციასთან, განმარტებასთან, გამოყენებასთან, ან მასში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. 2. მე-4, მე-10, მე-12 მუხლების გათვალისწინებით, ასეთი კონსულტაციები შეიძლება წარიმართოს დისკუსიების ან წერილობითი კომუნიკაციის ფორმით და უნდა დაიწყოს ზემოაღნიშნული მოთხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. მუხლი 19🔗 დავების მოგვარება 1. იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენების თაობაზე ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოიჭრება რაიმე სახის დავა, ხელშემკვრელი მხარეები, უპირველეს ყოვლისა, შეეცდებიან მოაგვარონ იგი მოლაპარაკებების გზით. 2. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ გადაჭრიან დავას მოლაპარაკებების გზით, დავა, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, განსახილველად გადაეცემა სამი (3) არბიტრისაგან შემდგარ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შემდეგნაირად იქნება დაკომპლექტებული: a. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს ერთ არბიტრს, დავის საარბიტრაჟო განხილვის მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში. მეორე არბიტრის დანიშვნიდან 60 დღის განმავლობაში, ორი არბიტრის ურთიერთშეთანხმებით დაინიშნება მესამე არბიტრი, რომელიც იქნება მესამე სახელმწიფოს მოქალაქე და შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას. b. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ განსაზღვრულ ვადებში არ განხორციელდა რომელიმე დანიშვნა, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს თხოვნით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს, რათა მან განახორციელოს საჭირო დანიშვნა 30 დღის განმავლობაში. თუ პრეზიდენტი რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეა, დანიშვნას განახორციელებს რანგით ყველაზე მაღალი ვიცე-პრეზიდენტი, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელიც იგივე მიზეზით არ არის დისკვალიფიცირებული. პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის მიერ დანიშნული არბიტრი ან არბიტრები, არ უნდა იყვნენ ამ შეთანხმების წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები ან მუდმივად მცხოვრები პირები. 3. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ან თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, საარბიტრაჟო სასამართლო, ამ შეთანხმების შესაბამისად, თვითონ განსაზღვრავს არბიტრაჟის სხდომის ჩატარების ადგილს და თავისი იურისდიქციის ფარგლებს. საარბიტრაჟო სასამართლო დააწესებს საკუთარ პროცედურას. საარბიტრაჟო სასამართლოს სრული დაკომპლექტებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში, საარბიტრაჟო სასამართლოში ჩატარდება კონფერენცია განსახილველი საკითხების განსაზღვრის მიზნით. 4. თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმებულან, ან საარბიტრაჟო სასამართლოს სხვაგვარად არ დაუდგენია, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წარადგენს მემორანდუმს საარბიტრაჟო სასამართლოს მთლიანი დაკომპლექტებიდან 45 დღის განმავლობაში. პასუხები გაცემული უნდა იქნეს 60 დღის შემდეგ. საარბიტრაჟო სასამართლო გამართავს საქმის მოსმენას რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით ან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, პასუხის გაცემის ვადის დადგომიდან 30 დღის განმავლობაში. 5. საარბიტრაჟო სასამართლო შეეცდება მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება საქმის მოსმენის დასრულებიდან 30 დღის განმავლობაში ან, თუ საქმის მოსმენა არ შედგა, ორივე პასუხის წარდგენიდან 30 დღის შემდეგ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ხმათა უმრავლესობით. 6. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნები წარადგინონ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში. განმარტება გაცემული იქნება ამგვარი მოთხოვნიდან 15 დღის განმავლობაში. 7. ხელშემკვრელი მხარეები შეასრულებენ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილ ნებისმიერ პირობას, შუალედურ განჩინებას ან საბოლოო გადაწყვეტილებას. 8. საარბიტრაჟო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი მხარეები თავად დაფარავენ მათ მიერ დანიშნული არბიტრის ხარჯებს. საარბიტრაჟო სასამართლოს სხვა ხარჯები თანაბრად გაიყოფა ხელშემკვრელ მხარეებს შორის, მათ შორის, ნებისმიერი ხარჯი, რომელსაც გასწევს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი ამ მუხლის მე-2(b) პუნქტით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას. 9. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გაუუქმოს ამ შეთანხმებით მინიჭებული ნებისმიერი უფლება და პრივილეგია იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები. მუხლი 20🔗 ცვლილებები და დამატებები 1. ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთთანხმობის საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმების სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების 23-ე მუხლში მოცემული წესის შესაბამისად. აღნიშნული ფორმით მიღებული ოქმები წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. 2. ამ მუხლის დებულებების მიუხედავად, წინამდებარე შეთანხმებისთვის თანდართულ განრიგებში ცვლილებები შეიძლება შეთანხმდეს წერილობით, ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის. მუხლი 21🔗 რეგისტრაცია წინამდებარე შეთანხმებას და მასში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას საქართველოს მხარე რეგისტრაციისთვის წარუდგენს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. მუხლი 22🔗 მოქმედების შეწყვეტა 1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე თავისი გადაწყვეტილების შესახებ. ამავდროულად, ამგვარი შეტყობინება უნდა გაეგზავნოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში, შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე აღნიშნული შეტყობინება არ იქნება გამოთხოვილი ხელშემკვრელ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შედეგად. 2. იმ შემთხვევაში, თუ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ არ დაადასტურა ზემოხსენებული შეტყობინების მიღება, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ. მუხლი 23🔗 ძალაში შესვლა 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ, რითაც ხელშემკვრელი მხარეები ატყობინებენ ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. 2. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, 1993 წლის 17 აგვისტოს შეთანხმება „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ ჩაითვლება ძალადაკარგულად. რის დასტურადაც, ქვემორე ხელისმომწერი, შესაბამის მთავრობათა მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლები ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას. შესრულებულია ქ. აშხაბადში, 2022 წლის 20 ივლისს, ორ დედნად, ქართულ, თურქმენულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით თურქმენეთის მთავრობის სახელით ____________________________ ხელმოწერილია ____________________________ ხელმოწერილია დანართი მარშრუტების განრიგი სექცია 1. მარშრუტები, რომლებიც ექვემდებარება ექსპლუატაციას საქართველოს დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ. საწყისი პუნქტი შუალედური პუნქტი დანიშნულების პუნქტი პუნქტები საზღვრებს გარეთ ნებისმიერი პუნქტი საქართველოში ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი თურქმენეთში ნებისმიერი პუნქტი სექცია 2 მარშრუტები, რომლებიც ექვემდებარება ექსპლუატაციას თურქმენეთის დანიშნული ავიასაწარმო(ები)ს მიერ. საწყისი პუნქტი შუალედური პუნქტი დანიშნულების პუნქტი პუნქტები საზღვრებს გარეთ ნებისმიერი პუნქტი თურქმენეთში ნებისმიერი პუნქტი ნებისმიერი პუნქტი საქართველოში ნებისმიერი პუნქტი შეთანხმებული მომსახურების განხორციელება 1. შეთანხმებული მომსახურებების ფარგლებში რეისების განხორციელებისას, ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ გამოიყენონ მე-3 და მე-4 ჰაერის თავისუფლების უფლებები ნებისმიერი ტიპის გადაზიდვებში (სამგზავრო თუ სატვირთო, ცალ-ცალკე თუ კომბინირებულად). 2. ორივე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოებს შეუძლიათ რომელიმე ან ყველა რეისზე გამოტოვონ ზემოთ მითითებული რომელიმე პუნქტი, იმ პირობით, თუ შეთანხმებული მომსახურებების განხორციელება იწყება ან სრულდება თავიანთ შესაბამის ტერიტორიებზე. 3. შუალედური, საზღვრებს გარეთ და საწყის პუნქტებამდე არსებული პუნქტების ექსპლუატაცია შესაძლებელია განხორციელდეს გეოგრაფიული ან მიმართულებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გარეშე, კომერციული უფლებების გამოუყენებლად. 4. მეხუთე ჰაერის თავისუფლების გამოყენების უფლებები შეიძლება განისაზღვროს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ორგანოებს შორის. 5. დაუშვებელია კაბოტაჟის უფლებით სარგებლობა.