გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა
და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე
2022 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა დიდავა
განმცხადებელი – შემოსავლების სამსახური;
მოვალე – შპს „სასტუმრო აბანოთუბანი“ (ს/ნ 404453845);
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე გაკოტრების რეჟიმის გახსნის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2022 წლის 16 აგვისტოს შპს „სასტუმრო აბანოთუბანის“ დირექტორმა - მალხაზ ალბორიშვილმა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ გაკოტრების რეჟიმის გახსნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით.
განმცხადებლის განმარტებით, კომპანია 2017 წლიდან არ ფუნქციონირებს და შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა. მოვალეს დაკარგული აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი და სურს გაკოტრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ინფორმაციის წარმოდგენა, მიმდინარეობს თუ არა მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. ხარვეზის შესავსებად მხარეს განესაზღვრა ხუთი დღე. აღნიშნული განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს.
2022 წლის 25 აგვისტოს შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ დირექტორმა - მალხაზ ალბორიშვილმა ხარვეზის შევსებით მიზნით სასამართლოში წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსი კონსულტანტის - შოთა აბესაძის მიერ გაცემული ცნობა, სადაც მითითებულია, რომ 2013 წლის 20 აგვისტოდან 2022 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით სამოქალაქო საქმეზე, რომელიც ეხება შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ გადახდისუუნარობას, რეგისტრირებულია მხოლოდ საქმე N2/25275-22, მოსამართლე – გოჩა დიდავა.
მოსამართლე გოჩა დიდავას არყოფნის გამო, განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, გადაეცა მოსამართლე ივერი აბაშიძეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინებით შპს „სასტუმრო აბანოთუბანი“-ს (ს/ნ: 404453845) დირექტორს - მალხაზ ალბორიშვილს უარი ეთქვა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და ამავე განჩინებით აღინიშნა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება; განჩინება განთავსდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/), ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია; განჩინებაზე შესაძლებელი იყო კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეების მიერ, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებოდა ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (http://www.ecourt.ge/) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი N64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 5 სექტემბერს შემოსავლების სამსახურის მიერ კანონით დადგენილ ვადაში, წარმოდგენილ იქნა კერძო საჩივარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 09 დეკემბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 აგვისტოს განჩინება შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
სსიპ – შემოსავლების სამსახურს განჩინებაში მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა. 2022 წლის 16 დეკემბერს კანონით დადგენილ ვადაში შემოსავლების სამსახურის მიერ ხარვეზი იქნა აღმოფხვრილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის გათვალისწინებით, ვინაიდან შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ მოთხოვნა იყო გაკოტრება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 გვისტოს განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა, აღნიშნული განჩინება გამოქვეყნებული იქნა ვებგვერდზე www.ecourt.ge-ზე 2022 წლის 11 დეკემბერს, რაზეც მოვალის მიერ არ იქნა წარმოდგენილი კერძო საჩივარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით დადგენილ გარემოებებს მოვალე ეთანხმება, შესაბამისდ, შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ მიმართ უნდა დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, გაკოტრების რეჟიმის გახსნით.
სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 47-ე, 55-ე, 99-ე, მე-100 მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შემოსავლების სამსახურის განცხადება ცნობილი იქნეს დასაშვებად;
2. შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ (ს.ნ. 404453845) მიმართ გაიხსნას გაკოტრების რეჟიმი;
3. შპს „სასტუმრო აბანოთუბნის“ (ს.ნ. 404453845) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი – ქეთევან ბაშინურიძე (პ/ნ 01019006553, ტელ. 599 394-499), რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 99-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;
ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ ყველა პირს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. თითოეული ასეთი პირი ვალდებულია, გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, მის მიერვე განსაზღვრული გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დაეხმაროს მას.
6. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს მათში სათანადო ცვლილება ან/და დამატება.
7. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილება გაკოტრების რეჟიმში უნარჩუნდება მხოლოდ განჩინების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მისი შესრულების ნაწილში.
8. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოიძიოს ქონება, დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით ამონაგები თანხა კრედიტორებზე გაანაწილოს. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა შეასრულოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით, და გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე ზიანი არ უნდა მიაყენოს მათ ინტერესებს.
9. გაკოტრების მიზნის მისაღწევად და დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და ახორციელებს შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.
10. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად სასამართლოს მიმართოს და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;
ბ) აწარმოოს დავები;
გ) განახორციელოს შეცილება;
დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;
ე) უზრუნველყოს სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების, შესრულება;
ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;
ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;
თ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
11. გაკოტრების მმართველი ვალდებულია მოამზადოს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ ანგარიში და იგი ამ კანონით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
12. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით განახორციელონ მისი ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი. კრედიტორებს უფლება აქვთ, დასვან გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრება.
13. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით, www.ecourt.ge და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე, ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).
14. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გოჩა დიდავა