კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
მიღების თარიღი 22.09.1994
ძალაში შესვლა 25.11.1994
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №14-28
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016712
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენცია „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონების პროექტების გამოქვეყნებისა და მათი
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის შექმნის თაობაზე ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ
წინამდებარე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები,
აღნიშნავენ რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება განამტკიცებს ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, პიროვნების ღირსებისა და ღირებულებისადმი და მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობისადმი რწმენას,
აღნიშნავენ რა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია განამტკიცებს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს და აღიარებს, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი, თანასწორი ღირსებითა და უფლებებით, და რომ თითოეული ადამიანი სარგებლობს მასში აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით ყოველგვარი განსხვავების გარეშე, მათ შორის განურჩევლად სქესისა,
აღნიშნავენ რა, რომ ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტების მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მამაკაცისა და ქალის თანასწორი უფლება ისარგებლონ ყველა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებით,
მხედველობაში იღებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მისი სპეციალიზებული დაწესებულებების ეგიდით მიღებულ საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც ხელს უწყობს მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობას,
ასევე აღნიშნავენ რა, მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობის მიზნით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მისი სპეციალიზებული დაწესებულებების მიერ მიღებულ რეზოლუციებს, დეკლარაციებსა და რეკომენდაციებს,
შეშფოთებულნი არიან რა, რომ სხვადასხვა დოკუმენტების არსებობის მიუხედავად, ქალთა მიმართ მზარდი დისკრიმინაცია კვლავაც არსებობს,
იხსენებენ რა, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაცია არღვევს თანასწორუფლებიანობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის პრინციპებს, აბრკოლებს მამაკაცის თანაბრად ქალის მონაწილეობას თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, ხელს უშლის საზოგადოებრივი და ოჯახური კეთილდღეობის გაუმჯობესებას და კიდევ უფრო აძნელებს ქალთა შესაძლებლობების სრულ გამოვლენას თავიანთი ქვეყნებისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ,
შეშფოთებულნი არიან რა, რომ სიღარიბის პირობებში ქალებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია სურსათი, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, პროფესიული მომზადება და დასაქმების შესაძლებლობა, და სხვა მოთხოვნილებები,
დარწმუნებული არიან რა, რომ თანასწორობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის დამყარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მამაკაცისა და ქალის თანაბარუფლებიანობის განვითარებას,
ხაზს უსვამენ რა, რომ აპარტეიდის, რასიზმის ყველა ფორმის, რასობრივი დისკრიმინაციის, კოლონიალიზმის, ნეოკოლონიალიზმის, აგრესიის, უცხო სახელმწიფოს მიერ ოკუპაციისა და ჰეგემონიის და სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევის აღმოფხვრა აუცილებელია მამაკაცისა და ქალის უფლებებით სრული სარგებლობისათვის,
ადასტურებენ რა, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების განმტკიცება, საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვა, ყველა სახელმწიფოს შორის ურთიერთთანამშრომლობა მათი სოციალური და ეკონომიკური სისტემების მიუხედავად, საყოველთაო და სრული განიარაღება, განსაკუთრებით მკაცრი და ეფექტიანი საერთაშორისო კონტროლით ბირთვული განიარაღება, ქვეყნებს შორის ურთიერთობაში სამართლიანობის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპების განმტკიცება და უცხოური და კოლონიური ბატონობის, უცხოური ოკუპაციის ქვეშ მყოფი ხალხების თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლების განხორციელება, აგრეთვე, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ხელს შეუწყობს სოციალურ პროგრესსა და განვითარებას, რაც შედეგად ხელს შეუწყობს მამაკაცსა და ქალს შორის სრული თანასწორობის მიღწევას,
დარწმუნებულნი არიან რა, რომ ქვეყნის სრული განვითარება, მსოფლიო კეთილდღეობა და მშვიდობის დაცვა ყველა სფეროში მამაკაცის თანასწორად ქალის მაქსიმალურ მონაწილეობას მოითხოვს,
ითვალისწინებენ რა ოჯახის კეთილდღეობისა და საზოგადოების განვითარების საქმეში ქალის მნიშვნელოვან წვლილს, რაც დღემდე სრულად არ არის აღიარებული, ოჯახის და ბავშვების აღზრდაში დედობისა და ორივე მშობლის როლის სოციალურ მნიშვნელობას და გაცნობიერებული აქვთ, რომ ქალის როლი შთამომავლობის გაგრძელებაში არ უნდა იყოს მისი დისკრიმინაციის საფუძველი, ვინაიდან ბავშვის აღზრდა მამაკაცსა და ქალს, და მთელი საზოგადოების ერთობლივ პასუხისმგებლობას მოითხოვს,
აღიარებენ რა, რომ მამაკაცისა და ქალის სრული თანასწორობის მისაღწევად საჭიროა საზოგადოებასა და ოჯახში როგორც მამაკაცის, ისე ქალის ტრადიციული როლის შეცვლა,
მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი განახორციელონ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ დეკლარაციით გათვალისწინებული პრინციპები და ამ მიზნით, მიიღონ ასეთი დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და გამოვლინების აღმოსაფხვრელად საჭირო ზომები.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
ნაწილი I
მუხლი 1🔗
წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „ქალთა მიმართ დისკრიმინაცია“ ნიშნავს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, ჩამოშორებას ან შეზღუდვას, რომელიც მიმართულია ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობის შესუსტება ან სრული უარყოფა.
მუხლი 2🔗
მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას, თანხმდებიან ყველა შესაბამისი საშუალებით და დაუყოვნებლივ გაატარონ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის პოლიტიკა და ამ მიზნით, კისრულობენ ვალდებულებას:
a) მამაკაცისა და ქალის თანასწორობის პრინციპი შეიტანონ თავიანთ ეროვნულ კონსტიტუციებში ან სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში, თუ ეს აქამდე არ გაუკეთებიათ, და უზრუნველყონ კანონითა და სხვა შესაბამისი საშუალებებით ამ პრინციპის პრაქტიკული განხორციელება;
b) მიიღონ ქალის ყოველგვარი დისკრიმინაციის ამკრძალავი შესაბამისი საკანონმდებლო და სხვა ზომები, საჭიროების შემთხვევაში სანქციების ჩათვლით;
c) დააწესონ ქალთა უფლებების სამართლებრივი დაცვა მამაკაცებთან თანასწორ საფუძველზე და კომპეტენტური ეროვნული სასამართლოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მეშვეობით უზრუნველყონ დისკრიმინაციის ნებისმიერი აქტისაგან ქალის ეფექტური დაცვა;
d) თავი შეიკავონ ქალის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული აქტისა თუ მოქმედებისაგან და უზრუნველყონ, რომ სახელმწიფო უწყებები და დაწესებულებები იმოქმედებენ ამ ვალდებულების შესაბამისად;
e) მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ნებისმიერი პირის, ორგანიზაციისა თუ საწარმოს მიერ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად;
f) მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, საკანონმდებლოს ჩათვლით, იმ მოქმედი კანონების, დადგენილებების, ჩვეულებებისა და პრაქტიკის შესაცვლელად ან გასაუქმებლად, რომელიც ქალის დისკრიმინაციას აწესებს;
g) გააუქმონ ეროვნული სისხლის სამართლის კანონმდებლობის ყველა დებულება, რომელიც ქალის დისკრიმინაციას აწესებს.
მუხლი 3🔗
მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, კერძოდ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში იღებენ შესაბამის ზომებს, საკანონმდებლოს ჩათვლით, ქალთა სრული განვითარებისა და პროგრესის უზრუნველსაყოფად, რათა მამაკაცის თანასწორად უზრუნველყოფილნი იყვნენ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განხორციელებითა და სარგებლობით.
მუხლი 4🔗
1. მონაწილე სახელმწიფოს მიერ, მამაკაცსა და ქალს შორის ფაქტობრივი თანასწორობის დამყარების დასაჩქარებლად მიღებული დროებითი სპეციალური ზომები ამ კონვენციის განსაზღვრების მიხედვით, დისკრიმინაციულად არ ჩაითვლება, თუმცა, ამ ზომებმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარი და განსხვავებული სტანდარტების შენარჩუნება; ეს ზომები უნდა გაუქმდეს, როდესაც მიღწეულ იქნება შესაძლებლობათა თანასწორობისა და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის მიზნები.
2. მონაწილე სახელმწიფოების მიერ დედობის დასაცავად სპეციალური, მათ შორის,, ამ კონვენციით გათვალისწინებული ზომების მიღება დისკრიმინაციულად არ ჩაითვლება.
მუხლი 5🔗
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა:
a) შეცვალონ მამაკაცისა და ქალის ქცევის სოციალური და კულტურული მოდელები იმ ცრურწმენებისა და ჩვეულებების, აგრეთვე, მთელი დანარჩენი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, რომელიც ემყარება ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის იდეას ან მამაკაცის და ქალის სტერეოტიპულ როლებს;
b) უზრუნველყონ, რომ საოჯახო აღზრდა გულისხმობდეს დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორ გაგებას და ბავშვის აღზრდისა და განვითარების საქმეში მამაკაცისა და ქალის საერთო პასუხისმგებლობის აღიარებას, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვის ინტერესები ყველა შემთხვევაში უპირატესად არის გათვალისწინებული.
მუხლი 6🔗
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, საკანონმდებლოს ჩათვლით, ქალებით ვაჭრობის ყველა ფორმისა და ქალის პროსტიტუციის ექსპლუატაციის აღსაკვეთად.
ნაწილი II
მუხლი 7🔗
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალითა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად კერძოდ, ქალები უნდა უზრუნველყონ, მამაკაცის თანასწორად, უფლებით:
a) ხმა მისცენ ყველა არჩევნებსა და საყოველთაო რეფერენდუმში და არჩეულ იქნან ნებისმიერ საყოველთაოდ არჩევად ორგანოებში;
b) მონაწილეობა მიიღონ სამთავრობო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში და დაიკავონ საჯარო თანამდებობები და სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე განახორციელონ ნებისმიერი საჯარო ფუნქცია,;
c) მონაწილეობდენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების საქმიანობაში, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებით არიან დაკავებული.
მუხლი 8🔗
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყონ ქალები შესაძლებლობით, მამაკაცის თანასწორი პირობებით და დისკრიმინაციის გარეშე, წარმოადგენდნენ თავიანთ მთავრობებს საერთაშორისო დონეზე და მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში.
მუხლი 9🔗
1. მონაწილე სახელმწიფოები ქალებს ანიჭებენ მამაკაცთა თანასწორ უფლებებს მოქალაქეობის შეძენის, შეცვლისა და შენარჩუნებისას. კერძოდ, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ არც უცხოელზე დაქორწინება, არც ქმრის მოქალაქეობის შეცვლა ქორწინების განმავლობაში არ გამოიწვევს ცოლის მოქალაქეობის ავტომატურად შეცვლას, არ გადააქცევს მას მოქალაქეობის არმქონე პირად და არ აიძულებს მას ქმრის მოქალაქეობის მიღებას.
2. მონაწილე სახელმწიფოები ქალებს მათი შვილების მოქალაქეობასთან დაკავშირებით ანიჭებენ მამაკაცთა თანასწორ უფლებებს.
ნაწილი III
მუხლი 10🔗
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად რათა უზრუნველყონ ისინი მამაკაცთა თანასწორი უფლებებით განათლების სფეროში და, კერძოდ, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ:
a) ერთნაირი პირობებით კარიერის ან სპეციალობის არჩევისას, ყველა კატეგორიის სასწავლო დაწესებულებებში, როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში, განათლების მისაღებად და დიპლომების მიღების ხელმისაწვდომობისათვის; ეს თანასწორობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სკოლამდელ, ზოგად, ტექნიკურ, პროფესიულ და უმაღლეს ტექნიკურ განათლებაში, ასევე ყველა სახეობის პროფესიული მომზადებაში;
b) ერთნაირი სასწავლო პროგრამების, ერთნაირი გამოცდების, ერთნაირი კვალიფიკაციის მასწავლებელთა შემადგენლობის, ერთნაირი ხარისხის სასკოლო ნაგებობებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა;
c) მამაკაცისა და ქალის როლის შესახებ სტერეოტიპული საერთო წარმოდგენების აღმოფხვრა ყველა დონის და ყველა ფორმის სწავლებისას, ერთად სწავლებისა და სწავლების სხვა ფორმების წახალისების გზით, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას, კერძოდ, სახელმძღვანელოებისა და სასკოლო პროგრამების გადასინჯვითა და სწავლების მეთოდების ადაპტაციით;
d) სტიპენდიებისა და სხვა სასწავლო გრანტის მიღების თანაბარი შესაძლებლობა;
e) შემდგომი განათლების გაგრძელების პროგრამების ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობა, ზრდასრულთა და საბაზისო განათლების პროგრამების ჩათვლით, განსაკუთრებით იმ შესაძლებლობებით, რომლებიც მამაკაცთა და ქალთა განათლებაში ნებისმიერი განსხვავების რაც შეიძლება სწრაფი შემცირებისაკენაა მიმართული;
f) სკოლადაუმთავრებელ მდედრობითი სქესის მოსწავლეების რიცხვის შემცირება და პროგრამების შემუშავება იმ გოგონებისა და ქალებისათვის, რომელთაც ნაადრევად მიატოვეს სკოლა;
g) სპორტსა და ფიზიკურ მომზადებაში აქტიური მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა;
h) ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ხელშესაწყობად საგანმანათლებლო ხასიათის სპეციალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ოჯახის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციების ჩათვლით.
მუხლი 11🔗
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, დასაქმების დარგში ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა უზრუნველყონ მამაკაცის და ქალის თანასწორობის საფუძველზე თანაბარი უფლებები, კერძოდ:
a) შრომის უფლება, როგორც ყველა ადამიანის განუყოფელი უფლება;
b) დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების უფლება, დაქირავებისას შერჩევის თანაბარი კრიტერიუმების გამოყენების ჩათვლით;
c) პროფესიის ან სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება, თანამდებობრივი დაწინაურებისა და დასაქმების გარანტიის, აგრეთვე, ყველა სამსახურებრივი შეღავათითა და პირობით სარგებლობის უფლება, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლება, სწავლის, გაძლიერებული პროფესიული მომზადებისა და რეგულარული გადამზადების უფლების ჩათვლით;
d) თანაბარი ანაზღაურების უფლება, მათ შორის, შეღავათების მიღების, თანაბარი ღირებულების შრომის მიმართ თანაბარი პირობების, ასევე სამუშაოს ხარისხის შეფასებისას თანაბარი მიდგომის უფლება;
e) სოციალური უზრუნველყოფის უფლება, კერძოდ პენსიაზე გასვლის, უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, სიბერისა და შრომის უნარიანობის დაკარგვის სხვა შემთხვევებში, ასევე ანაზღაურებადი შვებულების უფლება;
f) ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხო პირობების, მათ შორის,, რეპროდუქციის ფუნქციის შენარჩუნების უფლება.
2. დაქორწინების ან დედობის მიზეზით ქალთა მიმართ დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და მათთვის შრომის ეფექტიანი უფლების უზრუნველსაყოფად მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს, რათა:
a) აკრძალონ, სანქციათა გამოყენების პირობით, ორსულობის მიზეზით სამსახურიდან დათხოვნა ან ორსულობის ან მშობიარობის გამო შვებულების მიზეზით, ან სამსახურიდან დათხოვნისას ოჯახური მდგომარეობის გამო დისკრიმინაცია;
b) შემოიღონ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება ან შესაბამისი სოციალური დახმარებები წინა სამუშაო ადგილის, თანამდებობის ან სოციალური დახმარების დაკარგვის გარეშე;
c) წაახალისონ აუცილებელი დამატებითი სოციალური მომსახურების გაწევა, რათა მშობლებს საშუალება მიეცეს ოჯახურ მოვალეობათა შესრულება შეუთავსონ შრომით საქმიანობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას, კერძოდ ბავშვთა მოვლის დაწესებულებათა ქსელის შექმნისა და განვითარების გზით;
d) უზრუნველყონ ორსულობის პერიოდში ქალების სპეციალური დაცვა მათ ჯანმრთელობაზე მავნე გავლენის მქონე სამუშაოზე,
3. კანონმდებლობა, რომელიც ეხება წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული უფლებების დაცვას, მეცნიერული და ტექნიკური ცოდნის გათვალისწინებით პერიოდულად უნდა გადაიხედოს და საჭიროების შემთხვევაში, უნდა გადაისინჯოს, გაუქმდეს ან განივრცოს.
მუხლი 12🔗
1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას ჯანდაცვის დარგში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ ქალისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, მათ შორის, ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
2. წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებებისგან დამოუკიდებლად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ქალებს შესაბამისი მომსახურებით ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, აუცილებლობის შემთხვევაში, გაუწევენ უფასო მომსახურებას, ასევე, ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში უზრუნველყოფენ შესაბამისი კვებით.
მუხლი 13🔗
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სხვა სფეროებში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები, კერძოდ:
a) საოჯახო სოციალური დახმარების უფლება;
b) საბანკო სესხების, იპოთეკური სესხების და სხვა ფორმის ფინანსური კრედიტის მიღეების უფლება;
c) რეკრეაციულ აქტივობებში, სპორტულ ღონისძიებებსა და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში მონაწილეობის უფლება.
მუხლი 14🔗
1. მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ განსაკუთრებულ სირთულეებს, რომლებსაც აწყდებიან სოფლად მცხოვრები ქალები, და მნიშვნელოვანი როლს, რომელსაც სოფლად მცხოვრები ქალები ასრულებენ თავიანთი ოჯახების ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, ასევე მათ საქმიანობას მეურნეობის არამონეტარულ დარგებში, და ყველა შესაბამისი ზომას მიიღებენ სოფლად მცხოვრებ ქალთა მიმართ წინამდებარე კონვენციის დებულებათა გამოსაყენებლად.
2. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამისი ზომას სოფლის რაიონებში ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცის და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ მათი მონაწილეობა სოფლის განვითარებაში და მისგან სარგებლის მიღებაში და, კერძოდ, ასეთი ქალები უნდა უზრუნველყონ უფლებით:
a) ყველა დონეზე მიიღონ მონაწილეობა განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში;
b) ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სამედიცინო მომსახურეობის შესაბამის საშუალებებზე, მათ შორის, ოჯახის დაგეგმვის საკითხების შესახებ ინფორმაციაზე, კონსულტაციასა და მომსახურებაზე;
c) უშუალოდ ისარგებლონ სოციალური დაზღვევის პროგრამების ყველა სიკეთით;
d) მიიღონ ყველა სახის მომზადება და ფორმალური თუ არაფორმალური განათლება, მათ შორის,, საბაზისო განათლება, ასევე ყველაფერთან ერთად ისარგებლონ სათემო მომსახურების ყველა საშუალებით, კვალიფიკაციის ამაღლების მომსახურებით, მათი ტექნიკური ცოდნის დონის ასამაღლებლად;
e) შექმნან თვითდახმარების ჯგუფები და კოოპერატივები, რათა უზრუნველყონ ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დაქირავებული შრომის ან თვით დასაქმების მეშვეობით;
f) მონაწილეობა მიიღონ ყველა ფორმის საზოგადოებრივ საქმიანობაში;
g) ხელი მიუწვდებოდეთ აგრარულ კრედიტებსა და სესხებზე, გასაღების ბაზაზე, შესაბამის ტექნოლოგიებზე და თანაბარი სტატუსით სარგებლობდნენ მიწის და აგრარულ რეფორმებში, ასევე მიწის ხელახალი გადანაწილების გეგმებში;
h) ისარგებლონ ცხოვრების სათანადო პირობებით, განსაკუთრებით საცხოვრებელი პირობებით, სანიტარიული პირობებით, ელექტროდენით და წყალის მომარაგებით, ასევე ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობით.
ნაწილი IV
მუხლი 15🔗
1. მონაწილე სახელმწიფოები ქალებს ანიჭებენ კანონის წინაშე მამაკაცებთან თანასწორობას.
2. მონაწილე სახელმწიფოები ქალებს ანიჭებენ მამაკაცთა თანაბარ სამოქალაქო უფლებაუნარიანობას და მისი რეალიზაციის თანაბარ შესაძლებლობებს. კერძოდ, ქალებს ანიჭებენ თანაბარ უფლებებს ხელშეკრულებების დადებისას და ქონების მართვისას და სასამართლოებსა და ტრიბუნალებში საქმის წარმოების ყველა ეტაპზე უზრუნველყოფენ თანაბარი მოპყრობით, .
3. მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ყველა ხელშეკრულება და იურიდიული ძალის მქონე ნებისმიერი სხვა კერძო დოკუმენტი, რომლებიც მიმართულია ქალთა უფლებაუნარიანობის შეზღუდვისაკენ უნდა ჩაითვალოს ბათილად.
4. მონაწილე სახელმწიფოები მამაკაცებს და ქალებს ანიჭებენ თანაბარ უფლებებს კანონის წინაშე, რომელიც ეხება პირთა გადაადგილებას და საცხოვრებელი ადგილისა და ბინადრობის არჩევის თავისუფლებას.
მუხლი 16🔗
1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას ქორწინებისა და ოჯახური ურთიერთობების ყველა საკითხში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და, კერძოდ, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფენ:
a) ქორწინების თანაბარ უფლებებს;
b) მეუღლის თავისუფალი არჩევის და მხოლოდ მათი თავისუფალი და სრული თანხმობის შემთხვევაში ქორწინების თანაბარ უფლებებს;
c) ქორწინების პერიოდში და ქორწინების შეწყვეტისას თანაბარ უფლებებს და მოვალეობებს;
d) შვილებთან დაკავშირებულ საკითხებში მშობლების თანაბარ უფლებებს და მოვალეობებს, მათი ოჯახური მდგომარეობის დამოუკიდებლად, ყველა შემთხვევაში შვილების ინტერესებს ენიჭება უპირატესობა;
e) შვილების რაოდენობისა და მათი დაბადების შუალედების საკითხის თავისუფლად და პასუხისმგებლობით გადაწყვეტის თანაბარ უფლებას. ასევე, ამ უფლებებით სარგებლობისათვის საჭირო ინფორმაციისა, განათლების და საარსებო წყაროს მიღების შესაძლებლობას;
f) მეურვეობასთან, მზრუნველობასთან, წარმომადგენლობასთან და შვილებასთან ან ანალოგიური ფუნქციების შესრულებასთან მიმართებაში თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს, როცა ამას ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს; ყველა შემთხვევაში შვილების ინტერესებს ენიჭება უპირატესობა;
g) ცოლის და ქამრის თანაბარ პირად უფლებებს, მათ შორის, გვარის, პროფესიის და სპეციალობის არჩევის უფლებას;
h) როგორც უფასოდ, ასევე საფასურით ქონების ფლობის, შეძენის, მართვის, სარგებლობისა და განკარგვის ორივე მეუღლის თანაბარ უფლებებს.
2. ბავშვის დანიშვნას და ქორწინებას იურიდიული ძალა არ აქვს და ყველა საჭირო ზომა, მათ შორის, საკანონმდებლო, უნდა იქნეს მიღებული რათა განისაზღვროს მინიმალური საქორწინო ასაკი და ქორწინების რეგისტრაცია გახდეს სავალდებულო ოფიციალურ რეესტრში.
ნაწილი V
მუხლი 17🔗
1. წინამდებარე კონვენციის შესრულების მიმდინარეობის განსახილველად იქმნება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (შემდგომში კომიტეტად წოდებული), რომელიც კონვენციის ძალაში შესვლის მომენტისათვის შედგება თვრამეტი, ხოლო მისი რატიფიკაციის ან მასთან ოცდამეთხუთმეტე მონაწილე სახელმწიფოს შეერთების შემდეგ – მაღალი ზნეობრივი თვისებებისა და წინამდებარე კონვენციით დარეგულირებულ სფეროში კომპეტენციის მქონე ოცდასამი ექსპერტისაგან. ექსპერტები მონაწილე სახელმწიფოების მიერ აირჩევიან თავიანთი მოქალაქეებისგან და ისინი მოქმედებენ თავიანთი სახელით, სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების და სხვადასხვა ფორმის ცივილიზაციების, ასევე ძირითადი სამართლებრივი სისტემების წარმომადგენლობის გათვალისწინებით.
2. კომიტეტის წევრები აირჩევიან ფარული კენჭისყრით მონაწილე სახელმწიფოთა მიერ დასახელებული პირთა სიიდან. თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია დაასახელოს თავის მოქალაქე ერთი პირი.
3. პირველი არჩევნები ტარდება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის შემდეგ. თითოეული არჩევნების ჩატარებამდე სულ მცირე სამი თვით ადრე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს უგზავნის წერილს წინადადებით წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატურები ორი თვის ვადაში. გენერალური მდივანი ამზადებს ანბანური თანმიმდევრობით სიას, რომელშიც შეყვანილია ამგვარად დასახელებული პირების წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოების მითითებით და ამ სიას წარუდგენს მონაწილე სახელმწიფოებს.
4. კომიტეტის წევრთა არჩევნები ტარდება მონაწილე სახელმწიფოების შეხვედრაზე რომელსაც გენერალური მდივანი იწვევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათაო ოფისში. ამ შეხვედრაზე, სადაც მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედი შეადგენს კვორუმს, კომიტეტში არჩეულ პირებად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც ხმების უმეტესობას და დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებენ.
5. კომიტეტის წევრები აირჩევიან ოთხი წლის ვადით. თუმცა, პირველ არჩევნებში არჩეული ცხრა წევრის უფლებამოსილების ვადა ორი წლის შემდეგ იწურება; პირველი არჩევნების ჩატარებისთანავე ამ ცხრა წევრს წილისყრით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარე.
6. კომიტეტის ხუთ დამატებით წევრს ირჩევენ წინამდებარე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებათა შესაბამისად ოცდამეთხუთმეტე სახელმწიფოს მიერ კონვენციის რატიფიკაციის ან მასთან შეერთების შემდეგ. ამგვარად არჩეული ორი დამატებითი წევრის უფლებამოსილების ვადა იწურება ორი წლის გასვლის შემდეგ, ამ ორ წევრს წილისყრით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარე.
7. გაუთვალისწინებელი ვაკანსიების შესავსებად მონაწილე სახელმწიფო, რომლის ექსპერტმაც შეწყვიტა ფუნქციონირება როგორც კომიტეტის წევრმა, კომიტეტის თანხმობით ნიშნავს თავის მოქალაქე სხვა ექსპერტს.
8. კომიტეტის წევრები იღებენ გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ ანაზღაურებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რესურსებიდან იმ წესებით და პირობებით, რომელსაც კომიტეტის მოვალეობათა მნიშვნელობის გათვალისწინებით ასამბლეა გადაწყვეტს.
9. კონვენციის გათვალისწინებული ფუნქციების ეფექტური განხორციელებისათვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი კომიტეტს უზრუნველყოფს აუცილებელ პერსონალითა და მატერიალური საშუალებებით.
მუხლი 18🔗
1. მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს კომიტეტზე განსახილველად წარუდგინონ ანგარიში მათ მიერ წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესასრულებლად გატარებულ საკანონმდებლო, სასამართლო, ადმინისტრაციულ ან სხვა ზომების და ამ მხრივ მიღწეული პროგრესის შესახებ:
a) შესაბამისი სახელმწიფოსათვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში;
b) ძალაში შესვლის შემდეგ, ყოველ ოთხ წელიწადში მაინც და შემდგომში, როდესაც ამას კომიტეტი მოითხოვს.
2. ანგარიშებში შეიძლება მითითებულ იქნეს ის ფაქტორები და სირთულეები, რომლებიც გავლენას ახდენს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხზე.
მუხლი 19🔗
1. კომიტეტი ამტკიცებს საკუთარ პროცედურის წესებს.
2. კომიტეტი ირჩევს თავის თანამდებობის პირებს ორი წლის ვადით.
მუხლი 20🔗
1. წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი ანგარიშების განსახილველად კომიტეტი როგორც წესი, ყოველწლიურად იკრიბება არაუმეტეს ორი კვირით.
2. კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, ტარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო ოფისში ან ნებისმიერ სხვა შესაბამის ადგილას, რომელსაც კომიტეტი გადაწყვეტს.
მუხლი 21🔗
1. კომიტეტი ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მეშვეობით ყოველწლიურად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას წარუდგენს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ და მონაწილე სახელმწიფოებისაგან მიღებული ანგარიშების და ინფორმაციის განხილვის საფუძველზე შეუძლია წარმოადგინოს წინადადებები და ზოგადი რეკომენდაციები. ასეთი წინადადებები და ზოგადი რეკომენდაციები, მონაწილე სახელმწიფოების შენიშვნებთან ერთად, თუკი ასეთი არსებობს, აისახება კომიტეტის ანგარიშში
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი კომიტეტის მოხსენებებს ინფორმაციისათვის უგზავნის ქალთა სტატუსის კომისიას.
მუხლი 22🔗
სპეციალიზებულ დაწესებულებებს უფლება აქვთ წარმოდგენილი იყვნენ წინამდებარე კონვენციის იმ დებულებათა განხორციელების განხილვაზე, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროში შედის. კომიტეტს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს შესთავაზოს წარმოადგინონ მოხსენებები კონვენციის იმ სფეროებში შესრულების შესახებ, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროს განეკუთვნებიან.
ნაწილი VI
მუხლი 23🔗
წინამდებარე კონვენციაში არაფერი არ ახდენს გავლენას იმ ნებისმიერ დებულებებზე, რომლებიც უფრო მეტად უწყობენ ხელს მამაკაცისა და ქალის თანასწორობის მიღწევას და რომლებსაც შეიძლება შეიცავდეს:
a) მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობა; ან
b) ამ სახელმწიფოსათვის ძალაში მყოფი სხვა რომელიმე საერთაშორისო კონვენცია, ხელშეკრულება ან შეთანხმება.
მუხლი 24🔗
მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას ეროვნულ დონეზე მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა წინამდებარე კონვენციით აღიარებული უფლებების სრული რეალიზაციის მისაღწევად.
მუხლი 25🔗
1. წინამდებარე კონვენცია ხელმოსაწერად ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ინიშნება წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარად.
3. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
4. წინამდებარე კონვენცია ღიაა შეერთებისათვის ყველა სახელმწიფოსათვის. შეერთება ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შეერთების შესახებ დოკუმენტის გადაცემის გზით.
მუხლი 26🔗
1. წინამდებარე კონვენციის გადასინჯვის შესახებ წინადადება შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერ დროს ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სახელზე წერილობითი შეტყობინების გზით.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა, თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს, იღებს გადაწყვეტილებას ასეთი წინადადების მიმართ გასატარებელი ზომების შესახებ.
მუხლი 27🔗
1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის მეოცე სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.
2. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელიც წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას მოახდენს ან შეუერთდება მას მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.
მუხლი 28🔗
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი იღებს და ყველა სახელმწიფოს უგზავნის რატიფიკაციის ან შეერთების დროს სახელმწიფოების მიერ გააკეთებული დათქმების ტექსტს.
2. დაუშვებელია დათქმა, რომელიც წინამდებარე კონვენციის მიზნებს და ამოცანებს ეწინააღმდეგება.
3. დათქმებზე შეიძლება უარი ითქვას ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სახელზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით, რომელიც შემდეგ ამის შესახებ აცნობებს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. ასეთი შეტყობინება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.
მუხლი 29🔗
1. ორ ან მეტ მონაწილე სახელმწიფოს შორის წინამდებარე კონვენციის განმარტების ან გამოყენების თაობაზე ნებისმიერი დავა, რომელიც ვერ მოგვარდა მოლაპარაკების გზით, ერთ-ერთი მონაწილე სახელმწიფოს თხოვნით გადაეცემა არბიტრაჟს. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო განხილვის შესახებ განცხადების შეტანიდან ექვსი თვის განმავლობაში მხარეებმა ვერ მოახერხეს თანხმობის მიღწევა საარბიტრაჟო განხილვის ორგანიზაციის თაობაზე, ამ მხარეთაგან ნებისმიერს შეუძლია ეს დავა გადასცეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, სასამართლოს სტატუტის გათვალისწინებული განაცხადის შეტანის გზით.
2. თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის ან მასთან შეერთების დროს განაცხადოს, რომ იგი არ თვლის ამ მუხლის 1-ლ პუნქტს მისთვის სავალდებულოდ. სხვა მონაწილე სახელმწიფოებისთვისაც იმ ნებისმიერი მონაწილე სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც ასეთი დათქმა გააკეთა, აღნიშნული პუნქტი არ არის სავალდებულო.
3. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გააკეთა დათქმა, შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გზით ნებისმიერ დროს უარი თქვას თავის დათქმაზე.
მუხლი 30🔗
წინამდებარე კონვენცია, რომლის ტექსტებიც არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე თანაბრად ავთენტურია, შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
რის დასტურადაც სათანადოდ უფლებამოსილმა ქვემორე ხელმომწერებმა ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.