მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/30466-22
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/01/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

 საქმე №2/30466-22

 გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

 მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

2022 წლის  26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნონა ზარქუა

განმცხადებელი ‒ შპს „№12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო“

წარმომადგენელი ‒ შპს „რეაბილიტაცია“, თამარ მუმლაძე

მოთხოვნა ‒ შპს „№12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „№12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2022 წლის 29 სექტემბერს შპს „№12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „№12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „№12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო“ (ს/ნ 230797581) წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. კომპანია არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, არ ფუნქციონირებს და დასაქმებული არ ჰყავს. შპს „№12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ უზრუნველყოფილი კრედიტორული და საგადასახადო დავალიანება, ასევე დებიტორული მოთხოვნები არ ერიცხება. კომპანიის არაუზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ ‒ საავტომობილო გზების დეპარტამენტი. დავალიანების ოდენობა შეადგენს 52 500 ლარს.

შპს „№12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის საქმისწარმოება. კომპანიას ხელშეკრულებები და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებები არ აქვს. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ, საბანკო ანგარიშების შესახებ გაცემული 2022 წლის 28 სექტემბრის ცნობით (ID 11465226), მოვალეს არ უფიქსირდება მოქმედი და დახურული საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშები. კომპანიას ფულადი თანხა არ უფიქსირდება ასევე სალაროში.

შპს „12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო“ გადახდისუუნაროა, რადგან ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს, კომპანიას აღარ აქვს ბიზნესის მიმართ ინტერესი, რის გამოც მან მოითხოვა გაკოტრების რეჟიმის გახსნა. გაკოტრების რეჟიმის გახსნა არ ეწინააღმდეგება მისი ერთადერთი კრედიტორის ‒ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტერესებს.

შპს „№12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ წარმომადგენლის მითითებით გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.

2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შპს „№12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ უარი ეთქვა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „№12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნდა 2022 წლის 20 ოქტომბერს.

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „№12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, შემდეგ გარემოებათა გამო:

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახ დისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, კანონით დადგენილ ვადაში, კრედიტორებს შპს „№12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით არ მოუმართავთ. ამდენად, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შპს „№12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის მე-9, მე-19, 48-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, დაადგინა:

1. შპს „№12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო“ (ს/ნ 230797581) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „№12 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებიდან 5 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე:                                                     ნონა ზარქუა