ტექნიკური რეგლამენტის − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 16.01.2023
ძალაში შესვლა 01.12.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023849
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (12)
| 1991 | M |
| 1992 | N |
| 1993 | P |
| 1994 | R |
| 1995 | S |
| 1996 | T |
| 1997 | V |
| 1998 | W |
| 1999 | X |
| 2000 | Y |
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| წელი | კოდი* |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი მოწყობილობებისა და დამცავი სისტემების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ გაზომვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №15
2023 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 85 მუხლის მე-2 პუნქტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 დეკემბრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ტექნიკური რეგლამენტი − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
„ტექნიკური რეგლამენტი − სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესი“ (შემდგომში − რეგლამენტი) განსაზღვრავს ადმინისტრაციულ დებულებებსა და ტექნიკურ მოთხოვნებს სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპის დამტკიცებისათვის, ასევე ადგენს ტიპის დამტკიცების მიზნით ტექნიკური სერვისის განსაზღვრის წესსა და სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის (VIN კოდის) შინაარსსა და სტრუქტურას, მისი მინიჭებისა და განთავსების პროცედურებს.
მუხლი 2🔗. რეგულირების სფერო
1. ეს რეგლამენტი განსაზღვრავს:
ა) ტიპის დამტკიცების პროცედურებს გაეროს რეგულაციების შესაბამისად:
ა.ა) M, N და O კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის, აგრეთვე მოწყობილობებისა და ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულისათვის, რომლებიც შესაძლებელია, დაყენდეს და/ან გამოყენებულ იქნეს აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე;
ა.ბ) L კატეგორიის თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის, აგრეთვე მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულისათვის, რომლებიც შესაძლებელია, დაყენდეს და/ან გამოყენებულ იქნეს აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე;
ა.გ) T, R და S კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის, აგრეთვე მოწყობილობებისა და ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულისათვის, რომლებიც შესაძლებელია, დაყენდეს და/ან გამოყენებულ იქნეს აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე;
ბ) სატრანსპორტო საშუალებებისათვის VIN კოდის მინიჭებისა და განთავსების პროცედურებს.
2. ეს რეგლამენტი არ ვრცელდება:
ა) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც კონსტრუირებული და დამზადებულია ან ადაპტირებულია მხოლოდ შეიარაღებული ძალების სამსახურების მიერ გამოსაყენებლად;
ბ) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც არ არის განკუთვნილი საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გამოსაყენებლად;
გ) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება:
გ.ა) 25 კმ/სთ-ს − M და N კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის;
გ.ბ) 6 კმ/სთ-ს − L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის;
დ) „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ სპორტული დანიშნულების ავტომობილზე;
ე) „ტექნიკური რეგლამენტის „მოთხოვნები ინდივიდუალური წესით დამზადებული (თვითნაკეთი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №11 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ინდივიდუალური წესით დამზადებულ (თვითნაკეთ) სატრანსპორტო საშუალებაზე.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ რეგლამენტის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შეთანხმება – გაეროს 1958 წლის შეთანხმება „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია, დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ“;
ბ) გაეროს რეგულაციები − რეგულაციები, რომლებიც თან ერთვის შეთანხმებას;
გ) ხელშემკვრელი მხარე − ქვეყანა, რომელიც შეთანხმების ხელმომწერ მხარეს წარმოადგენს;
დ) უფლებამოსილი ორგანო − ტიპის დამტკიცების უფლებამოსილების მქონე ორგანო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;
ე) ტიპის დამტკიცება − პროცედურა, რომლითაც უფლებამოსილი ორგანო შესაბამისი შემოწმების საფუძველზე ადგენს, რომ სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის, ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპი შეესაბამება შეთანხმებას;
ვ) ტიპის დამტკიცების სერტიფიკატი − უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის ან ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპი დამტკიცებულია;
ზ) მწარმოებლის შესაბამისობის სერტიფიკატი − მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მის მიერ წარმოებული სატრანსპორტო საშუალება, მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი ან ცალკეული ტექნიკური ერთეული შეესაბამება დამტკიცებულ ტიპს;
თ) სისტემა − მექანიზმების ერთობლიობა, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებაში გაერთიანებულია ერთი ან მეტი კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად და რომელზეც ვრცელდება შესაბამისი გაეროს რეგულაციებით დადგენილი მოთხოვნები, მაგალითად: გათბობის სისტემა (გაეროს რეგულაცია №122 წესები „ერთგვაროვანი მითითებები M, N და O კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალური დამტკიცების შესახებ, მათ გათბობის სისტემებთან დაკავშირებით“);
ი) სისტემის ტიპის დამტკიცება − პროცედურა, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილი ორგანო ადასტურებს მოცემული სისტემის ტიპის თავსებადობას გაეროს რეგულაციით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ დებულებებსა და ტექნიკურ მოთხოვნებთან;
კ) ცალკეული ტექნიკური ერთეული − მექანიზმი, რომელიც წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების ნაწილს და რომელზეც ვრცელდება გაეროს შესაბამისი რეგულაციებითა და ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები, მაგალითად: სპიდომეტრი (გაეროს რეგულაცია №39 „ერთგვაროვანი მითითებები სატრანსპორტო საშუალებების ოფიციალური დამტკიცების შესახებ სპიდომეტრთან დაკავშირებით, მისი მონტაჟის ჩათვლით“);
ლ) ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპის დამტკიცება − პროცედურა, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილი ორგანო ადასტურებს ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპის თავსებადობას გაეროს რეგულაციით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ დებულებებსა და ტექნიკურ მოთხოვნებთან;
მ) კომპონენტი − სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ასაწყობად ან როგორც შემცვლელი (სათადარიგო) ნაწილი ექსპლუატაციაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომელზეც ვრცელდება შესაბამისი გაეროს რეგულაციებით დადგენილი მოთხოვნები; მაგალითად: საქარე მინა (გაეროს რეგულაცია №43 „უსაფრთხო მინებისა და მინა მასალების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთგვაროვანი მითითებები“);
ნ) კომპონენტის ტიპის დამტკიცება − პროცედურა, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილი ორგანო ადასტურებს ცალკეული კომპონენტების ტიპის თავსებადობას გაეროს რეგულაციით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ დებულებებსა და ტექნიკურ მოთხოვნებთან;
ო) მოწყობილობა − ნივთი, გარდა ნაწილისა, რომელიც შესაძლებელია, დაემატოს ან/და დაყენდეს სატრანსპორტო საშუალებაზე, მაგალითად: სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა (გაეროს №89 წესები „ერთგვაროვანი მითითებები ოფიციალური დამტკიცების შესახებ“. I. სატრანსპორტო საშუალებების მათი მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვასთან ან სიჩქარის შეზღუდვის რეგულირებად ფუნქციასთან დაკავშირებით; II. სატრანსპორტო საშუალებების დამტკიცებული ტიპის სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის (SLD) ან სიჩქარის შემზღუდველი რეგულირებადი მოწყობილობის (ASLD) მონტაჟთან დაკავშირებით; III. სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის (SLD) და სიჩქარის შემზღუდველი რეგულირებადი მოწყობილობის (ASLD));
პ) მოწყობილობის ტიპის დამტკიცება − პროცედურა, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილი ორგანო ადასტურებს ცალკეული მოწყობილობის ტიპის თავსებადობას გაეროს რეგულაციით გათვალისწინებულ შესაბამის ადმინისტრაციულ დებულებებსა და ტექნიკურ მოთხოვნებთან;
ჟ) ნაწილი − ნივთი, რომელიც გამიზნულია სატრანსპორტო საშუალების აწყობის, შეკეთების ან გამართულად ექსპლუატაციის მიზნით;
რ) საინფორმაციო დოკუმენტი − ამ რეგლამენტის მე-8 მუხლის შესაბამისად, მწარმოებლის მიერ წარსადგენი ინფორმაციის ერთობლიობა. აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია, განხორციელდეს ელექტრონული ფორმითაც;
ს) ინფორმაციის საქაღალდე − საინფორმაციო დოკუმენტების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს შესაბამის მონაცემებს, ფოტოსურათებს, ნახაზებს და მწარმოებლის მიერ წარმოდგენილ სხვა საინფორმაციო მასალას;
ტ) საინფორმაციო პაკეტი − ინფორმაციის საქაღალდე, თანდართული ჩატარებული გამოცდების ანგარიშით და/ან ტექნიკური სერვისის ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას დამატებული სხვა საინფორმაციო დოკუმენტებით. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმითაც;
უ) თვლიანი სატრანსპორტო საშუალება − ნებისმიერი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება და/ან მისი მისაბმელი (ნახევარმისაბმელი);
ფ) ძრავიანი სატრანსპორტო საშულება − ნებისმიერი სახის თვითმავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც წარმოდგენილია სრული, დაუსრულებელი ან დასრულებული კომპლექტაციით;
ქ) სრულად დაკომპლექტებული სატრანსპორტო საშუალება − სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ საჭიროებს დამატებით დაკომპლექტებას, გაეროს რეგულაციების შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
ღ) არასრულად დაკომპლექტებული სატრანსპორტო საშუალება − ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელმაც უნდა გაიაროს დასრულების მინიმუმ ერთი შემდგომი ეტაპი, რათა დააკმაყოფილოს გაეროს რეგულაციების შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნები;
ყ) დასრულებულად დაკომპლექტებული სატრანსპორტო საშუალება − მრავალეტაპიანი ტიპის დამტკიცების შედეგად მიღებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს გაეროს რეგულაციების შესაბამის ტექნიკურ მოთხოვნებს;
შ) მწარმოებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს სატრანსპორტო საშუალებას, მოწყობილობას, ნაწილს, სისტემას, კომპონენტს ან ცალკეულ ტექნიკურ ერთეულს, მისი მიმოქცევაში გაშვებისათვის, რეალიზაციის ან საკუთარი სარგებლობის მიზნით და პასუხისმგებელია უფლებამოსილი ორგანოსა და ტექნიკური სერვისის წინაშე წარმოებული პროდუქტის ტიპის დამტკიცების სრულ პროცესზე;
ჩ) ტექნიკური სერვისი − იურიდიული პირი ან ორგანო, რომელიც განსაზღვრულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, როგორც სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულის საგამოცდო ლაბორატორია მათი ტიპის დასამტკიცებლად ან/და როგორც შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, მწარმოებლის საწყისი შეფასებების, ასევე ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი გამოცდების ან ინსპექტირებების ჩასატარებლად;
ც) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი) (Vehicle Identification Number) − მწარმოებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებისათვის მინიჭებული სიმბოლოების სტრუქტურირებული კომბინაცია საიდენტიფიკაციო მიზნებისათვის;
ძ) მწარმოებლის მსოფლიო საიდენტიფიკაციო კოდი (WMI კოდი) (World Manufacturer Identifier) − სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის პირველი ნაწილი, საერთაშორისო სამნიშნა კოდი, რომელიც ენიჭება სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელს, მისი იდენტიფიკაციის მიზნით;
წ) სატრანსპორტო საშუალების კოდი (VDS კოდი) (Vehicle Description Section) − სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის მეორე ნაწილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალების ძირითადი მახასიათებლების შესახებ;
ჭ) სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის კოდი (VIS კოდი) (Vehicle Indicator Section) − სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის მესამე ნაწილი, რომელიც გამოიყენება მწარმოებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისა და ინდივიდუალურ განსაზღვრულ ობიექტებად აღრიცხვის მიზნით;
ხ) ISO (International Standard Organization) − სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაცია;
ჯ) მწარმოებლის ფირფიტა − სპეციალურად დამზადებული ინფორმაციის შემცველი ფირფიტა ან სტიკერი, რომელიც მიმაგრებულია მწარმოებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე და შეიცავს მისი იდენტიფიკაციისთვის საჭირო ძირითად ტექნიკურ მონაცემებს;
ჰ) გამყოფი − სიმბოლო, ნიშანი ან ფიზიკური შემზღუდველი, რომელიც გამოიყენება VIN კოდის ნაწილების გასაყოფად და/ან მისი დასაწყისისა და დასასრულის აღსანიშნავად;
ჰ1) სრული მასა − ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი (ქარხანა-დამამზადებელი) სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან და ძირითადი მახასიათებლებიდან გამომდინარე.
2. ამ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონებში.
მუხლი 4🔗. სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები
ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) კატეგორია M − ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გააჩნია არანაკლებ ოთხი თვალი და განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად და მათი ბარგის გადასატანად, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა.ა) კატეგორია M1 − არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა);
ა.ბ) კატეგორია M2 − 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და არაუმეტეს 5 ტონა სრული მასით;
ა.გ) კატეგორია M3 − 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით (მძღოლის ადგილის გარდა) და 5 ტონაზე მეტი სრული მასით;
ბ) კატეგორია N − ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გააჩნია არანაკლებ ოთხი თვლისა და განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ბ.ა) კატეგორია N1 − არაუმეტეს 3.5 ტონისა სრული მასით;
ბ.ბ) კატეგორია N2 − 3.5 ტონაზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 12 ტონისა სრული მასით;
ბ.გ) კატეგორია N3 − 12 ტონაზე მეტი სრული მასით;
გ) კატეგორია O − მისაბმელი (მოიცავს ნახევარმისაბმელს), იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
გ.ა) კატეგორია O1 − არაუმეტეს 0.75 ტონისა სრული მასით;
გ.ბ) კატეგორია O2 − 0.75 ტონაზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3.5 ტონისა სრული მასით;
გ.გ) კატეგორია O3 − 3.5 ტონაზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 ტონისა სრული მასით;
გ.დ) კატეგორია O4 − 10 ტონაზე მეტი სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასით;
დ) კატეგორია L − ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
დ.ა) კატეგორია L1 − ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 50 კმ/სთ-ს შიგაწვის ძრავის შემთხვევაში, ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს ან ელექტროძრავის შემთხვევაში, ნომინალური მაქსიმალური სიმძლავრე ხანგრძლივი დატვირთვის რეჟიმში არ აღემატება 4 კვტ-ს;
დ.ბ) კატეგორია L2 − სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, თვლების ნებისმიერი განლაგებით, რომლის მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 50 კმ/სთ-ს და გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:
დ.ბ.ა) ნაპერწკლოვანი (იძულებითი) ანთებით შიგაწვის ძრავის შემთხვევაში, ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს;
დ.ბ.ბ) სხვა ტიპის შიგაწვის ძრავის შემთხვევაში, მაქსიმალური ეფექტური სიმძლავრე არ აღემატება 4 კვტ-ს;
დ.ბ.გ) ელექტროძრავის შემთხვევაში, ნომინალური მაქსიმალური სიმძლავრე ხანგრძლივი დატვირთვის რეჟიმში არ აღემატება 4 კვტ-ს;
დ.გ) კატეგორია L3 − ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა, შიგაწვის ძრავის შემთხვევაში, აღემატება 50 სმ3-ს და/ან მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე (ნებისმიერი ძრავით) აღემატება 50 კმ/სთ-ს (მოტოციკლი, მოტოროლერი, ტრიციკლი);
დ.დ) კატეგორია L4 − სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, გრძივი საშუალო სიბრტყის მიმართ თვლების ასიმეტრიული განლაგებით, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა, შიგაწვის ძრავის შემთხვევაში, აღემატება 50 სმ3-ს და/ან მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე (ნებისმიერი ძრავით) აღემატება 50 კმ/სთ-ს (მოტოციკლი ეტლით, მოტოროლერი, ტრიციკლი);
დ.ე) კატეგორია L5 − სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, გრძივი საშუალო სიბრტყის მიმართ თვლების სიმეტრიული განლაგებით, რომლის ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა, შიგაწვის ძრავის შემთხვევაში, აღემატება 50 სმ3-ს და/ან მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე (ნებისმიერი ძრავით) აღემატება 50 კმ/სთ-ს (მოტოციკლი, მოტოროლერი, ტრიციკლი);
დ.ვ) კატეგორია L6 − ოთხთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის დაუტვირთავი მასა (ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, აღნიშნული მასა არ მოიცავს აკუმულატორის მასას) არ აღემატება 350 კგ-ს, ხოლო მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და გააჩნია შემდეგი მახასიათებლები:
დ.ვ.ა) ნაპერწკლოვანი (იძულებითი) ანთებით შიგაწვის ძრავის შემთხვევაში, ძრავის ცილინდრის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს;
დ.ვ.ბ) სხვა ტიპის შიგაწვის ძრავის შემთხვევაში, მაქსიმალური ეფექტური სიმძლავრე არ აღემატება 4 კვტ-ს;
დ.ვ.გ) ელექტროძრავის ქონის შემთხვევაში, ნომინალური მაქსიმალური სიმძლავრე ხანგრძლივი დატვირთვის რეჟიმში არ აღემატება 4 კვტ-ს;
დ.ზ) კატეგორია L7 − ოთხთვლიანი სატრანსპორტო საშუალება (გარდა L6 კატეგორიით კლასიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებებისა), რომლის დაუტვირთავი მასა (ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, აღნიშნული მასა არ მოიცავს აკუმულატორის მასას) არ აღემატება 400 კგ-ს (550 კგ-ს ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისთვის) და ხანგძლივი დატვირთვის რეჟიმში ნომინალური მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს (კვადროციკლი);
ე) კატეგორია T − ნებისმიერი თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად, აღჭურვილია, სულ მცირე, ორი ღერძით, გააჩნია არანაკლებ 6 კმ/სთ მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე, რომლის მთავარი ფუნქციაა წევის ძალის შექმნა და რომელიც კონსტრუირებულია სპეციალურად გაწევის, მიწოლის, გადატანის ან სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი რიგი ურთიერთშენაცვლებადი მექანიზმების მოქმედებაში მოყვანისათვის, ან სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო დანიშნულების მისაბმელების ან მექანიზმების ბუქსირებისთვის; ის შეიძლება ადაპტირდეს ტვირთის გადასაზიდად სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო სამუშაოების კონტექსტში და/ან შეიძლება, იყოს აღჭურვილი ერთი ან მეტი სამგზავრო სავარძლით;
ვ) კატეგორია R − სასოფლო-სამეურნეო მისაბმელი: ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გათვალისწინებულია ძირითადად ტრაქტორით ბუქსირებისთვის და განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად ან მასალების გადამუშავებისათვის და რომლის სრული მასის თანაფარდობა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავ მასასთან ტოლია ან მეტია 3.0-ის;
ზ) კატეგორია S − ურთიერთცვლადი ბუქსირებადი მოწყობილობა/ აღჭურვილობა: ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო მეურნეობაში და გათვალისწინებულია ტრაქტორით ბუქსირებისთვის, ცვლის ან ავსებს მის ფუნქციებს, აღჭურვილია სტაციონარული მოწყობილობით ან შექმნილია მასალების გადამუშავებისათვის, ის შეიძლება, შეიცავდეს სატვირთო პლატფორმას, შექმნილს და კონსტრუირებულს ამ მიზნებისათვის საჭირო ნებისმიერი ხელსაწყოს და მოწყობილობის მასზე განსათავსებლად, ასევე მუშაობის დროს წარმოებული ან საჭირო მასალების დროებით შესანახად და მისი სრული მასის თანაფარდობა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დაუტვირთავ მასასთან ნაკლებია 3.0-ზე.
მუხლი 5🔗. ტექნიკური მოთხოვნები
ტიპის დასამტკიცებლად, სატრანსპორტო საშუალებები, მოწყობილობები, ნაწილები, სისტემები, კომპონენტები და ცალკეული ტექნიკური ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი გაეროს რეგულაციებით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს.
მუხლი 6🔗. უფლებამოსილი ორგანოს უფლება-მოვალეობა
1. უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპის დამტკიცებას მათი გაეროს რეგულაციებთან შესაბამისობის შემთხვევაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილმა ორგანომ დაადგინა, რომ გარკვეული სატრანსპორტო საშუალება, მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი ან ცალკეული ტექნიკური ერთეული, რომელსაც გაეროს რეგულაციების მიხედვით, გააჩნია შეთანხმების ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ დატანილი ტიპის ოფიციალური დამტკიცების ნიშანი, არ შეესაბამება დამტკიცებულ ტიპს ან გაეროს რეგულაციის შესაბამის მოთხოვნებს, ის ვალდებულია, შემდგომი რეაგირებისთვის მიმართოს შეთანხმების ხელშემკვრელი მხარის იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც განახორციელა ხსენებული ტიპის დამტკიცება.
მუხლი 7🔗. ტიპის დამტკიცების პროცედურები
1. მწარმოებელმა უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარუდგინოს განაცხადი ტიპის დამტკიცების შესახებ და ამ რეგლამენტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის საქაღალდე. უფლებამოსილი ორგანო აღნიშნულ განაცხადს და ინფორმაციის საქაღალდეს უგზავნის მწარმოებლის მიერ შერჩეულ ტექნიკურ სერვისს.
2. ერთი კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის ან ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპის დასამტკიცებლად, მწარმოებლის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ერთი განაცხადი. თითოეული ახალი ტიპის დასამტკიცებლად აუცილებელია ცალკე განაცხადის წარდგენა.
3. ტიპის დამტკიცების მიზნით გამოცდებს ატარებს ან მათ ზედამხედველობას უწევს ტექნიკური სერვისი. გამოცდებთან დაკავშირებული პროცედურების, მოწყობილობებისა და ხელსაწყოების შერჩევა და გამოყენება ხორციელდება გაეროს რეგულაციების შესაბამისად.
4. ტექნიკური სერვისი უფლებამოსილია, დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, მწარმოებლისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მას დაეხმარება, განსაზღვროს ტიპის დამტკიცებისათვის საჭირო შესაბამისი გამოცდები ან გაამარტივოს ისინი.
5. გამოცდების ჩასატარებლად, მწარმოებელმა ტექნიკური სერვისისთვის უნდა უზრუნველყოს იმ რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტების ან ცალკეული ტექნიკური ერთეულის მიწოდება, რამდენიც საჭიროა გამოცდების ჩასატარებლად, გაეროს იმ რეგულაციების შესაბამისად, რომელთა საფუძველზეც მოთხოვნილია ტიპის დამტკიცება.
6. გაეროს რეგულაციების მოთხოვნებთან თავსებადობის დადგენა ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, მოწყობილობაზე, ნაწილზე, კომპონენტსა და ცალკეულ ტექნიკურ ერთეულზე შესაბამისი გამოცდების ჩატარების საფუძველზე. გამოცდების ჩატარების პროცესში ტექნიკურმა სერვისმა უნდა გამოიყენოს შეთანხმებით გათვალისწინებული „ყველაზე უარესი შემთხვევის“ შერჩევის პრინციპი.
7. მწარმოებლის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ვირტუალური შემოწმების მეთოდი, როგორც ამ მუხლით გათვალისწინებული გამოცდების პროცედურების ალტერნატივა, თუ აღნიშნული გათვალისწინებულია შესაბამისი გაეროს რეგულაციით. ვირტუალური შემოწმების მეთოდი უნდა განხორციელდეს შეთანხმების მე-8 დანართით დადგენილი წესით.
8. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდის შედეგად დადგინდა, რომ მოცემული ტიპი აკმაყოფილებს გაეროს რეგულაციებით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს, ტექნიკური სერვისი ადგენს საგამოცდო ანგარიშს და უგზავნის მას უფლებამოსილ ორგანოს ტიპის დამტკიცებისთვის. ძირითადი ელემენტები, ტექნიკური მოთხოვნების ჩათვლით, რომელთა შესაბამისობა დადგინდა საგამოცდო პროცესის დროს, უნდა აისახოს საგამოცდო ანგარიშში.
9. უფლებამოსილი ორგანო განიხილავს განაცხადს, გამოცდის შედეგებს და შესაბამის თანდართულ დოკუმენტაციას. თუ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანო მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის ან ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპი შეესაბამება გაეროს რეგულაციებს, ის ახორციელებს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის ან ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპის დამტკიცებას.
10. უფლებამოსილმა ორგანომ, ტიპის დამტკიცების დოკუმენტში უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის ინფორმაციის ასახვა:
ა) ჩანაწერი − „ყველაზე უარესი შემთხვევის“ პრინციპის შერჩევის და მისი დასაბუთების შესახებ. ჩანაწერი შეიძლება, შეიცავდეს მწარმოებლის მიერ წარმოდგენილ დამატებით ინფორმაციას;
ბ) ჩანაწერი, რომელიც ეხება ნებისმიერ მნიშვნელოვან ტექნიკურ განმარტებას, გამოყენებულ გამოცდების ალტერნატიულ მეთოდებს ან დანერგილ ახალ ტექნოლოგიებს;
გ) ტექნიკური სერვისის მიერ შედგენილი საგამოცდო ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია გაეროს რეგულაციებით დადგენილი გამოცდების შედეგად მიღებული მაჩვენებლები;
დ) მწარმოებლის საინფორმაციო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასამტკიცებლად წარმოდგენილი ტიპის მახასიათებლებს;
ე) მწარმოებლის საწყის შეფასებასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოების შესაბამისობის მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ, ასევე ინფორმაცია საწყის შეფასებასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების თარიღებთან დაკავშირებით;
ვ) ტიპის დამტკიცების სერტიფიკატი.
11. თითოეული სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, კომპონენტისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულისათვის შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ ერთი ტიპის დამტკიცება.
მუხლი 8🔗. ინფორმაციის საქაღალდე
1. ინფორმაციის საქაღალდე უნდა შეიცავდეს:
ა) საინფორმაციო დოკუმენტს, გაეროს რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ტიპის დამტკიცების პროცედურის დაწყების საფუძველს;
ბ) დასამტკიცებელი ტიპის მახასიათებლების დეტალურ აღწერას, ნახაზებს, დიაგრამებს, სქემებს, ფოტოსურათებსა და სხვა შესაბამის ინფორმაციას;
გ) ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას, რომელიც მოთხოვნილია უფლებამოსილი ორგანოს ან ტექნიკური სერვისის მიერ ტიპის დამტკიცების პროცედურის შესაბამისად.
2. მწარმოებელმა ინფორმაციის საქაღალდე უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარუდგინოს ელექტრონული ან მატერიალური სახით.
3. უფლებამოსილი ორგანო და ტექნიკური სერვისი ვალდებულნი არიან, დაიცვან ინფორმაციის საქაღალდეში დაფიქსირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
მუხლი 9🔗. ტიპის დამტკიცების სერტიფიკატი
1. ტიპის დამტკიცების სერტიფიკატი შეიცავს საინფორმაციო პაკეტს, რომელიც შედგება ინფორმაციის საქაღალდისგან, მასთან თანდართული გამოცდის ოქმებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტებისგან, რომლებიც დაემატა ინფორმაციის საქაღალდეს უფლებამოსილი ორგანოს და/ან ტექნიკური სერვისის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში.
2. თითოეულ სატრანსპორტო საშუალებასთან, მოწყობილობასთან, ნაწილთან, სისტემასთან, კომპონენტსა და ცალკეულ ტექნიკურ ერთეულთან დაკავშირებით, უფლებამოსილმა ორგანომ:
ა) უნდა შეავსოს შესაბამისი გაეროს რეგულაციის მიერ დადგენილი ტიპის დამტკიცების სერტიფიკატის ყველა ველი;
ბ) მწარმოებელს გადასცეს შევსებული ტიპის დამტკიცების სერტიფიკატი, შესაბამისი დანართების ჩათვლით.
მუხლი 10🔗. ცვლილებები ტიპის დამტკიცებაში
1. მწარმოებელი, რომელიც ფლობს ტიპის დამტკიცების სერტიფიკატს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს ინფორმაციის საქაღალდეში დაფიქსირებული სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპის მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
2. ტიპის დამტკიცების დოკუმენტაციაში ცვლილებების განსახორციელებლად, უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ტიპის დამტკიცების ცვლილების ორი პროცედურიდან ირჩევს ერთ-ერთს. აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილმა ორგანომ მწარმოებელთან კონსულტაციის საფუძველზე შესაძლოა, განახორციელოს ახალი ტიპის დამტკიცება.
3. განაცხადის წარდგენა ტიპის დამტკიცებაში ცვლილების შეტანის შესახებ შესაძლებელია მხოლოდ იმ ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოში, რომელმაც თავდაპირველად განახორციელა ტიპის დამტკიცება.
4. თუ უფლებამოსილმა ორგანომ ტიპის დამტკიცებაში ცვლილების განსახორციელებლად საჭიროდ მიიჩნია გამოცდების ჩატარება, მან ამის თაობაზე უნდა აცნობოს მწარმოებელს.
5. იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცებული ტიპის საინფორმაციო დოკუმენტებსა და გამოცდის ანგარიშებში დაფიქსირებული მონაცემები შეიცვალა და უფლებამოსილი ორგანო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები არ მოახდენს არასასურველ ზეგავლენას გარემოზე და/ან სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის ან ცალკეული ტექნიკური ერთეულის ფუნქციონალურ უსაფრთხოებაზე და ნებისმიერ შემთხვევაში აღნიშნული ტიპი კვლავ აკმაყოფილებს გაეროს რეგულაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ტიპის დამტკიცებაში ცვლილება უნდა დაფიქსირდეს სტატუსით − „გადახედვა“. ასეთ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანო გამოსცემს განახლებულ საინფორმაციო დოკუმენტებს და საგამოცდო ანგარიშებს, რომელთა თითოეულ განახლებულ გვერდზე მიეთითება განხორციელებული ცვლილება და გადახედვის თარიღი.
6. გაეროს ტიპის დამტკიცების ცვლილების სტატუსი − „გაფართოება“ აღინიშნება იმ შემთხვევაში, თუ საინფორმაციო დოკუმენტებში დაფიქსირებული მონაცემების ცვლილების გარდა:
ა) საჭიროა დამატებითი გამოცდა;
ბ) ტიპის დამტკიცება საჭიროა გაეროს რეგულაციებში შემდგომი სერიის ცვლილებების ძალაში შესვლიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში ტიპის დამტკიცება განხორციელდება გაეროს რეგულაციებში ცვლილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
7. უფლებამოსილი ორგანო ტიპის დამტკიცების ცვლილებაზე თანხმობასთან ან უართან დაკავშირებით ინფორმაციას აცნობებს ხელშემკვრელი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს, შეთანხმებით დადგენილი წესით.
8. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს ტიპის დამტკიცების გაფართოებას, მან უნდა განაახლოს დამტკიცების ნომერი შეთანხმების მე-4 დანართისა და ამ რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 11🔗. ტიპის დამტკიცების ნუმერაციის სისტემა
1. უფლებამოსილი ორგანო ანიჭებს ტიპის დამტკიცების ნომერს ამ მუხლის დებულებების შესაბამისად:
ა) თითოეული ახალი ტიპის დამტკიცების შემთხვევაში;
ბ) ტიპის დამტკიცების ცვლილების შემთხვევაში, რაც იწვევს ტიპის დამტკიცების გაფართოებას.
2. ტიპის დამტკიცების ნომერი ენიჭება თითოეულ დამტკიცებულ ტიპს ამ რეგლამენტის დანართი №3-ით გათვალისწინებული ფორმით. ნომერი შედგება ოთხი ნაწილისგან და გულისხმობს შემდეგს:
ა) ნაწილი 1 − ლათინური დიდი ასო „E“, რომელსაც მოსდევს საქართველოს ტიპის დამტკიცების საიდენტიფიკაციო ნომერი − „60“;
ბ) ნაწილი 2 − გაეროს შესაბამისი რეგულაციის ნომერი, რომელსაც მოსდევს ლათინური ასო − „R“, ხოლო შემდეგ თანმიმდევრობით მოჰყვება ნიშნები და ციფრები შეთანხმების დანართი №4-ის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით;
გ) ნაწილი 3 − ოთხნიშნა თანმიმდევრული ნომერი. თანმიმდევრობა იწყება 0001-დან;
დ) ნაწილი 4 − ორნიშნა თანმიმდევრული ნომერი ტიპის დამტკიცების გაფართოების აღსანიშნავად. თანმიმდევრობა იწყება 00-დან.
3. დაუშვებელია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ ორი სხვადასხვა ტიპის დამტკიცების დოკუმენტზე გამოყენებულ იქნეს იდენტური ნუმერაცია.
4. მწარმოებელი ვალდებულია თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე, მოწყობილობაზე, ნაწილზე, სისტემაზე, კომპონენტზე ან ცალკეულ ტექნიკურ ერთეულზე, რომლის ტიპი დამტკიცებულია, მიუთითოს ტიპის დამტკიცების ნომერი, გაეროს რეგულაციებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 12🔗. ტიპის დამტკიცებასთან დაკავშირებული ინტერპრეტირების საკითხების გადაწყვეტის პროცედურები
გაეროს რეგულაციების გამოყენებასა და ტიპის დამტკიცებასთან დაკავშირებული ინტერპრეტირების საკითხებთან დაკავშირებით გამოიყენება შეთანხმების მე-6 დანართი.
მუხლი 13🔗. განაცხადი ტექნიკურ სერვისად განსაზღვრის თაობაზე
1. ტექნიკურ სერვისად განსაზღვრის მიზნით, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შესაბამისი განაცხადით. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) ზოგად ინფორმაციას ტექნიკური სერვისის შესახებ, მათ შორის, მის დასახელებას, მისამართს (რომელიც გულისხმობს სათაო ოფისსა და ყველა იმ ლაბორატორიას, სადაც ჩატარდება შესაბამისი გამოცდები), ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებზე წვდომას, საქმიანობის მიმართულებებს;
ბ) გამოცდების და/ან ინსპექტირებების ჩატარებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირების დეტალურ აღწერას, რომელიც მოიცავს მათ ბიოგრაფიულ მონაცემებს, რეზიუმეებს, პროფესიული მომზადების დონესა და კვალიფიკაციის დამადასტურებელ საბუთებს;
გ) კომპიუტერულ გარემოში და ავტომატიზებული პროექტირების სისტემებთან მუშაობის შესაძლებლობის მტკიცებულებას (ეს ქვეპუნქტი ვრცელდება იმ ტექნიკურ სერვისზე, რომელიც იყენებს გაეროს რეგულაციების შესაბამისად ვირტუალური გამოცდის მეთოდებს);
დ) დასტურს ტექნიკურ სერვისად განსაზღვრასთან დაკავშირებული და შესაბამისი გაეროს რეგულაციებით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით;
ე) მწარმოებლის შესაბამისობის შეფასების მომსახურების აღწერას, რომლებსაც ტექნიკური სერვისი ახორციელებს გაეროს რეგულაციების ფარგლებში და იმ რეგულაციების ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზეც ის განახორციელებს საკუთარ საქმიანობას;
ვ) ტექნიკური სერვისის ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოს ან შესაბამისი ოპერაციული წესების ასლებს.
2. უფლებამოსილი ორგანო ამოწმებს ტექნიკური სერვისის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან შესაბამისობასა და მის ნამდვილობას.
3. ტექნიკურმა სერვისმა უფლებამოსილ ორგანოს უნდა აცნობოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიწოდებულ მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
მუხლი 14🔗. ტექნიკური სერვისის განსაზღვრის წესი
1. უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, ტექნიკურ სერვისს მიანიჭოს გამოცდების ჩატარების უფლებამოსილება ან/და განსაზღვროს შესაბამისობის შემფასებელ ორგანოდ, მწარმოებლის საწყისი შეფასებისა და ამ მიზნით სხვა შემოწმების განსახორციელებლად.
2. ტექნიკური სერვისები დამოუკიდებლად ატარებენ გაეროს შესაბამისი რეგულაციებით გათვალისწინებულ გამოცდებსა და ინსპექტირებას ან ზედამხედველობას უწევენ მათ ჩატარებას. ტექნიკურ სერვისებს არ შეუძლიათ იმ გამოცდის ან ინსპექტირების ჩატარება, რომლის განხორციელების უფლებამოსილება მათ არ აქვთ მინიჭებული.
3. ტექნიკური სერვისების საქმიანობის ეფექტიანობამ და ჩატარებული გამოცდებისა და ინსპექტირებების ხარისხმა უნდა უზრუნველყოს დასამტკიცებელი სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის და/ან ცალკეული ტექნიკური ერთეულის ტიპის შესაბამისობის დადგენა გაეროს რეგულაციების მოთხოვნებთან.
4. კომპეტენციის სფეროს გათვალისწინებით, ტექნიკური სერვისები განისაზღვრება შემდეგი ოთხი კატეგორიიდან, ერთი ან რამდენიმე კატეგორიის საქმიანობის განსახორციელებლად:
ა) A კატეგორია − ტექნიკური სერვისები, რომლებიც გაეროს რეგულაციებით გათვალისწინებულ გამოცდებს ატარებენ საკუთარ მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე;
ბ) B კატეგორია − ტექნიკური სერვისები, რომლებიც გაეროს რეგულაციებით გათვალისწინებული გამოცდების ჩატარებას ზედამხედველობას უწევენ მწარმოებლის ან მესამე მხარის მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე;
გ) C კატეგორია − ტექნიკური სერვისები, რომლებიც რეგულარულად აფასებენ მწარმოებლის მიერ გამოყენებულ წარმოების შესაბამისობის პროცედურებს;
დ) D კატეგორია − ტექნიკური სერვისები, რომლებიც წარმოების შესაბამისობის უზრუნველყოფის ფარგლებში ზედამხედველობენ ან ატარებენ გამოცდებს ან ინსპექტირებებს.
5. ტექნიკურ სერვისს უნდა გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია, სპეციალიზებული ტექნიკური ცოდნა და სამუშაო გამოცდილება იმ გაეროს რეგულაციებით გათვალისწინებულ კონკრეტულ სფეროებში, რისთვისაც ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ იქნა განსაზღვრული. ასევე, ტექნიკური სერვისი, კომპეტენციის სფეროს გათვალისწინებით, უნდა შეესაბამებოდეს ამ რეგლამენტის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სტანდარტებს. ტექნიკური სერვისი თავისუფალი უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების მხრიდან ნებისმიერი სახის გავლენისგან, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს გამოცდების ან ინსპექტირებების ჩატარების მიუკერძოებლობასა და ხარისხზე. ტექნიკურ სერვისს გაეროს რეგულაციებით გათვალისწინებული გამოცდების ან ინსპექტირებების ჩასატარებლად უნდა ჰქონდეს წვდომა საგამოცდო ობიექტებსა და შესაბამის საზომ მოწყობილობებზე.
6. შესაძლებელია A კატეგორიის საქმიანობებისთვის მწარმოებელი განისაზღვროს ტექნიკურ სერვისად მხოლოდ იმ გაეროს რეგულაციების ფარგლებში, რომლებიც ითვალისწინებენ ასეთი განსაზღვრის პროცედურის შესაძლებლობას.
მუხლი 15🔗. ტექნიკური სერვის(ებ)ისათვის გათვალისწინებული სტანდარტები
1. ტექნიკური სერვისი, კომპეტენციის სფეროს გათვალისწინებით, უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სტანდარტებს:
ა) კატეგორია A (გამოცდების ჩატარება მწარმოებლის მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე) − ISO 17025:2017 სტანდარტი „საგამოცდო და დაკალიბრების ლაბორატორიების კომპეტენციის ზოგადი მოთხოვნების შესახებ“. ტექნიკურ სერვისს, რომელიც განსაზღვრულია A კატეგორიის საქმიანობის განსახორციელებლად, შეუძლია გაეროს რეგულაციების შესაბამისად ჩაატაროს გამოცდები ან ზედამხედველობა გაუწიოს საგამოცდო პროცესს მწარმოებლის მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე;
ბ) კატეგორია B (მწარმოებლის მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე საგამოცდო პროცესზე ზედამხედველობა) − ISO 17020:2012 სტანდარტი „ინსპექტირების განმახორციელებელი სხვადასხვა ტიპის ორგანოების ფუნქციონირების ზოგადი კრიტერიუმების შესახებ“. მწარმოებლის მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ნებისმიერი გამოცდის ჩატარებამდე ან საგამოცდო პროცესზე ზედამხედველობის გაწევამდე ტექნიკური სერვისი უნდა დარწმუნდეს, რომ საგამოცდო ობიექტი და გამზომი ხელსაწყოები აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
2. წარმოების შესაბამისობის პროცედურის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქმიანობა:
ა) კატეგორია C (საწყისი შეფასებისა და მწარმოებლის ხარისხის მართვის სისტემის ზედამხედველობის პროცედურა) − ISO 17021:2015 სტანდარტი „მართვის სისტემების აუდიტისა და სერტიფიცირების განმახორციელებელი ორგანოების მიმართ მოთხოვნების შესახებ“;
ბ) კატეგორია D (წარმოებული პროდუქციის ნიმუშების გამოცდა ან ინსპექტირება და/ან მათ გამოცდაზე ან ინსპექტირებაზე ზედამხედველობა) − ISO 17020:2012 სტანდარტი „ინსპექტირების განმახორციელებელი სხვადასხვა ტიპის ორგანოების ფუნქციონირების ზოგადი კრიტერიუმების შესახებ“.
მუხლი 16🔗. ტექნიკური სერვისის კვალიფიკაციის შეფასება
1. ტექნიკური სერვისის კვალიფიკაციის დადასტურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი შეფასების ანგარიშით, რომელსაც ადგენს უფლებამოსილი ორგანო.
2. შეფასება უნდა განხორციელდეს ამ რეგლამენტის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.
3. შეფასების ანგარიში უნდა გადაიხედოს, სულ მცირე, 3 წელიწადში ერთხელ.
4. შეფასების ანგარიში უნდა მიეწოდოს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის სამდივნოსა და ხელშემკვრელ მხარეებს, მოთხოვნის შემთხვევაში.
მუხლი 17🔗. ტექნიკური სერვისის განსაზღვრის შესახებ შეტყობინების პროცედურები
1. უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს გაეროს ეკონომიკური კომისიის ტრანსპორტის სამდივნოსთვის თითოეული უფლებამოსილი ტექნიკური სერვისის დასახელების, მისამართის, ელექტრონული ფოსტის მისამართის ჩათვლით და საქმიანობის კატეგორიის შესახებ (მათ შორის, შემდგომში ნებისმიერი ცვლილების შესახებ) ინფორმაციის მიწოდებას შეთანხმებით დადგენილი წესით. შეტყობინებაში ნათლად უნდა იყოს აღნიშნული, თუ გაეროს რომელი რეგულაცი(ებ)ის ფარგლებში განისაზღვრა ტექნიკური სერვისი.
2. ტექნიკურ სერვისს შეუძლია შესაბამისი საქმიანობის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე შესაბამისი შეტყობინება გაგზავნილია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ტრანსპორტის სამდივნოში.
მუხლი 18🔗. ტექნიკური სერვისის შეფასება
1. ტიპის დამტკიცების მიზნით გამოცდების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების ან/და მწარმოებლის წარმოების შესაბამისობის შემფასებლად განსაზღვრის მიზნით უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს ტექნიკური სერვისის შეფასებას.
2. შეფასებას უნდა ახორციელებდნენ მხოლოდ ის აუდიტორები, რომლებსაც გააჩნიათ ამ მიზნების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნა.
3. უფლებამოსილი ორგანო განსაზღვრავს შემფასებელ ჯგუფს ამ მუხლით განსაზღვრულ აუდიტორებთან ერთად. ჯგუფის საექსპერტო კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება უნდა შეესაბამებოდეს შეფასებისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, ჯგუფს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა იმ სფეროში, რომლის ფარგლებშიც ის ახორციელებს ტექნიკური სერვისის შეფასებას.
4. შემფასებელი ჯგუფის ამოცანას წარმოადგენს ტექნიკური სერვისის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის განხილვა და შეფასების ადგილზე განხორციელება.
5. შემფასებელ ჯგუფს უნდა გააჩნდეს წვდომა წინა შეფასების ჩანაწერებთან, აგრეთვე ტექნიკური სერვისის ანგარიშებსა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციასთან.
6. შემფასებელი ჯგუფი აფასებს ტექნიკურ სერვისს იმ ობიექტებში, რომლებშიც ხორციელდება ერთი ან რამდენიმე სახის ძირითადი საქმიანობა და, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს შეფასებას ტექნიკური სერვისის ფუნქციონირების სხვა ადგილებში.
7. შემფასებელმა ჯგუფმა უნდა გააანალიზოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულება, რომელსაც მოიპოვებს არსებული დოკუმენტაციისა და საანგარიშო მასალების შემოწმების, აგრეთვე ადგილზე შეფასების შედეგად. ამ ანალიზის შედეგები საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ შემფასებელმა ჯგუფმა შეაფასოს ტექნიკური სერვისის კომპეტენცია და შესაბამისობა.
8. ტექნიკური სერვისის შეფასების პროცესი უნდა განხორციელდეს შემდეგნაირად:
ა) ტექნიკური სერვისის ობიექტის დატოვებამდე შემფასებელ ჯგუფსა და ტექნიკურ სერვისს შორის უნდა შედგეს შეხვედრა, სადაც შემფასებელი ჯგუფი, წერილობითი ფორმით, წარადგენს ანალიზის შედეგად მიღებულ დასკვნებს. ტექნიკურ სერვისს აქვს შესაძლებლობა, დააზუსტოს ინფორმაცია წარდგენილი დასკვნების შესახებ, მათ შორის, დასვას კითხვები მოთხოვნებთან შეუსაბამობისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მათი დასაბუთების თაობაზე;
ბ) შეფასების შედეგების შესახებ ანგარიში წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს ტექნიკურ სერვისს. აღნიშნული შეფასების ანგარიში უნდა შეიცავდეს ჩანაწერებს კომპეტენციისა და შესაბამისობის შესახებ, ასევე შენიშვნებს შეუსაბამობის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლებიც უნდა გამოსწორდეს ტექნიკური სერვისის განსაზღვრისათვის საჭირო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
გ) ტექნიკურ სერვისს უნდა მიეცეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა შემფასებელი ჯგუფის მიერ წარდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით. ის უფლებამოსილია, წარადგინოს ინფორმაცია იმ კონკრეტული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ხორციელდება ან დაგეგმილია აღმოჩენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად.
9. უფლებამოსილი ორგანო უნდა დარწმუნდეს, რომ ტექნიკური სერვისის მიერ მიღებული ზომები საკმარისი და ეფექტიანია შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად. თუ გაირკვევა, რომ ტექნიკური სერვისის ქმედებები არასაკმარისია შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად, შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა. ამასთანავე, შეიძლება, საჭირო გახდეს კიდევ ერთი შეფასების ჩატარება, რათა შემოწმდეს შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა.
10. შეფასების ანგარიში უნდა შეიცავდეს:
ა) ტექნიკური სერვისის უნიკალურ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს;
ბ) ადგილზე შემოწმების თარიღ(ებ)ს;
გ) შეფასების განმახორციელებელი აუდიტორების ან/და ექსპერტების სახელებსა და გვარებს;
დ) თითოეული შეფასებული ობიექტის უნიკალურ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას;
ე) ინფორმაციას სავარაუდო სფეროს შესახებ, რომელიც იქნა შეფასებული;
ვ) განაცხადს შიდა ორგანიზაციული სტრუქტურისა და პროცედურების შესახებ, რომლებიც დანერგილია ტექნიკური სერვისის მიერ და ადასტურებენ მის შესაბამის კომპეტენციას;
ზ) ინფორმაციას თითოეული შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ;
თ) რეკომენდაციას ტექნიკურ სერვისად განსაზღვრის შესახებ. დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებელია, მიეთითოს ტექნიკური სერვისის უფლებამოსილების სფერო.
11. უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია, ტექნიკური სერვისის შეფასებისთვის მხარდაჭერის თხოვნით მიმართოს ხელშემკვრელი მხარის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს. ამ შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს ექსპერტების დაშვება ტექნიკური სერვისის შეფასებისთვის საჭიროებს ტექნიკური სერვისის თანხმობას.
მუხლი 19🔗. ტექნიკური სერვისის განსაზღვრის/ვადის გახანგრძლივების პროცედურა
1. უფლებამოსილმა ორგანომ, წარმოდგენილი შეფასების ანგარიშებისა და ნებისმიერი სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ტექნიკურ სერვისად განსაზღვრის ან უკვე განსაზღვრულისთვის ვადის გახანგრძლივების შესახებ.
2. თუ ტექნიკური სერვისი აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უფლებამოსილმა ორგანომ ტექნიკურ სერვისს უნდა გადასცეს შესაბამისი სერტიფიკატი, რომელშიც უნდა იყოს მითითებული:
ა) უფლებამოსილი ორგანოს დასახელება და ლოგო;
ბ) განსაზღვრული ტექნიკური სერვისის უნიკალური მაიდენტიფიცირებელი ნიშანი;
გ) ტექნიკური სერვისის განსაზღვრის თარიღი;
დ) მოკლე ინფორმაცია ტექნიკური სერვისისთვის განსაზღვრული საქმიანობის სფეროს შესახებ (მათ შორის, შესაბამისი გაეროს რეგულაციების შესახებ ინფორმაცია);
ე) ცნობა ტექნიკური სერვისის შესაბამისობის დადასტურების შესახებ.
მუხლი 20🔗. ტექნიკური სერვისის განმეორებითი შეფასება და ზედამხედველობა
1. განმეორებითი შეფასება ხორციელდება პირველადი შეფასების მსგავსად.
2. უფლებამოსილი ორგანო ადგენს განმეორებითი შეფასებისა და ზედამხედველობის გეგმას თითოეული განსაზღვრული ტექნიკური სერვისისთვის, იმისთვის, რომ რეგულარულად მოწმდებოდეს განსაზღვრულ სფეროს მიკუთვნებული ტექნიკური სერვისი.
3. თუ ზედამხედველობის ან განმეორებითი შეფასების დროს გამოვლინდება შეუსაბამობები, უფლებამოსილი ორგანო ტექნიკურ სერვისს უდგენს ვადებს ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ ამ ვადებში ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, დანიშნოს ახალი შეფასება, შეაჩეროს ან გააუქმოს ტექნიკური სერვისის ერთი ან მეტი საქმიანობის სფეროები.
4. უფლებამოსილი ორგანო, შეთანხმებით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ტექნიკური სერვისის განსაზღვრის გადაწყვეტილების შეჩერების ან გაუქმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ტრანსპორტის სამდივნოსთვის.
მუხლი 21🔗. ჩანაწერები განსაზღვრული ტექნიკური სერვისების შესახებ
1. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა აწარმოოს ტექნიკური სერვისების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვა, რათა დაადასტუროს მათ განსაზღვრასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:
ა) ტექნიკურ სერვისთან შესაბამის კორესპონდენციას;
ბ) შეფასების ჩანაწერებსა და ანგარიშებს;
გ) განსაზღვრის სერტიფიკატების ასლებს.
3. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია, დაიცვას ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა და გასცეს იგი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 22🔗. წარმოების შესაბამისობის პროცედურა
1. წარმოების შესაბამისობის პროცედურების მიზანია, უზრუნველყოს წარმოებული სატრანსპორტო საშუალების, მოწყობილობის, ნაწილის, სისტემის, კომპონენტის ან ცალკეული ტექნიკური ერთეულის შესაბამისობა დამტკიცებულ ტიპთან. წარმოების შესაბამისობის პროცედურები მოიცავს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შეფასებასა (საწყისი შეფასება) და ტიპის დამტკიცების ობიექტის წარმოებასთან დაკავშირებული კონტროლის სისტემის შემოწმებას (პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველყოფის ღონისძიებები).
2. საწყის შეფასებას ან/და პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველყოფის ღონისძიებების შემოწმებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი ტექნიკური სერვისი.
3. ტიპის დამტკიცებამდე, საწყისი შეფასების ფარგლებში, მწარმოებლის მხრიდან წარმოების პროცესის ეფექტიანი კონტროლის უზრუნველყოფის დასადგენად, ტექნიკური სერვისი ამოწმებს შესაბამისი ზომებისა და პროცედურების არსებობას, რათა სატრანსპორტო საშუალებები, მოწყობილობები, ნაწილები, სისტემები, კომპონენტები და ცალკეული ტექნიკური ერთეულები წარმოების პროცესში შეესაბამებოდნენ დამტკიცებულ ტიპს. საწყისი შეფასების ჩატარების სახელმძღვანელო მოცემულია ISO 19011:2018 სტანდარტში − „აუდიტის მართვის სისტემების სახელმძღვანელო“.
4. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ წარმოებული და ბაზარზე განთავსებული პროდუქტი წარმოებული იყოს ამ რეგლამენტისა და გაეროს რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად. მწარმოებლის შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემით მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ წარმოებული სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტების ან/და ცალკეული ტექნიკური ერთეულების ტიპი, რომელთა განთავსებაც ხდება ბაზარზე, წარმოებულია დამტკიცებული ტიპის იდენტური მახასიათებლებითა და პირობებით.
5. მწარმოებელი ვალდებულია:
ა) დანერგოს და შემდგომ განახორციელოს წარმოების შესაბამისობის ეფექტიანი კონტროლის ღონისძიებები, რათა სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულების სერიულ წარმოებასთან დაკავშირებით უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დამტკიცებული ტიპის მოთხოვნებთან;
ბ) გააჩნდეს წვდომა საგამოცდო ან სხვა შესაბამის აღჭურვილობასთან, რაც აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულების დამტკიცებულ ტიპთან შესაბამისობის შესამოწმებლად;
გ) უზრუნველყოს გამოცდებისა და შემოწმებების შედეგების შენახვა 10 წლის განმავლობაში;
დ) განიხილოს ყველა გამოცდის ან შემოწმების შედეგები, რათა უზრუნველყოს წარმოებული პროდუქტის მახასიათებლების სტაბილურობა;
ე) უზრუნველყოს, რომ ყოველი პროდუქტისთვის ჩატარებული იყოს გაეროს შეთანხმებითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემოწმებები;
ვ) უზრუნველყოს პროდუქციის შესაბამისობის აღდგენა, თუ შემოწმების შედეგები გამოავლენენ დადგენილ ტიპთან შეუსაბამობას.
6. მწარმოებელმა უნდა განიხილოს ნებისმიერი საჩივარი, რომელსაც ის მიიღებს რისკებთან, საეჭვო ინციდენტებთან ან მის მიერ ბაზარზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულების მოთხოვნებთან შეუსაბამობასთან დაკავშირებით. მწარმოებელმა უნდა აწარმოოს აღნიშნული საჩივრების ჩანაწერები, მათ შორის, პრობლემებისა და დეტალების აღწერა, რომლის გამოყენებითაც მოხდება სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტებისა და ცალკეული ტექნიკური ერთეულების ტიპის იდენტიფიცირება.
7. უფლებამოსილ ორგანოს, დამოუკიდებლად ან ტექნიკური სერვისის მეშვეობით, ნებისმიერ დროს შეუძლია მუდმივი მონიტორინგის ღონისძიებით შეამოწმოს შესაბამისობის კონტროლის მეთოდები მწარმოებლის ნებისმიერ საწარმოო ობიექტზე, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
8. მუდმივი მონიტორინგის ღონისძიებები გულისხმობს საწყისი შეფასებისა და პროდუქტის შესაბამისობის უზრუნველყოფის ღონისძიებების ეფექტიანობის პერიოდულ კონტროლს.
9. მუდმივი მონიტორინგის ღონისძიება უნდა განხორციელდეს, სულ მცირე, 3 წელიწადში ერთხელ, ISO 31000:2009 სტანდარტის შესაბამისად.
10. მუდმივი მონიტორინგის ღონისძიებების დროს უფლებამოსილი ორგანოს ან ტექნიკური სერვისის ინსპექტორი შემთხვევითობის პრინციპით ირჩევს ნიმუშს და ამოწმებს მწარმოებლის ან ტექნიკური სერვისის ლაბორატორიაში. შემოწმება გულისხმობს ნიმუშის ფიზიკურად შემოწმებას. ნიმუშების მინიმალურ რაოდენობას განსაზღვრავს ინსპექტორი, შემოწმების შედეგების მიხედვით.
11. თუ მუდმივი მონიტორინგის ღონისძიებების დროს აღმოჩენილია ხარვეზი, უფლებამოსილი ორგანო მწარმოებელს მიუთითებს ხარვეზზე და განუსაზღვრავს მას ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წარმოების შესაბამისობის აღდგენა.
12. ტიპის დამტკიცების სერტიფიკატი, რომელიც გაიცა ამ რეგლამენტისა და გაეროს რეგულაციების შესაბამისად, შესაძლებელია, გაუქმდეს, თუ ამ მუხლის მოთხოვნები არ იქნება დაცული ან, თუ მუდმივი მონიტორინგის ღონისძიების ფარგლებში სერიული წარმოებიდან აღებული დამტკიცებული ტიპის რომელიმე კონკრეტული სატრანსპორტო საშუალება, მოწყობილობა, ნაწილი, სისტემა, კომპონენტი ან ცალკეული ტექნიკური ერთეული ვერ გაივლის ამ რეგლამენტითა და გაეროს რეგულაციებით დადგენილ გამოცდებს და მწარმოებელი ხარვეზს ვერ გამოასწორებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადებში.
13. თუ უფლებამოსილი ორგანო გააუქმებს ტიპის დამტკიცების სერტიფიკატს, რომელიც მის მიერ არის გაცემული, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელშემკვრელი მხარეებისთვის შეთანხმებით დადგენილი წესით.
14. თუ მწარმოებელი, რომელიც ფლობს ტიპის დამტკიცების სერტიფიკატს, მთლიანად წყვეტს ტიპის დამტკიცების მქონე სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობების, ნაწილების, სისტემების, კომპონენტების ან ცალკეული ტექნიკური ერთეულების წარმოებას, მან აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს უფლებამოსილ ორგანოს. მწარმოებლის მხრიდან აღნიშნული ცნობის მიღების შემდეგ, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გააუქმოს ტიპის დამტკიცების სერტიფიკატი და უზრუნველყოს ამ ინფორმაციის მიწოდება ხელშემკვრელი მხარეებისთვის შეთანხმებით დადგენილი წესით.
მუხლი 23🔗. ტიპის დამტკიცება გამონაკლისებით ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით
ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გამონაკლისებით ტიპის დამტკიცების პროცედურა განსაზღვრულია შეთანხმების მე-7 დანართში.
მუხლი 24🔗. საფასური
ტიპის დამტკიცებასთან დაკავშირებული საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 25🔗. VIN კოდის მინიჭების წესი
1. მწარმოებელმა ტიპის დამტკიცების სერტიფიკატის საფუძველზე ნაწარმოებ თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა დაიტანოს სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი), რომელიც წარმოადგენს უნიკალურ კოდს და შეიცავს ინფორმაციას მწარმოებლის, სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლების, გამოშვების/მოდელის წლის შესახებ, ასევე სხვა ინფორმაციას.
2. საიდენტიფიკაციო კოდის სტრუქტურა, მისი ადგილმდებარეობა და დამაგრების წესი ეფუძნება შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებს:
ა) ISO 3779-2009 „საგზაო სატრანსპორტო საშუალებები − სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) − შინაარსი და სტრუქტურა“;
ბ) ISO 3780-2009 „საგზაო სატრანსპორტო საშუალებები − მწარმოებლის მსოფლიო იდენტიფიკაციის კოდი WMI“;
გ) ISO 4030:1983 „საგზაო სატრანსპორტო საშუალებები − სატრანსპორტო საშუალებების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) − ადგილმდებარეობა და დამაგრება“.
3. VIN კოდი შედგება 17 სიმბოლოსგან (არაბული ციფრებისა და ლათინური ასოებისგან). VIN კოდში დასაშვებია მხოლოდ შემდეგი არაბული ციფრებისა და ლათინური ანბანის ასოების გამოყენება: „0 1 2 3 4 5 6 7 8 9 A B C D E F G H J K L M N P R S T U V W X Y Z“. VIN კოდში აკრძალულია I, O, და Q ასოების გამოყენება, რადგან ისინი მონახაზით მსგავსია 1, 0, 9 რიცხვებისა, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ნიშნების აღრევა.
4. VIN კოდი შედგება სამი ნაწილისგან:
ა) პირველი − მწარმოებლების მსოფლიო იდენტიფიკაციის კოდი (WMI კოდი);
ბ) მეორე − სატრანსპორტო საშუალების აღწერითი ნაწილი (VDS კოდი);
გ) მესამე − სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის ნაწილი (VIS კოდი).
5. VIN კოდის სტრუქტურა და შედგენის მაგალითები მოცემულია ამ რეგლამენტის დანართ №1-ში.
მუხლი 26🔗. WMI კოდის მინიჭების წესი
1. საქართველოში თითოეულ მწარმოებელს WMI კოდებს ანიჭებს უფლებამოსილი ორგანო, მწარმოებლის მიერ მიმართვის შემთხვევაში.
2. WMI კოდი შედგება სამი სიმბოლოსგან:
ა) WMI კოდის პირველი პოზიციის სიმბოლო შეიძლება, იყოს ასო ან რიცხვი. იგი აღნიშნავს გეოგრაფიულ არეალს;
ბ) WMI კოდის მეორე პოზიციის სიმბოლო შეიძლება, იყოს ასო ან რიცხვი. იგი აღნიშნავს ქვეყანას, რომელიც მდებარეობს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალში;
გ) WMI კოდის მესამე პოზიციის სიმბოლო შეიძლება, იყოს ასო ან რიცხვი. იგი გამოიყენება მწარმოებლის იდენტიფიცირებისათვის. კონკრეტული მწარმოებლის იდენტიფიკაცია უზრუნველყოფილია WMI კოდის პირველი, მეორე და მესამე სიმბოლოების კომბინაციით.
3. მწარმოებლისთვის მინიჭებული WMI კოდის იდენტური კოდი არ უნდა მიენიჭოს სხვა მწარმოებელს ამ კოდის ბოლო გამოყენების შემდეგ, სულ მცირე, 30 წლის განმავლობაში.
4. თუ მწარმოებელი აწარმოებს არაუმეტეს 500 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას წელიწადში, WMI კოდის მე-3 პოზიციაზე უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გამოიყენოს რიცხვი − „9“. ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული მწარმოებლის იდენტიფიკაციისთვის ნიშნები მიეთითება VIN კოდის მე-12, მე-13 და მე-14 პოზიციებზე. ამ პოზიციებზე განსათავსებელი სიმბოლოების კომბინაციას, თითოეულ კონკრეტულ მწარმოებელს, ანიჭებს უფლებამოსილი ორგანო მწარმოებლის მხრიდან მიმართვის შემთხვევაში.
მუხლი 27🔗. VDS კოდის მინიჭების წესი
1. VIN კოდის მე-4-დან მე-9 პოზიციების ჩათვლით განსაზღვრულია VDS კოდი, რომელიც გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ზოგადი მახასიათებლების იდენტიფიცირებისთვის. VDS კოდი შედგება ექვსი სიმბოლოსგან (ასოები ან/და რიცხვები), რომლებიც ახასიათებენ სატრანსპორტო საშუალების ტიპს, მის დანიშნულებას, ძრავას ტიპს, კაბინას, კორპუსს, სამუხრუჭო სისტემას, ღერძების რაოდენობასა და სხვა დეტალურ ინფორმაციას.
2. საიდენტიფიკაციო ნომრის ფორმირებისას მწარმოებელი დამოუკიდებლად ირჩევს ამ ინფორმაციების კოდირების ტიპს, რაოდენობას, თანმიმდევრობასა და მეთოდს, ამ რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. თუ ყველა VDS პოზიცია არ იქნება შევსებული მახასიათებლების აღწერით, თავისუფალი პოზიციები აღინიშნება ციფრით − „0“.
მუხლი 28🔗. VIS კოდის მინიჭების წესი
1. VIN კოდის მე-10-დან მე-17 პოზიციების ჩათვლით მოყვანილია სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის მესამე და ბოლო ნაწილი − VIS კოდი, რომელიც შედგება რვა სიმბოლოსგან და ასახავს სატრანსპორტო საშუალების უნიკალურობას. ის წარმოადგენს მწარმოებლის მიერ მინიჭებული სიმბოლოების ერთობლიობას, რომელიც საშუალებას იძლევა, განვასხვავოთ ერთი სატრანსპორტო საშუალება მეორისგან (იგივე მარკისა და მოდელის). VIS კოდი, VDS კოდთან ერთად, უზრუნველყოფს ყველა სატრანსპორტო საშუალების უნიკალურ იდენტიფიკაციას, რომელიც მწარმოებელმა 30 წლის განმავლობაში აწარმოა.
2. VIN კოდის მე-10 პოზიციაზე მწარმოებელმა შეიძლება, მიუთითოს სატრანსპორტო საშუალების გამოშვების წელი ან გამოიყენოს ეს პოზიცია თავისი შეხედულებისამებრ. გამოშვების წლის აღმნიშვნელი კოდები უნდა მიეთითოს ამ რეგლამენტის დანართ №2-ში მოყვანილი ცხრილის შესაბამისად.
3. VIN კოდის მე-11 პოზიციაზე მწარმოებელს შეუძლია, განსაზღვროს მწარმოებელი ქარხნის კოდი ან გამოიყენოს ეს პოზიცია მისი შეხედულებისამებრ.
4. VIN კოდის პოზიციები მე-12-დან მე-17-ს ჩათვლით გამოიყენება მწარმოებლის მიერ კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების სერიული (მიმდევრობითი) ნომრის აღსანიშნავად. საიდენტიფიკაციო ნომრის პოზიციები მე-15-დან მე-17-ს ჩათვლით ივსება მხოლოდ არაბული ციფრებით.
5. თუ მწარმოებელი აწარმოებს არაუმეტეს 500 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას (შასის) წელიწადში, საიდენტიფიკაციო ნომრის მე-12, მე-13 და მე-14 პოზიციების სიმბოლოები გამოიყენება კონკრეტული მწარმოებლის იდენტიფიცირებისათვის. მათ მინიჭებას მწარმოებელზე ახორციელებს კომპეტენტური ორგანო.
6. მწარმოებელი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების წარმოებისას იძენს და იყენებს სხვა მწარმოებლის შასს ან საბაზისო სატრანსპორტო საშუალებას, სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა დაიტანოს VIN კოდი, განსხვავებული შეძენილი შასის (საბაზისო სატრანსპორტო საშუალების) VIN კოდისგან. ამასთანავე, ადრე მინიჭებული შასის (საბაზისო სატრანსპორტო საშუალების) VIN კოდი უნდა იქნეს შენარჩუნებული სატრანსპორტო საშუალებაზე.
მუხლი 29🔗. სატრანსპორტო საშუალებაზე VIN კოდის განთავსება (დადამღვა)
1. VIN კოდის განსათავსებლად მწარმოებელმა შეიძლება, აირჩიოს შემდეგი ვარიანტი:
ა) მიუთითოს VIN კოდი დადამღვით სატრანსპორტო საშუალების ჩარჩოს ან ძარას განუყოფელ ნაწილზე (რომელიც არ არის ადვილად მოსახსნელი);
ბ) მიუთითოს VIN კოდი მწარმოებლის ფირფიტაზე, რომელიც მუდმივად მაგრდება სატრანსპორტო საშუალების ძარაზე;
გ) სურვილის შემთხვევაში, გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ორივე ვარიანტი.
2. სატრანსპორტო საშუალებაზე VIN კოდი მკაფიოდ უნდა იქნეს დატანილი ისე, რომ უზრუნველყოფდეს მის გამძლეობას, წაკითხვადობას, დაცვას ცვლილებისგან და გამორიცხავდეს ნიშნების ადვილად წაშლის შესაძლებლობას. VIN კოდი დაიტანება ნიშნებს შორის დაშორებების გარეშე.
3. VIN კოდის ნიშნების სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 7 მმ M, N და O კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის და მინიმუმ 4 მმ L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
4. დასაშვებია VIN კოდის განთავსება ერთ ან ორ სტრიქონში. ორ სტრიქონში VIN კოდის განთავსების შემთხვევაში, ნიშნები 1-იდან მე-9-ს ჩათვლით უნდა განლაგდეს პირველ ხაზზე, ხოლო ნიშნები მე-10-დან მე-17-ს ჩათვლით − მეორე ხაზზე. ხაზების დასაწყისში და ბოლოს უნდა იქნეს დატანილი გამყოფის ნიშანი მწარმოებლის მიერ შერჩეული ფორმით (მაგალითად, ნიშანი «*»). გამყოფად არ უნდა იქნეს გამოყენებული VIN კოდის შესადგენად გათვალისწინებული ასოები და რიცხვები, ასევე მათი მსგავსი ნებისმიერი სიმბოლო.
5. VIN კოდი, თუ ეს შესაძლებელია, უნდა განთავსდეს სატრანსპორტო საშუალებების წინა ნახევარში, მარჯვენა მხარეს, ადვილად წასაკითხ ადგილას ან M1 და N1 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებზე დასაშვებია VIN კოდის განთავსება საქარე მინის ქვეშ, მარცხენა მხარის ქვედა ნაწილში.
6. დოკუმენტებში მითითებისას VIN კოდი უნდა განთავსდეს ერთ ხაზზე, დაშორებებისა და გამყოფების გარეშე.
მუხლი 30🔗. მოთხოვნები მწარმოებლის ფირფიტების შინაარსისა და განთავსების მიმართ
1. სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა იყოს განთავსებული მწარმოებლის ფირფიტა.
2. მწარმოებლის ფირფიტა უნდა განთავსდეს კითხვისთვის მოსახერხებელ ადგილას, სატრანსპორტო საშუალების იმ ნაწილზე, რომელიც არ ექვემდებარება შეცვლას ექსპლუატაციის დროს და არ უნდა იხსნებოდეს სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების გარეშე.
3. მწარმოებლის ფირფიტა შეიძლება, დამზადდეს:
ა) მართკუთხა ლითონის ფირფიტის სახით;
ბ) მართკუთხა სტიკერის (თვითწებვადი) სახით.
4. მწარმოებლის ფირფიტა ლითონის ფირფიტის სახით უნდა დაფიქსირდეს სატრანსპორტო საშუალებაზე მოქლონებით.
5. სტიკერის სახით ფირფიტას უნდა ჰქონდეს მასზე ზემოქმედების კვალის აღმოჩენის თვისებები, უნდა თვითგანადგურდეს მისი მოხსნის მცდელობისას და დაცული იყოს გაყალბებისაგან.
6. მწარმოებლის ფირფიტა უნდა იყოს მართკუთხა ფორმის. მისი ზომები უნდა უზრუნველყოფდეს შემდეგი ინფორმაციის ინგლისურ ენაზე განთავსების შესაძლებლობას:
ა) მწარმოებლის დასახელება;
ბ) სატრანსპორტო საშუალების ტიპის დამტკიცების ნომერი;
გ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN კოდი);
დ) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად დასაშვები მაქსიმალური სრული მასა (გარდა L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისა);
ე) კომბინირებული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად დასაშვები მაქსიმალური სრული მასა, იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მისაბმელის (ნახევარმისაბმელის) ბუქსირებისათვის;
ვ) თითოეულ ღერძზე ან ღერძების ჯგუფზე ტექნიკურად დასაშვები მაქსიმალური დატვირთვები − მიეთითება თანმიმდევრულად, წინა ღერძიდან დაწყებული (გარდა L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისა);
ზ) ტექნიკურად დასაშვები მაქსიმალური დატვირთვა საყრდენ-გადასაბმელ მოწყობილობაზე (ნახევარმისაბმელისათვის);
თ) წარმოების წელი ან მოდელის წელი მწარმოებლის შეხედულებისამებრ.
7. ფირფიტაზე დასაშვებია განმარტებითი წარწერების არარსებობა (მაგალითად, სიტყვების: „მწარმოებლის დასახელება“, „სატრანსპორტო საშუალების ტიპის დამტკიცების სერტიფიკატის ნომერი“ და ა.შ.).
8. L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის დასაშვებია ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული მხოლოდ „ა“, „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტებში მოცემული ინფორმაციის მითითება.
9. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია მწარმოებლის ფირფიტაზე წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე, მისი თარგმანი ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს მწარმოებლის მიერ ექსპლუატაციის ინსტრუქციაში − სახელმძღვანელოში).
დანართი №2
გამოშვების წლის აღმნიშვნელი კოდების ცხრილი
წელი
კოდი*
წელი
კოდი*
წელი
კოდი*
წელი
კოდი*
წელი
კოდი*
1991
M
2001
1
2011
B
2021
M
2031
1
1992
N
2002
2
2012
C
2022
N
2032
2
1993
P
2003
3
2013
D
2023
P
2033
3
1994
R
2004
4
2014
E
2024
R
2034
4
1995
S
2005
5
2015
F
2025
S
2035
5
1996
T
2006
6
2016
G
2026
T
2036
6
1997
V
2007
7
2017
H
2027
V
2037
7
1998
W
2008
8
2018
J
2028
W
2038
8
1999
X
2009
9
2019
K
2029
X
2039
9
2000
Y
2010
A
2020
L
2030
Y
2040
A
დანართი №3
გაეროს (UNECE) რეგულაციების მოთხოვნებთან შესაბამისობის დამტკიცების
ნიშნის ნიმუში და მისი ზომების ძირითადი მოთხოვნები
a = მინიმუმ 8 მმ
ნახაზზე მოყვანილი გაეროს რეგულაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამტკიცების ნიშნის ნიმუში იშიფრება შემდეგნაირად:
1. აღნიშნული მარკირების მქონე კომპონენტის ტიპი დამტკიცებულია ნიდერლანდებში (E4).
2. ეს კომპონენტი შეესაბამება გაეროს №55 რეგულაციას „სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობების მექანიკური ჩასაბმელი მოწყობილობების ოფიციალურ დამტკიცებასთან დაკავშირებული ერთგვაროვანი მითითებები“.
3. დამტკიცებული კომპონენტი ჩასაბმელ მოწყობილობას წარმოადგენს, რომელიც შეესაბამება გაეროს №55 რეგულაციის 01 ცვლილებების სერიას (ამოქმედების თარიღი 2001 წლის 16 სექტემბერი).
4. ჩასაბმელი მოწყობილობის ტიპის დამტკიცების ნომერია 2439.