„საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.01.2023
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016288
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/01/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (29)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გივი დავითაშვილი | სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის" დამტკიცების შესახებ „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ ფრენის პროცედურების დიზაინის წესი „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
„საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება №7
2023 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
„საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 და 56-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს სერტიფიცირების წესი“.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგივი დავითაშვილი
საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს სერტიფიცირების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს სერტიფიცირების წესი (შემდგომში – „წესი“) შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის №8 („საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობა“) დანართის და ევროკავშირის 2014 წლის 26 ნოემბრის რეგულაციის (EU) №1321/2014 მოთხოვნების საფუძველზე.
2. წესის მოქმედება ვრცელდება საფრენად ვარგისობის კომბინირებულ საწარმოზე (შემდგომში – საწარმო), რომელიც ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ისეთი საჰაერო ხომალდის და მისი კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებასა და საფრენად ვარგისობის შენარჩუნებას, რომელიც არ წარმოადგენს კომპლექსურ საჰაერო ხომალდს და რომლითაც არ ხორციელდება კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა.
3. წესის მიზანია საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებასთან და საფრენად ვარგისობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.
4. საწარმოს, რომელსაც არ გააჩნია სააგენტოს მიერ გაცემული/აღიარებული საფრენად ვარგისობის კომბინირებული, ან საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს ან საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი), ან არ არის აღიარებული სააგენტოს მიერ, არ აქვს უფლება განახორციელოს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ისეთი არაკომპლექსური საჰაერო ხომალდის, მისი კომპონენტების ტექნიკური მომსახურება და საფრენად ვარგისობის შენარჩუნება, რომლითაც არ ხორციელდება კომერციულ საჰაერო გადაყვანა გადაზიდვა.
5. საწარმოს სერტიფიცირებას – სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას, სერტიფიკატის გაუქმებას, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილების შეტანას, სერტიფიკატის და/ან მისი დანართის დუბლიკატის გაცემას, სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
6. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
7. საწარმოს სერტიფიცირების საკითხებთან (სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობის გარდა) დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
8. სერტიფიკატი ადასტურებს საწარმოს შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.
9. სერტიფიკატში და მის დანართში განისაზღვრება საწარმოს უფლებამოსილება საავიაციო ტექნიკის კლასების, კატეგორიების და საჰაერო ხომალდების (შემდგომში – სხ) ტიპებისა და/ან მათი კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებასთან და საფრენად ვარგისობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. სერტიფიცირების დროს განისაზღვრება ასევე ნებადართული ტექნიკური მომსახურების სამუშაოების სახეობები.
10. საწარმოს მიერ საავიაციო ტექნიკის კონკრეტული ტიპებისა და/ან მათი კომპონენტების ტმ-სთან, ასევე საფრენად ვარგისობის მართვასთან დაკავშირებული ნებადართული სამუშაოები, განისაზღვრება სერტიფიკატით და მისი დანართით (დანართი №3).
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჰაერო ხომალდი – აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით. საჰაერო ხომალდია: თვითმფრინავი, ვერტმფრენი, პლანერი, სხვა საშუალება;
ბ) დაშვებაზე უფლებამოსილი პერსონალი – ტექმომსახურების ჩატარების შემდეგ, საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაზე დაშვების უფლების მქონე პერსონალი;
გ) კომპონენტი – ძრავა, საჰაერო ხრახნი, ნაწილი ან მოწყობილობა;
დ) საფრენად ვარგისობის შენარჩუნება – ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნებას უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის და საფრენად ვარგისობის მოთხოვნებთან შესაბამისობას;
ე) საავიაციო ტექნიკა – საჰაერო ხომალდი, მისი აღჭურვილობა, მაკომპლექტებელი ნაწილები (აგრეგატები და სისტემები), ძრავები, საწაფი, საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების საშუალებები;
ვ) ავტორიზაცია – საწარმოს მიერ დაშვებაზე უფლებამოსილი პირისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, განსაზღვრული სამუშაო მოცულობით, შეასრულოს ტექმომსახურების სამუშაოები და დაადასტუროს ხელმოწერით;
ზ) ტექნიკური მომსახურება – სხ-ის და/ან მისი კომპონენტების საფრენად ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ცალ-ცალკე ან ერთობლივად ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც მოიცავს აღმდგენ, შემოწმებით, გაუმართაობების აღმოფხვრის სამუშაოებს, ასევე მოდიფიცირებას და/ან რემონტის პრაქტიკულ განხორციელებას;
თ) საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმო – იურდიული პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ან აღიარებულია ამ წესის შესაბამისად;
ი) ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი:
ი.ა) თვითმფრინავი:
ი.ა.ა) 5700 კილოგრამზე მეტი სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე; ან
ი.ა.ბ) 19 და მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე; ან
ი.ა.გ) სერტიფიცირებული ექსპლუატაციისათვის მინიმუმ ორი მფრინავით; ან
ი.ა.დ) აღჭურვილი ტურბორეაქტიული ძრავ(ებ)ით ან ერთზე მეტი ტურბოხრახნული ძრავ(ებ)ით.
ი.ბ) ვერტმფრენი:
ი.ბ.ა) 3175 კილოგრამზე მეტი სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე; ან
ი.ბ.ბ) 9 და მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე; ან
ი.ბ.გ) სერტიფიცირებული ექსპლუატაციისათვის მინიმუმ ორი მფრინავით; ან
ი.გ) დახრადი ხრახნის მქონე;
კ) სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საწარმოს შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან;
ლ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო – იურდიული პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ან აღიარებულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის №302 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად;
მ) „ELA1 საჰაერო ხომალდი“ – მართვადი (ან პილოტირებადი) ევროპული მსუბუქი საჰაერო ხომალდი:
მ.ა) თვითმფრინავი 1200 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით, რომელიც არ არის კლასიფიცირებული, როგორც ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი;
მ.ბ) პლანერი და ძრავით აღჭურვილი პლანერი 1200 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით;
მ.გ) საჰაერო ბურთი (ან აეროსტატი), რომლის ამწევი გაზის ან ცხელი აირის მაქსიმალური სერტიფიცირებული მოცულობა არ აღემატება 3400 მ3-ს სითბური აეროსტატისთვის, 1050 მ3-ს გაზის აეროსტატისათვის და 300 მ3-ს დაბმული გაზის აეროსტატისათვის;
მ.დ) დირიჟაბლი, რომლის დიზაინი გათვალისწინებულია არაუმეტეს ოთხ პირზე და ამწევი გაზის ან ცხელი აირის სერტიფიცირებული მოცულობა არ აღემატება 3400 მ3-ს სითბური დირიჟაბლისთვის და 1050 მ3-ს გაზის დირიჟაბლისთვის;
ნ) „ELA2 საჰაერო ხომალდი“ – მართვადი (ან პილოტირებადი) ევროპული მსუბუქი საჰაერო ხომალდი:
ნ.ა) თვითმფრინავი 2000 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით, რომელიც არ არის კლასიფიცირებული, როგორც ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი;
ნ.ბ) პლანერი და ძრავით აღჭურვილი პლანერი 2000 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით;
ნ.გ) საჰაერო ბურთი (ან აეროსტატი);
ნ.დ) სითბური დირიჟაბლი;
ნ.ე) გაზის დირიჟაბლი შემდეგი მახასიათებლებით:
ნ.ე.ა) 3% მაქსიმალური სტატიკური დატვირთვა;
ნ.ე.ბ) არამიმართული (არავექტორული) წევა (უკუწევის ან რევერსული წევის გარდა);
ნ.ე.გ) სტრუქტურის, კონტროლის სისტემის და ბალონების სისტემის ჩვეულებრივი და მარტივი დიზაინი;
ნ.ე.დ) მართვის სისტემა გამაძლიერებლის გარეშე;
ნ.ვ) ზემსუბუქი ვერტმფრენი:
ნ.ვ.ა) 600კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით;
ნ.ვ.ბ) აქვს მარტივი კონტრუქცია და აღჭურვილია ერთი მთავარი და ერთი უკანა რედუქტორით, ფიქსირებული შასებით, თხილამურებით ან ნავით;
ნ.ვ.გ) აქვს მაქსიმუმ ორი ადგილი;
ნ.ვ.დ) აღჭურვილია ნაპერწკლური ან კომპრესიული აალების სისტემის ერთი ძრავით, გარდა აირტურბინული ან რაკეტული ძრავისა;
ნ.ვ.ე) სერტიფიცირებული მხოლოდ დღისით ვიზუალური ფრენის წესების მოთხოვნებით;
ო) საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმო – იურდიული პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ან აღიარებულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 29 ივლისის №172 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად;
პ) ტექმომსახურების კრიტიკული სამუშაო – საჰაერო ხომალდზე, მის ძრავზე ან საჰაერო ხრახნზე ნაწილის ან სისტემის მონტაჟის ან მისი გაუმართაობის აღმოფხვრის სამუშაო, რომლის შესრულებისას დაშვებულმა შეცდომამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფრენის უსაფრთხოებას;
ჟ) დამამზადებელი – საწარმო, რომელიც პასუხისმგებელია საავიაციო ტექნიკის საბოლოო აწყობაზე;
რ) თვითმფრინავი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძრავას მეშვეობით და მისი ფრენისას ამწევი ძალა იქმნება ძირითადად უძრავი ზედაპირების აეროდინამიკური რეაქციის შედეგად;
ს) რემონტი – საჰაერო ხომალდის (პლანერი, ძრავა და მაკომპლექტებელი ნაკეთობების) ცვეთის ან დაზიანების შემდგომ საფრენად ვარგისობის აღდგენა საფრენად ვარგისობის ნორმების შესაბამისად;
ტ) საავიაციო ძრავა (ძრავა) – ძრავა, რომელიც განკუთვნილია სხ-ის მოძრაობაში მოსაყვანად. ძრავას შემადგენლობაში შედის მისი ფუნქციონირების და კონტროლისათვის საჭირო კომპონენტები და მოწყობილობები, გარდა საჰაერო ხრახნისა (არსებობის შემთხვევაში);
უ) საფრენად ვარგისობის ნორმები – ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჰაერო ხომალდის, ძრავას, აღჭურვილობის და მასალების მიმართ წაყენებული მოთხოვნები;
ფ) შემმუშავებელი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია საავიაციო ტექნიკის ტიპის კონსტრუქციაზე;
ქ) ვერტმფრენი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ჰაერში მდებარეობას ინარჩუნებს თითქმის ვერტიკალური ღერძის გარშემო ძრავას საშუალებით მბრუნავი ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნის ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად;
ღ) ოპერატიული ტექნიკური მომსახურება – საჰაერო ხომალდის გაფრენისათვის მოსამზადებელი სამუშაოები, დათვალიერება და შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს სხ-ის გამართულობას, მათ შორის:
ღ.ა) გაუმართაობის დიაგნოსტიკა;
ღ.ბ) გაუმართაობის აღმოფხვრა;
ღ.გ) კომპონენტის გამოცვლა, რომლის დროსაც შესაძლებელია გამოყებულ იქნას გარე სატესტო მოწყობილობა (კომპონენტის გამოცვლისას ასევე იგულისხმება ძრავის ან საჰაერო ხრახნის გამოცვლა);
ღ.დ) გეგმიური ტექნიკური მომსახურება ან/და შემოწმება, მაგრამ არ საჭიროებს სიღრმისეულ შემოწმებას (მათ შორის სხ-ის სტრუქტურის, სისტემების და ძრავის შიდა შემოწმებები სწრაფი შეღწევის პანელებიდან.);
ღ.ე) მარტივი რემონტების და მოდიფიკაციების სამუშოების შესრულება, რომელიც არ მოითხოვს დაშლას და სრულდება მარტივი საშუალებებით;
ღ.ვ) საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების სავალდებულო ინსტრუქციებით გათვალისწინებული საბაზო ტექმომსახურების გადაუდებელი სამუშაოების (Emergency AD, Emergency SB, Emergency SL) შესრულება ოპერატიული ტექმომსახურებისას, შესაბამისობის მონიტორინგზე პასუხიმგებელი პირის მიერ შესწავლილი რისკების და საწარმოში არსებული ამ სამუშაოს შესრულების პირობების შეფასების საფუძველზე, სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ;
ყ) საბაზო ტექმომსახურება – ნებისმიერი ტექმომსახურების სამუშაო, გარდა ოპერატიული ტექნიკური მომსახურებისა;
შ) დამხმარე პერსონალი – საბაზო ტექმომსახურება(ზე)ში მომუშავე B1, B2, B2L, B3 და/ან L კატეგორიის მქონე, მოწმობის მფლობელი პერსონალი, შესაბამისი საჰაერო ხომალდის ოსტატობით, რომელსაც არ არის აუცილებელი გააჩნდეს სხ/კომპონენტების ექსპლუატაციაში დაშვების უფლება საბაზო ტექმომსახურების მუშაობისას;
ჩ) შესაბამისი საჰაერო ხომალდი და/ან კომპონენტი – საჰაერო ხომალდის ტიპი ან/და კომპონენტი, რომელიც აღნიშნულია სამუშაოზე დაშვების ავტორიზაციის სერტიფიკატში;
ც) ავტორიზაციის სერტიფიკატი – საწარმოს მიერ დაშვების პერსონალისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, სადაც განსაზღვრულია ნებადართული სამუშაოები და რომელიც აღნიშნულ პერსონალს აძლევს უფლებას, საწარმოს სახელით, ხელი მოაწეროს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატს;
ძ) საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასებაზე უფლებამოსილი პერსონალი – პერსონალი, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას და საფრენად ვარგისობის რეკომენდაციების მომზადებას.
მუხლი 3🔗.
საწარმოს უფლებამოსილებები
1. საწარმო უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს სერტიფიკატით განსაზღვრული ნებისმიერი საჰაერო ხომალდის ან კომპონენტის ტექნიკური მომსახურება, „საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოში“ (შემდეგში CAE – Combined airworthiness exposition) მითითებულ ადგილმდებარეობებზე;
ბ) ორგანიზება გაუწიოს საწარმოს კონტაქტორი/ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ მომსახურებას, CAE-ში დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
გ) განახორციელოს სერტიფიკატით განსაზღვრული საჰაერო ხომალდ(ებ)ის ან კომპონენტ(ებ)ის ტექნიკური მომსახურება CAE-ში მითითებული პირობების შესაბამისად, ან ნებისმიერ ადგილას, სადაც ასეთი ტექნიკური მომსახურების ჩატარების საჭიროება წარმოიქმნება საჰაერო ხომალდის გაუმართაობის მიზეზით;
დ) ტექნიკური მომსახურების დასრულების შემდეგ გასცეს საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაზე დაშვების სერტიფიკატი;
ე) განახორციელოს სერტიფიკატით განსაზღვრული საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მართვა;
ვ) დაამტკიცოს ტექნიკური მომსახურების პროგრამა (AMP), შემდეგი საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც არ ახორციელებენ კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას:
ვ.ა) თვითმფრინავი მაქსიმალური ასაფრენი მასით 2700კგ და ნაკლები, გარდა ძრავიანი კომპლექსური თვითმფრინავისა;
ვ.ბ) ვერტმფრენი მაქსიმალური ასაფრენი მასით 1200კგ და ნაკლები ან 4 ან ნაკლებ ადგილზე სერტიფიცირებული;
ვ.გ) ELA-2 საჰაერო ხომალდი.
ზ) განახორციელოს საფრენად ვარგისობის შენარჩუნების შეზღუდული სამუშაოები კონტრაქტორი ან ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის მეშვეობით, თავისი ხარისხის სისტემის შესაბამისად, როგორც ეს მითითებულია სერტიფიკატში.
2. სააგენტოში წარსადგენად მოამზადოს საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის გაგრძელების რეკომენდაციები.
3. საწარმოს სამუშაო მოცულობა განსაზღვრული უნდა იქნეს CAE-ში.
4. 2730 კგ მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასით თვითმფრინავების და 1200კგ მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასით ან 4-ზე მეტი ადგილით სერტიფიცირებული ვერტმფრენების შემთხვევაში სამუშაო მოცულობაში აღნიშნული უნდა იქნეს თითოეული საჰაერო ხომალდის ტიპი.
5. აირტურბინული ძრავებისთვის, სამუშაოების მოცულობა მიეთითება ძრავის მწარმოებლის, ჯგუფის, სერიის, ტიპის ან ტექნიკური დავალების (სამუშაოების) მიხედვით.
6. საწარმო, რომელშიც დასაქმებულია მხოლოდ ერთი ადამიანი როგორც დაგეგმვის, ასევე ტექნიკური მომსახურების შესასრულებლად, არ არის უფლებამოსილი, განახორციელოს ტექნიკური მომსახურება შემდეგ სხ-ზე/კომპონენტებზე:
ა) აირტურბინული ძრავით აღჭურვილი თვითმფრინავები (საწარმოსთვის საჰაერო ხომალდზე მინიჭებული უფლებამოსილების შემთხვევაში);
ბ) აირტურბინული ან ერთზე მეტი დგუშიანი ძრავებით აღჭურვილი ვერტმფრენები (საწარმოსთვის საჰაერო ხომალდზე მინიჭებული უფლებამოსილების შემთხვევაში);
გ) 450 და მეტი ცხენის ძალის სიმძლავრის დგუშიანი ძრავები (საწარმოსთვის ძრავაზე მინიჭებული უფლებამოსილების შემთხვევაში);
დ) აირტურბინული ძრავები (საწარმოსთვის ძრავაზე მინიჭებული უფლებამოსილების შემთხვევაში).
7. საწარმო უფლებამოსილია სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, შესაბამისი პროცედურის მიხედვით განახორციელოს სერტიფიკატით განსაზღვრული სამუშაო მოცულობის ცვლილება:
ა) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საჰაერო ხომალდებისა;
ბ) კომპონენტების ტექნიკური მომსახურება, გარდა აირტურბინული ძრავებისა;
გ) ურღვევი კონტროლის (NDT) სპეციალიზებული მომსახურება.
8. ძრავებისგან განსხვავებული კომპონენტების ტექნიკური მომსახურების სამუშაოს მოცულობა კლასიფიცირდება შემდეგი სახით:
ა) C1: კონდიცირებისა და ჰერმოკაბინის წნევის რეგულირების სისტემა (Air Condition & Pressurisation);
ბ) C2: ავტოპილოტი (Auto Flight);
გ) C3: სანავიგაციო და კავშირგაბმულობის სისტემები (Comms and Nav);
დ) C4: კარები და ლუქები (Doors and Hatches);
ე) C5: ელექტროკვება და განათების სისტემა (Electrical Power & Lights);
ვ) C6: აღჭურვილობა (Equipment);
ზ) C7: ძრავა (Engine);
თ) C8: ფრენის მართვის სისტემა (Flight Controls);
ი) C9: საწვავის სისტემა (Fuel);
კ) C10: ვერტმფრენის მზიდი ხრახნები (Helicopter – Rotors);
ლ) C11: ვერტმფრენის ტრანსმისია (Helicopter – Transmission);
მ) C12: ჰიდრავლიკური სისტემა (Hydraulic Power);
ნ) C13: ხელსაწყო მოწყობილობა (Indicating – Recording System);
ო) C14: შასი (Landing Gear);
პ) C15: ჟანგბადის სისტემა (Oxygen);
ჟ) C16: საჰაერო ხრახნი (Propellers)
რ) C17: პნევმოსისტემა (Pneumatic & Vaccuum systems)
ს) C18: შემოყინვის საწინააღმდეგო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა (Protection ice/rain/fire);
ტ) C19: ეკიპაჟის ფანარი და ილუმინატორი (Windows);
უ) C20: პლანერის სტრუქტურა (Structures);
ფ)C21: წყლის ბალასტი (Water Ballast);
ქ) C22: წევის ძალის გაზრდა (Propulsion Augmentation).
9. საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმო უფლებამოსილია, ტექნიკური მომსახურების მონაცემების შესაბამისად, დაამზადოს ნაწილების შეზღუდული სპექტრი, რომელიც მითითებულია CAE-ში.
მუხლი 4🔗.
კონტრაქტი და ქვეკონტრაქტი
1. საწარმოს მიერ მისი საქმიანობის, აღჭურვილობის ან მომსახურების შესყიდვის კონტრაქტით ან ქვეკონტრაქტით გადაცემის შემთხვევაში აღნიშნული ტექმომსახურების საქმიანობა უნდა განხორციელდეს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.
2. კონტრაქტორი და/ან ქვეკონტრაქტორი საწარმო უნდა ფლობდეს სააგენტოს მიერ გაცემულ ან აღიარებულ ტექმომსახურების საწარმოს სერტიფიკატს, შესაბამისი სამუშაო მოცულობებით. საწარმომ უნდა უზრუნველყოს, სააგენტოს უფლებამოსილი პირების ქვეკონტრაქტორ საწარმოში დაშვება, რათა დადგინდეს არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
თავი II
მოთხოვნები საწარმოს მიმართ
მუხლი 5🔗.
საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო
1. საწარმომ სააგენტოში შესათანხმებლად უნდა წარმოადგინოს „საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო“ (CAE), რომელიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:
ა) საწარმოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერილ დადასტურებას, რომ საწარმო განახორციელებს საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებას და საფრენად ვარგისობის შენარჩუნებას ამ წესის მოთხოვნების და „საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს“ შესაბამისად;
ბ) „საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს“ სამუშაო მოცულობების დეტალური აღწერა;
გ) ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული პერსონალის სახელები და თანამდებობები;
დ) საწარმოს სტრუქტურა, სადაც აღწერილი იქნება მე-7 მუხლით განსაზღვრული პერსონალის ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის სქემა;
ე) სერტიფიცირებული პერსონალის ჩამონათვალი შესაბამისი უფლებამოსილებით, თუ ასეთი პერსონალი არსებობს;
ვ) პერსონალის ჩამონათვალი, შესაბამისი უფლებამოსილებით, რომელიც პასუხისმგებელია საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პროგრამების (AMP) შემუშავებაზე, თუ ასეთი პერსონალი არსებობს;
ზ) საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასებაზე შესაბამისი უფლებამოსილი პერსონალის ჩამონათვალი, თუ ასეთი პერსონალი არსებობს;
თ) სხ-ის ფრენის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი პერსონალის ჩამონათვალი შესაბამისი უფლებამოსილებით, თუ ასეთი პერსონალი არსებობს;
ი) საწარმოს შენობა- ნაგებობების ზოგადი აღწერა და მდებარეობა;
კ) ამ წესის შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცედურები;
ლ) სახელმძღვანელოში ცვლილების შეტანის პროცედურები.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა იხილეთ ევროკავშირის 2014 წლის 26 ნოემბრის რეგულაციის (EU) №1321/2014 სახელმძღვანელო მასალაში AMC1 CAO.A.025.
2. პროცედურების სახელმძღვანელოს ითანხმებს სააგენტო, რომელიც საჭიროებისამებრ უნდა განახლდეს საწარმოში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც ასევე თანხმდება სააგენტოსთან.
მუხლი 6🔗.
სამუშაო პირობები
1. საწარმო ვალდებულია პერსონალი უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილი შენობა-ნაგებობებით, მათ შორის, საოფისე ფართით დაგეგმილი სამუშაოების შესასრულებლად.
2. საჰაერო ხომალდის ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი გარემოთი, სადაც მათ შეუძლიათ შეისწავლონ ტექნიკური ინსტრუქციები და აწარმოონ საფრენად ვარგისობის შენარჩუნების ჩანაწერები სათანადო წესით.
3. თუ სამუშაო მოცულობა მოიცავს ტექნიკურ მომსახურებას, საწარმომ უნდა უზრუნველყოს:
ა) სპეციალიზებული სახელოსნოს, ანგარის და სადგომის სათანადოდ დაცვა დაბინძურებისა და გარემო ზემოქმედებისგან, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) სათადარიგო ნაწილების, სახარჯი მასალების, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შენახვისათვის დაცული სასაწყობე ფართის გამოყოფა, სადაც ექსპლუატაციისათვის ვარგისი კომპონენტებისა და მასალის შენახვა მოხდება უვარგისი კომპონენტების, მასალის, მოწყობილობისა და ხელსაწყოსგან განცალკევებით. შენახვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის ინსტრუქციას იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული შენახული ნაკეთობების დაზიანება. სასაწყობო საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციის მქონე უფლებამოსილი პირებისთვის.
4. ანგარში ტექნიკური მომსახურება არ მოითხოვება შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ შესაძლებელია, რომ საჰაერო ბურთებისა და დირიჟაბლებისთვის დიდი ზომის გარსის და მისაბმელი (ჩამოსაკიდი) აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურება ჩატარდეს ღია სივრცეში ტექნიკური მომსახურების მოთხოვნების გათვალისწინებით, გარდა რთული რემონტისას ან კომპონენტის ტექნიკური მომსახურებისას, რომლებიც უნდა განხორციელდეს პროცედურების სახელმძღვანელოში მითითებულ სახელოსნოებში CAE-პროცედურების შესაბამისად;
ბ) სააგენტოსთან შეთანმებით, საწარმოს კონკრეტული სამუშაო პაკეტისთვის შეუძლია გამოიყენოს პროცედურების სახელმძღვანელოში მითითებულ ლოკაციაზე ანგარის ალტერნატიული სამუშაო გარემო, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შესასრულებლად, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება დაბინძურებისა და გარემო ზემოქმედებისგან დაცვა.
5. თვითმფრინავების – 2730 კგ-მდე მაქსიმალური ასაფრენი მასით, ვერტმფრენების – 1200კგ-მდე მაქსიმალური ასაფრენი მასით, სერტიფიცირებული 4 ან ნაკლები ადგილზე და სხვა ELA2 საჰაერო ხომალდებისთვის, სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, ტექნიკური მომსახურების ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ სამუშაო პირობებში, თუ უზრუნველყოფილი იქნება უამინდობისა და დაბინძურებისგან დაცვა. ზემოაღნიშნული სამუშაო პირობები, სამუშაო მოცულობა, ხელმისაწვდომი ხელსაწყოები და აღჭურვილობა, ასევე ნებადართული გარემო პირობები (ამინდი, დაბინძურება) შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა იხილეთ ევროკავშირის 2014 წლის 26 ნოემბრის რეგულაციის (EU) №1321/2014 სახელმძღვანელო მასალაში AMC1 CAO.A.030.
მუხლი 7🔗.
საწარმოს პერსონალი
1. საწარმოში უნდა დაინიშნოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირი, რომელიც უფლებამოსილია უზრუნველყოს საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური მართვა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.
2. საწარმოს ხელმძღვანელმა პირმა უნდა დანიშნოს საწარმოს საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოს საქმიანობის შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან. აღნიშნული პირ(ებ)ი, ანგარიშვალდებულნი არიან საწარმოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირის წინაშე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირ(ებ)ს უნდა გააჩნდეთ მათზე დაკისრებული ვალდებულების განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი ცოდნა, მომზადება და გამოცდილება საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის მართვის ან ტექნიკური მომსახურების საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ:
ა) საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილება;
ბ) დეტალურად უნდა იცოდნენ:
ბ.ა) საექსპლუატაციო მოთხოვნების და პროცედურების შესაბამისი ნაწილი;
ბ.ბ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო;
გ) 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება საავიაციო სფეროში და აქედან 2 წელი შესაბამის პოზიციაზე;
დ) საჰაერო ხომალდის შესაბამისი მსგავსი ტიპის ცოდნა, რომელიც მან შეიძინა სასწავლო გაცნობითი კურსის გავლის შედეგად სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში ან სხ-ის მწარმოებელთან;
ე) ტექმომსახურების სამუშაოების განხორციელების მეთოდების ცოდნა (მათ შორის, ადამიანური ფაქტორის პრინციპების ცოდნა);
ვ) ხარისხის სისტემა და ორგანიზაციული მოწყობა.
4. საწარმოს უნდა ჰყავდეს სათანადოდ კვალიფიციური პერსონალი, რომ მას შეეძლოს დაგეგმილი სამუშაოს შესრულება. საწარმო უფლებამოსილია დროებით გამოიყენოს ქვეკონტრაქტორი პერსონალი.
5. საწარმომ უნდა შეაფასოს და აწარმოოს პერსონალის საკვალიფიკაციო ჩანაწერები.
6. პერსონალი, რომელიც ახორციელებს შედუღების ან ურღვევი კონტროლის სამუშაოებს, გარდა ფერთა კონტრასტით ფერადი დეფექტოსკოპიისა, კვალიფიცირებული უნდა იყოს სსტ ენ 4179:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა იხილეთ ევროკავშირის 2014 წლის 26 ნოემბრის რეგულაციის (EU) №1321/2014 სახელმძღვანელო მასალაში AMC1 CAO.A.035(c) და AMC1 CAO.A.035(e).
მუხლი 8🔗.
საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციაში დაშვებაზე უფლებამოსილი პერსონალი
1. საწარმოს სტ-ის ოპერატიული/საბაზო ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შესრულებისათვის, უნდა გააჩნდეს სტ-ის ექსპლუატაციაში დაშვების უფლებამოსილი, სააგენტოს მიერ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მარტის №69 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად სერტიფიცირებული ან აღიარებული პერსონალი.
2. საწარმო ვალდებულია საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დაშვების პერსონალის სამუშაოზე დაშვებისათვის დარწმუნდეს, რომ აღნიშნულ პერსონალს გააჩნია შესაბამისი სხ/კომპონენტების ტექმომსახურების, ასევე მასთან დაკავშირებული საორგანიზაციო პროცედურების სათანადო ცოდნა.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა იხილეთ ევროკავშირის 2014 წლის 26 ნოემბრის
რეგულაციის (EU) №1321/2014 სახელმძღვანელო მასალაში AMC66.A.20(b)(2).
3. სხ-ის ძირითადი ადგილმდებარეობიდან გარეთ, სადაც არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პერსონალი, საჰაერო ხომალდზე აღმოჩენილი გაუმართაობის გამოსასწორებლად, საწარმო უფლებამოსილია:
ა) გასცეს ერთჯერადი დაშვების ნებართვა მის პერსონალზე, რომელსაც გააჩნია მსგავსი ტექნოლოგიის, კონსტრუქციის და სისტემების მქონე საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაზე დაშვება ან უფლებამოსილება, ან
ბ) იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ აეროპორტში არ არის ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებული საწარმო, გასცეს ერთჯერადი დაშვების ნებართვა იმ პირზე, რომელსაც გააჩნია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მოთხოვნების მიხედვით გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობა ამ ტიპის საჰაერო ხომალდზე და სტ-ის ტექმომსახურების არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
4. ამ მუხლის მე-6 პუნტის მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ერთჯერადი ნებართვის გაცემის შესახებ, სააგენტოს შეტყობინება უნდა მოხდეს მისი გაცემიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში. საწარმო, რომელიც გასცემს ერთჯერად ნებართვას, ვალდებულია ამ წესის მიხედვით სერტიფიცირებულ ან აღიარებულ საწარმოში მოახდინოს აღნიშნული სამუშაოს შესრულების გადამოწმება პირველივე შესაძლებლობისთანავე.
5. საწარმო უფლებამოსილია პილოტის მოწმობის მქონე სხ-ის მეთაურს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური პრაქტიკული მომზადება, ტექმომსახურების კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად მისცეს უფლებამოსილება, საწარმოს ან მისი სადგურის ადგილმდებარეობიდან მოშორებით საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის შემთხვევაში. აღნიშნული უფლებამოსილების გაცემის პროცედურა დეტალურად უნდა იქნას გაწერილი CAE-ს პროცედურების სახელმძღვანელოში.
6. სხ-ის მეთაურს შეიძლება აგრეთვე მიეცეს განმეორებადი ფრენის ვარგისობის დირექტივის შესრულების უფლება, თუ ეს ნებადართულია ამ დირექტივით.
7. საწარმო ვალდებულია, აწარმოოს ექსპლუატაციაზე დაშვების უფლების მქონე და დამხმარე პერსონალის მონაცემების და დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათ შორის:
ა) პერსონალის სხ-ის ტექმომსახურების ავიასპეციალისტის მოწმობის მონაცემები;
ბ) მონაცემები მისი განათლების და სწავლებების შესახებ;
გ) დაშვებების მოცულობა;
დ) მონაცემები იმ პერსონალის შესახებ, რომელსაც მინიჭებული აქვს დაშვების შეზღუდული მოცულობის ან ერთჯერადი ავტორიზაციები.
მუხლი 9🔗.
საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასებაზე უფლებამოსილი პერსონალი
1. საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასებაზე უფლებამოსილი პერსონალი, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას და საფრენად ვარგისობის რეკომენდაციების მომზადებას, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს არანაკლებ 1 (ერთი) წლის სამუშაო გამოცდილება პლანერების და აეროსტატების საფრენად ვარგისობის მართვაში და 3 (სამი) წლის გამოცდილება სხვა დანარჩენი საჰაერო ხომალდებისთვის;
ბ) გააჩნდეს სხ-ის ტექმომსახურების ავიასპეციალისტის შესაბამისი მოწმობა ან/და უმაღლესი საავიაციო ტექნიკური განათლება ან ჰქონდეს არანაკლებ 2 (ორი) წლის სამუშაო გამოცდილება პლანერების და აეროსტატების საფრენად ვარგისობის მართვაში და 4 (ოთხი) წლის გამოცდილება სხვა დანარჩენი საჰაერო ხომალდებისთვის;
გ) გავლილი ჰქონდეს შესაბამისი საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სწავლება.
2. საწარმო უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პერსონალის ავტორიაზაცია.
3. საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასებაზე უფლებამოსილ პერსონალს უნდა გააჩნდეს მასზე დაკისრებული ვალდებულების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნა, მომზადება და გამოცდილება, კერძოდ:
ა) ბოლო 2(ორი) წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს შესაბამის სხ საფრენად ვარგისობის შენარჩუნების არანაკლებ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება, ან;
ბ) ბოლო 12 თვის განმავლობაში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის შეფასება.
4. საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასებაზე უფლებამოსილი თითოეული პირი ასახული უნდა იყოს CAE-ს საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასების ავტორიზებულ პირთა ჩამონათვალში.
5. საწარმო ვალდებულია აწარმოოს საჰაერო ხომალდის მდგომარეობის შეფასებაზე უფლებამოსილი პერსონალის მონაცემების და დოკუმენტაციის აღრიცხვა, რომელიც მოიცავს: მონაცემებს შესაბამისი კვალიფიკაციის, სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების გამოცდილების და სწავლებების შესახებ, ასევე ავტორიზაციის ასლს. პერსონალის მიერ საწარმოს დატოვების ან ავტორიზაციის გაუქმების შემდეგ, საწარმომ ავტორიზაციის დოკუმენტაცია უნდა შეინახოს მინიმუმ 2 (ორი) წლის განმავლობაში. პერსონალის მოთხოვნის შემთხვევაში საწარმო ვალდებულია გადასცეს აღნიშნული დოკუმენტაციის ასლები.
მუხლი 10🔗.
კომპონენტები, მოწყობილობები და ინსტრუმენტები
1. საწარმოს უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო მოწყობილობა, ინსტრუმენტი და მასალა, რაც მითითებულია ტექმომსახურების მონაცემებში, საავიაციო ტექნიკის მწარმოებლის ან დამამზადებლის ინსტრუქციებში. საწარმოს მიერ ალტერნატიული ინსტრუმენტის ან მოწყობილობის გამოყენება დასაშვებია მის CAE-ში გაწერილი პროცედურის შესაბამისად, სააგენტოსთან შეთანხმებით.
2. საწარმოს უნდა გააჩნდეს მუდმივად ხელმისაწვდომი მოწყობილობები და ინსტრუმენტები, გარდა იმ მოწყობილობისა ან ინსტრუმენტისა, რომლიც გამოიყენება იშვიათად. იშვიათად საჭირო ხელსაწყოების და მოწყობილობების გამოყენების პროცედურები აღწერილი უნდა იყოს ტექმომსახურების სახელმძღვანელოში.
3. ინსტრუმენტების, მოწყობილობის და სატესტო საშუალებების ვარგისობისა და სიზუსტის შენარჩუნება, მათი სათანადო კონტროლი და დაკალიბრება საწარმომ უნდა უზრუნველყოს მწარმოებლის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული დაკალიბრებისა და სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი ჩანაწერები ინახება საწარმოში.
4. საწარმოში გამოყენებული ყველა ინსტრუმენტი და მოწყობილობა, მათ შორის, პერსონალური ინსტრუმენტები, აღრიცხული უნდა იყოს შესაბამის რეესტში, სადაც აღნიშნული იქნება მათი შემოწმების და დაკალიბრების თარიღი, შემოწმების ინტერვალები, ვარგისობის ვადები.
5. ყველა ინსტრუმენტზე და მოწყობილობაზე დატანილი უნდა იქნეს იარლიყი, მისი შემოწმების და ვარგისობის ვადების აღნიშვნით. დაზიანებულ ან გამოსაყენებლად უვარგის ინსტრუმენტზე დაიტანება შესაბამისი იარლიყი, რომელზეც აღნიშნულია გაუმართაობა.
6. კომპონენტები იყოფა შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) კომპონენტები, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაბამისად ასახულია მისი მწარმოებელი, დასახელება, ნახაზის და სერიული ნომერი, რომელზეც გაცემულია შესაბამისი ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი:
ა.ა) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული საწარმოს მიერ; ან
ა.ბ) საჰაერო ხომალდის, კომპონენტის ან ნაწილის მწარმოებლის მიერ; ან
ა.გ) EASA-ს ან მისი წევრი ქვეყნის მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული საწარმოს მიერ;
ბ) გაუმართავი კომპონენტები, რომელთა ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად. გაუმართავად ითვლება კომპონენტი, თუ:
ბ.ა) ამოწურულია ტექმომსახურების პროგრამით განსაზღვრული რემონტშორისი რესურსი;
ბ.ბ) არ არის დაკმაყოფილებული საფრენად ვარგისობის დირექტივის მოთხოვნები;
ბ.გ) არ არის ხელმისაწვდომი ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ბ.დ) ექსპლუატაციის დროს გამოვლენილი იქნა მტყუნება ან/და გაუმართაობა;
ბ.ე) გამოიყენებოდა იმ საჰაერო ხომალდზე, რომელმაც განიცადა საავიაციო შემთხვევა;
გ) ექსპლუატაციისათვის უვარგისი კომპონენტები:
გ.ა) რომლებიც არ ექვემდებარება გარემონტებას;
გ.ბ) რომლებიც ვერ აკმაყოფილებს მწარმოებლის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;
გ.გ) რომლის მოდიფიცირება ან გადაკეთება მოხდა დადგენილი წესის დარღვევით;
გ.დ) ამოწურული აქვს მწარმოებლის მიერ საექსპლუატაციო რესურსი და არ აქვს ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ.ე) რომლის ვარგის მდგომარეობაში დაბრუნება ვერ მოხდება, გარემო პირობების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანების გამო;
გ.ვ) რომლისთვისაც ვერ სრულდება საფრენად ვარგისობის დირექტივის მოთხოვნები;
დ) სტანდარტული დეტალები, რომლებიც გამოიყენება საჰაერო ხომალდზე, ძრავაზე, საჰაერო ხრახნზე ან საჰაერო ხომალდის სხვა კომპონენტზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი მითითებულია დამამზადებლის დეტალების ილუსტრირებულ კატალოგში და/ან ტექმომსახურების მონაცემებში.
7. ტექმომსახურების პროცესში გამოყენებული მასალები უნდა აკმაყოფილებდეს მწარმოებლის მიერ დადგენილ მოთხოვნებს. ყველა მასალას თან უნდა ახლდეს დოკუმენტაცია, რომელიც ზუსტად ასახავს ამ მასალის შესაბამისობას მასალის მწარმოებლის მოთხოვნებთან.
8. კომპონენტის, სათადარიგო ნაწილების და მასალების დამონტაჟებამდე საწარმო ვალდებულია, დადგენილი პროცედურების შესაბამისად, დარწმუნდეს, რომ კონკრეტული კომპონენტი, სათადარიგო ნაწილები და მასალები ვარგისია საჰაერო ხომალდზე დასამონტაჟებლად.
9. საჰაერო ხომალდზე დამონტაჟებული უნდა იქნეს მხოლოდ ის კომპონენტი, სათადარიგო ნაწილი და მასალები, რომლებიც ვარგის მდგომარეობაშია, გააჩნია საჭირო დოკუმენტაცია და დადგენილია სხ-ის მწარმოებლის სახელმძღვანელო დოკუმენტაციით, საწარმოს მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
10. საწარმოს, საავიაციო ტექნიკაზე მიმდინარე ტექნიკური მომსახურების პროცესში შეუძლია დაამზადოს შეზღუდული სახეობის ნაწილები, საწარმოს მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
11. ვარგისი სათადარიგო ნაწილები და მასალები განცალკევებულად უნდა ინახებოდეს გაუმართავი და ექსპლუატაციისთვის უვარგისი კომპონენტებისგან.
12. დანიშნულ რესურსგასული ან უვარგისი კომპონენტების გამოყენება აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რესურსის გაგრძელება ან რემონტი ხდება მწარმოებლის ან შემმუშავებლის მიერ დადგენილი ინსტრუქციებით.
მუხლი 11🔗.
ტექმომსახურების მონაცემები
1. საწარმოს, სხ-ის ყველა იმ ტიპისა და კომპონენტისათვის, რომელზეც გააჩნია ტექმომსახურების უფლება, მათ შორის, მოდიფიკაციების და რემონტის განხორციელებისას, უნდა გააჩნდეს ტექმომსახურების მოქმედი მონაცემები, რომელთა შესაბამისადაც უნდა განახორციელოს ტექმომსახურება.
2. ტექმომსახურების მოქმედ მონაცემებს წარმოადგენს შემდეგი მონაცემები:
ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნა, სტანდარტი, ინსტრუქცია;
ბ) საავიაციო ტექნიკის ტიპის სერტიფიკატის მფლობელის ან დამამზადებლის მიერ გამოქვეყნებული ფრენის ვარგისობის შენარჩუნების ინსტრუქცია;
3. საწარმოს უნდა გააჩნდეს პროცედურები, რომლებიც ითვალისწინებს ტექმომსახურების პერსონალის მიერ გამოყენებულ ტექმომსახურების მონაცემებში არასწორი, არასრული ან ორაზროვანი პროცედურის, პრაქტიკის, ინფორმაციის ან ტექმომსახურების ინსტრუქციის აღმოჩენის შემთხვევაში მათ აღრიცხვას და შეცდომის ავტორისთვის შეტყობინებას.
4. საწარმო უფლებამოსილია, შეცვალოს ტექმომსახურების ინსტრუქციები მხოლოდ ტექმომსახურების სახელმძღვანელოს აღნიშნული პროცედურების შესაბამისად მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ აღნიშნული ცვლილების შედეგად შენარჩუნდება ან გაიზრდება ტმ-ის სტანდარტები. საწარმო ვალდებულია აღნიშნული ცვლილებების შესახებ შეატყობინოს სხ-ს ტიპის სერტიფიკატის მფლობელს.
შენიშვნა: ამ პუნქტში მითითებულ ტექმომსახურების ინსტრუქციებში იგულისხმება ის, თუ როგორ უნდა შესრულდეს კონკრეტული ტექმომსახურების დავალება და მათში არ მოიაზრება რემონტისა და მოდიფიკაციების შესრულების ინსტრუქცია.
5. საწარმო ვალდებულია, შემოიღოს სამუშაო ბარათების ან უწყისების სისტემა, რომელიც სავალდებულოა გამოსაყენებლად საწარმოს პერსონალის მიერ და მასში მიეთითება შესაბამის ტექნიკურ მონაცემებში შემავალი კონკრეტული ტმ-ს დავალება.
6. სამუშაო ბარათები ან უწყისები შესაძლებელია შემუშავებულ იქნეს, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით შემუშავებული ბარათები ან უწყისები უნდა ინახებოდეს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში იმგვარად, რომ დაცულ იქნეს უკანონო შეცვლისგან და უზრუნველყოფილ იქნეს სარეზერვო ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომლის განახლება მოხდება ძირითად ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანიდან 24 საათის განმავლობაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის პროცედურების მომზადებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანური ფაქტორების ზეგავლენა და შესაძლებლობები.
7. კომპლექსური ტექმომსახურების დავალებები უნდა ჩაიწეროს სამუშაო ბარათებში ან უწყისებში და დაიყოს დეტალურ საფეხურებად იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტექმომსახურების სრული პროცესის აღრიცხვა.
8. დასაშვებია სხ-ის ექსპლუატანტის სამუშაო ბარათების ან უწყისების გამოყენება, შესაბამისი ექსპლუატანტის მოთხოვნის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში, საწარმო ვალდებულია, დაადგინოს პროცედურა, რომლის მიხედვითაც სათანადოდ შეივსება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამუშაო ბარათები ან უწყისები.
9. საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ ტექმომსახურების ყველა მოქმედი მონაცემი ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იყოს ტექმომსახურების პერსონალის მიერ გამოყენებისათვის.
10. საწარმო ვალდებულია, უზრუნველყოს, ტექმომსახურების მონაცემების მუდმივი განახლება და კონტროლი.
11. სამუშაოს დამკვეთისაგან ტექმომსახურების მონაცემთა მიღებისას, დამკვეთმა წერილობით უნდა დაადასტურის რომ მის მიერ წარმოდგენილია მოქმედი, განახლებული მონაცემები.
მუხლი 12🔗.
ტექნიკური მომსახურების შესრულების შეფასება
1. საჰაერო ხომალდის და კომპონენტ(ებ)ის ტექმომსახურებისას, საწარმო ვალდებულია:
ა) დარწმუნდეს რომ ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შემსრულებელ პერსონალს გააჩნია სათანადო უფლებამოსილება ამ წესის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი სამუშაო სივრცის მოწყობა და სისუფთავე (დაბინძურებისგან დაცვა);
გ) გამოიყენოს ტექმომსახურების მონაცემების, სამუშაო ბარათების და უწყისების შესაბამისი ინსტრუქციები, მეთოდები და სამუშაო პრაქტიკა;
დ) გამოიყენოს შესაბამისი ტექნიკური საშუალება, მოწყობილობა, ხელსაწყო და მასალა;
ე) უზრუნველყოს ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შესრულება ტექმომსახურების მონაცემების შესაბამისი გარემო პირობების მიხედვით;
ვ) ხანგრძლივი ტექნიკური მომსახურების სამუშაოების დროს ან გარემო ზემოქმედებისგან დაცვისას უზრუნველყოს სათანადო საშუალებების გამოყენება;
ზ) დანერგოს, ტექმომსახურების დროს მრავლობითი და განმეორებითი შეცდომების დაშვების რისკის შემცირების პროცესი იდენტური სამუშაოების შესრულებისას;
თ) დანერგოს, ტექმომსახურების კრიტიკული სამუშაოების შესრულების შემდეგ შეცდომების გამოვლენის პროცესი;
ი) სამუშაოების დამთავრების შემდეგ, სამუშაოს შემსრულებელის მიერ სამუშაოს შესრულების ადგილის (ნაკვეთურში, ლიუკებში, ჰაერშემწოვ მოწყობილობებში, კაბინაში) შემოწმების პროცესი, რათა არ დარჩეს ნაწილები, ხელსაწყო-იარაღები და სხვა გარეშე საგნები და დაკეტოს ტექნიკური ნაკვეთურების კარები (ხუფები, სახურავები).
2. საწარმო ვალდებულია სათანადოდ აღრიცხოს და დოკუმენტურად გააფორმოს შესრულებული სამუშაოები.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა იხილეთ ევროკავშირის 2014 წლის 26 ნოემბრის რეგულაციის (EU) №1321/2014 სახელმძღვანელო მასალაში AMC CAO.A.060.
მუხლი 13🔗.
საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაზე დაშვება და საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაზე დაშვების სერტიფიკატი
1. საავიციო ტექნიკის ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატზე საწარმოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირი ხელმოწერით ადასტურებს, რომ სხ-ზე მოთხოვნილი ტექმომსახურება შესრულებულ იქნა საწარმოს მიერ დამტკიცებული პროცედურების და სხ-ის მწარმოებლის დოკუმენტაციის შესაბამისად და საავიაციო ტექნიკას არ გააჩნია ფრენის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი შეუსაბამობა.
2. სტ-ის ექსპლუატაციაზე დაშვების სერტიფიკატს საწარმო გასცემს საჰაერო ხომალდის გაფრენამდე, ტმ-ის დასრულების შემდეგ.
3. აღნიშნული ტექმომსახურების დროს აღმოჩენილი ახალი დეფექტების ან მოთხოვნილი ტექმომსახურების არასრული შეკვეთის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს, რათა მოხდეს შეთანხმება მოცემული დეფექტების გამოსწორების თაობაზე ან ტექმომსახურების სამუშაო დავალებაში დამატებითი ელემენტების შეტანაზე. იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი უარს იტყვის აღნიშნული ტექმომსახურების შესრულებაზე, სტ-ის ექსპუატაციაში დაშვება მოხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
4. საჰაერო ხომალდიდან მოხსნილი კომპონენტის ტექმომსახურების დასრულების შემდეგ გაიცემა ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი (დანართი №1). თუ კომპონენტის ტექმომსახურება ხორციელდება საწარმოში სხ-ზე მიმდინარე ტექმომსახურების მოცულობაში, სავალდებულო არ არის დაშვების სერტიფიკატის გამოცემა, თუ საწარმოს სახელმძღვანელოში გაწერილია ექსპლუატაციაში დაშვების პროცედურებში.
5. თუ საწარმო ვერ ასრულებს მოთხოვნილი ტექმომსახურების დასრულებას, ის უფლებამოსილია, გასცეს სტ-ის ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი, ამ საჰაერო ხომალდისათვის დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში. საწარმო ვალდებულია, არსებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია შეიტანოს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატში მის გაცემამდე.
6. იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო ხომალდი არ იმყოფება ძირითადი ბაზირების ადგილზე ან საწარმოს ოპერატიული ტექმომსახურების სადგურზე და მასზე დეფექტის აღმოსაფხვრელად ხელმისაწვდომი არაა სათანადოდ სერტიფიცირებული კომპონენტი, დასაშვებია კომპონენტის დროებით დაყენება სათანადო სერტიფიკატის გარეშე მაქსიმუმ 30 ფრენა-საათის განმავლობაში, ან სხ-ს ბაზირების ადგილას დაბრუნებამდე, იმის და მიხედვით, თუ რომელი პირობა დადგება უფრო ადრე. მოცემული კომპონენტების დემონტაჟი უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული დროის ამოწურვამდე მიღებული არ იქნა შესაბამისად ექსპლუატაციაში დაშვების სათანადო სერტიფიკატი.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა იხილეთ ევროკავშირის 2014 წლის 26 ნოემბრის რეგულაციის (EU) №1321/2014 სახელმძღვანელო მასალაში AMC1 CAO.A.070(a).
მუხლი 14🔗.
საფრენად ვარგისობის მართვა
1. საწარმო ვალდებულია საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის მართვა უზრუნველყოს საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
2. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) ტექნიკური მომსახურების პროგრამის შემუშავება და განახორციელოს მისი შესრულების კონტროლი, ასევე:
ა.ა) დაამტკიცოს ტექნიკური მომსახურების პროგრამა შემდეგი საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც არ ახორციელებენ კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვას:
ა.ა.ა) თვითმფრინავები მაქსიმალური ასაფრენი მასით 2700კგ და ნაკლები, გარდა ძრავიანი კომპლექსური თვითმფრინავები;
ა.ა.ბ) ვერტმფრენი მაქსიმალური ასაფრენი მასით 1200კგ და ნაკლები ან 4 ან ნაკლებ ადგილზე სერტიფიცირებული;
ა.ა.გ) ELA-2 საჰაერო ხომალდები.
ა.ბ) „ა.ა“ ქვეპუნქტიგან განსხვავებული საჰაერო ხომალდებისთვის, ტექნიკური მომსახურების პროგრამაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დამტკიცებული პროცედურების მიხედვით ან სააგენტოსთან შეთანხმებით;
ბ) საჰაერო ხომალდის მესაკუთრისათვის ტექნიკური მომსახურების პროგრამის ასლის მიწოდება;
გ) საჰაერო ხომალდის მოდიფიკაციის და რემონტის შესრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური მონაცემებით;
დ) საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩატარება და ექსპლუატაციაში დაშვება კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის შენარჩუნებაზე მოქმედი ყველა სავალდებულო საფრენად ვარგისობის დირექტივის (AD) და საექსპლუატაციო ინსტრუქციის შესრულება;
ვ) ტექნიკური მომსახურების დროს აღმოჩენილი ან მანამდე შეტყობინებული დეფექტის აღმოფხვრა სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/ აღიარებული საწარმოს ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ;
ზ) საჰაერო ხომალდისთვის, საჭიროებისას, შესაბამისი ტექნიკური მომსახურების ჩატარება სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული/აღიარებული საწარმოს მიერ;
თ) გეგმური ტექნიკური მომსახურების, საფრენად ვარგისობის დირექტივების (AD) შესრულების, რესურსით შეზღუდული ნაწილების გამოცვლის და კომპონენტების ინსპექტირების დროს კოორდინაცია, ტექნიკური მომსახურების სამუშაოების სათანადოდ შესრულების მიზნით;
ი) საფრენად ვარგისობის შენარჩუნების ყველა ჩანაწერის და ასევე საჰაერო ხომალდის ტექნიკური ჟურნალის მართვა და დაარქივება;
კ) საჰაერო ხომალდის მასის და გაწონასწორების ანგარიშების მონაცემებში მიმდინარე მდომარეობის ასახვა.
მუხლი 15🔗.
საფრენად ვარგისობის მონაცემები
1. საწარმოს, სხ-ის ყველა იმ ტიპისათვის რომელზეც გააჩნია საფრენად ვარგისობის მართვის უფლება, უნდა გააჩნდეს ტექმომსახურების მოქმედი მონაცემები ამ მუხლში მოცემული სამუშაოების შესასრულებლად.
2. საფრენად ვარგისობის მონაცემები საწარმოსთვის მიწოდებული უნდა იქნეს საჰაერო ხომალდის მესაკუთრის მიერ, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
3. საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს ტექმომსახურების მონაცემების მუდმივი განახლება და კონტროლი.
4. სამუშაოს დამკვეთისაგან ტექმომსახურების მონაცემთა მიღებისას დამკვეთმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ წარმოდგენილია მოქმედი და განახლებული მონაცემები.
მუხლი 16🔗.
ჩანაწერების აღრიცხვა
1. საწარმო ვალდებულია:
ა) ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად, აღრიცხოს და შეინახოს შესრულებული ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩანაწერები, რომლის საფუძველზეც გაიცა ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატი, აგრეთვე, ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების და ექსპლუატაციაში დაშვების დოკუმენტები; საჰაერო ხომალდის მესაკუთრეს მიაწოდოს ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატ(ებ)ის ასლი ნებისმიერი მოდიფიკაცის და რემონტის შესრულებისთვის გამოყენებული ტექნიკური მონაცემების ასლთან ერთად;
ბ) აღრიცხოს და შეინახოს საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მართვის დოკუმენტაცია საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების განხორციელების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საწარმომ უნდა შეინახოს მის მიერ შესრულებული ტექმომსახურების ჩანაწერის და მასთან დაკავშირებული ტექმომსახურების მონაცემების ასლები საჰაერო ხომალდის ან საჰაერო ხომალდის კომპონენტის ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატ(ებ)ის გაცემიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში;
3. საწარმომ უნდა შეინახოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჩანაწერების ასლები საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციიდან სამუდამოდ მოხსნიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში;
4. ჩანაწერები დაცული უნდა იქნეს დაზიანებისაგან, დაკარგვისა და მათში არაკანონიერი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობისგან.
5. კომპიუტერული ტექნიკა, რომელიც გამოიყენება ტექნიკური ჩანაწერების სარეზერვო ასლისთვის, უნდა ინახებოდეს ამ მონაცემების შემცველი მოწყობილობის ადგილისგან განსხვავებულ ადგილას და ისეთ გარემოში, რომელიც უზრუნველყოფს მათ კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას.
6. საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მართვის სხვა პირისთვის ან საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, ასევე უნდა მოხდეს ყველა ჩანაწერის გადაცემა. გადაცემის მომენტიდან აღნიშნულ საწარმოზე ან პირზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.
7. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო შეწყვეტს საქმიანობას, ყველა ჩანაწერი გადაეცემა შესაბამისი საჰაერო ხომალდის/კომპონენტის ბოლო მფლობელს ან დამკვეთს, ან მოხდება მათი შენახვა სააგენტოს მოთხოვნების (მითითების) შესაბამისად.
მუხლი 17🔗.
ხარისხის სისტემა და მცირე საწარმოს რეგულარული შემოწმება
1. ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საწარმომ უნდა ჩამოაყალიბოს ხარისხის მართვის სისტემა და დანიშნოს ხარისხის მენეჯერი.
2.ხარისხის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ამ წესის შესაბამისად საწარმოს საქმიანობის განხორციელების ზედამხედველობა, კერძოდ:
ა) საწარმოს საქმიანობა ხორციელდება დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად;
ბ) კონტრაქტით განსაზღვრული ყველა ტექნიკური მომსახურების სამუშაოები შესრულებულია ხელშეკრულების შესაბამისად;
გ) საწარმო აგრძელებს ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას.
3. ხარისხის სისტემის ზედამხედველობის ჩანაწერები ინახება არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.
4. ამ წესით სერტიფიცირებული საწარმოს ხარისხის სისტემა, რომელიც ასევე სერტიფიცირებულია ამ წესისგან განსხვავებული მოთხოვნებით, ასევე შეიძლება მოიცავდეს სხვა წესის მოთხოვნებსაც.
5. საწარმო ჩაითვლება მცირე საწარმოდ, შემდეგი ერთ-ერთი პირობის არსებობისას:
ა) მოქმედების სფერო მოიცავს მხოლოდ შემდეგ საჰაერო ხომალდებს;
ა.ა) თვითმფრინავები მაქსიმალური ასაფრენი მასით 2700კგ და ნაკლები, გარდა ძრავიანი კომპლექსური თვითმფრინავებისა;
ა.ბ) ვერტმფრენი მაქსიმალური ასაფრენი მასით 1200კგ და ნაკლები ან 4 ან ნაკლებ ადგილზე სერტიფიცირებული;
ა.გ) ELA-2 საჰაერო ხომალდები;
ბ) ტექნიკურ მომსახურებაში ჩართული, სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა არ აღემატება 10 მუშაკს;
გ) ხომალდის საფრენად ვარგისობის მართვაში ჩართული, სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა არ აღემატება 5 მუშაკს.
6. მცირე საწარმოს შემთხვევაში ხარისხის სისტემა შეიძლება ჩანაცვლდეს საწარმოს რეგულარული შემოწმებებით, CAE-ში გაწერილი და სააგენტოსთან შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად. ამ შემთხვევაში, საწარმო არ არის უფლებამოსილი განახორციელოს საფრენად ვარგისობის მართვის სამუშაოები ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის მეშვეობით.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა იხილეთ ევროკავშირის 2014 წლის 26 ნოემბრის რეგულაციის (EU) №1321/2014 სახელმძღვანელო მასალაში AMC1 CAO.A.100(a), AMC1 CAO.A.100(b), GM1 CAO.A.100(e), AMC1 CAO.A.100(f) და Appendix II to AMC1 CAO.A.100(f).
მუხლი 18🔗.
საწარმოში დაგეგმილი ცვლილებები
1. საწარმოში დაგეგმილი შემდეგი ცვლილებები საჭიროებს სააგენტოს წინასწარ თანხმობას:
ა) საწარმოს სერტიფიკატით და მისი დანართით განსაზღვრული სამუშოების მოცულობებთან დაკავშირებული ცვლილებები;
ბ) პასუხისმგებელი და დანიშნული ხელმძღვანელი პირების ცვლილება;
გ) 2730 კგ მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე თვითმფრინავების და 1200კგ მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე ან 4-ზე მეტი ადგილით სერტიფიცირებული ვერტმფრენების შემთხვევაში სამუშაო მოცულობის ცვლილება თითოეული საჰაერო ხომალდის ტიპისთვის;
დ) აირტურბინული ძრავებისთვის სამუშაო მოცულობის ცვლილება;ა
ე) იმ პროცედურების ცვლილება, რომლის შესაბამისად ხორციელდება საწარმოს ცვლილებები სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე.
2. განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია დაგეგმილი ცვლილების შესახებ სააგენტოს წარედგინება ცვლილების განხორციელებამდე.
3. საწარმო უფლებამოსულია განახორციელოს ცვლილება სააგენტოს თანხმობის მიღების შემდეგ.
4. CAE-ში გაწერილი პროცედურების შესაბამისად, ის ცვლილებები რომლებიც არ საჭიროებს სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებას (მაგ. ადგილმდებარეობის, ობიექტების, აღჭურვილობის, ხელსაწყოების, მასალების, პროცედურების, პერსონალის ცვლილება) სააგენტოს ეცნობება ცვლილების განხორციელებიდან 15 დღის განმავლობაში.
თავი III
საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს სერტიფიცირება
მუხლი 19🔗.
განცხადებისა და თანდართული საბუთების წარდგენა სააგენტოში, მათი განხილვა
1. განმცხადებელი, სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ამ წესის №2 დანართით დადგენილ ფორმას. განცხადებას ხელს აწერს განმცხადებლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა ვრცელდება აგრეთვე საწარმოს მიერ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე სერტიფიკატის განახლებასთან, დუბლიკატის გაცემასთან, აგრეთვე, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) განაცხადის ფორმა (დანართი № 2);
ბ) საწარმოს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
გ) საწარმოს პასუხიმგებელი ხელმძღვანელი პირების მონაცემები (№4 დანართის შესაბამისად);
დ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნებს;
ე) ამ წესების მოთხოვნებთან საწარმოს შესაბამისობის დასადგენად საწარმოს პერსონალის მიერ ჩატარებული წინასწარი აუდიტის შედეგები.
3. განცხადების და თანდართული საბუთების ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის (არასრულად, არაზუსტად წარმოდგენის) შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ხარვეზზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ხარვეზი და წარმოადგინოს მათი გამოსწორების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
4. საწარმო, რომელიც სერტიფიცირებულია “საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 30 დეკემბრის N302 ბრძანების შესაბამისად, უფლებამოსილია წარმოადგინოს განაცხადი ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირების მოთხოვნით. აღნიშნულ საწარმოზე შესაძლებელია გაიცეს ამ წესის შესაბამისი სერტიფიკატი იმ უფლებამოსილებების ფარგლებში, რაც გააჩნდა ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატით.
5. განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში სააგენტო ახორციელებს საწარმოს ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმებას.
მუხლი 20🔗.
ნაკლოვანებები
1. საწარმომ უნდა უზრუნველყოს ჩატარებული შემოწმების შედეგების:
ა) შეუსაბამობის გამომწვევი მიზეზ(ებ)ის და ხელშემწყობი ფაქტორების დადგენა;
ბ) განსაზღვროს მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმა და წარუდგინოს სააგენტოს შესათანხმებლად;
გ) სააგენტოსთან შეთანხმებული მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება.
2. საწარმომ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს სააგენტოსთან შეთანხმებულ ვადებში.
მუხლი 21🔗.
სერტიფიკატის გაცემაზე ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, სერტიფიკატის მოქმედების ვადა
1. სააგენტო, ამ წესით დადგენილი სასერთიფიკაციო მოთხოვნების, საწარმოს მიერ დაკმაყოფილების და/ან ნაკლოვანებების სრულად აღმოფხვრის შემთხვევაში, სერტიფიცირების საბოლოო ანგარიშის საფუძველზე 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გასცემს სერტიფიკატს და მის დანართს და ითანხმებს საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს.
2. სერტიფიკატი მოქმედია უვადოდ, თუ არ მოხდა მისი შეჩერება ან გაუქმება.
3. სააგენტო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში.
მუხლი 22🔗.
სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილების შეტანა
1. სერტიფიკატის მფლობელი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით (დანართი №2), რომელშიც აღინიშნება საწარმოს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა ერთვოდეს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ის შეტანის მიზეზ(ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2. სააგენტოს შეაქვს სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილებ(ებ)ი, თუ:
ა) შეიცვალა სერტიფიკატის მფლობელის დასახელება ან სამართლებრივი ფორმა;
ბ) შეიცვალა პირობები, რომელთა შესაბამისადაც იყო გაცემული სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი.
3. სააგენტო განცხადებას და თანდართულ საბუთებს იხილავს განცხადების რეგისტრაციიდან სამი თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილების შეტანის ან ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
4. სააგენტო ახალ სერტიფიკატს და/ან სერტიფიკატის დანართს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში. ძველი სერტიფიკატი და/ან სერტიფიკატის დანართი 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში უბრუნდება სააგენტოს.
მუხლი 23🔗.
სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დუბლიკატის გაცემა
1. სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დუბლიკატი გაიცემა:
ა) სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დაკარგვისას;
ბ) სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დაზიანებისას.
2. სერტიფიკატის და/ან სერტიფიკატის დანართის დუბლიკატის მისაღებად სერტიფიკატის მფლობელი სააგენტოში წარადგენს განცხადებას დუბლიკატის გაცემის დასაბუთებით. დუბლიკატი გაიცემა სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 24🔗.
სერტიფიკატის შეჩერება, გაუქმება, სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ:
ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია ან შეიძლება გამოწვიოს საავიაციო მოვლენა;
ბ) საწარმომ ვერ უზრუნველყო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებების აღმოფხვრა;
გ) სააგენტო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, 24 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებს ამ საწარმოს ზედამხედველობას.
2. სერტიფიკატის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება სერტიფიკატის მფლობელს, რომელშიც დეტალურად უნდა აისახოს სერტიფიკატის შეჩერების მიზეზ(ებ)ი.
3. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება სერტიფიკატის შეჩერების მიზეზი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 (სამი) თვით.
4. სერტიფიკატი განახლდება, თუ აღმოფხვრილ იქნება ის ნაკლოვანებები, რომლებიც გახდა მისი შეჩერების საფუძველი და სერტიფიკატის მფლობელი წერილობით აცნობებს სააგენტოს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე. ამასთან სააგენტო უნდა დარწმუნდეს ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში.
5. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) სერტიფიკატის შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;
ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;
გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
6. სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება:
ა) სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე;
ბ) ამ წესის 26-ე მუხლით განსაზღვრული ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი ისეთი ნაკლოვანებების არსებობისას, რომლითაც დასტურდება, რომ საწარმოს და სადგურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფაქტობრივი მდგომარეობა სრულად ვერ უზრუნველყოფს სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული ტმ-ის სახეობებისა და/ან დასაშვებ სამუშაოთა სრულად განხორციელებას.
7. სერტიფიკატის გაუქმების, მისი შეჩერების, ან სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საწარმო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ დაინტერესებულ პირებს.
8. სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში საწარმო ვალდებულია 3 (სამი) დღის ვადაში დააბრუნოს სააგენტოში სერტიფიკატი და მისი დანართი.
მუხლი 25🔗.
უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარება
1. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურება და საფრენად ვარგისობის მართვა ხორციელდება უცხო ქვეყნის მიერ სერტიფიცირებული საწარმოს მიერ, თუ ამ საწარმოს გააჩნია EASA-ს ან EASA-ს წევრი ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატი (შემდგომში – უცხო სერტიფიკატი) და აღიარებულია სააგენტოს მიერ.
2. სააგენტოს მიერ უცხო ქვეყნის სერტიფიკატის აღიარებისათვის, საჰაერო ხომალდის მესაკუთრემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:
ა) განაცხადი (დანართი№ 2);
ბ) უცხო ქვეყნის სერტიფიკატის მფლობელთან ტმ-ის განხორციელებაზე ან საფრენად ვარგისობის მართვაზე დადებული ხელშეკრულება ამ მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;
გ) უცხო ქვეყნის სერტიფიკატი და მისი დანართი;
დ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელო და აღიარებასთან დაკავშირებული დამატება;
ე) ამ წესების მოთხოვნებთან საწარმოს შესაბამისობის დასადგენად ჩატარებული წინასწარი აუდიტის შედეგები.
3. საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს დამატებას ამტკიცებს სააგენტო.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით წარმოდგენილი საბუთების სააგენტოში განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ წესის 21-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. აღიარების მოწმობის გაცემამდე, სააგენტო ამოწმებს სერტიფიკატის ნამდვილობას (ავთენტურობას) სერტიფიკატის გამცემ საავიაციო ხელისუფლებასთან.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სერტიფიკატის აღიარებაზე დადებითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო გასცემს „საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს აღიარების მოწმობას“ (დანართი №5).
7. „საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს აღიარების მოწმობა“ (შემდგომში – აღიარების მოწმობა) გაიცემა აღიარებული უცხო ქვეყნის სერტიფიკატის მოქმედების ვადის ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ორი წლის ვადით.
8. საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმოს აღიარებისას, მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი უცხო ქვენის სერტიფიკატის მფლობელ საწარმოსთან გაფორმებული ტექნიკური მომსახურების ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
ა) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შემთხვევაში:
ა.ა) საავიაციო ტექნიკის შესასრულებელი ტექნიკური მომსახურების სახეობები საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ის და ამოსაცნობი ნიშნების მითითებით, ხოლო ძრავების ტექმომსახურებისას ამ ძრავების ტიპები;
ა.ბ) ადგილმდებარეობა, სადაც სრულდება საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება. ამ ადგილდებარეობაზე ტექნიკური მომსახურების შესრულება ნებადართული უნდა იყოს საწარმოს სერტიფიკატით;
ა.გ) სხვა საწარმოს მიერ ტექმომსახურების სამუშაოების შესრულება;
ა.დ) ხელშეკრულებით განსაზღვრული საავიაციო ტექნიკისათვის დამტკიცებული ტექნიკური მომსახურების პროგრამების, მწარმოებლის სახელმძღვანელოებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტების გამოყენება;
ა.ე) საწარმოზე ექსპლუატანტის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის ზედამხედველობა;
ა.ვ) უცხო სერტიფიკატის გამცემი საავიაციო ხელისუფლების და სააგენტოს ჩართულობა;
ა.ზ) ექსპლუატანტის მიერ საავიაციო ტექნიკაზე შესრულებული საფრენად ვარგისობის დირექტივების, მოდიფიკაციების, ბიულეტენების და სხვა სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ა.თ) სათადარიგო ნაწილების და სხვა სახარჯი მასალების მიწოდება;
ა.ი) ტექმომსახურების სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტების სამუშაო პაკეტის მომზადება;
ა.კ) საავიაციო ტექნიკის ტექმომსახურების შემდეგ საფრენოსნო ან სტენდზე გამოცდა;
ა.ლ) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაში დაშვება;
ა.მ) ტექმომსახურების ჩანაწერების მომზადება;
ა.ნ) ექსპლუატანტსა და ტექმომსახურების საწარმოს წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლის და ტემომსახურებისას წამოჭრილი საკითხების განხილვა.
ბ) საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის სამუშაოების შემთხვევაში:
ბ.ა) საავიაციო ტექნიკის შესასრულებელი საფრენად ვარგისობის ამოცანები, საჰაერო ხომალდის ტიპ(ებ)ის და ამოსაცნობი ნიშნების მითითებით, ასევე ძრავების და კომპონენტების ტიპები საჭიროებისამებრ;
ბ.ბ) ტექნიკური მომსახურების პროგრამის მომზადება და მისი ცვლიელებები;
ბ.გ) ტექნიკური მომსახურების ეფექტურობის შეფასება და საიმედობა;
ბ.დ) ტექნიკური მომსახურების პროგრამაში განსაზღვრული ინტერვალების ნებადართული გადავადება;
ბ.ე) გეგმიური ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა;
ბ.ვ) შესაბამისობის უზრუნველყოფა და რისკების შეფასება;
ბ.ზ) უცხო სერტიფიკატის გამცემი საავიაციო ხელისუფლების და სააგენტოს ჩართულობა;
ბ.თ) ტექნიკური მომსახურების მონაცემები;
ბ.ი) ექსპლუატანტის მიერ საავიაციო ტექნიკაზე შესრულებული საფრენად ვარგისობის დირექტივების, მოდიფიკაციების, ბიულეტენების და სხვა სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ბ.კ) რესურსშეზღუდული აგრეგატების ვადების კონტროლი და მათი გამოცვლის დაგეგმარება;
ბ.ლ) ძრავების მდგომარეობის მონიტორინგი;
ბ.მ) დეფექტების კონტროლი;
ბ.ნ) სავალდებულო შეტყობინებები:
ბ.ო) ტექმომსახურების ჩანაწერების მომზადება;
9. უცხო სერტიფიკატის აღიარების მოწმობა შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს სააგენტოს მიერ ამ წესის 24-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 26🔗.
ზედამხედველობა
1. სერტიფიკატის/აღიარების მოწმობის მფლობელის მიერ ტმ-სთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ზედამხედველობა სერტიფიცირების განუყოფელი ნაწილია და მას ახორციელებს სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სერტიფიკატის მფლობელის ტმ-სთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა ითვალისწინებს სერტიფიკატით და/ან მისი დანართით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმებას. შემოწმების სახეს (გეგმური, არაგეგმური) და პერიოდულობას ადგენს სააგენტო. ამ პუნქტით განსაზღვრული შემოწმებისას საქართველოს ტერიტორიის გარეთ, განმცხადებელი, საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, ვალდებულია აანაზღაუროს სააგენტოს სპეციალისტების სამივლინებო ხარჯები.
3. სააგენტოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის სერტიფიკატის მფლობელის ზედამხედველობა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ან უცხო სერტიფიკატის გამცემი ორგანოდან მიღებული ზედამხედველობის ანგარიშების საფუძველზე.