საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ
მიღების თარიღი 16.02.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-66
სარეგისტრაციო კოდი 390050000.22.023.016767
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.02.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში
დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-66
2023 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 95-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესი“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია
საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
„საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესი“ (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ტყის სფეროში განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის, მათ შორის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების (შემდგომ – დაწესებულება), ასევე ტყის მართვის ორგანოების, სანერგეების, ტყე პარკების, დენდროლოგიური და ბოტანიკური პარკების, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების საქმიანობაში გაწეული ღვაწლისთვის ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა (შემდგომში – დასაქმებული) წახალისების წესს.
მუხლი 2🔗. წახალისების წესი
1. დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).
2. მინისტრი დასაქმებულთა წახალისებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის მიზნით ქმნის დასაქმებულ პირთა წახალისების განმხილველ კომისიას (შემდგომში – კომისია), რომელიც მინისტრს წარუდგენს წასახალისებელი დასაქმებულ(ებ)ის კანდიდატურ(ებ)ას.
3. თუ წასახალისებელი დასაქმებული ამავდროულად არის კომისიის წევრი, დაუშვებელია მონაწილეობდეს კომისიის მიერ საკითხის განხილვის პროცესში.
4. შუამდგომლობას დასაქმებულის წახალისების შესახებ კომისიას წარუდგენს სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულება, ასევე ტყის მართვის ორგანოების ხელმძღვანელები.
5. კომისია შუამდგომლობის საფუძველზე, შეისწავლის წარდგენილ დოკუმენტაციას და შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრს წარუდგენს კომისიის დასკვნას დასაქმებულის წახალისების მიზანშეწონილობის შესახებ და ასევე მონაცემებს დასაქმებულის შესახებ.
6. დასაქმებული შეიძლება წახალისდეს როგორც კონკრეტული დამსახურებისათვის, ისე ნამსახურები წლების გამო.
7. დასაქმებული დამსახურების გამო შეიძლება კვლავ წახალისდეს იმავე ან სხვა წახალისების ფორმით.
8. დაჯილდოება შეიძლება დასაქმებულის გარდაცვალების შემდეგაც.
9. დასაქმებულის გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში, ჯილდო გადაეცემა დაჯილდოებული დასაქმებულის ოჯახს, ხოლო თუ გარდაცვლილს არ ჰყავს მემკვიდრე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჯილდო რჩება სამსახურს.
მუხლი 3🔗. წახალისების ფორმები
1. დასაქმებულის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) საქართველოს დამსახურებული მეტყევის წოდების მინიჭება;
ბ) სპეციალური სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
გ) მადლობის გამოცხადება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმის გამოყენების შემთხვევაში, გამოიცემა შესაბამისი ბრძანება, რომელიც გადაეცემა წახალისებულ დასაქმებულს და შეიტანება მის პირად საქმეში.
3. წახალისების შესახებ ბრძანებას, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მონაცემებისა, თან ერთვის:
ა) მონაცემები დასაქმებულის შესახებ;
ბ) კომისიის დასკვნა.
4. წახალისებულ დასაქმებულს ეძლევა წოდების დამადასტურებელი სიგელი.
5. დაწესებულება, გარდა ამ წესით დადგენილი წახალისების ფორმებისა, უფლებამოსილნი არიან მათთან დასაქმებული პირების მიმართ გამოიყენონ მათი შინაგანაწესით ან/და სხვა სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წახალისების ფორმები.
6. წახალისების ფორმის გამოყენება არ ზღუდავს დისციპლინური გადაცდომისას პირის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.
7. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე პირის წარდგენა წახალისების მიზნით.
8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს დამსახურებული მეტყევის წოდებით ჯილდოვდება მეტყევე ან/და სატყეო საქმის სპეციალისტი, რომელმაც ტყის სფეროში იმუშავა არანაკლებ 25 წელი, გამოირჩევა პროფესიონალიზმით, აქვს მნიშვნელოვანი წარმატებები პრაქტიკულ და სამეცნიერო საქმიანობაში და განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საქართველოს ტყის სფეროს განვითარებაში.
9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური სამკერდე ნიშნით ჯილდოვდება დასაქმებული, რომელმაც ტყის სფეროში იმუშავა არანაკლებ 10 წელი და განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ტყის სფეროს განვითარებაში.
10. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მადლობის გამოცხადება ხდება იმ დასაქმებულის მიმართ, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ტყის სფეროს განვითარებაში.
მუხლი 4🔗. დაჯილდოება
მეტყევის დაჯილდოება ხდება ყოველი წლის 10 ოქტომბერს – მეტყევის დღეს, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მიერ შერჩეულ სხვა დღეს.
მუხლი 5🔗. დასაქმებულ პირთა წახალისების განმხილველ კომისია
1. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს ამ წესით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
2. დასაქმებულ პირთა წახალისების განმხილველი კომისია შედგება:
ა) მინისტრის მოადგილის;
ბ) სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელისგან;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელისგან;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელისგან;
ვ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან;
ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ სხვა დაინტერესებული ორგანოების წარმომადგენლებს (ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, სანერგეების, ტყე პარკების, დენდროლოგიური და ბოტანიკური პარკების, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება სატყეო და გარემოს დაცვით სფეროში ან წარმოადგენენ დაინტერესებულ ადმინისტრაციულ ორგანოს).
3. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 6🔗. კომისიის ფუნქციები
კომისია:
ა) განიხილავს დასაქმებულის წახალისებისთვის წარდგენილ დოკუმენტაციას, ადგენს მის სისწორეს და შესაბამისობას საქართველოს საკანონმდებლო აქტებთან;
ბ) საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს ან დაავალებს შუამდგომლობის წარმდგენს წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია;
გ) საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე გამოსცემს დასკვნას;
დ) დასაქმებულის წახალისების შესახებ ბრძანების გამოცემის მიზნით საბოლოო დასკვნას წარუდგენს მინისტრს.
მუხლი 7🔗. კომისიის საქმიანობის წესი
1. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. იგი ხელს აწერს კომისიის დასკვნებსა და რეკომენდაციებს. თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
2. კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე ირჩევა კომისიის წევრთაგან, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.
3. კომისიის სხდომა იმართება წელიწადში სულ მცირე ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა კომისია თავმჯდომარის მიერ მოწვეულ იქნეს რიგგარეშედ.
4. კომისიის სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება წინასწარ.
5. კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტრო.
6. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
7. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომის დამსწრეთა 2/3.
8. კომისიის სხდომაზე წასახალისებელი დასაქმებულის კანდიდატურას წარადგენს შუამდგომლობის წარმომდგენი დაწესებულების წარმომადგენელი.
9. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.
10. კომისიის სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, განხილული საკითხების შესახებ გამოთქმული მოსაზრებები, მათ შორის, განსხვავებული აზრი და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმში. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე, კომისიის დამსწრე წევრები და სხდომის მდივანი. თავმჯდომარე და კომისიის სხდომის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმში დაფიქსირებული შინაარსის სისწორეზე. კომისიის სხდომის ოქმი ინახება სამინისტროში.
11. კომისიის დასკვნა წარედგინება მინისტრს.