1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
2. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ რეგლამენტის 25–ე მუხლით. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა არ უნდა იყოს 5–ზე მეტი.
3. საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენონ ახალი კომისიის შექმნის, არსებული კომისიის გაუქმების ან კომისიათა გაერთიანების საკითხი. საკრებულოს მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება რეგლამენტის შესაბამის მუხლში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის გზით, ამ რეგლამენტის 140-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. საკრებულოს კომისიები იქმნება მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან.
5. საკრებულოს წევრი, (გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა) ვალდებულია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა კომისიის შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 28-ე მუხლის 22 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის/კომისიების შემადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორისა.
6. საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.
7. საკრებულოს კომისიის შემადგენლობას და მასში ცვლილებების შეტანას ფრაქციის თავმჯდომარის წარდგენის საფუძველზე, დამტკიცებული კვოტების შესაბამისად, იურიდულ საკითხთა, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის განხილვის შემდგომ ამტკიცებს საკრებულოს ბიურო (გარდა საკრებულოს პირველი სხდომისა). საკრებულოს კომისია იქმნება საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის დაცვით.
8. საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტას განსაზღვრავს სამანდატო დროებითი კომისია და ამტკიცებს საკრებულო.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ საკრებულოს კომისიებში, საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს