📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1997 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №473 - „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 12.08.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №473
სარეგისტრაციო კოდი 030012000.00(0).000.003065
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 15/08/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,177 სიტყვა · ~36 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 1997 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №473 - „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრძანება №475 1997 წლის 12 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ 1996 წლის 27 ივნისის კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 30 სექტემბრის №784 ბრძანების 3.1 პუნქტის აღსრულებასთან დაკავშირებით,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება; (თან ერთვის). 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ, „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 30 სექტემბრის №784 ბრძანების აღსრულების თაობაზე“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1996 წლის 31 ოქტომბრის №860 ბრძანება. მინისტრი პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი                                                                კ. თარგამაძე დ ე ბ უ ლ ე ბ ა საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი 1.1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ 1996 წლის 27 ივნისის კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის* რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეზე საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობისა და პირადობის მოწმობის, ხოლო საქართველოში მცხოვრებ უცხოელზე ‒ საქართველოში მცხოვრები უცხოელის რეგისტრაციის მოწმობისა და ბინადრობის მოწმობის გაცემის წესსა და პირობებს. 1.2. საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის რეგისტრაციას, რეგისტრაციიდან მოხსნას, საქართველოს მოქალაქეზე ‒ საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობისა და პირადობის მოწმობის, ხოლო საქართველოში მცხოვრებ უცხოელზე ‒ საქართველოში მცხოვრები უცხოელის რეგისტრაციის მოწმობისა და ბინადრობის მოწმობის გაცემას, ახორციელებს შინაგან საქმეთა ადგილობრივი ორგანო, ხოლო საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მასალების შემოწმებისა და მისგან თანხმობის მიღების შემდეგ, ‒ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება. 1.3. საქართველოში სარეგისტრაციო საქმიანობის ორგანიზაციaსა და კონტროლს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიურო, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მხარეებში-შინაგან საქმეთა შესაბამისი სამინისტროებისა და სამხარეო მთავარი სამმართველოების (სამმართველოების) საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურები. ქალაქებსა და რაიონებში სარეგისტრაციო საქმიანობას ეწევიან შინაგან საქმეთა საქალაქო და რაიონული ორგანოების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურები. 1.4. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია რეგულირდება კანონით გათვალისწინებული ნორმების სწორად გამოყენებისა და შესაბამისი საქმიანობის მართებულად წარმართვის გზით. იგი ემსახურება საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელების აღრიცხვას, მათ შესახებ მონაცემების დადგენა-დაფიქსირებას და მიგრაციული პროცესების ასახვას, რაც ერთობლიობაში ქმნის სარეგისტრაციო სისტემას. 1.5. სარეგისტრაციო სისტემა მოიცავს: - საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენას; - საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციაში გატარებასა და პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი საბუთების გაცემას; - საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მისამართის აღნიშვნით, ან ასეთის მითითების გარეშე და შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობების გაცემას; - საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციიდან მოხსნას საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის, გარდაცვალებისა და ემიგრაციის შემთხვევებში; - სამისამართო-საცნობარო და საინფორმაციო საქმიანობას, აგრეთვე მოსახლეობის მიგრაციული პროცესების აღრიცხვა-განზოგადოებას; - დამნაშავე და ძებნაში მყოფ პირთა გამოვლენა-დადგენას; - სარეგისტრაციო წესების დაცვასა და პროპაგანდას მოსახლეობაში. ____________________________ * შემდგომში ‒ საქართველოში მცხოვრები უცხოელი თავი II საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენა 2.1. სრულყოფილი სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბების საფუძველია პიროვნების შესახებ მონაცემების სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად და კანონის შესაბამისად დაფიქსირება. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენას წინ უსწრებს პიროვნების მიერ შინაგან საქმეთა ორგანოში განცხადების წარდგენა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად. ამისათვის იგი ვალდებულია: 2.1.1. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შინაგან საქმეთა ორგანოში წარადგინოს განცხადება-ანკეტა, ფორმა №1 (დანართი 4), დაბადების მოწმობა, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არასაკმარისია საქართველოს მოქალაქეობის განსაზღვრისთვის, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის, ან საქართველოს ტერიტორიაზე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი სხვა საბუთი. 16 წლის ასაკს მიღწეული პირი წარადგენს, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი შინაგან საქმეთა ორგანოს უბნის ინსპექტორის მიერ დამოწმებული ორ ცალ ფოტოსურათს და დაბადების მოწმობას, რომელიც დაუბრუნდება მფლობელს, მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის თანამდებობის პირის მიერ ასლის მასთან შედარების, ამის შესახებ ამ ასლზე სათანადო აღნიშვნის გაკეთებისა და მასალებზე დართვის შემდეგ; 2.1.2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში, ამ დებულების 2.1.1 პუნქტის მეორე აბზაცით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად, წარადგინოს პოლიციის ცნობა, ფორმა №9 (დანართი 13); 2.1.3. კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურების ზონებიდან იძულებით გადაადგილებულმა ან საცხოვრებლად იქ დარჩენილმა პირმა წარადგინოს ამ დებულების 2.4.1 პუნქტში ჩამოთვლილი საბუთები, ხოლო თუ ისინი არ ადასტურებენ მის საქართველოს მოქალაქეობას, აგრეთვე, 2.4.5 პუნქტით გათვალისწინებული, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოქმედი, მონაცემების დამდგენი დროებითი კომისიის დადგენილება; 2.1.4. საქართველოში მცხოვრებმა უცხოელმა (საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არ მქონე პირი) განცხადება-ანკეტისა და ორ ფოტოსურათთან ერთად წარადგინოს უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი საბუთი და საქართველოში კანონიერად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი. 2.2. საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელების რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების თაობაზე განცხადებების განხილვისას, მათ შესახებ მონაცემების უშეცდომოდ დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა ორგანოების მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურები ვალდებულნი არიან: 2.2.1. მიიღონ რეგისტრაციისა და პირადობის დასადასტურებლად საჭირო, ამ დებულებით გათვალისწინებული საბუთები, შეისწავლონ ისინი საფუძვლიანად მათში ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის დადგენის მიზნით, ხოლო შეკრებილი მასალების უკმარისობის ან მათში საფუძვლიანი ეჭვის შეტანის შემთხვევაში, გადაამოწმონ პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საბუთის კანონიერება, დაადგინონ, ერიცხება თუ არა ასეთი დოკუმენტის სერია და ნომერი ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული. წარდგენილი საბუთების გაყალბების, მათზე დაკრული ფოტოსურათების შეცვლის ან სხვა დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში, შეაჩერონ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა და, აღნიშნულის თაობაზე, პატაკით, დაუყოვნებლივ მოახსენონ შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელობას შემდგომი რეაგირებისათვის. 2.3. პიროვნების რეგისტრაციაში გასატარებლად საჭირო, პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი მონაცემების უკმარისობის პირობებში: 2.3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო-სამისამართო განყოფილებაში გააგზავნონ მოთხოვნა (ფორმა №10, დანართი 14) შინაგან საქმეთა სხვა ორგანოში მისი ადრე, შესაძლო რეგისტრაციის დასადგენად, და გაატარონ იგი შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალში (დანართი 33). საინფორმაციო-სამისამართო განყოფილება ვალდებულია სამი დღის ვადაში დააბრუნოს მოთხოვნა უკან შესრულებული სახით, რის შესახებ გააკეთოს აღნიშვნა იგივე სახელწოდების სააღრიცხვო ჟურნალში (ფორმა №11.1). 2.3.2. გააგზავნონ მოთხოვნა (ფორმა №11, დანართი 15) იმ შინაგან საქმეთა ორგანოში, სადაც პირი ადრე იყო რეგისტრირებული, ან სადაც მასზე გაცემული იყო პირადობის დამადასტურებელი საბუთი და გაატარონ იგი საამისოდ განკუთვნილ სააღრიცხვო ჟურნალში (ფორმა №11.1, დანართი 33). ეს ორგანო ვალდებულია სამი დღის ვადაში, იგივე დასახელების ჟურნალში გატარებით, დააბრუნოს მოთხოვნა შესრულებული სახით; 2.3.3. გამოითხოვონ საჭირო ინფორმაცია პირის მოქალაქეობრივი მდგომარეობის განსაზღვრისათვის სხვა სამინისტროებიდან და უწყებებიდან, მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოებიდან. ამ მიზნით, დასახელებულ ორგანოებში გააგზავნონ შეკითხვა (ფორმა №13, დანართი 17), გაატარონ იგი სააღრიცხვო ჟურნალში (ფორმა №11.1) და მიღებული პასუხის მიხედვით, განსაზღვრონ, რამდენად შეესაბამება ერთმანეთს პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში შეტანილი და დასახელებულ ორგანოებში არსებული მონაცემები; 2.3.4. ამ დებულების 2.3.1-2.3.3 პუნქტებში ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულებისა და პირის მოქალაქეობრივი მდგომარეობის განსაზღვრისათვის საკმაო მონაცემების მოპოვებით, მასალების ერთობლიობაში განხილვისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული, დასაბუთებული დასკვნის გაფორმებითა და შემოწმების მასალებზე მისი დართვით (ფორმა №14, დანართი18). 2.4. კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურებების ზონებიდან იძულებით გადაადგილებულ და საცხოვრებლად იქ დარჩენილ პირთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით, მათი მოქალაქეობრივი მდგომარეობის დასადგენად საჭირო ინფორმაციის უკმარისობასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის მიზნით: 2.4.1. შეისწავლონ საფუძვლიანად წარდგენილი დოკუმენტები: დაბადების მოწმობა, ყოფილი სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი, პოლიციის ორგანოს მიერ, დაკარგული პასპორტისა და პირადობის მოწმობის ნაცვლად გაცემული ცნობები ფორმა №9, №9ა), იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა, სამხედრო ბილეთი, საპენსიო წიგნაკი, შრომის წიგნაკი, მძღოლის მოწმობა, დიპლომი, ატესტატი, ქორწინების (განქორწინების) მოწმობა, საბინაო წიგნი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს სამისამართო განყოფილების ცნობა და სხვა დოკუმენტები. შეამოწმონ ჩამოთვლილი დოკუმენტების კანონიერება, განსაკუთრებით პირადობის დამადასტურებელი საბუთების სერიებისა და ნომრების მათი გამცემი ორგანოებისადმი კუთვნილება; 2.4.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო-სამისამართო განყოფილებაში, ამ დებულების 2.3.1 პუნქტის შესაბამისად, გააგზავნონ მოთხოვნა (ფორმა №10), შეამოწმონ, ხომ არ ირიცხება იძულებით გადაადგილებული პირი რეგისტრირებულად საქართველოს სხვა დასახლებული პუნქტში ან, ხომ არ გაცემულა მასზე პირადობის დამადასტურებელი საბუთი სხვა შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ; 2.4.3. შინაგან საქმეთა იმ ორგანოში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული, ან გაცემულია მასზე პირადობის დამადასტურებელი საბუთი, მისი მონაცემების დადგენის მიზნით, გააგზავნონ შესაბამისი მოთხოვნა (ფორმა №11, დანართი 15); 2.4.4. იძულებით გადაადგილებული პირის შესახებ მონაცემების დასადგენად, გამოითხოვონ საჭირო ინფორმაცია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და მისი ადგილობრივი ორგანოებიდან. ამ მიზნით, დასახლებულ ორგანოებში გააგზავნონ შეკითხვა (ფორმა №13, დანართი 17), და გაარკვიონ, რამდენად შეესაბამება ერთმანეთს წარდგენილ დოკუმენტებში შეტანილი და დასახლებულ ორგანოებში არსებული მონაცემები; 2.4.5. იმ შემთხვევაში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირს არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი სარწმუნო დოკუმენტები ან წარდგენილი საბუთებისა და მოპოვებული ცნობების მიხედვით არ დასტურდება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონის სამოქმედოდ შემოღების დღისათვის (1993 წლის 27 მარტი) მისი საქართველოში 5 წლით მუდმივი ცხოვრების ფაქტი, აღნიშნულის თაობაზე გამოითხოვონ პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი მმართველობის ორგანოსთან არსებული მონაცემების დამდგენი დროებითი კომისიის დასაბუთებული დასკვნა. 2.5. იძულებით გადაადგილებული პირის შესახებ მონაცემები დადგენილად ჩაითვლება, თუ დასახელებული მოთხოვნების შესრულების შედეგად მოპოვებული მასალებისა და წარდგენილი საბუთების ერთობლიობაში განხილვა და ურთიერთშეჯერება იძლევა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. ასეთ შემთხვევაში, ამ დებულების 2.3.4 პუნქტის მიხედვით, გაფორმდება დასკვნა (ფორმა №14), რომელიც დაერთვება შემოწმების მასალებს. 2.6. შინაგან საქმეთა ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის წამოჭრილი უთანხმოებების შემთხვევაში, როდესაც მონაცემები ურთიერთშეუსაბამო და წინააღმდეგობრივია, სადავო საკითხებს განიხილავს სასამართლო.  სასამართლოში საქმის აღძვრაზე თანაბარი უფლება აქვთ დავაში მონაწილე ორივე მხარეს. ამ შემთხვევაში, პირის შესახებ მონაცემები დადგენილად ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2.7. საზღვარგარეთ მცხოვრები პირის საქართველოს მოქალაქეობის შესახებ მონაცემების დადგენის თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დაწესებულებებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან  შემოსული მასალების განხილვისას, შინაგან საქმეთა ორგანოების მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურებს ევალებათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ მომსახურების ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ამ პირთა ცხოვრებისა და ხანგრძლივობის დადგენას. საკონსულო დაწესებულებებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან შემოსული მოთხოვნების შესრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნულ ვადებში, ობიექტური მიზეზების გამო არ ხერხდება მოთხოვნის შესრულება, შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის ან მისი მოადგილის მიერ, ეს ვადა გაგრძელდება ყოველ 10 დღეში, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. თავი III საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელებისათვის პირადი ნომრის მინიჭების, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის გაცემის წესები 3.1. რეგისტრაციაში გატარებისა და პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთის მიღების მიზნით შინაგან საქმეთა ორგანოში პირის გამოცხადებისას, მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის თანამდებობის პირი ვალდებულია; 3.1.1 გარკვეული კალიგრაფიით გადასწორება-გადაშლის გარეშე, შეავსოს, ან შეავსებინოს პირს განცხადება-ანკეტის შესაბამისი გრაფები საბუთების სერიების, ნომრების, გაცემის თარიღის, გამცემი ორგანოს დასახელების, შევსების თარიღისა და სხვა ძირითადი მონაცემების ჩვენებით და დაამოწმებინოს იგი საბუთების წარმომდგენ პირს; განცხადება-ანკეტის ზედა მარჯვება კუთხეში ჩააკრას პირის ფოტოსურათი სპეციალური წებოთი ან სამაგრებით და დასვას მასზე მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურზე რიცხული რელიეფური ბეჭედი; 3.1.2. თავისი ხელმოწერითა და თარიღის დასმით დაამოწმოს საბუთების მიღება და განცხადება-ანკეტაში შეტანილი მონაცემების სისწორე; 3.1.3. გაატაროს განცხადება-ანკეტა სააღრიცხვო ჟურნალში (ფორმა №1.1. დანართი 23) და მის მე-3 პარაგრაფში შეიტანოს სათანადო აღნიშვნები; 3.1.4. პირის რეგისტრაციაში გასატარებლად საჭირო, პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი მონაცემების უკმარისობის ან წარდგენილი საბუთების კანონიერებაში საფუძვლიანი ეჭვის არსებობის პირობებში, შეასრულოს ამ დებულების 2.3 და 2.4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, გააფორმოს სათანადო დასკვნა და მოახსენოს მასალები საპასპორტო -სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსს. 3.2 საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მიღებული გადაწყვეტილების სისწორეზე. იგი ვალდებულია: გადაწყვეტილების მიღებამდე შეისწავლოს და გადაამოწმოს წარმოდგენილი საბუთების სინამდვილე, საკამო და დასაბუთებული მასალების მოპოვების შემთხვევაში, მიანიჭოს პირს პირადი ნომერი, შესაბამისად, გამოყოს გასაფორმებლად პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ბლანკი, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, განცხადება-ანკეტის მე-4 პარაგრაფში, გააკეთოს სათანადო ჩანაწერი , უზრუნველყოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა და აღნიშნულის თაობაზე განცხადება-ანკეტის მე-5 და მე-6 პარაგრაფებში სათანადო აღნიშვნებისა და ხელმოწერების შემდეგ, მისი მოქმედ კარტოტეკაში მოთავსება. თავი IV საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელისათვის პირადი ნომრის მინიჭება 4.1. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა აღრიცხვის, მათზე პირადობის მოწმობის გაცემისა და რეგისტრაციაში გატარების მიზნით, შინაგან საქმეთა ორგანოში, ყოველი ცალკეული პიროვნებას მიენიჭება პირადი სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც არ მეორდება და შემდგომში შეცვლას არ ექვემდებარება. 4.2. პირადი ნომერი შედგება თერთმეტნიშნა რიცხვისაგან, რომლის პირველი ორი ციფრი აღინიშნავს რეგისტრაციაში გასატარებელი პირის საცხოვრებელი ადგილის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის კოდს. მომდევნო სამი ციფრი გამოხატავს იმ შინაგან საქმეთა ორგანოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის კოდს, რომელიც გაატარებს პირს რეგისტრაციაში, ბოლო ექვსი ციფრი წარმოადგენს პირის რეგისტრაციაში გატარების რიგით ნომერს 000001-999999-მდე. 4.3. შინაგან საქმეთა ორგანოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი, პირადობის მოწმობის გაცემამდე, ვალდებულია უზრუნველყოს: 4.3.1. დაბადების მოწმობის ზედა მარჯვება კუთხეში მიწერით, მინიჭებული პირადი ნომრის აღნიშვნა, მისი დამოწმება თარიღის ჩვენებით, ხელისმოწერითა და ბეჭდის დასმით; 4.3.2. პირადი ნომრის მინიჭების აღრიცხვა „პირადი ნომრების მინიჭებისა და პირადობის მოწმობების გაცემის აღრიცხვის ჟურნალში“ (ფორმა №2, დანართი 5), რომლის შესაბამის გრაფებში შეიტანება საქართველოს მოქალაქეზე მინიჭებული პირადი ნომერი, მისი გვარი, სახელი, პირადობის მოწმობის ბლანკის ნომერი და გაცემის თარიღი; 4.3.3. უცხოელ მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე პირადი ნომრის მინიჭებისას, ამავე ჟურნალის 1,2,3, გრაფების მთელ სიგრძეზე პირის გვარის, სახელის, მე-4 გრაფაში ‒ მასზე მინიჭებული პირადი ნომრის, ხოლო მე-5 გრაფაში სიტყვების: „ბინადრობის მოწმობა“ ჩაწერა; 4.3.4. „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს №515 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქის პასპორტის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე პასპორტის გაცემისა და პირადი ნომრის მინიჭების შემთხვევაში, ბავშვის დაბადების მოწმობისა და ორივე მშობლის (მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის დამადასტურებელი საბუთების, ასევე ნოტარიული წესით დამოწმებული მათი თანხმობის (გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალების მოწმობის) მიღება. ბავშვის დაბადების მოწმობა, ასლზე მასთან შედარების შესახებ სათანადო აღნიშვნის გაკეთებისა და მასალებზე დართვის შემდეგ, პირადობის დამადასტურებელ საბუთებთან ერთად უბრუნდება მფლობელს; 4.3.5. 16 წლამდე ასაკის ბავშვზე მინიჭებული პირადი ნომრის, ამ დებულების 4.3.2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, შესაბამის ჟურნალში (ფორმა №2, დანართი 5) აღრიცხვა და დასახელებული ჟურნალის პირველ გრაფაში, ბავშვის დაბადების მოწმობის სერიისა და ნომრის ჩვენება, ხოლო მე-6 გრაფაში ‒ მისი საცხოვრებელი მისამართის შეტანა მშობლის (მზრუნველის, ამავე დროს განცხადება-ანკეტის (ფორმა №1, დანართი 4) გაფორმება, მისი მე-5, მე-6 პარაგრაფების შევსების გარეშე და მისი მოთავსება მოქმედ კარტოთეკაში. თავი V საქართველოს მოქალაქის პირადობისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის გაცემა 5.1. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დამადასტურებელი  ძირითადი დოკუმენტები: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (დანართი 1); ბ) ბინადრობის მოწმობა (დანართი 2). 5.2. პირადობის მოწმობა ორი სახისაა: ვადიანი და უვადო. იგი ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და გაიცემა 16 წელს მიღწეულ პირებზე ამ დებულების 2.1.1-2.1.2 პუნქტებით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში, თუ 2.3 და 2.4 პუნქტებიდან გამომდინარე გარემოებები არ იძლევიან აღნიშნულის შეჩერების საფუძველს. 45 წლის ასაკს მიღწეულ პირზე გაიცემა უვადო პირადობის მოწმობა. ბინადრობის მოწმობა ადასტურებს საქართველოში მცხოვრები უცხოელის ვინაობას და იგივე წესით გაიცემა 5 წლის ვადით. 5.3. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე; დ) დაბადების ადგილი; ე) პირადი ნომერი; ვ) ფოტოსურათი, რომელსაც დაესმება შესაბამისი შინაგან საქმეთა ორგანოს ბეჭედი; ზ) პირადი ხელმოწერა; თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; ი) შესაბამისი შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის ხელმოწერა; კ) რელიეფური ბეჭედი; ლ) მოწმობის გაცემის თარიღი; მ) მოწმობის მოქმედების ვადა. 5.4. უცხოელი მოქალაქის ბინადრობის მოწმობის რეკვიზიტებია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე; დ) დაბადების ადგილი; ე) პირადი ნომერი; ვ) ფოტოსურათი, რომელსაც დაესმება შესაბამისი შინაგან საქმეთა ორგანოს ბეჭედი; ზ) პირადი ხელმოწერა; თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება; ი) შესაბამისი შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის ხელმოწერა; კ) რელიეფური ბეჭედი; ლ) მოწმობის გაცემის თარიღი; მ) მოქალაქეობა; ნ) მოწმობის მოქმედების ვადა. 5.5. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაფორმება წარმოებს ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ‒ ქართულ-აფხაზურ ენებზე, პრინტერის საშუალებით*, შესწორებების გარეშე. 5.6. გრაფაში „პირადი ნომერი“ ჩაიბეჭდება ამ დებულების 4.2 პუნქტში მითითებული წესის მიხედვით პირზე მინიჭებული და შესაბამის ჟურნალში შეტანილი 11-ნიშნა პირადი ნომერი. 5.7. გრაფებში: „სახელი“, „გვარი“, „დაბადების თარიღი“ და „დაბადების ადგილი“ ჩაიბეჭდება პიროვნების შესახებ, შემოწმების შედეგად დადგენილი, შესაბამისი მონაცემები. - „დაბადების თარიღის“ გრაფა შეივსება ერთმანეთისაგან წერილობით გამოყოფილი ორნიშნა რიცხვებით. პირველი ორი ციფრით აღინიშნება დაბადების დღე, მეორე-მესამე ციფრებით-დაბადების თვე, ხოლო დაბადების წელი მიეთითება სრულად, ოთხი ციფრით. - „დაბადების ადგილის“ გრაფაში საქართველოში დაბადებულთათვის მიეთითება დაბადების დროისათვის ქალაქის ან რაიონის სახელწოდება, ხოლო სხვა სახელმწიფოში დაბადებულთათვის- შესაბამისი ქვეყნის დასახელება. 5.8. გრაფაში ‒ „მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება“ -შეიტანება შინაგან საქმეთა იმ ორგანოს სახელწოდება, რომელთანაც ფუნქციონირებს პირადობის მოწმობის გამფორმებელი მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური. 5.9. გრაფები: „გაცემის თარიღი“ და „მოქმედების ვადა“- შეივსება აგრეთვე შემოკლებული სახით, 5.7 პუნქტის მეორე აბზაცის მოთხოვნების გათვალისწინებით. პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა 16 და 25 წლის ასაკს მიღწეულ პირთათვის განისაზღვრება, შესაბამისად, 10 და 20 წლით მისი გაცემის დღიდან, ხოლო 45 წლის ასაკს მიღწეულ პირებს მიეცემათ უვადო პირადობის მოწმობა, რაც 1,5 სმ სიგრძის პუნქტირით აღინიშნება. 5.10. პირადობის მოწმობაში ჩაკრული ფოტოსურათის ქვედა მარჯვენა კუთხეში დაისმება შესაბამისი შინაგან საქმეთა ორგანოსათვის მიკუთვნებული რელიეფური ბეჭედი, ხოლო ზედა მარჯვენა კუთხეში ‒ მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის კოდირებული ბეჭედი (დანართი 37, დანართი 38). 5.11. პირადობის მოწმობის დამოწმება ხელმოწერით ევალება შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსს, ხოლო საპატიო მიზეზით მისი არყოფნის შემთხვევაში, უფროსის წერილობითი დავალებით, მის ერთ-ერთ მოადგილეს. 5.12. „პარადი ხელმოწერის“ გრაფაში მფლობელის მიერ ხელმოწერის შესრულება სავალდებულოა. შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელისა და პირადობის მოწმობის მფლობელის მიერ მოწმობაში ხელმოწერების შესრულებისა და დამცავი გარსის გადაკვეთის (ლამინირების) შემდეგ, იგი გაიცემა დანიშნულებისამებრ. 5.13. პირადობის მოწმობის გაფორმებისას გრაფები: „ეროვნება“ და „მისამართი“ არ შეივსება და იქ ჩაიბეჭდება პუნქტირით გამოსახული 1,5 სმ სიგრძის ხაზი. 5.14. პირადობის მოწმობის ბლანკის გახარჯვა და გაცემა აღირიცხება ამ დებულების 4.3.2 პუნქტით გათვალისწინებული „პირადი ნომრის მინიჭებისა და პირადობის მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალში“ (ფორმა №2), აგრეთვე განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) მე-5 და მე-6 პარაგრაფებში. 5.15. ბინადრობის მოწმობის გაფორმება წარმოებს იგივე წესით, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ „მოქალაქეობის“ გრაფაში შეიტანება იმ ქვეყნის დასახელება, რომლის მოქალაქეზეც იგი გაიცემა, ხოლო თუ პირი მოქალაქეობის არმქონეა, ჩაიბეჭდება სიტყვები: „მოქალაქეობის არმქონე“. 5.16. ბინადრობის მოწმობის გაფორმებისას, გრაფა „მისამართი“ ასევე არ შეივსება და ჩაიბეჭდება პუნქტირით გამოსახული 1,5 სმ სიგრძის ხაზი. 5.17. ბინადრობის მოწმობის ბლანკის გახარჯვა და გაცემა აღირიცხება განცხადება-ანკეტის (ფორმა №1), მე-5 და მე-6 პარაგრაფებში და „ბინადრობის მოწმობის გაცემის აღრიცხვის ჟურნალში“ (ფორმა №2.1), სადაც მე-5 გრაფაში ჩაიწერება სიტყვები, შესაბამისად: „უცხოელი“ ან მოქალაქეობის არმქონე“ (დანართი 24). __________________________________________ * საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის სათანადო კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვამდე, დროებით, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაფორმებას აწარმოებენ საბეჭდი მანქანის მეშვეობით. თავი VI პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცვლის წესი 6.1. პირადობის მოწმობის შეცვლა ხდება: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, პიროვნების 25 და 45 წლის ასაკის მიღწევისას. 6.2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის შეცვლა აგრეთვე ხდება: ა) სახელის ან გვარის შეცვლისას; ბ) ჩანაწერებში უზუსტობის დადგენისას; გ) ხმარებისათვის უვარგისობის ან დაკარგვისას. 6.3. 25 და 45 წლის ასაკის მიღწევისას, პირი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად, მის გამოსაცვლელად წარადგენს ახალ განცხადება-ანკეტას (ფორმა №1, დანართი 4), 2 ცალ ფოტოსურათს, დაბადების მოწმობას, რომლის ასლი, მასთან შედარების შესახებ სათანადო ჩანაწერის გაკეთების შემდეგ, დაერთვება მასალებს, რის შემდეგ დაბადების მოწმობა უბრუნდება მფლობელს. 6.4. სახელის, გვარის შეცვლის ან ჩანაწერებში უზუსტობის შემთხვევაში, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გამოსაცვლელად, პირი ვალდებულია დაბადების მოწმობასთან, განცხადება-ანკეტასა და ფოტოსურათთან ერთად, მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურში წარადგინოს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის ასლი, დედანთან შედარების შესახებ სათანადო ჩანაწერის გაკეთების შემდეგ, დაერთვება მასალებს. თვით ეს დოკუმენტი, დაბადების მოწმობასთან ერთად  დაუბრუნდება მფლობელს. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის აღნიშნული წესი ვრცელდება პირის მოქალაქეობრივ მდგომარეობაში მომხდარი სხვა ცვლილების შემთხვევაზეც. 6.5. ხმარებისათვის უვარგისობის ან დაკარგვის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობასთან ერთად, მის გამოსაცვლელად პირი წარადგენს განცხადებას, 2 ცალ ფოტოსურათს და დაბადების მოწმობას, რომლის დამოწმებული ასლი ასევე დაერთვება მასალებს. 6.6. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გამოცვლის თაობაზე განცხადების განხილვისას, მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის თანამდებობის პირი ვალდებულია: 6.6.1. საფუძვლიანად შეისწავლოს პირის მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გამოსაცვლელად წარდგენილი დოკუმენტები და დაადგინოს მიზეზი, რამაც მათი გამოცვლა გამოიწვია. შეუდაროს ერთმანეთს წარდგენილ დოკუმენტებში მოცემული და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურში არსებული მონაცემები და ფოტოსურათები, შეამოწმოს, ხომ არა აქვს ადგილი მათ გადაკეთებას, გაყალბებას ან ფოტოსურათის შეცვლას. თუ გამოსაცვლელი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაცემულია სხვა შინაგან საქმეთა ორგანოში, მონაცემების ურთიერთშედარებისა და ფოტოსურათების იდენტურობის დადგენის მიზნით, ამ ორგანოში გააგზავნოს პირის ფოტოსურათ-ჩაკრული მოთხოვნა (ფორმა №11), საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნით, მიიღოს საჭირო მონაცემები საინფორმაციო-სასამართლო სამსახურიდან (ფორმა №10, დანართი 14); 6.6.2. მოპოვებული მასალების შესწავლის შედეგად, წარდგენილი საბუთების კანონიერებაში საფუძვლიანი ეჭვის არსებობის პირობებში, მონაცემების გაყალბების, ფოტოსურათის შეცვლის ან სხვა დარღვევათა აღმოჩენისას, შეაჩეროს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გამოცვლა და აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, პატაკით, მოახსენოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსს შემდგომი რეაგირებისათვის; 6.6.3. წარდგენილი საბუთებისა და მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების კვალობაზე, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გამოსაცვლელად საკმაო საფუძვლის არსებობის ამ დებულების 2.3.4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს დასაბუთებული დასკვნა (ფორმა №14) და, თანდართულ მასალებთან ერთად, გადაწყვეტილების მისაღებად, წარუდგინოს სამსახურის უფროსს. 6.7. საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მიღებული გადაწყვეტილების სისწორეზე და ვალდებულია უზრუნველყოს: 6.7.1. წარდგენილი და მოპოვებული მასალების გადამოწმება, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გამოცვლის საფუძვლიანობისა და კანონიერების დადგენა. ასეთი საფუძვლის არსებობისა და დასახელებული მოწმობის გამოსაცვლელად საკმარისი მასალების მოპოვების შემთხვევაში, მათთან ერთად დასაბუთებული დასკვნის (ფორმა №14), წარდგენა შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელის დასამტკიცებლად; 6.7.2. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შესაბამისი ბლანკის გამოყოფა, მისი შევსება, გაფორმება და გაცემა ამ დებულების 5.5-5.17 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით. პირზე ადრე მინიჭებული პირადი ნომერი შეცვლას არ ექვემდებარება; 6.7.3. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გამოცვლისა და პირის მოქალაქეობრივ მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ, შესაბამისი აღნიშვნების შეტანა განცხადება-ანკეტების კარტოთეკაში მოთავსებული სააღრიცხვო და სარეგისტრაციო ბარათების განსაკუთრებული აღნიშვნების გრაფებში (ფორმა №1, ფორმა №3); 6.7.4. თუ გამოცვლილი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაცემულია სხვა შინაგან საქმეთა ორგანოში, ამ ორგანოზე სამი დღის ვადაში, შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალში (ფორმა №7.1) გატარებით, შეტყობინების (ფორმა №7) გაგზავნა, რომელშიც აღნიშნული იქნება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გამოცვლის თარიღი და მიზეზი (დანართი 11, დანართი 29); ეს ორგანო ვალდებულია შეტყობინებაში მითითებული პირის სააღრიცხვო ბარათი (ფორმა №1) შესაბამისი აღნიშვნების მასში შეტანის შემდეგ, მოქმედი კარტოთეკიდან გადაიტანოს საარქივო კარტოთეკაში; 6.7.5. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გამოცვლიდან სამი დღის ვადაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო-სამისამართო განყოფილებაში, შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალში გატარებით (ფორმა №4.5), რეგისტრაციის ბარათის (ფორმა №4) გაგზავნა, რომელშიც შეტანილი იქნება განმეორებით გაცემული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ძირითადი რეკვიზიტები (დანართი 7, დანართი 28); 6.7.6. გამოცვლილი, აგრეთვე ნაპოვნი პირადობის (ბინადრობის) მოწმობების აღრიცხვა და განადგურება ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. თავი VII საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 7.1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი რეგისტრაციას გაივლის და შესაბამის რეგისტრაციის მოწმობას მიიღებს თავისი საცხოვრებელი ადგილის, ხოლო თუ მას გააჩნია რამდენიმე საცხოვრებელი, ერთ-ერთი ადგილის მიხედვით, რომელსაც იგი აირჩევს საცხოვრებლად. 7.2. 16 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები რეგისტრაციას გაივლიან მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. მათი დამოუკიდებლად რეგისტრაციაში გატარება დასაშვებია მხოლოდ ზემოთ ხსენებულ პირთა ნოტარიული წესით დამოწმებული, წერილობითი თანხმობით. 7.3. კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურების ზონებიდან იძულებით გადაადგილებულ და იქ საცხოვრებელად დარჩენილ პირთა რეგისტრაციაში გატარება და რეგისტრაციის მოწმობების გაცემა წარმოებს შესაბამისად, მათი დროებითი და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მის შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა ის ორგანოები, რომლებსაც ეს დავალებული აქვთ, გასცემენ მათ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობას. 7.4. საცხოვრებელი ადგილის სამ თვეზე მეტი ვადით შეცვლისას, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებულია ათ დღეში აცნობოს ამის შესახებ ახალი საცხოვრებელი ადგილის შესაბამის შინაგან საქმეთა ორგანოს, რომელიც ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ხუთ დღეში გაატარებს მას რეგისტრაციაში და მისცემს შესაბამის რეგისტრაციის მოწმობას (დანართი 3). პირები, რომლებიც არ შეასრულებენ ამ მოთხოვნას, ექვემდებარებიან პასუხიმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით. 7.5. წინასწარი პატიმრობის, სასჯელის მოხდის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო სამ თვეზე მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას, პირი არ არის ვალდებული გაიაროს რეგისტრაცია, ამ შემთხვევაში შესაბამისი ორგანო პირის ადგილსამყოფლის შესახებ შეტყობინების (ფორმა №7) გაგზავნით, აცნობებს შინაგან საქმეთა იმ ორგანოს, სადაც იგი არის რეგისტრირებული (დანართი 11). შეტყობინების გაგზავნა უნდა აღირიცხოს შესაბამის ჟურნალში, ფორმა №7.1 (დანართი 29). 7.6. პირი, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი,  მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას გაივლის იმ ქალაქის, რაიონის, დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იგი ფაქტიურად იმყოფება. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციაში გატარებული პირი ვალდებულია ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოცხადდეს შინაგან საქმეთა იმ ორგანოში, სადაც ის არის რეგისტრირებული. მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის თანამდებობის პირი ამ უკანასკნელს გააფრთხილებს ამის შესახებ და გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს სპეციალურად შემოღებულ ჟურნალში (ფორმა №12.1, დანართი  34). პირი, რომელიც არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, ექვემდებარება პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობით. 7.7. საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს ევალებათ რეგისტრაციაში გატარებისა და შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობის მისაღებად, საცხოვრებელი ადგილის შესაბამის შინაგან საქმეთა ორგანოში,  განცხადებასთან ერთად, წარადგინონ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა (ფორმა №17), რაც ნიშნავს საცხოვრისის მესაკუთრის ან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საცხოვრისის დამქირავებლის წერილობით თანხმობას, შესაბამისად, საკუთრების ან ქირავნობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ან სანოტარო წესით დამოწმების გარეშე (დანართი 21). 7.8. 16 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის მშობელთან (მეურვესთან, მზრუნველთან ერთად) რეგისტრაციაში გასატარებლად, ორივე მშობელი, მეურვე, მზრუნველი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი, წარადგენს ამ პირის დაბადების მოწმობას (მეურვეობის მოწმობას), ხოლო მათი დამოუკიდებლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, დამატებით, ზემოხსენებულ პირთა ნოტარიული წესით დამოწმებულ წერილობით თანხმობას. დაბადების მოწმობასა და მეურვეობის მოწმობას სარეგისტრაციო სამსახურის თანამდებობის პირი დაუბრუნებს მფლობელს მას შემდეგ, რაც ამ დოკუმენტების ნოტარიული წესით დამოწმებულ ასლებს ან ქსეროასლებს შეუდარებს დედნებს, ამის შესახებ მათზე გააკეთებს შესაბამის აღნიშვნას და ერთ-ერთ მათგანს დაურთავს რეგისტრაციის მასალებს. 7.9. რეგისტრაციაში გატარებისა და რეგისტრაციის მოწმობის მიღების მიზნით, პიროვნების შინაგან საქმეთა ორგანოში გამოცხადებისას, მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის თანამდებობის პირი ვალდებულია: 7.9.1. გარკვევით, სრულყოფილად და შესწორება-გადაშლის გარეშე შეავსებინოს საბუთების წარმომდგენ პირს განცხადება-ანკეტის (ფორმა №3, დანართი 6) 1-9 გრაფები, რომლებშიც, მის შესახებ მონაცემებთან ერთად, მიეთითება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია, ნომერი, გაცემის თარიღი და გამცემი ორგანოს დასახელება; იმ შემთხვევაში, როცა საბუთების წარმომდგენ პირს, მხედველობაში მისაღები მიზეზით არ შეუძლია დასახელებული გრაფების სწორად შევსება, ასეთს გააკეთებს მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის თანამდებობის პირი, რაც შეეხება განცხადება-ანკეტის მე-10 გრაფას, იქ ხელმოწერა შესრულდება უშუალოდ რეგისტრაციაში გასატარებელი პირის მიერ; 7.9.2. საფუძვლიანად შეისწავლოს პირის მიერ წარდგენილი საბუთები და ყურადღებით დააკვირდეს, ხომ არ შეიმჩნევა მათში ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის კვალი; საჭიროების შემთხვევაში, გადაამოწმოს პირადობის დამადასტურებელი ან სხვა საეჭვო საბუთის კანონიერება, დაადგინოს, ერიცხება თუ არა წარდგენილი დოკუმენტების სერიები და ნომრები იმ ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული და ა.შ.; მონაცემების გაყალბების, ფოტოსურათის შეცვლის ან სხვა დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში, შეაჩეროს პირის რეგისტრაცია და აღნიშნულის თაობაზე პატაკით, დაუყოვნებლივ მოახსენოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსს, შემდგომი რეაგირებისათვის; 7.9.3.  თავისი ხელმოწერითა და თარიღის დასმით, დაამოწმოს განცხადება-ანკეტის მე-2 პარაგრაფში საბუთების მიღება და მასში მითითებული მონაცემების სისწორე; 7.9.4. გაატაროს შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალში (ფორმა №3.1) განცხადება-ანკეტა და შეიტანოს სათანადო აღნიშვნები მის მე-3 პარაგრაფში (დანართი 27); 7.9.5. პირის რეგისტრაციაში გასატარებლად საჭირო, პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი მონაცემების უკმარისობის ან წარდგენილი საბუთების სისწორეში საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, ამ დებულების 2.3 და 2.4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, გააფორმოს სათანადო დასკვნა (ფორმა №14), დაურთოს მას მასალები და დასამტკიცებლად წარუდგინოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსს. 7.10. დასახელებული სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მიღებული გადაწყვეტილების სისწორეზე; იგი ვალდებულია უზრუნველყოს: 7.10.1. დადგენილი მონაცემების საფუძვლიანობის შესწავლა და გადამოწმება; 7.10.2. განცხადება-ანკეტის (ფორმა №3) მე-2 პარაგრაფში რეგისტრაციის შტამპის (ფორმა №6, დანართი 9) დასმა, პირის რეგისტრაციაში გაფორმება იმ მისამართზე, რომელიც საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტში ან საცხოვრისის მესაკუთრის წერილობით თანხმობაშია მითითებული(ფორმა №17, დანართი 21); 7.10.3. პირის მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, ამ უკანასკნელისათვის განმარტება, რომ ყოველ სამ თვეში ერთხელ შინაგან საქმეთა ორგანოში გამოუცხადებლობაზე მას ეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, აღნიშნულის შესახებ ჩანაწერის გაკეთება შესაბამის ჟურნალში (ფორმა №12.1, დანართი 34); 7.10.4. პირზე გასაცემად შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობის ბლანკის გამოყოფა, მისი გაფორმება-გაცემა და აღნიშნულის თაობაზე  განცხადება-ანკეტის (ფორმა №3) მე-4 პარაგრაფში სათანადო აღნიშვნებისა და ხელმოწერების შესრულების შემდეგ, მისი მოქმედ კარტოთეკაში მოთავსება. 7.11. რეგისტრაციაში გატარებისა და რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ვადა პირებისათვის, რომლებმაც შინაგან საქმეთა ორგანოში წარადგინეს ამ დებულების 7.7. და 7.8 პუნქტებით გათვალისწინებული საბუთები, არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, ხოლო პირები, რომელთაც რეგისტრაციაში გატარებისას არ გააჩნდათ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ასეთს და რეგისტრაციის მოწმობას მიიღებენ ერთდროულად, დებულების 5.2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებში. 7.12. ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად შინაგან საქმეთა ორგანოებში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა, ხოლო უცხოელებს, საქართველოში მცხოვრები უცხოელის რეგისტრაციის მოწმობა (დანართი 3); მშობლებისა და მეურვისაგან განცალკევებით რეგისტრირებულ 16 წლამდე ასაკის პირებს რეგისტრაციის მოწმობა არ მიეცემათ. 7.13. საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა ძალაშია პირადობის მოწმობასთან ერთად, ხოლო საქართველოში მცხოვრები უცხოელის რეგისტრაციის მოწმობა ‒ ბინადრობის მოწმობასთან ერთად. პიროვნების რეგისტრაცია ახალ საცხოვრებელ ადგილზე და ახალი რეგისტრაციის მოწმობის გაცემა არ იწვევს პირადობის მოწმობისა და ბინადრობის მოწმობის შეცვლას; 7.14. საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა არის ცისფერი, ხოლო საქართველოში მცხოვრები უცხოელის რეგისტრაციის მოწმობა ყვითელი ფერისაა (დანართი 3). მათი რეკვიზიტები ერთნაირია და შეიცავს: ა) სახელს; ბ) გვარს; გ) პირად ნომერს; დ) მისამართს; ე) რეგისტრაციის თარიღს; ვ) რეგისტრაციის ორგანოს დასახელებას; ზ) შესაბამისი თანამდებობის პირის ხელმოწერას; თ) რეგისტრაციის შტამპს და ბეჭედს. 7.15. რეგისტრაციის მოწმობა ივსება საბეჭდი პრინტერის საშუალებით*, გადაშლისა და შესწორებების გარეშე, შემდეგნაირად: __________________________________________ * სარეგისტრაციო სამსახურების სათანადო კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვამდე, დროებით, რეგისტრაციის მოწმობის შევსება დასაშვებია საბეჭდი მანქანის მეშვეობით. 7.15.1. გრაფები: „სახელი“, „გვარი“, „პირადი ნომერი“ შეივსება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შესაბამისი გრაფების მიხედვით; 7.15.2. გრაფა „მისამართი“ შეივსება პირის მიერ წარდგენილ, საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტში ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობაში მითითებული მისამართის მიხედვით; ამ დებულების 7.6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც რეგისტრაციაში გატარებულია პირი, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი და ვერ შეძლო წარედგინა საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, შესაბამის გრაფაში დაისმება პუნქტირით გამოსახული 1.5 სმ სიგრძის ხაზი; 7.15.3. გრაფაში ‒ „რეგისტრაციის ორგანოს დასახელება“ ‒ მიეთითება შინაგან საქმეთა ორგანო, რომელმაც რეგისტრაციის მოწმობა გასცა; 7.15.4. რეგისტრაციის მოწმობის მეორე მხარეს, საამისოდ განკუთვნილ ადგილზე, რეგისტრაციის თარიღის ჩვენებით, დაისმება შტამპი „რეგისტრირებულია“ (ფორმა №6, დანართი 9). მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ პირზე გასაცემად განკუთვნილ რეგისტრაციის მოწმობაში დასმული შტამპის თავზე ჩაიბეჭდება სიტყვები: „მოქმედების ვადა“ და მიეთითება მისი მფლობელის, ამ დებულების 7.6 პუნქტის მე- აბზაცით გათვალისწინებული წესის თანახმად, შინაგან საქმეთა ორგანოში გამოცხადების თარიღი; 7.15.5. რეგისტრაციის მოწმობა, შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერის, მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის ბეჭდით დამოწმებისა და დამცავი გარსის გადაკვრის (ლამინირების) შემდეგ, გაეცემა მფლობელს. 7.16. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ პირებს, სამ თვეში ერთხელ გამოცხადებისას, მიეცემათ ახალი რეგისტრაციის მოწმობა, ხოლო ძველი მოწმობა ნადგურდება დადგენილი წესით. 7.17. საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა აღირიცხება საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობების გაცემის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 25, ფორმა №2.2), ხოლო საქართველოში მცხოვრები უცხოელის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა ‒ საქართველოში მცხოვრები უცხოელის რეგისტრაციის მოწმობების გაცემის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი 26, ფორმა №2.3). ამასთან, შესაბამისი მონაცემები შეიტანება სარეგისტრაციო ბარათის (ფორმა №3-ის) მე-4 პარაგრაფში. 7.18. მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის თანამდებობის პირი, რომელმაც გააფორმა პირის რეგისტრაცია ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და გასცა შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობა, ვალდებულია: 7.18.1. პირის რეგისტრაციაში გატარებიდან 3 დღის ვადაში, შეტყობინების (ფორმა №7, დანართი 11) გაგზავნით, აცნობოს ამის შესახებ შინაგან საქმეთა ორგანოს, სადაც პირი ადრე იყო რეგისტრირებული და აღრიცხოს იგი სათანადო ჟურნალში (ფორმა №7.1, დანართი 29). ეს უკანასკნელი, მიღებიდან ერთ დღის განმავლობაში, მოხსნის პირს რეგისტრაციიდან, ამ დებულებით გათვალიწინებული მოთხოვნის შესაბამისად; 7.18.2. პირის რეგისტრაციაში გატარებიდან 3 დღის ვადაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო-სამისამართო განყოფილებასა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივ ორგანოში გააგზავნოს შევსებული რეგისტრაციის ბარათი (ფორმა №4, დანართი 7), რომელზეც დასმული იქნება რეგისტრაციაში გატარების შტამპი (ფორმა №6, დანართი9) და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის ბეჭედი; 16 წლამდე ასაკის ბავშვის დამოუკიდებელად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, იმავე მისამართის გაგზავნის ანალოგიური წესით შედგენილი და დამოწმებული რეგისტრაციის ბარათები; დასახელებული ბარათის დანიშნულებისამებრ გაგზავნა აღრიცხოს შესაბამის ჟურნალში (ფორმა №4.5, დანართი 28); 7.18.3. სამხედროვალდებული პირის რეგისტრაციაში გატარებიდან 10 დღის ვადაში, სათანადო შეტყობინების გაგზავნით, აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სამხედრო კომისარიატს. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს რეგისტრაციაში გატარებული პირის მონაცემები, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და რეგისტრაციის თარიღი (ფორმა №8, დანართი 12); შეტყობინების დანიშნულებისამებრ გაგზავნა აღრიცხოს შესაბამის ჟურნალში (ფორმა №8.1, დანართი 30); 7.18.4. თუ რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის პირს არ შეუცვლია საცხოვრებელი ადგილი, რაც ნიშნავს მოცემულ კონკრეტულ მისამართზე ამ უკანასკნელის წლების განმავლობაში ცხოვრებას, განცხადება-ანკეტის (ფორმა №3) მე-2 პარაგრაფში და საინფორმაციო-სამისამართო განყოფილებაში გასაგზავნ რეგისტრაციის ბარათში (ფორმა №4) დასმულ შტამპზე (ფორმა №6), მისი ამ მისამართზე რეგისტრაციის დროდ მიუთითოს ძველ სააღრიცხვო ჩანაწერებში ნაჩვენები თარიღი, ხოლო ხელახალი რეგისტრაციის დროდ ჩათვალოს შესაბამისი მოწმობის გაცემის თარიღი; 7.18.5. მისამართის მითითების გარეშე პირის რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, წინა საცხოვრებელი ადგილის შესაბამის შინაგან საქმეთა ორგანოში გასაგზავნი შეტყობინების (ფორმა №7), საინფორმაციო- სამისამართო განყოფილებაში გასაგზავნი რეგისტრაციის ბარათის (ფორმა №4), და ახალი საცხოვრებელი ადგილის შესაბამის სამხედრო კომისარიატში გასაგზავნი (თუ პირი სამხედროვალდებულია) შეტყობინების (ფორმა №8) მისამართის აღმნიშვნელ გრაფებში შეიტანოს ჩანაწერი: „მისამართის გარეშე“. 7.19. პასუხისმგებლობა ამ პუნქტებში ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულებაზე ეკისრება საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის შესაბამისი სამსახურის უფროსს. ______________________________ სარეგისტრაციო სამსახურების სათანადო კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვამდე, დროებით, რეგისტრაციის მოწმობის შევსება დასაშვებია საბეჭდი მანქანის მეშვეობით. თავი VIII საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციიდან მოხსნა 8.1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი რეგისტრაციიდან მოხსნას ექვემდებარება საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და გარდაცვალების შემთხვევაში. 8.2 საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას პირის რეგისტრაციიდან მოხსნა წარმოებს მისი ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციაში გატარების შესახებ შესაბამის შინაგან საქმეთა ორგანოდან ან პირის საზღვარგარეთ გასვლის თაობაზე საამისოდ უფლებამოსილი საპასპორტო-სავიზო სამსახურიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე (ფორმა №7, დანართი 11). 8.3 მოცემული კონკრეტული მისამართიდან პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე საცხოვრისის მესაკუთრის (დამქირავებლის) მოტივირებული შუამდგომლობის შემთხვევაში, მისი რეგისტრაციიდან მოხსნა და ახალ მისამართზე (თუ იგი მიუთითებს ასეთს და წარუდგენს შესაბამის თანხმობას) ან მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციაში გატარება განხორციელდება ერთდროულად, რის შესახებაც, ამ დებულების მოთხოვნათა დაცვით, ეცნობება შესაბამის ორგანოებს. იმ შემთხვევაში, როცა პირი არ იმყოფება ადგილზე, ახალ მისამართზე რეგისტრაციაში გატარება მოხდება მისი დადგენისა და გამოცხადების შემდეგ. 8.4 პირის ახალ საცხოვრებლ ადგილზე რეგისტრაციაში გატარების შესახებ შესაბამის შინაგან საქმეთა ორგანოდან შეტყობინების მიღებისას, მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის თანამდებობის პირი ვალდებულია: 8.4.1. აღრიცხოს შეტყობინების მიღება ჟურნალში (ფორმა №7.1) და ერთი დღის ვადაში მოხსნას რეგისტრაციიდან შეტყობინებაში მითითებული პირი. ამ მიზნით, განცხადება-ანკეტების მოქმედი კარტოთეკიდან ამოიღოს მასზე შედგენილი სარეგისტრაციო ბარათი (ფორმა №3), მისი განსაკუთრებული აღნიშვნების გრაფაში შეიტანოს შეტყობინების ნომერი, თარიღი, მისი გამომგზავნი ორგანოს დასახელება და საამისოდ განკუთვნილ ადგილზე დასვას რეგისტრაციიდან მოხსნის შტამპი (ფორმა №6ა), თარიღი და შეასრულოს ხელმოწერა, რის შემდეგ ბარათი მოათავსოს საარქივო კარტოთეკაში (დანართი 6, დანართი 10); 8.4.2. თუ რეგისტრაციიდან მოხსნილი პირი სამხედროვალდებულია, 10 დღის ვადაში, შეტყობინების (ფორმა №8) გაგზავნით აცნობოს შესაბამის სამხედრო კომისარიატს მისი რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი და მიზეზი (დანართი 12). შეტყობინების დანიშნულებისამებრ გაგზავნა აღრიცხოს შესაბამის ჟურნალში (ფორმა №8.1, დანართი 30); 8.4.3. სამხედროვალდებული პირის მიერ საზღვარგარეთ გასვლის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრისას, აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სამხედრო კომისარიატს (ფორმა №8, დანართი 12), რის შესახებ საამისოდ განკუთვნილ ჟურნალში მოახდინოს სათანადო აღნიშვნა (ფორმა №8.1 დანართი 30), შეტყობინების ასლი დაურთოს მასალებს და გადააგზავნოს იგი საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს შესაბამის დანაყოფში; 8.4.4. პირის საზღვარგარეთ საცხოვრებლად გასვლის (ემიგრაციის) შესახებ საპასპორტო-სავიზო სამსახურებიდან შეტყობინების (ფორმა №7) მიღებისას, ერთი დღისა ვადაში მოხსნას რეგისტრაციიდან შეტყობინებაში მითითებული პირი. ამავე დროს, განცხადება-ანკეტების მოქმედი კარტოთეკიდან ამოიღოს სააღრიცხვო ბარათი (ფორმა №1) და მისი განსაკუთრებული აღნიშვნების გრაფაში, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შესაბამის საპასპორტო-სავიზო სამსახურში ჩაბარების შესახებ ჩანაწერის შემდეგ, გადაიტანოს იგი საარქივო კარტოთეკაში. თუ რეგისტრაციიდან  მოხსნილ, საზღვარგარეთ გასულ პირზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაცემულია სხვა შინაგან საქმეთა ორგანოში, სათანადო ჟურნალში გატარებით (ფორმა №7.1, დანართი 29) გაუგზავნოს მას შეტყობინება, რომელშიც აღნიშნული იქნება შესაბამის საპასპორტო-სავიზო სამსახურში ჩაბარებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის რეკვიზიტები (ფორმა №7, დანართი 11). ამ შეტყობინების მიმღები ორგანო, სათანადო ჩანაწერის შეტანის შემდეგ, სააღრიცხვო ბარათს (ფორმა №1) მოქმედი კარტოთეკიდან გადაიტანს საარქივოში; 8.4.5. პირის საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გასვლისა და გარდაცვალების შემთხვევაში, სამი დღის ვადაში, შეადგინოს რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათი (ფორმა №5, დანართი 8), დასვას მასზე რეგისტრაციიდან მოხსნის შტამპი (ფორმა №6ა, დანართი 10), დაამოწმოს ხელმოწერით, მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის ღერბიანი ბეჭდით და გააგზავნოს იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო-სამისამართო განყოფილებასა და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ადგილობრივ ორგანოში. რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათების დანიშნულებისამებრ გაგზავნა აღრიცხოს შესაბამის ჟურნალში (ფორმა №4.5, დანართი 28). 8.5. პირის გარდაცვალების შესახებ იუსტიციის ორგანოებიდან წერილობითი ინფორმაციის მიღების ან გარდაცვლილის ნათესავების მიერ გარდაცვალების მოწმობის წარდგენის შემთხვევაში: 8.5.1. ერთი დღის ვადაში მოხსნას რეგისტრაციიდან გარდაცვლილი პირი და სათანადო ჩანაწერების შეტანის შემდეგ, 8.4.4 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, მოქმედი კარტოთეკიდან საარქივოში გადაიტანოს მასზე შედგენილი სარეგისტრაციო და სააღრიცხვო ბარათები (ფორმა №1 და ფორმა №3); 8.5.2. სამი დღის ვადაში ამ დებულების 8.4.5 პუნქტით განსაზღვრული წესის მიხედვით, გააფორმოს და დანიშნულებისამებრ გააგზავნოს გარდაცვლილ პირზე შედგენილი რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათი (ფორმა №5, დანართი 8); 8.5.3. თუ გარდაცვლილი პირი სამხედროვალდებულია, ათი დღის ვადაში, ამ დებულების 8.4.2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების (ფორმა №8) გაგზავნით, აცნობოს შესაბამის სამხედრო კომისარიატს მისი რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი; 8.5.4. იუსტიციის ორგანოებიდან გადმოგზავნილი და გარდაცვლილი პირის ნათესავების მიერ შინაგან საქმეთა ორგანოში ჩაბარებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობები და რეგისტრაციის მოწმობები გაატაროს შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალში (ფორმა №10.1, დანართი 32) და გაანადგუროს ამ დებულებით დადგენილი წესით. 8.6. პასუხისმგებლობა ამ პუნქტებში ჩამოყალიბებული მოთხოვნების შესრულებაზე ეკისრება შესაბამისი შინაგან საქმეთა ორგანოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსს.  თავი IX პირადობის (ბინადრობის) მოწმობებისა და რეგისტრაციის მოწმობის ბლანკების შენახვისა და აღრიცხვის წესები 9.1. პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობისა და რეგისტრაციის მოწმობის ბლანკები, ბეჭდები და შტამპები* მკაცრი აღრიცხვისაა, რის გამო მათი შენახვა ხორციელდება განსაკუთრებული, გარანტირებული დაცვის პირობებში. 9.2. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შესანახი სათავსი აღჭურვილი უნდა იქნეს საიმედო დაცვითი და ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციით, კარებსა და ფანჯრებს, დამატებითი გამაგრების მიზნით, უკეთდებათ რკინის გისოსები. 9.3. ბლანკების მიღებაზე, აღრიცხვასა და შენახვა-ხარჯვაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უშუალოდ საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსსა და თანამდებობის პირს, რომელსაც შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის ბრძანებით, დავალებული აქვს აღნიშნული საქმიანობის წარმართვა. 9.4. დასახელებული პირების გარდა, მკაცრი აღრიცხვის ბლანკთან სხვა პირთა დაშვება აკრძალულია. ბლანკების აღრიცხვის, შენახვისა და ხარჯვის შესამოწმებლად, საამისოდ უფლებამოსილი პირები დაიშვებიან მხოლოდ შენახვაზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით, შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსთან შეთანხმებით. 9.5. ბლანკების ტრანსპორტირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოდან ან საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნულ ბიუროდან წარმოებს სპეცფოსტის ან შეიარაღებული დაცვის მეშვეობით. ტრანსპორტირებისას მარშრუტიდან გადახვევა ან ერთდროულად სხვა დავალების შესრულება დაუშვებელია. 9.6. მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის თანამდებობის პირი, რომელსაც დავალებული აქვს მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა, ვალდებულია: 9.1.6. უზრუნველყოს ამ ბლანკების მიღება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს ცენტრალურ საწყობში ან საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს სამეურნეო სამსახურში*. ამ მიზნით: ა) შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის მოტივირებული წერილობითი შუამდგომლობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობისაგან, მოითხოვოს საჭირო რაოდენობის ბლანკების გამოყოფა; ბ) გააფორმოს და ბლანკების გამცემ შესაბამის სამსახურში წარადგინოს, შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული და შინაგან საქმეთა ორგანოში რეგისტრირებული მინდობილობა; გ) ბლანკების გადაზიდვის უსაფრთხოების მიზნით, შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა სათანადო სატრანსპორტო საშუალებისა და საიმედო შეიარაღებული დაცვის გამოყოფის შესახებ, ან მათი ტრანსპორტირება აწარმოოს სპეცფოსტის საშუალებით; 9.6.2. ზურგის მთავარი სამმართველოს ან საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს საწყობიდან ბლანკების მიღების დროს, შეამოწმოს შეფუთვის და ლუქის მთლიანობა, მოახდინოს მიღებულის შედარება მკაცრი აღრიცხვის ზედდებულში მითითებულ რაოდენობასთან, რის შემდეგ ზედდებულსა და ჟურნალში, მიღების  დასტურად, მოაწეროს ხელი; 9.6.3. ბლანკების გადაზიდვისას, არ დაუშვას მარშუტიდან გადახვევა, სხვა დავალების შესრულება ან სხვა საქმიანობის წარმართვა; 9.6.4. დანიშნულების პუნქტში მიტანისთანავე, ბლანკები მოათავსოს ბლანკების შესანახად გამოყოფილ სათავსოში, ხოლო ზედდებული, სააღრიცხვო ჟურნალში (ფორმა №2ა, დანართი 35) გატარების შემდეგ, ჩააკეროს შესაბამის საქმეში; 9.6.5. საწყობიდან (სათავსოდან) ბლანკების გაცემა მოსახლეობის რეგისტრაციის ინსპექტირებაზე აწარმოოს მოტივირებული პატაკისა და დასახელებული სამსახურის უფროსის ნებართვის საფუძველზე. ბლანკების გაცემა ინსპექტორებზე, მათი გვარის, გაცემის თარიღისა და გაცემული ბლანკების ნომრების ჩვენებით, აღრიცხოს დებულების 9.6.4 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის (ფორმა №2ა) შესაბამის გრაფებში, რის შემდეგ პატაკი ჩააკეროს საქმეში; 9.6.6. ყოველი თვის ბოლოს, ბლანკების აღრიცხვის ჟურნალში (ფორმა №2ა) შეიტანოს ჩანაწერი, თვის განმავლობაში გახარჯული და ნაშთის სახით დარჩენილი ბლანკების შესახებ, მათი ნომრებისა და რაოდენობის ჩვენებით; 9.6.7. იმ შემთხვევაში, როცა პირადობის (ბინადრობის) მოწმობების გაფორმების პროცესში, მიღებული ბლანკების შეკვრაში აღმოჩნდება მათი ნაკლებობა, დაზიანებული, უნომრო, განმეორებითი ნომრის ან სხვა სახის დეფექტის მქონე ბლანკი, ‒ შეადგინოს შესაბამისი ოქმი, რომლის ერთი პირი ამ ბლანკებთან ერთად, სპეცფოსტით გააგზავნოს ბლანკების გამცემ დანაყოფსა და საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროში, ხოლო ოქმის მეორე პირი ჩააკეროს საქმეში; 9.6.8. ბლანკის, ბეჭდის ან შტამპის დაკარგვის შემთხვევაში, პატაკით დაუყოვნებლივ მოახსენოს შინაგან საქმეთა ორგანოს ხელმძღვანელს, რომელიც შემოწმების მასალებს მიღებული ზომების შესახებ, არაუგვიანეს 10 დღისა, გაუგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს უფროსს შემდგომი რეაგირებისათვის. 9.7. მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის თანამდებობის პირები პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და რეგისტრაციის მოწმობის ბლანკების ხარჯვას, ამ დებულებით დადგენილი წესის მიხედვით, აღრიცხავენ შესაბამის ჟურნალებში (ფორმა №№2,2ა, 2.1,2.2 და 2.3,, დანართები №№5, 23, 24, 25 და 26), აგრეთვე გამცხადება-ანკეტების შესაბამის პარაგრაფებში (ფორმა №1, ფორმა №3, დანართი 4, დანართი 6). 9.8. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შემოსვლისა და ხარჯების აღრიცხვის, აგრეთვე ბეჭდებისა და შტამპების მიღება-ჩაბარების ზემოთ დასახელებული ყველა ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, ფურცლებდანომრილი, დალუქული და შინაგან საქმეთა ორგანოს კანცელარიაში რეგისტრირებული. ეს ჟურნალები ინახება მუდმივად, მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შესანახ სეიფში ან რკინის კარადაში. 9.9. პასუხისმგებლობა და კონტროლი ამ პუნქტებში ჩამოყალიბებული მოთხოვნების შესრულებაზე ეკისრება საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსს. ________________________________ * შემდგომში ბლანკები * პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ბლანკების მარაგი, თუ იგი აღემატება ორი ათას ცალს, გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს ცენტრალური საწყობიდან, ხოლო აღნიშნულზე ნაკლები რაოდენობის მარაგი-საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს სამეურნეო სამსახურიდან. თავი X პირადობის (ბინადრობის) და რეგისტრაციის გაუქმებული მოწმობებისა და ვადაგასული მასალების განადგურების წესი 10.1. ხმარებისათვის უვარგისი, უზუსტო ჩანაწერების მქონე, დაკარგული (ნაპოვნი) გამოცვლილი და გარდაცვლილი პირის პირადობის (ბინადრობის), რეგისტრაციის მოწმობები და გაყოფილ სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტები, მათი გაუქმების* შემდეგ, ორი წლის ვადით ინახება მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შესანახად განკუთვნილ სათავსოში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, დასახელებული დოკუმენტები, აგრეთვე მოსახლეობის რეგისტრაციის რეგისტრაციის სამსახურში შემოსული ვადაგასული სარეგისტრაციო მასალები ექვემდებარება განადგურებას ამ დებულებით დადგენილი წესით. 10.2. ზემოთ დასახელებული დოკუმენტებისა და მასალების განადგურებას, კვარტალში ერთხელ, ახდენს შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია, რომლის შემადგენლობაში შეყვანილი უნდა იქნენ: ამ ორგანოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბუღალტერი, კანცელარიის უფროსი, საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი და სხვა თანამდებობის პირები. 10.3. მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს ევალება: 10.3.1. დააწესოს კვარტალში ერთხელ კომისიის წევრების საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურში შეკრება; 10.3.2. უზრუნველყოს გასანადგურებლად განკუთვნილი ვადაგასული დოკუმენტებისა და მასალების სათანადო ოქმში შეტანა (ფორმა №18, დანართი 22). ოქმში ნაჩვენები უნდა იქნეს მისი შედგენის თარიღი და ადგილი, გასანადგურებლად განკუთვნილი თითოეული დოკუმენტის სერია, ნომერი, თარიღი, პირის გვარი და სახელი, რომელზედაც იგი იყო შედგენილი, როდის, რა წესით (სპეციალური დანადგარით თუ დაწვის გზით), სად (კონკრეტული ადგილის მითითებით) მოხდა მათი განადგურება და ა. შ.; 10.3.3. განადგურებამდე შეამოწმოს, გატარებულია თუ არა გასანადგურებლად განკუთვნილი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, რეგისტრაციის მოწმობა და ყოფილი სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტი შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალში (ფორმა №10.1, დანართი 32); 10.3.4. სპეციალური დანადგარის* გამოყენებით, უზრუნველყოს ოქმში შეტანილი, ვადაგასული დოკუმენტებისა და მასალების განადგურება, რის შედეგადაც კომისიის წევრებთან ერთად, მოაწეროს ხელი ოქმს. ოქმის პირველი ეგზემპლარი ჩააბაროს კანცელარიას, ხოლო მეორე პირი დაუტოვოს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსს. საპასპორტო-სავიზო დ მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი ვალდებულია ეს ოქმი გაატაროს შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალში (ფორმა №18.1, დანართი 36) და ჩააკეროს ოქმების საქმეში. 10.4. გაუქმებული დოკუმენტებისა და ვადაგასული მასალების განადგურების ოქმები (ფორმა №18.1) ინახება მუდმივად. 10.5. პასუხისმგებლობა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულებაზე ეკისრებათ საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსსა და მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს. _________________________________ * დოკუმენტის გაუქმება ხდება სპეციალური ხელსაწყოთი, რომლის მეშვეობითაც იგი გაიხვრიტება მთელ სისქეზე ან მისი ქვედა მარცხენა კუთხიდან ზედა მარჯვენა კუთხემდე, მთელ სიგრძეზე მიეწერება სიტყვა „გაუქმებულია“ * ასეთი დანადგარის მიღებამდე, გაუქმებული დოკუმენტებისა და ვადაგასული მასალების განადგურება მოახდინოს მათი დაწვის საშუალებით. თავი XI საინფორმაციო-სამისამართო საქმიანობა და  ძებნაში მყოფ პირთა გამოვლენა-დადგენა 11.1. შინაგან საქმეთა ორგანოების მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურები, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისას, პირადობის (ბინადრობის) მოწმობებისა და რეგისტრაციის მოწმობების გაცემისას ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად გაფორმებული, პიროვნების შესახებ საჭირო მონაცემებშეტანილი განცხადება-ანკეტებისაგან (ფორმა №1 და ფორმა №3) ქმნიან ალფაბეტური პრინციპით შედგენილ კარტოთეკას. 11.2. შინაგან საქმეთა ორგანოების მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან: 11.2.1. არ დაუშვან კარტოთეკიდან სარეგისტრაციო ბარათების (ფორმა №1 და ფორმა №3) ამოღება და სხვა სამსახურების მუშაკებზე მათი გაცემა, თუ ასეთი კანონით არ არის გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის ნებართვით, კარტოთეკიდან ბარათის ამოღება გააფორმონ ოქმით, რომლის ერთი პირი, შესაბამის სააღრიცხვო ჟურნალში (ფორმა №18.1, დანართი 36) გატარებით, ამოღებული ბარათის ქსეროასლთან ერთად, მოათავსონ კარტოთეკაში; 11.2.2. სარეგისტრაციო მასალები: შეტყობინებები, მოთხოვნები, ცნობები, პირადობის დამადასტურებელი და სხვა დოკუმენტების დამოწმებული ასლები და ქსეროასლები, წერილობითი და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა მასალები, წლებისა და თვეების მიხედვით, ჩააკერონ შინაგან საქმეთა შესაბამისი ორგანოს მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურზე რიცხულ ნომენკლატურულ საქმეებში და შეინახონ ამ დებულებით დადგენილი ვადის განმავლობაში. 11.3 ამ მიზნით, რომ შინაგან საქმეთა ადგილობრივ ორგანოებში დაფიქსირებული და დაგროვილი მონაცემები მომსახურების ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელთა შესახებ ხელმისაწვდომი გახდეს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნულ ბიუროსთან, საინფორმაციო-სამისამართო სამსახურის სახით, ფუნქციონირებს კომპიუტერული ცენტრი, სადაც ამ დებულების დადგენილი წესით, თავს იყრის რეგისტრაციისა (ფორმა №4) და რეგისტრაციიდან მოხსნის (ფორმა №5) ბარათები, რომლებიც, პირის დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, ნაჩვენებია მისი მისამართი და მითითებულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ძირითადი რეკვიზიტები, რომლითაც ეს პირი სარგებლობს (დანართი 7, დანართი 8) 11.4. აღნიშნული ინფორმაციის არსებობა შინაგან საქმეთა ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანოებში, იძლევა საშუალებას დადგენილი იქნეს საჭირო მონაცემები საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ, გააანალიზდეს ქვეყანაში მიმდინარე მიგრაციული პროცესები. 11.5. საქართველოს მოსახლეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციული ბანკის არსებობა ხელს უწყობს, აგრეთვე, დამნაშავე და ძებნაში მყოფ პირთა გამოვლენა-დადგენას. ამ მიზნით, მოსახლეობის რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისას, შინაგან საქმეთა ორგანოების შესაბამის სამსახურებს, სათანადო მოთხოვნების (ფორმა №10, ფორმა №11,ფორმა №12) გაგზავნით. საშუალება ეძლევათ შეამოწმონ პირები ოპერატიულ-სამძებრო დანაყოფებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრსა და საინფორმაციო -სამისამართო სამსახურში. 11.6. საინფორმაციო-სამისამართო საქმიანობას ახორციელებენ შინაგან საქმეთა ორგანოების მოსახლეობის რეგისტრაციისა და საინფორმაციო-სამისამართო სამსახურების თანამდებობის პირები, ხოლო ასეთი საქმიანობის ორგანიზაციაზე, მის მოწესრიგებასა და სრულყოფაზე უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრებათ დასახელებული სამსახურების უფროსებს. 11.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო-სამისამართო განყოფილების მუშაობა რეგულირდება სპეციალური ინსტრუქციით. თავი XII დასკვნითი დებულებები 12.1. სახელმწიფო ბაჟი. 12.1.1. რეგისტრაციაში გატარებისას და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღებისას, პირი იხდის სახელმწიფო ბაჟს კანონის შესაბამისად; 12.1.2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 23 დეკემბრის №937 დადგენილების მე-6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღებისათვის შეადგენს მინიმალურ ხელფასის 10 პროცენტს, ხოლო რეგისტრაციაში გატარებისათვის-მინიმალური ხელფასის 5 პროცენტს; 12.1.3. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად და რეგისტრაციაში გასატარებლად სახელმწიფო ბაჟს (90 თეთრი პირადობის მოწმობის აღებისათვის + 45 თეთრი რეგისტრაციისათვის = 1 ლარი და 35 თეთრი), პირი შეიტანს სააქციო კომერციული, „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ადგილობრივ ფილიალებში, ხოლო ბაჟის გადახდის მკაცრი აღრიცხვის ქვითარს, გაცემულს დასახელებული ბანკის მიერ, წარადგენს მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურში; 12.1.4. რეგისტრაციაში გატარებისა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღებისას გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი იცვლება მინიმალური ხელფასის ოდენობის ცვლილებების შესაბამისად; 12.1.5. რეგისტრაციის მოწმობის შეცვლისას, თუ იგი დაკავშირებული არ არის საცხოვრებელი ადგილის გამოცვლასთან, პირი არ იხდის სახელმწიფო ბაჟს. 12.2 სარეგისტრაციო წესების დაცვა და პროპაგანდა მოსახლეობაში. 12.2.1. სარეგისტრაციო წესების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და მათი დარღვევა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას; 12.2.2. პასუხიმგებლობა სარეგისტრაციო წესების დაცვაზე თანაბარი ძალით ეკისრებათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ და, კერძოდ, მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის თანამდებობის პირებს; 12.2.3. შინაგან საქმეთა ორგანოებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების თანამდებობის პირები ვალდებული არიან მკაცრი კონტროლი დააწესონ მომსახურების ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთა და უცხოელთა რეგისტრაციაში გაუტარებლად ცხოვრებაზე, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ პირთა ყოველ სამ თვეში ერთხელ შინაგან საქმეთა ორგანოში გამოცხადებაზე, აგრეთვე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყონ იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებიც ცხოვრობენ რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით; 12.2.4. რეგისტრაციისათვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიერ, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა ან მათი შესრულებისას უფლებამოსილების გადამეტება, ისჯება კანონმდებლობით. 12.3. სარეგისტრაციო წესების პროპაგანდა. 12.3.1. სარეგისტრაციო წესების პროპაგანდა ხორციელდება შინაგან საქმეთა ორგანოებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების თანამდებობის პირების მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების: პრესის, რადიოს, ტელევიზიის გამოყენებით, მათი შეხვედრებითა და საუბრებით მოქალაქეებთან, წარმოება-დაწესებულებებში და ორგანიზაციებში. სარეგისტრაციო სისტემის სრულყოფა ბევრადაა დამოკიდებული შინაგან საქმეთა ორგანოებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების საქმიან კონტაქტებსა და თანამშრომლობაზე მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებთან. 12.4. მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მუშაობის ანგარიში. 12.4.1. მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების უფროსები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ეროვნულ ბიუროში, ჩატარებული მუშაობის შესახებ წერილობითი სახით (ფორმა №16, დანართი 20), წარადგენენ ყოველი კვარტლის, აგრეთვე 6 თვის, 9 თვისა და წლიურ ანგარიშს. ასეთების წარდგენა ხდება მომდევნო საანგარიშო პერიოდის პირველი თვის 10 რიცხვამდე.