სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ ქონების გაყიდვის უფლების მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით სხდომის დანიშნვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
| საქმე №2/24010-21 |
|
განჩინება საქართველოს სახელით სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ ქონების გაყიდვის უფლების მინიჭების საკითხის განხილვის მიზნით სხდომის დანიშნვის შესახებ |
|
2023 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი |
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
განცხადება: სამეწარმეო საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ დარჩენილი ქონების გაყიდვის უფლების მინიჭება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი განცხადება და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იყო შპს „ფუდ მიქსის“ 2021 წლის 20 სექტემბრის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით.
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 7 ივლისის განჩინებით შპს „ფუდ მიქსი“ საიდენტიფიკაციო ნომრით 406182189 გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა შპს „ფუდ მიქსის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. განჩინება გამოქვეყნდა ელექტრონულ სისტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გაუქმებულია.
2022 წლის 18 ოქტომბერს შპს „ფუდ მიქსის“ სახელით სასამართლოს განცხადებით მომართა გიორგი ხეცურიანმა და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ დარჩენილი ქონების რეალიზაციის უფლება მოითხოვა. განმცხადებელი უთითებს, რომ შპს „ფუდ მიქსის“ რეგისტრაციის გაუქმების სამეწარმეო რეესტრში ასახვამდე, საწარმოს სახელზე უკრაინიდან ჩამოსულია 21000 კგ. გაყინული ხორცი.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ განცხადების განხილვის მიზნით უნდა დაინიშნოს სასამართლო სხდომა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, მე-8 მუხლითა და 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დაადგინა:
1. რეგისტრაციაგაუქმებული შპს „ფუდ მიქსის“ (ს/ნ 406182189) სახელით წარმოდგენილი განცხადების განხილვის სხდომა დაინიშნოს 2023 წლის 6 თებერვალს, 14 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის დარბაზში N52.
განცხადებით მოთხოვნილია შპს „ფუდ მიქსის“ რეგისტრაციის სამეწარმეო რეესტრში გაუქმების ასახვამდე საწარმოს სახელზე უკრაინიდან ჩამოსული 21 000 კგ. გაყინული ხორცის გაყიდვის უფლების მინიჭება.
საქონლის რეალიზაციით მიღებული თანხიდან შპს „ფუდ მიქსის“ მიმართ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებით დაინტერესებულ პირებს განემარტოთ, რომ მათ უფლება აქვთ, მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შესაბამისი წერილობითი განცხადებით ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ელექტრონულ სისტემაში და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3. განჩინება არ საჩივრდება.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე