⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (08.10.1997)
გაუქმებულია:

საქართველოს კანონი საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

საქართველოს კანონი ძალადაკარგული
მიღების თარიღი 21.12.1995
ძალის დაკარგვა 08.10.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 003, 27/03/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 558 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.1995 მიღება
08.10.1997 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი საპარლამენტო ფრაქციის შესახებ (ძალადაკარგულია - 16.09.1997, №848) საქართველოს კანონი საპარლამენტო ფრაქციის შესახებ მუხლი 1🔗. საპარლამენტო ფრაქცია (შემდგომში ‒ ფრაქცია) არის ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელსაც პარლამენტის წევრები ქმნიან საერთო პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე. დაუშვებელია ფრაქციის სახით პარლამენტის წევრთა ისეთი ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც მიზნად ისახავს პირადი, პროფესიული თუ ადგილობრივი ინტერესების დაცვას. მუხლი 2🔗. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს პარლამენტის არანაკლებ 10 წევრს, რომელთა უფლებამოსილება ცნობილია პარლამენტის მიერ.  პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. მუხლი 3🔗. ფრაქციის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს სხვა კანონებით. საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს სხვა კანონებით მინიჭებულ უფლებებს ფრაქცია იძენს რეგისტრაციის მომენტიდან. მუხლი 4🔗. ფრაქციის რეგისტრაციისათვის ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება საპარლამენტო ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელი პირების და წევრთა ვინაობა. განცხადებას თან ერთვის საპარლამენტო ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. შემოსულ დოკუმენტებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, რომელიც წყვეტს ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს. პარლამენტის წევრებს, რომლებსაც უარი ეთქვათ საპარლამენტო ფრაქციის რეგისტრაციაზე, უფლება აქვთ ბიუროს ამ გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დააყენონ პარლამენტის წინაშე, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ინფორმაცია საპარლამენტო ფრაქციის რეგისტრაციის შესახებ და ფრაქციის დამფუძნებელი დოკუმენტების ტექსტი გაეცნობა პარლამენტს და გამოქვეყნდება პარლამენტის ბეჭდვით ორგანოში. მუხლი 5🔗. საპარლამენტო ფრაქცია უფლებამოსილია: ა) წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობდეს პარლამენტის კომიტეტებისა და პარლამენტის ბიუროს მუშაობაში; ბ) მოითხოვოს საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შექმნა; გ) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი პარლამენტის ბეჭდვით ორგანოში; დ) განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს სხვა კანონებით მინიჭებული უფლებები. მუხლი 6🔗. ფრაქციის შიდასაორგანიზაციო საკითხებს საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის და საქართველოს სხვა კანონების შესაბამისად აწესრიგებს ფრაქციის წესდება. მუხლი 7🔗. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციის შემადგენლობიდან, რაც წერილობით უნდა აცნობოს ფრაქციის თავმჯდომარესა და პარლამენტის თავმჯდომარეს. ფრაქციას შეუძლია წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გარიცხოს წევრი ფრაქციიდან, რაც უნდა ეცნობოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ფრაქციას უფლება აქვს მიიღოს ახალი წევრი, რაც უნდა ეცნობოს პარლამენტის თავმჯდომარეს. შეტყობინებას თან ერთვის პარლამენტის წევრის განცხადება. ფრაქცია ჩაითვლება გაუქმებულად, თუ მის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების შედეგად დარჩა ათ წევრზე ნაკლები და ორი კვირის ვადაში ეს რაოდენობა არ შეივსო ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ნორმამდე. ამ ვადაში ფრაქცია ვერ განახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს სხვა კანონებით ფრაქციისათვის გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. მუხლი 8🔗. ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის სხვა ხელმძღვანელი პირების გადაყენების, გადარჩევის, გადადგომის ან არჩევის, აგრეთვე, ფრაქციის დამფუძნებელ დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ სამი დღის ვადაში უნდა ეცნობოს პარლამენტის თავმჯდომარეს. მუხლი 9🔗. ინფორმაცია ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ეცნობება პარლამენტს და გამოქვეყნდება პარლამენტის ბეჭდვით ორგანოში. მუხლი 10🔗. ფრაქციის სახელით პარლამენტში გავრცელებულ ყველა დოკუმენტს ხელს აწერენ ფრაქციის ხელმძღვანელი პირები. მუხლი 11🔗. ფრაქციის წევრს, რომელიც არ იზიარებს ფრაქციის პოზიციას რაიმე საკითხზე, უფლება აქვს გამოთქვას განსაკუთრებული აზრი. მუხლი 12🔗. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება სათანადო პირობები და გამოიყოფა შესაბამისი თანხა. ფრაქციის სხდომათა დარბაზში გამოეყოფა შესაბამისი ადგილი, ხოლო პარლამენტის შენობაში ‒ სამუშაო ფართობი. ფრაქციას საქმიანობას უზრუნველყოფს ფრაქციის აპარატი, რომლის სტრუქტურას, საშტატო ოდენობას და ანაზღაურების პირობებს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. ფრაქციის აპარატის საშტატო ოდენობა, პარლამენტის შენობაში ფრაქციისათვის გამოყოფილი სამუშაო ფართობი, აგრეთვე, ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, დადგენილი მინიმუმის გათვალისწინებით. მუხლი 13🔗. ფრაქციის წარმომადგენელთა რაოდენობა პარლამენტის ორგანოებში, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 14🔗. ფრაქციებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ საპარლამენტო კოალიციაში. ინფორმაცია საპარლამენტო კოალიციის შექმნის შესახებ პარლამენტს გაეცნობა უახლოეს პლენარულ სხდომაზე და გამოქვეყნდება პარლამენტის ბეჭდვით ორგანოში. კოალიციის საქმიანობას არეგულირებს მისი შინაგანაწესი. საქართველოს პრეზიდენტი                                                                  ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 1995 წლის 21 დეკემბერი