აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული ავტონომიური რესპუბლიკა
მიღების თარიღი 07.02.2023
ძალის დაკარგვა 05.03.2026
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №06-ძ/ს
სარეგისტრაციო კოდი 040110000.33.062.016133
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (22)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ბრძანება 02.03.2026
📋 აუქმებს — 1 აქტი
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის ბრძანება 15.04.2021
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის
ბრძანება №06-ძ/ს
2023 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 და მე-19 მუხლების, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 31 ივლისის №18 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ
:
მუხლი 1🔗
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა გარკვეული კატეგორიისთვის მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული შენობების ინფრასტრუქტურული მოწესრიგების მიზნით დანართის შესაბამისად დამტკიცდეს, თანდართული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის 2021 წლის 15 აპრილის №59-ძ/ს ბრძანება (სსმ, ვებგვერდი, 16/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 040110000.33.062.016125).
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრიდავით ფაცაცია
დანართი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. წესის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ამ წესის მიზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.
2. ეს წესი არეგულირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების პროცესსა და ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობებს, განსაზღვრავს შესაბამისი კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობას, ადგენს პროგრამების ბენეფიციარ პირთა წრეს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) წესი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გარკვეული კატეგორიის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამების განხორციელების წესი;
ბ) სამინისტრო – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო;
გ) მინისტრი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი;
დ) ტერიტორიული ორგანო – სამინისტროს სისტემაში შემავალი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ერთეული, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს შესაბამის რეგიონში და უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელებას შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. ტერიტორიული ორგანოებია: აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო; სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო;
ე) დევნილი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი;
ვ) დევნილი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი);
ზ) პროგრამა – დევნილთა გარკვეული კატეგორიისთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული შენობების ინფრასტრუქტურული მოწესრიგების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა;
თ) კომისია – ამ წესით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების მიზნით მინისტრის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია;
ი) დევნილთა განსახლების ობიექტი – დევნილი ოჯახების მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი ფართი და მიმდებარე ტერიტორია;
კ) ბენეფიციარი – ამ წესით გათვალისწინებული პროგრამის მიმღები დევნილი/დევნილი ოჯახი, რომელიც აკმაყოფილებს ამავე წესით დადგენილ კრიტერიუმებს;
ლ) კრიტერიუმი – ამ წესით დადგენილი ნიშან-თვისება, რომლის მიხედვითაც ფასდება დევნილის/დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა;
მ) სტიქიური უბედურება – ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც მოჰყვა საცხოვრებელი შენობის განადგურება ან მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით;
ნ) უბედური შემთხვევა – გაუთვალისწინებელი მოვლენა, გარემოებათა მოულოდნელი დადგომა, რამაც გამოიწვია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დაზიანება ან გარდაცვალება ან/და საცხოვრებელი ფართის მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით ან/და დოკუმენტით;
ო) დევნილთა სოციალური უზრუნველყოფა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით;
პ) დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა – გარკვეული კატეგორიის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფაში მხარდაჭერა ქირის თანხის ანაზღაურების გზით;
ჟ) აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერა – გარკვეული კატეგორიის დევნილ ომისა და სამხედრო/თავდაცვის ვეტერანთა ერთჯერადი დახმარება;
რ) აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირება – გარკვეული კატეგორიის დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელ ფართებზე გამრიცხველიანება/აბონირებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურება;
ს) სოციალური სოლიდარობა – დევნილთა გარკვეული კატეგორიისთვის დახმარების/საჩუქრების გადაცემა;
ტ) დევნილთა განსახლების ობიექტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება – დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობა, დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა, დევნილთა განსახლების ობიექტებში წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების აღდგენა/გამოცვლა, აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარება, დევნილთა საცხოვრებლების მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება/მოპირკეთება;
უ) გარკვეული კატეგორია – ამ წესით განსაზღვრული კრიტერიუმებისა ან/და სხვადასხვა გარემოებების შედეგად გამოწვეული მდგომარეობა;
ფ) ჰუმანიტარული დახმარება – დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული ფულადი ან სხვა სახის დახმარება;
ქ) ფორმა – მინისტრის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დევნილთა განსახლების ობიექტში/დევნილ ოჯახში ვიზიტის აღწერის ფორმა.
თავი II
პროგრამები და მათი განხორციელების მექანიზმები
მუხლი 3🔗. დევნილთა სოციალური უზრუნველყოფა
1. დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს და პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა შედგება:
ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დევნილი – 300 ლარი;1
ბ) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე დევნილი – 150 ლარი;
გ) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე მარჩენალდაკარგული დევნილი – 150 ლარი;
დ) დედ-მამით ობოლი არასრულწლოვანი დევნილი, თითოეულზე – 200 ლარი;
ე) 100 წელს გადაცილებული დევნილი – 250 ლარი;2
ვ) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი დევნილი – 200 ლარი;
ზ) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, ონკოლოგიური დაავადების მქონე დევნილი სოციალურად დაუცველი – 200 ლარი;
თ) აუტიზმის სპექტრული აშლილობის მქონე არასრულწლოვანი დევნილი – 200 ლარი;
ი) სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული დევნილი/დევნილი ოჯახი – არაუმეტეს 1000 ლარი;
კ) სხვა დევნილი/დევნილი ოჯახი, რომლის სოციალური მდგომარეობა არის მძიმე – არაუმეტეს 1000 ლარი.
2. დევნილზე/დევნილ ოჯახზე ერთჯერადი დახმარება გაიცემა საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ, გარდა საჭიროებიდან გამომდინარე გამონაკლისებისა.
3. დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროში/შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებისა;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);
გ) ამავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.3
1 მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დევნილის დახმარების გაწევაზე ინიცირებას აკეთებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან ტერიტორიული ორგანო.
2 100 წელს გადაცილებული დევნილის დახმარების გაწევაზე ინიცირებას აკეთებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან ტერიტორიული ორგანო.
3 მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.
მუხლი 4🔗. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
1. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული დევნილი ოჯახი;
ბ) 65 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე დევნილი ოჯახი;
გ) მარტოხელა დევნილი მშობელი;
დ) აფხაზეთის ომში დაღუპული პირის დევნილი მშობელი;
ე) ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი/ოჯახი;
ვ) დევნილი ოჯახი, რომლის შემადგენლობაში არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;
ზ) სხვა დევნილი/დევნილი ოჯახი, რომლის სოციალური მდგომარეობა არის მძიმე.
2. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს.
3. დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამით ვერ ისარგებლებს დევნილი/დევნილი ოჯახი, რომელიც:
ა) სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით;4
ბ) იღებს ქირის თანხის დაფინანსებას სსიპ – „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან“.
4. დევნილზე/დევნილ ოჯახზე, სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ დევნილ/დევნილი ოჯახისათვის გადასახადი ქირის ვადა საბიუჯეტო წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.5
5. დევნილთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროში/შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);
გ) ამავე მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია;
დ) ცნობა/წერილი სსიპ – „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან“ ქირის თანხის დაფინანსების არმიღების თაობაზე;6
ე) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დაქირავებული საცხოვრებელი ფართის შესახებ.
4 ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შეზღუდვა არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულ დევნილზე/დევნილ ოჯახზე და იმ დევნილზე/დევნილ ოჯახზე, რომელიც იძულებული გახდა სოციალური ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაესხვისებინა საცხოვრებელი ფართი და დარჩა უსახლკაროდ.
5 კომისიის გადაწყვეტილებით, გადასახადი ქირის ვადა საგამონაკლისო წესით შესაძლებელია გაგრძელდეს გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.
6 აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ბენეფიციარზე, რომლის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 30 000-ზე მეტს.
მუხლი 5🔗. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერა
1. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის პროგრამის ბენეფიციარს წარმოადგენს და პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა შედგება:
ა) 30 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დევნილი ვეტერანი – 100 ლარი;
ბ) აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის დევნილი ოჯახის წევრი, რომელიც არ სარგებლობს სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყოველთვიური კომპენსაციით – 100 ლარი;
გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი – 150 ლარი.
2. აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების მხარდაჭერის პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროში/შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);
გ) ამავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
მუხლი 6🔗. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირება
1. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამის ბენეფიციარია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს დევნილთა განსახლების ობიექტში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართში და არ გააჩნია დენის, წყლისა და გაზის აბონირება.
2. პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განსაზღვრულია კანონმდებლობით.
3. აფხაზეთიდან დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროში/შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი და დევნილის მოწმობა (ასლი);
გ) ინფორმაცია დევნილთა განსახლების ობიექტის მესაკუთრის შესახებ (საჯარო რეესტრის ამონაწერი, საჭიროების შემთხვევაში, მესაკუთრის თანხმობა აბონირებაზე);
დ) ამავე მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული კატეგორიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
მუხლი 7🔗. სოციალური სოლიდარობა
1. სოციალური სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში დახმარების სახით გასაცემი დახმარების/საჩუქრის მისაღებად სამინისტროში იქმნება ბენეფიციართა რეესტრი და მათზე გასაცემი დახმარების/საჩუქრის (მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების) სახეობა და ოდენობა.
2. პროგრამის ფარგლებში დახმარების/საჩუქრების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.
მუხლი 8🔗. დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა
1. ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობის თანამონაწილეობის ქვეპროგრამის ფარგლებში:
ა) ბენეფიციარია დევნილთა განსახლების ობიექტში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა;
ბ) დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების შემდგომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ დასაფინანსებელი თანხის ოდენობის შესაბამისად (სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში შესაძლოა დასაფინანსებელი თანხის პროცენტულობა იყოს განსხვავებული);
გ) ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროში/ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარმოადგინოს:
გ.ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განცხადება/მიმართვა;
გ.ბ) ბენეფიციარის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი), დევნილის მოწმობა (ასლი), ამხანაგობის რეგისტრაციის დოკუმენტი და ამხანაგობის კრების ოქმი სამინისტროსთვის მიმართვის თაობაზე;
გ.გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, შესაბამისი რაიონის გამგებლის ბრძანება, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება, რომელშიც მოცემულია შესასრულებელი სამუშაოებისა და ამ სამუშაოების მუნიციპალიტეტისა და ამხანაგობის თანადაფინანსების ოდენობა და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
დ) კომისიის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამით ბენეფიციარის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამინისტროს შეუძლია გასცეს ადმინისტრაციული დაპირება;
ე) სამინისტრო ადმინისტრაციული დაპირების გაცემისას, მასში მითითებულ თანადაფინანსების წილს აანაზღაურებს მას შემდეგ, როდესაც სამინისტროში წარმოდგენილი იქნება:
ე.ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში – შესაბამისი რაიონის გამგეობის წერილი, ამავე რაიონის გამგებლის ბრძანებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების დადასტურების თაობაზე;
ე.ბ) სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
ე.ბ.ა) მეწარმე სუბიექტთან/მიმწოდებელთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება;
ე.ბ.ბ) ხელშეკრულების პირობების შესრულების თაობაზე მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი;
ე.ბ.გ) მერიის მიერ ფინანსური ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში:
ა) ბენეფიციარია დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა და საინიციატივო ჯგუფი);
ბ) დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა ობიექტზე განსაზღვრულია არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით;
გ) ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროში/ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარმოადგინოს:
გ.ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან განსახლების ობიექტში მცხოვრებ დევნილთა განცხადება/მიმართვა;
გ.ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გ.გ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობა (ასლი).
3. დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში:
ა) ბენეფიციარია დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრები დევნილები (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა/ საინიციატივო ჯგუფი);
ბ) დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების შესაბამისად;
გ) ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროში/ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარმოადგინოს:
გ.ა) დევნილთა განსახლების ობიექტის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ან საინიციატივო ჯგუფის განცხადება/მიმართვა;
გ.ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი;
გ.გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დევნილის მოწმობა (ასლი);
გ.დ) საინიციატივო ჯგუფის წევრთა პირადობის მოწმობა და დევნილის მოწმობა (ასლი).
4. აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში:
ა) ბენეფიციარია დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს დევნილთა განსახლების ობიექტში, რომელზეც არ განხორციელებულა სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები და არის:
ა.ა) მარტოხელა სოციალურად დაუცველი, რომლის ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არის 100 000-მდე;
ა.ბ) ოჯახის შემადგენლობის უმეტესობა არის საპენსიო ასაკის და სოციალურად დაუცველი, რომლის ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში არის 100 000-მდე;
ბ) დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობა განსაზღვრულია არაუმეტეს 1000 ლარისა;
გ) ჩასართავად ბენეფიციარმა სამინისტროში/ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარმოადგინოს:
გ.ა) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);
გ.ბ) ბენეფიციარის დევნილის მოწმობა (ასლი);
გ.გ) ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სოციალური კრიტერიუმის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ.დ) მოთხოვნილი სარემონტო/სამშენებლო მასალების (კერამოგრანიტი (მეტლახი), თაბაშირ-მუყაოს ფილა, ლინოლიუმი, წებოცემენტი, სამშენებლო ბათქაში (ფითხი), შპალერი, ლამინირებული იატაკი (ლამინატი), პლინტუსი, ლამინატის ქვეშ დასაგები გუბკის ფილები, შპალერის წებო, საღებავი, ქვიშა/ღორღი, ცემენტი, სამშენებლო აგური/ბლოკი, გრუნტი კონცენტრატი, ტიხრის პროფილი (თაბაშირ-მუყაოს ფილის მისაკრავი), წყალკანალიზაციის მილები, ელსადენები და სხვა) ჩამონათვალი და კომპანიის მიერ გაცემული ინვოისი.
მუხლი 9🔗. კომისიის შექმნისა და მუშაობის წესი
1. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
2. კომისია შედგება არანაკლებ 7 (შვიდი) წევრისაგან.
3. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი, ინიშნება მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო კომისიის მდივნად სამინისტროს დარგობრივი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
5. კომისიის სხდომებს ამზადებს და კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს წარადგენს კომისიის მდივანი.
6. ამ წესით განსაზღვრული ამოცანების შესრულებისათვის კომისიის წევრები არ იღებენ არავითარ გასამრჯელოს.
7. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ მინისტრის/კომისიის თავმჯდომარის მოწვევით.
8. კომისიის სხდომები კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში.
9. კომისია სწავლობს და განიხილავს ბენეფიციარის მდგომარეობას და მათთვის ქმედითი დახმარების გაწევის მიზნით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
10. საკითხის განხილვა ხდება კომისიაზე კომისიის მდივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების (არსებული გარემოებების შესწავლის, მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზებისა და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დაგროვილი მონაცემების, მათ შორის ტერიტორიული ორგანოს მიერ შევსებული ფორმების საფუძველზე, რომლებიც დამუშავებულია სამინისტროს შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურული ერთეულის მიერ) ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე, ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.
11. საკითხის განხილვისას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის მიზნით, კომისია უფლებამოსილია ბენეფიციარი მოიწვიოს გასაუბრებაზე, გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისგან, ტერიტორიული ორგანოსგან ან შესაბამისი დაწესებულებებიდან.
12. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექსპერტები ან სხვა პირები; მოწვეული პირები კენჭისყრაში არ მონაწილეობენ.
13. კომისია უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევებში, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევის თაობაზე.
14. კომისიაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა. ხმების თანაბარი გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, მას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) ბენეფიციარის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
15. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარის/კომისიის მდივნის მიერ წარედგინება მინისტრს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, რაც წარმოადგენს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველს.
16. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას, მინისტრის ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, მათი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში.
17. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ბენეფიციარს გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობითი ფორმით ან მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.
18. კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ყოველკვარტალურად წარუდგინოს კომისიის საქმიანობის ანგარიში მინისტრს. კომისიის საქმიანობის, მათ შორის კომისიაზე განხილული საკითხების ერთიან სტატისტიკას აწარმოებს კომისიის მდივანი.
თავი III
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 10🔗. გარდამავალი დებულებები
სამინისტროში/ტერიტორიულ ორგანოში ამ წესის ამოქმედებამდე შემოსული ბენეფიციართა განცხადებები განიხილება ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულებები
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.