ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ნინო ბოლქვაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17354/19
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

   

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს

მეხუთე სექციის

გადაწყვეტილება

საჩივარი №17354/19
ნინო ბოლქვაძე და სხვები
საქართველოს წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (მეხუთე სექცია) პალატამ 2022 წლის 10 ნოემბერს შემდეგი შემადგენლობით:

სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი, თავმჯდომარე,
ლადო ჭანტურია,
მიკოლა გნატოვსკი, მოსამართლეები,
და მარტინა კელერი, სექციის განმწესრიგებლის მოადგილე,

გაითვალისწინა რა:

საჩივარი (№17354/19) საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2019 წლის 9 მარტს შეიტანეს სასამართლოში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 34-ე მუხლის შესაბამისად თანდართულ ცხრილში ჩამოთვლილმა მომჩივნებმა (შემდგომში „მომჩივნები“), რომლებსაც წარმოადგენდა პირველი მომჩივანი, ქ-ნი ნ. ბოლქვაძე, ადვოკატი, რომელიც საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს თბილისში;

გადაწყვეტილება, საჩივრების შესახებ რომელიც ეცნობება საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მთავრობა“), რომელსაც წარმოადგენდა სახელმწიფო წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტროდან ბატონი ბ. ძამაშვილი;

მხარეთა დაკვირვებები;

განხილვის შედეგად მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

საქმის არსი

1. საჩივარი ეხება მომჩივნების გამოხატვის თავისუფლების უფლების სავარაუდო დარღვევას მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე, ფეხბურთის მატჩის დროს მათთვის ცისარტყელას ფერის საგნების ჩვენების აკრძალვასთან დაკავშირებით (კონვენციის მე-10 და მე-14 მუხლები).

2. 2017 წლის 15 ოქტომბერს გ.კ.-ს, იმ დროს ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის – არნემის „ვიტესის“ კაპიტანს და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანს ეკეთა ცისარტყელას ფერის კაპიტნის სამკლავური ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის მიერ ორგანიზებული, მრავალფეროვნების ხელშეწყობის კამპანიის მხარდასაჭერად. ამას საქართველოში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთი გულშემატკივარი ითხოვდა მის ჩამოშორებას ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდან. ულტრაკონსერვატიულმა ჯგუფებმა გამართეს მანიფესტაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინ და დაწვეს ცისარტყელას ფერის დროშა, რათა დაეგმოთ ის, რასაც ისინი უწოდებდნენ „ლგბტ პროპაგანდას“. მანიფესტაციის მონაწილეთაგან ექვსი მოპროტესტე დააკავეს. საქართველოს პრეზიდენტმა, თბილისის მერმა და საქართველოს ფეხბურთის ასოციაციამ საჯარო განცხადებები გააკეთეს, სადაც დაგმეს ძალადობა და აპლოდისმენტები მიუძღვნეს გ.კ.-ს ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის.

3. 2018 წლის 22 აგვისტოს ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (UEFA) მიანიჭა გ.კ.-ს „თანასწორი თამაშის“ ჯილდო ევროპულ ფეხბურთში მრავალფეროვნების, ჩართულობისა და თანასწორობის ხელშეწყობისთვის.

4. 2018 წლის 9 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში „შსს“) გაავრცელა ოფიციალური განცხადება საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების იმ დღეს დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით. გ.კ.-ს მატჩში უნდა ეთამაშა. განცხადება იყო გაფრთხილება ზოგიერთი გულშემატკივრის განზრახვის შესახებ მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამართვასთან დაკავშირებით და მოუწოდებდა მოქალაქეებს მატჩის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ.

5. იმავე დღეს ულტრაკონსერვატიულმა ნაციონალისტურმა ჯგუფმა „ქართულმა მარშმა“ შემდეგი ულტიმატუმი წამოაყენა: ისინი თავს შეიკავებდნენ პროტესტისაგან და მშვიდობიანად დაუჭერდნენ მხარს ეროვნულ საფეხბურთო გუნდს იმ პირობით, რომ მატჩის დროს „ლგბტ პროპაგანდის“ რაიმე საგანი არ იქნებოდა ხილვადი.

6. პოლიცია განთავსებული იყო სტადიონის შიგნით და გარშემო და მან ხელი შეუშალა სტადიონზე შესვლაში „ანტი-ლგბტ“ პროტესტის მრავალ მონაწილეს.

7. მომჩივნები დაესწრნენ მატჩს. მათ ეკეთათ ცისარტყელას ფერის სამკლავური და ეჭირათ სხვადასხვა პლაკატები, სტიკერები და ბანერები. როდესაც მათ ცისარტყელას ფერის დროშა აღმართეს, პოლიციელები ჩაერივნენ და დროშა ჩამოხსნეს. მომჩივნებს სთხოვეს, რომ არ ეჩვენებინათ ლგბტ თემთან დაკავშირებული სიმბოლოები.

8. 2018 წლის 11 სექტემბერს მომჩივნებმა საჩივრით მიმართეს შსს-ს გენერალურ ინსპექციას (შემდგომში „ინსპექცია“), ხოლო საჩივრის ასლი საქართველოს სახალხო დამცველს გაუგზავნეს. ისინი ჩიოდნენ, რომ ვერ გამოხატავდნენ თავიანთი მხარდაჭერას გ.კ.-ისა და ლგბტ თემის მიმართ ექსტრემისტული ჯგუფების მუქარის ფონზე. საქართველოს კონსტიტუციაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონზე, კონვენციის მე-10 მუხლსა და სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მითითებით მომჩივნები ითხოვდნენ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით, რაც, მათი თქმით, წარმოადგენდა მათი უფლებების დარღვევას და დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე.

9. 2018 წლის 20 დეკემბერს ინსპექციამ განაცხადა, რომ მთავარმა პროკურატურამ შეისწავლა საქმე და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება. რაც შეეხება ინსპექციას, მან ვერ დაადგინა ინციდენტში მონაწილე პოლიციელებისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველი. კერძოდ, ინსპექციის დასკვნების მიხედვით, 2018 წლის 9 სექტემბრის საფეხბურთო მატჩს წინ უძღოდა ჯილდო გ.კ.-ის როლთან დაკავშირებით მრავალფეროვნების ხელშეწყობაში და მისი განცხადება მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რომ ის ღიად უჭერდა მხარს ჩართულობასა და მრავალფეროვნებას. ამან საზოგადოების ერთი ნაწილის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რომელმაც სტადიონზე საპროტესტო აქცია გამართა ლგბტ თემთან ასოცირებული სიმბოლოების გამოყენების გასაპროტესტებლად. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი პირების იდენტიფიცირება ადვილი არ იქნებოდა და გ.კ.-ის მხარდამჭერები და ლგბტ აქტივისტებიც ასევე დაესწრებოდნენ მატჩს და სპორტული ღონისძიებების სპეციფიკისა და სტადიონზე მოხვედრილი ხალხის მაღალი კონცენტრაციის გათვალისწინებით, შსს-მ გადაწყვიტა, რომ არსებობდა არეულობის დაწყების რეალური საფრთხე, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია საზოგადოებრივი წესრიგის მასიური დარღვევა და პროცესები, რომელთა კონტროლიც რთული იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელების გარკვეული რაოდენობა იმყოფებოდა სტადიონზე იმ კონკრეტულ მომენტში, ლგბტ სიმბოლოების აქტიურ დემონსტრირებას შეეძლო არეულობის პროვოცირება, რომლის გაკონტროლებასაც ვეღარ შეძლებდნენ ხელისუფლების მხრიდან ლეგიტიმური ძალაუფლების გამოყენებითაც კი.

10. 2019 წლის 7 მარტს მომჩივნებმა სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანეს მთავარ პროკურატურაში.

11. 2019 წლის 25 აპრილს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება იყო დაწყებული მომჩივნების საჩივრებთან დაკავშირებით. მთავარმა პროკურატურამ განმარტა, რომ ვერ დაადგინა დანაშაულის ნიშნების არსებობა.

12. კონვენციის მე-10 და მე-14 მუხლების საფუძველზე, მომჩივნებმა იჩივლეს გამოხატვის თავისუფლების მათი უფლების დარღვევის შესახებ მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე, რადგან მათ ხელს უშლიდნენ ცისარტყელას ფერის ნივთების ჩვენებაში 2018 წლის 9 სექტემბრის საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობის დროს.

სასამართლოს შეფასება

13. მთავრობამ განაცხადა, რომ მომჩივნებმა ვერ გამოიყენეს ეფექტიანი სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებმა წარადგინეს სისხლისსამართლებრივი საჩივარი ეროვნულ დონეზე, ეს არ წარმოადგენდა სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებას მათ საჩივრებთან დაკავშირებით, კონვენციის მე-10 და მე-14 მუხლების შესაბამისად, რომლებიც მოითხოვდა საფრთხის ქვეშ მყოფი სხვადასხვა ინტერესების მიმართ ფრთხილ დაბალანსებას.

14. მომჩივნები დაეთანხმნენ, რომ სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალება იყო ქმედითი. თუმცა, ისინი დავობდნენ, რომ სისხლის სამართლებრივი დაცვის საშუალება ასევე ქმედითი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის კოდექსი მოიცავდა ისეთი დებულებებს, რომლებიც ახდენდა დისკრიმინაციისა და სიტყვის თავისუფლების უფლების დარღვევის კრიმინალიზაციას.

15. შესაბამისი ზოგადი პრინციპები შეჯამებული იქნა საქმეში Akdivar and Others v. Turkey (1996 წლის 16 სექტემბერი, § 65, გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიშები 1996‑IV), საქმეში Vučković and Others v. Serbia ((პირველადი პრეტენზია) [GC], nos. 17153/11და 29 სხვა, § 71-74, 2014 წლის 25 მარტი) და საქმეში O’Keeffe v. Ireland ([GC], no. 35810/09, § 109, ECHR 2014 (ამონარიდები)).

16. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნებმა წარადგინეს სისხლისსამართლებრივი საჩივარი მათ პრეტენზიებთან დაკავშირებით, სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, ჰქონდა თუ არა სისხლის სამართლებრივი დაცვის საშუალებასა და სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებას „არსებითად ერთი და იგივე მიზანი“, ანუ, დაამატებდა თუ არა მთავრობის მიერ მითითებული სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალება ნებისმიერ არსებით ელემენტს, რომელიც მიუწვდომელი იყო სისხლისსამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენებით (იხ., მაგალითად, საქმე Jasinskis v. Latvia, no. 45744/08, §§ 50-53, 2010 წლის 21 დეკემბერი და საქმე Köhler v. Germany (dec.), no. 3443/18, § 69, 2021 წლის 7 სექტემბერი).

17. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ამტკიცებს, რომ კონვენციის არცერთი დებულება არ უზრუნველყოფს მომჩივანს მესამე მხარის სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდადების ან „პირადი შურისძიების“ უფლებით (იხ., მაგალითად, საქმე Budayeva and Others v. Russia, nos. 15339/02 და 4 სხვა, § 191, ECHR 2008 (ამონარიდები)). მიუხედავად იმისა, რომ უდავოა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი მოიცავდა დებულებებს, რომლებიც სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ თანასწორობის პრინციპის და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევას აქცევდა სისხლის სამართლის დანაშაულად, მომჩივნების საჩივრების შინაარსი ქვეყნის შიდა დონეზე და სასამართლოს წინაშე ეხებოდა გამოხატვის თავისუფლების მათი უფლების მოქმედების სფეროს დისკრიმინაციის აკრძალვის კონტექსტში და მასთან დაკავშირებულ საკითხს, იყო თუ არა მასში ჩარევა გამართლებული (შეუპირისპირეთ და შეადარეთ საქმე Annenkov and Others v. Russia, no. 31475/10, § 106, 2017 წლის 25 ივლისი). 2018 წლის 9 სექტემბრის ინციდენტთან დაკავშირებით არ გამოთქმულა რაიმე ვარაუდი, რომ პოლიციელების ქმედებები განზრახ იყო მიმართული მომჩივნების ფიზიკური ან გონებრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (შეადარეთ საქმე Identoba and Others v. Georgia, no. 73235/12, § 86, 2015 წლის 12 მაისი). პოლიციელების, რომლებიც სტადიონზე იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, ქცევაში რაიმე კრიმინალურ ელემენტთან დაკავშირებული საჩივრის არარსებობის შემთხვევაში და სამოქალაქო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სხვადასხვა არსებითი პირობების გათვალისწინებით (იხ., მაგალითად, საქმე Sarishvili-Bolkvadze v. Georgia, no. 58240/08, § 87, 2018 წლის 19 ივლისი), სისხლის სამართლებრივი დაცვის საშუალებას, რომელსაც ეყრდნობიან მომჩივნები, არ შეეძლო წარმატების მიღწევის გონივრული პერსპექტივის შეთავაზება იმ მხრივ, რომ ის ვერ განიხილავდა მათ ძირითად პრეტენზიებს.

18. ამის საპირისპიროდ, პოლიციელების ქმედებების ან/და შსს-ს პოლიტიკის წინააღმდეგ სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალების ქმედითობა სადავო არ გამხდარა. სასამართლო იმეორებს, რომ საქმეებში, რომლებიც კონვენციის მიხედვით მოითხოვს ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების დაბალანსებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეროვნულ სასამართლოებს, პირველ რიგში, მიეცეთ შესაძლებლობა, დაამყარონ „კომპლექსური და ფაქიზი“ ბალანსი კონკურენტულ ინტერესებს შორის. ასეთი შეფასების გასაკეთებლად ქვეყნის ეროვნულ სასამართლოებს, პრინციპში, უკეთესი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე ამ სასამართლოს და შედეგად, მათ დასკვნებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა მოცემული საკითხის განხილვისას (იხ. საქმე Palomo Sánchez and Others v. Spain [GC], nos. 28955/06 და 3 სხვა, § 57, 2011 წლის 12 სექტემბერი; იხ. ასევე საქმე Courtney v. Ireland (dec.), no. 69558/10, 2012 წლის 18 დეკემბერი; საქმე Charron and Merle‑Montet v. France (dec.), no. 22612/15, § 30, 2018 წლის 16 იანვარი; და საქმე P. v. Ukraine (dec.), no. 40296/16, § 46, 2019 წლის 11 ივნისი).

19. მაშინაც კი, თუ ვივარაუდებთ, რომ მომჩივნები შეიძლება სამართლიანად დაეჭვებულიყვნენ იმის თაობაზე, თუ რომელი სამართლებრივი დაცვის საშუალება იქნებოდა უფრო მიზანშეწონილი მათი საქმისთვის, პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნა გასაჩივრებული მოვლენებიდან დაახლოებით სამ თვეში, რომ არ დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება აღნიშნულ საკითხზე სისხლის სამართლის დანაშაულის ელემენტების არარსებობის გამო (იხ. პარაგრაფი 9 ზემოთ), ცხადი უნდა გაეხადა მომჩივნებისთვის, რომ სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენება იქნებოდა უფრო მიზანშეწონილი მოცემულ შემთხვევაში და სრულად შეძლებდა მათი მოთხოვნის გადაჭრასა და დაკმაყოფილებას. მათ თავისუფლად შეეძლოთ, წამოეწყოთ შსს-ის წინააღმდეგ სამოქალაქო სამართალწარმოება; მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და მთლიანად საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ ვერ დაადგინა, რომ არსებობდა რაიმე განსაკუთრებული მიზეზები მომჩივნების გასათავისუფლებლად შიდა სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის მოთხოვნისაგან, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად. მომჩივნებს რომ შეესრულებინათ აღნიშნული მოთხოვნა, ეს ქვეყნის ეროვნულ სასამართლოებს მისცემდა შესაძლებლობას, რომლის სახელმწიფოებისთვის მისაცემადაც შექმნილია დაცვის შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის წესი, კერძოდ, განსაზღვრონ სადავო ეროვნული ზომების ან რაიმე მოქმედების შეუსრულებლობის კონვენციასთან თავსებადობის საკითხი და თუ მომჩივნები მაინც წარადგენდნენ საჩივარს ამ სასამართლოს წინაშე, ისინი ისარგებლებდნენ ეროვნული სასამართლოების მოსაზრებებით (იხ. საქმე Vučković and Others, ციტირებული ზემოთ, § 90, შემდგომი მითითებით).

21. ამგვარად, მთავრობამ აჩვენა, რომ სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალების ფარგლებში განხილვის მოცულობა უფრო ფართო იყო, ვიდრე სისხლის სამართლის კანონმდებლობით შემოთავაზებული და რომ აღნიშნული პროცედურის გავლით მომჩივნების მიერ შეტანილი საჩივარი დაამატებდა არსებით ელემენტებს, რომლებიც მიუწვდომელი იყო სისხლის სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოყენების მეშვეობით წინამდებარე საქმეში (იხ., მაგალითად, საქმე Popović v. Serbia (dec.) [კომიტეტი], no. 38572/17, § 10, 2022 წლის 22 თებერვალი). ამავდროულად, მომჩივნებმა ვერ წარმოადგინეს გონივრული ახსნა-განმარტება, თუ რატომ აირჩიეს, რომ არ გამოეყენებინათ აღნიშნული სამართლებრივი დაცვის საშუალება.

22. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნევს, რომ მომჩივნებმა ვერ ამოწურეს მათთვის ხელმისაწვდომი შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებები, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და ასკვნის, რომ საჩივარი უარყოფილი უნდა იქნეს კონვენციის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

ამ მოტივით სასამართლო ერთსულოვნად

აცხადებს საჩივარს მიუღებლად.

შესრულებულია ინგლისურ ენაზე და მხარეებს წერილობით ეცნობა 2022 წლის 1 დეკემბერს.

                       

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

     

    მარტინა კელერი   

    სექციის განმწესრიგებლის მოადგილე

    სტეფანი მოუროუ-ვიკსტრომი
      თავმჯდომარე

     

                                       

    დანართი

    მომჩივნების სია:

    მომჩივნის სახელი

    დაბადების წელი

    მოქალაქეობა

    ნინო ბოლქვაძე

    1977

    საქართველო

    გიორგი თაბაგარი

    1985

    საქართველო

    ცაბუნია ვართაგავა

    1991

    საქართველო

    ლევან ბერიანიძე

    1990

    საქართველო

    მარიამი კვარაცხელია

    1993

    საქართველო

    თამაზი სოზაშვილი

    1995

    საქართველო

    ნიკოლო ღვინიაშვილი

    1973

    საქართველო

    ვახტანგ კერძაია

    1995

    საქართველო

    გიორგი წოწკოლაური

    1983

    საქართველო