ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესებისა და ამ ნივთიერებათა გატაცების, უკანონო დამზადებისა და გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესებისა და ამ ნივთიერებათა გატაცების , უკანონო დამზადებისა და გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ

ითვალისწინებს რა ნარკომანიის საზოგადოებრივ საშიშროებას, აგრეთვე ცალკეულ მოქალაქეთა და მშრომელთა კოლექტივების თხოვნას ამ მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს :

1. დაწესდეს, რომ იმ პირს, რომელიც ხმარობს ან შეეცდება იხმაროს ნარკოტიკული ნივთიერებანი ექიმის დანიშნულების გარეშე, მოსამართლის დადგენილებით შეუფარდებენ პატიმრობას ვადით 10 დღიდან 15 დღემდე.

მასალებს ასეთი პირის შესახებ ერთპიროვნულად განიხილავს სახალხო მოსამართლე დღე-ღამის განმავლობაში ამ მასალების მშრომელთა დეპუტატების რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილებიდან (სამმართველოდან) მიღების შემდეგ.

თუ დადგინდა, რომ ამ ბრძანებულების 1-ლი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაკავებული პირი არის ნარკომანი და თავს არიდებს მკურნალობას, იგი უნდა გაიგზავნოს იძულებით სამკურნალოდ „ნარკომანების და გამოუსწორებელი ლოთების (ალკოჰოლიკების) იძულებითი მკურნალობისა და შრომითი აღზრდა-გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 18 დეკემბრის ბრძანებულების შესაბამისად.

2. ნარკოტიკული ნივთიერების ხმარება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოყენებული იყო ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.

3. მასალები იმ პირის შესახებ, რომელსაც არ შესრულებია თექვსმეტი წელი და ხმარობს ნარკოტიკულ ნივთიერებას, გადაეცემა მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს აღმასკომის არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას ამ პირის მკურნალობისათვის სათანადო ზომების მისაღებად, მისი ქცევისადმი კონტროლის დასაწესებლად და მშობლების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განსახილველად.

4. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებები:

კოდექსის 63-ე, 230-ე, 252-ე და 253-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 63. ალკოჰოლიკისა და ნარკომანის იძულებითი მკურნალობა

თუ დანაშაულის ჩამდენი პირი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდება ალკოჰოლიკი ან ნარკომანი, სასამართლო დამნაშავეს სასჯელთან ერთად შეუფარდებს იძულებით მკურნალობას.

თუ ალკოჰოლიკს ან ნარკომანს ჩადენილი დანაშაულისათვის შეეფარდება სასჯელი, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, იგი იძულებითი მკურნალობისათვის იგზავნება სპეციალურ სამკურნალო-შრომით დაწესებულებაში;
ხოლო თუ სასჯელის ზომად გამოყენებული იქნა თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებული მკურნალობას გაივლის სასჯელის მოხდის დროს, თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლების შემდეგ კი მკურნალობა, თუ ეს საჭიროა, გაგრძელდება სპეციალურ სამკურნალო-შრომით დაწესებულებაში.

ალკოჰოლიკის ან ნარკომანის იძულებითი მკურნალობა შეწყდება სასამართლოს დადგენილებით, იმ დაწესებულების წარდგინების საფუძველზე, სადაც პირი იმყოფება სამკურნალოდ“.

მუხლი 230. ნარკოტიკების მოხმარების ბუნაგის ან გარყვნილების ბუდის მოწყობა და მაჭანკლობა

ნარკოტიკების მოხმარების ბუნაგის, აგრეთვე გარყვნილების ბუდის მოწყობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, ნარკოტიკულ ნივთიერებათა კონფისკაციით.

ქალების მიზიდვა გარყვნილებისათვის, აგრეთვე მაჭანკლობა ანგარების მიზნით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, გადასახლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ“.

მუხლი 252. ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა დამზადება ან გასაღება

ნარკოტიკულ ნივთიერებათა საგანგებო ნებართვის გარეშე დამზადება, შეძენა, შენახვა, ან გასაღება, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ნარკოტიკულ ნივთიერებათა კონფისკაციით. 

ძლიერმოქმედ და შხამიან არანარკოტიკულ ნივთიერებათა საგანგებო ნებართვის გარეშე დამზადება, შეძენა, შენახვა, ან გასაღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა კონფისკაციით.

ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან იმ პირის მიერ, რომელმაც სასჯელი მოიხადა ასეთივე დანაშაულისათვის, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა წარმოების, შენახვის, გაცემის, აღრიცხვის, გადაზიდვის ან გადაგზავნის დადგენილი წესების დარღვევა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე“.

მუხლი 253. ხაშხაშის ან ინდური , სამხრეთ მანჯურიის და სამხრეთ ჩუიის კანაფის დათესვა

ხაშხაშის ან ინდური, სამხრეთ მანჯურიის და სამხრეთ ჩუიის კანაფის დათესვა სათანადო ნებართვის გარეშე, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ, ნათესების კონფისკაციით“.

დაემატოს კოდექსს 2521, 2522, 2523 და 2524 მუხლები შემდეგი შინაარსისა:

მუხლი 2521. ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა გატაცება

ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა გატაცება, თუ ეს ქმედობა თავისი ხასიათით არ იწვევს უფრო მძიმე სასჯელს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე. იგივე ქმედობა, ჩადენილი განმეორებით ან დიდი ოდენობით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით.

მუხლი 2522. ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარება

ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, ჩადენილი მას შემდეგ რაც ასეთივე ქმედობისათვის დამნაშავის მიმართ გამოყენებული იყო ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომა, -

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.

მუხლი 2523. ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებაზე დაყოლიება

ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებაზე სრულწლოვანი პირის დაყოლიება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 

მუხლი 2524. იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება

სამკურნალო-შრომით დაწესებულებაში ნარკომანის ან ალკოჰოლიკის მიერ იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება, ან რეჟიმის სხვა ბოროტი დარღვევა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.

კოდექსის 39-ე მუხლის მე-12 პუნქტს სიტყვების: „მთვრალი იყო“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ან იმყოფებოდა ნარკოტიკულ ნივთიერებათა ზეგავლენის ქვეშ“.

კოდექსის 25-ე, 44-ე და 54-ე მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები:

„(252-ე მუხლის პირველი ნაწილი)“ და მათ ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები:

„(252-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილი), ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა გატაცებისათვის (2521 მუხლი)“, ამავე მუხლებს სიტყვების:

„(228-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები:

„ნარკოტიკების მოხმარების ბუნაგის ან გარყვნილების ბუდის მოწყობისათვის (230-ე მუხლის პირველი ნაწილი)“.

5. შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება „ნარკომანების და გამოუსწორებელი  ლოთების (ალკოჰოლიკების) იძულებითი მკურნალობისა და შრომითი აღზრდა-გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 18 დეკემბრის ბრძანებულების მე-3 მუხლში: სიტყვის „არასრულწლოვანებს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „რომლებსაც თექვსმეტი წელი არ შესრულებიათ“.

ამავე ბრძანებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი.
„სამკურნალო-შრომით დაწესებულებაში ნარკომანის ან ალკოჰოლიკის მიერ იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება ან რეჟიმის სხვა ბოროტი დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე . ძოწენიძე .

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი . კვაჭაძე .

თბილისი , 1969 წლის 30 ივნისი