საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.03.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №32/2023
სარეგისტრაციო კოდი 010340000.15.008.016686
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,502 სიტყვა · ~13 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება 93% 31.01.2025 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 91% 27.06.2017 მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ფიზიკური პირის, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 22.06.2017 საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 21.03.2022 საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 89% 16.10.2020

დოკუმენტის ტექსტი

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №32/2023 2023 წლის 21 მარტი ქ. თბილისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 24-ე მუხლის 6​3 პუნქტისა და 25​1 მუხლის მე-8 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულება“. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი დანართი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების (შემდგომში – სერტიფიცირება) ჩატარების, სერტიფიკატის გაცემისა და მოქმედების ვადის გაგრძელების წესს. მუხლი 2🔗. სერტიფიცირების მიზანი 1. სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის ცოდნის დადგენა, შემდგომში საუბნო საარჩევნო კომისიის მაღალკვალიფიციური წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შერჩევის მიზნით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები მოიცავს საკითხებს მხოლოდ საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა ფუნქციების შესაბამისად. 3. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები შეიძლება მოიცავდეს საკითხებს შემდეგი თემებიდან: ა) საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი; ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობისთვის კანონით დადგენილი მოთხოვნები; გ) საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება; დ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება; ე) საუბნო საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტები; ვ) წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა; ზ) წინასაარჩევნო აგიტაცია კენჭისყრის შენობაში; თ) გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირება და ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნება; ი) ამომრჩევლის ბარათი; კ) კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები; ლ) დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლის უფლებები; მ) კენჭისყრის შენობის მოწყობა; ნ) საარჩევნო ბიულეტენი; ო) კენჭისყრა; პ)  კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები და მათი შედგენა; ჟ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობა; რ) პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის. 4. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თემების გარდა, უნდა მოიცავდეს კითხვებს შემდეგი თემებიდან: ა) საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებად არჩევისთვის დადგენილი მოთხოვნები; ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება; გ) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა; დ) კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი; ე) განცხადების/საჩივრის რეგისტრაცია და მასზე რეაგირება. მუხლი 3🔗. სერტიფიცირების ჩატარების წესი და ვადები 1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული  პირი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში – სწავლების ცენტრი) ამ დებულებით განსაზღვრული წესით. 2.  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებისთვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში – ცესკო) საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს: ა) აუცილებელი კომპიუტერული პროგრამების (გამოცდების ჩაბარების მსურველ პირთა სარეგისტრაციო პროგრამები, გამოცდებზე რეგისტრირებულ პირთა საგამოცდო პროგრამები) ფუნქციონირებას; ბ) გამოცდების ჩატარების ადგილზე/ადგილებზე აუცილებელი ტექნიკის ფუნქციონირებას; გ) გამოცდებზე რეგისტრირებული პირების, გამოცდების მონაწილეებისა და სერტიფიკატების მფლობელი პირების მონაცემების ელექტრონული ბაზის შენახვასა და უსაფრთხოებას; დ) ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებას. 3. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. ჩატარების ვადები და ადგილი/ადგილები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით. 4. ინფორმაცია სერტიფიცირების გამოცდების ჩატარების შესახებ და საგამოცდო ტესტები (პასუხებით) ქვეყნდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე (www.cesko.ge; www.electionreforms.ge). 5. სერტიფიცირების საგამოცდო ტესტების მომზადებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრი. ცესკო განკარგულებით ამტკიცებს საგამოცდო ტესტებს, რომლებიც უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას. საგამოცდო ტესტები ცესკოს წარედგინება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 14 სამუშაო დღის ვადაში. 6. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობისთვის, ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ტესტები (პასუხებით) ასევე ითარგმნება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე. თარგმნილი საგამოცდო ტესტები მოწმდება ნოტარიული წესით ან ითარგმნება სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ადმინისტრაციულ ორგანოში. თარგმნილი ორენოვანი ტესტები ასევე ქვეყნდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდებზე და უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას. 7. ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ტესტებისა და თარგმნილი ტესტების რედაქციებს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება დამტკიცებული ტესტების რედაქციებს. გამოცდის შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში, საჩივრის განხილვა წარმოებს ცესკოს განკარგულებით  დამტკიცებული ტესტების რედაქციის საფუძველზე. მუხლი 4🔗. სერტიფიცირების გამოცდებზე რეგისტრაციის უფლების მქონე პირები 1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდებზე რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები არ ითვალისწინებს იმ მოქალაქეების რეგისტრაციას, რომლებსაც გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის უდასტურდებათ შემდეგი ინფორმაცია: ა) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ბ) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი; გ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; დ) მოქალაქე,  საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში. 3. საარჩევნო კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 6​1 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სერტიფიცირება ტარდება ცალკე, წელიწადში არანაკლებ ერთხელ მაინც, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის ცესკო ამუშავებს მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციას ცესკო ამოწმებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროდან პარტიების შემომწირველთა შესახებ მიღებული ელექტრონული მონაცემების ბაზის საფუძველზე. 5. ამ მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების მიხედვით დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სერტიფიცირების გამოცდების ჩაბარების მსურველ პირთა სარეგისტრაციო პროგრამებში შესაბამისი შეზღუდვების ფუნქციის გააქტიურებას. თავი II სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია მუხლი 5🔗. რეგისტრაციის ფორმა და ვადა 1. სერტიფიცირების გამოცდისათვის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული ფორმით. 2. ელექტრონული ფორმით რეგისტრაცია ითვალისწინებს სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის შევსებას. ივსება განაცხადის შემდეგი ველები: ა) გვარი, სახელი; ბ) პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/ საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიხედვით); გ) დაბადების თარიღი; დ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით; იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში – ფაქტობრივი მისამართი); ე) სქესი; ვ) საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა (არასავალდებულო ველი);  ზ) სერტიფიცირების გამოცდის ადგილი, სადაც მოქალაქეს სურს სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარება; თ) სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების მსურველის თანხმობა სერტიფიცირების გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გაცემაზე, ასეთი ინფორმაციის საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის ან ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ სწავლების ცენტრიდან წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში. 3. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციას ახორციელებს სერტიფიცირების გამოცდის სამდივნო ამ დებულების მე-6 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესით ან უშუალოდ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი (დისტანციური რეგისტრაცია) ამ დებულების მე-7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. სერტიფიცირების გამოცდის მონაწილეთა რეგისტრაციის დაწყებისა და დასრულების ვადები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით. დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ რეგისტრაცია აღარ განხორციელდება. მუხლი 6🔗. სერტიფიცირების გამოცდის სამდივნო  1. სერტიფიცირების გამოცდის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით იქმნება სერტიფიცირების გამოცდის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობა მტკიცდება სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამდივნოში შედიან სწავლების ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრული სწავლების ცენტრის თანამშრომლები და ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული საოლქო საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც არჩეული არიან 5 წლის ვადით. სწავლების ცენტრის დირექტორი ამ პუნქტით განსაზღვრულ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს. 3. სამდივნოს უფლებამოსილების ვადა წყდება სერტიფიცირების გამოცდის დასრულებისთანავე. 4. სამდივნოს ხელმძღვანელობს მისი შემადგენლობიდან სწავლების ცენტრის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი. 5. სამდივნოს ფუნქციებია ამ დებულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად: ა) სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია; ბ) სერტიფიცირების გამოცდაზე დაშვების მიზნით გამოცდის დღეს გამოსაცდელთა იდენტიფიცირება; გ) საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით სერტიფიცირების გამოცდაზე დამკვირვებლების აკრედიტაცია;  დ) სერტიფიცირების გამოცდის მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელება; ე) სხვა ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგება.  6. სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაციის მიზნით სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების მსურველმა სამდივნოს უნდა წარუდგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. საბუთის წარუდგენლობის შემთხვევაში პირი არ გატარდება რეგისტრაციაში. 7. სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების მსურველის დასარეგისტრირებლად სამდივნო წარმოდგენილი საბუთის საფუძველზე უზრუნველყოფს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული განაცხადის შევსებას. 8. სამდივნოში რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდეგ გამოცდის ჩაბარების მსურველს ადგილზე ეძლევა სარეგისტრაციო ბარათი მისი რეგისტრაციის ნომრის, გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით. მუხლი 7🔗. დისტანციური რეგისტრაცია 1. დისტანციური რეგისტრაცია ითვალისწინებს უშუალოდ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველის მიერ ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული განაცხადის შევსებას. 2. შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველი, ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულად იღებს შეტყობინებას (სარეგისტრაციო ბარათს) მისი რეგისტრაციის ნომრის, გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით. თავი III სერტიფიცირების გამოცდა მუხლი 8🔗. სერტიფიცირების გამოცდის ჩატარების მეთოდი 1. სერტიფიცირების გამოცდა ტარდება ერთ ტურად. განაცხადების რაოდენობის გათვალისწინებით გამოსაცდელთა მიღება შეიძლება მოხდეს ნაკადებად. 2. სერტიფიცირების გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. 3. სერტიფიცირების საგამოცდო ტესტი არის კითხვა ოთხი სავარაუდო პასუხით. სავარაუდო პასუხებიდან ერთი პასუხი არის სწორი. 4. სერტიფიცირების საგამოცდო ტესტების შერჩევა ხორციელდება ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით თითოეული გამოსაცდელისთვის შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი. მუხლი 9🔗. სერტიფიცირების გამოცდაზე გამოცხადება და გამოცდაზე დაშვება 1. გამოსაცდელი სერტიფიცირების გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ერთხელ სარეგისტრაციო ბარათში მითითებული თარიღისა და დროის დაცვით. 2. გამოსაცდელი, რომელიც არ გამოცხადდება გამოცდაზე ან დაგვიანებით გამოცხადდება, მოიხსნება გამოცდიდან. 3. გამოსაცდელმა სერტიფიცირების გამოცდაზე გამოცხადებისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. აღნიშნული საბუთის წარუდგენლობის შემთხვევაში პირი არ დაიშვება გამოცდაზე. 4. სერტიფიცირების გამოცდაზე დაშვების მიზნით სამდივნოს წევრი უზრუნველყოფს გამოსაცდელის: ა) იდენტიფიცირებას წარმოდგენილი საბუთისა და ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების საფუძველზე; ბ) ფოტოსურათის გადაღებას; გ) ხელმოწერის დაფიქსირებას სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით. 5. იდენტიფიცირების პროცედურის დასრულების შემდეგ სამდივნოს წევრს გამოსაცდელი შეჰყავს საგამოცდო ოთახში და უთითებს მისთვის განკუთვნილ ადგილს. მუხლი 10🔗. სავალდებულო ინსტრუქტაჟი სერტიფიცირების გამოცდის დაწყებამდე 1. სერტიფიცირების გამოცდის დაწყებამდე სამდივნოს წევრი გამოსაცდელებს განუმარტავს ელექტრონული პროგრამის მოხმარების წესს, ტესტების ამოხსნის მეთოდიკას და გამოცდების ჩატარების სხვა წესებს. 2. გამოცდების ჩატარების წესების დარღვევის შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან, რის შესახებაც დგება ოქმი. გამოსაცდელის ნამუშევარი შეფასდება უარყოფითად. 3. დარღვევის შესახებ ოქმში მითითებული უნდა იყოს: ა) დამრღვევის სახელი, გვარი; ბ) დარღვევის თარიღი და დრო (რიცხვი, თვე, წელი, საათი, წუთი); გ) დარღვევის ჩადენის ადგილი; დ) დარღვევის შინაარსი; ე) დარღვევის აღმომჩენის/აღმომჩენთა ხელმოწერა/ხელმოწერები; ვ) დამრღვევის ხელმოწერა (თუ დამრღვევმა უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმის შემდგენი პირის მიერ დგება სპეციალური აღნიშვნა). მუხლი 11🔗. სერტიფიცირების გამოცდის პროცესი 1. გამოცდის დასაწყებად ელექტრონულ პროგრამაში ავტორიზაციისათვის გამოსაცდელს კომპიუტერში შეჰყავს პირადი ნომერი საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით. 2. პროგრამაში ავტორიზაციის შემდეგ პროგრამა ავტომატურად შემთხვევითი შერჩევის მეთოდით აგენერირებს, იმ კითხვებს, რომლებზეც გამოსაცდელმა უნდა გასცეს პასუხი. 3. გამოსაცდელმა სენსორულ მონიტორზე გამოტანილი საგამოცდო ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი. 4. სასერტიფიკაციო გამოცდის ხანგრძლივობა შეადგენს ერთ საათს. პროგრამა ავტომატურად აკონტროლებს გამოცდის დროს, ჩართულია დროის უკუათვლა. 5. გამოცდის მიმდინარეობისას გამოსაცდელს ეკრძალება საგამოცდო დარბაზის დატოვება. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 12🔗. დამხმარე მასალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენების აკრძალვა 1. სერტიფიცირების გამოცდის განმავლობაში გამოსაცდელს ეკრძალება: ა) ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების, ჩანაწერების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება; ბ) ტექნიკური საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონის შეტანა, გამოყენება; გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესების დარღვევის შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. გამოსაცდელს მოთხოვნისამებრ შეიძლება გადაეცეს საწერი თაბახის ფურცელი და კალამი. მუხლი 13🔗. სერტიფიცირების გამოცდის შედეგები 1. ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება – 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით. 2. მონიტორზე აისახება საგამოცდო ტესტებზე გაცემული სწორი და არასწორი პასუხების რაოდენობა. 3. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. გამსვლელი ქულის მიღებისას,  გამოსაცდელს, მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილზე გადაეცემა გამოცდის შედეგების ამსახველი საინფორმაციო ბარათი, სერტიფიცირებული პირის მონაცემები კი დაუყოვნებლივ აისახება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე განთავსებულ სერტიფიკატის მფლობელ პირთა საჯარო პლატფორმაზე, რომელშიც მოქალაქეს შეუძლია გვარისა და პირადი ნომრის მითითებით საკუთარი მონაცემების გადამოწმება და ელექტრონული სერტიფიკატის ამობეჭდვა. 4. სერტიფიცირებულ პირთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით, სწავლების ცენტრი აღჭურვილია შესაბამის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე წვდომისა და მონაცემების დამუშავების უფლებამოსილებით. სწავლების ცენტრი ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ამუშავებს და გასცემს სერტიფიკატის მფლობელის პერსონალურ მონაცემებს, ასეთი ინფორმაციის საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის ან ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში. 5. სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მიზნისთვის მიმართოს სწავლების ცენტრს, რომელსაც უნდა წარუდგინოს: ა) წერილობითი თანხმობა სწავლების ცენტრის მიერ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გაცემაზე; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი. მუხლი 14🔗. სერტიფიცირების გამოცდის შედეგების გასაჩივრება 1. სერტიფიცირების გამოცდის შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში გამოსაცდელს მოთხოვნის შესაბამისად გადაეცემა ელექტრონული პროგრამიდან ამობეჭდილი ნამუშევარი. 2. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში და წესით. 3. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიცირების გამოცდის შედეგის გასაჩივრება უკავშირდება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მომზადებულ ორენოვან ტესტს, საჩივრის განხილვისას გამოიყენება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესი. თავი IV სერტიფიცირების გამოცდის საჯაროობა მუხლი 15🔗. სერტიფიცირების გამოცდის მიმდინარეობაზე ზედამხედველობა 1. სერტიფიცირების გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტირებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2. აკრედიტაციის მიზნით, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განცხადებით უნდა მიმართონ სამდივნოს, რომელიც გასცემს შესაბამის სააკრედიტაციო მოწმობებს. 3. აკრედიტაციის დაწყებისა და დასრულების ვადები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ აკრედიტაცია აღარ ხორციელდება. 4. აკრედიტირებული დამკვირვებლების რაოდენობის გათვალისწინებით გამოცდის ჩატარებამდე 2 სამუშაო დღით ადრე შეიძლება ჩატარდეს წილისყრა საგამოცდო დარბაზში დამკვირვებლების დაშვების რიგითობის განსაზღვრის მიზნით. 5. საგამოცდო დარბაზში დაიშვება არა უმეტეს სამი დამკვირვებლისა. ერთი და იმავე ორგანიზაციიდან საგამოცდო დარბაზში დაიშვება მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აკრედიტაცია გაიარა მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ. 6. გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვების პროცესში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დამკვირვებელმა უნდა მიმართოს სამდივნოს წარმომადგენელს შესაბამისი რეაგირებისათვის. 7. დამკვირვებელს ეკრძალება საგამოცდო პროცესში ჩარევა. გამოცდის ჩატარების წესების დარღვევის შემთხვევაში დამკვირვებელი დათხოვნილი იქნება საგამოცდო დარბაზიდან, რის შესახებაც დგება ოქმი მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 8. ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის შიდა აუდიტის განყოფილება უფლებამოსილია დააკვირდეს სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებულ ყველა ეტაპს, მათ შორის, გამოითხოვოს და მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია. მუხლი 16🔗. საგამოცდო დარბაზში ყოფნის უფლება 1. საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ გამოსაცდელები, გამოცდის სამდივნოს წევრები, სწავლების ცენტრის დირექტორი, სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილე, ცესკოს იურიდიული, მათ შორის შიდა აუდიტის განყოფილების, საარჩევნო პროცესების მართვისა და საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების თანამშრომლები, აკრედიტირებული დამკვირვებლები, ცესკოს წევრები და ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები. 2. საგამოცდო დარბაზში ყოფნის უფლების მქონე პირები (გარდა გამოსაცდელებისა) უნდა ატარებდნენ შესაბამის სამკერდე მოწმობებს. თავი V საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიკატი მუხლი 17🔗. სერტიფიკატის ფორმა და მოქმედების ვადა 1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიკატის ფორმას განკარგულებით ამტკიცებს ცესკო. 2. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით. 3. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიკატი ძალას კარგავს, თუ სერტიფიკატის მფლობელი სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში ან საუბნო საარჩევნო კომისიაში საქმიანობის შეწყვეტიდან 5 წლის ვადაში არ დაიწყებს მუშაობას საუბნო საარჩევნო კომისიაში. 4. იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატის მფლობელი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში საქმიანობას დაიწყებს საუბნო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად, მას ვადის გასვლის გამო გაუგრძელდება საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი. 5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება ავტომატურად, პროგრამულად. განახლებული მონაცემები აისახება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე განთავსებულ სერტიფიკატის მფლობელ პირთა საჯარო პლატფორმაზე. 6. ახლად გაცემული სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება საუბნო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად/ხელმძღვანელ პირად საქმიანობის შეწყვეტიდან 5 წლის ვადით. თავი VI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 18🔗. გარდამავალ პერიოდში პარტიების შემომწირველთა შესახებ ელექტრონული მონაცემების ბაზის ხელმისაწვდომობა 2023 წლის 1 სექტემბრამდე პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაცია მოწმდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან პარტიების შემომწირველთა შესახებ მიღებული ელექტრონული მონაცემების ბაზის საფუძველზე. მუხლი 19🔗. დასკვნითი დებულება ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ცესკოს დადგენილებით.