შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.03.2023
ძალის დაკარგვა 24.03.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 040170020.10.003.023952
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/03/2023
📖 ტერმინთა განმარტებები (20)
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 1 | სპორტული აღჭურვილობის, ინვენტარისა და სხვა აქსესუარების ბრენდირებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა. |
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| № | საქონელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №118
2023 წლის 22 მარტი
ქ. თბილისი
შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. შპს „სპორტმშენსერვისის“ (ს/ნ: 204878542) მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს.
2. ამ წესის მიზანია შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა.
3. ამ წესის მიხედვით, საქონლისა და მომსახურების შესყიდვებისას შესაძლებელია მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურების გამოყენება.
4. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შემსყიდველი – შპს „სპორტმშენსერვისი“ (ს/ნ: 204878542);
ბ) შესყიდვა – შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;
გ) ერთ პირთან მოლაპარაკება – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
დ) სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა;
ე) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი − ტენდერი);
ვ) წინადადების უზრუნველყოფის გარანტია – წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი)%-ის ოდენობით (შემდგომში – გარანტია);
ზ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობისთვის გადაიხადა საფასური;
თ) მიმწოდებელი – პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად ან ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით დაიდო ხელშეკრულება (გარიგება) შესყიდვის შესახებ;
ი) წინადადების ფასის კლების ბიჯი – შემსყიდველის მიერ განცხადებაში მითითებული თანხა, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 0.4%-დან 2%-მდე ოდენობით (შემდგომში – ბიჯი);
კ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში პრეტენდენტის მიერ მითითებული ფასი;
ლ) ტექნიკური დოკუმენტაცია – პრეტენდენტის მიერ შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის შესახებ სისტემაში ატვირთული ინფორმაცია, რომელსაც ითხოვს შემსყიდველი განცხადებითა და დოკუმენტაციით;
მ) ელექტრონული ვაჭრობა – ამ წესით განსაზღვრული ელექტრონული შესყიდვის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს სისტემის საშუალებით შეუძლია შეამციროს თავისი წარდგენილი წინადადების ფასი, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით;
ნ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები – შემსყიდველის დადგენილი პრეტენდენტის მიერ წარსადგენი დოკუმენტები;
ო) კომისია – შემსყიდველის გადაწყვეტილებით, შემსყიდველის თანამშრომლებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განახორციელოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
პ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;
ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა არშემდგარად, როდესაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობას არ იღებს არცერთი პირი;
რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია – შესყიდვის ელექტრონული პროცედურა მიიჩნევა შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რომელშიც აისახება ტენდერის შეწყვეტის საფუძველი;
ს) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება;
ტ) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული შესყიდვის ობიექტის საბოლოო ჯამური ღირებულება;
უ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება.
მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები
1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
ა) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);
ბ) ამ წესის შესაბამისად მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;
გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა;
დ) დაამყაროს კონტროლი და ზედამხედველობა გაუწიოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისას.
2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) რაციონალურად განახორციელოს შესყიდვები ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;
ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება;
გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი სხდომის ოქმი დაუყოვნებლივ, ოქმის დადგენილი წესით შედგენისთანავე, არა უგვიანეს იმავე დღისა. შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯი.
3. შემსყიდველი ამ წესით განსაზღვრული შესყიდვების პროცესს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით.
მუხლი 4🔗. შესყიდვის საშუალებები
1. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით.
2. შემსყიდველის მიერ ერთ პირთან მოლაპარაკებით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს, თუ შესყიდვის შესახებ ერთჯერადი გარიგების ღირებულება არ აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს:
ა) სპორტსმენთა (აგრეთვე სპორტული გუნდების/დელეგაციების სხვა პერსონალის/წევრების) შესაბამისი ეკიპირებით/აღჭურვილობითა და სპორტული ობიექტების სპორტული ინვენტარით/სათანადო აღჭურვილობით (ასევე მათთან დაკავშირებული სხვა ნივთებით) უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას;
ბ) სპორტული აქტივობების (მათ შორის, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების) გამართვის, სპორტული (საქართველოში გასამართი ეროვნული და საერთაშორისო შეჯიბრებები) და სპორტთან დაკავშირებული (მაგალითად, სპორტის სახეობაში სემინარები, კურსები, კონფერენციები და სხვ.) ღონისძიებების ჩატარებისა და საქართველოს დელეგაციის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვების განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებებს შემსყიდველი ახორციელებს სპორტის შესაბამის სახეობაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ორგანიზაციის შუამდგომლობით/მხარდაჭერით (მისი საჭიროებებიდან გამომდინარე) და მასთან თანამშრომლობით.
მუხლი 5🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის დირექტორი.
2. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის დირექტორი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი.
3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოიწვიონ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, თავისი აზრი წარადგინოს წერილობით, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ, უნდა აიტვირთოს სისტემაში დაუყოვნებლივ, ოქმის დადგენილი წესით შედგენისთანავე, არაუგვიანეს იმავე დღისა. ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და სისტემაში შეცვლილი ოქმის ატვირთვით.
6. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/ წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხორციელდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/ წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/ წერილობითი შეტყობინება მიღებულად მიიჩნევა მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
მუხლი 6🔗. კომისიის აპარატი
1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების მოგვარების მიზნით, შემსყიდველის დირექტორის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
2. აპარატის ფუნქციაა, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადებასთან, დოკუმენტაციასა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარება.
3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით.
4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და შეინახოს ის შესაბამისი ხელშეკრულების დადებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში.
მუხლი 7🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადება (შემდგომში – განცხადება) ივსება და განთავსდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების, დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან.
2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა იყოს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსებიდან არანაკლებ 3 (სამი) კალენდარული დღისა. ამ ვადის გასვლიდან არანაკლებ 2 (ორი) დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი, კლებადობის პრინციპითა და ბიჯის გათვალისწინებით.
3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) განცხადების ნომერი;
ბ) შემსყიდველის დასახელება;
გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
დ) წინადადებების მიღების, დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;
ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;
ვ) შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება (არსებობის შემთხვევაში);
ზ) მითითება იმის შესახებ, წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით თუ – მის გარეშე;
თ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;
ი) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;
კ) ბიჯის ოდენობა;
ლ) მითითება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).
4. განცხადებაში, შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტები წინადადების ფასს წარადგენენ დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე.
5. განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერისთვის.
6. განცხადების სისტემაში განთავსებისათვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.
მუხლი 8🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა
1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი;
ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების ვადას, ადგილსა და ფორმას;
გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს (არსებობის შემთხვევაში);
დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);
ე) კომისიის ან აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ;
ვ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (არსებობის შემთხვევაში).
2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დაწყებამდე შეცვალოს განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.
მუხლი 9🔗. წინადადების წარდგენა
1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება წინადადების მიღების ვადის დაწყებიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.
2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას.
3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი მასალისა, უნდა შეიცავდეს ამ წესით გათვალისწინებულ გარანტიას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას ან/და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.
5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
6. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 10🔗. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი
1. შემსყიდველი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ელექტრონული პროცედურით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არის ან აღემატება 200 000 (ორასი ათასი) ლარს.
3. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესდეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.
4. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეუსაბამობა გამოწვეულია პრეტენდენტის არაკეთილსინდისიერი ქმედებით. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან, მისი ბუნებიდან გამომდინარე, დაბრუნება შეუძლებელია.
5. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესდეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.).
მუხლი 11🔗. შერჩევა/შეფასება
1. კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (მათი მოთხოვნის შემთხვევაში), ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამიმდევრობით.
2. პრეტენდენტის წინადადების ფასი შეფასდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდეგ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ ატვირთული გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ხოლო პრეტენდენტი, თავის მხრივ, ვალდებულია, შემსყიდველის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წინასწარ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს გარანტიის დედანი.
3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების ფასი.
4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას, როგორიცაა: არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომლებიც შესაძლებელია, შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. თუ ამ ვადაში არ დაზუსტდა წარდგენილი დოკუმენტაცია, კომისია გადაწყვეტს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზიანი ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე.
7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.
8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველმა ხარჯთაღრიცხვა ან/და ფასების ცხრილი უნდა მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად.
9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები შემსყიდველს წარედგინება სისტემის მეშვეობით.
10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზიანი მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ დროს შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.
მუხლი 12🔗. დისკვალიფიკაცია
1. კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი უნდა აიტვირთოს სისტემაში.
2. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-11 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას;
ბ) თუ საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;
დ) თუ ის არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას ამ წესის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში;
ე) თუ ის, ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არ წარადგენს შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გარანტიის დედანს ან წარადგენს დაგვიანებით;
ვ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;
ზ) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას და/ან ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.
3. თუ პრეტენდენტს წინადადების ვადის დასრულების დროისთვის არ ექნება ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა სრული დაცვით ატვირთული გარანტია, მისი შეთავაზება არ განიხილება და კომისიას შეუძლია, მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს.
მუხლი 13🔗. წინადადების უზრუნველყოფის გარანტია
1. პრეტენდენტი ვალდებულია, წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, წარადგინოს წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
2. გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 5 (ხუთი)%-ს.
3. გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლის/პრეტენდენტის შესაბამისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
4. გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ:
ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით უარს განაცხადებს შემსყიდველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე;
ბ) პრეტენდენტი, გამარჯვების შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას;
გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო;
დ) პრეტენდენტი უარს იტყვის თავის სატენდერო წინადადებაზე;
ე) პრეტენდენტი არ წარადგენს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს ან/და წარადგენს ხარვეზიანი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს.
მუხლი 14🔗. ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა
1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც უნდა აიტვირთოს სისტემაში.
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.
3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან, ამ წესის შესაბამისად, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.
4. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თუ წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა აღემატება 5 000 ლარს, მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შემთხვევისას, როდესაც მიმწოდებელი წარმოადგენს უცხოურ საწარმოს, რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში.
5. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება არის ან აღემატება 200 000 ლარს, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც მიმწოდებელი წარმოადგენს უცხოურ საწარმოს, რომელსაც არ აქვს მუდმივი დაწესებულება საქართველოში. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით ნაკლებია შესაბამისი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ოდენობა განისაზღვრება 10%-ის ოდენობით. შემსყიდველის კომისიის გადაწყვეტილებით, ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგენისაგან შეიძლება გათავისუფლდეს პოტენციური მიმწოდებელი, მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის/მომსახურების ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით.
6. ხელშეკრულების შესრულების გარანტია, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, წარედგინოს შემსყიდველს ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხოლო შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების დადებამდე.
7. შესყიდვის განხორციელება დასაშვებია წერილობითი ხელშეკრულების გარეშე, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე განხორციელებული შესყიდვისას. ასეთ შემთხვევებში ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შესყიდვის ობიექტის დასახელებას, შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას, მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი/სახელწოდება, იურიდიული მისამართი).
8. ინტერნეტით გამოწერის გზით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეიძლება ჩანაცვლდეს ინტერნეტით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.
9. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
10. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე წარადგინოს/ატვირთოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის, ხელშეკრულების, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშები, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონულად განხორციელებული შესყიდვებისა.
მუხლი 15🔗. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვის განსაკუთრებული შემთხვევა
1. ელექტრონული პროცედურის მეშვეობით შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ელექტრონული პროცედურის განცხადების პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების ველში მიუთითებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების ველში – შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულებას, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს პრეისკურანტის ღირებულებისაგან.
3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით.
4. პრეისკურანტის საფუძველზე ელექტრონული პროცედურის ჩატარებისას შემსყიდველი ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული შესყიდვის ობიექტის ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის რომელიმე ერთეულის არარსებობისას აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
მუხლი 16🔗. გარდამავალი დებულებები
ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ამავე წესის ამოქმედებამდე შემსყიდველის მიერ განხორციელებულ/დაწყებულ შესყიდვის (საქონლისა და მომსახურების) პროცედურებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს/ დასრულდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.
დანართი
შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ ამ წესის შესაბამისად შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
№
საქონელი
1
სპორტული ობიექტების აღჭურვილობა, სპორტული ინვენტარი და მათთან დაკავშირებული სხვა საქონელი, კერძოდ: სკამი, ტრენაჟორი, ტატამი, კიმონო, ჭიდაობის ხალიჩა, შტანგა, ძალოსნობის ტაბლო, კალათბურთის ტაბლო, კალათბურთის ფარი, ფრენბურთის ბადე, ტანვარჯიშის სახეობების ინვენტარი − გირი, გურზა, ბატუტი, ტანვარჯიშის ბურთი, ლენტი, ტანვარჯიშის რგოლი, კრივის ჩაფხუტი, ხელთათმანი, სპორტის სათამაშო სახეობისთვის საჭირო კარი, სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის საჭირო სპეციალური იატაკი, გახმოვანების სისტემა, განათება, სარკე, საშხაპისთვის საჭირო ინვენტარი.
2
სპორტსმენის (აგრეთვე სპორტული გუნდების/დელეგაციების სხვა პერსონალის/წევრების) ეკიპირება/აღჭურვილობა, სპორტული საქონელი და მათთან დაკავშირებული სხვა საქონელი, კერძოდ: სპორტული ტანსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი, ბურთი, სავარჯიშო გასაჭიმი რეზინა, პნევმატური პისტოლეტი, ვაზნები, სასროლი თეფშები, ციგურები, მშვილდი და ისრები, ველოსიპედი, სტატიკური თოკი, დაცვის ქამარი, ქართული ჭიდაობის ჩოხა, ფრენბურთის ჩოგანი, ფრენბურთის ბადე, თხილამურები, ნიჩბოსნობის ნავი, ნიჩბოსნობის ჩოგნები, საცურაო კოსტიუმი, წყალბურთელის ქუდი, მოცურავის ქუდი, ჩოგბურთის ბადე, ჩოგბურთის ჩოგანი, ჩოგბურთის ტაბლო, ჩოგბურთის კოშკურა, მძლეოსნობის ინვენტარი − ბადრო, ბირთვი, შუბი, დროის მთვლელი მოწყობილობა, თარჯრბენის მოწყობილობები, ჭოკი, ურო, სიმაღლეზე ხტომის მოწყობილობა.
3
სპორტული და სპორტთან დაკავშირებული ღონისძიებების (მათ შორის: მასობრივი სპორტული/გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სასწავლო-საწვრთნელი შეკრებები, საქართველოში გასამართი ეროვნული და საერთაშორისო შეჯიბრებები, სემინარები სპორტის სახეობებში, კურსები, კონფერენციები) გამართვისა და საქართველოს დელეგაციის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის სპეციალურად შესასყიდი საქონელი, კერძოდ: სპორტული და არასპორტული დანიშნულების, მაგრამ ამ ღონისძიებებისთვის აუცილებელი ნივთები, უალკოჰოლო სასმელები, საკვები პროდუქტები, ჭურჭელი, სპეციფიკური ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებები, პირადი მოხმარების სააბაზანო ნივთები და ტექსტილი, სპეციალური კომპიუტერული ტექნიკა, ავეჯი და ავეჯის აქსესუარები, ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო სპეციალური აპარატურა და აღჭურვილობა, გასანათებელი მოწყობილობები და სათადარიგო ნაწილები, ღონისძიების გასაშუქებლად საჭირო აპარატურა.
მომსახურება
1
სპორტული აღჭურვილობის, ინვენტარისა და სხვა აქსესუარების ბრენდირებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა.
2
სპორტული და სპორტთან დაკავშირებული ღონისძიებების (მათ შორის: მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სასწავლო-საწვრთნელი შეკრებები, საქართველოში გასამართი ეროვნული და საერთაშორისო შეჯიბრებები, სპორტის სხვადასხვა სახეობაში სემინარები, კურსები, კონფერენციები) გამართვისა და საქართველოს დელეგაციის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის სპეციალურად შესასყიდი მომსახურებები, კერძოდ: მგზავრობისა (ტრანსპორტირების) და სასტუმროს მომსახურება, სპორტული და არასპორტული დანიშნულების, მაგრამ ამ ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურება, სპორტული და საკონფერენციო დანიშნულების ფართის იჯარა, ტრანსპორტის, სპეცტექნიკისა და სხვა სპეციფიკური მოწყობილობებით მომსახურება, დაცვის მომსახურება, სამედიცინო დახმარების მომსახურება, მედიკამენტების შეძენა, სპორტსმენთა საოპერაციო და სარეაბილიტაციო ხარჯები, გენერატორების ტექნიკური მომსახურება და გენერატორების დაქირავება, მოძრავი სატელევიზიო სადგურის მომსახურება, განათების მართვის, გახმოვანების სპეციალისტის მომსახურება, ოპერატორის მომსახურება, სხვადასხვა სახის სარეკლამო მასალის, ბანერების, ბეიჯების, კატალოგების ბეჭდვითი მომსახურება, სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურება, სატელევიზიო და რადიომომსახურებები, სატრენინგო და კვალიფიკაციის ასამაღლებელი მომსახურება.