გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№N2/5437-23
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმის № 330210323006906497 N2/5437-23

საქართველოს სახელით

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

2023 წლის  24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

  
 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გოჩა დიდავა

განმცხადებელი – მოვალე – შპს „ჰებარი“;

დირექტორი – ნინო ღვინაშვილი;

მოთხოვნა – გადახდისუუნარობა/გაკოტრება;

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა შპს „ჰებარის“ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

 გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2023 წლის 22 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „ჰებარის“ დირექტორმა, ნინო ღვინაშვილმა, რომელმაც მოითხოვა შპს „ჰებარის“ მიმართ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

განმცხადებლის განმარტებით, შპს „ჰებარი“ წარმოადგენს კომპანიას, რომელიც ეწევა მზა საჭმელების, ასევე ნახევარფაბრიკატების დამზადებას და პურფუნთუშეულის ცხობას. კომპანიას საქმიანობის განსახორციელებლად იჯარით ჰქონდა აღებული ფართი და შესაბამისი დანადგარები, რომელიც პროდუქციის რეალიზებას ახორციელებდა, წარმოებული პროდუქტების საცალო რეალიზაციის მაღაზიებში მიწოდების გზით.

განმცხადებლის განმარტებით, მოვალეს წლების განმავლობაში ჰქონდა დავალიანება მეიჯარის და პროდუქციის შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართ, თუმცა, ვინაიდან, ურთიერთშეთანხმებით არ ხდებოდა აღნიშნული თანხების იძულებითი წესით მოთხოვნა, კომპანია აგრძელებდა საქმიანობას, აწარმოებდა პროდუქციას და დასაქმებული ჰყავდა ორმოცდაათამდე თანამშრომელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ჰებარს“ დაეკისრა კომპენსაციების და იძულებით განაცდურის, ასევე მხარეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟების ანაზღაურება, რომელიც ჯამში აღემატება 110 000 ლარს. ამავე გადაწყვეტილებით, კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 7783.25 ლარის გადახდა, რომელიც აღსრულების მიზნით წარმოდგენილი იქნა სააღსრულები ბიუროს შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ცნობაში და ყადაღა დაედო შპს „ჰებარის“ ანგარიშებს.

ვინაიდან შპს „ჰებარი“ არ წარმოდგენს იმ მასშტაბის კომპანიას, რომელსაც აქვს აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების ფინანსური რესურსი, შესაბამისად იგი დადგება გადახდისუუნარობის და გარდაუვალი გაკოტრების წინაშე, მაშინ როდესაც კომპანიას დიდი ოდენობით დავალიანება გააჩნია მეიჯარის და პროდუქციის შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართ. ამასთანავე, სააღსრულებო ორგანოების მიერ, მოვალის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის წარდგენამ გამოიწვია შპს „ჰებარის“ ფუნქციონირების შეწყვეტა, რადგან კომპანია ვერ უზრუნველყოფს საჭირო ნედლეულის შეძენას, კომუნალური გადასახადების და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების გადახდას, დასაქმებულთა ხელფასების გაცემას და ა.შ., ასევე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების პროცესის გამო, საწარმოს მიერ ვერ განხორციელდა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მიმდინარე (2023 წლის იანვრის თვის დღგ) საგადასახადო ვალდებულების შესრულება და ამ ვითარებაში ვერც მომავალში შეძლებს კომპანია ბიუჯეტის მიმართ ანგარისწორებას. ამჟამად კომპანიის კრედიტორული დავალიანება შეადგენს 600 000 ლარზე მეტს, შესაბამისად, აღნიშული მდგომარეობიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოვალე არის გადახდისუუნარო და მისი საწარმო რესურსების გათვალისწინებით, შეუძლებელია მომავალში კრედიტორების მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა, რაც გადაახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია, რომელიც უნდა დასრულდეს მოვალის გაკოტრებით, ვინაიდან მისი აქტივები ვერ ფარავს ვადამოსულ კრედიტორულ მოთხოვნებს.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „ჰებარის“ უარი უნდა ეთქვას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საზოგადოებას ბალანსზე უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება, კომპანია არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის /კომანდიტური საზოგადოების წილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად (მოვალის განმარტება, ცნობები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან). 2023 წელს კომპანიას წარმოექმნა იანვრის თვის საგადასახადო ვალდებულება, კერძოდ, დამატებული ღირებულების გადასახადი 4 290.36 ლარის ოდენობით.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით:

1. მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

2. მოსალოდნელი გადახდისუუნარობა არსებობს, თუ არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვალე გადახდისუუნარო გახდება.

3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მოვალის მთლიანი ვალდებულებების, მათ შორის, სამომავლო და პირობითი ვალდებულებების, ჯამი მთლიანი აქტივების ჯამს აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას, რის შედეგადაც აღმოიფხვრება ვალდებულებების მეტობა აქტივებთან შედარებით. გადახდისუუნარობის არსებობის დადგენის მიზნებისთვის მოვალის ვალდებულებები მოიცავს სამომავლო და პირობით ვალდებულებებსაც, გარდა მოვალეზე პარტნიორის მიერ გაცემული სესხებისა;

ბ) სავარაუდოა, რომ მოვალე ვადამოსულ ვალდებულებებს შემდგომი 30 დღის განმავლობაში ვერ დაფარავს, რადგან მისი ვადამოსული ვალდებულებების ჯამი მთლიანი ლიკვიდური აქტივების ჯამს არანაკლებ 20 პროცენტით აღემატება (ლიკვიდობის დეფიციტი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მოვალე დროის გონივრულად მცირე მონაკვეთში შეძლებს ლიკვიდობის დეფიციტის მთლიანად ან არსებითად მთლიანად აღმოფხვრას;

გ) მოვალე შეყვანილია ან განცხადების შეტანამდე 12 თვის განმავლობაში შეყვანილი იყო მოვალეთა რეესტრში;

დ) მოვალემ შეაჩერა საქმიანობა;

ე) მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება;

ვ) მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს, დაასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში იგი თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, აღნიშნული განცხადება, ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას იმის თაობაზე, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით:

თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში, გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული ზემოაღნიშნული მუხლის ვერცერთი მიზანი, ვინაიდან განცხადებაში წარმოდგენილი მასალებით განმცხადებლის საბანკო ანგარიშებზე არ ირიცხება თანხა, საზოგადოებას არ გააჩნია უძრავ/მოძრავი ქონება, კერძოდ, მოვალის ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იქნება მიღწეული გაკოტრების სამართლებრივი მიზანი, ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდება არა თუ კრედიტორთა მოთხოვნები, არამედ ვერ დაიფარება საპროცესო ხარჯებიც კი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების წინაპირობები, რის გამოც შეუძლებელია აღნიშნული წინაპირობის განხორციელება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 43-ე, 45-ე, 48-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

 

ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას შპს „ჰებარის“ (ს.ნ 406284998 – დირექტორი ნინო ღვინაშვილი) გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე და აღინიშნოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა (კრედიტორებმა) იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

2. განჩინება გამოქვეყნდეს განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ელექტრონულ სიტემაში.

3. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია თავისი მოთხოვნის ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეუძლია სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით შეიტანოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდება განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

 

 მოსამართლე                                                                                               გოჩა დიდავა